მთავარი,სიახლეები

„ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში“ – დირექტორი

29.10.2019 • 4561
„ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში“ – დირექტორი

„ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მერე სად მიდიოდნენ მანქანით, არ ვიცი,“ – ამბობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე. დღეს, 29 ოქტომბერს, სოფლის გზაზე ავტომანქანა, რომელშიც ამ სკოლის 6 მეთორმეტეკლასელი იჯდა, ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მათ შორის, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ყველა მოზარდი 17 წლისაა.

სკოლის დირექტორის თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც საჭესთან იჯდა, სავარაუდოდ, მართვის მოწმობა ჰქონდა.

„მე, როგორც ვიცი, ჰქონდა მართვის მოწმობა. ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში. უთქვამს, მეორეკლასელ დას უნდა მივაკითხო სკოლაშიო. ბავშვი სკოლიდან არ წაუყვანია, თანაკლასელები ჩაუსვამს მანქანაში და სადღაც წასულან… არც ერთი არ არის ჯერ გონზე მოსული, რომ დაველაპარაკო,“ – გვითხრა სოფელ ქობულეთის სკოლის დირექტორმა, ნაირა მახარაძემ.

მოზარდი, რომელიც მამის ავტომანქანას მართავდა, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში.

ავარიის შედეგად ის არასრულწლოვნები დაიღუპნენ, რომლებიც მძღოლის მხარეს არ ისხდნენ.

მთავარი ფოტო: TV25

გადაბეჭდვის წესი


ასევე: