მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში ცხადდება ვადამდელი არჩევნები?

15.11.2019 • 3251
რა შემთხვევაში ცხადდება ვადამდელი არჩევნები?

„ვადამდელი არჩევნები შესაძლოა გამოცხადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი გადადგება და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კანონით განსაზღვრულ ვადებში ნდობას ვერ გამოუცხადებს,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე.

არსებობს მეორე გზაც – პრემიერი მთავრობის შემადგენლობას ცვლის და პარლამენტისგან მისთვის ნდობის გამოცხადებას ითხოვს, რაც ასევე ვერ ხერხდება. ორივე შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს.

„თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს,“ – წერია „საქართველოს კონსტიტუციის“ 56-ე მუხლში.

ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით ვერ ჩატარდება, რადგან შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში შეტანილი არ არის.

კონსტიტუციონალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ახალი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ შეიძლება გახდეს პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი არჩევნების გამოცხადების საფუძველი.

„ეს იყო კონსტიტუციის წინა რედაქციაში. ახალი რედაქციით, თუკი პარლამენტი ბიუჯეტს ვერ მიიღებს, ძალაში რჩება ძველი ბიუჯეტი,“ – დასძენს ვახუშტი მენაბდე. ბიუჯეტის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას კი – 113.

„ქართულ ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში 115 მანდატი ჰქონდა.

კონსტიტუციონალისტის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც არ შეიძლება გახდეს რიგგარეშე არჩევნების სამართლებრივი საფუძველი. მას შემდეგ, რაც პარლამენტში ვერ მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა და უმრავლესობაში 92 დეპუტატი დარჩა.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩაატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: