რა შემთხვევაში ცხადდება ვადამდელი არჩევნები?

„ვადამდელი არჩევნები შესაძლოა გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი გადადგება და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კანონით განსაზღვრულ ვადებში ნდობას ვერ გამოუცხადებს,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე.

არსებობს მეორე გზაც – პრემიერი მთავრობის შემადგენლობას ცვლის და პარლამენტისგან მისთვის ნდობის გამოცხადებას ითხოვს, რაც ასევე ვერ ხერხდება. ორივე შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს.

„თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს,“ – წერია „საქართველოს კონსტიტუციის“ 56-ე მუხლში.

ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით ვერ ჩატარდება, რადგან შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში შეტანილი არ არის.

კონსტიტუციონალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ახალი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ შეიძლება გახდეს პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების გამოცხადების საფუძველი.

„ეს იყო კონსტიტუციის წინა რედაქციაში. ახალი რედაქციით, თუკი პარლამენტი ბიუჯეტს ვერ მიიღებს, ძალაში რჩება ძველი ბიუჯეტი,“ – დასძენს ვახუშტი მენაბდე. ბიუჯეტის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას კი – 113.

„ქართულ ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში 115 მანდატი ჰქონდა.

კონსტიტუციონალისტის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც არ შეიძლება გახდეს რიგგარეშე არჩევნების სამართლებრივი საფუძველი. მას შემდეგ, რაც პარლამენტში ვერ მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა და უმრავლესობაში 92 დეპუტატი დარჩა.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩაატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ჰალილი სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„იუნისეფისა“ და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის უნივერსიტეტის განათლებისა და სამართლის პროგრამებში კურიკულუმში ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია მოხდება. ასევე საუბარია ბავშვთა უფლებების თემის გაძლიერებაზე სასკოლო კურიკულუმებში, რის საფუძველზეც გადამზადდებიან როგორც ლექტორები, ასევე სკოლის მასწავლებლებიც.

როგორც ელჩი ამბობს, ესტონური განათლების მოდელი გულისხმობს აღზარდო ბავშვი იმ გამოწვევებისთვის, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში და ასწავლო მას ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

„ეს არის მოდელი, რომელიც ნიშნავს, რომ განათლება იყოს შემოქმედებითი, გაკვეთილები ტარდებოდეს შემოქმედებით გარემოში და ბავშვსა და მასწავლებელს შორის იყოს თანაბარი და რაც მთავარია, ინტერაქტიული გარემო“- ამბობს კაი კაარელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში.

სკოლებსა და უნივერსიტეტების კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების სწავლება უნდა დაინერგოს.

ელჩის განმარტებით, ესტონური განათლების მოდელი არის არა ის გარემო, სადაც ბავშვი რაღაცას დაისწავლის ზეპირად, სადაც მოსწავლეს აქვს მხოლოდ მითითებები და დავალებები იმპერატიული ტონით, არამედ გარემო, სადაც მოსწავლე და მასწავლებელი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ბავშვები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას.

„ესტონეთსა და საქართველოს, ორივეს გქონდა საბჭოთა წარსული. ჩვენ შევძელით შეგვექმნა საბჭოთა განათლების მოდელისგან სრულიად განსხვავებული განათლების სისტემა, ამიტომ თქვენთვისაც სასარგებლო იქნება ჩვენი გამოცდილების გაზიარება და გვინდა ამ ნაბიჯის გადადგმაში საქართველოს დავეხმაროთ“ – განაცხადა ელჩმა. 

საქართველოში ესტონური განათლების მოდელი ქვეყნის მასშტაბით 15 საჯარო სკოლაშია დანერგილი. ელჩის თქმით, ასევე შემუშავებულია პროგრამა მასწავლებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათი გადამზადება მიმდინარეობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, ღასან ჰალილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია, როგორც უმაღლესი პროგრამების კურიკულუმში, ასევე სასკოლო პროგრამებში.

შეხვედრას განათლების სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მოსწავლეები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

„სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებიც უნდა იყოს ეს მიმართულება გათვალისწინებული, რადგან სწორედ ინოვაციური, ინტერაქტიული და ბავშვზე მორგებული განათლების სისტემა არის ის, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე რაღაც კეთდება, მაგრამ იუნისეფის პოზიციაა, რომ ეს იყოს მასშტაბური, ყველა სკოლაში განხორციელდეს და არა მხოლოდ ცალკეულ სკოლებში.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე რომ ბავშვთა უფლებების თემა გაძლიერდეს უნივერსიტეტის განათლების პროგრამებში, რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე დანერგილია ჩვენი პროგრამა და იმედი მაქვს, ეს იქნება დანერგილი  ბათუმის უნივერსიტეტშიც“ – ამბობს ღასან ჰალილი.

შეხვედრას სკოლის დირექტორები და რესურსცენტრების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

ქუთაისში და ზუგდიდის უნივერსიტეტებში უკვე მიმდინარეობს „იუნისეფის“ მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით პედაგოგების ტრენინგები.

წელს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავია და სწორედ ამ იუბილეს ფარგლებში ტარდება ბევრი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებისკენ.

„გოლდენ სიი“-ს სტუდენტები „შანგრილაში” მასაჟისტ-რეაბილიტატორის პროფესიას ისწავლიან

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ და კომპანია „ტაიგას“ შორის 2016 წლის 15 მარტს დაწყებული მოლაპარაკებები სისრულეში მოვიდა და კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტები დუალურად ისწავლიან სპა-ფიტნესცენტრ „შანგრილას“ ბაზაზე და შემდეგ დასაქმდებიან.

აჭარაში არსებული სპა-ფიტნესცენტრი „შანგრილა“ 4 ბრენდულ სასტუმროშია (ინტურისტი, სკაი თაუერი, ეუფორია, ველმონდი) განთავსებული და კომპანიის ერთიანი ქსელის ნაწილია.

მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „ტაიგა“ მზად არის ჩაერთოს „გოლდენ სიი“-ს საგანმანათლებლო პროცესში და უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება.

კოლეჯი „გოლდენ სიი“ დასაქმების პერსპექტივით მიიღებს მასაჟისტ-რეაბილიტატორის პროფესიაზე სტუდენტებს შემდეგი მიმართულებით:

[checklist]

  • სამკურნალო მასაჟი
  • ეგზოტიკური მასაჟი (ტაი, ბალი, ლომი)
  • და სხვა ყველა ტიპის მასაჟი

[/checklist]

მასაჟის სასწავლო ტექნიკა გადმოღებულია ტაილანდიდან, ჰავაიდან და ინდონეზიიდან – სტუდენტები დუალურ სასწავლო პროცესს ამ პროფესიებში სწორედ ზემოთდასახელებულ ბრენდული ქსელების სპაში გაივლიან და შემდეგ დასაქმდებიან.

ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

„მინდა აღვნიშნო, რომ მასაჟისტ რეაბილიტატორის დუალურ სასწავლო კურსებს მსურველები პირველად ჩვენს კოლეჯში გაივლიან.  წარმატებული პროცესი მაძლევს იმის იმედს, რომ კიდევ ბევრი აუცილებელი და საჭირო პროფესიის დამკვიდრებას შევძლებთ დუალური სასწავლო პროცესით და შედეგად მივიღებთ მთავარს: მაღალი კვალიფიკაციის კადრს და მარტივად დასაქმებას, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“  დირექტორი ლეილა გოგიტიძე.

„ტაიგას“ დამფუძნებელი ისმეთ გურლექი.

„ბაზარზე დიდი მოთხოვნაა პროფესიონალ  მასაჟისტებიზე. შესაბამისად, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ კოლეჯ „გოლდენ სიი-სთან“ ერთად დუალური სწავლების პროცესის წარმართვში და დავუთმოთ სივრცე „შანგრილას“ სპა მასაჟის ქსელში სტუდენტებს, რათა ისწავლონ ეს პროფესია. სწავლების დასრულების შემდეგ კი აქტიურად ვიმუშავებთ მათ დასაქმებაზე “- განაცხადა კომპანია „ტაიგას“ დამფუძნებელმა ისმეთ გურლექმა.

კომპანია „ტაიგა“ 2006 წლიდან არსებობს ბაზარზე. ბოლო 5 წელია კი ხელს უწყობს ამ მიმართულებით პროფესიული განათლების განვითარებას აჭარის რეგიონში, აქტიურად არის ჩართული სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში და ასევე მათ დასაქმებაში.


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577190653; 591718142.

მისამართი: ბათუმი, დ.თავდადებულის N49.

ელ.ფოსტა: Leila.gogitidze@gmail.com; batumigoldensea@gmail.com.

„კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ – გურულების შეკითხვა ნინო წილოსანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს დღეს, 15 ნოემბერს, გურიაში, ლანჩხუთში შეძახილებით დახვდნენ. შეხვედრის ვიდეოჩანაწერს „გურია თუდეი“ ავრცელებს.

„კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“

„გუგული მაღრაძის გვერდით დარჩით და ენძელა მაჭავარიანის გვერდით, არ გრცხვენიათ? მე მეგონა, რომ ჩუგოშვილის გვერდით იქნებოდით. დღესაც არ მჯერა, რომ ნინო წილოსანმა ამნაირი ბნელი გადაწყვეტილება მიიღო“.

„ე.წ. ამბოხებული ხარ, ამბოხებულიც არ ხარ!“

„თქვენ გგონიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა გადააგდეთ? თქვენ გგონიათ ევროპული საქართველო გადააგდეთ?

„ივანიშვილი თვითონ შნირია პუტინის და კიდო იმის შნირები რა იქნებით“.

„შეურაცხყოფა თქვენ მოგვაყენეთ, ვინც პროგრესს არ დაუჭირეთ მხარი“.

„გურულების არ შეგრცხვა?“

ეს და სხვა შეძახილები ისმის ვიდეოჩანაწერში.

„კარგად იყავით“ – დაემშვიდობა წილოსანი შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც უპასუხა: „კარგად ვერ ვიქნებით თქვენნაირი დეპუტატების ხელში“.

ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან და თვითონ გურიაში მათთან და ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩამოვიდა.

„დღეს ჩამოვედი გურიაში სწორედ იმიტომ, რომ შევხვდე ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი. მე არავის არ ვემალები, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო მრცხვენია ან უკან ვიხევ – არანაირად, პასუხისმგებელი ვარ ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც ვიღებ და ამ პასუხისმგებლობას დავაკონვერტირებ მოსახლეობის ნდობაში. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკების შემცველი, რადგან ბევრი რადიკალური ძალა გაძლიერდებოდა პარლამენტში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ბათუმში აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვა გადაიდო

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გადადო სასამართლო განხილვა, სადაც დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო  აქციაზე დაკავებულების საქმე უნდა განეხილათ.

„ჩვენ გვსურს გვყავდეს ადვოკატი. იქნებ მომდევნო დღეებისთვის გადაიდოს სხდომა,”- მიმართეს მოსამართლეს აქციაზე დაკავებულებმა: რეზო ხარაზმა, გია ხალვაშმა, ალექსანდრე მილორავამ და ბეგლარ ფუტკარაძემ.

“ადვოკატის ყოლის უფლება ყველას აქვს,”- აღნიშნა მოსამართლემ. მან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სასამართლო სხდომა მომდევნო კვირის სამშაბათს ჩანიშნა.

სასამართლო სხდომა. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 15 ნოემბერს დააკავეს. აქცია დილით აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან ენმ-მ, ასევე, რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ გამართა. აქციის წევრებმა მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირება სცადეს.

აქციაზე შეკრებილები პარლამენტში იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საარჩევნო რეფორმას მმართველი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას “20 ივნისის მოვლენების” შემდეგ დაჰპირდა.

აქციაზე დაკავებულებს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა დაკავებულები არ ადასტურებენ იმას, რომ მათ შენობის პიკეტირება სცადეს.

უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება -აჭარას“ ხელმძღვანელიცაა.

„არ ვაპირებ ამ ეტაპზე უმრავლესობის დატოვებას. მე, პირადად, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ წავიდე უმრავლესობიდან“, – ამბობს დავით ბაციკაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება პარლამენტის მხრიდან საკმარისი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. დავით ბაციკაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ პროპორციული სისტემა კარგია, იდეაში ეს სისტემა არ იქნება ოთხი წელი, თორემ, ამ სისტემაზე საქართველო მაინც გადადის. ჩავარდა, სამწუხაროდ, 2020 წლისთვის. მესმის, რომ ძალიან ცუდია“, – ამბობს ბაციკაძე.

ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ შეაქვს და ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მაჟორიტარებმა მიიღეს. „მე არ მქონია საუბარი არც ბიძინა ივანიშვილთან და არც არავისთან, მაგრამ არ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს ივანიშვილს უნდოდა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს მისი გადაწყვეტილება პარტიაში უთანხმოებას და ხომ არ მოუწევს „კონსერვატორების“ დატოვება, ბაციკაძე ამბობს – „სავარაუდოდ, არა“: „არ ვიცი. პრობლემატური რჩება, როგორც თავმჯდომარემ თქვა, ეს ჩვენი პარტიის წევრების გადასაწყვეტია, ვისაუბრებთ ამაზე პარტიის შიგნითაც, მაგრამ ამ ეტაპზე მე უმრავლესობაში ვრჩები“.

ბაციკაძე „კონსერვატორების“ წევრია, მისი პარტიის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა, დღეს 15 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებების დაასახელა, რომელიც პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო.

ზვიად ძიძიგურმა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც. დღესვე უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის წევრმა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც.

ზვიად ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები დატოვებენ თუ არა უმრავლესობას, ეს მათ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ.

მუხრან ვახტანგაძე: მე “კონსერვატორებს” ვტოვებ და “ოცნებაში” ვრჩები

“მე შემოვედი პარლამენტში “ქართული ოცნებიდან” და ვრჩები “ოცნებაში”, – გვითხრა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. ის ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების” წევრია. ამ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიამ და წევრებმა – ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ დღეს, 15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

“მე “კონსერვატორებს” დავტოვებ, ეს ავტომატურად ხდება,” – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ. მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის კენჭისყრის დროს თავის შეკავება არჩია.

“თავი შევიკავეთ, რადგან მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები და ეს მათი მოთხოვნა იყო,” – დასძინა მუხრან ვახტანგაძემ.
ნახეთ ზვიად ძიძიგურის განმარტება უმრავლესობის დატოვებაზე:

https://netgazeti.ge/news/406015/?fbclid=IwAR0pjwxNBsWjkBaLVF1J34HrJE5S5Fu-sLuuYri-dk4eIvcphR8xMjDMtqI

რა ხდებოდა აჭარის მთავრობასთან დღეს [ფოტოამბავი]

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. დაკავებული არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა. აქციას აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, დილის ცხრა საათიდან მართავენ.

„აჭარის მთავრობა არის „ოცნების“ გაგრძელება და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმის გამო, რაც გააკეთეს“, – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა. მან გვითხრა ისიც, რომ აქციის მონაწილე არ ყოფილა: „მხოლოდ მას შემდეგ მოვედი, რაც გავიგე, რომ აქ აქციის მონაწილეების უფლებები დაარღვიეს და ეძიძგილავებოდნენ მათ.“

აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ აჭარის მთავრობის შესასვლელი, ისინი ელოდებოდნენ ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მოსვლას, თუმცა თორნიკე რიჟვაძე აქციის მსვლელობისას შენობასთან არ გამოჩენილა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, აქციაზე მივიდა ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე ანანიაშვილი, რომელმაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს გაეხსნათ შენობის შესასვლელი. ელგუჯა ბაგრატიონმა, ასევე ენმ-ის წევრმა გია ხალვაშმა განმარტეს, რომ მათ აქვთ აქციის ამ ფორმით გამართვის უფლება: „რადგან ვაპროტესტებთ იმას, რაც ივანიშვილმა იკადრა, მან კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი“.

პოლიციის უფროსმა განუმარტა აქციის მონაწილეებს, რომ აძლევდა მათ გონივრულ ვადას და მათგან შენობის შესასვლელის გათავისუფლება მოითხოვა: „წინააღმდეგ შემთხვევაში მოვიქცევით კანონის შესაბამისად“.

გია ხალვაში დაინტერესდა რამდენი იქნებოდა გონივრული ვადა, რაზეც მას ანანიაშვილმა უპასუხა: „გელოდებით“.

აქედან რამდენიმე წუთში დაიწყო დაკავება: აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის უფროსს სთხოვენ დაკავებულები გაათავისუფლოს, ის უარს აცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით, დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში აქციაზე დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

ენმ-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი სთხოვს პოლიციის უფროსს, რომ წავიდნენ პოლიციის სამმართველოში და დაკავებულები გაათავისუფლონ.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პოლიციის უფროსს აქვს უფლება გაათავისუფლოს დაკავებულები მანამ, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა, თუმცა პოლიციის უფროსი ამ წინადადებას არ დასთანხმდა.

„წამოდი ჩემთან ერთად და გავათავისუფლოთ” – უთხრა ბაგრატიონმა კოტე ანანიაშვილს.

„სასამართლო გადავცემთ და ის გადაწყვეტს,“ – უპასუხა კოტე ანანიაშვილმა ელგუჯა ბაგრატიონს.

ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს „ივანიშვილის მონა“ და „დაკვეთის შემსრულებელი“ უწოდა.

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გამართულ, საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  დაკავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც გულისხმობს  პოლიციელის  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

აჭარის მთავრობის სახლთან 4 პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს – შსს

ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციას ენმ-ს წევრები მართავენ. რამდენიმე მათგანმა მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავა, რაც გულისხმობს  პოლიციელის  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ, ენმ-წევრები აქციას მართავენ, მათ მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა. დაკავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა.

პოლიციის დეპრატამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა გაეთავისუფლებინათ შენობის შესასვლელი და ისე გაეგრძელებინათ საპროტესტო აქცია.

ენმ-ს წევრები და სხვა აქტივისტები გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ. ამის გამო, საპროტესტო აქციები გუშინვე დაიწყო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

პოლიციის უფროსი ანანიაშვილი აქციის მონაწილებს აძლევს გონივრულ ვადას, შენობის შესასვლელის გასათავისუფლად. მთავრობის სახლის შესასვლელთან დგას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ელგუჯა ბაგრატიონი, რომელიც ითხოვს შენობაში შესვლას, რის უფლებასაც დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. ამ დროისთვის მთავრობის შესასვლელთან პოლიციელები არიან განლაგებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აქცია მთავრობის სახლის წინ ცხრა საათზე დაიწყო, თუმცა შენობის წინ არ გამოჩენილა მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. აქციის მონაწილეების აზრით, შესაძლოა ის შენობაში სხვა შესასვლელით შევიდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით საპროტესტო აქციები მთავრობის შენობის წინ გაგრძელდება. საღამოს 19:00 საათზე კი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი ევროპის მედანზე.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/405974/

აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელი აქციის მონაწილეებმა ჩაკეტეს

დღეს დილის 9 საათიდან აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ნაციონალური მოძრაობა მართავს, მათ დილიდან ჩაკეტილი აქვთ მთავრობის სახლის შესასვლელი. შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნა რამდენიმე თანამშრომელს, რის შემდეგაც ადგილზე მოვიდა პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი.

პოლიციის უფროსმა მიმართა აქციის მონაწილეებს და უთხრა, რომ აძლევს გონივრულ ვადას გაათავისუფლონ შესასვლელი, „წინააღმდეგ შემთხვევაში მოვიქცევი კანონის შესაბამისად“, – თქვა კოტე ანანიაშვილმა,

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

კომაში მყოფი კიდევ ერთი მოსწავლეც გარდაიცვალა – ქობულეთის ავარია

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული მეთორმეტეკლასელი ბიჭი გუშინ ღამით გარდაიცვალა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. კლინიკაში რჩება ავარიის შედეგად დაშავებული გოგო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი – კლინიკაში მოათავსეს. ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებიდან 4 ნოემბერს გაწერეს ავარიაში მოყოლილი კიდევ ორი მეთორმეტეკლასელი.

“გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას” – კობახიძის მიმართვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს

„მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას,” – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანს, თეონა ბაკურიძეს.

კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკას –  “რომ არ მცოდნოდა მხარი კანონპროექტს დაუჭირეთ, ვიფიქრებდი, რომ წინააღმდეგი ხართ პროპორციული სისტემის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაში გამოიხატება მისი აფილირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველაფერში“. მის პასუხს ჟურნალისტის ღიმილი მოჰყვა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს იყო სიმწრის ღიმილი“.

„ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი და გავლენებისგან თავისუფალი ვსვამთ შეკითხვებს“ – განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ლიდერები ნაციონალურ  მოძრაობასთან კავშირში დებენ ბრალს. 2019 წლის 17 ივლისს ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითვამ, შს მინისტრის, გახარიას გადადგომაზე. მაშინ ივანიშვილმა აჭარის ტელევიზია რუსთავი 2-ის ფილიალად მოიხსენია.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ივანიშვილის ეს განცხადება შეაფასა არხის დისკრედიტაციის მცდელობად.

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“- საპროტესტო აქცია და მსვლელობა ბათუმში

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“, „არ გავჩუმდები“ – ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობაც მოაწყვეს მოწოდებით: „გამოდი“.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

მერაბ ჯიხაძე, მოქალაქე: „მე მეზღვაური ვარ და 20 ივნისის მოვლენების დროს ზღვაში ვიყავი. სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს მიმდინარე პროცესს. მე ვაპროტესტებ დღეს ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობას. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო შედეგი, რომელიც გააჩერა 20 ივნისის მოვლენებმა. ეს იყო დიდი მონაპოვარი, რაც სამოქალაქო მოძრაობის აქტიურობის შედეგად მივიღეთ. დღეს კი ჩვენ ვნახეთ სულში ჩაფურთხება“.

ხატია კალანდია, მოქალაქე: „მე ვფიქრობ, რომ უნდა გააპროტესტოს ყველამ ეს ამბავი. ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ ეშინია. რის ეშინია? – ძალაუფლების დაკარგვის“.

გიორგი ბოლქვაძე, მოქალაქე: „ჩემი პროტესტი არის ის, რომ დაგვპირდნენ და არ შეასრულეს. ხმამაღალი საუბარი როცა გაიგეს ზაფხულში, აქციების დროს, დაგვპირდნენ. ახლა კი დაინახეს შესაძლებლობების დაკარგვის საფრთხე და უკან დაიხიეს.“

აქციაზე გამოსულ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება. ისინი ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავენ და მას „არაფორმალურ მმართველს“ უწოდებენ.

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი,“ – მიიჩნევს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი,“ელგუჯა ხაბაძე, – „ბიძინა ივანიშვილი ახლა ელოდება, რა რეაქცია ექნება ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ის მიიღებს მასშტაბურ, პერმანენტულ აქციებს. არ არსებობს ხალხის წინააღმდეგ წასული ბიუროკრატია, რომელმაც საქმე დაასრულა დადებითად“.

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „მთავარი საფრთხე არის ის, რომ ეს ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, „ნულოვანი ბარიერი“ იყო ის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი უდნა შეეტანა ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და თუ ეს არ გამოსწორდება, ეს იქნება დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. გამოდის, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, არ მიიღო ეს მხედველობაში“.

 

„ვწუხვარ” – ივანიშვილი კანონპროექტის ჩავარდნაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებით ეხმაურება საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას. დაპირება, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, ივანიშვილმა გასცა, თუმცა არ შესრულდა.

“დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.

იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?

ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.
კერძოდ:

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე.

წარმოიდგინეთ, იმ დროს რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი – ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.

ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მითუმეტეს, ემოციურ ფონზე.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა – პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.
არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შექმნა პრეცედენტი და სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის მმართველობის პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, ორგანიზაციულად სუსტი და მცირერიცხოვან პარტიებს მაინც მიაჩნდათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ექნებოდათ წარმატების მეტის შანსი. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ინიაციატივით. ნულოვანი ბარიერის შეთავაზებით კი, ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო გაზრდილიყო მცირე პარტიების შესაძლებლობები.

მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ.

უმთავრესი, რაც ჩვენს შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკური პროცესს, დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი.

ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით.
სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება.

გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.
ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.

ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას.

დაბოლოს – უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება”, – აცხადებს ივანიშვილი.

კორნელი კაკაჩია: „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნები ურჩევნია

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ გაერთიანდება აქამდე ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი პრინციპით – „ყველანი ერთის წინააღმდეგ“, როგორც ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს. ყველას გვახსოვს, მგონი, შედეგები“, – ასეთი მოლოდინი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე პოლიტოლოგს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას. მას ვესაუბრეთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში დღეს, 14 ნოემბერს დაიწყო და იმაზე, თუ რას ნიშნავს, როცა მმართველი პოლიტიკური გუნდი დაპირებას არ ასრულებს.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება საზოგადოება მაჟორიტარულის ნაცვლად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაჰპირდა.

  • ბატონო კორნელი, როგორია თქვენი მოლოდინი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაიწყო?  

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როცა ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვა, ბოთლიდან „ჯინი გაშვებულია“. ახლა საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. საქართველოში შესაძლოა საზოგადოებამ ბევრი რამ აპატიოს ხელისუფლებას, მაგრამ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობა – არა. თანაც, იმ დაპირების, რომელიც ეხება მნიშვნელოვან პრინციპს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ასეთ რაღაცას, ზოგადად, ამომრჩეველი ხელისუფლებას არ პატიობს და ამის კარგი მაგალითია შევარდნაძის ხელისუფლება, ასევე სააკაშვილის დროს როგორ დაირაზმა „ყველა ერთის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ გაერთიანდება აქამდე ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი იგივე პრინციპით „ყველანი ერთის წინააღმდეგ“. ყველას გვახსოვს, მგონი, შედეგები.

ხელისუფლება დენთით სავსე კასრს ეთამაშება, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ ამან გამოიწვიოს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისი. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იწვევს გარკვეულწილად რყევებს ქვეყანაში. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი სერიოზულ კრიზისამდე მივიდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდმა და მისმა ლიდერმა გასცა ეს დაპირება.

  • რამდენად აქვს მგრძნობელობა ამომრჩეველს ამ თემის მიმართ, ანუ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა? 

შესაძლოა, მთელი საზოგადოებისთვის არ იყოს ეს საკითხი გასაგები, მაგრამ ეს თემა მნიშვნელოვანია ყველაზე აქტიური ნაწილისთვის, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას. პრინციპში, ამ კანონპროექტის მიღება იძლეოდა საშუალებას, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ცოტათი მაინც გაჯანსაღებულიყო და მეტი სტაბილურობისკენ წასულიყო ქვეყანა. თუ შემდეგი არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიან გარემოში, უფრო მაღალი იქნებოდა ალბათობა, რომ არჩეული ხელისუფლება იქნებოდა ლეგიტიმური. ბუნებრივია, ახლა ყველა ამ იდეას შეუდგა წყალი, რადგან გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

  • რატომ ვერ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა პოლიტიკური სვლა გააკეთა ივანიშვილმა? 

ალბათ, იყო ცთუნება: ხელისუფლებამ ნახა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, სექტემბერში, ეს მოძრაობა შეწყდა. ჩათვალეს, რომ მათ საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილეს და იფიქრეს, რომ საზოგადოებაში არ ჰყავს ბევრი მიმდევარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის იდეას.

მმართველ გუნდში ასევე კარგად გათვალეს, რომ ეს შეპირება, რომელიც გაიცა, ცოტა ნაადრევი იყო, კარგი კალკულაცია გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის წამგებიანი იყო – ამ გზით მმართველ ძალას შესაძლოა შემდეგ არჩევნებში ვეღარ შეენარჩუნებინა ძალაუფლება.

  • გამოდის, რომ მმართველ გუნდს აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ვიდრე არჩევნები 2020 წელს მაჟორიტარების გარეშე? 

ბიძინა ივანიშვილს ახლა ყველა ვარიანტი აწყობს, გარდა რევოლუციისა. ქვეყნის ინტერესებსაც ეს არ სჭირდება. ვადამდელი არჩევნები აწყობს ხელისუფლებას, რადგან მათ ხელშია ადმინისტრაციული, ფინანსური და პოლიტიკური რესურსები, ხოლო სხვა პოლიტიკური პარტიები ვერ მოახერხებენ ასე სწრაფად გადაწყობას წინასაარჩევნო პერიპეტიებზე. მმართველი პოლიტიკური ძალა ამ გზით ეცდება შეინარჩუნოს გარანტიები, რაც მათ ვერ დაინახეს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაში.

ამ დეპუტატებსაც, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, როგორც ჩანს, სჭირდებოდათ გარკვეული გარანტიები, რომ მოხვდებოდნენ საპარლამენტო სიებში. ბუნებრივია, მათ აქვთ პირადი ინტერესები. არაა გამორიცხული, რომ მათი ინტერესები დაემთხვა ივანიშვილის ინტერესებს.

  • რამდენად შეიძლება იყოს სარწმუნო მოსაზრება, რომ ივანიშვილმა სცადა დაპირების შესრულება, მაგრამ რეალურად დეპუტატები წავიდნენ წინააღმდეგი? 

ეს არგუმენტი ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც აქამდე არ გამოირჩეოდნენ დიდი აქტიურობით და ჩვეულებრივად მიყვებოდნენ პარტიულ ხაზს, უცებ გახდნენ ძალიან აქტიურები და პრინციპულები. რა თქმა უნდა, ლეგენდა იმის შესახებ, რომ ივანიშვილი და მმართველი პოლიტიკური პარტია ვერ აკონტროლებს მათ, ძალიან სუსტი არგუმენტია და არა მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდეს.

  • საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა რვა დეპუტატმა. რას აჩვენებს ეს ფაქტი და შესაძლებელია თუ არა „ოცნება“ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ? 

კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო და ეს ფრაგმენტაცია, რომელიც კარგა ხანია არსებობს, გაგრძელდება. სხვა გადაწყვეტილებაც რომ მიეღო პარლამენტს დღეს, მაშინაც დაკარგავდნენ პარლამენტარებს. რეალურად ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პროცესში ეს კიდე უფრო გაღრმავდება. შეიძლება, სხვებმაც უარი თქვან იმ ძალასთან ყოფნაზე, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“. ასე ვთქვათ, ლიბერალური ფრთა უკვე გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“.

განათლების ახალი მინისტრის პრიორიტეტები

განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ამ პოსტზე უკვე მეორედ დაინიშნა, ამბობს, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესს არ შეაჩერებს.

ახალი მინისტრი ასევე საუბრობს, საჯარო სკოლების ავტონომიის ზრდაზე, რისთვისაც, მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი.

მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება პროფესიული განათლება „შესაბამისად, ახალი იდეები და ახალი მიმართულებები იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი  პოპულარიზაცია  საზოგადოებაში“, – ამბობს ჩხენკელი.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმაზეც, რომ ახალი მინისტრი პრიორიტეტად აცხადებს უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

ის ხაზს უსვამს ორ პროექტს, პირველი ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლსაც აშენებენ ქუთაისში და მეორე, – ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მინისტრის თქმით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს.

„აღნიშნული ცენტრში მოხდება სიმსივნის მკურნალობა და ასევე, წარიმართება ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით“.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად პირველად 2017 წელს დაინიშნა, მან ამ პოსტზე რვა თვე იმუშავა. ჩხენკელმა მინისტრის თანამდებობა ახლახანს, უკვე მეორედ, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა.

„გადაგვაგდეთ? – გადაგაგდებთ!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, 19:30 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.

„ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გადაგვაგდო და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო! პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი და ქართველი ხალხის ინტერესი მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას და საქართველოს პარლამენტს #გადაგვაგდეთ?! #გადაგაგდებთ!!“ – აღნიშნულია აქციის ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

თბილისში რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია – პროტესტი კანონპროექტის ჩავარდნის გამო

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტი, სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებენ. რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია.

რუსთაველზე შეიკრიბნენ “სირცხვილიას” აქციების მონაწილეები, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, შუერთდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

დღესვე, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩაგდების შემდეგ, “ქართული ოცნება“ დატოვა შვიდმა დეპუტატმა: დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ და ზაზა ხუციშვილმა.

ამავე თემაზე: 

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა – უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა – უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა

დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

დღესვე, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩაგდების შემდეგ, “ქართული ოცნება“ დატოვა შვიდმა დეპუტატმა: დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ და ზაზა ხუციშვილმა.

ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ამ დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული  არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი მათი თქმით, მათთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.

საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ზაზა ხუციშვილმაც:

„გადაწყვეტილება მივიღე, საპარლამენტო უმრავლესობა, ოცნების წევრი არ გახლდით, პარტიას ვერ დავტოვებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდური გადაწყვეტილება იყო, ინიცირებული იყო კანონპროექტი დ პირდაპირ დარბაზში გავიგეთ, რომ თურმე 30-ზე მეტი ადამიანი, მხარს არ უჭერს თავისივე ინიციარებულ კანონპროექტს,“ – ამბობს ხუციშვილი.

„აჩვენე მათ, როგორ ზრუნავ“ – ჯონ ლუისის ახალი საშობაო ვიდეო

„იუთუბზე“ John Lewis & Partners and Waitrose & Partners-ის ახალი საშობაო ვიდეო განთავსდა. კომპანია 2007 წლიდან სთავაზობს ადამიანებს ამაღელვებელ და ემოციურ საშობაო რგოლებს, რომელსაც ყოველ წელს განსხვავებული მესიჯები ახლავს თან.

წლევანდელი ვიდეოს სლოგანია: “აჩვენე მათ, თუ როგორ ზრუნავ” და მოგვითხრობს გოგონასა და დრაკონის მეგობრობაზე.

2019 წლის ვიდეო, როგორც John Lewis & Partners-ის Youtube-გვერდზე ვკითხულობთ, „მეგობრობის ჯადოსნურობაზეა, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმა გააზრებულმა ქმედებამ ყველაფერი შეცვალოს. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ედგარის ღელვამ საშობაო სამზადისის ირგვლივ შეიძლება ყველაფერს ცეცხლი მოსდოს, მაგრამ მისი მეგობრის, ავას ჭკვიანური საჩუქარი დაეხმარება მას შობის დღესასწაულს თავისებური შუქით გაანათოს.”

https://www.youtube.com/watch?v=r9D-uvKih_k

 

გასულ წელს John Lewis & Partners-ის საშობაო რგოლში ელტონ ჯონი მოხვდა.

საზღვარზე ოქროსა და ტექსტილის მალულად შემოტანისთვის 2 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით,  ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და  დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 68 742 ლარი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მალულად იქნა შემოტანილი 73 200 ლარის საბაჟო ღირებულების ტექსტილის ნაწარმი“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კრიტიკული შეუსაბამობის გამო 45 კვების ობიექტი დაჯარიმებულია – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება კაფე-ბარების და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელა 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება.

„გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

„ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ“.

ბათუმის ნავთობტერმინალი ნავთობპროდუქტების 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს

ბათუმის ნავთობტერმინალი 5 000 კუბ/მ მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავ 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს. რეზერვუარები ტერმინალის ძირითად ტერიტორიაზე [მაიაკოვსკის ქუჩა N4] აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სკოპონგის დასკვნა უკვე გასცა. ამ დასკვნის საფუძველზე ნავთობტერმინალმა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში [გზშ] უნდა მოამზადოს.

დასკვნის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიიდან დასახლებულ ადგილამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 190 მეტრია. ახალი რეზერვუარების ზომებია: დიამეტრი – 20,92 მ, სიმაღლე – 15 მ. რეზერვუარები შემოიღობება ბეტონის კედლით.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო 2019 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და ესწრებოდნენ კომპანიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საჯარო განხილვაზე, ასევე სკოპინგის ანგარიშის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან შენიშვნები/მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა“.

„ახალი საცავების აშენების აუცილებლობა გამოიწვია საწარმოო უბნის – „ბენზინისა და ნავთის მიღების და გადატვირთვის სადგურის“ (ნავთის უბანი) ტერიტორიაზე არსებული ძველი რეზერვუარების ამორტიზირებულმა მდგომარეობამ. ძველი რეზერვუარები განლაგებულია ძირითადი ტერიტორიის მიმდებარედ, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე, უნდა დაექვემდებაროს დემონტაჟს… სადემონტაჟო სამუშაოების დროს უზრუნველყოფილი იქნება ხმაურისაგან და ჰაერის დამტვერით დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებები,“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს – ახალი 5 რეზერვუარის აშენების გარდა პროექტით დაგეგმილია: ამ რეზერვუარების აღჭურვა ტექნოლოგიური, ხანძარსაწინააღმდეგო წყლის, ქაფის, კანალიზაციის და აირგამყვანი მილსადენების სისტემებით; №5 სარკინიგზო ესტაკადის ტექნიკური გადაიარაღება, რაც გულისხმობს: ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ტექნოლოგიური მილსადენების და მთავარი კოლექტორის მონტაჟს; ვაგონცისტერნების მომსახურების მოძრავი პლატფორმების აღჭურვა მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით გადასასვლელი ბაქნებით; სარკინიგზო ესტაკადების აღჭურვა სპეციალური საჰერმეტიზაციო სარქვლებით; აგრეთვე ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის სატუმბო სადგურისთვის ფარდულის მშენებლობა და ნავთის უბნიდან დაშლილი 4 სატუმბო დანადგარის მონტაჟი.

სკოპინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე, გათვალისწინებულია მეხდაცვის ანძების მონტაჟი საპროექტო ობიექტების მოედნების გარშემო. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის დროს სანიაღვრე წყლების არინებისთვის გათვალისწინებული იქნება დროებითი მილსადენებით წყლის ორგანიზებულად გაყვანა და საწარმოს არსებულ საკანალიზაციო ქსელში ჩართვა.

ექსპლუატაციის ეტაპისთვის კი გათვალისწინებული იქნება საწარმოო-სანიაღვრე და სასაქონლო წყლების გაყვანისთვის კანალიზაციის სისტემების მოწყობა, რომელიც მიუერთდება ცენტრალურ ნავთობდამჭერს გასაწმენდად.

დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საწარმოო კომპლექსი ტერიტორიულად განლაგებულია ბათუმში და 85,3 ჰექტარი ფართობი უკავია. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვის და გადატვირთვის ოპერაციები (საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით). ნავთობტერმინალი წლის განმავლობაში მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ნავთობტერმინალის საწარმოო ობიექტები განთავსებულია ერთმანეთისგან ტერიტორიულად დაშორებულ 5 მიწის ნაკვეთზე: მაიაკოვსკის ქუჩის გასწვრივ არსებულ მონაკვეთზე – ძირითადი ტერიტორია, ვოლსკის ქუჩის გასწვრივ არსებულ მონაკვეთზე, სოფელ კაპრეშუმში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.

– – –

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობასაც გეგმავს.

უშუალოდ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კი კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა გზშ-ს გარეშე მიმდინარეობს. ეს ტერიტორია კერძო კომპანიას აღნაგობის უფლებით „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ გადასცა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორია / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ეს არის ივანიშვილის ხრიკები“ – აქცია ბათუმში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა შეიკრიბა აქციაზე – „არ გაბედო“.

აქციის ორგანიზატორის, ალექსანდრე მილორავას თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები და საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.

„პროტესტის მთავარი მესიჯებია ნუ გადაგვაგდებს ხელისუფლება და ხალხის მონაპოვარს, არჩევნებს ნუ ჩაშლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავაგდებთ მათ“, – აცხადებს ალექსანდრე მილორავა. – „ჩვენ ვითხოვთ, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს „ქართულმა ოცნება“ და გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ აქციებს რეგიონებშიც, თბილისშიც და მოვითხოვთ ხელისუფლების გადადგომას.“

ალექსანდრე მილორავა ეჭვობს, რომ ძალიან დიდი რისკი არსებობს ხელისუფლებამ თავისი დანაპირები არ შეასრულოს: „ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორ გაწელეს პარლამენტში სხდომა და 9 საათამდე ისე მიიყვანეს, რომ კენჭისყრა არ ჩატარებულიყო. დღესაც დეპუტატების მხრიდან იყო უაზრო გამოსვლები, ერთსა და იმავეს იმეორებდნენ… დღესაც მიიყვანეს სამ საათამდე დრო ისე, რომ ვერ უყარეს კენჭი. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა ჩააგდონ კანონპროექტი“.

#ნუგადაგვაგდებთ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

აქციის მონაწილეების აზრით, „ეს ხრიკები, სავარაუდოდ, მოდის ბიძინა ივანიშვილისგან… დიმიტრი ხუნდაძე მისი ერთგვარი რუპორია და მან განაცხადა ყველაზე მკაცრად, რომ ეწინააღმდეგება არჩევნების პროპორციულ სისტემას და სურს, რომ დარჩეს მაჟორიტარული სისტემა“.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უნიკალური შანსი და საზოგადოება ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

„მათ გაჰყავთ დრო უაზრო დისკუსიებით, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ამ შესაძლებლობას“, – აცხადებენ ევროპის მოედანზე მყოფი ახალგაზრდები.

ამ აქციაზე დღეს ბათუმში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოჩენილან.

#ნუგადაგვაგდებთ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

ანალოგიური საპროტესტო აქცია დღეს თბილისში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის პირობა 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დადო. ხელისუფლება მთელი ზაფხულის განმავლობაში ატარებდა საკონსტიტუციო განხილვებს ამ საკითხზე. გუშინ კი, მოულოდნელად, მაჟირიტარების ერთმა ჯგუფმა თქვა, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებები გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი პირადი ექიმი და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა.

ამავე თემაზე:

კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]

ქეთი გაბაიძემ ერაყის მოქალაქესთან 6 წლის წინ იქორწინა. მათ ორი მცირეწლოვანი გოგო ჰყავთ. ქეთის მეუღლეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ოთხ თვეში ეს უფლება ეწურება. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ერაყის მოქალაქეს ქვეყანაში დარჩენის უფლებას იუსტიციის სამინისტრო აღარ უგრძელებს.

ქეთის მეუღლემ ბახტიიარ შვანმა იცის ქართული და ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, მენეჯერად მუშაობს.

იუსტიციის სამინისტროსგან ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე ბოლო უარის მიღების შემდეგ ცოლ-ქმარმა აღარ იცის, როგორი იქნება მათი მომავალი. ქეთი ამბობს, რომ თუკი მეუღლე ვერ მიიღებს ლეგალური ცხოვრების უფლებას საქართველოში, ის და მისი შვილები  ქუჩაში აღმოჩნდებიან, რადგან მეუღლე იხდის ბინის ქირას და კომუნალურ გადასახადებს.

„თუ ჩემს მეუღლეს არ მისცემენ ბინადრობის უფლებას და მოუწევს სამსახურის, ქვეყნის დატოვება, ჩემი შვილებით ქუჩაში დავრჩები. „მე ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება, მაგრამ თუ ჩემი ქვეყანა არ მაფასებს, როგორც მის მოქალაქეს და ამდენი თხოვნის მიუხედავად მაინც დაარღვევს ჩემი ოჯახის უფლებას, მე და ჩვენ შვილებსაც მოგვიწევს მოქალაქეობაზე უარის თქმა“, – ამბობს ქეთი.

მუხლი, რომლის საფუძველზეც ბახტიიარს ბინადრობაზე უარს ეუბნებიან, ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობს.

„ჩემს ოჯახში არაერთხელ მოვიდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, ყველაფერი შეამოწმეს, მე მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო. ჩემს ბიოგრაფიაში ვერ იპოვიან რაიმე საეჭვოს და საფრთხის შემცველს ქვეყნისთვის“, – ამბობს ბახტიიარ შვანი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.

ბახტიიარ შვანს და ქეთი გაბაიძეს ორი შვილი – მარიამი და ქრისტინე ჰყავთ.

ბახტიიარ შვანი ამბობს, რომ მან არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მის საბუთებში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოსამართლე ნანა აფციაურმა 2017 წლის 29 ნოემბერს ბათილად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილება და უწყებას დაავალა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური, ადმინისტრაციული აქტი ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ ისევ იმავე დასაბუთებით უთხრა უარი ბინადრობაზე.

„იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში ბინადრობაზე უარის თქმა.

სასამართლოს განჩინება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს „ბათუმელებმაც“ მიმართა წერილობით 5 ნოემბერს და ითხოვა განმარტება, თუ რატომ ეუბნებოდა სახელმწიფო ბახტიიარ შვანს ბინადრობაზე უარს, რომელსაც ქართველი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. სერვისების სააგენტომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან ამონარიდი მოგვაწოდა წერილობით, სადაც უარის თქმის საფუძვლებია ჩამოწერილი.

თუმცა აქედან, რომელი პუნქტის საფუძველზე ეუბნებოდნენ უარს ერაყის მოქალაქეს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, ამავე უწყებას დღეს, 13 ნოემბერსაც, მიმართა „ბათუმელებმა“ წერილობით. სააგენტოში განაცხადეს, რომ პასუხს ათ დღეში წერილობით მოგვაწვდიან.

ბახტიიარ შვანის აზრით, მის მიმართ სახელმწიფო ახორციელებს დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით, რადგან ქვეყნის კანონი მას უფლებას აძლევს, ჰქონდეს მუდმივი ცხოვრების უფლება საქართველოში.

კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-15 მუხლის მიხედვით, „მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე“.

„რადგან ბახტიიარი მუსლიმია და ასევე ერაყიდანაა წარმოშობით, ამ ნიშნით ეუბნებიან მას ბინადრობაზე უარს“, – ამბობს მისი მეუღლე ქეთი გაბაიძე.

„ყველა ერაყელი ხომ ცუდი არ არის, რა ჩემი ბრალია, თუ ერაყელი ვარ“, – გვეუბნება ბახტიაარი.

ის ამბობს, რომ საქართველოში ლეგალურად მუშაობს, იხდის გადასახადებს ბიუჯეტში, აქვს პროფესია.

ქეთის თქმით, ბახტიიარი რომ საფრთხეს ქმნიდეს, პირველ რიგში, ეს მის ოჯახზე აისახებოდა.

„მე თუ ცოლი, ორი ბავშვით მასთან ერთად ვცხოვრობ ექვსი წელია და ერთხელაც კი არ გვქონია კამათი, დავიჯერო ჩემს ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს?  – არა, რა თქმა უნდა“, – ამბობს ქეთი გაბაიძე.

ქეთისა და ბახტიიარის შვილები – მარიამი და ქრისტინა, ბათუმში საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ქეთი ამბობს, რომ  ეს გაუგებრობა მის ოჯახს პრობლემებს უქმნის, რადგან არ იცის, როგორი იქნება მათი მომავალი.

„მინდა ბინა ვიყიდო, გავფართოვდე, რაღაც შევცვალო ცხოვრებაში. ახლა არ ვიცი, სად მომიწევს ყოფნა. სამშობლოში წასვლაც უნდა ბახტიიარს, მშობლები ენატრება, მაგრამ თუკი არ გაირკვევა ბინადრობის საკითხი, მერე ალბათ აღარ შემოუშვებენ ქვეყანაში, თუკი ახლა წავა. მე კი მინდა, რომ ერთად ვიყოთ და ოჯახი ერთად ვმართოთ“, – ამბობს ქეთი გაბაიძე.

მისი აზრით, სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს თავის მოქალაქეს და მის ათასგზის თხოვნაზე სამართლიანად რეაგირებდეს.

„ერთხელ კი არ მივმართეთ, ათასჯერ და პასუხი არ გვაქვს. მაინც და მაინც მილიარდერი უნდა იყოს, რომ პასუხი გაგვცენ? ეს ხომ უსამართლობაა“, – ამბობს ქეთი.

„რა ჩემი ბრალია რომ ერაყელი ვარ“ - საქართველოს მოქალაქის მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ

„არ გაბედო“ – დღეს, 19 საათზე, ბათუმში აქცია იგეგმება

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია იგეგმება. დღეს პარლამენტს  კენჭი უნდა ეყარა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო  ხვალ, 12 საათამდე.

„პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ორი დღეა საქართველოს მოსახლეობა ვაკვირდებით საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ცირკს, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა საფრთხეშია.

მოვითხოვთ პარლამენტისგან, არ გაბედოს ცვლილებების ჩაგდება! არ გამოვა! არ მოგცემთ უფლებას!“ – ვკითხულობთ ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე.

აქცია სლოგანით – „არ გაბედო“ გუშინ, 12 ნოემბერს, გაიმართა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან.

დავარქვათ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი? – ბათუმის მერი მრჩეველთა საბჭოს 

დაერქვას თუ არა ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩისა და სასულიერო სემინარიას შორის არსებულ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი, მოაწყოს თუ არა აჭარაში მოღვაწე „სახელოვანი  წინაპრების ხეივანი“, სადაც მათივე სკულპტურული პორტრეტები იქნება განთავსებული, სად დაიდგას 9 აპრილის მემორიალი, განათავსონ თუ არა ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტი და ასე შემდეგ – დაახლოებით ამ შინაარსის მიმართვებს აგზავნის ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თავისავე მრჩეველთა საბჭოში, იმსჯელეთ და მირჩიეთ, როგორ მოვიქცეო.

უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მერს მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებები არ აინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, ახალი სამშენებლო პროექტები, ურბანული განვითარება, ისტორიული ზონის შექმნა, სტრუქტურული რეორგანიზაცია, ახალი მუნიციპალური ორგანიზაციების შექმნა, სატარიფო საკითხები, მას მრჩეველთა საბჭოსთვის მოსაზრება არასდროს უთხოვია.

„მაგალითად, მერი არ დაინტერესებულა საბჭოს აზრით, როცა ახალი საზედამხედველო აიპის შექმნა გადაწყვიტა და არც ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მიგვიღია, ვიდრე არ მოვითხოვეთ“, – გვითხრა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გუჩმანიძემ.

იმაზე, რომ მნიშვნელოვან საკითხებს მერი საბჭოში განსახილველად არ აგზავნის, საბჭოს წევრებიც საუბრობენ, ამიტომაც არის რიგი საკითხებისა, რომლებსაც საბჭოს წევრები თავიანთი ინიციატივით განიხილავენ, ამზადებენ რეკომენდაციას და უგზავნიან მერს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ დაგეგმილი სამშენებლო პროექტი ბათუმის კონცხზე.

საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნინო ინაიშვილის ინიციატივით განიხილეს მერიაში ბათუმის იტორიული ზონის განყოფილების დაკომპლექტების საკითხი და სხდომაზე მოწვეულ შესაბამის სამსახურის უფროსს მოსთხოვეს განმარტება, თუ რა სამუშაოს ასრულებენ დაუმტკიცებელი ზონის განყოფილების სპეციალისტები. მერი საბჭოს მოსაზრებებით არც მაშინ დაინტერესებულა, როცა ისტორიული ზონის დადგენილი საზღვრები მერიამ თვითნებურად შეცვალა და არც მაშინ, როცა ამ ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადადო.

საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ გუჩმანიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ მერს საბჭოს მოსაზრებები არ აინტერესებს იმ საკითხებზე, რის შესახებაც მან საბჭოს განწყობა წინასწარი იცის და იცის ისიც, რომ ამ განწყობას ვერ გაიზიარებს. შესაბამისად, რომ არ დაგროვდეს საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც საბჭოს ხშირად ექნება სათქმელი, რომ მერმა მოსაზრება არ გაიზიარა, ის გაცილებით უმტკივნეულო გზას ირჩევს და  ამ საკითხებს განსახილველად საბჭოს საერთოდ არ უგზავნის.

საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მხოლოდ მერის სურვილი არაფერს ნიშნავს, საბჭოს დებულების მიხედვით მერი ვალდებულია, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე საბჭოს მოსაზრებებს გაეცნოს მაინც, თუ მათ არ გაიზიარებს:

„ჩვენ გვაქვს ასევე ვალდებულება, რომ ჩავერთოთ შემდგომი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში, პროექტის საკრებულოში გადაგზავნამდე. მერიას დოკუმენტი არ გადმოუგზავნია, ამიტომაც ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ ის.“

რაც შეეხება მემორიალების განთავსებისა და სახელდების საკითხებს, კახაბერ გუჩმანიძის აზრით, ზოგჯერ ასეთ შემთხვევაშიც არ არის საქმე მარტივად. მისი თქმით „ასეთი ორი საკითხი დაბლოკა მრჩეველთა საბჭომ“.

რიგ საკითხებზე მერის მრჩეველთა საბჭოს მოქალაქეებიც მიმართავენ და პრობლემის მერთან მიტანას სთხოვენ.

დაიღუპა 200-ზე მეტი სპილო, 5 მილიონ ადამიანს კი საკვების დეფიციტი ემუქრება – ზიმბაბვე

ზიმბაბვეში 200-ზე მეტი სპილო დაიღუპა გვალვის გამო – იუწყება სააგენტო africanews-ი, ზიმბაბვეს ნაციონალური პარკების სააგენტოზე დაყრდნობით. ზიმბაბვეში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვაა. 

ზიმბაბვეს ნაციონალური პარკებისა და ველური ბუნების დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა ტინაშე ფარავომ განაცხადა, რომ მხოლოდ ოქტომბერში 200 სპილო დაიღუპა ჰვანგეს ეროვნულ პარკში და მდგომარეობა მძიმეა სხვა პარკებშიც. მისივე თქმით, გვალვის შედეგად სპილოების გარდა დაიხოცნენ სხვა ცხოველებიც: ჟირაფები, კამეჩები, იმპალები… და ეს ეხება თითქმის ყველა ჯიშის ცხოველს. 

ცხოველების ნაწილი ზიმბაბვეს პარკებიდან ახლო მდებარე დასახლებებში გადაადგილდება საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად. პარკების სააგენტოს ცნობით, წელს 33 ადამიანი დაიღუპა ცხოველებთან კონფლიქტის დროს. 

ზიმბაბვეში სიტუაციის გაუმჯობესებას მხოლოდ წვიმის მოსვლის შემდეგ ელიან, მანამდე კი სააგენტო გეგმავს 600 სპილოს, ლომების ორი ჯგუფის და სხვა ცხოველების გადაყვანას Savé Valley-ის კონსერვაციაში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, შედარებით ნაკლებად დატვირთულ პარკში. ტინაშე ფარავოს თქმით, იქვე აპირებენ ველური ძაღლების, 50 კამეჩის, 40 ჟირაფისა და 2 000 იმპალას გადაყვანას. ეს იქნება ადამიანების მიერ დაგეგმილი ველური ბუნების წარმომადგენლების ყველაზე დიდი გადაადგილება ზიმბაბვეს ისტორიაში.  

„თუ პოპულაციები არ გადანაწილდება, ცხოველები იმ ეკოსისტემას დააზიანებენ, რომელშიც ცხოვრობენ,“ – განაცხადა ფარავომ. მისივე თქმით, ველური ბუნების სააგენტოს აუცილებლად ესაჭიროება აპარატურა წყლის გადასაქაჩად, რომ სპილოების გადარჩენა შესძლონ. „ჩვენ სასოწარკვეთილი ველოდებით წვიმას,“ – ამბობს ის.

სპილოების განსახლების რაოდენობით ზიმბაბვე მეორე ადგილასაა მსოფლიოში. ამ ქვეყანაში 85 000 სპილო ცხოვრობს, მეზობელ ბოცვანაში კი – 130 000.

ბუნების დაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ ამ სეზონზე არ იწვიმებს, ზიმბაბვემ შესაძლოა სპილოების პოპულაციის ნახევარი დაკარგოს.

გაეროს ცნობით, გვალვის შედეგად დაახლოებით ხუთ მილიონ ადამიანს, ზიმბაბვეს მოსახლეობის მესამედს, 2020 წლის მოსავლამდე, საკვების დეფიციტი ემუქრება.

ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

„ეს სივრცე ნამდვილად ლამაზი და მიმზიდველი იქნება,“ – ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის ფიჭვნარში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ზღვისპირას, სადაც ახლა ხეებს ჩეხავენ, „ალიანსი ჯგუფი“ 29-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს.

„ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულია ხელშეკრულება. იმისთვის, რომ განახორციელოს კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უნდა მომზადდეს ტერიტორია… ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 ან ცოტა მეტი ხე-მცენარის მოჭრაა დაგეგმილი. ეს ჯგუფი გეგმავს მნიშვნელოვან აქციას – მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ხის ნერგი დაირგვება, უნიკალური ჯიშები,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ფიჭვების გაჩეხვა ქობულეთში ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ისინი საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვასა და მწვანე საფარის კიდევ უფრო მეტად განადგურებაზე საუბრობენ. ქობულეთის მერი კი განმარტავს, რომ ამ ადგილას სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა განაშენიანების გეგმითაა განსაზღვრული, რომელიც ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა.

რატომ არჩია ქობულეთის მთავრობამ მშენებლობა ზღვასთან ახლოს მწვანე საფარს? – მირიან ქათამაძემ გვითხრა, რომ კომპანია ვალდებული იქნება სივრცეზე, რომელსაც ახლა მოაწყობს, საზოგადოებრივი წვდომის საშუალება შექმნას.

„ზღვისპირა ზოლში არსებული ტერიტორიები არის ყველაზე მეტად მიმზიდველი იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს შემდგომი პროცესი: სასტუმრო ინდუსტრია, იგივე ტურიზმის ახალი ცენტრები, იყოს სხვადასხვა ობიექტი, რომელიც მიმზიდველი იქნება ვიზიტორებისთვის. იმის შემდეგ, რაც იქ აღარ არსებობს სასტუმრო „ჰორიზონტი“, მოუვლელი იყო ეს ტერიტორია და სახიფათო ვიზიტორებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა გადაადგილება. შესაბამისად, ეს იყო სწორი მიგნება,“ – უთხრა მირიან ქათამაძემ „ბათუმელებს“.

აღნიშნული ნაკვეთის გასხვისება აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. აუდიტი აცხადებს, რომ ნაკვეთის პრივატიზებას შპს „რანჩო“ ითხოვდა, რომლის წინადადება არ იქნა გაზიარებული. შპს „ალიანსის“ თხოვნის შემთხვევაში კი, 1 790 760 ლარად შეფასებული ქონება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, 367 260 ლარით შემცირდა და 1 423 500 ლარით განისაზღვრა.

„აუქციონი გამოცხადდა შპს „ალიანსის“ მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით… რის გამოც შესაძლოა შეიზღუდა კონკურენცია. 2018 წლის 12 მარტს ჩატარებული აუქციონი უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.

აუდიტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ, 2018 წლის 12 აპრილს, „ალიანსმა“ [ვალდებულების შესრულების მოტივით] მოითხოვა უძრავი ქონების საკადასტრო ერთეულებად დაყოფა და ვალდებულების გარეშე გაყიდვის უფლება, რაზედაც უარი ეთქვა.

ამასთან, ასაშენებელი ობიექტის ვიზუალური ესკიზი სამინისტრომ თავის დროზე არ მოიწონა და კომპანიას გაუმჯობესებული არქიტექტურული გადაწყვეტისა და იერსახის მქონე პროექტის წარმოდგენა მოსთხოვა.

 

ბათუმისა და ქობულეთის ზონებში დენის მიწოდება 14 ნოემბრიდან 2 კვირის განმავლობაში შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ზამთრისათვის მზადების ფარგლებში, კომპანია აგრძელებს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას რეგიონებში, რა დროსაც შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება ქობულეთისა და ბათუმის ზონებში.

სამუშაოები დაიწყება 14 ნოემბრის 00:00 საათიდან და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში.

„ხანგრძლივი გათიშვის შემთხვევაში, ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მედიით და დამატებით ეცნობება შესაბამის მუნიციპალიტეტებს, დაწესებულებებსა და ადგილობრივ მოსახლეობას,“ – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვა შესაძლოა უშუალოდ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთსაც შეეხოს.

ბათუმის ბულვარი ზამთრის სეზონისათვის ემზადება

ბათუმის ბულვარში ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

ბულვარის მებაღეებისა და აგრონომების ერთობლივი ძალისხმევით, სანაპირო ზოლის მთლიან პერიმეტრზე პალმების აკვრა-შეფუთვა და ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები სრულდება. ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე მცენარეები კი შეიფუთება სპეციალური მასალით (ე.წ. ბიაზით). ზამთრის პერიოდისათვის ზღვისპირა პარკში 20 ათასზე მეტ ხე-მცენარეს, 5 ათას ძირ ფინიკისა და ქოქოსის ჯიშის პალმებს შეფუთავენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ 35 ჰექტარ გამწვანებულ ტერიტორიას და 40 000 -მდე ხე-მცენარეს, გამწვანების და მოვლის მიმართულებით ჩაუტარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ნიადაგში შეტანილი იქნა 242 კბ.მ მიწა და 200 კბ.მ ორგანული სასუქი; 6 ტონა კომბინირებული სასუქი და 9 ტონა აზოტოვანი სასუქი „ამონიუმის“ გვარჯილა; გადაიბარა და ნიადაგი გაუფხვიერდა 12 000 ძირ ახალგაზრდა ხე-მცენარეს, ყოველდღიურად ითოხნება და ნიადაგი უფხვიერდება 13 500 ხე-მცენარეს, დეკორატიული გასხვლა-გაფორმება ჩაუტარდა 13 500 ძირ სხვადასხვა სახის ბუჩქოვან და ახალგაზრდა ხე-მცენარეს, სპეცტექნიკის დახმარებით გაისხლა და ტოტები შეეჭრა 4 000 ხე-მცენარეს.

ბათუმის ბულვარის მცენარეთა საკმაოდ მდიდარი გენოფონდი სხვადასხვა ჯიშის 4000 ძირზე მეტი მარადმწვანე და დეკორატიული ხე-მცენარით გამდიდრდა. განახლდა საყვავილე კლუმბები.

გაზაფხული-ზაფხულის თვეებში სოკოვანი და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ 15 000 ძირ ხე-მცენარეს ჩაუტარდა 3-ჯერადი წამლობა, კერძოდ: სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ შეიწამლა მაგნოლიები, ქაფურები, სხვადასხვა სახის პალმები, ხოლო, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ – ირმის რქები, ილექსები, დაფნები, ვარდები, სხვადასხვა სახის ბუჩქოვანი მცენარეები და ერთწლოვანი ყვავილები.

განახლებულ 3500 კვ.მ საყვავილე კლუმბებზე დაირგო 450 ათასი ძირი სხვადასხვა სახის ერთწლოვანი ყვავილის ჩითილი.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ტარდება გაზონების გაცელვა – 35 ჰექტარზე (თვეში 3-ჯერ), საყვავილე კლუმბების სარეველებისგან გაწმენდა, მათი მორწყვა, გაზონების დაფოცხვა-დალაგება, ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა, ხე-მცენარეებზე ხმელი ტოტების მოჭრა და გასხვლა-გაფორმება.

წლის ბოლომდე, კი გეგმით  გათვალისწინებული ყველა აგროტექნიკური ღონისძიებები დასრულდება.

ქართველი მეზღვაური მეათე დღეა ტყვეობაშია – მეკობრეები კავშირზე ჯერ არ გამოსულან

10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან, ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. ოთხ ტყვეს შორის ერთი ქართველი მეზღვაურია, ორი – ფილიპინელი და ერთი ბერძენი.

ბერძნული მედიის ცნობით, ამ დრომდე მეკობრეები გემის მფლობელ კომპანიასთან, ასევე, ტყვედ აყვანილი ბერძენი მეზღვაურის ოჯახთან, კავშირზე არ გამოსულან.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ კავშირზე არიან როგორც ბერძნულ კომპანიასთან, ასევე ქართველი მეზღაურის ოჯახთან, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

გუშინ, 12 ნოემბერს, განცხადება გაავრცელა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო თვალყურს ადევნებს ტოგოში მეზღვაურების გატაცების საქმეს.

ავარიის შედეგად ქობულეთში დაშავებული 2 მოსწავლის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი მეთორმეტეკლასელი ისევ კლინიკაში რჩება. ისინი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში არიან.

კომპანია “ევექსის”პრესცენტრის ინფორმაციით, გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ. ეს არასრულწლოვანი რამდენიმე დღე კომაში იყო. ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭის მდგომარეობა კი, ისევ კრიტიკულად მძიმეა.

არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი – კლინიკაში მოათავსეს. ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებიდან 4 ნოემბერს გაწერეს ავარიაში მოყოლილი ორი მეთორმეტეკლასელი.

მოსამართლე სექსმუშაკების დასჯაზე: ეფექტურია ეს ჯარიმები?

“ხშირად იძახებენ პოლიციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, როცა ფასიან სექსუალურ მომსახურებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება,” – უპასუხა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მოსამართლე ირინე იმერლიშვილს, რომელიც დაინტერესდა – რა საფრთხეს ქმნიან სექსმუშაკები, როცა ისინი ქუჩაში არიან?

დღეს, 13 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საია-ს სარჩელს განიხილავს. დავის საგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც პროსტიტუცია ჯარიმას ექვემდებარება. კანონის მიხედვით, სექსმუშაკის დაჯარიმება პოლიციელს შეუძლია, თუკი ის დაადგენს, რომ ქალს ან კაცს სექსი ფულის სანაცვლოდ ჰქონდა.

“მე მაინტერესებს, რამდენად ეფექტურია ეს აკრძალვა?” – იკითხა მოსამართლე თემურ ტუღუშმა.

“ვერ გეტყვით, რა გავლენას ახდენს ეს სახდელი ქცევაზე,” – უპასუხა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა. ის მოსამართლეებს ამ საკითხის მოკვლევას და მონაცემების მიწოდებას დაჰპირდა.

მოსარჩელე, ანუ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ კანონის ეს ჩანაწერი კონსტიტუციით გარანტირებულ “პიროვნების თავისუფალი განვითარების” უფლებას არღვევს, კონკრეტულად – “სექსუალური ქცევის არჩევის საშუალებას”.

“ჩვენ გვაქვს ის მოდელი, რაც არის სხვა რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ლიეტუვასა და ხორვატიაში პროსტიტუცია ითვლება საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევად,” – მიმართა საია-ს იურისტ გიორგი გოცირიძეს პარლამენტის ინტერესების დამცველმა, ქრისტინე კუპრავამ.

პარლამენტის იურისტმა ყურადღება ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბოლოდროინდელ ტენდენციაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, ქალის სხეულის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

“სადაც მოხდა პროსტიტუციის ლეგალიზება, იქ ვერ იქნა მიღწეული მიზანი – ძალადობის შემცირება… გასაგებია, რომ ქალები ნებაყოფლობით ხდებიან სექსმუშაკები, მაგრამ რამდენად არის ეს არჩევანი თავისუფალი?… რეალურად, ვინც თავი დააღწია ამას, წლები დასჭირდათ იმისთვის, რომ ჯანმრთელობისთვის მიეხედათ და თავიდან დაეწყოთ ცხოვრება… დეგრადაცია განიცადა მათმა პიროვნებამ,” – აღნიშნა პარლამენტის იურისტმა, ქრისტინე კუპრავამ.

საია-ს პოზიციით, კანონის ჩანაწერი სექსმუშაკების მდგომარეობას უფრო ამძიმებს, რადგან ძირითადად არც იმის გამორკვევა ხდება, რა მოხდა.

“ამ საქმეებში მოწმე  ყოველთვის პოლიციელია,” – დასძინა საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

სექსმუშაკების მტკიცებით, წლების განმავლობაში და ახლაც ხშირად პოლიციელები კანონის ამ ჩანაწერით სარგებლობენ და სექსმუშაკებისგან ითხოვენ უფასო სექსუალურ მომსახურებას.

“როგორ ადგენს პოლიციელი, რომ პროსტიტუციას ჰქონდა ადგილი?” – იკითხა ისევ მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

“ძირითადად გვაქვს ქალების აღიარებითი ჩვენებები… თუ არ არის ეს, მაშინ პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები,” – თქვა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პროსტიტუციის დასადგენად საკმარისია მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმების არსებობა და არა სექსი, რომელიც შესაძლოა არ შედგა. ანუ პოლიციელი აჯარიმებს ქალს, თუკი დადგინდება, რომ ის ვინმეს ფულის სანაცვლოდ სექსს დაჰპირდა.

საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრე არც ის არ არის და მიიჩნევს, რომ ამას სხვა რეგულაციები სჭირდება.

“ჩვენი კატეგორიული პოზიციაა ის, რომ პროსტიტუციისთვის არ უნდა ჯარიმდებოდეს ქალი,” – დასძინა გიორგი გოცირიძემ.

“თუკი ქალის ობიექტივიზაციას ვეწინააღმდეგებით, რატომ უნდა გამოვრიცხოთ პასუხისმგებლობა ამ პირების, ვინც ფასიან სექსუალურ მომსახურებას ახორციელებს?” – მიმართა საია-ს იურისტს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა.

“პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმას, ვინც ქალი ობიექტად აქცია… მსხვერპლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით არ მოხდება მსხვერპლის დაცვა,” – გაცხარდა გიორგი გოცირიძე.

დღევანდელ სხდომაზე შსს-ს იურისტმა ასევე დაადასტურა ის, რომ პოლიცია არ რეაგირებს შემთხვევებზე, როცა დისტანციური წესით – ტელეფონით ან ინტერნეტით ხდება ფასიან სექსზე შეთანხმება. მარიამ კერესელიძემ განაცხადა, რომ ძირითადად სასტუმროებში ან ქუჩაში მომუშავე სექსმუშაკებზე მუშაობენ და დისტანციურ შეთანხმებაზე “არც ერთი ფაქტი არ ყოფილა”.

“რატომ არ ყოფილა? ასე ხომ უფრო ცალსახა მტკიცებულება არსებობს? არის ბევრი საიტი, სადაც ადამიანის სახელიც წერია და ტელეფონის ნომერიც…” – მიმართა შსს-ს იურისტს გიორგი გოცირიძემ.

“მე გითხარით პრაქტიკის შესახებ, როგორ ხდება… მე დღეს ფაქტობრივი მონაცემების წარმოდგენა მთხოვეს,” – აღნიშნა მარიამ კერესელიძემ.

“ეს ჯარიმა მიემართება ქალს და არა მამაკაცს, რომელმაც ეს სერვისი მიიღო… ცალმხრივად ებრძვით პროსტიტუციას, თუ არსებობს რაიმე სახის სტრატეგია?” – დაინტერესდა მოსამართლე მანანა კობახიძე.

შსს-ს იურისტმა მოსამართლეებს განუმარტა, რომ ქალები ჯარიმდებიან, თუმცა პროსტიტუციაში ჩაბმისთვის ან ადგილის გამოყოფისთვის, რაც უკვე სისხლის სამართლის წესით დასჯადია, შესაძლოა დააკავონ კაციც.

გარდა ამისა, სექსუალური მომსახურების გამწევი შეიძლება იყოს, როგორც ქალი, ასევე კაცი.

“არის შემთხვევები, როცა ინფორმაცია შემოგვდის, მაგალითად, სასტუმროზე და საქმე იწყება სისხლის სამართლის წესით და ამას მოჰყვება ხოლმე ადმინისტრაციული წესით დასჯა… ზოგჯერ პირიქით ხდება,” – დასძინა მარიამ კერესელიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება.

ამავე თემაზე:

დასჯადი სექსი

Exit mobile version