მთავარი,სიახლეები

რა გეგმა აქვს პუტინს

21.01.2020 • 2457
რა გეგმა აქვს პუტინს

ვლადიმერ პუტინმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელმაც, მისი განმარტებით, რუსეთში პარლამენტის როლის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. რა გეგმა აქვს სინამდვილეში პუტინს და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის?

რას გეგმავს პუტინი?

15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისადმი მიმართვისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა – დეკლარირებულად მას სურს, სახელმწიფოს მართვაში გაიზარდოს პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს როლი.

გარდა ამისა, პუტინმა წამოწია იდეა, კონსტიტუციიდან ამოეღოთ დებულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ ერთმა პირმა თანამდებობა მრავალჯერ დაიკავოს, თუ ეს ორ ვადაზე მეტჯერ გადაბმულად არ იქნება. პუტინის თქმით, ინიციატივების რეფერენდუმზე გატანა სურს.

პუტინის მიმართვის შემდეგ გადადგა დიმიტრი მედვედევის მთავრობა, ხოლო მალევე ცნობილი გახდა პრემიერობის კანდიდატის ვინაობა – მიხეილ მიშუსტინი.

პუტინის განცხადებებს რუსულ და დასავლურ მედიაში არაერთი ანალიზი მოჰყვა, თუ რას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლის შემდეგ – პრემიერობას, რომლის როლიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა გაიზარდოს, პრეზიდენტად დარჩენას, თუ ყაზახეთის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის მსგავსად, ისიც დაემშვიდობება პრეზიდენტის სკამს, მაგრამ “სახელმწიფო საბჭოდან” გააგრძელებს მართვას?  ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის საკითხებით დაინტერესებული ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პუტინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის (2024) შემდეგაც შეინარჩუნებს ძალაუფლებას ან გავლენას სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე მაინც.

“პუტინს უნდა დარწმუნდეს, რომ მომავალი პრეზიდენტი მის პოლიტიკას გააგრძელებს, მაგრამ მას ისევ სურს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა”, – ამბობს კარნეგის ცენტრის მკვლევარი ტატიანა სტანოვაია RFE/RL-თან საუბარში.

ის გამორიცხავს, რომ პუტინი 2024 წელს, ანუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერად აპირებდეს დაბრუნებას, ისე როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა და პრეზიდენტის პოსტი დიმიტრი მედვედევს დაუთმო.

“პრემიერი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პარლამენტზე და ახალ პრეზიდენტს ექნება უფლება, რომ პრემიერი დაითხოვოს. პუტინს არ ექნება სურვილი ასეთი რისკი გასწიოს”, – ფიქრობს სტანოვაია.

ანალიტიკოსის აზრით, მას არ ენდომება, რომ ჩართული იყოს ყოველდღიურ პოლიტიკაში, სანაცვლოდ კი შეიძლება დაკმაყოფილდეს გაძლიერებული სახელმწიფო საბჭოს ლიდერის როლით, ისევე როგორც  ნურსულთან ნაზარბაევია ყაზახეთში.

“პუტინმა უნდა იპოვოს მისი შემცვლელი [პრეზიდენტის პოსტზე], რომელსაც მიეცემა სივრცე მუშაობისთვის, თუმცა მას ექნება სურვილი, რომ გავლენა შეინარჩუნოს. ამისათვის დასჭირდება მექანიზმი, რომლითაც პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მასთან შეთანხმება დასჭირდება”, – აღნიშნავს სტანოვაია.

ასეთ შემცვლელად რუსეთში ხშირად განიხილავდნენ ხოლმე დიმიტრი მედვედევს – “რობინს პუტინის ბეტმენის სამყაროში”, როგორც მას, ბრიტანული “გარდიანის”ცნობით, ვიკილიქსის ფაილებში ამერიკელი დიპლომატები მოიხსენიებდნენ. თუმცა, RFE/RL-ის მიხედვით, ამ უკანასკნელებს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები და ღია დებატებიც ჰქონიათ წარსულში სხვადასხვა საკითხებზე. შესაბამისად, ნათელი არ არის, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ექნება მედევდევს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, სამომავლოდ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი 2011 წელს © EPA-EFE/SERGEI CHIRIKOV

რუსეთში ყაზახური სცენარის განვითარებას შესაძლებლად მიიჩნევს კიდევ ერთი ექსპერტი გრიგორი გოლოსოვი, რომელიც “მედუზასთან” საუბარში ამბობს:

“აუცილებელი არ არის, რომ პუტინი სახელმწიფო საბჭოში გადავიდეს, ამ როლისთვის უსაფრთხოების საბჭოც გამოდგება.  ვფიქრობ, მას ჯერ არ გადაუწყვეტია. არსებობს ასეთი რამ – “ვეტო-მოთამაშე”, რომელსაც შეუძლია მიღებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა, ან გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელი იქნება მისი თანხმობა. ვფიქრობ, პუტინი ამ როლის თამაშს აპირებს”.

გირჩევთ: ქვიზი პუტინის შესახებ

ანალიტიკოსი ცენტრალური აზიის საკითხებში არკადი დუბნოვი კი მიიჩნევს (წყარო: “მედუზა”), რომ რუსეთში ყაზახური მოდელის განმეორება საკმაოდ რთული იქნება. როგორც ცნობილია, ნურსულთან ნაზარბაევმა 30- წლიანი მმართველობის თავზე პრეზიდენტის პოსტი დატოვა და გავლენიანი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა, სადაც უფლება ჰქონდა პრეზიდენტისთვის განკარგულებებიც კი მიეცა.

“ყაზახეთში ჩამოყალიბდა ორი სახელისუფლო გუნდი – პრეზიდენტისა და ნაზარბაევის, და მათ შორის არსებობს უთანხმოებები გარკვეულ საკითხებზე. ჩემი აზრით, ბიუროკრატია ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, ვინ არის სახლში უფროსი და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს. თუმცა ნათელია, რომ ნაზარბავემა პრეზიდენტს გადასცა უფლება მიიღოს ყველა არაპოპულარული გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული გადაწყვეტილებები კი თავისთვის დაიტოვა”.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუჭირდება ასეთი მოდელის რუსეთში განხორციელება პუტინს, ანალიტიკოსი ამბობს:

“ჩვენი ელიტის ბუნება იმგვარია, რომ ის ბატონს მაშინვე და მთლიანად ფეხქვეშ ეგება  იქამდე, სანამ არ გაიაზრებს, რომ ლომი უკვე ძალიან დაჩაჩანაკდა”.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პუტინი 2024 წლის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტად დარჩება. ამ შესაძლებლობაზე ნეტგაზეთთან ანალიტიკოსი, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი საუბრობს.

ჩეჩელაშვილის თქმით, პუტინის ეს დაანონსებული ცვლილებები გეგმის ნაწილია, რომელიც მას 2024 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის საშუალებას მისცემს:

„პუტინის ინიციატივას კონსტიტუციურ ცვლილებებზე ჰქონდა ორმაგი მიზანი. პუტინი აპირებს ამ ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას.  ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად რადიკალური. ვფიქრობ, რომ ეს არის მისი ტაქტიკური გეგმის პირველი ნაწილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმართვისას მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ორი ვადით პრეზიდენტის არჩევის დებულებას არ მიიჩნევს პრინციპულად. ეს იყო გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს დებულება შეიძლება მომავალში შეიცვალოს. ამიტომ, როცა მოხდება რეფერენდუმისთვის საკითხების ფორმირება, ვფიქრობ, რომ იქნება ინიცირებული გარკვეული ჯგუფების მიერ და ეს არ იქნება რთული, რომ პრეზიდენტის არჩევის ორი ვადით შეზღუდვა იყოს გადახედილი. შემდეგ იქნება ამაზე ბჭობა და გამოვლენ ამის მხარდამჭერი ჯგუფები და პარტიები. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად დალაგებული ტაქტიკური გეგმა, რომელიც გაიტანს ამ ცვლილებას ორი ვადით არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმზე, მიიღებს დასტურს და შემდეგ, რა თქმა უნდა, პუტინის საკონსტიტუციო უმრავლესობა სახელმწიფო სათათბიროში ამას დაადასტურებს და 2024 წლის პრობლემას პუტინი გადაწყვეტს“, – აცხადებს იგი.

გარდა ამისა, მისი თქმით, პუტინის მიმართვაში იყო გზავნილები რუსული საზოგადოებისთვის:

„პუტინს ურჩევნია, რისკებს თავი აარიდოს და დარჩეს პრეზიდენტად. თითქოს, ეს ცვლილებები არის იმისთვის, რომ შესუსტდეს პრეზიდენტის როლი და გაძლიერდეს პრემიერ-მინისტრის, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, პრეზიდენტს სერიოზული ძალაუფლება უნარჩუნდება. მე ვფიქრობ, პუტინს უნდა, 2024-შიც დარჩეს პრეზიდენტად და სინამდვილეში ამისთვის სურს კონსტიტუციის შეცვლა, ოღონდ ახლა მან ეს არ განაცხადა და ეს ფანდი შეაგდო იმ კომენტარით, რომ პრეზიდენტის ორი ვადით არჩევის დებულებას პრინციპულად არ თვლის. ეს იყო გასაგები გზავნილი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნავს ჩეჩელაშვილი.

რას ნიშნავს ეს ცვლილებები დასავლეთისთვის… საქართველოსთვის?

ამ შეკითხვაზე ანალიტიკოსების მოკლე პასუხი საკმაოდ მარტივია – ბევრს არაფერს. არაერთი მიმომხილველი პუტინის განცხადებებს უფრო შიდა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე პასუხის მცდელობად მიიჩნევს. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა, მოსკოვი კი არაერთხელ მოიცვა სხვადასხვა საპროტესტო აქციებმა სოციალური თუ პოლიტიკური მოთხოვნებით.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი სირბილაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ 2024 წლის შემდეგ, ამ ცვლილებებმა შეიძლება გარკვეული სახის გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორი იქნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის შიდა კოორდინაცია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამან რუსეთის ზოგადი საგარეო პოლიტიკური მიდგომა შეცვალოს.

“რუსეთის – როგორც სახემწიფოსი, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი როლის და ძალაუფლების გაზრდა სურს – საგარეო პოლიტიკა, თუ შეიძლება ითქვას, ‘ადმინისტრაცია გამძლეა’, ანუ ზოგადი მიზნები არ იცვლება. უბრალოდ, ხშირად საშუალებები ამ მიზნების მისაღწევად არის განსხვავებული. პუტინის ძალაუფლებაში მოსვლამდეც კი, მაგალითად, რუსეთის პოლიტიკური ელიტა ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას და დასავლეთის გაზრდილ როლს, თუმცა იმდროინდელი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები რუსეთს საკმარისი წინააღმდეგობის საშუალებას არ აძლევდა.  პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთი საგარეო პოლიტიკაში ბევრად უფრო ასერტიული (ხისტი, თამამი) გახდა და ამ ასერტიულობაზე გავლენა არ მოუხდენია იმას, რომ 2008-2012 წლებში პუტინმა ფორმალურად დათმო პრეზიდენტობა და პრეზიდენტი გახდა დიმიტრი მედვედევი. სწორედ მედვედევის დროს მოხდა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ და, გლობალურად, რუსეთი ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის როლს და ჩართულობას, მაგალითად, სირიის სამოქალაქო ომში. პუტინის პრეზიდენტობის პირობებში საგარეო პოლიტიკაში მედვედევი, როგორც პრემიერ-მინისტრი, მინიმალურ როლს თამაშობდა და ახალი პრემიერის ფუნქციაც, სავარაუდოდ, შიდა პრობლემების მოგვარება იქნება, რაც რეალურად იყო ამ ცვლილებების მიზანი”, – ამბობს ირაკლი სირბილაძე.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმითაც, ეს ინიციატივები სულაც არ მოასწავებს ცვლილებებს საგარეო პოლიტიკაში:

„არ ვფიქრობ, რომ ცვლილებები იქნება რამე ახალის მომასწავებელი საგარეო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ სერგეი შოიგუს (თავდაცვის მინისტრი) და სერგეი ლავროვს (საგარეო საქმეთა მინისტრი) პუტინი ახალ კაბინეტში შეინარჩუნებს და, შესაბამისად, მისი იმპერიული დამოკიდებულება მეზობლებისადმი და საერთოდ დაპირისპირების პოლიტიკა დასავლეთთან გაგრძელდება ჩვეულებრივად, როგორც აქამდე“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: