რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი მეზღვაურები დასაქმებისას

საქართველოს საზღვაო შრომის ბაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მეზღვაურები, რომლებსაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ დასაქმება რთულია სტუდენტისთვის, რომელიც ამთავრებს საზღვაო სასწავლებელს და არ აქვს გემზე მუშაობის გამოცდილება.

ისტორია 1

ჯაბა მგზავრიძემ ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წელს დაამთავრა. ორი წელია არ დაუტოვებია ბათუმში არც ერთი საკრუინგო კომპანია, სადაც არ მივიდა და განაცხადი არ დატოვა. არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ჯაბა ქართული საკრუინგო კომპანიების დახმარებით გემზე ვერ წავიდა.

„მეუბნებოდნენ ერთ კვირაში დაგირეკავთ, ერთ თვეში დაგირეკავთ, ახალ წლამდე იქნება, ახალი წლის მერე იქნება. საბოლოო ჯამში ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ხელი ჩავიქნიე ქართულ კომპანიებზე. მეგობრების რჩევით წავედი სტამბოლში. არის ერთი პიროვნება, ლაურა ჰქვია, მეზღვაურებს ეხმარება დასაქმებაში. როცა გადავხედე ამ ყველაფერს, ავწონ-დავწონე და ვნახე, რომ ჩემი ორი კურსელი გაუშვა, მეც მივიღე გადაწყვეტილება. უბრალოდ სხვა გზა აღარ დამრჩა. ჩავედი სტამბოლში, თვე-ნახევარი ველოდი გემზე წასვლას. ბოლოს გამოჩნდა ვაკანსია“, –  იხსენებს ჯაბა.

ჯაბამ დასაქმებაში 1500 დოლარი გადაიხადა. გემზე, რომელზეც მუშაობდა, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 750 დოლარი იყო. 6 თვენახევარი იცურა ერთ-ერთი თურქული კომპანიის გემზე შორეულ ნაოსნობაში. გემიდან საქართველოში დაბრუნდა, სერტიფიკატი განაახლა და ისევ ქართულ საკრუინგო კომპანიებს მიმართა.

„ისევ ანალოგიურ რეჟიმში ვარ. ერთ კვირაში მოდი, სამ დღეში მოდი, ახლა გაგიშვებთ, არა, ერთი თვის შემდეგ გაგიშვებთ. ჯერჯერობით ამ რეჟიმში ვარ, ვეძებ გემს და ველოდები საკრუინგო კომპანიებიდან ზარს. თუ დიდხანს გაიწელა ეს პროცესი, მერე ალბათ ისევ თურქეთში წასვლა რჩება გამოსავალი. დიდი რისკი გავწიე, როდესაც თურქეთში წავედი პირველად. კიდევ ერთხელ  მომიწევს ამ რისკზე წასვლა, თუ აქ ვერაფერი ვნახე,“ – ამბობს ჯაბა.

ჯაბა გვიყვება, რომ მისი ბევრი კურსელი ვერ დასაქმდა. ზოგმა საერთოდ პროფესია შეიცვალა, ზოგმა, ვისაც ძალიან უნდოდა გემზე წასვლა, ფული გადაიხადა საკრუინგო კომპანიაში და შემდეგ ამ კომპანიის წარმომადგენლები საერთოდ გაქრნენ.

ჯაბა საუბრობს ჩაკეტილ წრეზე, რომელშიც საზღვაო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ სტუდენტები ხვდებიან.

„მიდიხარ საკრუინგო კომპანიაში, სადაც გეუბნებიან, რომ დასაქმებისთვის უნდა იყო გემზე ნამყოფი. გუშინ დავამთავრე აკადემია, თუ კომპანიამ არ გამიშვა, რანაირად მოვხვდები გემზე?“ – კითხულობს ჯაბა მგზავრიძე.

ისტორია 2

ლაშა ვ. (რესპონდენტის თხოვნით მის ვანობას არ ვასახელებთ) ბათუმის საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დამამთავრებელ კურსზე, ისე როგორც მისმა თანაკურსელებმა, ერთ-ერთ უმსხვილეს გემთმფლობელ კომპანია – „კოლუმბია შიფმენეჯმენტში“ გასაუბრება გაიარა. მაღალი აკადემიური მოსწრების და წარმატებით ჩატარებული გასაუბრების შემდეგ, აკადემიის დამთავრებისთანავე გემზე წავიდა.

ლაშა ამბობს, რომ გაუმართლა, განსხვავებით მისი თანაკურსელებისგან. ლაშას თქმით, მისი კურსელებიც მასზე არანაკლებ წარმატებული სტუდენტები იყვნენ, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ეძებს სამსახურს.

„აკადემიაში მოვიდნენ „კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ კაპიტნები გასაუბრების ჩასატარებლად.  როდესაც გასაუბრებაზე შევედით, პირველი 10-15 ადამიანის შესვლის მერე მათ (კომპანიის წარმომადგენლებს) გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვინ უნდა აეყვანათ. იცოდნენ, ვინ როგორი აკადემიური მოსწრების იყო. ვინაიდან კადეტებზე ძალიან დაბალი კვოტა იყო, მაგიტომ დარჩა დანარჩენი ხალხი გარეთ,“ – იხსენებს ლაშა.

იმისათვის, რომ საზღვაო განათლებამიღებული სტუდენტი გემზე წავიდეს, საჭიროა იპოვოს გემი, რომელიც მას კადეტად მიიღებს. დიდ და უსაფრთხო კომპანიებს კი კვოტები მცირე აქვთ.

კადეტს ოფიცრად გახდომისთვის 12-თვიანი პრაქტიკა/ცენზი სჭირდება. 12 თვიდან 6 თვეს აკადემია აძლევს, 6 თვე კი რომელიმე გემზე უნდა გაატაროს. თუკი კურსდამთავრებული გემზე წასვლას ვერ ახერხებს პრაქტიკის გასავლელად, რჩება არასახარბიელო არჩევანი –  წავიდეს რომელიმე კომპანიაში რიგითად. რიგითად წასვლა კი ნიშნავს დაბალ ხელფასს და გართულებულ დაწინაურების პროცესს.

კადეტობის შემდეგ მეზღვაურს საშუალება ეძლევა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართოს, ჩააბაროს გამოცდა და კაპიტნის მესამე თანაშემწე გახდეს. რიგითად წასვლის შემთხვევაში, ოფიცრად გახდომას მინიმუმ 36 თვე სჭირდება.

„რიგითად როცა მიდიხარ, კომპანია შეიძლება დაგპირდეს, რომ მომდევნო კონტრაქტზე გადაგიყვანს ოფიცრად, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება. 36 თვე უნდა იცურო რიგითად, რომ ოფიცრად გადაგიყვანონ, საერთაშორისო მოთხოვნაა ასეთი. შესაბამისად, როცა მომდევნო წელს სთხოვ შენს კომპანიას, რომ ოფიცრად გადაგიყვანოს, მას ადგილები არ აქვს – ახალი ნაკადი წამოვიდა, კადეტების ახალი თაობა, მომავალი ოფიცრები. ძალიან ძნელია რიგითიდან გახდე ოფიცერი. ბევრი შემთხვევა გამიგია, ატყუებენ რიგითებს – შემდეგი კონტრაქტის შემდეგ გადაგიყვან, შემდეგი, შემდეგი და ასე ადამიანები წლების განმავლობაში რჩებიან რიგითებად,“ – ამბობს ლაშა.

[red_box]რას აძლევენ და რას სთავაზობენ საზღვაო  სასწავლებლები სტუდენტებს[/red_box]

საქართველოს საზღვაო  სასწავლებლები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ კურსდამთავრებულს უშვებენ გემთწამყვანის სპეციალობით, მაშინ როცა საზღვაო შრომის ბაზარზე ეს სპეციალობა ნაკლებად მოთხოვნადია.

მეტად მოთხოვნადია საზღვაო ინჟინერია და საზღვაო ელექტროინჟინერია. თუმცა ამ მიმართულებით კურსდამთავრებული ცოტაა.

საზღვაო აკადემიის მაგალითზე რომ განვიხილოთ, 2018 წელს საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი 185-მა სტუდენტმა დაასრულა. საზღვაო ინჟინერიის სპეციალობა – 22-მა სტუდენტმა, საზღვაო ელექტროინჟინერიის მიმართულება კი – 28 სტუდენტმა.

აბდულ კახიძე, საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, საზღვაო ნავიგაციის სპეციალობის პოპულარობას სამი მიზეზით ხსნის. ერთი ის, რომ მხოლოდ ნავიგაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს შეუძლია კაპიტანი გახდეს, მეორე – გემზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა და მესამე – ცუდი მომზადება ტექნიკურ საგნებში.

„გემის მექანიკოსი და ელექტრომექანიკოსი არის ტექნიკური სპეციალობები, რომლებიც მოითხოვს უფრო მეტ მომზადებას ტექნიკურ საგნებში. ცუდად მომზადებული არიან აბიტურიენტები და ერიდებიან ამ სპეციალობების არჩევას,“ – ამბობს აბდულ კახიძე.

აბდულ კახიძეს ვკითხეთ, თუ როგორია დასაქმების სტატისტიკა და უქმნის თუ არა აკადემია ყველა კურსდამთავრებულს თანაბარ პირობებს სწავლის შემდგომ დასაქმებისთვის.

„გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ისე ბრწყინვალედ დასაქმების საკითხი არ დგას და ჩვენ არც ვდებთ იმაზე თავს, რომ ჩვენი ყველა კურსდამთავრებული საქმდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რა თქმა უნდა, ერთ მხარეს დგას აკადემია, რომელიც განათლებას აძლევს სტუდენტებს და ამზადებს სასერტიფიკაციო კურსებით, ინტენსიურად ესაუბრება დამსაქმებელ კომპანიებს და სთავაზობს ბაზარზე, უხეშად რომ ვთქვათ, თავის საქონელს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასაქმების პროცესი არაა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. მე შორს ვარ იმისგან ვთქვა, რომ იდეალურადაა საქმე, მაგრამ თუ საქართველოში ვინმეს შეუძლია იამაყოს კონტინგენტით, რომ თავის კურსდამთავრებულებს მეტ-ნაკლებად ასაქმებს, ალბათ საზღვაო აკადემია იქ უნდა იყოს,“ –  ამბობს აბდულ კახიძე.

მისივე ინფორმაციით საზღვაო აკადემიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კადეტების პრაქტიკის მიმართულებით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამმხრივი მემორანდუმის მიზანი 2020 წელს გემთმფლობელ კომპანიებში საზღვაო აკადემიის სტუდენტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაა, რომელიც აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტებიდან დაფინანსდება.

აბდულ კახიძის ინფორმაციით, საზღვაო აკადემია ცდილობს ბუნებრივი ბარიერი დაუწესოს აბიტურიენტებს და მხოლოდ საუკეთესო სტუდენტები მიიღოს. კერძოდ, ეს ბარიერია 30+1 ქულა ინგლისურში მისაღებ გამოცდებზე და მესამე საგნად მათემატიკის ჩაბარება. შედარებისთვის, საზღვაო საინჟინრო და საზღვაო ელექტროინჟინერიის სპეციალობებზე მისაღებ გამოცდებზე ინგლისური ენის ბარიერი 20+1 ქულაა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო ფაკულტეტის სამ სპეციალობაზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის 415 სტუდენტს მიიღებს. აქედან, ნავიგაციის ფაკულტეტზე 225 სტუდენტის მიღებაა დაგეგმილი, გემის მექანიკის ფაკულტეტზე – 120 სტუდენტის, ხოლო გემის ელექტრომექანიკის სპეციალობაზე – 70 სტუდენტის.

ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ გენერალური დირექტორი ანზორ დიასამიძე ამბობს, რომ მისი სასწავლებლის კურსდამთავრებულების 85 % დასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა გემბანის და სამანქანე განყოფილების მეზღვაურია. სასწავლებელს აქვს  თავისი გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“, კურსდამთავრებულები სწორედ აქ გადიან სასწავლო პრაქტიკას.

„ბაკალავრიატის პროგრამებს ეს პრაქტიკა აღარ ჩაეთვლება, უნდა წავიდნენ შორეულ ნაოსნობაში 500 და მეტტონიან გემებზე. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან. კურსანტებს ჩვენ თვითონ ვატარებთ პრაქტიკაზე გემთმფლობელებთან,“ – ამბობს ანზორ დიასამიძე.

დიასამიძეს თავისი ვერსია აქვს, თუ რატომ უჭირთ აკადემიის კურსდამთავრებულებს დასაქმება.

„აკადამია დაამთავრეს და ამბიცია აქვთ, რომ წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. იმ წამყვან კომპანიებს კიდევ გამოცდილი კადრი უნდათ,“ – ამბობს ანზორ დიასამიძე.

კიდევ ერთი სასწავლებლის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მონაცემებით, მათი კურსდამთავრებულების 80 % ახერხებს სპეციალობით დასაქმებას.

[red_box]დასაქმების სტატისტიკა – ოფიციალური მონაცემები[/red_box]

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, მის ბაზაში სულ რეგისტრირებულია 13 306 მეზღვაური. აქედან 11 520 მეზღვაური მუდმივად ანახლებს სერტიფიკატს. მართვის დონის სერტიფიკატს ფლობს 2215 მეზღვაური, ექსპლუატაციის დონის სერტიფიკატს – 1905, ხოლო რიგითის სერტიფიკატი 7400 მეზღვაურს აქვს. რიგითის სერტიფიკატის მქონე მეზღვაურთაგან 1823 ისეთია, რომელმაც პროფესიული განათლება მიიღო,  5 577 მეზღვაური კი კარიერული განვითარების საფეხურზეა.

2018 წლის მონაცემებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო კომპანიების მიერ სხვადასხვა გემზე დასაქმებული იყო 3 136 მეზღვაური. სააგენტოს მიერ სულ 14 საკრუინგო კომპანიაა აღიარებული. ამ მონაცემებში არ შედის ის საკრუინგო კომპანიები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არ აქვს აღიარებული. ასეთი სულ 19 საკრუინგო კომპანიაა. ასევე ამ მონაცემებში არ შედიან ის მეზღვაურები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე გადიან გემთმფლობელებთან და დამოუკიდებლად საქმდებიან.

საზღვაო  ტრანსპორტის  სააგენტო მეზღვაურთა დასაქმებას ხუთწლიანი ციკლით თვლის. თუკი 5 წლის განმავლობაში მეზღვაურმა ზღვაში ჯამურად 12 თვე გაატარა, ის დასაქმებულად მიიჩნევა. ამ პრინციპით, საზღვაო ტრანსპორტის მონაცემებით ბაზაში რეგისტრირებული 11 ათასამდე მეზღვაური დასაქმებულად ითვლება.

„მეზღვაურს ვაძლევთ ხუთწლიან საბუთს. ვთქვათ, აიღო 2013 წელს საბუთი და 2019-ში მოდის განახლებაზე. რა შემთხვევაში შეუძლია მეზღვაურს მოგვმართოს საბუთის გასაახლებლად. იმ შემთხვევაში, თუკი მეზღვაურმა შეასრულა მინიმუმ 12-თვიანი სტაჟი. რანგების მიხედვით შეიძლება ეს განსხვავდებოდეს, 12-თვიანი სტაჟი არის დაახლოებით 3-4-თვიანი კონტრაქტი.

მეზღვაური თუ არ ცურავს, იგი კარგავს სტაჟს. თუ სტაჟი არ აქვს, შესაბამისად არ უმუშავია, ე.ი. აღარ აქვს სამუშაო დიპლომზე მომართვის უფლება. აქედან გამომდინარე ვთვლით დასაქმებული მეზღვაურების რაოდენობას. ყველაზე ზუსტი მეთოდი იმის გასაგებად, თუ რამდენი მეზღვაურია დასაქმებული, არის განახლებული საბუთების რაოდენობა. ჩვენს ბაზაში რეგისტრირებული მეზღვაურებიდან 11 520 მეზღვაური მუდმივად ანახლებს სერტიფიკატს,” – ასე განმარტავს დასაქმებული მეზღვაურების დათვლის მეთოდს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

საკრუინგო კომპანიების უკონტროლო ბაზარი და სირთულეები, რომლებსაც მეზღვაურები აწყდებიან

საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა 2019 წელს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით. 119-გვერდიან კვლევაში საფუძვლიანადაა მიმოხილული საზღვაო შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, პრობლემები და მათი გადაჭრისთვის მთელი რიგი რეკომენდაციებია გაცემული.

კვლევაში ჩართული იყვნენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები, საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები, საზღვაო სფეროში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, კაპიტნები და უფროსი თანაშემწეები.

გამოკითხულები ხშირად მიუთითებენ საკრუინგო კომპანიებს, სახელმწიფო (ნაციონალურ) სააგენტოებს, მეზღვაურთა პროფკავშირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაზე, რაც საზღვაო შრომის ბაზარზე უსისტემო, დაურეგულირებელი და ზოგჯერ დევიაციური პრაქტიკების წახალისებას ახდენს.

საქართველო არ არის საზღვაო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, არ არის მიერთებული ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციას, როგორიცაა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენცია (MLC).

„საკრუინგო დასაქმების სფერო არ არის რეგულირებული სახელმწიფოს მიერ, რაც საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის (MLC) ერთ-ერთი მთავარი სტანდარტია. ეს იწვევს იმას, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საკრუინგო კომპანიები არაკოორდინირებულად მოქმედებენ, მათ შორის არ არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა. თავის მხრივ, საკრუინგო კომპანიების მოქმედების არარეგულირებადობა მწვანე შუქს უნთებს სხვადასხვა დევიაციას. მაგალითად, საკრუინგო კომპანიები საქართველოში მეზღვაურებს ახდევინებენ თანხას დასაქმების სანაცვლოდ, რასაც საერთაშორისო კონვენცია კრძალავს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირების ვალდებულება საქართველოს  ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე უკვე დაიწყო პროცედურები და რატიფიკაცია, სავარაუდოდ, 2020 წლის განმავლობაში მოხდება. ამასთან, ვინაიდან კონვენცია სპეციფიკურია, ითხოვს შესაბამისი კანონის მიღებას.

„კონვენცია გავუშვით რატიფიცირებაზე და პარალელურად სრულდება მუშაობა მეზღვაურთა დასაქმების შესახებ საქართველოს კანონზე, რომელიც სრულ იმპლემენტაციას უკეთებს საერთაშორისო შრომის კონვენციას. ამ კანონის მიღებაც დაგეგმილი გვაქვს 2020 წელს. კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ქვეყანას ექნება გარდამავალი პერიოდი და ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ამოწმებს საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია ამ კანონმდებლობას. 2021-2022 წლებში ქვეყანა ყველა ინსტიტუტით იქნება მზად, რომ საქართველოში სრულყოფილად ამუშავდეს საერთაშორისო საზღვაო  შრომის კონვენცია,“ – ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის  მოადგილე.

რას შეცვლის საზღვაო შრომის ბაზარზე საკრუინგო კომპანიების რეგულირება

საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საკრუინგო კომპანიების საქმიანობა გახდება რეგულირებადი და საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს აღიარების და მონიტორინგის გარეშე ვერ იმუშავებენ. დაწესდება მკაცრი სტანდარტები, რომელიც ეხება როგორც ხარისხის მართვის, ასევე დასაქმების პროცესში უფლებების დაცვის სტანდარტებს. შრომითი ხელშეკრულებებისა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგს. გაძლიერდება პროფკავშირების როლი.

„საკრუინგო კომპანიებს აეკრძალებათ მეზღვაურებისაგან დასაქმების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა, დაწესდება შესაბამისი მონიტორინგი, მოხდება მკაცრი ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციების შემოღება. პოლიტიკურად გადაწყვეტილი არაა სისხლის სამართალში წავა თუ არა სანქციები. რეფორმების გატარების შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ ბაზარზე დარჩებიან ისეთი საკრუინგო კომპანიები, რომელთაც მსხვილი საკრუინგო გამოცდილება გააჩნიათ,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის მოადგილე.

კითხვაზე, რა უშლიდა ხელს აქამდე საკრუინგო კომპანიების რეგულირებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის მოადგილე 2010 წლის პრობლემას იხსენებს, როცა ევროკავშირმა ქართული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების აღიარება გააუქმა.

„როდესაც 2010 წლის პრობლემაზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ დიდხანს გაჰყვება საქართველოს, როგორც ძალიან მძიმე მოვლენა, რომელმაც ქართველ მეზღვაურებს დაუკარგა დასაქმების ბაზარი მსოფლიო დროშებზე. აქ მთავარი დამნაშავე იყო სისტემა, რომელიც გადასული იყო მთლიანად ფულის კეთებაზე და მათ კვალიფიკაციაზე,  მათთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებაზე დიდად არ ზრუნავდა,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2014 წელს საქართველომ აღიარება დაიბრუნა, საკრუინგო სფეროს მკაცრი რეგულირება არ იყო გამართლებული.

„ჩვენ ბაზარზე რომ შევვარდნილიყავით ძალიან მაღალი სტანდარტებით და ყველაფერთან ერთად მოგვეთხოვა საკრუინგო სფეროს რეგულირებაც, ეს, ფაქტობრივად, გამოიწვევდა ამ სფეროს კოლაფსს. ახლა ჩვენი სისტემა არის მზად, რომ კონკურენტულ პირობებში ჩვენი მეზღვაურების დასაქმების ბაზარი ჩადგეს ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სახელმწიფოების რიგში. შესაბამისად ამ დარგს ესაჭიროება იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც უკვე სოციალურ გარანტიებს მოიცავს,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის  მოადგილეს თავისი ვერსია აქვს, თუ რატომ ვერ საქმდებიან მეზღვაურები.

„ერთი ის, რომ მეზღვაური ვერ პოულობს შესაბამის დამსაქმებელ კომპანიას და არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამსაქმებელი კომპანიები, რომლებიც პოულობენ შესაბამის გემთმფლობელებს. ახალი კანონი და კონვენციაზე მიერთება ამ სიტუაციას შეცვლის,“ –  ამბობს ის.

რას აკეთებს სახელმწიფო მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ინტერნეტპორტალი შექმნა – www.georgianseafarers.ge-ზე პერიოდულად იტვირთება ვაკანსიები.

წესით, ამ საიტმა ქართველ  მეზღვაურებს უნდა გაუიოლოს სასურველი ვაკანსიების მოძიება. ამასთან, საიტს უნდა გაეიოლებინა მეზღვაურთათვის პირდაპირი კონტაქტი დამსაქმებლებთან. ვებგვერდი სულ ორი თვეა რაც ამოქმედდა. ამ დროისთვის მასზე 21 კომპანიაა დარეგისტრირებული და  36 მიმდინარე ვაკანსიაა განთავსებული. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვებგვერდის ამოქმედებიდან დღემდე (20.01.2020) ვებგვერდის საშუალებით მხოლოდ ერთმა მეზღვაურმა შეძლო დასაქმება.

რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა გამოჩნდა კრიტიკული კითხვებიდან და რაზე საუბრობდნენ ევროპარლამენტარები ტრიბუნებს მიღმა? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კორნელი, თქვენ ესწრებოდით ევროპარლამენტში გამართულ გუშინდელ მოსმენას. თქვენთვის რა გამოჩნდა ევროპარლამენტარების მიერ დასმულ კითხვებში და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხებში? 

გამოჩნდა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი საკმაოდ შერყეულია. საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტი შეირყა უკვე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზე. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ადეკვატური პასუხები.

ხელისუფლებას უკვე აღარ ჰყავს ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ადეკვატური პასუხი გასცეს შეკითხვებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემის ამოქმედებაზე, თვითონ ჩაიყენა თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობაშიც იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „თავისი დრო მოჭამა“ და ბევრს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რამდენად შეძლებს საქართველო დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ალბათ არ არის შორი იმ მოცემულობიდან, როცა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება… გუშინდელი საუბრებიდან ეს აზრი იკითხებოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერც ექნებოდათ პასუხები, რადგან როდესაც ხელისუფლება ნდობას კარგავს, იქ ახსნა-განმარტებები არ ცვლის საქმის არსს, თუნდაც ტალეირანი იყოს მომლაპარაკებელი. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს, როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს რაიმე ახალი იდეა არსებული კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ძირითადად „სახალხო პარტიას“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორია და მათ ცალმხრივი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ვნახეთ სხვა პარტიების წარმომადგენლების კრიტიკული კითხვებიც… 

კრიტიკული კითხვები იყო „მწვანეებისგან“, „სოციალისტებისგან“, ასევე ინდივიდუალური დეპუტატებისგან… ეს იყო ზოგადი შთაბეჭდილება და მე მგონი, ხანდახან ხელისუფლება ცდილობს, სირაქლემას პოზიციაში ჩაიყენოს თავი და არ შეიმჩნიოს, რა ხდება მის გარშემო. არსებული პოლიტიკის პირობებში ჩანს, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნის იმიჯს რეგიონში. არადა, ბოლო დრომდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ითვლებოდა მისაბაძ ქვეყნად რეფორმების თვალსაზრისით. სამწუხაროა იმ განწყობის ზრდა, რომ საქართველოს აქვს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით.

  • ძირითადად რომელ ნაწილზე მოდის ეს კრიტიკა? იყო კითხვები საარჩევნო მოდელზე, ასევე საპროტესტო აქციებზე, პოლიტიკურ დევნაზე. 

ძირითადად არის არჩევნებთან დაკავშირებით. გამოჩნდა, რომ თანამეგობრობის მხრიდან იზრდება ზეწოლა. სურთ, რაღაცნაირად აიძულონ ხელისუფლება ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რომლის დროსაც საერთაშორისო თანამეგობრობას არ ჰქონდა ისეთი მწვავე რეაქცია, როგორიც საჭირო იყო. არჩევნებთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა ამერიკელი კონგრესმენებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელი განცხადებები და ეს წნეხი თანდათან იზრდება.

დაახლოებით ისეთივე სიტუაცია გვექნება, როგორც ეს იყო 2012 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იყო მომართული, რომ საქართველოში ჩატარებულიყო ე.წ. სუფთა არჩევნები, ყოველგვარი გაყალბების გარეშე და ქართველ ხალხს მიეღო ის მთავრობა, რომელსაც ის მხარს უჭერდა. ალბათ ყველას გვახსოვს, რა მოხდა მაშინ და როგორ შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ჩვენს პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ საჭიროა გარკვეული ზემოქმედება ხელისუფლებაზე, რომელიც აშკარად ებღაუჭება ხელისუფლებას, როგორც ეს ხდებოდა 2012 წელს იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ეს ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

  • თანამეგობრობის ეს დამოკიდებულება რა საფრთხეს ქმნის თავად ქვეყნისთვის? 

საქართველოს იმიჯი აქამდე იყო დაკავშირებული მეტ-ნაკლებად წარმატებულ რეფორმებთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან, ვიზა ლიბერალიზაციასთან თუმცა ეს პოზიტიური დამოკიდებულება თანდათან იცვლება. თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენ გავიზიაროთ მოლდოვის ბედი, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა რეფორმატორ ქვეყნად და ცნობილი სკანდალების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ფინანსურ მაქინაციებთან, მოლდოვამ, ასე ვთქვათ, დაკარგა საკუთარი რეპუტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. იმედია, ეს ასე არ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და რამდენად მოახერხებს ქართული საზოგადოება ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუ არჩევნები ჩატარდება იმ საარცევნო კანონით, რაც დღეს გვაქვს, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღოს ის პოზიტიური შედეგი, რასაც ელოდება, თუ ეჭვქვეშ დადგება მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა.

  • ხელისუფლების რეაქციიდან რა ჩანს, იგრძნობა იმის გააზრება, რომ სჭირდებათ თანამეგობრობის მხარდაჭერა? 

ვინც კარგადაა ჩახედული საერთაშორისო ურთიერთობებში, ესმით ეს მდგომარეობა, დანარჩენები დიდად არ იწუხებენ თავს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება. თანამეგობრობის ამ დამოკიდებულებას აუცილებლად ექნება შედეგი. რა თქმა უნდა, არ მსურს, რომ ამგვარად განვითარდეს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული, იგი იზოლაციაშიც აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ისეთ ხელისუფლებასთან, რომელთანაც არსებობს კითხვები კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, საარჩევნო სისტემით მანიპულაციასთან დაკავშირებით, არავინ ისურვებს გრძელვადიან თანამშრომლობას.

  • ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს თავისი პარტნიორები ევროპარლამენტში „სოციალისტების“ სახით. როგორია ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია? 

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს: თუ შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ, არავინ დაგიჭერს მხარს, თუნდაც ჰქონდეთ იდეოლოგიური სიმპათია შენ მიმართ. გუშინ სწორედ ის პარლამენტარები აკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები. ისინი ობიექტურად ხედავენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მათ შეუძლიათ, რომ ეს არც შეიმჩნიონ და „გაატარონ“, ასე ვთქვათ, მაგრამ ისინი დაინტერესებული არიან, საქართველო გახდეს სტაბილური და მდგრადი დემოკრატია, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი.

  • ამ ვითარებაში რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაუახლოვდეს და ამ გზით სცადოს თავის გადარჩენა? 

არა მგონია, რომ ეს სცენარი საქართველოში შესაძლებელი იყოს, რადგან ქართული საზოგადოება, და ამას ადასტურებს საზოგადოებრივი კვლევები, მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ კურსს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხელისუფლების მცდელობა, რომ რაღაც ავტოკრატიული რეჟიმი შექმნას და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით იგი განამტკიცოს, თითქმის განწირულია თავიდანვე… ყველა ხვდება, რომ თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, დაკარგავს სახეს. შესაძლოა, იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ხელისუფლებაშიც ხვდებიან.

  • საინტერესოა, რას ამბობდნენ ევროპარლამენტარები ტრიბუნებს მიღმა? 

ევროპარლამენტში არის კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით კარგად ერკვევა ჩვენს გეოპოლიტიკაში და ჩვენი რეგიონის თავისებურებებში.

მათი ტონი ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ფაქტია, რომ გამკაცრდა. პირად საუბრებშიც ეს ჩანდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათთვის მართლაც როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს განწყობები შესაძლოა კიდევ უფრო ხისტი გახდეს, თუკი ხელისუფლება ეცდება ჩაატაროს არჩევნები არასამართლიან გარემოში და ამით უარს იტყვის თავის საერთაშორისო ვალდებულებებზე. თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, მაშინ ეს პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს. საერთაშორისო ორგანიზაციები ახლა ყველაზე მეტად ხედავენ საკუთარ ფუნქციას იმაში, რომ განახორციელონ დემოკრატიული წნეხი იმ ავტორიტარულ მთავრობებზე, რომლებიც ცდილობენ გადაუხვიონ დემოკრატიული განვითარების გზას.

  • იყო ეს შეფასებაც, რომ ავტოკრატიული ხდება საქართველოს ხელისუფლება? 

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შანსი რომ არსებობს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. ყველაზე გულითადი მეგობრებიც კი, რომლებიც საქართველოს უპირობოდ უჭერენ მხარს, შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი პროცესებით, რაც საქართველოში ხდება. ეს ადამიანები დაინტერესებული არიან, რომ საქართველომ სამაგალითო არჩევნების ჩატარებით პასუხი გასცეს იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ საქართველოს შესაძლებლობებში, უახლოეს პერიოდში მოახდინოს წარმატებული ტრანსფორმაცია და გახდეს ევროპული ტიპის კონსოლიდირებული დემოკრატია რეგიონში.

თუ დასავლეთი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების არჩევა მოხდა მშვიდობიანი არჩევნების გზით და საზოგადოება არის მზად შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების პრინციპები, ქვეყანას ყოველთვის ექნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივა. საპირისპირო სცენარის განვითარების შემთხვევაში კი, ეს შანსები საგრძნობლად მცირდება.

ავარიის შემდეგ 14-15 წლის გოგოებს მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვთ

14-15 წლის გოგოების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც დღეს, 22 იანვარს, ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მოზარდები იმყოფებიან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ პაციენტებს მრავლობითი დაზიანება, მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ, ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

14-15 წლის მოზარდებს ავტომანქანა რუსთაველის ქუჩაზე დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია მძღოლის ვინაობა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველაზე მეტი მანდარინი კვლავ რუსეთში გავიდა – 2019 წელი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:

• რუსეთში – 20 000 ტ.
• უკრაინაში – 5 200 ტ.
• სომხეთში – 4 400 ტ.
• ბელარუსში – 319 ტ.
• ყაზახეთში – 140 ტ.
• ყირგიზეთში – 58 ტ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური.

სამინისტროს მონაცემებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით, 10 ათასი ტონა შეადგინა.

 

ბათუმში 14-15 წლის გოგოებს ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლის ვინაობა დადგენილია

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა 14-15 წლის გოგოებს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდებს, გარეგნული დათვალიერებით, თავის ტრავმა აღენიშნებათ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია მძღოლის ვინაობა, რომელიც გოგოებს დაეჯახა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საბერძნეთის რესპუბლიკას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ჰყავს

63 წლის მოსამართლე, ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. იგი საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 294-დან 261 ხმით აირჩია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიოაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ საკელაროპულუს არჩევა საბერძნეთის ახალ ეპოქაში გადასვლის სიმბოლური ნაბიჯია, ხოლო ოპოციის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა განაცხადა, რომ ეკატერინი საკელაროპულუ „განსაკუთრებული მოსამართლე“ და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო.

საბერძნეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მარტში შედგება.

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში

თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან –  „ერიქსონთანდაჰუავეისთანთანამშრომლობით და მრავალმილიონიანი ინვესტირებით შეძლო, და დღეს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ავტობანსა და რკინიგზის გასწვრივ, ასევე მაღალმთიან ზონებში, უსწრაფესი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.  თბილისში კი, 5G ქსელის უშუალო წინამორბედი ტექნოლოგია 4.9G – გიგაბიტ ელტეი ინტერნეტი დანერგარომლის სიჩქარე შვიდჯერ აღემატება საქართველოში აქამდე არსებულ 4.5G ინტერნეტ ტექნოლოგიას.

კომპანია, ასევე, აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით, რათა სხვა დიდი ქალაქებიც დაფაროს გიგაბიტ ელტეი ტექნოლოგიით.  

სილქნეტი განსაკუთრებულ პირობებს თავაზობს ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სტაბილური და სწრაფი ინტერნეტი, მაღალი გარჩევადობით ონლაინ ვიდეოს ნახვა, რამდენიმე წამში სხვადასხვა რეზოლუციის ფაილების ჩამოტვირთვა, .. „ლაივისდაბრკოლების გარეშე გაშვება. ამასთან, მომხმარებელი  „სილქფესტისერთდღიანი აქციებით, კვლავაც მეტ მოცულობას მიიღებს, ნაკლებ ფასად

23 იანვარსსილქფესტიორ პაკეტს შეთავაზებს აბონენტებს:

[checklist]

  • მსურველს შესაძლებლობა ექნება 7GB მოცულობის ინტერნეტ პაკეტი -7 ლარად შეიძინოსკომბინაციით *202# პაკეტი აქტიური იქნება 30 დღით.  
  • ასევე, შესაძლებელია 500 ლოკალური წუთის შეძენა 7 ლარად.  წუთების პაკეტი 30 დღით გააქტიურდება კომბინაციით *202#. 

[/checklist]

აქცია ითვალისწინებს, როგორც ორივე პაკეტის ერთდროულ აქტივაციას, ასევე ცალცალკე ჩართვასაც. #ესუნდაგამოცადო

ინტერნეტის აქტიური მომხმარებლებისთვის მოქმედებს სტანდარტული პაკეტებიც. სურვილის შემთხვევაში, პაკეტი გააქტიურდება 1 დღითაც და 30 დღითაც. კომბინაციით *135# მომხმარებელი ჩაირთავს სასურველ პაკეტს მისთვის მისაღებ ფასად.

მობილური ინტერნეტპაკეტები 

სილქნეტიყველაფერი კავშირშია!

დ’ალფონსის სააგარაკო სახლის სარესტავრაციო პროექტს კმდს შეისყიდის

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლის რესტავრაცია იგეგმება. ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2018 წლის ივლისში მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ინფორმაციით, ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია.

ე.წ. დალფონსის აგარაკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კმდს-მ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია.

„მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს კვლევითი სამუშაოების პროექტის შედგენა და მის საფუძველზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაგან შესაბამისი ნებართვის მიღება. კვლევითი სამუშაოების პროექტი ნებართვის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში. ნებართვის მიღების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვლევითი სამუშაოების ჩატარება და შედეგების წარმოდგენა მაქსიმუმ ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. კვლევითი სამუშაოების შედეგების წარმოდგენის შემდეგ სააგენტო 14 კალენდარული დღის განმავლობაში (არ ითვლება ვალდებულების შესრულების საერთო ვადაში) აფასებს აღნიშნულ დოკუმენტაციას და დადებითი შეფასების შემდეგ გასცემს თანხმობას კვლევითი სამუშაოების შედეგების საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შედგენაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შედგენა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში,“ – აღნიშნულია ტენდერში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს თან უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათი – პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება.

ანოტაცია ტენდერიდან

დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 31 იანვარს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

დ’ალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.

2018 წლის აგვისტოში „ბათუმელებს“ ბოტანიკურ ბაღში უთხრეს, რომ „შესაძლოა პროექტი შეიძინოს კულტურულმა მემკვიდრეობამ და შემდეგ სამუშაოებს დააფინანსებს ან სახელმწიფო, ან „ქართუ“ და ა.შ. შენობა არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. უნდა დაინგრეს და პირვანდელი სახით აღდგეს“.

სააგენტოში კი განაცხადეს, რომ „საერთო სურათი კვლევის შედეგად უნდა მივიღოთ, თუ რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო. ამას დაადგენენ სპეციალისტები“.

ამ თემაზე:

დ’ალფონსის სააგარაკო სახლს მწვანე კონცხზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შენობა ავარიულია

მთავარი ფოტო: დ’ალფონსის სააგარაკო სახლი / ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირზე თავდასხმისთვის 2 კაცი გაასამართლეს

„სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ პირზე ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ორი კაცი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ ბრალდებულს ორი წლით, მეორეს კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ორივე ბრალდებულს სასჯელი პირობით ჩაეთვალა.

შემთხვევა გასული წლის აპრილში თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. განაჩენის მიხედვით, ლ.-მ გამოძიებით დაუდგენელ კიდევ ორ პირთან ერთად, სახის და სხეულის არეში ხელის და ფეხის დარტყმით ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა მიაყენა პირს, ხოლო თ.-მ თმა ძლიერად მოქაჩა. „თ.-ს და ლ.-ს ქმედებების შედეგად, გ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – აღნიშნულია განაჩენში.

ბრალდებულებმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული არ აღიარეს, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს და დანაშაულიც აღიარეს. შესაბამისად, მოსამართლეს მოწმეების, ასევე, დაზარალებულის ჩვენება არ მოუსმენია.

გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

როდის გააკონტროლებენ სათამაშოების უსაფრთხოებას – ახალი წესი ბიზნესისთვის

საქართველოს მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება სრულად 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, უკვე დღეიდან, 2020 წლის 22 იანვრიდან, უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები სათამაშოების [ამ რეგლამენტთან] შესაბამისობაში მოსაყვანად.

თავის მხრივ, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დაუშვას სააგენტოს წარმომადგენელი პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას ბაზარზე განთავსებული პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მწარმოებელი ვალდებული იქნება სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

„მწარმოებელი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ“, – აღნიშნულია რეგლამენტში.

მწარმოებელი, 2021 წლის პირველი იანვრიდან, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ [რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, შემდგომში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება].

[toggle title=”სათამაშოების იმპორტთან დაკავშირებული ახალი წესი დეტალურად იხილეთ აქ”]

იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით [სამინისტროებმა, 2021 წლის პირველ იანვრამდე, უნდა უზრუნველყონ აღნიშნული წესის დამტკიცება].

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“

თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

სააგენტო უფლებამოსილია, „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

ეს წესი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

[/toggle]

მთავრობის დადგენილებით საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო გამოაქვეყნებს იმ სტანდარტ(ებ)ს, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.

დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განისაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტში აღნიშნულია, რომ ის ვრცელდება „პროდუქტებზე (სათამაშოებზე), რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა“.

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:

[checklist]

  • საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი სათამაშო მოედნების მოწყობილობები;
  • საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი, მონეტებზე ან მათ გარეშე მომუშავე ავტომატური სათამაშო მანქანები;
  • წვის ძრავით აღჭურვილი სათამაშო მანქანები;
  • სათამაშო ორთქლის ძრავები;
  • შურდულები და კატაპულტები.

[/checklist]

რეგლამენტის მიხედვით უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებია:

[checklist]

  • სათამაშო, მასში შემავალი ქიმიური ნაერთების ჩათვლით, დანიშნულების მიხედვით ან/და ბავშვის ქცევის გათვალისწინებით სხვა მოსალოდნელი გზით გამოყენებისას, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მომხმარებლის ან მესამე პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებლის და, შესაბამის შემთხვევაში, მისი ზედამხედველის შესაძლებლობები, მათ შორის, 36 თვემდე ასაკის ან სხვა მითითებული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების შემთხვევაში. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დატანილი ეტიკეტი და სათამაშოს თანმხლები ინსტრუქცია, მკაფიოდ უნდა უთითებდეს სათამაშოს გამოყენებისათვის დამახასიათებელ საფრთხეებზე და შესაძლო ზიანზე, ასევე აღნიშნული საფრთხისა და ზიანის თავიდან აცილების გზებზე.
  • ბაზარზე განთავსებული სათამაშო, წინასწარ სავარაუდო და გონივრული ვადით გამოყენების განმავლობაში უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

[/checklist]

„სათამაშო, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და, რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან“, – აღნიშნულია რეგლამენტში.

ნახეთ რომელი პროდუქტები არ განიხილება სათამაშოებად ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის:

[toggle title=”ჩამონათვალი ნახეთ აქ”]

  1. სადღესასწაულო დეკორაციები.
  2. საკოლექციო პროდუქტები, თუ უშუალოდ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე ცალსახად მითითებულია, რომ აღნიშნული პროდუქტი გამიზნულია 14 წლის ან უფროსი ასაკის მომხმარებლისთვის. მათ შორის:
    ა) შემცირებული მასშტაბის დეტალური და ზუსტი მოდელები;
    ბ) შემცირებული მასშტაბის დეტალური მოდელის ასაწყობი ნაკრებები;
    გ) ეროვნული და დეკორატიული თოჯინები და მსგავსი ნივთები;
    დ) ისტორიული სათამაშოს ასლები;
    ე) ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღების რეპროდუქციები.
    1. სპორტული აღჭურვილობა, მათ შორის გორგოლაჭები (ჩექმაზე ორხაზად განლაგებული ოთხი ან მეტთვლიანი, ჩექმაზე ცალხაზად განლაგებული 2 ან მეტთვლიანი), სკეიტბორდები, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონაც აღემატება 20 კგ-ს.
    2. ველოსიპედები, რომელთა სავარძლის სიმაღლე (ვერტიკალური მანძილი მიწიდან სავარძლის ზედაპირამდე) აღემატება 435 მმ-ს, როდესაც სავარძელი ჰორიზონტალურ პოზიციაშია და სავარძლის საყრდენი ღერძი ყველაზე დაბალ რეგულირებად ნიშნულზეა.
    3. სკუტერები და ტრანსპორტირების სხვა საშუალებები, რომლებიც დაპროექტებულია სპორტული აქტივობებისთვის ან განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე ან ბილიკებზე გადაადგილებისათვის.
    4. ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე, ბილიკებზე ან ქვაფენილზე მგზავრობისთვის.
    5. წყლის აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია ღრმა წყლებში გამოსაყენებლად, ასევე ბავშვისთვის ცურვის სასწავლებელი მოწყობილობა.
    6. თავსატეხები, რომელიც შედგება 500-ზე მეტი ნაწილისაგან.
    7. მშვილდოსნობისთვის განკუთვნილი 120 სანტიმეტრზე დიდი ზომის მშვილდები, პნევმატური თოფები და პისტოლეტები, გარდა წყლის თოფებისა და წყლის პისტოლეტებისა.
    8. პიროტექნიკა, მათ შორის ასაფეთქებელი ნაწილები, რომლებიც არ არის უშუალოდ სათამაშოსთვის განკუთვნილი.
    9. მეტალის წვერიანი დართსის ნაკრების მსგავსი პროდუქტები და თამაშები, რომლებშიც გამოიყენება სასროლები, ბასრი წაწვეტებული თავით.
    10. ფუნქციონალური საგანმანათლებლო პროდუქტები, მათ შორის, ელექტროღუმელები, უთოები და სხვა ფუნქციონალური პროდუქტები, რომლებიც მუშაობს 24 ვოლტზე მაღალ ნომინალურ ძაბვაზე და განკუთვნილია ექსკლუზიურად სასწავლო მიზნებისთვის ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად.
    11. პროდუქტი, მათ შორის, სამეცნიერო აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია სკოლაში ან სხვა პედაგოგიურ კონტექსტში საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით, ზრდასრული ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად.
    12. ელექტრონული აღჭურვილობა, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი და სათამაშო კონსოლი, რომელიც გამოიყენება ინტერაქტიულ პროგრამასთან და მასთან დაკავშირებულ პერიფერიულ მოწყობილობებზე წვდომისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ელექტრონული აღჭურვილობა და მისი პერიფერიული მოწყობილობები კონკრეტულად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და გააჩნიათ საკუთარი სათამაშო ღირებულება, როგორიცაა მიზნობრივად დაპროექტებული პერსონალური კომპიუტერები, კლავიატურები, ჯოისტიკები ან საჭეები.
    13. ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია დასვენებისა და გართობისთვის, მაგალითად, კომპიუტერული თამაში და მისი შესანახი საშუალება მათ შორის კომპაქტური დისკი.
    14. ბავშვის საწოვარები.
    15. ბავშვებისთვის მიმზიდველი მანათობელი ნივთები.
    16. სათამაშოსთვის განკუთვნილი ელექტროგადამყვანი.
    17. ბავშვების მოდური აქსესუარები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სათამაშოდ გამოყენებისთვის.

    [/toggle]

    რეგლამენტით:

    სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები, მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, ელექტრული თვისებების მიმართ; ჩამოთვლილია ის ალერგიულ-არომატული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. განსაზღვრულია სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული და რადიოაქტიურობის მიმართ მოთხოვნები, ასევე კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია.

    მოყვანილია ძირითადი გამაფრთხილებელი მითითებები და ქიმიური ნივთიერებების სპეციალური ზღვარი, რომლებიც გამოიყენება 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში და სათამაშოებში, რომლებიც განკუთვნილია პირში ჩასადებად.

    ამ თემაზე:

როგორი სათამაშოებით ერთობიან თქვენი შვილები საბავშვო ბაღში – ხარისხი არ კონტროლდება

ევროსტანდარტების მიხედვით საბავშვო სათამაშოებმა ექვსი ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს

ბათუმში მარკეტი გატეხეს

დღეს დილით [22 იანვარი], ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტის მესაკუთრეს შუშის კედელი ჩამტვრეული დახვდა. სავაჭრო მარკეტში კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით  გაიზარდა

საქართველოს რკინიგზა 2019 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს ასაჯაროებს.

2019 წელს გადაზიდული ტვირთი თითქმის 1 მილიონი ტონით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ხოლო ტვირთის გადაზიდვით 2019 წელში მიღებული შემოსავალი, თითქმის 67 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ზღვამ დელფინი გამორიყა. ფოტოები ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ფეისბუქში.

როგორც „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, ჯგუფი ადგილზე გავა და შეისწავლის დელფინის გამორიყვის მიზეზს.

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ დელფინი გამორიყა

 

წულუკიანის „სამხილი“ ომბუდსმენის წინააღმდეგ და ფეისბუქის რეაქციები

დღეს, 21 იანვარს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ციხეში იმყოფებოდა პატიმართან შესახვედრად, ჩაცმულობისა და ქმედებების გამო გააკრიტიკა. წულუკიანის უწყებამ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ვიდეოც გამოაქვეყნა, როგორც „სამხილი“.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიშნულია წითელი ისრით; ის მიირთმევს პატიმრის მიერ მომზადებულ ყავას, ეწევა მის სიგარეტს, მიირთმევს პატიმრის შოკოლადს და სარგებლობს პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით“, – აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.

ვიდეოს ფეისბუქზე ასობით კომენტარი მოჰყვა. მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რატომ არის „კომპრომატი“ ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის საუბარია ასახული და რატომ უსვამს თეა წულუკიანი ხაზს იმას, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დალია ყავა, ჭამა პატიმრის შეთავაზებული შოკოლადი და შევიდა ტუალეტში.

კომენტარების უმრავლესობა ირონიულია. „ბათუმელები“ რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ვიდეო, რომელზეც პატიმრისა და ომბუდსმენის ციხეში შეხვედრაა ასახული, შესაძლო კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

ბონში შუქი გაითიშა – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტება

ბათუმში, ბონის დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ შუქის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღდგება.

კომპანიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა და ამ დროისთვის უცნობია, ავარიის ზუსტი მიზეზი. ადგილზე რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. დენის გარეშე ბონის ბაზრის მიმდებარე დასახლებაა დარჩენილი.

ჩერდება „ახალი სკოლის მოდელი“? – სამინისტროს განმარტება პროექტზე

განათლების სამინისტროს პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც სკოლების შეფასების ინსტრუმენტია, შესაძლოა შეჩერდეს ან სახეცვლილებით დაინერგოს. ამის შესახებ განათლების სამინისტროში დაზუსტებით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სიახლეებზე სამინისტრო მალე გამართავს პრეზენტაციას.

განათლების სამინისტრო რომ „ახალი სკოლის მოდელის“ შეჩერებას გეგმავს, ამის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, მარიამ რამინაშვილმა ისაუბრა „ფორმულას“ ეთერში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, მარიამ რამინაშვილი ამბობს, რომ ის ესაუბრა რამდენიმე ტრენერს, რომლებიც თბილისის საპილოტე სკოლებში მუშაობდნენ ამ პროექტის ფარგლებში.

„მე ამ ადამიანებისგან მაქვს ინფორმაცია. ისინი ჩართულები იყვნენ პროექტში და მითხრეს, რომ პროექტი უკვე შეჩერდა თბილისის ყველა საპილოტე საჯარო სკოლაში. როგორც ვიცი, დაახლოებით 22 სკოლა იყო  ჩართული, მარტიდან კი რაიონებშიც გაჩერდება. „მასწავლებლის სახლშიც“ არ დაუმალავთ და მითხრეს, რომ არის რაღაც სახეცვლილება და თავიდან გამოაცხადებენ ტრენერების მიღებას“, – გვითხრა მარიამ რამინაშვილმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის პირველ საჯარო სკოლას, რომელიც ჩართულია „ახალი სკოლის“ საპილოტე პროექტში. სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ პროექტის შეჩერაბაზე ინფორმაცია არ აქვს და მუშაობას აგრძელებენ.

„ბათუმელები“ ესაუბრა ასევე „ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთ ტრენერს ბათუმში, თამთა კვარაცხელიას. „ჩემამდეც მოაღწია ამ ინფორმაციამ, მაგრამ ჭორი მგონია, რადგან ხელშეკრულება დადებულია ჩემთან და შეჩერებაზე არაფერი უთქვამთ პროექტის ხელმძღვანელებს“, -ამბობს თამთა კვარაცხელია.

„მასწავლებლის სახლის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ მუშაობენ და ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებენ. განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ უფრო კომპლექსური ხდება და ამასთან დაკავშირებით სამინისტრო პრეზენტაციას ერთ კვირაში გამართავს.

„ახალ ხედვასაც მალე წარმოვადგენთ. შეიძლება ამ კვირის ან მომდევნო კვირის ბოლოს“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

ახალი სკოლის მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი უნდა იყოს საჯარო სკოლებისთვის, რადგან ამ პროექტის ფარგლებში ცალკეული სკოლის საჭიროებები უნდა გამოიკვლიონ. ასევე, პროექტის ფარგლებში უნდა დაინერგოს სკოლებში შემოქმედებითი სწავლება და კრიტიკული აზროვნება.

პროექტში თავდაპირველად 50 სკოლა იყო ჩართული, 2019 წლის შემოდგომაზე კი ასამდე სკოლა უნდა ჩართულიყო ქვეყნის მასშტაბით.

 

ამავე თემაზე:

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

გრიპის ნიშნები გაქვთ? – უმჯობესია სახლში დარჩეთ

გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ამბულატორიულმა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა გასულ კვირასთან შედარებით იკლო – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემები გრიპის სეზონის მესამე კალენდარულ კვირას.

„აჭარაში წელს ძირითადად ცირკულირებს B ტიპის გრიპის ვირუსი, გვხვდება A ტიპის ვირუსიც, რომელიც არ ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობით. რთული და რეანიმაციული შემთხვევები არ არის.

ჯერჯერობით, მცირე, მაგრამ კლების ტენდენცია გვაქვს. თუ შევადარებთ გასული წლის მონაცემებს, ვნახავთ, რომ გასულ წელს უფრო რთულად მიმდინარე სეზონი იყო,“ – ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

გრიპი სხვა, გრიპისმაგვარი და რესპირატორული დაავადებებისაგან გასხვავებით სწრაფად და აგრესიული სიმპტომებით იწყება. რუსუდან შავიშვილმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის სიმპტომები, რაც სწორედ გრიპს ახასიათებს:

„შემტევი ხასიათის ცხელება, შემცივნება, კანკალი, ყელისა და თავის ტკივილი, სურდო, ცრემლდენა, ცემინება, გამონადენი თვალებიდან, შესაძლოა იყოს გულისრევის შეგრძნება და ფაღარათიც. ძირითადი მახასიათებელი მაინც არის მაღალი ცხელება. თუ არის 37 ტემპერატურა, იქ უკვე გრიპზე არ ვლაპარაკობთ, ეს არის სხვა რესპირატორული ინფექცია“.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ასეთ დროს უმჯობესია ადამიანი დარჩეს სახლში და სწაფად დაიწყოს მკურნალობა, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამსახურში, სკოლაში, ბაღში, პაციენტის წასვლა გააუარესებს მის მდგომარეობას და ასევე, საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებსაც, რადგან ადამიანი, რომელსაც გრიპის ვირუსი აქვს, ხველის, ცემინებისა და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს საშუალოდ 1 მეტრის რადიუსში.

„თვით მსუბუქ ფორმაშიც კი, როცა აღინიშნება ისეთი ჩივილები, როგორიცაა: ცემინება, ხველა – ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის ვირუსის გამავრცელებელი და მისთვისაც და დანარჩენებისთვისაც საზიანოა, თუ იტრიალებს სოციუმში. ვირუსის მატარებელი ადამიანი არის ვირუსის გამავრცელებელი. თუ გრიპით მოავადე ადამიანი მაინც იძულებულია გავიდეს გარეთ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირბადე,“ – ამბობს რუსუდან შავიშვილი. 

მისივე თქმით, სეზონური გრიპის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მარტივი წესების დაცვა, რომელიც ამ დაავადებას თავიდან აგვარიდებს ან მიმდინარეობას შეამსუბუქებს. ეს წესებია:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები – ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და ხშირად – სწორედ ხელის საშუალებით. თუ შეეხებით რაიმე ზედაპირს, რომელსაც შესაძლოა ცოტა ხნის წინ შეეხო გრიპის ვირუსით ინფიცირებული და შემდგომ ხელს სახეზე, ცხვირზე, თვალზე ან პირზე მოისვამთ, შესაძლოა იოლად დაინფიცირდეთ ვირუსით. გაითვალისწინეთ, ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი სჭირდება. თუ ვერ ახერხებთ ხელების ხშირ დაბანას სამსახურში, გამოიყენეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ.
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი
  • მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს

  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს 
  • დროულად გაიკეთეთ გრიპის ვაქცინა – თუმცა ეს რეკომენდაცია წელს რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა მათთვის, ვინც არ შედიოდა იმ რისკ-კგუფებში, რომელთაც ხელისუფლება უფასოდ ცრის გრიპზე. 
  • დროულად მიმართეთ ოჯახის ექიმს 
  • დაიცავით ხველების ეტიკეტი – თუ ხელსახოცი არ გაქვთ, დაცემინებისას ან დახველებისას მიიფარეთ სახეზე ხელი, უმჯობესია იდაყვის აფარება, რადგან ხელის აფარების შემთხვევაში შეიძლება ვირუსების გავრცელებას შეუწყოთ ხელი.
  • ატარეთ პირბადე – თუ გრიპი ან გრიპის ნიშნები გაქვთ, სჯობს ხალხმრავალ ადგილებში ატაროთ პირბადე. გაითვალიწინეთ, არ შეიძლება ერთხელ გამოყენებული ნიღბის მეორედ გამოყენება.
ამ თემაზე:  გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მოსახლეობა შემცირდა – 1 მანქანა ყოველ მესამე ადამიანზე 

ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თითქმის 20 ათასით გაიზარდა – გასული წლის 30 ნოემბერს რეგიონში რეგისტრირებული იყო 112 040 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მათ შორის:

  • 90 406 მსუბუქი ავტომობილი,
  • 9 635 – სატვირთო,
  • 5 980 – სამგზავრო,
  • 718 – მოტოტრანსპორტი და სხვა.

აჭარაში რეგისტრირებული 90 406 მსუბუქი ავტომობილიდან:

[checklist]

  • 86 598 რეგისტრირებული იყო ფიზიკურ პირებზე,
  • 3 808 – იურიდიულ პირებზე;

[/checklist]

ამასთან,

[checklist]

  • 80 535 მსუბუქი ავტომობილი გამოშვებული იყო 2010 წლამდე,
  • 9 871 მსუბუქი ავტომობილი კი, გამოშვებული იყო 2010-2019 წლებში.

[/checklist]

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული იყო სულ 1 369 845 ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან უმეტესობა – 1 125 834 იყო მსუბუქი ავტომობილი. შესაბამისად, 2018 წელთან შედარებით ავტომანქანების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შარშან 48 276-ით გაიზარდა [2018 წელს ქვეყანაში 1 321 569 ავტომანქანა იყო რეგისტრირებული] და ყოველ მესამე პირზე ერთი ავტომანქანა მოდის.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 6 ათასზე მეტით შემცირდა.

რაც შეეხება მართვის მოწმობებს 

შსს-ს მონაცემებით, 2018 წლის 31 დეკემბრისთვის, აჭარაში რეგისტრირებულ პირებზე გაცემული იყო 100 018 მართვის მოწმობა [2006 წლის პირველი აპრილის შემდეგ გაცემული]. აქედან, 77 846 მოწმობა გაცემული იყო კაცზე, ხოლო  22 172 – ქალზე.

2019 წლის 11 თვის მონაცემებით კი [იანვარი-ნოემბერი] აჭარაში გაიცა სულ 4 548 მართვის მოწმობა. აქედან, 2 550 – კაცზე, ხოლო 1998 – ქალზე.

აჭარაში, 2018 წელს, 17 წლის ასაკის 526 პირს ჰქონდა მართვის მოწმობა. გასულ წელს კი, რეგიონში 17 წლის ასაკის 781 პირზე გაიცა მართვის მოწმობა.

ამ თემაზე:

აჭარაში სამ ადამიანზე ერთი ავტომანქანა მოდის

საქართველოში 53 628 მსუბუქი ავტომანქანა შემოიტანეს და 91 045 გასაყიდად გაიტანეს

ექიმი რაციით -15 წელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში

„ბევრი ექიმი, ვინც სასწრაფოში მიდის, ამბობს, რომ აქ მხოლოდ სამი თვე დარჩება, მაგრამ მათ შორის ბევრს მუშაობის ოცი წლის სტაჟი აქვს უკვე. აქ უფრო მეტია საყვედური, შეიძლება ფიზიკურადაც შეგეხონ, ან მანქანა დაგიმტვრიონ. ნაკლებად შეგხვდებიან ისე, როგორც უნდა შეხვდნენ მას, ვინც დასახმარებლად მივიდა… მაგრამ ექსტრემი მეტია, მთავარი ხიბლი ამ საქმეში სწორედ ეს არის, ერთი მიმართულება კი არ გაბარია, თითქმის სამაშველო სამსახურის მართვასთანაა გათანაბრებული,“ –  გვიყვება ბადრი პაქსაძე. მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ მოადგილის თანამდებობა დატოვა – სამსახური ცენტრალურ მართვაში გადავიდა და მოადგილის შტატი გააუქმეს.

ყოფილ სამსახურზე წარსულში ვერ საუბრობს, ცხოვრების სხვა მომენტებზე მისი გადართვის ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება. ყველა ამბავი, რასაც ბადრი პაქსაძე გვიყვება, სასწრაფო დახმარების სამსახურს უკავშირდება.

„სასწრაფოს სპეციფიკა აბსოლუტურად სხვანაირია, შეიძლება ითქვას, რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ხელმძღვანელი პირისთვის – მით უმეტეს. თუ სასწრაფოს ექიმი პროფესიონალი არ არის, ეს ქმნის სირთულეს მთელი კოლექტივისთვის. მართლა ჩამოვყალიბდი ამ თემაში, ვიცი ჩემი საქმე, ასე ვთქვათ. სამუშაო ცხრა საათიდან იწყებოდა, მე ცხრის წუთებზე იქ ვიყავი,“ – ამბობს ბადრი.

ბადრი პაქსაძე სასწრაფოში ცამეტი ბრიგადის მოძრაობასა და დროულ რეაგირებაზე იყო პასუხისმგებელი: „გრიპის სეზონზე ორი ბრიგადა გვემატებოდა. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კი – სამი. ესეც, რა თქმა უნდა, ართულებს საქმეს, 15 ბრიგადის მართვა სერიოზული თემაა, ამ დროს რაციით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, რომელიც უალტერნატივო და ძალიან კომფორტულია, ადგილზე მისული ექიმისთვის პროფესიული რჩევებიც მიმიცია.“

ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სასწრაფოს ექიმს დღის განმავლობაში 30-35 გამოძახებაზე უწევს გასვლა, მათი ხელფასი კი ხელზე 800 ლარია, რაც ძალიან დაბალია. ამიტომაც ისინი სხვა სამსახურებსაც ითავსებენ: „ბრიგადასაც დავყვებოდი, პაციენტებსაც ვიღებდი ამ დრომდე. საქმე უფრო რთულდება, როცა გამოძახების რიცხვი გრიპის სეზონზე იზრდება და დღეში 400-ს აღწევს“.

ბადრი პაქსაძის თქმით, სასწრაფოს მუშაობას სერიოზულად აფერხებს არამიზნობრივი გამოძახებები – დახმარებას იძახებენ ტემპერატურის არასაგანგაშო მატების დროს, წნევის გასაზომად, ექიმის დანიშნულების გადასამოწმებლად, ფილტვების მოსასმენად და ასე შემდეგ.

„ამ კატეგორიამ ისიც კარგად იცის, როგორ გაამუქოს ვითარება, ასეთი შემთხვევა ყოფილა. ოპერატორს ეუბნებიან, რომ პაციენტმა გონება დაკარგა და უნდათ სასწრაფოს გამოძახება, ვინ არის პაციენტიო, ჰკითხა ოპერატორმა და მე ვარო – უპასუხა გონებადაკარგულმა,“ – გვიყვება ბადრი პაქსაძე.

მან  გვიამბო ისიც, რომ სასწრაფოს ექიმის საქმიანობას ხშირად ართულებს ჩარევა პაციენტის ახლობლების ან შემხვედრი ადამიანების მხრიდან:

„ზოგჯერ ტაქტიკა, მიდგომაა საჭირო. ამ დროს აუცილებელია, რომ ექიმმა პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედოს. ხშირად აგრესია მოდის მოსახლეობის მხრიდან, სად ხარ ამდენი ხანი, რას აკეთებო, იწყებენ ჩარევას, თითქოს ეხმარებიან, მაგრამ ეს უფრო ართულებს სიტუაციას და გამოუცდელი ექიმი შეიძლება დაიბნეს კიდეც, როცა აგრესია მოდის და ამდენი ხალხი დაეხვევა თავზე პაციენტს. იყო შემთხვევები, როცა ფიზიკურად გაიწიენ ექიმისკენ, ლანძღვასა და გინებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, იშვიათად ხდება, როცა მადლობას გვეუბნებიან“.

ბადრი პაქსაძე ემხრობა მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდში ექიმებსა და საზოგადოებას შორის კონფლიქტი გაჩნდა.

„ადრე ექიმებს სხვა პატივისცემა ჰქონდათ, ახლა სხვაგვარადაა საქმე. ყველას უნდა, მას რომ დასჭირდება, სასწრაფო სადარბაზოსთან იდგეს. ვერ გაამტყუნებ, მას შეიძლება 15 წელში ერთხელ დასჭირდა, მაგრამ სასწრაფოს ხუთ წუთში მისვლასაც კი დაგვიანებად უთვლიან, შეიძლება დააგვიანდეს კიდეც, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ სასწრაფო ტყუილად არასოდეს დააგვიანებს. ამ დროს შეიძლება ყველა ბრიგადა დაკავებული იყოს,“ – ამბობს ბადრი პაქსაძე. ის არ გამორიცხავს, რომ ექიმსაც შეეშალოს, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ორმხრივი კეთილგანწყობა საქმეს უფრო წაადგება.

საუბრის დასასრულს ბადრი პაქსაძემ კიდევ ერთი კურიოზი გაიხსენა: „პაციენტმა დარეკა, ბაზმა მიკბინაო, ექიმი ეკითხება სად გიკბინაო, პაციენტი კი პასუხობს – სად და ქედაშიო… ჯიუტად იმეორებდა.“

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დატოვების შემდეგ ბადრი პაქსაძე აპირებს თავის პროფესიაში დარჩეს, საქმე შეიმსუბუქოს და დარჩენილი დრო ოჯახს, შვილებს მოახმაროს. ამით სურს ოჯახს დანაკლისი აუნაზღაუროს იმ წლებისთვის, როცა მათთვის არ ეცალა და როცა ოჯახის წევრი ურეკავდა: „თავს ცუდად ვგრძნობ და მიშველეო“, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადას უგზავნიდა, თვითონ კი ვერ მიდიოდა.

საჯარო ლექცია ბუსსს „ანრიში“: „ევროპა- საქართველოს ტრადიციული არჩევანი“

ბუსსს „ანრიში“ გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპა- საქართველოს ტრადიციული არჩევანი“.

ლექციას უძღვებოდნენ მწერლები: რატი ამაღლობელი და ნენე კვინიკაძე.

ლექციაზე მიმოიხილეს, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისათვის ევროპა და რა ნაბიჯები იდგმება ევროპული ინტეგრაციისთვის ჩვენი ქვეყნის მხრიდან.

შეხვედრის დასასრულს კი კითხვა-პასუხის რეჟიმში  სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

საჯარო ლექცია გაიმართა პროექტის „ინტერკულტურული დიალოგები“ ფარგლებში. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით.

რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენებაზე

მიიღებს თუ ვერა შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების უფლებას? – ეს  საკითხი ბათუმში ისევ მწვავე განხილვის საგანია. მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ბულვარში ერთ-ერთი ხეივნის გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბულვარის დასაცავად ქუჩაში ისევ გამოვლენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, არ გასცეს ამ მშენებლობაზე ნებართვა.

რას ფიქრობენ ისინი, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მსგავს გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ და ახლა ხელისუფლებაში თავად არიან – უნდა აშენდეს თუ არა 15-სართულიანი შენობა ბულვარში, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით, ბალნეოლოგიური ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონდეს? თუმცა, აქვე შეიძლება იმის თქმაც, რომ ინფორმაცია შენობის ფუნქციურ დატვირთვაზე კომპანიისგან მორიგ ხრიკად, ნებართვის მიღების გზად მიაჩნიათ ბულვარის დამცველებს და სინამდვილეში აქ სასტუმროს მოწყობა იგეგმება.

ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ გამართლდა მოსაზრება – კომპანიამ ძეგლების საბჭოს 4-სართულიანი პროექტი შეათანხმა, თუმცა შენობის საძირკველი გაცილებით მაღალი შენობისთვის მოამზადა და გასულ კვირას ძეგლების საბჭოს ხელახლა მიმართა ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების ნებართვის მისაღებად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მშენებლობას ბულვარში მწვავედ აპროტესტებდა. დღესაც ამბობს, რომ  ბულვარში მაღალი შენობის მშენებლობის  წინააღმდეგია.

„ცალსახად ვამბობ, არ ვარ მომხრე ბულვარში ამ მასშტაბის შენობის ჩადგმის, როგორც არ ვიყავი მომხრე აშენებულიყო ბიზნესცენტრი, რომელსაც შემდეგ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარქვეს. გახსოვთ თქვენც, როგორ ვიჯექი ხეზე და ვაპროტესტებდი. ისტორიულ ბულვარში არაფერი მასშტაბური არ უნდა აშენდეს. ვინმეს თუ ბიზნესის კეთება უნდა, აკეთოს სხვა ადგილზე“, – გვითხრა დავით ბაციკაძემ.

ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბის გაზრდის წინააღმდეგია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხიაც.

„ჩემი პირადი პოზიცია იყო უარი, მე თანხმობა არ მიმიცია. ოქმში ფიქსირებულია, რომ მე წინააღმდეგი წავედი“, – გვითხრა მან. თუმცა ის, რაც მან სხდომის ოქმში დააფიქსირა, ცალსახად უარს არ ნიშნავს. „ესკიზის იდეა არის სიახლე და მისაღები, მაგრამ ბულვარის განაშენიანების გეგმის მიღებამდე, მისი განხილვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – დაწერა მან ოქმში.

სწორედ სააგენტოს ძეგლების საბჭო აძლევს რეკომენდაციას სააგენტოს დირექტორს, შეითანხმოს ან არ შეითანხმოს კონკრეტული მშენებლობა ძეგლთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებართვას  ვერ გასცემს სხვა რომელიმე სტრუქტურა, ბათუმის მერია იქნება ეს თუ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

ძეგლების საბჭოს წევრია განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძეც. ის ამბობს, რომ პროექტი ძალიან მოსწონს, მაგრამ მოერგება თუ არა ის ბულვარის კონცეფციას, მისი კომპეტენციის საკითხი არ არის:

„პროექტი ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ბულვარში რამდენად ასაშენებელია, ეგ უკვე სხვა საკითხია. ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საქმე. კონკრეტულად  ვიზუალი, რაც ვნახე, ეს არის არქიტექტურული შედევრი. სხვა თემებია შეიძლება – არ შეიძლება, როგორ შეიძლება, აიტანს თუ არა სივრცობრივად ბულვარი. თუ ეს დაამახინჯებს ბულვარს, როგორ შეიძლება ამას დავეთანხმო, მაგრამ ცალკე მდგომი კონცეპტუალურად, მე ასე ვიტყვი, ეს ქანდაკება-არქიტექტურა, ან არიქტექტურა-ქანდაკება არის შესანიშნავი. რაც შეეხება ფუნქციურ დატვირთვას, რაც არის მოთხოვნაში ჩადებული, რომ  უნდა იყოს ბალნეოლოგიური ცენტრი, უნდა დარჩეს. სხვა ფუნქციურ დატვირთვას ბულვარი ვერ აიტანს.“

პროექტი მოსწონს უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ლადო მგალობლიშვილსაც. თუმცა ისიც მიიჩნევს, რომ უკვე შეთანხმებული პარამეტრები არ უნდა გაიზარდოს:

„მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სიმაღლესთან დაკავშირებით ბულვარის კონცეფციასთან უნდა მოხდეს შეთანხმება, ვიზუალურად პროექტი მართლა კარგია. სიმაღლე ნამდვილად სამსჯელოა. მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის სასურველი იქ მაღალი შენობის აგება. რაც შეხება ფუნქციურ დატვირთვას, რამდენადაც ვიცი, ეს უნდა იყოს ბალნეოლოგიური ცენტრი. მოდით, ისიც ვთქვათ, რომ მთავარი არის პროექტი იყოს ბულვართან შესაბამისობაში. სასტუმრო იქნება თუ ბალნეოლოგიური, მაინც ყოველთვის სასტუმროს ტიპის ობიექტია. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, ბულვარი არ დაზიანდეს. თუ აქ სამართლებრივი პრობლემაა და არსებობს შეზღუდვა, მაშინ ეს სხვა საკითხია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე მთავარია, რაც აშენდება იყოს ბულვართან შესაბამისობაში, რომ არ დაზიანდეს ბულვარი“.

თითქმის იდენტურია ბათუმის საკრებულოს წევრის, „ოცნების“ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის, ნატალია ზოიძის მოსაზრებაც.

„რიგითი მოქალაქე რომ ვიყავი, იყო ბევრი რაღაც, რაზეც მე სულ სხვა დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ რაც საკრებულოს წევრი ვარ და ვიცი, რომ ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ეკონომიკური განვითარება ჩვენი მუნიციპალიტეტის, ბუნებრივია, ყველა პროექტს განვიხილავთ იმ რაკურსში, რა სარგებელი მოაქვს მას ქალაქისთვის. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ბულვარში არ უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებული პროექტის მასშტაბი არ უნდა გაიზარდოს. რა წინადადებები უნდა წარმოადგინოს ისეთი, რომ გადაიხედოს ეს, მე არ ვიცი.“

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კი, ამ საკითხზე კომენტარისთვის ორი დღე ველოდეთ, მაგრამ დავით გაბაიძის პასუხი ვერ მივიღეთ. საბოლოოდ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მას დრო არ აქვს, რადგან „სტუმრები ჰყავს“.

მცდელობის მიუხედავად, ამ საკითხზე  ვერც ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის კომენტარი ვერ მივიღეთ.

სააგენტოს ძეგლების საბჭომ პროექტის მასშტაბების საკითხი ერთხელ უკვე განიხილა და უარი თქვა, საბჭო რვაწევრიანია და მათგან მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მხოლოდ სამმა წევრმა – ნინო ინაიშვილმა, სოფიო ჭანიშვილმა და შოთა გუჯაბიძემ – დააფიქსირა. პროექტის ბულვარის განაშენიანების გეგმასთან მიმართებაში განხილვა მოითხოვეს ერმილე მესხიამ, აკაკი ძნელაძემ და ვიქტორია ბერიძემ. საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ჟღენტმა და წევრმა ზვიად ბურჭულაძემ პროექტი მოიწონეს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ პროექტის განხორციელებით ბულვარი, როგორც ძეგლი, არ დაზიანდება.

სასტუმროს მშენებლობას ბულვარში, როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზოლში, კანონი კრძალავს.

___

ამავე თემაზე:

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15 სართულის აშენების ნებართვას ითხოვს

„წაგვართვით მწვანე ზონები, თქვენ ხართ ზარალას მონები“ – სიმღერა აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის მთავრობის სახლთან „ახალგაზრდა მწვანეების“ რამდენიმე წევრმა აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი აპროტესტებენ ბათუმის რივიერაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც რივიერაზე 5 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

აქტივისტები სტვენით მივიდნენ აჭარის მთავრობის სახლთან და იმღერეს კიდეც. „წაგვართვით მწვანე ზონები, თქვენ ხართ ზარალს მონები“, „გამოდი ბათუმისთვის, გამოდი გარემოსთვის“, „ბათუმი გადაშენდა, ცათამბჯენები აშენდა“ – ისმოდა სიმღერისას.

აქციის მონაწილეებმა დააანონსეს აქცია, რომელიც კვირას, დღის 3 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება და მას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ის საინიციატივო ჯგუფები შეურთდებიან, რომლებიც აპროტესტებენ ბათუმი რივიერაზე მასშტაბურ მშენებლობას.

„ახალგაზრდა მწვანეებმა“ აქცია გამართეს გუშინ, 20 იანვარს, თბილისში, ეკონომიკის სამინისტროსთან. ორგანიზაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

16 იანვარს ბათუმში განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა თქმითაც, ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

______________

ფოტო: კადრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირი ჩართვიდან

მოქალაქეს 5 450 კუ სარფის საბაჟოზე არალეგალურად გადაჰყავდა

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს,  რომელსაც თურქეთში საქართველოდან 5 450 წყლის კუ არალეგალურად გადაჰყავდა.

მოქალაქეს წყლის კუები მსუბუქი ავტომობილის კარებში ჰყავდა დამალული.

ავტომანქანაში დამალული კუები თურქმა მესაზღვრეებმა სპეციალური სკანერით აღმოაჩინეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ გაიარა ავტომანქანამ შემოწმება საბაჟოზე ისე, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა კონტრაბანდული ტვირთი ვერ შენიშნეს.

შემოსავლების სამსახურის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო: ჰურიეთი

24 იანვარს ბათუმში თოვლია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პარასკევს, 24 იანვარს, ბათუმში თოვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, ხუთშაბათს, 23 იანვარს, სუბტროპიკულ ზონაში მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვა. 24 იანვარს კი, აჭარის მთელს ტერიტორიაზე მოთოვს, მთაში – ზოგან ძლიერად.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ძირითადად უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს შედარებით გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი ბათუმში შაბათს, 25 იანვარს, მანამდე კი, მთელი კვირის განმავლობაში, ბათუმში იწვიმებს. შედარებით გამოიდარებს ხვალ, 22 იანვარს.

ბათუმში ბოლო ორი წელია არ უთოვია.

__________

ფოტოზე: თოვლიანი დღე ბათუმში. ფოტო: თორნიკე თავაძე/„ბათუმელების“ არქივიდან

 

როგორ დაისაჯნენ კაცები მოზარდებთან სექსუალური კონტაქტისთვის – ნაადრევი ქორწინება

სასამართლოში ძირითადად საპროცესო შეთანხმებით სრულდება „ნაადრევი ქორწინების“ საქმეები, ანუ შემთხვევები, როცა ადამიანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს. ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწევლის სხეულში.“ უმეტეს შემთხვევაში, ამ დანაშაულის შემდგომი მოცემულობა -„არარეგისტრირებული ქორწინებაა“. „ნაადრევი ქორწინებისთვის“ ძირითადად ამ მუხლით ასამართლებენ ადამიანებს.

გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს 62 შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 140-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წელს – 86 შემთხვევაზე. „ბათუმელებმა“ რამდენიმე სასამართლოს განაჩენი გამოითხოვა იმის გასარკვევად, თუ რით დასაჯეს ადამიანები არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტისთვის.

განაჩენებში ნახავთ შემთხვევებს, როცა ერთი და იგივე პირი ხელახლა სამართლდება სსკ-ს 140-ე მუხლით, ანუ პროკურორი ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას დებს, ხოლო ბრალდებული განაგრძობს დაზარალებულთან სექსუალურ კონტაქტს, ვისთანაც „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იმყოფება. საგულისხმოა ისიც, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლომდე მისული საქმე ისევ საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ანუ არსებითი განხილვა ისევ არ ტარდება და ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენას ისევ აღიარებს, გარეთ რჩება.

მაგალითად, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნატრული აკობიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პ.გ.-ს, 14 წლის გოგოსთან სექსისთვის, რაც ჩაეთვალა პირობით. ის წინა წელს ამავე მუხლით გასამართლდა და მაშინაც სასჯელი პირობით ჩაეთვალა, რადგან საპროცესო შეთანხმება შედგა. მაშინ ბრალდებულს 3 წლით ჰქონდა პირობითი მსჯავრი შეფარდებული.

მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს, ბრალდებული წინა წელსაც იმავე მუხლით რომ გასამართლდა და დაზარალებული უკვე ორსულადაა.

„…ნოემბრის და დეკემბრის თვეში გასამართლების შემდეგ ზუგდიდში პ.გ.-მ, რომელსაც შეცნობილი ჰქონდა, რომ ლ. იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, მასთან ამყარებდა ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს. ამჟამად ლ. არის ორსულად“, – წერია განაჩენში.

მსგავსი განაჩენი აქვს რუსთავის სასამართლოსაც. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16 წლის გოგოსთან, რომელიც უკვე ფეხმძიმედ იყო, სექსით კავდებოდა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმაც აქაც საპროცესო შეთანხმება დაადასტურა და ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით ჩაეთვალა. განაჩენის მიხედვით ვერ ვიგებთ, რა სასჯელი ჰქონდა ბრალდებულს შეფარდებული წინა წელს.

140-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით სრულდება და პირობითი მსჯავრით. რამდენიმე საქმეზე სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოიყენა, ასევე ფულადი ჯარიმა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება? – ასეთი განაჩენი, მაგალითად, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვნახეთ. მოსამართლე ზვიად შარაძემ ერთ შემთხვევაში 14 წლის გოგოსთან სექსუალური კონტაქტისთვის პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათით. ამ შემთხვევაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება შედგა.

მეორე შემთხვევაში კი, სადაც საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა, ბრალდებულს  140-ე მუხლის შესაბამისად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

სასამართლოში ამ უკანასკნელ საქმეზე არსებითი განხილვა შედგა და მოსამართლეს ჩვენება დაზარალებულად ცნობილმა 14 წლის გოგომაც მისცა. მან თქვა, რომ ბრალდებული „ოდნოკლასნიკით“ გაიცნო და ერთ დღეს სკოლის ნაცვლად, ბრალდებულთან შესახვედრად წავიდა… დაზარალებული ჰყვება, რომ ბრალდებულმა მას გზაში ავტომანქანიდან გადაუგდო მობილური ტელეფონი თავისი სიმ-ბარათით და ნათლიის ოჯახში იძულებით დაამყარა მასთან  სექსუალური კონტაქტი. ეს შემთხვევა „არარეგისტრირებული ქორწინებით“ არ დასრულებულა.

სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმაც. მან თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 14 წლის იყო და მისი ცოლად შერთვა სურს.

ამ საქმეზე პროკურატურა ბრალდებულს გაუპატიურების მუხლითაც ედავებოდა, თუმცა გაუპატიურების ფაქტი სასამართლომ არ დაადგინა.

2020 წელს განათლების სამინისტრო 55 000 კომპიუტერს შეისყიდის

2020 წელს განათლების სამინისტრო პირველი კლასის მოსწავლეებისა და დამრიგებლებისთვის 55 000 პორტაბელურ კომპიუტერს შეისყიდის.

კომპიუტერები დამრიგებლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და საჯარო სკოლებიდან ოფიციალურად გამოგზავნილი რაოდენობის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გადაეცემათ.

როგორც „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს, კომპიუტერების შესყიდვის ბიუჯეტი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან „სააგენტოს ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია“.

განათლების სამინისტრო კომპიუტერებს 2020 წელსაც მხოლოდ პირველი კლასის დამრიგებლებისთვის ყიდულობს და პროგრამა სხვა კლასების დამრიგებლებზე არ ვრცელდება.

ადგილები, სადაც ავტოავარია ხშირად ხდება – კანონი გზებზე „შავ წერტილებს“ დაადგენს

საქართველოს საავტომობილო გზებზე ე.წ. „შავი წერტილები“, ანუ ის ადგილები განისაზღვრება, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ავარიების შედეგად საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჯამში, 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90 ათასამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაფიქსირდა 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 459 ადამიანის დაღუპვა და 9 048 სხეულის მძიმე დაზიანება. ამასთან, 2019 წლის 11 თვის მდგომარეობით [იანვარი-ნოემბერი] დაფიქსირებულია 5 330 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 427 ადამიანის დაღუპვა და 7 291 სხეულის მძიმე დაზიანება.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შავ წერტილად განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

მარტო ქობულეთის შემოვლით გზაზე, „ბათუმელების“ არქივის მიხედვით, 2018 წლის ივლისიდან დღემდე პერიოდში, სხვადასხვა დროს მომხდარი ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა – 23.

„დღეისათვის არსებული პრაქტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დადგენა ხდება 1 კმ-იანი სიზუსტით, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შავი წერტილების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის მიმართულებით, რაც გამოწვეულია აღნიშნული ტერმინის დეფინიციის არარსებობით და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობის გაუნაწილებლობით… უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრისა და მათზე შესაბამისი (გასაუმჯობესებელი) ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონს ემატება ახალი 261-ე მუხლი [შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა], რომელშიც მოცემულია „შავი წერტილის“ განმარტება, ასევე, შავი წერტილის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით უწყებების მოვალეობები და შავი წერტილების აღმოფხვრისათვის წესების შემუშავებისა და ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისთვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა: „საკანონმდებლო ცვლილების პროექტი შემუშავებული იქნა იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილი იყო მსოფლიო ბანკის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალური მექანიზმის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტის [ჯეიმს ჰოლგატი] მიერ შესრულებულ ანგარიშში „შავი წერტილების იდენტიფიცირების სახელმძღვანელო და სათანადო ზომების გატარება საქართველოში“.

მთავრობის განმარტებით, ინფორმაცია გზებზე არსებული სახიფათო მონაკვეთების შესახებ მუშავდება უწყვეტად, კანონპროექტის მიღების შედეგად კი, განხორციელდება აღნიშნული პროცესის ფორმალიზება იმ განმარტების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება „შავი წერტილი.“

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება:

[checklist]

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა შავი წერტილების იდენტიფიცირების მიმართულებით და აღმოჩენილი შავი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სახელმწიფო (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საავტომობილო გზის მიხედვით.
  • სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი, აღნიშნულ ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საავტომობილო გზების მიხედვით და მათთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნირების პირობებში განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს შავი წერტილის აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, რაც შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.

[/checklist]

პროექტის მიხედვით, კანონში შეტანილი ცვლილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღება; მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა კი უნდა უზრუნველყონ სათანადო დადგენილებების მიღება.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად 2020 წლის 18 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდია განსაზღვრული.

ამ თემაზე:

საავტომობილო გზებზე პოტენციურად საშიში ადგილები დადგენილი არ არის – აუდიტი

 

ABC News-მა გააშუქა ბათუმელი ძაღლის ამბავი, რომელსაც ბავშვები ზებრაზე გადაჰყავს

ბათუმელი ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ABC News-ი აქვეყნებს ძაღლის ვიდეოს  სათაურით “ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში”.

ვიდეო ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო. როგორც ბექა ამბობს, ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. მზიან ამინდში ძაღლი მელიქიშვილზე, ცენტრალური პარკის წინ მდებარე გადასასვლელზე შეგიძლიათ ნახოთ.

ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელებს მზიან ამინდში აღსაზრდელები პარკში მიჰყავთ. ძაღლი, რომელსაც ზოგი ყურშას ეძახის, ზოგი კუპატას, ზოგი ბიმის და ზოგიც კი ბროლიას, ბავშვებს გადასასვლელზე ელოდება და ქუჩის მეორე მხარეს აცილებს.

ყურშა/ბიმი/კუპატა/ბროლია მეორე ძაღლია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო მედიაში მოხვდა. პირველი ძაღლი გორში ცხოვრობს და ის იმით გახდა პოპულარული, რომ სტადიონზე საფეხბურთო მატჩის დროს შევარდა. ერთმანეთს  გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” ეთამაშებოდა.

https://netgazeti.ge/news/309833/

რა გეგმა აქვს პუტინს

ვლადიმერ პუტინმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელმაც, მისი განმარტებით, რუსეთში პარლამენტის როლის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. რა გეგმა აქვს სინამდვილეში პუტინს და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის?

რას გეგმავს პუტინი?

15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისადმი მიმართვისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა – დეკლარირებულად მას სურს, სახელმწიფოს მართვაში გაიზარდოს პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს როლი.

გარდა ამისა, პუტინმა წამოწია იდეა, კონსტიტუციიდან ამოეღოთ დებულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ ერთმა პირმა თანამდებობა მრავალჯერ დაიკავოს, თუ ეს ორ ვადაზე მეტჯერ გადაბმულად არ იქნება. პუტინის თქმით, ინიციატივების რეფერენდუმზე გატანა სურს.

პუტინის მიმართვის შემდეგ გადადგა დიმიტრი მედვედევის მთავრობა, ხოლო მალევე ცნობილი გახდა პრემიერობის კანდიდატის ვინაობა – მიხეილ მიშუსტინი.

პუტინის განცხადებებს რუსულ და დასავლურ მედიაში არაერთი ანალიზი მოჰყვა, თუ რას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლის შემდეგ – პრემიერობას, რომლის როლიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა გაიზარდოს, პრეზიდენტად დარჩენას, თუ ყაზახეთის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის მსგავსად, ისიც დაემშვიდობება პრეზიდენტის სკამს, მაგრამ “სახელმწიფო საბჭოდან” გააგრძელებს მართვას?  ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის საკითხებით დაინტერესებული ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პუტინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის (2024) შემდეგაც შეინარჩუნებს ძალაუფლებას ან გავლენას სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე მაინც.

“პუტინს უნდა დარწმუნდეს, რომ მომავალი პრეზიდენტი მის პოლიტიკას გააგრძელებს, მაგრამ მას ისევ სურს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა”, – ამბობს კარნეგის ცენტრის მკვლევარი ტატიანა სტანოვაია RFE/RL-თან საუბარში.

ის გამორიცხავს, რომ პუტინი 2024 წელს, ანუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერად აპირებდეს დაბრუნებას, ისე როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა და პრეზიდენტის პოსტი დიმიტრი მედვედევს დაუთმო.

“პრემიერი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პარლამენტზე და ახალ პრეზიდენტს ექნება უფლება, რომ პრემიერი დაითხოვოს. პუტინს არ ექნება სურვილი ასეთი რისკი გასწიოს”, – ფიქრობს სტანოვაია.

ანალიტიკოსის აზრით, მას არ ენდომება, რომ ჩართული იყოს ყოველდღიურ პოლიტიკაში, სანაცვლოდ კი შეიძლება დაკმაყოფილდეს გაძლიერებული სახელმწიფო საბჭოს ლიდერის როლით, ისევე როგორც  ნურსულთან ნაზარბაევია ყაზახეთში.

“პუტინმა უნდა იპოვოს მისი შემცვლელი [პრეზიდენტის პოსტზე], რომელსაც მიეცემა სივრცე მუშაობისთვის, თუმცა მას ექნება სურვილი, რომ გავლენა შეინარჩუნოს. ამისათვის დასჭირდება მექანიზმი, რომლითაც პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მასთან შეთანხმება დასჭირდება”, – აღნიშნავს სტანოვაია.

ასეთ შემცვლელად რუსეთში ხშირად განიხილავდნენ ხოლმე დიმიტრი მედვედევს – “რობინს პუტინის ბეტმენის სამყაროში”, როგორც მას, ბრიტანული “გარდიანის”ცნობით, ვიკილიქსის ფაილებში ამერიკელი დიპლომატები მოიხსენიებდნენ. თუმცა, RFE/RL-ის მიხედვით, ამ უკანასკნელებს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები და ღია დებატებიც ჰქონიათ წარსულში სხვადასხვა საკითხებზე. შესაბამისად, ნათელი არ არის, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ექნება მედევდევს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, სამომავლოდ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი 2011 წელს © EPA-EFE/SERGEI CHIRIKOV

რუსეთში ყაზახური სცენარის განვითარებას შესაძლებლად მიიჩნევს კიდევ ერთი ექსპერტი გრიგორი გოლოსოვი, რომელიც “მედუზასთან” საუბარში ამბობს:

“აუცილებელი არ არის, რომ პუტინი სახელმწიფო საბჭოში გადავიდეს, ამ როლისთვის უსაფრთხოების საბჭოც გამოდგება.  ვფიქრობ, მას ჯერ არ გადაუწყვეტია. არსებობს ასეთი რამ – “ვეტო-მოთამაშე”, რომელსაც შეუძლია მიღებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა, ან გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელი იქნება მისი თანხმობა. ვფიქრობ, პუტინი ამ როლის თამაშს აპირებს”.

გირჩევთ: ქვიზი პუტინის შესახებ

ანალიტიკოსი ცენტრალური აზიის საკითხებში არკადი დუბნოვი კი მიიჩნევს (წყარო: “მედუზა”), რომ რუსეთში ყაზახური მოდელის განმეორება საკმაოდ რთული იქნება. როგორც ცნობილია, ნურსულთან ნაზარბაევმა 30- წლიანი მმართველობის თავზე პრეზიდენტის პოსტი დატოვა და გავლენიანი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა, სადაც უფლება ჰქონდა პრეზიდენტისთვის განკარგულებებიც კი მიეცა.

“ყაზახეთში ჩამოყალიბდა ორი სახელისუფლო გუნდი – პრეზიდენტისა და ნაზარბაევის, და მათ შორის არსებობს უთანხმოებები გარკვეულ საკითხებზე. ჩემი აზრით, ბიუროკრატია ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, ვინ არის სახლში უფროსი და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს. თუმცა ნათელია, რომ ნაზარბავემა პრეზიდენტს გადასცა უფლება მიიღოს ყველა არაპოპულარული გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული გადაწყვეტილებები კი თავისთვის დაიტოვა”.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუჭირდება ასეთი მოდელის რუსეთში განხორციელება პუტინს, ანალიტიკოსი ამბობს:

“ჩვენი ელიტის ბუნება იმგვარია, რომ ის ბატონს მაშინვე და მთლიანად ფეხქვეშ ეგება  იქამდე, სანამ არ გაიაზრებს, რომ ლომი უკვე ძალიან დაჩაჩანაკდა”.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პუტინი 2024 წლის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტად დარჩება. ამ შესაძლებლობაზე ნეტგაზეთთან ანალიტიკოსი, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი საუბრობს.

ჩეჩელაშვილის თქმით, პუტინის ეს დაანონსებული ცვლილებები გეგმის ნაწილია, რომელიც მას 2024 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის საშუალებას მისცემს:

„პუტინის ინიციატივას კონსტიტუციურ ცვლილებებზე ჰქონდა ორმაგი მიზანი. პუტინი აპირებს ამ ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას.  ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად რადიკალური. ვფიქრობ, რომ ეს არის მისი ტაქტიკური გეგმის პირველი ნაწილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმართვისას მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ორი ვადით პრეზიდენტის არჩევის დებულებას არ მიიჩნევს პრინციპულად. ეს იყო გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს დებულება შეიძლება მომავალში შეიცვალოს. ამიტომ, როცა მოხდება რეფერენდუმისთვის საკითხების ფორმირება, ვფიქრობ, რომ იქნება ინიცირებული გარკვეული ჯგუფების მიერ და ეს არ იქნება რთული, რომ პრეზიდენტის არჩევის ორი ვადით შეზღუდვა იყოს გადახედილი. შემდეგ იქნება ამაზე ბჭობა და გამოვლენ ამის მხარდამჭერი ჯგუფები და პარტიები. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად დალაგებული ტაქტიკური გეგმა, რომელიც გაიტანს ამ ცვლილებას ორი ვადით არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმზე, მიიღებს დასტურს და შემდეგ, რა თქმა უნდა, პუტინის საკონსტიტუციო უმრავლესობა სახელმწიფო სათათბიროში ამას დაადასტურებს და 2024 წლის პრობლემას პუტინი გადაწყვეტს“, – აცხადებს იგი.

გარდა ამისა, მისი თქმით, პუტინის მიმართვაში იყო გზავნილები რუსული საზოგადოებისთვის:

„პუტინს ურჩევნია, რისკებს თავი აარიდოს და დარჩეს პრეზიდენტად. თითქოს, ეს ცვლილებები არის იმისთვის, რომ შესუსტდეს პრეზიდენტის როლი და გაძლიერდეს პრემიერ-მინისტრის, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, პრეზიდენტს სერიოზული ძალაუფლება უნარჩუნდება. მე ვფიქრობ, პუტინს უნდა, 2024-შიც დარჩეს პრეზიდენტად და სინამდვილეში ამისთვის სურს კონსტიტუციის შეცვლა, ოღონდ ახლა მან ეს არ განაცხადა და ეს ფანდი შეაგდო იმ კომენტარით, რომ პრეზიდენტის ორი ვადით არჩევის დებულებას პრინციპულად არ თვლის. ეს იყო გასაგები გზავნილი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნავს ჩეჩელაშვილი.

რას ნიშნავს ეს ცვლილებები დასავლეთისთვის… საქართველოსთვის?

ამ შეკითხვაზე ანალიტიკოსების მოკლე პასუხი საკმაოდ მარტივია – ბევრს არაფერს. არაერთი მიმომხილველი პუტინის განცხადებებს უფრო შიდა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე პასუხის მცდელობად მიიჩნევს. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა, მოსკოვი კი არაერთხელ მოიცვა სხვადასხვა საპროტესტო აქციებმა სოციალური თუ პოლიტიკური მოთხოვნებით.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი სირბილაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ 2024 წლის შემდეგ, ამ ცვლილებებმა შეიძლება გარკვეული სახის გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორი იქნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის შიდა კოორდინაცია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამან რუსეთის ზოგადი საგარეო პოლიტიკური მიდგომა შეცვალოს.

“რუსეთის – როგორც სახემწიფოსი, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი როლის და ძალაუფლების გაზრდა სურს – საგარეო პოლიტიკა, თუ შეიძლება ითქვას, ‘ადმინისტრაცია გამძლეა’, ანუ ზოგადი მიზნები არ იცვლება. უბრალოდ, ხშირად საშუალებები ამ მიზნების მისაღწევად არის განსხვავებული. პუტინის ძალაუფლებაში მოსვლამდეც კი, მაგალითად, რუსეთის პოლიტიკური ელიტა ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას და დასავლეთის გაზრდილ როლს, თუმცა იმდროინდელი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები რუსეთს საკმარისი წინააღმდეგობის საშუალებას არ აძლევდა.  პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთი საგარეო პოლიტიკაში ბევრად უფრო ასერტიული (ხისტი, თამამი) გახდა და ამ ასერტიულობაზე გავლენა არ მოუხდენია იმას, რომ 2008-2012 წლებში პუტინმა ფორმალურად დათმო პრეზიდენტობა და პრეზიდენტი გახდა დიმიტრი მედვედევი. სწორედ მედვედევის დროს მოხდა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ და, გლობალურად, რუსეთი ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის როლს და ჩართულობას, მაგალითად, სირიის სამოქალაქო ომში. პუტინის პრეზიდენტობის პირობებში საგარეო პოლიტიკაში მედვედევი, როგორც პრემიერ-მინისტრი, მინიმალურ როლს თამაშობდა და ახალი პრემიერის ფუნქციაც, სავარაუდოდ, შიდა პრობლემების მოგვარება იქნება, რაც რეალურად იყო ამ ცვლილებების მიზანი”, – ამბობს ირაკლი სირბილაძე.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმითაც, ეს ინიციატივები სულაც არ მოასწავებს ცვლილებებს საგარეო პოლიტიკაში:

„არ ვფიქრობ, რომ ცვლილებები იქნება რამე ახალის მომასწავებელი საგარეო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ სერგეი შოიგუს (თავდაცვის მინისტრი) და სერგეი ლავროვს (საგარეო საქმეთა მინისტრი) პუტინი ახალ კაბინეტში შეინარჩუნებს და, შესაბამისად, მისი იმპერიული დამოკიდებულება მეზობლებისადმი და საერთოდ დაპირისპირების პოლიტიკა დასავლეთთან გაგრძელდება ჩვეულებრივად, როგორც აქამდე“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

1000-ლარიანი ჯარიმა საზღვარზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობისთვის

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საბაჟოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

რომელ ქუჩებზე იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა ბათუმში – მერიის განცხადება

ბათუმის მერიის ცნობით, მიმდინარე კვირიდან 45 დღის განმავლობაში ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება:

[crosslist]

  • ჯავახიშვილის ქუჩაზე
  • გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში
  • პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე

[/crosslist]

შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ხორციელდება წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე).

სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამჟამად სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია:

[crosslist]

  • ფიროსმანის ქუჩაზე
  • ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით
  • ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე (კობალაძის ქუჩის მიმდებარედ)
  • ლეონიძის ქუჩაზე
  • ნაწილობრივ შეზღუდულია – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულთან

[/crosslist]

სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა ალტერნატიული ქუჩებით უნდა იმოძრაონ.

მერიის ცნობით, რვა ჯგუფი მუშაობს, რათა ტურისტული სეზონისთვის ძირითადი მონაკვეთების დასრულება მოესწროს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყლის სისტემების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა გონიო-კვარიათის დასახლებაში.

პროექტი 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე: 

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

ფარისებრი ჯირკვალი – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ფარისებრი ჯირკვალი პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კისერზე, ხორხის ქვეშ, ტრაქეის, იმავე სასულის წინ მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სისხლში გადადის და ყველა უჯრედსა თუ ქსოვილზე მოქმედებს. ეს ჰორმონები შეიცავს იოდს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასქესო, რეპროდუქციული, ძვალკუნთოვანი სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია. თითოეულ მათგანს განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე საუბრისას შესაძლოა გამოვყოთ დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის შემდეგი ცვლილებებით:

[checklist]

  • სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარე
  • ფუნქციური ცვლილებებით მიმდინარე
  • დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ერთდროულად, როგორც სტრუქტურული, ისე ფუნქციური ცვლილებებით

[/checklist]

ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა, ჰიპერთირეოზი კი ფუნქციის სიჭარბე.

არის შემთხვევები, როდესაც სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურ ფუნქციონირებას ინარჩუნებს (ეუთიროიდული ჩიყვი).

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს და ის შეიძლება იყოს:

[checklist]

  • ენდემური – იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა
  • დიფუზური – ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და თუ პაციენტს არ აღენიშნება ჰორმონული დარღვევები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს;
  • კვანძოვანი – როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძების გაჩენის გამო. კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისევე ავთვისებიანი;
  • დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი – გრეივსის დაავადება. პათოლოგიური მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონები გამომუშავდება.

[/checklist]

ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ მუხაშავრია

ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში?

ბოლო სამი წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გამოვლენილია სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და ჰიპოთირეოზის სხვა ფორმები, თირეოიდიტი და თირეოტოქსიკოზით მიმდინარე დაავადებები.

რა ძირითადი სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების, ჰიპერთირეოზის დროს პაციენტს აღენიშნება:

[checklist]

  • ემოციური არამდგრადობა, აგზნებადობის მომატება, ცვალებადი ხასიათი
  • ოფლიანობის სიჭარბე
  • გულის აჩქარება, რომელიც მედიკამენტის მიღების მიუხედავად არ ქრება
  • ხელის თითების კანკალი
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება
  • წონის კლება და ა.შ

[/checklist]

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ჰიპოთირეოზის დროს კი პაციენტი უჩივის:

[checklist]

  • ადინამიასა და მოდუნებას
  • ძილიანობას
  • წონის მატებას
  • თმის ცვენას
  • ფრჩხილების მტვრევადობას
  • კანის სიმშრალეს
  • ყაბზობას
  • ემოციურ არამდგრადობას
  • ბრადიკარდიას (გულის რიტმის შენელება)
  • დაბალ არტერიულ წნევას და სხვ.

[/checklist]

როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსავლენად მნიშვნელოვანია, შეფასდეს:

პაციენტის ჩივილები, ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, რომლის საშუალებით ფორმა, ზომა, ექოგენობა, კვანძების რაოდენობა, ცვლილებების დინამიკაში დაკვირვება,

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდომარეობა განისაზღვროს სხვადასხვა ჰორმონის და ანტისხეულების ტიტრი სისხლში.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის, მნიშვნელობა ენიჭება დამიზნებით წვრილი ნემსით ასპირაციას და მიღებული მასალის ციტოლოგიურ კვლევას. ჩხვლეტით აღებული მასალის შესწავლამ ცხადყო, რომ თუ კვანძი კეთილთვისებიანია, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება. მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანში ერთხელ ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა და ანალიზი. ასეთი კვანძი ქირურგიულად მაშინ შეიძლება ამოიკვეთოს, თუ პაციენტს თავად სურს ეს ან კვანძი დიდია და იწვევს ყლაპვის გაძნელებას, ხმის შეცვლას ან ჩახლეჩას, დისკომფორტს კისრის არეში.

რას ვურჩევდი პაციენტებს ფარისებრის დაავადებების პრევენციისთვის?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული მკურნალობისთვის უმთავრესი წინაპირობა არის დროული დიაგნოსტიკა, რისი მიღწევაც შესაძლებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი პროცესების ადრეული გამოვლენა, ვინაიდან დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე მკურნალობა შესაძლოა შემოიფარგლოს მხოლოდ ქირურგიული მეთოდით.

ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, დროულად მიმართეთ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და თავიდან აიცილეთ შესაძლო გართულებები!

თამარ მუხაშავრია – ექიმი ენდოკრინოლოგი, ხოზრევანიძის კლინიკა.


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით: www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

თურქეთში მცხოვრები ქართველი ყარსის ხელშეკრულებაზე: ამ მითზე, წესით, უნდა გაგეღიმოს  

ფარნა-ბექა ჭილაშვილი სტამბოლში მცხოვრები ქართველია. იგი ძირითადად სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, თარგმნის კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თურქულ ენაზე. ფარნას წინაპრები თურქეთში ოსმალეთის იმპერიამ გადაასახლა მუჰაჯირობისას აჭარიდან.

რა განწყობები არსებობს ქართული დიასპორისადმი თურქეთში და რა ხვდებათ მათ საქართველოში ჩამოსვლისას, რას ფიქრობენ ისინი ყარსის ხელშეკრულებაზე და მასთან დაკავშირებულ შიშებზე, რასაც საქართველოში პრორუსული ძალები აღვივებენ, რამდენად ორგანიზებულია ქართული დიასპორა თურქეთში და რა გავლენა აქვს მათზე საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ფარნა-ბექა ჭილაშვილი საუბრობს.

  • თქვენი წინაპრები აჭარიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლდნენ თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, ორდუს პროვინციაში დასახლდნენ. გაქვთ ნაშრომი „ქართველების ისტორია“. რა გახსოვთ წინაპრების მონათხრობიდან და რა სირთულეები გაიარეს ქართველებმა თურქეთში გადასახლებისას?

ოსმალური აღწერების მიხედვით ჩემს რეგიონში, ორდუს პროვინციაში გადმოსახლებული ჩემი წინაპრების დაბადების ადგილი ბათუმია, არა საკუთრივ ქალაქი, არამედ ბათუმის რეგიონი, ,,ყაზა“, რაც სოფელს უნდა ნიშნავდეს. ჩვენი ზუსტი გვარი არ ვიცი, ამიტომაც ხან ჭიაძეს, ხან ჭილაშვილს და ხან ჩილაშვილს ვიყენებ, რადგან ვიცი, რომ ოსმალეთის დროს ქართული გვარი გადაკეთებული იყო ჩილოღლებად. ეს გვარი მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ვიქნებოდით ჭილაძეები ან ჭილაშვილები, დიდი ალბათობით ჭილაძე, რადგან დასავლეთ საქართველოშია ეს გვარი გავრცელებული.

გადმოსახლება, სამშობლოს დატოვება, ალბათ ტრაგედია უნდა იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წინაპრები ამის შესახებ არ საუბრობდნენ. ცნობილი ამბავია მსოფლიოში, რომ გადახიზნული იშვიათად საუბრობს წარსულზე, რადგან ახლად დასახლებულ ადგილზე მყარად უნდა მოიკიდო ფეხი – მომავალი რომ გქონდეს. მაინც ცნობილია, რომ ჩემი წინაპრები ჯერ სანაპიროზე დასახლდნენ და მერე მალარიის გამო მთიან ადგილებში ავიდნენ. ჩემი თვალით დანახული ტრაგედია ასახულია ჩემს მოთხრობებში, რომლებიც ქართულად ორ კრებულში გამოქვეყნდა – “სასაზღვრო ფიქრები” და “სანამ თოვს“.

  • რამდენიმე ჟურნალს, მათ შორის „ჩვენებურს“, “მამულს” გამოსცემდით თურქეთში, რა იყო ამ გამოცემების მიზანი და ვინ იყო თქვენთვის საქართველოში მიმდინარე ამბების წყარო?

სოფელში დავიბადე და ბავშვობაც სოფელში გავატარე. სტამბოლში, მარმარას უნივერსიტეტში დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მაგრამ ენციკლოპედიურმა საქმემ გამიტაცა, ცოტა ხნით ვიმუშავე ჟურნალისტად. ჟურნალი “ჩვენებური“ 1977-1979 წლებში გამოვიდა, სტოკჰოლმში გამოსცა შალვა თევზაძემ პირველი 5 ნომერი, სტამბოლში აჰმედ მელაშვილმა გამოსცა მე-6 და მე-7 ნომერი, მერე შეწყდა. 1993 წელს ხელახლა დაიწყო აჰმედ მელაშვილის ვაჟმა, იბერია მელაშვილმა, ბურსაში ,,ჩვენებურის“ გამოცემა. მეორე ნომრიდან მე ვიყავი რედაქტორი, მერე თავი დავანებე. გამოვეცი ჟურნალი „მამული” და ეგეც დიდხანს ვერ გაგრძელდა ფინანსური პრობლემების გამო. მოგვიანებით ორენოვანი ჟურნალი „ფიროსმანი” დავაარსე.

ამ ჟურნალების მთავარი მიზანი ქართული კულტურის გაცნობა იყო, ყველას აწუხებდა თურქეთში ქართულ კულტურას რომ არ იცნობდნენ. გვინდოდა ყველას გაეგო უძველესი ქართველი ერის შესახებ, რომელსაც მდიდარი წარსული აქვს.

იმ დროს საქართველოში მიმდინარე ამბების წყარო ძალიან შეზღუდული იყო და ისიც ვიცი, რომ 1977-1979 წლებში ჟურნალ “ჩვენებურის” გამოცემაში ჩართული იყვნენ ქართველი თურქოლოგები. მე ამ დროს არ მქონდა კავშირი მათთან, არც ვიცოდი, რომ ასეთი ჟურნალი გამოდიოდა თურქეთში, სანამ 1980 წელს ერთმა თურქმა მწერალმა ძველი ჟურნალების თითო ეგზემპლარი მაჩუქა.

  • ინტერესდება თუ არა თურქეთის ქართული დიასპორა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და როგორ აფასებს დიასპორა საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

საკმაოდ რთული საკითხია. თუ ისტორიულ “დიასპორაზე” მეკითხებით, აქ ძალიან დიდი სიჭრელეა, არიან ისინი, ვინც უკვე გათურქებულია და არანაირი ინტერესი აღარ აქვთ. ჩემი აზრით, ეს ნაწილი არ უნდა ითვლებოდეს დიასპორად. ქართველობასთან მათ არანაირი შეხება და კავშირი აღარ აქვთ.

არის დაინტერესებული კატეგორიაც. ზოგი კარგად ფლობს ენას, ზოგიც – ვერა, ისევე როგორც ზოგი საქართველოს კარგად იცნობს და ზოგი – ნაკლებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი თავს ქართველებად მოიაზრებენ და თან თურქეთის საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ. სამწუხაროა, რომ ამ ხალხს საქართველოში ქართველებად არ მიიჩნევენ, იწოდებიან „ჩვენებურებად“, „გურჯებად“, „თათრებად“… ამ დამოკიდებულების გამო ბევრი ადამიანია ნაწყენი და თანდათან იკარგება ინტერესი საქართველოსადმი. ალბათ რელიგიური განსხვავების გამოა დამოკიდებულება ასეთი, რაც სამწუხაროცაა და სასაცილოც. საქართველოს სახელმწიფოს თურქეთელი ქართველების მიმართ არ აქვს შემუშავებული პოლიტიკა და თან, ჩემი აზრით, ცუდი ძალები ეწევიან უარყოფით პროპაგანდას. როცა წლების განმავლობაში და დღესაც ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 30 000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს… ჩვენი ცნობებით, რაც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, მხოლოდ 3 000 თურქეთელ ქართველს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

  • აწვდის თუ არა დიასპორა თურქეთში საზოგადოებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე გარკვეულ ინფორმაციას და ლობირებს თუ არა საქართველოს?

ქართული დიასპორა თურქეთში არ არის ორგანიზებული და რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არსებული პოლარიზაცია აისახა თურქეთის ქართველებზეც. საქართველოში არსებულ თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას აქ თავისი ჯგუფი ჰყავს, რომლებსაც თავიანთი ამბიციების, ინტერესების მიხედვით იყენებენ. ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაციაც თურქეთელი ქართველების შესახებ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე  “საკვირაო სკოლების” არსებობის შესახებ, სადაც ჩაიტანეს დედა ენა, ლექსიკონები, მაშინ, როცა თურქეთში არსად არის საკვირაო სკოლა და ახლად გადმოხიზნული ემიგრანტებისთვის საკვირაო სკოლების არარსებობა დიდი ტკივილია. მათ ბავშვებს ავიწყდებათ მშობლიური ენა და ამ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევს. პირდაპირ გეტყვით, ისტორიული დიასპორის განათლებული ქართველობა მთლიანად მოწყვეტილია და შორს დგას ყველაფრისგან. ალბათ საქართველოს სწორი პოლიტიკა და მიდგომაა საჭირო, რომ საქმის მკეთებელი ხალხისთვის მიმზიდველი რაღაცები გამოჩნდეს.

დიდი ხანია ვამბობ და ვწერ, რომ სხვაგან თუ ვერა, სტამბოლში მაინც აუცილებელია დაარსდეს „შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრი” საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ასე დაიწყეს ესპანელებმაც თურქეთში და დიდ წარმატებას მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ თურქეთში დიდი დიასპორა. ქართველებს კი უფრო დიდი შანსი აქვთ, უამრავი რამის კეთება შეიძლება ასეთი გზით საქართველოს სასარგებლოდ. მაგალითად, როცა ერლომ ახვლედიანის რომანი “კოღო ქალაქში” ვთარგმნე, რიზეში მცხოვრებმა ერთმა თურქმა მკითხველმა დაწერა: დიდი ხანია ვიცნობ ქართველებს, მაგრამ არ ვიცოდი მათ საერთოდ ლიტერატურა თუ ჰქონდათ, თანაც ასეთი საოცარიო.

ფარნა ბექა ჭილაშვილი
ფარნა-ბექა ჭილაშვილი
  •  ახალ ამბავს ჩვენს გამოცემაში „შუშანიკის წამების“ თარგმანის შესახებ გამოხმაურება მოჰყვა, მკითხველებს აინტერესებდათ, რატომ გაგიჩნდათ ამ ტექსტის თარგმნის სურვილი.

 „შუშანიკის წამება” პირველი ქართული ნაწარმოებია და იმ მკითხველს, რომელმაც ჩემი სხვა ქართული თარგმანები წაიკითხა, ვაჩვენე ქართული ლიტერატურის საწყისი ეტაპი. ცხადია, ჰაგიოგრაფიულ ჟანრს იმ ქვეყანაში, სადაც მეტწილად მუსლიმები ცხოვრებენ, შესაძლოა ბევრი მკითხველი არ გამოუჩნდეს, მაგრამ ქართული ლიტერატურა იწყება “შუშანიკის წამებით” და ამ თვალსაზრისით საინტერესო ტექსტია.

  • საქართველოში არსებობს მითი, რომ მას შემდეგ, რაც 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვა, თურქეთი ბათუმზე განაცხადებს პრეტენზიას. თქვენი აზრით, რითაა ეს შიში გამოწვეული?

ამ მითზე წესით ყველას უნდა გაეღიმოს, მაგრამ რუსული პროპაგანდის მანქანა საქართველოში კარგად მუშაობს და ხალხს არარსებულ ამბებში არწმუნებენ.

საბჭოთა იმპერიამ გააფორმა ეს ხელშეკრულება და რა იცოდნენ 1921 წელს, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა? რუსეთმა ძალიან კარგად იცის ქართველების ისტორიული შიში და აშინებს წარსულით, რომ შეაბრუნოს საქართველოს კურსი რუსეთისკენ და ასე ჩაუკეტოს გზა განვითარებული დასავლეთისკენ.

ვისაც ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ბათუმის დაკარგვის ეშინია, ვურჩევ უბრალოდ წაიკითხოს ეს ტექსტი, რომ გაიგოს შიგ რა წერია.

  • არსებობს თუ არა იგივე მითები ყარსის ხელშეკრულებაზე თურქეთის ქართულ დიასპორაში?

არც კი მსმენია ამაზე აქ მცხოვრები ქართველებისგან. ეს პერიოდი და, საერთოდ, წარსული ძალიან გაყალბებულია თურქულ წყაროებში და ვისაც აქ თურქულის გარდა სხვა ენებზე დაწერილი ისტორიის წაკითხვის საშუალება არ აქვს, არც იცის წარსულში რა მოხდა. საერთოდ ტაო-კლარჯეთის შესახებაც არაფერი იციან, ამიტომ შევქმენი ბლოგი, რომ ყველა სოფლის ისტორიაც კი ვიცოდეთ მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით.

  • თურქეთში როგორია განწყობა ქართული დიასპორის მიმართ?

კლასიკური გაგებით ქართული დიასპორა არ არსებობს თურქეთში. დიასპორამდე ჯერ ბევრია გასაკეთებელი და ალბათ მერე გავიგებთ, რა განწყობები იქნება თურქეთში ქართული დიასპორის მიმართ.

  • და რა განწყობა ხვდებათ საქართველოში ჩამოსულ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს?

ამაზე ალბათ ყველასგან განსხვავებულ პასუხს მიიღებთ. უმეტესობას საქართველოს სახელმწიფოსაგან კარგი განწყობა რომ არ ხვდება, ეგ ვიცი. ქართული საზოგადოებაც საკმაოდ ჭრელია და ძალიან ბევრი რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს სიყვარულით და სიხარულით ხვდება, ესეც ვიცი. მთავარი საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებაა, ინსტიტუციურ დონეზე.

საქართველოში დაოჯახებულ თურქეთელ ქართველს მოქალაქეობაზე რომ უარს ეუბნებიან, ალბათ მართლაც დამაფიქრებელია, საქართველოში დასახლებულ თურქეთელ ქართველს სახელმწიფო ბიზნესს უფუჭებს, მართლაც ძალიან საწყენია და სათქმელსაც ვერ ვპოულობ. ამ ყველაფერს არ ვვარაუდობ, ნამდვილი საქმეები ვიცი და ამიტომ ვსაუბრობ საჯაროდ. მიუხედავად ისტორიის უბედურებისა, ჩვენ ერთი ერის შვილები ვართ და გაერთიანებას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფომ. უნდა ვიფიქროთ მომავალ თაობებზე და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში დაოჯახებული და გადასახლებული ქართველების შვილები და შვილიშვილები ისეთივე ღირსეული ქართველები იქნებიან, როგორც დანარჩენები.

ფარნა-ბექა ჭილაშვილის თარგმანები თურქულ ენაზე

____

ფარნა-ბექა ჭილაშვილმა თურქულ ენაზე შუშანიკის წამება თარგმნა

სტამბოლში „შუშანიკის წამება” თურქულ ენაზე გამოსცეს

ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით შპს-ს ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დააკავეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, მდინარე სუფსის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ახდენდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, რომელიც შემდგომ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ფორმალურად აისახებოდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე.

დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, უკანონოდ იქნა მოპოვებული 15 775 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, გარემოზე მიყენებული ზიანი აღემატება 15 000 ლარს.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 299-ე, 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ნაპრალები და მეწყრული პროცესის ნიშნები სოფელ ვერნებში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში რამდენიმე თვეა ფერდობებზე ნაპრალი გაჩნდა. სოფელში ხულოს მერის წარმომადგენლის, ომარ აბაშიძის თქმით, ვერნებში 65 კომლი ცხოვრობს. მისი თქმით, ტერიტორია გეოლოგებმა ვიზუალურად უკვე შეისწავლეს:

„ჯერ კიდევ 1998 წელს იყო განვითარებული მეწყრული პროცესები ვერნებში, მაგრამ ისეთი მასშტაბის არ იყო. გასული წლის ნოემბერში მოსახლეობის განცხადება შემოვიდა მერიაში ამ თემასთან დაკავშირებით, მერიამ გვიშუამდგომლა და ამოვიდნენ გეოლოგები, მაგრამ თოვლი იყო და ძირეულად ვერ მოხერხდა შესწავლა. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაპრალები გაზრდილია…“

ომარ აბაშიძის თქმით, ფერდობები, რომლებზეც ნაპრალებია გაჩენილი, რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული ტერიტორიას, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.

ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რუსურსების სამმართველომ მოამზადა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სპეციალისტებმა დაათვალიერეს „ნახიზნევისა“ და „დიდვაკის“ უბნები, რომლებიც სოფელს 600-700 მეტრითაა დაშორებული. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „ნახიზნევის უბანში“ ქანები გამოფიტულია:

„ძირითადი ქანები გარემო პირობების შედეგად ძლიერ გამოფიტულია,  დანაპრალიანებულია და წარმოქმნილია სხვადასხვა ზომის და ფორმის ბლოკები, რომლებიც ხელსაყრელ პირობას ქმნის ფერდობიდან გეოდინამიკური პროცესის განვითარების. ქვათაცვენისა და კლდეზვავების განვითარებას ასევე ხელს უწყობს ძირითად ქანებში გავრცელებულ ნაპრალებში ატმოსფერული ნალექების მოსვლის და თოვლის დნობის დროს წარმოქმნილი წყლების ჩაჟონვა….”

რაც შეეხება დიდვაკის უბანს, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფიქსირდება მეწყრული პროცესისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

„მთელი ფერდი წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდს, რელიეფზე ფიქსირდება მეწყრული პროცესებისთვის დამახასიათებელი ფორმები, ამობურცვების და გორაკ-ბორცვების სახით“.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ტერიტორია გეოლოგებმა გაზაფხულზე უნდა შეისწავლონ უფრო საფუძვლიანად და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა სახის ღონისძიებები განხორციელდება მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.

_____________

ფოტოზე: ნაპრალები ფერდობზე, სოფელ ვერნებში. ზვიად აბაშიძის ფოტო

საქართველოში 53 628 მსუბუქი ავტომანქანა შემოიტანეს და 91 045 გასაყიდად გაიტანეს

საქართველოში, 2019 წლის 11 თვეში, შემოტანილია 53 628 ცალი მსუბუქი ავტომობილი, რაშიც გადახდილია დაახლოებით 580 მილიონი აშშ დოლარი. ამავე პერიოდში კი საქართველოდან გატანილია 594 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულების 91 045 მსუბუქი ავტომობილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ყველაზე მეტი – 19 525 იყო მსუბუქი ავტომობილები – შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით.

რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები, ბენზინზე მომუშავე და ელექტროძრავებით, გარდა ძრავებისა, რომლებიც იმუხტებიან გარე ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთებით – 18 144 ავტომობილი.

რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, რომლებიც მოძრაობაში მოდიან მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით, ასეთი 765 ავტომობილი იქნა შემოტანილი.

გასულ წელს იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილებიდან რამდენი იყო  მარჯვენასაჭიანი, საქსტატში ამის შესახებ მონაცემები არ აქვთ.

ახალი წესით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, რომელიც პირველი აპრილიდან გაივლის ტექდათვალიერებას [მარჯვენა საჭით], მომდევნო ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუ მას საჭე შეცვლილი ექნება.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში იმპორტირებულია  10 კაცის ან მეტის გადასაყვანად [მძღოლის ჩათვლით] განკუთვნილი 834  ავტომობილი, რაც 194 ერთეულით მეტია 2018 წელს იმპორტირებულ ანალოგიური ავტომობილების რაოდენობასთან შედარებით [640 მთელი წლის განმავლობაში].

საქართველოში, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, იმპორტირებულია ასევე 8 760 მოტოციკლი (მოპედების ჩათვლით) და ველოსიპედები დაყენებული დამხმარე ძრავით, ეტლით ან მის გარეშე [რაც 5 719-ით ნაკლები იყო მთელი 2018 წლის მონაცემებთან შედარებით].

რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს, სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოდან 2019 წლის იანვარ-ნოემბერში გატანილია 91 045 მსუბუქი ავტომობილი, რაც 36 552 ავტომობილით მეტი იყო 2018 წელს ექსპორტირებული [54 493 ცალი] ავტომობილების რაოდენობასთან შედარებით.

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 686.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ წინასწარ ანგარიშში, რომელიც დღეს, 20 იანვარს, გამოქვეყნდა.

ავტომობილების რეექსპორტი 2018 წელთან შედარებით 2019-ში 68.2 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის მთლიან წილში 18.2 პროცენტს შეადგენს.

ამ თემაზე ვრცლად:

2019-ში ავტომობილების რეექსპორტი 68%-ით გაიზარდა

Exit mobile version