მთავარი,სიახლეები

თბილისში რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია – პროტესტი კანონპროექტის ჩავარდნის გამო

14.11.2019 • 1563
თბილისში რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია – პროტესტი კანონპროექტის ჩავარდნის გამო

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტი, სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებენ. რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია.

რუსთაველზე შეიკრიბნენ “სირცხვილიას” აქციების მონაწილეები, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, შუერთდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

დღესვე, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩაგდების შემდეგ, “ქართული ოცნება“ დატოვა შვიდმა დეპუტატმა: დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ და ზაზა ხუციშვილმა.

ამავე თემაზე: 

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა – უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: