განათლება,მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

13.11.2018 • 21761
რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს.

  • ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში „სრულიად ახალ მიდგომებს“ გეგმავს?

ვგულისხმობთ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც მე-7-9 კლასებში უკვე დამტკიცებულია, პირველ და მე-6 კლასებში კი დანერგვა მიდის და რეალურად ამაზეა აქ საუბარი.

სანამ ახალი მოდელი ყველა სკოლაში დაინერგება და გაზაფხულზე 50-მდე სკოლაში შევა, მანამდე ამ მოდელის პილოტირება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

მოდელი გულისხმობს იმას, თუ როგორ უნდა დაგეგმოს სკოლამ  სასკოლო კურიკულუმი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, ქოფი-ფეისტით აქვთ პედაგოგებს გადატანილი. ახალი მოდელის მიხედვით, მასწავლებლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მიდის იმაზე მუშაობა, გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულად როგორ უნდა დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

მეთოდოლოგია ასწავლის პედაგოგს, როგორ გადავიდეს სწავლების პედაგოგიკიდან სწავლის პედაგოგიკაზე, მასწავლებელზე ორიენტირებული პედაგოგიკიდან – მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგიკაზე, ასწავლის ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას. ეს კომპონენტი ეხმარება პედაგოგებს ერთმანეთთან ურთიერთობაში და ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას კოლეგებს შორის.

მასწავლებლები რასაც გეგმავენ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთს უზიარებენ. ასეთი რამ სკოლებში იშვიათად ხდება. ამიტომ ამ ყველაფერს მწყობრი და თანამიმდევრული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

  • კიდევ რას გულისხმობს ახალი მეთოდი?

შემდეგი კომპონენტი არის განმავითარებელი შეფასება, რომელიც ფორმალურად სკოლებში ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად, რა არის განმავითარებელი შეფასების არსი და დანიშნულება, ეს ნაკლებად აქვთ გააზრებული.  ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეების პროგრესის გაზომვა და მათი დაკვალიანება არ მიმდინარეობს სკოლებში.

  • რატომ, რა უშლის ხელს?

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაში არის, მაგრამ რთულია მისი განხორციელება, რადგან სპეციალური გააზრებაა საჭირო, სტრატეგიების ცოდნა უნდა. განმავითარებელი შეფასება არ არის მხოლოდ კომენტარი დაუწერო მოსწავლეს და უთხრა „ყოჩაღ“. ან სიტყვიერად უთხრა – „არ ვარგა“, ან  – „კარგი ბიჭი ხარ“. მოსწავლეს უნდა დაანახო, რატომ აფასებ. შეფასება უნდა იყოს არგუმენტირებული, რომ მოსწავლემ დაინახოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. გუშინ რომ იქ იყო, დღეს სად არის; რატომ წავიდა წინ; რა გაუჭირდა; რამ შეუწყო ხელი და ა.შ.

ახლა ამ ყველაფრის პილოტირება მიდის ერთ კონკრეტულ სკოლაში. ყოველდღე დადიან  ექსპერტები და მიმდინარეობს შეფასება. პირველი სემესტრის შემდეგ დაიდება შეფასებითი ინსტრუმენტები, გზამკვლევები და ა.შ.

ახლა ამ სკოლაში დაიგეგმა ინტეგრირებული თემა. მაგალითად, შემოდგომა, სადაც ყველა საგნის მასწავლებელია შემოსული თავისი მიზნებით და ამ ერთი თემის ფარგლებში ხდება მიზნების გაერთიანება. შემდეგ დაიგეგმება სხვა თემა და ა.შ. ამ პროცესში არა მარტო ხედავენ პედაგოგები ერთმანეთის გეგმებს, ამით სწავლობენ კიდეც. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით სამინისტროშიც და ექსპერტები მსჯელობენ, რა უნდა გააკეთონ შემდეგში და როგორ.

  • რამდენად თავისუფალია პედაგოგი მეთოდოლოგიის შემუშავებაში?

ჩვენ არ შევდივართ გამზადებული რეცეპტებით.  ჩვენ ვეუბნებით მასწავლებელს რა არის სახელმწიფო სტანდარტი და მან უნდა გვაჩვენოს მისი ორიგინალური გზა. როგორ შეუძლია ამ სტანდარტზე გასვლა. როგორც კი პედაგოგებმა პირველი ვერსია მოხაზეს, შემდეგ დაიწყო მისი გარჩევა, კორექტირება. ეს არის სწორედ მთავარი, რომ იქ, შიგნით, სკოლაშივე დაიძრას შემოქმედებითი პროცესი. რაც მათი შექმნილია, მათი შემოქმედებითი ნაყოფია, ცხადია, ამის დანერგვა მათთვის უფრო ადვილი და მისაღებია.

  • თქვენ თქვით, რომ გაზაფხულზე ეს მეთოდი დაინერგება 50 სკოლაში, შემდეგ კი – ორას სკოლაში და ა.შ. თუ ერთი სკოლის მაგალითზე  გაამართლა პილოტმა, რატომ ყველა სკოლაში არ არ შედიხართ ერთდროულად?

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის, ინტენსიური კომუნიკაციის შენარჩუნება. ამისთვის დაგვჭირდება სხვა ადამიანების რესურსის მობილიზება, მხოლოდ სამინისტროს ექსპერტები ვერ გაწვდებიან. რა თქმა უნდა, პირველი სემესტრის ბოლოს ბევრი ინფორმაცია დაგროვდება, გაანალიზდება და შემდეგ უფრო მარტივია სხვა სკოლებში დანერგვაც.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ პედაგოგები ხშირად იღებენ ასლებს, ახალი მეთოდი კი მეტ შემოქმედებაზეა ორიენტირებული. რა გარანტია არსებობს, რომ ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაშიც იგივე არ განმეორდება?

პილოტირების შემდეგ რაც დაიდება, ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაზიარდება, უფრო მეტი მასწავლებელი ნახავს და შეიძლება გამოიყენოს ნიმუშიც. თუმცა მასწავლებელი არ არის ვალდებული ზუსტად მიყვეს შედგენილ გეგმას. მას შეუძლია რაღაც გადააკეთოს, რაღაც დაიტოვოს ნიმუშიდან და შექმნას თავისი ორიგინალური ვერსია.

ამ მეთოდზე მუშაობისას მნიშვნელოვანია მიზნობრიობა. შეიძლება მასწავლებელმა მრავალფეროვანი აქტივობები ატაროს, მაგრამ ეს არის იყოს გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებული, რაც არის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებით განსაზღვრული და რომელიც მიემართება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების  განვითარებას.

  • ეს ყველაფერი დღეს სკოლებში არ ისწავლება?

ერთია, რა გვიწერია სტანდარტში და მეორე – მისი რეალიზება საკლასო ოთახში. ახალი სკოლის მოდელიც და ახლებური მიდგომა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც დავწერეთ, ის აუცილებლად პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს. ცალკეული მასწავლებელი ახლაც აკეთებს ამას, მაგრამ ბევრისთვის მაინც პრობლემაა. ამ მეთოდის დანერგვის მიზანია დავეხმაროთ მასწავლებლებს, რომ ეს პროცესი დაიძრას.

  • დაახლოებით რამდენი წელი დასჭირდება, რომ ყველა სკოლაში დაინერგოს ეს მოდელი?

წესით, ხუთ წელიწადში ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს, მაგრამ რადგან ხარისხია ამ მოდელში მნიშვნელოვანი, საწყის ეტაპზე 50 სკოლაში დანერგვაც მნიშვნელოვანია.

_______________

მთავარ ფოტოზე: მარიამ ჩიქობავა.ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: