მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლის რესტავრაცია იგეგმება. ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2018 წლის ივლისში მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ინფორმაციით, ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია.
ე.წ. დალფონსის აგარაკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კმდს-მ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია.
„მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს კვლევითი სამუშაოების პროექტის შედგენა და მის საფუძველზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაგან შესაბამისი ნებართვის მიღება. კვლევითი სამუშაოების პროექტი ნებართვის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში. ნებართვის მიღების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვლევითი სამუშაოების ჩატარება და შედეგების წარმოდგენა მაქსიმუმ ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. კვლევითი სამუშაოების შედეგების წარმოდგენის შემდეგ სააგენტო 14 კალენდარული დღის განმავლობაში (არ ითვლება ვალდებულების შესრულების საერთო ვადაში) აფასებს აღნიშნულ დოკუმენტაციას და დადებითი შეფასების შემდეგ გასცემს თანხმობას კვლევითი სამუშაოების შედეგების საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შედგენაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შედგენა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში,“ – აღნიშნულია ტენდერში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს თან უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათი – პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება.
დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 31 იანვარს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.
—
დ’ალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.
2018 წლის აგვისტოში „ბათუმელებს“ ბოტანიკურ ბაღში უთხრეს, რომ „შესაძლოა პროექტი შეიძინოს კულტურულმა მემკვიდრეობამ და შემდეგ სამუშაოებს დააფინანსებს ან სახელმწიფო, ან „ქართუ“ და ა.შ. შენობა არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. უნდა დაინგრეს და პირვანდელი სახით აღდგეს“.
სააგენტოში კი განაცხადეს, რომ „საერთო სურათი კვლევის შედეგად უნდა მივიღოთ, თუ რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო. ამას დაადგენენ სპეციალისტები“.
ამ თემაზე:
დ’ალფონსის სააგარაკო სახლს მწვანე კონცხზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შენობა ავარიულია