მთავარი,სიახლეები

ექიმი რაციით -15 წელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში

21.01.2020 • 3786
ექიმი რაციით -15 წელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში

„ბევრი ექიმი, ვინც სასწრაფოში მიდის, ამბობს, რომ აქ მხოლოდ სამი თვე დარჩება, მაგრამ მათ შორის ბევრს მუშაობის ოცი წლის სტაჟი აქვს უკვე. აქ უფრო მეტია საყვედური, შეიძლება ფიზიკურადაც შეგეხონ, ან მანქანა დაგიმტვრიონ. ნაკლებად შეგხვდებიან ისე, როგორც უნდა შეხვდნენ მას, ვინც დასახმარებლად მივიდა… მაგრამ ექსტრემი მეტია, მთავარი ხიბლი ამ საქმეში სწორედ ეს არის, ერთი მიმართულება კი არ გაბარია, თითქმის სამაშველო სამსახურის მართვასთანაა გათანაბრებული,“ –  გვიყვება ბადრი პაქსაძე. მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ მოადგილის თანამდებობა დატოვა – სამსახური ცენტრალურ მართვაში გადავიდა და მოადგილის შტატი გააუქმეს.

ყოფილ სამსახურზე წარსულში ვერ საუბრობს, ცხოვრების სხვა მომენტებზე მისი გადართვის ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება. ყველა ამბავი, რასაც ბადრი პაქსაძე გვიყვება, სასწრაფო დახმარების სამსახურს უკავშირდება.

„სასწრაფოს სპეციფიკა აბსოლუტურად სხვანაირია, შეიძლება ითქვას, რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ხელმძღვანელი პირისთვის – მით უმეტეს. თუ სასწრაფოს ექიმი პროფესიონალი არ არის, ეს ქმნის სირთულეს მთელი კოლექტივისთვის. მართლა ჩამოვყალიბდი ამ თემაში, ვიცი ჩემი საქმე, ასე ვთქვათ. სამუშაო ცხრა საათიდან იწყებოდა, მე ცხრის წუთებზე იქ ვიყავი,“ – ამბობს ბადრი.

ბადრი პაქსაძე სასწრაფოში ცამეტი ბრიგადის მოძრაობასა და დროულ რეაგირებაზე იყო პასუხისმგებელი: „გრიპის სეზონზე ორი ბრიგადა გვემატებოდა. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კი – სამი. ესეც, რა თქმა უნდა, ართულებს საქმეს, 15 ბრიგადის მართვა სერიოზული თემაა, ამ დროს რაციით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, რომელიც უალტერნატივო და ძალიან კომფორტულია, ადგილზე მისული ექიმისთვის პროფესიული რჩევებიც მიმიცია.“

ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სასწრაფოს ექიმს დღის განმავლობაში 30-35 გამოძახებაზე უწევს გასვლა, მათი ხელფასი კი ხელზე 800 ლარია, რაც ძალიან დაბალია. ამიტომაც ისინი სხვა სამსახურებსაც ითავსებენ: „ბრიგადასაც დავყვებოდი, პაციენტებსაც ვიღებდი ამ დრომდე. საქმე უფრო რთულდება, როცა გამოძახების რიცხვი გრიპის სეზონზე იზრდება და დღეში 400-ს აღწევს“.

ბადრი პაქსაძის თქმით, სასწრაფოს მუშაობას სერიოზულად აფერხებს არამიზნობრივი გამოძახებები – დახმარებას იძახებენ ტემპერატურის არასაგანგაშო მატების დროს, წნევის გასაზომად, ექიმის დანიშნულების გადასამოწმებლად, ფილტვების მოსასმენად და ასე შემდეგ.

„ამ კატეგორიამ ისიც კარგად იცის, როგორ გაამუქოს ვითარება, ასეთი შემთხვევა ყოფილა. ოპერატორს ეუბნებიან, რომ პაციენტმა გონება დაკარგა და უნდათ სასწრაფოს გამოძახება, ვინ არის პაციენტიო, ჰკითხა ოპერატორმა და მე ვარო – უპასუხა გონებადაკარგულმა,“ – გვიყვება ბადრი პაქსაძე.

მან  გვიამბო ისიც, რომ სასწრაფოს ექიმის საქმიანობას ხშირად ართულებს ჩარევა პაციენტის ახლობლების ან შემხვედრი ადამიანების მხრიდან:

„ზოგჯერ ტაქტიკა, მიდგომაა საჭირო. ამ დროს აუცილებელია, რომ ექიმმა პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედოს. ხშირად აგრესია მოდის მოსახლეობის მხრიდან, სად ხარ ამდენი ხანი, რას აკეთებო, იწყებენ ჩარევას, თითქოს ეხმარებიან, მაგრამ ეს უფრო ართულებს სიტუაციას და გამოუცდელი ექიმი შეიძლება დაიბნეს კიდეც, როცა აგრესია მოდის და ამდენი ხალხი დაეხვევა თავზე პაციენტს. იყო შემთხვევები, როცა ფიზიკურად გაიწიენ ექიმისკენ, ლანძღვასა და გინებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, იშვიათად ხდება, როცა მადლობას გვეუბნებიან“.

ბადრი პაქსაძე ემხრობა მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდში ექიმებსა და საზოგადოებას შორის კონფლიქტი გაჩნდა.

„ადრე ექიმებს სხვა პატივისცემა ჰქონდათ, ახლა სხვაგვარადაა საქმე. ყველას უნდა, მას რომ დასჭირდება, სასწრაფო სადარბაზოსთან იდგეს. ვერ გაამტყუნებ, მას შეიძლება 15 წელში ერთხელ დასჭირდა, მაგრამ სასწრაფოს ხუთ წუთში მისვლასაც კი დაგვიანებად უთვლიან, შეიძლება დააგვიანდეს კიდეც, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ სასწრაფო ტყუილად არასოდეს დააგვიანებს. ამ დროს შეიძლება ყველა ბრიგადა დაკავებული იყოს,“ – ამბობს ბადრი პაქსაძე. ის არ გამორიცხავს, რომ ექიმსაც შეეშალოს, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ორმხრივი კეთილგანწყობა საქმეს უფრო წაადგება.

საუბრის დასასრულს ბადრი პაქსაძემ კიდევ ერთი კურიოზი გაიხსენა: „პაციენტმა დარეკა, ბაზმა მიკბინაო, ექიმი ეკითხება სად გიკბინაო, პაციენტი კი პასუხობს – სად და ქედაშიო… ჯიუტად იმეორებდა.“

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დატოვების შემდეგ ბადრი პაქსაძე აპირებს თავის პროფესიაში დარჩეს, საქმე შეიმსუბუქოს და დარჩენილი დრო ოჯახს, შვილებს მოახმაროს. ამით სურს ოჯახს დანაკლისი აუნაზღაუროს იმ წლებისთვის, როცა მათთვის არ ეცალა და როცა ოჯახის წევრი ურეკავდა: „თავს ცუდად ვგრძნობ და მიშველეო“, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადას უგზავნიდა, თვითონ კი ვერ მიდიოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: