განათლება,მთავარი,სიახლეები

იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს

15.11.2019 • 2194
იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ჰალილი სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„იუნისეფისა“ და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის უნივერსიტეტის განათლებისა და სამართლის პროგრამებში კურიკულუმში ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია მოხდება. ასევე საუბარია ბავშვთა უფლებების თემის გაძლიერებაზე სასკოლო კურიკულუმებში, რის საფუძველზეც გადამზადდებიან როგორც ლექტორები, ასევე სკოლის მასწავლებლებიც.

როგორც ელჩი ამბობს, ესტონური განათლების მოდელი გულისხმობს აღზარდო ბავშვი იმ გამოწვევებისთვის, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში და ასწავლო მას ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

„ეს არის მოდელი, რომელიც ნიშნავს, რომ განათლება იყოს შემოქმედებითი, გაკვეთილები ტარდებოდეს შემოქმედებით გარემოში და ბავშვსა და მასწავლებელს შორის იყოს თანაბარი და რაც მთავარია, ინტერაქტიული გარემო“- ამბობს კაი კაარელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში.

სკოლებსა და უნივერსიტეტების კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების სწავლება უნდა დაინერგოს.

ელჩის განმარტებით, ესტონური განათლების მოდელი არის არა ის გარემო, სადაც ბავშვი რაღაცას დაისწავლის ზეპირად, სადაც მოსწავლეს აქვს მხოლოდ მითითებები და დავალებები იმპერატიული ტონით, არამედ გარემო, სადაც მოსწავლე და მასწავლებელი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ბავშვები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას.

„ესტონეთსა და საქართველოს, ორივეს გქონდა საბჭოთა წარსული. ჩვენ შევძელით შეგვექმნა საბჭოთა განათლების მოდელისგან სრულიად განსხვავებული განათლების სისტემა, ამიტომ თქვენთვისაც სასარგებლო იქნება ჩვენი გამოცდილების გაზიარება და გვინდა ამ ნაბიჯის გადადგმაში საქართველოს დავეხმაროთ“ – განაცხადა ელჩმა. 

საქართველოში ესტონური განათლების მოდელი ქვეყნის მასშტაბით 15 საჯარო სკოლაშია დანერგილი. ელჩის თქმით, ასევე შემუშავებულია პროგრამა მასწავლებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათი გადამზადება მიმდინარეობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, ღასან ჰალილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია, როგორც უმაღლესი პროგრამების კურიკულუმში, ასევე სასკოლო პროგრამებში.

შეხვედრას განათლების სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მოსწავლეები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

„სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებიც უნდა იყოს ეს მიმართულება გათვალისწინებული, რადგან სწორედ ინოვაციური, ინტერაქტიული და ბავშვზე მორგებული განათლების სისტემა არის ის, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე რაღაც კეთდება, მაგრამ იუნისეფის პოზიციაა, რომ ეს იყოს მასშტაბური, ყველა სკოლაში განხორციელდეს და არა მხოლოდ ცალკეულ სკოლებში.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე რომ ბავშვთა უფლებების თემა გაძლიერდეს უნივერსიტეტის განათლების პროგრამებში, რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე დანერგილია ჩვენი პროგრამა და იმედი მაქვს, ეს იქნება დანერგილი  ბათუმის უნივერსიტეტშიც“ – ამბობს ღასან ჰალილი.

შეხვედრას სკოლის დირექტორები და რესურსცენტრების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

ქუთაისში და ზუგდიდის უნივერსიტეტებში უკვე მიმდინარეობს „იუნისეფის“ მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით პედაგოგების ტრენინგები.

წელს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავია და სწორედ ამ იუბილეს ფარგლებში ტარდება ბევრი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებისკენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: