მთავარი,სიახლეები

კორნელი კაკაჩია: „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნები ურჩევნია

14.11.2019 • 2037
კორნელი კაკაჩია: „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნები ურჩევნია

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ გაერთიანდება აქამდე ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი პრინციპით – „ყველანი ერთის წინააღმდეგ“, როგორც ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს. ყველას გვახსოვს, მგონი, შედეგები“, – ასეთი მოლოდინი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე პოლიტოლოგს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას. მას ვესაუბრეთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში დღეს, 14 ნოემბერს დაიწყო და იმაზე, თუ რას ნიშნავს, როცა მმართველი პოლიტიკური გუნდი დაპირებას არ ასრულებს.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება საზოგადოება მაჟორიტარულის ნაცვლად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაჰპირდა.

  • ბატონო კორნელი, როგორია თქვენი მოლოდინი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაიწყო?  

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როცა ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვა, ბოთლიდან „ჯინი გაშვებულია“. ახლა საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. საქართველოში შესაძლოა საზოგადოებამ ბევრი რამ აპატიოს ხელისუფლებას, მაგრამ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობა – არა. თანაც, იმ დაპირების, რომელიც ეხება მნიშვნელოვან პრინციპს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ასეთ რაღაცას, ზოგადად, ამომრჩეველი ხელისუფლებას არ პატიობს და ამის კარგი მაგალითია შევარდნაძის ხელისუფლება, ასევე სააკაშვილის დროს როგორ დაირაზმა „ყველა ერთის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ გაერთიანდება აქამდე ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი იგივე პრინციპით „ყველანი ერთის წინააღმდეგ“. ყველას გვახსოვს, მგონი, შედეგები.

ხელისუფლება დენთით სავსე კასრს ეთამაშება, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ ამან გამოიწვიოს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისი. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იწვევს გარკვეულწილად რყევებს ქვეყანაში. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი სერიოზულ კრიზისამდე მივიდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდმა და მისმა ლიდერმა გასცა ეს დაპირება.

  • რამდენად აქვს მგრძნობელობა ამომრჩეველს ამ თემის მიმართ, ანუ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა? 

შესაძლოა, მთელი საზოგადოებისთვის არ იყოს ეს საკითხი გასაგები, მაგრამ ეს თემა მნიშვნელოვანია ყველაზე აქტიური ნაწილისთვის, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას. პრინციპში, ამ კანონპროექტის მიღება იძლეოდა საშუალებას, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ცოტათი მაინც გაჯანსაღებულიყო და მეტი სტაბილურობისკენ წასულიყო ქვეყანა. თუ შემდეგი არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიან გარემოში, უფრო მაღალი იქნებოდა ალბათობა, რომ არჩეული ხელისუფლება იქნებოდა ლეგიტიმური. ბუნებრივია, ახლა ყველა ამ იდეას შეუდგა წყალი, რადგან გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

  • რატომ ვერ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა პოლიტიკური სვლა გააკეთა ივანიშვილმა? 

ალბათ, იყო ცთუნება: ხელისუფლებამ ნახა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, სექტემბერში, ეს მოძრაობა შეწყდა. ჩათვალეს, რომ მათ საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილეს და იფიქრეს, რომ საზოგადოებაში არ ჰყავს ბევრი მიმდევარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის იდეას.

მმართველ გუნდში ასევე კარგად გათვალეს, რომ ეს შეპირება, რომელიც გაიცა, ცოტა ნაადრევი იყო, კარგი კალკულაცია გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის წამგებიანი იყო – ამ გზით მმართველ ძალას შესაძლოა შემდეგ არჩევნებში ვეღარ შეენარჩუნებინა ძალაუფლება.

  • გამოდის, რომ მმართველ გუნდს აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ვიდრე არჩევნები 2020 წელს მაჟორიტარების გარეშე? 

ბიძინა ივანიშვილს ახლა ყველა ვარიანტი აწყობს, გარდა რევოლუციისა. ქვეყნის ინტერესებსაც ეს არ სჭირდება. ვადამდელი არჩევნები აწყობს ხელისუფლებას, რადგან მათ ხელშია ადმინისტრაციული, ფინანსური და პოლიტიკური რესურსები, ხოლო სხვა პოლიტიკური პარტიები ვერ მოახერხებენ ასე სწრაფად გადაწყობას წინასაარჩევნო პერიპეტიებზე. მმართველი პოლიტიკური ძალა ამ გზით ეცდება შეინარჩუნოს გარანტიები, რაც მათ ვერ დაინახეს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაში.

ამ დეპუტატებსაც, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, როგორც ჩანს, სჭირდებოდათ გარკვეული გარანტიები, რომ მოხვდებოდნენ საპარლამენტო სიებში. ბუნებრივია, მათ აქვთ პირადი ინტერესები. არაა გამორიცხული, რომ მათი ინტერესები დაემთხვა ივანიშვილის ინტერესებს.

  • რამდენად შეიძლება იყოს სარწმუნო მოსაზრება, რომ ივანიშვილმა სცადა დაპირების შესრულება, მაგრამ რეალურად დეპუტატები წავიდნენ წინააღმდეგი? 

ეს არგუმენტი ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც აქამდე არ გამოირჩეოდნენ დიდი აქტიურობით და ჩვეულებრივად მიყვებოდნენ პარტიულ ხაზს, უცებ გახდნენ ძალიან აქტიურები და პრინციპულები. რა თქმა უნდა, ლეგენდა იმის შესახებ, რომ ივანიშვილი და მმართველი პოლიტიკური პარტია ვერ აკონტროლებს მათ, ძალიან სუსტი არგუმენტია და არა მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდეს.

  • საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა რვა დეპუტატმა. რას აჩვენებს ეს ფაქტი და შესაძლებელია თუ არა „ოცნება“ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ? 

კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო და ეს ფრაგმენტაცია, რომელიც კარგა ხანია არსებობს, გაგრძელდება. სხვა გადაწყვეტილებაც რომ მიეღო პარლამენტს დღეს, მაშინაც დაკარგავდნენ პარლამენტარებს. რეალურად ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პროცესში ეს კიდე უფრო გაღრმავდება. შეიძლება, სხვებმაც უარი თქვან იმ ძალასთან ყოფნაზე, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“. ასე ვთქვათ, ლიბერალური ფრთა უკვე გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: