მთავარი,სიახლეები

„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე

29.10.2019 • 1513
„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე

 

2019 წლის დასაწყისში მერიის გადაწყვეტილებით ბათუმში წერეთლის ქუჩიდან გარემოაჭრეები გაიყვანეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამი დღის მანძილზე ისინი მერიასთან იყვნენ შეკრებილნი და ითხოვდნენ უფლებას, ისევ ევაჭრათ წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლოოდ, შეთანხმების შედეგად, ისინი მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის შენობაში გადავიდნენ, სადაც მათ მერიამ  სავაჭრო დახლები გაუმზადა.

[gray_box]რა ვითარებაა ახლა?[/gray_box]

მოვაჭრეების უმეტესობამ ავტოსადგურის შენობა დატოვა.

მზია ქარცივაძე, გარემოვაჭრე: “10 ადამიანი დარჩა დაახლოებით ავტოსადგურის შენობაში, ვიყავით ასი. მთელი დღის მანძილზე იქ ასი მყიდველიც კი არ შემოდიოდა.”

ლელა დეკანაძე, გარემოვაჭრე: “თავიდან რომ გადაგვიყვანეს, მერიის თანამშრომლები მოვიდნენ და იყიდეს ჩვენგან რაღაცები იმის საჩვენებლად, რომ თითქოს იქ ხალხი დადიოდა, მაგრამ სინამდვილეში დაავალეს, რომ ჩვენგან ეყიდათ.”

გარემოვაჭრეები ამჟამად ისევ ქუჩაში ვაჭრობენ, ზედამხედველობის სამსახურმა კი მათ გაფრთხილების წერილები დაურიგა, სადაც წერია, რომ გარემოვაჭრეებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ დაკავებული ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ არსებული გასაყიდი საქონელი და დაჯარიმდებიან 500 ლარით.

ციცო მუშკუდიანი, გარემოვაჭრე: “მთელი დღე დაძაბულები ვართ. სულ ვიყურებით, ზედამხედველობის სამსახური არ გამოჩნდეს და არ წაგვართვას ყველაფერი. ერთ ქალს ჩვენთან 800 ლარის საქონელი წაართვეს და დღემდე არ ვიცით სად წაიღეს, არ დაუბრუნებიათ. გვესმის, რომ კანონით არ შეიძლება გარევაჭრობა, ჩვენც კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, მაგრამ ოჯახის რჩენა დანაშაულია? ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ხელის შეწყობის მაგივრად, გვიკრძალავენ რაღაცის გაკეთებას.

მე თუ შევძელი და აქ გამოვედი და დავდექი მთელი დღე ფეხზე, ესე იგი, სხვა გზა არ მაქვს. მრცხვენია, რომ მოდიან ზედამხედველობიდან, ვდგები და გავრბი, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.”

გაფრთხილება

ლელა დეკანაძე, გარემოვაჭრე: “თავი კრიმინალები გვგონია. გარევაჭრობის აკრძალვა ასეთი გაჭირვების ფონზე ნამდვილი უსამართლობაა. თან მოდიან და გვართმევენ ჩვენს კუთვნილ საქონელს. ახლა ვართ ზამბარებივით დაჭიმული, ვინმე რომ გამოჩნდეს, წავიდეთ“.

ციცო მუშკუდიანი, გარემოვაჭრე: “სადგურის შენობაში ვაჭრობა რომ ყოფილიყო, ხომ არ გამოვიდოდით, ქუჩაში დგომა არავის არ უხარია.”

[gray_box]მერიის პოზიცია[/gray_box]

„ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნოშრევან საგინაძემ თქვა, რომ გარემოვაჭრეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი იკავებენ საჯარო სივრცეებს, კეტავენ ქუჩას და აფერხებენ მოძრაობას. ასევე მან აღნიშნა, რომ წერეთლის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი სავაჭრო სივრცე შესთავაზეს:

“ჩვენ უკმაყოფილო არც ერთი გარემოვაჭრე არ დაგვიტოვებია, ყველას მივეცით ალტერნატიული ადგილი, თუმცა გარემოვაჭრეების უმეტესობა მიდრეკილია ქუჩაში გამოსვლისკენ, აუცილებლად ხელი უნდა შეუშალონ ხალხს და საზოგადოებრივი სივრცე შეზღუდონ”.

კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო გარემოვაჭრეების ავტოსადგურში გადაყვანა, ნოშრევან საგინაძე ამბობს:

„გარემოვაჭრეებს ეფექტური იმიტომ არ ჰგონიათ ავტოსადგურში ვაჭრობა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიდრეკილები არიან ქუჩაში გამოსვლისკენ. ეს ასე არ გამოვა, რადგან ალტერნატივა რომ მივეცით, არ გაჩერდნენ იქ. წერეთელზე როგორი ვაჭრობაც იყო, ავტოსადგურში არ იქნება ისეთი, მაგრამ წერეთელზე რომ არ იდგებიან ვაჭრები, ხალხიც ავტოსადგურში მივა საყიდლებზე.

ჩვენი ქალაქის გაცხადებული პოლიტიკა არის ის, რომ ქუჩები გაიწმინდოს გარევაჭრობისგან; ასე მოვიქეცით გოგებაშვილზე, ჭავჭავაძეზე, ბერიძის ქუჩაზე… ხალხს შევთავაზეთ ალტერნატიული სივრცეები. ჩვენ ვიმოქმედებთ აუცილებლად კანონის შესაბამისად. ოფიციალურად გავაფრთხილეთ პოლიციასთან ერთად გარემოვაჭრეები, დავურიგეთ გაფრთხილებები, ვიყავით ბევრჯერ, ვთხოვეთ დაკავებული ადგილების გათავისუფლება. უნდა იცოდნენ, რომ თუ ასე გააგრძელებენ, დაჯარიმდებიან.”

ნოშრევან საგინაძის თქმით, პოლიციას აქვს უფლება, ჩამოართვას საქონელი გარემოვაჭრეს სასამართლოს მეშვეობით, მერიის სამსახურს კი მხოლოდ გარემოვაჭრის გაფრთხილება შეუძლია.

სანამ მერია სანქციებზე ფიქრობს, გარემოვაჭრეები, სტრესის მიუხედავად, ქუჩაში ვაჭრობას აგრძელებენ.

გარევაჭრობა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: