რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში.

ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 718 ლარი. რაც შეეხება პროექტს, მასში ბათუმის მერიას შპს „აჭარსპეცპროექტისთვის“ 60 ათასი ლარი აქვს გადახდილი. ცვლილების შეტანას კი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს ინფორმაციით, დამატებით 10 ათასი ლარი დასჭირდება.

„სამმართველოს მიერ გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის მოთხოვნა და განხორციელდა საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობის ადგილმონაცვლეობა, რამაც გამოიწვია მშენებლობის პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. „აჭარსპეცპროექტის“ სპეციალისტები გამოთქვამენ თანხმობას მათ მიერ შედგენილი პროექტის კორექტირება-რედაქტირებაზე, ვინაიდან ეს მათი ექსკლუზიური უფლებაა, მხოლოდ მათ შეუძლიათ შეცვალონ პროექტი. შესატანი ცვლილებები იწვევს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილებას. ცვლილებები შეეხება გეოლოგიურ, ტოპოგრაფიულ, არქიტექტურულ, ელექტრომომარაგების ქსელებს. ასევე, ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას“, – აღნიშნულია სამმართველოს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განცხადებაში.

სამმართველო ითხოვს შესყიდვების სააგენტოს თანხმობას, 10 ათასი ლარის ფარგლებში, ხელშეკრულება ექსკლუზიურად გააფორმოს „აჭარსპეცპროექტთან“, ბაღის შენობის საპროექტო დოკუმენტებში ცვლილებების შესატანად.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კეთილმოწყობის სამმართველოს“, სადაც გვითხრეს, რომ მისამართი არ შეიცვლება და ბაღის მშენებლობა იმავე ადგილზე გაგრძელდება.

„უბრალოდ, მოსახლეობის თხოვნა გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ გავზარდოთ მანძილი ბაღის მშენებარე შენობასა და საცხოვრებელ კორპუსს შორის. კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა შესრულდეს საამისოდ, ეს პროექტში ცვლილების შემდეგ დაზუსტდება. რაც შეეხება მშენებლობისთვის საჭირო თანხას, დარჩება უცვლელი“. – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.

სამმართველოს დეტალების დაზუსტება მოსთხოვა შესყიდვების სააგენტომაც.

„გთხოვთ, დააზუსტოთ, რა სახის ცვლილებები შედის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, დააზუსტეთ რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ასევე, გთხოვთ, წარმოადგინოთ გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა“, – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოდან მერიის სამმართველოში გაგზავნილ წერილში.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ ბათუმში / ფოტო ინსპექტირების ანგარიშიდან
შენიშვნა: სტატია გამოქვეყნებული იყო სათაურით „რატომ შეჩერდა ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა“. ინფორმაცია სამუშაოების შეჩერების შესახებ სამმართველომ მოგვაწოდა, თუმცა მოგვიანებით დაგვიკავშირდნენ მშენებელი კომპანიიდან, და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პროექტში შესატანი ცვლილებები ძირითადად ეხება ღობეს, რაც სამუშაოების მიმდინარეობას ხელს არ უშლის. „სამშენებლო სამუშაოები ადრე, გასული წლის შემოდგომაზე იყო შეჩერებული დაახლოებით 40 დღით“ – გვითხრეს კომპანიაში. 

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 2019 წლის 14 მაისს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2019 წლის მარტში გამოაცხადა:

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ღორჯომში სახლი დაიწვა

ხანძარი იყო დღეს, 6 თებერვალს, ხულოში, სოფელ ღორჯომში. დაიწვა ირემაძეების სახცოვრებელი ხის სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია და ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

ხანძარი ღორჯომში. ფოტო: ირაკლი ჯორბენაძე/FB
ხანძარი ღორჯომში. ფოტო: ირაკლი ჯორბენაძე/FB
ხანძარი ღორჯომში. ფოტო: ირაკლი ჯორბენაძე/FB

“თავებს დაგიტეხთ” – დეპუტატი საპროტესტო აქციის მონაწილეებს

აჭარის  უმაღლესი  საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე ბათუმის მერიასთან დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ “თავებს დაუტეხს” თუ ვინმე მისთვის “სირცხვილის კორიდორის”  მოწყობას გადაწყვეტს.

“დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას, საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი… დედის საფლავს გეფიცები, “სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს. არ ცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ!!! მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ,” –  წერს დეპუტატი თავის ფეისბუქგვერდზე.

დღეს, 6 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” და მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა ბათუმის მერიის წინ დეპუტატებს “სირცხვილის კორიდორი” მოუწყვეს. აქციას შეუერთდნენ ენმ-ის წევრებიც.

მერიის შენობაში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სხდომა გამართა. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ დღეიდან საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ჩაშლას შეეცდებიან შენობის პიკეტირებით, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება.

სქრინი უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ფბ-გვერდიდან

მერაბ ბლადაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში “პატრიოტთა ალიანსის” კვოტით მოხვდა. თუმცა გასული წლის ნოემბერში მან პარტია დატოვა და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს.

მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში, მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი ადგილობრივმა მოსახლემ გადაარჩინა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

აჭარის მთაში გზებს მეორე დღეა თოვლისგან წმენდენ

აჭარის მაღალმთიანეთში გზებს მეორე დღეა თოვლის საფარისგან ასუფთავებენ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდაზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ყველა თემის გზა გახსნილია.

შუახევში თოვლის საფარისგან გზებს 18 მიმართულებით ასუფთავებენ.

ქედაში კი გაწმენდითი სამუშაოები 4 მიმართულებით მიმდინარეობს.

აჭარის მაღალმთიანეთში გუშინწინ გათოვდა, გუშინ კი გამოიდარა, მაგრამ გზებზე დარჩენილი თოვლის საფარის გამო გზებზე გადაადგილება კვლავ ჭირს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის ბოლომდე გაწმენდის სამუშაოები დასრულდება.

შაბათ-კვირას ბათუმში თოვლ-ჭყაპი და თოვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 6 თებერვალს, დღის განმავლობაში თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ კი  ბათუმში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი,  წვიმა, აჭარის მთაში – თოვა. მაღალმთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი – 20-25 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5-10 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა

რაც შეეხება ამინდს შაბათ-კვირას, სინოპტიკოსების ცნობით,   8 და 9 თებერვალს ბათუმში მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპისა და თოვლის სახით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შაბათს ბათუმში თოვლ-ჭყაპი იქნება, კვირას კი მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაეცემა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ნანა კვაჭაძე

“ყველა სხდომაზე მოვაწყობთ პიკეტირებას”- ხმაური ბათუმის მერიასთან

ბათუმის მერიასთან ამ დრომდე გრძელდება ოპოზიციის აქცია. მერიის შენობაში უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ დღეიდან საკრებულოსa და უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ჩაშლას შეეცდებიან შენობის პიკეტირებით, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“ყველა დანარჩენი საკითხი დღეს არის უმნიშვნელო… ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ ვინმეს დააკავებენ. პიკეტირების შესახებ გადაწყვეტილება გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით მიიღო, ჩვენ ყველა სხდომაზე შევუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებას,” – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა  ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დასწრებიან. მათ ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს – “მონა”. ამ შინაარსის შეძახილები ისმოდა შესასვლელთან, ვიდრე საბჭოს სხდომა დასრულდებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრები მერიის შენობაში სხვა შესასვლელიდან შევიდნენ. სხდომის დატოვების შემდეგაც აქციის მონაწილეებთან მხოლოდ დავით ბაციკაძე გამოჩნდა, უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”. მას მედიასთან კომენტარის გაკეთების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს ხმაურიანი შეძახილების გამო.

“ჟურნალისტები უფრო მეტი ხართ, ვიდრე აქციის მონაწილეები…” – მოასწრო დეპუტატმა ეთქვა, ვიდრე ის მერიის შენობას დატოვებდა.

აქციის მონაწილეები ახლა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის გამოჩენას ელიან.

უმაღლესი საბჭო ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მართავს სხდომებს, ვიდრე უწყება ახალ შენობაში სხდომათა დარბაზს მოაწყობს.

ვის შეუძლია კრედიტების დაგროვება სტატუსის შესაცვლელად და ვის არა

იმისათვის, რომ სტატუსი აიმაღლონ, პედაგოგები საგნობრივ კომპეტენციას წელიწადში ორჯერ – ზაფხულისა და შემოდგომის გამოცდებზე ადასტურებენ. 6-ათასამდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა ამ დრომდე ვერ შეძლო საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. ზოგიერთ მათგანს 1-2 ან 3 ქულა დააკლდა იმისთვის, რომ უფროსი მასწავლებელი გამხდარიყო 2019 წელს. მასწავლებლების ნაწილს გაუჩნდა მოლოდინი, რომ გამოცდებზე მიკლებულ ქულებს სხვა აქტივობებით შეივსებდნენ, თუმცა ეს ასე არ არის.

შეუძლიათ თუ არა პედაგოგებს სხვა აქტივობებით დააგროვონ 1-2 ან 3 ქულა იმისთვის, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღონ? თუ აუცილებელია გამოცდა კვლავ ჩააბარონ? –  „ბათუმელები“ ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელს, ხათუნა ბარაბაძეს ესაუბრა.

ხათუნა ბარაბაძე ამბობს, რომ პედაგოგმა თუკი ვერ დაადასტურა კომპეტენცია საგნობრივ გამოცდაზე და არც პროფესიული უნარები აქვს დადასტურებული, ის სხვა აქტივობებით ვერ შეძლებს შეივსოს ქულები და ამ ფორმით გახდეს უფროსი მასწავლებელი.

„გამოცდაზე გასვლა აუცილებელი და სავალდებულოა. პედაგოგს ორივე გამოცდა – პროფესიული უნარები და საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 1 კრედიტზე უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, სხვა შემთხვევაში, კრედიტების შევსებით ვერ აიმაღლებს სტატუსს.

თუკი პედაგოგმა საგნობრივ გამოცდაზე დააგროვა მინიმუმ 1 კრედიტქულა (ამისთვის 30 პროცენტზე მეტი უნდა დააგროვოს ორივე გამოცდაზე), მაგრამ მაინც ვერ მოახერხა სტატუსის შესაცვლელად, საჭირო 19 კრედიტქულის დაგროვება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია პედაგოგს სხვა აქტივობებით შეივსოს კრედიტები.

ამისთვის ჩვენ პედაგოგებს ვთავაზობთ 5-კრედიტიან ტრენინგებს, რომელზე რეგისტრაციაც 15-დან 20 თებერვლამდე გამოცხადდება. „ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია 5 კრედიტი მოიპოვოს“, – ამბობს ბარაბაძე.

ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 13 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელი მუშაობს საჯარო სკოლებში. აქედან ვისაც არც ერთი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, ასეთი პედაგოგი დაახლოებით 6 000-ია, ხოლო იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებსაც მხოლოდ ერთი საგნობრივი კომპეტენცია (პროფესიული უნარები) აქვთ დადასტურებული, დაახლოებით 2 200-ია, ხოლო 2 ათასამდე პედაგოგს ორივე გამოცდა აქვს ჩაბარებული, მაგრამ რამდენიმე კრედიტი აკლია სტატუსის შესაცვლელად.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი, პედაგოგებს სტატუსის შესაცვლელად არსებული სქემით – გამოცდების ჩაბარებით მოუწევთ კომპეტენციის დადასტურება როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე იმ საგნებში, რასაც სკოლაში ასწავლიან.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

ამავე თემაზე:

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

უჰანში ახალშობილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსი შესაძლოა დედისგან გადაეცა ახალშობილს. ასეთია ჩინელი ექიმების ვარაუდი ქალაქ  უჰანიდან, სადაც ჩვილი დაიბადა. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექიმებმა განცხადება სახელმწიფო ტელეარხ CCT-ზე 5 თებერვალს გააკეთეს. ჩვილი  2 თებერვალს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში დაიბადა.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბავშვის დედა კორონავირუსით იყო დაავადებული, ახალშობილს კი ვირუსი დაბადებიდან 30 საათის შემდეგ აღმოაჩნდა.

როგორც მედიცინის ექსპერტები ამბობენ, არსებობს ორი ვარაუდი, რომ ვირუსი დედის მუცლიდანვე  გადაეცა ჩვილს ისევე, როგორც შესაძლოა დაბადების შემდეგ, ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირდა ახალშობილი მშობლისგან.

ჩვილი 3,25 კილოგრამს იწონის, მისი მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

აჭარაში იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი სულ 309 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში – 34, ქვემო ქართლში – 29, სამცხე-ჯავახეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში – 7-7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 4, გურიაში კი – 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 კუბ/მ-მდე ხე-ტყე“, – აცხადებს დეპარტამენტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

 

მთავარი ფოტო: გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ფოტო / არქივიდან

ბათუმი ერთ ელექტროავტობუსში 384 790 ევროს იხდის

ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 384 790 ევრო ჯდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 8 ახალ ელექტროავტობუსს 2020 წლის მაისში მიიღებენ. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი იქნება.

ელექტროავტობუსების შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა.

ამ თანხაში შედის ელექტროავტობუსების დასამუხტი მოწყობილობის შეძენაც, რაც ავტობუსების მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. მანვე უნდა დაამონტაჟოს ეს მოწყობილობა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე, უნდა მოაგვაროს ელექტროენერგიის სიმძლავრესთან დაკავშირებული საკითხები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ და უზრუნველყოს მოწყობილობის ექსპლუატაციაში გაშვება. ამ ყველაფრისთვის კი, 273 129 ევროა გათვალისწინებული.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებაში შედის 25 783 ევრო – აუცილებელი სათადარიგო ნაწილებისთვის და 14 850 ევრო – ელექტროავტობუსების სადიაგნოსტიკო აპარატურის მოწოდებისთვის.

რაც შეეხება გარანტიას:

წყარო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

რაც შეეხება სამარშრუტო ხაზს, თუ სად იმოძრავებენ ახალი ელექტროავტობუსები, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მარკეტინგის განყოფილების მიერ მარშრუტებზე კვლევები, მოქალაქეების გამოკითხვა და უახლოეს მომავალში ბათუმის მერიის თანხმობის შესაბამისად დადგინდება შესაბამისი მარშრუტი“.

ბათუმის მერია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დამფუძნებელი და ამ კომპანიის 100% წილის მფლობელია. მუნიციპალიტეტის ავტოპარკი ბოლო პერიოდში 40 ახალი ავტობუსით განახლდა, თუმცა, „ამ ეტაპისთვის კვლავ მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები დამფუძნებელთან [მუნიციპალური] ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

„ავტოტრანსპორტში“ ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული, თუ რა ფერის იქნება ახალი ელექტროავტობუსები. ბათუმში ავტობუსების მიღებას აპრილში ვარაუდობდნენ, თუმცა, „ავტოტრანსპორტისგან“ მიღებული ბოლო ინფორმაციით, ავტობუსებს მაისში მიიღებენ. ხელშეკრულებით კი, მომწოდებელს ვადა 2020 წლის ივლისამდე აქვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯება: „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია“.

 

მთავარი ფოტო: ამ ტიპის 8 ელექტროავტობუსი ბათუმის მერიამ, ხელშეკრულებით, 2020 წლის ივლისამდე უნდა მიიღოს / ფოტო: Belkommunmash

სამინისტრომ „რივიერაზე“ ხელოვნური ლაგუნას მოწყობის ნებართვაც გასცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „ბათუმი რივიერას“ მიმართვის საფუძველზე, მრავალფუნქციური, მაღალსართულიანი შენობის გარდა, ხელოვნური ლაგუნას მოწყობის პროექტიც შეითანხმა.

ხელოვნური ლაგუნას მოწყობა ერთ-ერთი საკითხია მათ შორის, რაც „რივიერა ბათუმის“ პროექტთან მიმართებაში ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით კითხვებს იწვევდა.

პროექტის მიხედვით, ახალი ხელოვნური ლაგუნა არსებულ ბუნებრივ ლაგუნას არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანია ირწმუნება, რომ ხელოვნური ლაგუნას გავლენა კოშკების საძირკველზე იქნება უმნიშვნელო ან მინიმალური. „ახალ ლაგუნას დამაკავშირებელ არხს არ ექნება არავითარ უარყოფით გავლენა არსებულ ლაგუნას სანაპირო კედლისა და ჯებირის სტაბილურობაზე და იგი არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე და კანიონის სტაბილურობაზე“, – წერია დოკუმენტში, რომელიც კომპანიამ ბათუმის საკრებულოს წარუდგინა.

ტერიტორიის  რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, რა გავლენას მოახდენს პროექტი გარემოზე? – ამ კითხვაზე პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროში არ აქვთ. უწყებაში პროექტი არ შეუსწავლიათ იმ მიზეზით, რომ სამინისტროს ამას გარემოსდაცვის კოდექსი არ ავალდებულებს.

„ბათუმელებმა“ ამჯერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა კვლევების საფუძველზე გასცა ნებართვა. უწყებამ დოკუმენტაცია არ მოგვაწოდა.

„რივიერას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.  1999 წელს კანიონთან, სადაც 5 კოშკის აშენება და ხელოვნური ლაგუნას მოწყობა იგეგმება, დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონთან რისკებს კიდევ უფრო გაზრდის. პროექტს თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს.

რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და ვინ ჩაატარა ის – 5 კოშკის მშენებლობა

მოხალისეობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება – ლადო აფხაზავა ევრო 2000-ში

სკოლის დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან გარემოში (სკოლა „ევრო – 2000“-ში ქართველ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ სხვა ეროვნების მოსწავლეებიც) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.

სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი. გარდა აკადემიური ცოდნისა, მას სჭირდება არაფორმალური განათლებაც.

სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ლადო აფხაზავა- 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებელთა გლობალური ფორუმის ათეულის წევრი. შეხვედრის მთავარი თემა მოხალისეობა და  სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება იყო.

დღეს სკოლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ერთი მხრივ, ფეხი უნდა აუწყონ თანამედროვე გამოწვევებს. ტექნიკურ პროგრესს, და მეორე მხრივ, უნდა აღზარდონ პატრიოტი, დამოუკიდებელი, საკუთარი შესაძლებლობლების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე ტოლერანტი თაობა. ამ თაობას სჭირდება სიახლეები, სიახლეების ძიების პროცესში კი მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, შეინარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი – ეროვნული ღირებულებები.

სკოლა ევრო 2000-ის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებთან ერთად მუდმივად სიახლეების ძიების პროცესშია, ტარდება საგნობრივი კვირეულები, ხორციელდება პროექტები.

მინიმუზეუმი, რომელიც სკოლაში გაიხსნა და რომლის  შექმნის იდეა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაუჩნდათ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რამდენიმე მიზანს ემსახურება, პირველ რიგში, საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ერთ სივრცეში გააცნობს იმ ეროვნულ ნივთებს, არტეფაქტებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველი ხალხი.

მუზეუმში განთავსდება მოსწავლეების ხელით შექმნილი ექსპონატებიც, ისინი თავად იქნებიან  გიდები და არა მარტო შეისწავლიან თითოეული მათგანის წარმოშობის ისტორიას, არამედ ამ ექსპონატებზე ზრუნვის დროს გაიაზრებენ ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას.

კაცმა ძარცვა და ქალის გაუპატიურება სცადა, ის ადგილზე დააკავეს და 7 წელი მიუსაჯეს 

ქუთაისში ძარცვისთვის ნასამართლევ პირს ისევ ძარცვისა და ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაურმა მიიღო.

განაჩენის მიხედვით, ს.შ. ქუთაისში, დღის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუში მდებარე ბინაში შეიპარა და 320 ლარის ღირებულების ოქროს და ვერცხლის ბეჭდების, ასევე ვერცხლის ძეწკვის და კულონის მოპარვას აპირებდა. ბრალდებულმა ბინაში მყოფი ქალის გაუპატიურებაც სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევის გამო. ბრალდებული ბინის დატოვებამდე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 2013 წელს ის ასევე ძარცვისთვის გაასამართლეს და 7 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, აქედან 2 წელი პირობით ჩაეთვალა. ს.შ.-მ საპატიმრო დაწესებულება 2018 წელს დატოვა.

ბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე შეაგროვა.

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – დღის სტატისტიკა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 40 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: 1 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 34 – ტროტუარზე დგომისთვის და 2 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

5 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.  ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლიტერატურულ აქტივობას  გააერთიანებს. მთელი დღის მანძილზე  თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს, სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ. ამ დღის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო და შეუერთდეს ღონისძიებას სოციალური ქსელის საშუალებით. წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან თბილისის ბავშვთა სახლები და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც დაგეგმილია ცნობილი ქართველი მწერლების სტუმრობები.

ღონისძიება ოფიციალურად ვაკის მედიათეკაში გაიხსნა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს როსტომ ჩხეიძემ, ზვიად კვარაცხელიამ, ნათია ფურცელაძემ და გიორგი ლობჟანიძემ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლევან ბერძენიშვილთან, ანა კორძაიასამადაშვილითან და დათო გორგილაძესთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი“.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის პარტნიორია „Litworld“. ღონისძიების მეგობარია თიბისი.

ქობულეთში უნდა განიხილონ პროექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია

2020 წლის 19 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შპს „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, „აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტზე“ „გრინ რეზორტმა“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

„ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში კომპანია პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექსის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს“, – აღნიშნული იყო აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქობულეთში ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მთავრობამ ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე დაანონსა, თუმცა, ოფიციალურად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. ამ ტერიტორიაზე კომპანიის პროექტი მრავალფუნქციური სასტუმროს, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

„მწვანე ქალაქი“ / რენდერი

კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ კი, ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს.

რა ზემოქმედებას მოახდენს ეს პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარზე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე და რას გეგმავს კომპანია? – პირველ რიგში, პროექტის განსახორციელებლად, კანონით, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] მომზადება. გზშ-ს მომზადებამდე კი, კომპანიამ სკოპინგის განაცხადით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

სწორედ ამ ანგარიშის განხილვაა დაგეგმილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში 19 თებერვალს, 15:00 საათზე.

სამინისტროს ინფორმაციით: „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის 20 თებერვლამდე… ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით“.

ამ თემაზე:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

 

ახალი მეჩეთი და რელიგიური უმცირესობის პრობლემები – დისკუსია და შეხვედრები ბათუმში

7 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, ბათუმის ახალ მეჩეთში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მუსლიმი თემის წევრებს შეხვდება. შეხვედრას დაესწრებიან: ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტები და სოციალური მუშაკი. EMC მოქალაქეებს სთავაზობს უფასო იურიდიულ და სოციალურ კონსულტაციებს მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. მათ შორის, სოციალური დაცვის, რელიგიის თავისუფლების, გარემოს დაცვის, განათლების უფლების, დისკრიმინაციის საკითხებზე.

„ადგილზე იურიდიული და სოციალური კონსულტაციების გარდა, EMC-ი შეეცდება, რომ თემისგან მოსმენილი საჭიროებები და წუხილები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაუზიაროს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმავე დღეს, 6 საათზე, სოლიდარობის პლატფორმასთან ერთად EMC-ი მართავს დისკუსიას თემაზე: “არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოში – გამოწვევები და სოლიდარობის შესაძლებლობები”. შეხვედრა გაიმართება ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ახალგაზრდები ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ისაუბრებენ რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე, არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების სოციალურ-პოლიტიკურ გარიყულობაზე. საკუთარ ხედვებს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე აუდიტორიას გაუზიარებენ აქტივისტები – ქამრან მამედოვი, ჰურიე აბაშიძე, რამზან გორგიშვილი და ნორო გასპარიანი.

იგივე ჯგუფი 8 თებერვალს ხულოს მეჩეთში შეხვდება ადგილობრივ მუსლიმ თემს, სადაც ასევე იმსჯელებენ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის ტრაქტორები უკვე გამოჩნდა. კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს.

მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „დაგის“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ტერიტორია ჯერ შემოღობილიც არ არის.

„ბათუმელები“ განმარტებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, „კომპანია „დაგი“ მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად. შესაბამისად, კომპანიამ დაიწყო ტექნიკის მობილიზება“.

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 27 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს.

ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 3 თებერვლის ოქმის მიხედვით, კომპანია „დაგი“ გამარჯვებულად გამოვლინდა და დაევალა, მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 968 650 ლარზე. ამავე ოქმის მიხედვით, კომპანიასთან ხელშეკრულება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

ტენდერის პირობის მიხედვით: „პრეტენდენტი (შემდგომში – მიმწოდებელი) ვალდებული იქნება მოიპოვოს მშენებლობის პროცესში სამშენებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ყველა სახის სანებართვო ან შეთანხმების დოკუმენტაცია (ქუჩის/გზის სავალ ნაწილზე ტრანშეის მოწყობა, დროებითი ელექტრო და წყალმომარაგება, საჭიროების შემთხვევაში ქუჩის გადაკეტვა, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების დროებით გამოყენება, სამშენებლო ტერიტორიაზე მასალების მიწოდების/გამოტანის სატრანსპორტო სქემის შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში და ა.შ.).“

„ოცნების ქალაქში“ ამ ტენდერით გათვალისწინებული კორპუსების მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 თვეში უნდა დასრულდეს.

„დაგის“ ტექნიკა „ოცნების ქალაქში“ / 5.02.2020 / თამილა დუმბაძის ფეისბუქგვერდიდან
მთავარი ფოტო: ადგილი, სადაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს /მაია ბოლქვაძის ფეისბუქგვერდიდან

ოჯახები მსგავსი ისტორიებით სომხეთსა და საქართველოში [ფოტო-ვიდეო]

ავტორები ნელი შიშმანიანი და ანაჰიტ ჰაირაპეტიანი /4plus/

კონსულტანტი თამარ ნერგაძე /„ბათუმელები”, „ნეტგაზეთი”/ 

სოფელი ვარდენიკი, სომხეთი.

ისტორიებს ქალებზე, რომლებიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დააქორწინეს, სომხეთის სოფლებში ხშირად მოისმენთ. მსგავსი ამბები კაცებზე თითქოს უჩვეულოა, თუმცა ხშირად ისინიც საკუთარი ნების წინააღმდეგ ქმნიან ოჯახს.

ვარდენიკიდან სოფელ ვერინამდე მთაგორიანი გზა – რთულად სავალი 7 კილომეტრია, ვერინში დაგხვდებათ აქა-იქ გაბნეული ქვის რამდენიმე სახლი და ბორბლებზე შემდგარი ფურგონები, ნიშნად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ვერინში ადამიანები.

მთის ამ სოფელში წელიწადში 4, 5 თვეს ატარებენ. სოფლის მცხოვრებლებს პატარა სამყოფელში მხოლოდ აუცილებელი ნივთები და ავეჯი აქვთ – მაგიდა, სკამი, საწოლი და გაზქურა.

გზა სოფელ ვარდენიკიდან ვერინამდე.

ვაჰანი სოფელ ვარდენიკში დაიბადა 1963 წელს. 20 წლის იყო, როცა ჯარიდან დაბრუნდა და მალევე დაქორწინდა – ოჯახს საცოლე მისთვის უკვე შერჩეული ჰყავდა და უთხრეს, რომ დრო იყო დაქორწინებულიყო.

„დაქორწინება დამაძალეს” – იხსენებს ის. ვაჰანის მშობლები გოგოს მშობლებთან ხელის სათხოვნელად მივიდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ეს ნიშნავდა, რომ ვაჰანს თავმოყვარეობა შეელახა, რის შემდეგაც გოგოს მოტაცება გადაწყვიტა. მეორე დღეს მან მომავალი ცოლი – არეგნასი თხების წველისას, თავლაში ნახა. მანქანა გააჩერა და დაჯექიო – უთხრა.

„ხეებით და ყვავილებით გარშემორტყმულ მთებში ვცხოვრობთ და საქონელს ვუვლით,” – ამბობს არგენასი. ვაჰანი და არგენასი უკვე რამდენიმე ათეული წელია ერთად ცხოვრობენ, ხშირად მღერიან და ძველ ამბებს იხსენებენ. ჰყავთ 4 შვილი და სამი შვილიშვილი. ვაჰანი ამბობს, რომ განსაკუთრებით ბედნიერი მაშინ იყო, როცა შვილიშვილი შეეძინა – გოგო.

საუზმე მთაში – მაწონი, ნაღები და თაფლი.

ვარდენიკი სომხეთის ყველაზე დიდი სოფელია, სადაც დაახლოებით 1500 ოჯახი ცხოვრობს.

ყოველი გაზაფხულის დასასრულს სოფლის მცხოვრებლები პირუტყვს ვერინ გიუს მთაზე მიერეკებიან, სადაც 4,5 თვის განმავლობაში რჩებიან. ვაჰან და არეგნას ოგანიანები მათსავე სოფელში მცხოვრები მიშა პეტროსიანის პირუტყვსაც მწყემსავენ.

საძოვარზე მიერეკებიან ძროხებს, წველიან და ამუშავებენ რძეს. არგენასი და მიშას ცოლი –  გორახი დღეში 24 ძროხას წველიან დილა-საღამოს, დანარჩენი ძროხებისთვის კი მათი ქმრები საწველ აპარატებს იყენებენ.

სოფელ ვარდენიკიდან დაბრუნებისას 72 წლის იშხან სნდოიანს ვხვდებით.

„ჩვენს ოჯახში თვრამეტნი ვიყავით, მათ შორის 10 ბავშვი. არმიაში 3 წელი ვმსახურობდი, შემდეგ კი შინ დავბრუნდი.  იქამდე შახტშიც ვმუშაობდი და ერთხელაც, როცა სახლში მივედი, დედაჩემმა არაყი გამომიტანა, ბიძაჩემიც დაჯდა სუფრასთან და მითხრა: „დღეს შენი დღეა, ინიშნებიო”. აღმოჩნდა, რომ ბაბუაჩემს დაუნახავს სირანუში და მოსწონებია, მე ის ნანახიც არ მყავდა, არც დედას უთქვამს რამე ნიშნობაზე. ავდექი და გავყევი ჩემებს გოგოს მშობლებთან. ასე დავინიშნეთ. ორ თვეში კი დავქორწინდით”, – იხსენებს იშხანი.

იშხანის ცოლი, სირანუში აგრძელებს მოყოლას: „დავქორწინდით, მაგრამ მამაჩემი და ჩემი მამამთილი ქორწილში არ იყვნენ, არ უყვარდათ თავყრილობები. მამას არაფერი უთქვამს ჩემს დაქორწინებაზე, ყველაფერი მამამთილმა დაალაგა, ჯერ მათ სახლში წამიყვანა და შემდეგ ქორწილი გამართა. ასე იყო. ასეთი დრო იდგა. ახალგაზრდები ჩვენს პირობებზე და სურვილებზე ხმას ვერ ამოვიღებდით. ყველაფერი ჩვენი მშობლების სურვილით მოხდა.

18 წლის დავქორწინდი და რახან ოჯახში პირველი რძალი ვიყავი, ტრადიციის მიხედვით ბევრი რამ დამევალა – ოჯახის მთელი ტვირთი დამაწვა მხრებზე. ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც მიმითითებდნენ. ოთხი შვილი მყავს, ორი გოგო, ორიც ბიჭი, გოგოები 17 წლისანი იყვნენ, როცა სკოლის დამთავრებისთანავე დაქორწინდნენ, განათლება ვეღარ მიიღეს. ახლანდელი დრო სჯობს ძველს, ახლა სიყვარულით ქორწინდებიან, მიუხედავად ამისა, განქორწინების შემთხვევები ბევრია, ჩვენს დროს ასე არ იყო, ვინ ანგრევდა ოჯახს.

ელენა ტოროსიანი 21 წლის დაქორწინდა

„ჩემი ქმრის ოჯახი მოვიდა ჩვენთან და მომავალი მეუღლე პირველად მაშინ ვნახე. ორი შვილი მყავს, არსენი მესამე კურსზე სწავლობს, რაფი – მეხუთეზე, ჩემი ბავშვობა უკრაინასა და ვარდენიკში გავატარე”, – ამბობს ელენა. როცა შვილები პატარები ჰყავდა, ვარდენიკში დაბრუნდა და იქ დასახლდა.

ელენა ტოროსიანი შვილთან ერთად

ელენას დედამთილი, 69 წლის ასმიკ შაჰინიანი 16 წლის იყო, როცა მასზე 10 წლით უფროს კაცზე დაქორწინდა. ახლა ვარდენიკში შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. „ქმარი ჩემზე 13 წლით უფროსია, გადაწყვეტილებებს ოჯახში ის იღებს. ვიცხოვრებთ უკრაინაში, თუ ის მოინდომებს, ან სომხეთში დავბრუნდებით, მის ნებაზეა. მე მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შემიძლია საკუთარი აზრის გამოხატვა და რაღაცებში ისიც მეთანხმება, თუმცა ტრადიციული, სომხური შეხედულებები აქვს ყველაფერზე”, – ამბობს ელენე.

სოფელი თაგო, საქართველო

აქ ქალები ამბობენ, რომ ნაადრევი ქორწინება და ძალადობა ოჯახებში წარსულს ჩაბარდა. თუმცა 15, 17 წლის ასაკში დაქორწინება სოფელში გამონაკლისად არ მიიჩნევა. ბათუმიდან ხულომდე თითქმის ორსაათიანი გზაა. ხულოს ცენტრიდან თაგომდე კი საბჭოთა პერიოდისდროინდელი საბაგირო გზით გადახვალთ, რომლის სიგრძეც 1719 მეტრია. სოფელში 64 ოჯახი ცხოვრობს. როგორც თაგოელები ამბობენ, რომ არა ეს საბაგირო გზა, სოფელს ყველა მიატოვებდა – მოუხერხებელი სამანქანო გზის გავლას სოფლამდე 20- 25 წუთი სჭირდება, საბაგიროთი კი ხულოს ცენტრიდან თაგოში 8 წუთში იქნებით.

თაგოელები საბაგიროთი ხულოში მიდიან
სახლი სოფელ თაგოში

საბაგირო სოფლისთვის უმნიშვნელოვანესია. თაგოდან ხულოს საბავშვო ბაღში მიმავალი ბავშვებისთვის ერთადერთი ტრანსპორტი სწორედ საბაგიროა. საბაგიროთი გადადიან უფროსებიც ხულოს პროდუქტების მაღაზიაში თითქმის ყოველდღე, ხანდახან კი დღეში რამდენჯერმეც.

მარიკა დავლაძე და ნათესავები

16 წლის მარიკა დავლაძეს ეს-ესაა ნათესავები ესტუმრნენ, ეზოში შემწვარ კარტოფილს ერთად შეექცევიან. მარიკა 14 წლის დაინიშნა, 15-ის კი დაქორწინდა. ახლა 16 წლისაა და პირველ შვილს ელოდება. სოფელს ადვილად შეეგუა და პრეტენზიები არ აქვს.

„მინდოდა განათლება მიმეღო, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია, ბავშვს ველოდები. სამომავლოდ ალბათ კერძების კეთებას ვისწავლი, შეიძლება რამე სხვა საქმეც გამომივიდეს. სამი წელი გვიყვარდა მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი და აი, დავქორწინდით. მას 16 და-ძმა ჰყავს. მათგან 4 ჩვენთან ერთად ცხოვრობს”, – ამბობს მარიკა.

16 წლის მარიკა დავლაძე პირველ შვილს ელოდება

მზისადარ ცეცხლაძე მეზობლებისთვის ყავას ამზადებს, დილის ყავა და საუბრები მეზობლებისთვის ტრადიციაა თაგოში. ასეთი შეკრებების დროს ქალები ძირითადად საკუთარი ოჯახზე, სოფლის ყოველდღიურ ამბებზე ყვებიან.

მზისადარს სამი შვილი ჰყავს – ორი გოგო და ერთი ბიჭი. გოგოები დედას საოჯახო საქმეებში ეხმარებიან.

თამილა ქარცივაძეც ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა ქალებს შორის, ვინც თაგოს დილის ყავის ტრადიციას არასდროს აკლდება. თამილას ქმარი სამუშოდ თურქეთში დადის სეზონურად. თამილა ბავშვებთან ერთად თაგოში რჩება. 17 წლის იყო, როცა დაქორწინდა, ახლა 2 შვილი ჰყავს.

თამილა ქარცივაძე 17 წლის დაქორწინდა
ყველაზე ასაკოვანი ქალი თაგოში – 100 წლის შადიე ცეცხლაძე და მისი ოჯახი

პროექტი მომზადებულია 4Plus.org-ისა და batumelebi.netgazeti.ge-ს მიერ MEC Multimedia Education Center მულტიმედია განათლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსი არ გამოხატავს დონორის პოზიციას.       

ბაღდათში 2-ჯერ მეტი იხარჯება რელიგიასა და სპორტზე, ვიდრე ღარიბებზე – ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და პრიორიტეტებს აქვეყნებს.  მათი ინფორმაციით, ბაღდათში 21 700 მოსახლეა, საიდანაც 1 777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია.

„ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. აღნიშნულმა ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7 130 210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243 500 ლარი ეპარქიის დაფინანსება დაჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის მიმართ, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოსთვის გადაცემულ 25 მილიონ ლარში“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის წლების მიხედვით:

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოცუზრუნველყოფა:
2013 – 328 400
2014 – 370 400
2015 – 376 200
2016 – 443 400
2017 – 464 600
2018 – 684 400
2019 – 676 400

სპორტი, რელიგია, კულტურა
2013 – 714 700
2014 – 769 110
2015 – 1 037 600
2016 – 1 275 600
2017 – 1 208 600
2018 – 1 200 00
2019 – 924 600

ეპარქიის დაფინანსება:
2013 – 36 500
2014 – 25 000
2015- 32 000
2016 – 39 000
2017 – 31 000
2018 – 30 000
2019 – 50 000

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3 თებერვალს 2 ქალი და 4 ბავშვი საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს  ემსხვერპლა. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო.

ილუსტრაცია: ფლანგვის დეტექტორი

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“ არქივიდან

რა იცვლება შშმ პირებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით

საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა, სადაც ასახულია გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები.

კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით,  შენობა-ნაგებობების ადაპტირება 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. „ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული“.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. „ახალი სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში“, – წერია კანონპროექტში.

ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. სწორედ ამ საჭიროებაზე საუბრობდნენ  შშმ პირები სხვადასხვა უწყებასთან საჯარო შეხვედრების დროს და აღნიშნული კანონპროექტიც ითვალისწინებს იმას, რომ შშმ სტატუსის მინიჭების დროს, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს პირის რეალური საჭიროებები. „ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც“.

კანონპროექტი ითვალისწინებს ჟესტური ენის სწავლებას. პროექტის მიხედვით, „ქართული ჟესტური ენა“ უნდა იქნეს აღიარებული და შეიქმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია“.

საკანონმდებლო ინიციატივა შშმ პირებისათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობასაც ითვალისწინებს. შეიქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი, რომლებიც „შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ“.

„კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს“, – ნათქვამია კანონპროექტში.

შშმ პირების უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონპროექტი  სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს. განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტური აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე, საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით.

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. ყოველ თვე 100 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ვინც თვის ჭრილში ყველაზე მეტი მოცულობის გზავნილი მიიღო/გააგზავნა,ს აჩუქრად 20, 30, 50 და 100 ლარს მიიღებს.

5 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში ვინც ფინკა ბანკში მიიღებს ან/და გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ის ავტომატურად ჩაერთვება გზავნილების აქციაში და მიიღებს დამატებით საჩუქრებს: უფასო ტელეფონ-ბანკს, მულტი-სავალუტო ანგარიშის უფასოდ გახსნასა და საუკეთესო კურსს ვალუტის კონვერტაციაზე.

„2020 წელს ფულადი გზავნილების ახალი კონცეფციისა და უფრო დიდი მასშტაბის კამპანიას ვიწყებთ. ყოველ თვე 100 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ფულადი პრიზით დავაჯილდოვებთ. ასევე, ფინკა ბანკში ფულადი გზავნილებით მოსარგებლეთათვის მომსახურების პროცესი კიდევ უფრო გავამარტივეთ – ტელეფონ-ბანკში ჩართვის შედეგად მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შემდეგი გზავნილი ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე მიიღონ. ტელეფონ-ბანკის სერვისით მომხმარებლები დაზოგავენ დროს და დისტანციურად მიიღებენ ფულად გზავნილს. ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია 5 თებერვალს დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება“, განაცხადა თამარ სოფრომაძემ, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

*აქცია ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფინკა ბანკის ვებ გვერდზე www.FINCA.ge

6 წელი მიუსაჯეს მამას, რომელიც ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა შვილებზე

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.ა., რომელიც 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან ნ.ა-სთან და ბ.ა-სთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, 2018 წლიდან მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის.

„სკოლის მოსწავლე ბ.ა. მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს, ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა.

2018 წლის ზაფხულში ბ.ა-მ მამას უთხრა, რომ რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო გადატვირთული გრაფიკის გამო და სურდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის. პასუხად, მ.ა-მ შვილს მაჯაზე წვერის საპარსი გაუსვა.

2018 წლის სექტემბერში მ.ა-მ თავის ქალიშვილს, ნ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან მ.ა. აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს, დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, უარის თქმის შემთხვევაში კი, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

სამართალდამცველებმა მ.ა. 2019 წლის 1-ელ მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ) და 111,139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება დაზარალებულის სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ მ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თოვლის გამო მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში

აჭარის მაღალმთიანეთში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყერი განვითარდა შუახევის სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა.

შუახევის მერიის ინფორმაციით, სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახებს გაიყვანენ ქირით.

დღეს შუახევში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 50-სმ აჭარბებს. შუა ზონაში 20-30 სმ-ია, ხოლო დაბაში 5-სმ.

ელექტროენერგია დილიდან ნაწილობრივ არ მიეწოდება შუბნის და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულების რამდენიმე სოფელს. ბარათაულში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. შუახევის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასახლების აბონენტებს ელექტროენერგია დაახლოებით ერთ საათში აღუდგება.

გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს:
გომარდულის, ჯაბნიძეების, შუახევი-უჩამბის, კარაპეტის, ლომანაურის,ხიჭაური-ნაღვარევის, წყაროთის, ჭვანა- გომარდულის, ბრილის, ინწკირვეთის, წელათის, ნენია – ბუთურაულის, ფურტიოს, გოგაძეების, პაპოშვილები – გორის, დაბაძველის მიმართულებით. მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მოქმედებს ცხელი ხაზი: 08 000 000 08.

 

4 თებერვალს მეწყერი განვითარდა ქედაში, სოფელ ზენდიდში, ბერიძეების საცხოვრებელთანაც. 

ვის შეუძლია მარტიდან გერმანიაში დასაქმება

პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია.

გერმანიის საელჩოს მონაცემებით, გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ. დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო. ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს, მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა…

გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი უნდა იყოს.

ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამები საქართველოში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებში არსებობს, თუმცა ბათუმის პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ხელმძღვანელმა, მაია თოიძემ გვითხრა, რომ ამ ხანგრძლივობის პროგრამებს ნაკლებად ირჩევენ. ორწლიანი პროგრამები მხოლოდ დუალურია, ანუ როცა ადამიანი მუშაობის პარალელურად სწავლობს. მაია თოიძის თქმით, ბათუმში ძირითადად დუალურ პროგრამებს ტურიზმის მიმართულებით ირჩევენ.

თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ვიზის მიღება ასევე შესაძლებელია, თუკი გერმანიაში გამგზავრება სასკოლო ან პროფესიული განათლების მისაღებად გსურთ. შესაძლებელია პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლაც. პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე, ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ 10 საათი.

კვირაში 10 საათით მუშაობის უფლება გექნებათ მაშინაც, თუკი გერმანიის საელჩოს ეტყვით, რომ გერმანიაში სამუშაო ჯერ არ გიპოვიათ და გამგზავრება სამსახურის მოსაძებნად გსურთ. ამ პერიოდში თქვენ გამოსაცდელი ვადით მუშაობის უფლება გექნებათ.

„გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუკი სამუშაო ადგილი გერმანიაში უკვე იპოვეთ და თქვენი კვალიფიკაციაც დადასტურებულია, საელჩოს ან საკონსულოს პირველი მარტიდან დაჩქარებული ვიზის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ ვიზა სამ კვირაში უნდა მიიღოთ. ვიზის საფასური 75 ევროა.

თოვლის გამო ხულოში 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

4 თებერვალს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხულოს სოფლების: რიყეთისა და დანისპარაულის 200 აბონენტს. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.

ამ დროისთვის აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60 სმ-ია, ხოლო დაბაში – 30 სანტიმეტრი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 1 მეტრამდეა.

ხულოს მერიის ცნობით, ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე თოვლის საფარის გაწმენდის სამუშაოები.

გზების გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 19 ერთეული ტექნიკა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების 2 ერთეული ტექნიკა აწარმოებს.

კურორტ გოდერძიზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.

უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, დღეს, 5 თებერვალს, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა ხულოს მერიაში.

მერიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათი მუშაობს და მოქმედებს ცხელი ხაზიც: 551 00 52 72.

 

14 წლის შარლოტა ბრონტეს დაწერილი მინიატურული წიგნი დები ბრონტეების მუზეუმში დაბრუნდა

შარლოტა ბრონტეს 14 წლის ასაკში დაწერილი მინიატურული წიგნი დაბრუნდა მის მშობლიურ სახლში, იორკშირში, სადაც ამჟამად დები ბრონტეების მუზეუმია.

წიგნი დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომისაა და ჰქვია „ახალგაზრდა კაცების ჟურნალი“. მინიატურული წიგნი 1830 წლის 19 აგვისტოთი თარიღდება და შედგება შარლოტა ბრონტეს ხელით დაწერილი მოთხრობებისგან. შარლოტამ ასეთი 6 მინიატურული წიგნი დაწერა, მათგან ხუთი მუზეუმშია, მეექვსეს ბედი კი უცნობია.

ლიტერატურათმცოდნეების აზრით, 14 წლის შარლოტა ბრონტეს დაწერილი „ახალგაზრდა კაცების ჟურნალი“ ნათელს ჰფენს, რა თემები აინტერესებდა ახალგაზრდა მწერალს.

მინიატურული წიგნი აუქციონზე შეიძინა დები ბრონტეების საზოგადოებამ დაახლოებით 670 ათას დოლარად, საზოგადოების დახმარებით.

დები ბრონტეების მუზეუმი

შარლოტა ბრონტე 1816 წელს დაიბადა იორკშირში, მღვდლის ოჯახში. მისი ცნობილი რომანია „ჯეინ ეარი“, რომელიც 1847 წელს გამოსცა კარერ ბელის ფსევდონიმით. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული.

მწერლები იყვნენ შარლოტას დები, ემილი და ენ ბრონტეებიც. ქართულ ენაზე თარგმნილია ემილი ბრონტეს ცნობილი რომანი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ და ენ ბრონტეს „აგნეს გრეი“.

დები ბრონტეების პორტრეტი, რომელიც ძმამ, ბრენუელმა დახატა დაახლოებით 1935 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ენი, ემილი და შარლოტა

_____________

ფოტოზე: შარლოტა ბრონტეს პორტრეტი, მხატვარი: ჯორჯ რიჩმონდი, 1850 წ. წყარო: ვიკიპედია

მეწყერი ქედაში – ხუთსულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ქედაში, სოფელ ზენდიდში, ბერიძეების საცხოვრებელთან 4 თებერვალს მეწყერი განვითარდა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბერიძეების 5-წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას იქნა გაყვანილი, ხოლო სტიქიის ადგილს გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან, რომელთა დასკვნის საფუძველზე თვითმმართველობა მოახდენს რეაგირებას.

მცირე მეწყერი განვითარდა, ასევე, ქოსოფელში, რომელიც, მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს გაიწმინდება.

გუშინ, 4 თებერვალს, ქედაში გზაზე  ორი მეწყერი ჩამოწვა. მეწყრული მოვლენები ქედაში თოვლ-ჭყაპს მოჰყვა.

ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

„გააღვიძე ოლიგარქი“ – საია აქციის მონაწილეების სახელით საკონსტიტუციოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ მონაწილეების, ბონდო თედორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 14 აგვისტოს, აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მიმდინარეობის დროს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა მოსარჩელეთა მიერ შპს „რეზიდენსის“ ტერიტორიასთან შეკრების მიმდინარეობისას ხმაურის ნორმების გადამეტება. ხმაურის ნორმების გადამეტება დასჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლით. თუმცა, ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება შეკრებისა და მანიფესტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

შედგენილი ოქმების კანონიერებაზე თავდაპირველად ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, შემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა. არც ერთმა სასამართლომ მოსარჩელეების საჩივარი არ დააკმაყოფილა და აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა სწორად, რადგან შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეკრების დეფინიცია არ მოიცავდა იმ მიზნით შეკრების ჩატარებას, რა მიზანიც მოსარჩელეების მიერ გამართულ შეკრებას ჰქონდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს.“ აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც და დამატებით განმარტა, რომ „ეს შეკრება ემსახურებოდა კონკრეტული პირის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, აღნიშნული კი თავისი შინაარსით სცდება გამოხატვის უფლებას და არღვევს თანაზომიერების პრინციპს გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვების ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს შორის.“

საიას აზრით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებიდან სადავო ნორმატიული შინაარსის გამორიცხვა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას განამტკიცებს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება საჯარო-პოლიტიკური პირების მიმართ მსგავსი შეკრების ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება მათი საქმიანობის მიმართ და ამგვარად საჯარო ინტერესის სფეროში არსებულ საკითხზე კონკრეტულ საჯარო-პოლიტიკურ პირს შეაცვლევინოს პოზიცია/ქმედება. მოსამართლეებისაგან განსხვავებით საჯარო-პოლიტიკურ პირებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ მათ წინააღმდეგ მიმართულ საჯარო დისკუსიაში და თავიანთი აზრის დაფიქსირებით შეძლონ საპროტესტო ტალღის შენელება. სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობისას გონივრული ბალანსის შეზღუდული უფლებისკენ გადახრას.

იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან ხდება შეკრება, და შეკრება თავისი ფორმითა და შინაარსით არის მშვიდობიანი, საიას აზრით, მსგავსი შეკრების უფლებიდან გამორიცხვა არაპროპორციული ხასიათისაა და არ არსებობს გონივრული ბალანსი დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის. ამდენად, წარდგენილ საჩივარში მოთხოვნილია ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც აღნიშნული კანონის მიზნებისთვის შეკრებად არ მიიჩნევს შეკრებას, როცა ეს მოქმედება ხდება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას.

_________

ფოტოზე: აქცია „გააღვიძე ოლიგარქი“. ფოტო არქივიდან.

ბურუნთაბიე და სხვა დანგრეული ფორტები ბათუმის ისტორიიდან

„ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ტელეგრაფი, ბანკი, ფოსტა, სადგური, პორტი, კახაბრის ციხესიმაგრე, კაიადიბა (каядыба) სტეფანოვკა, შავი ზღვის ბატარეა, ბურუნთაბიე, ბარცხანა, დიდი და პატარა სამება – ყველა ესენი უკვე ჩვენს ხელთ იყო. ქიაზილ ბეის მიეცა წინადადება, ორ საათში გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული სახელმწიფო დაწესებულება და გადმოეცა ყველა პოსტი ბათუმის რევოლუციური სამხედრო საბჭოსთვის. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ტელეფონით უშუალოდ რევკომის თავმჯდომარის – გაბელიასა და ქიაზილ ბეის შორის“, – ეს არის ამონარიდი ჩანაწერებიდან, სადაც გენერალი მაზნიაშვილი ბათუმში 1921 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ამ დროს უკვე სრულდებოდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია.

აქ მაზნიაშვილი ჩამოთვლის იმ ფორტებსაც, რომლებსაც იმ დროს ქალაქის გამაგრების ფუნქცია უნდა შეესრულებინა. რამდენი ფორტი იყო მაშინ ბათუმში, რა აღჭურვილობა ჰქონდა ქალაქს და რა შემორჩა დღემდე ისტორიის იმ პერიოდიდან? – ამ თემაზე ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვესაუბრა. ის ბათუმის ფორტების 1921 წლამდე პერიოდს იკვლევს.

დიმიტრი სილაქაძე
როდის დაიწყეს ფორტების აშენება ბათუმში

ბათუმში  ფორტების [ფორტი -ციხესიმაგრე საბრძოლო გამაგრებათა სისტემაში.] აშენება ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო. სანამ რუსები შემოვიდოდნენ, 1878 წლამდე ორი დიდი ფორტი იყო ბათუმში. ერთი იყო ბურუნთაბიეს კონცხზე, შუქურასთან, რომელიც რუსულ პერიოდშიც დარჩა და მისი მოდერნიზება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა მოხდა; მეორე კი იყო პორტის მიდამოებში, სარისუს  ფორტი, რომელიც დაანგრიეს რუსებმა.

როდესაც ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რუსებმაც დაიწყეს ქალაქის გამაგრებაზე ზრუნვა, რადგან ბათუმი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა ოსმალეთთან მომავალი ომისთვის თუ თავდაცვისთვის, ამიტომ იფიქრეს, რომ ქალაქი კარგად გამაგრებული უნდა ყოფილიყო. ჯერ შეიქმნა მიხეილის სახელობის სიმაგრე, რომელსაც 1887 წელს მიენიჭა ციხესიმაგრის სტატუსი.

ციხესიმაგრე სულ ოთხი იყო შავ ზღვაზე და ბათუმის ციხესიმაგრე იყო ერთ-ერთი. ნელ-ნელა დაიწყო ფორტების მშენებლობა სანაპირო ზოლში და ქალაქის ირგვლივ სიმაღლეზე, რათა მომავალში მომხდარიყო ქალაქის დაცვა როგორც ზღვიდან, ასევე – ხმელეთიდან.

საბოლოოდ ათზე მეტი ფორტი იყო ქალაქში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბურუნთაბიეს ფორტი, ამავე სახელწოდების კონცხზე შუქურის მიმდებარედ საზღვაო ზოლში. 2000-იანი წლების ბოლომდე იყო ამ სიმაგრის ნარჩენები შემორჩენილი ზღვის სანაპიროზე.

იყო ასევე ბარცხანის ფორტი, დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც ახლა რესტორანი „რივიერაა“.

მესამე იყო შავი ზღვის ბატარეა, დღეს არდაგანის ტბის მიმდებარედ ფინანსთა სამინისტროს სააგენტო რომ არის, დაახლოებით ამ ტერიტორიაზე. ასევე იყო  სანაპირო დაცვის ბატარეა მთა „მცირე კვანგორაზე“, ამ ტოპონიმს ვერ მივაგენი – სამწუხაროდ არ ვიცი, ეს რომელი მთაა.  შესაძლოა ეს იყო მთა მცირე კვეცელური, ბათუმგორის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის ტოპონიმიც მეოცე საუკუნის დასაწყისში მივიწყებას მიეცა.

ასევე, ბათუმში იყო ფორტები, რომლებიც სიმაღლეებიდან იცავდნენ ქალაქს და  ასრულებდნენ სადამკვირვებლო მისიას. ეს იყო ფორტი  # 2 კახაბერი ბათუმგორაზე, სასტუმრო „სპუტნიკი“ სადაც არის, დაახლოებით იქ, მიმდებარე ტერიტორიაზე; ფორტი „ჰამიდიე“, ბათუმის დღევანდელი სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარედ; ფორტი მცირე სამება ქვედა სალიბაურის რეზერვუარის მიმდებარედ; ასევე ფორტი სტეფანოვკა, ანგისას სტადიონის მიმდებარედ; ფორტი დიდი სამება, იქ სადაც დღეს ეკლესიაა აშენებული. ასევე, ფორტი იყო ანარიის მთაზე, ფერიის მთაზე და ერგეს მთაზეც.  ყველა ამ ფორტზე იდგა სხვა და სხვა კალიბრის არტილერია. დაახლოებით 1900-იანი წლების დასაწყისში დასრულდა ამ ბატარეების მშენებლობა, მაგრამ აღჭურვა დაიწყო უფრო ადრე, ამიტომაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ფორტების არტილერია საკმაოდ მოძველებული იყო.

ბრიტანელების მიერ განადგურებული ქვემეხები
ფორტების აღჭურვილობა

ბათუმში ფორტები ძირითადად აღჭურვილი იყო მსხვილკალიბრიანი და შორს მსროლელი არტილერიით, იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის გემებისთვის, ასევე მოწინააღმდეგის სახმელეთო ძალებისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო ქალაქი. 1905 წლისათვის ეს არტილერია უკვე მოძველებული იყო. ეს იყო მე-18 საუკუნის 60-70- იან წლებში გამოშვებული  მოძველებული მოდელები,  რომელთა სროლის მანძილი არ იყო დიდი, ასევე ამ მოდელების სწრაფგასროლა საკმაოდ დაბალი იყო.

ამის პარალელურად განვითარდა იმდროინდელი კრეისერები [წყალზედა საბრძოლო ხომალდი]. კრეისერებს თავისი არტილერიით შეეძლოთ მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ ქალაქისათვის, სანაპირო არტილერია მათ ვერ მისწვდებოდა, მანძილი არ იქნებოდა საკმარისი, თან კრეისერების ჯავშანი გაიზარდა. როდესაც რუსეთი დამარცხდა იაპონიასთან ომში, მათ საზღვაო სიმაგრეებისადმი სკეპტიკური განწყობა გაუჩნდათ. შავ  ზღვაზე ოთხი ასეთი ციხესიმაგრე იყო და აქედან ერთის დატოვება, ხოლო დანარჩენი სამის ნელ-ნელა დაშლა განიზრახეს.

ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა საზღვაო უწყება, რომელსაც  მიაჩნდა, რომ ფორტები უნდა გადაიარაღებულიყო და გაძლიერებულიყო, რადგანაც  შეიძლებოდა ყოფილიყო ფლოტის მსუბუქი ძალების სამანევრო ბაზა ოსმალეთის სანაპიროზე ჩატარებულ ოპერაციებში.

პირველი მსოფლიო ომის წინ ბათუმის თანამედროვე საარტილერიო საშუალებებით აღჭურვა მანც ვერ მოესწრო, დააყენეს ოთხი ექვსდუიმიანი კანეს ტიპის ქვემეხი. ეს ქვემეხები სწრაფად ისროდნენ, თუმცა სროლის მანძილი 13,4 კილომეტრს შეადგენდა, რაც არ იყო საკმარისი.

პირველი მსოფლიო ომი როდესაც დაიწყო, შავ ზღვაში შემოვიდა გერმანული სახაზო კრეისერი „გებენი“, რომელიც თურქეთის არმიის მხარდამხარ იბრძოდა, ის წარმოადგენდა მრისხანე ძალას  და ფატობრივად ბათუმის ციხესიმაგრის არტილერია უძლური იყო მის წინააღმდეგ. ეს გამოჩნდა 1914 წლის 10 დეკემბერს, როდესაც „გებენმა“ დაბომბა ბათუმი, მან დაახლოებით 17 კილომეტრიდან გაუხსნა ცეცხლი ქალაქს, მაშინ როდესაც ქალაქის არტილერიას მხოლოდ 13 კილომეტრზე შეეძლო სროლა. „გებენმა“ 15 ჭურვი ისროლა ქალაქის მიმართულებით, მართალია დიდი ზიანი ბათუმს არ მიადგა, მაგრამ გემი გაბრუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ოსმალურმა სახმელეთო ძალებმა მის შეტევას მხარი ვერ აუბეს.

10-დუიმიანი (254მმ) ქვემეხის დაყენების პროცესი ბარცხანის ფორტზე

ამის შემდეგ ბათუმის პორტში დააყენეს ოთხი 254-მილიმეტრიანი ქვემეხი, რომელთა სროლის მანძილიც 20 კილომეტრს აჭარბებდა, რითაც მეტნაკლებად სერიოზულ ძალად გადაიქცა ეს ციხესიმაგრე და ეს იყო თუნდაც ერთ-ერთი მიზეზი სხვა მიზეზებთან ერთად, რომ „გებენს“ ბათუმი აღარ დაუბომბავს.

1918 წელს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქართული არმია, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში იყო ამ პერიოდში, ფაქტობრივად, დეზორგანიზებული იყო და ოსმალებმა მარტივად აიღეს ქალაქი.

1918 წლის ბოლოს ბრიტანელები შემოვიდნენ ბათუმში და 1920 წლის ივლისში, როდესაც ბათუმიდან გავიდნენ, სანამ ქართველებს გადასცემდნენ ქალაქს, მათ თითქმის მთელი არტილერია გაანადგურეს. ამას თავისი ახსნა აქვს, ბრიტანელები, სავარაუდოდ ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან აქ შემოვიდა საბჭოთა რუსეთის ჯარი და ბრიტანელებს არ სურდათ ეს არტილერია მათ ჩაეგდოთ ხელში.

ბრიტანეთის დროშა ბურუნთაბიეს ფორტზე

არის მასალები, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითქმის მთელი არტილერია ამ ფორტებისა განადგურებულია. დემოკრატიულ რესპუბლიკას არ ჰქონდა არც ფინანასური და არც სხვა საშუალებები, რომ აღედგინათ ფორტები, თუმცა მაინც დაიწყეს  მოწესრიგება. 1921 წელს, მაშინ როდესაც ბათუმისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა, ამ ფორტებისთვისაც იყო ბრძოლა.  მაგალითად, მაზნიაშვილმა ბარცხანის ფორტი გაათავისუფლა ოსმალებისგან, შემდეგ ოსლამებმა კახაბრის ფორტს შეუტიეს, მაგრამ ვერ აიღეს და ამ ფორტებზე ბრძოლა 1921 წელსაც მიმდინარეობდა. საბჭოთა პერიოდში ფორტების რაღაც ნაწილი აღდგა, თუმცა ეს უფრო გვიანდელი პერიოდია და ფორტები აღარ გამოუყენებიათ, თუმცა ფუნქციონირებდა.

ყველაზე დიდხანს, როგორც ვიცი, ბურუნთაბიეს ნარჩენები იყო შემორჩენილი, 2000-იანი წლების ბოლომდე. ასევე, შავი ზღვის ბატარეის ნარჩენები, რომელსაც არდაგანის ბატარეას ეძახდნენ. ბაცხანის ფორტი 1990-იან წლებამდე იყო. სამებაში, სადაც დიდი სამონასტრო კომპლექსია აშენებული, როგორ ფოტოებზე მინახავს, ძველი ფორტის ნანაგრევები იყო შემორჩენილი, რომელზეც შემდეგ დააშენეს სამონასტრო კომპლექსი.

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას – პედიატრის რჩევები

ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩება თანატოლებს? შესაძლოა ეს ამაში უცნაური არაფერი იყოს, რადგანაც ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა, რაც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე ზრდასთან დაკავშირებულ გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს. UNICEF-ის განმარტებით: სიმაღლეში ჩამორჩენა ეხება ბავშვს, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. სიმაღლეში ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ბავშვი არ იზრდება ფიზიკურად და გონებრივად და ეს განპირობებულია ქრონიკული, ან განმეორებითი ხასიათის მალნუტრიციით [წონის დარღვევა].

რა შეიძლება იყოს ზრდაში ჩამორჩენის მიზეზები?

ოჯახური ან გენეტიკური ფაქტორის გარდა ბავშვებში სიმაღლეში ჩამორჩენას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, მათ შორის:

კონსტიტუციონალური ზრდის ჩამორჩენა, ანუ როცა ძვლის ასაკი ჩამორჩება ქრონოლოგიურ ასაკს – ამ დროს ხდება დაგვიანებულია სქესობრივი მომწიფება, 3 წლიდან პუბერტულ პერიოდამდე აღინიშნება ზრდის მატების დაბალი ტემპი, თუმცა ზრდასრულ ასაკში სიმაღლე ნორმის ფარგლებშია;

ენდოკრინული დარღვევები – ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ჰიპოთირეოიდიზმი;

სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და კვების ქრონიკული დეფიციტი, რაც გულისხმობს არა ზოგადად შიმშილს, არამედ კვებას, რომლის შედეგადაც ბავშვის ორგანიზმი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნუტრიენტებს ვერ ღებულობს. იმის დასადგენად აქვს თუ არა ბავშვს ზრდაში ჩამორჩენა ან წონაში ჩამორჩენა კეთდება სომატომეტრია/ანთოპომეტრია (სხეულის სხვადასხვა ნაწილების გაზომვა).

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef Georgia] 2018 წლის ანგარიშში ნაჩვენებია, რომ საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა სიმაღლეში. კიდევ უფრო მაღალია (8%) ბავშვების სიმაღლეში ჩამორჩენის მაჩვენებელი 24-35 თვის ბავშვებში. 

სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელები“ პედიატრ ნიგარ ჭელიძეს ესაუბრა. ექიმი ამბობს, რომ ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე მნიშნველოვანია სწორი კვება. “ძალიან ხშირად წლამდე ბავშვები იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, აქედან 6 თვემდე მხოლოდ ძუძუთი კვება, შემდეგ – დამატებითი. 1-დან 2 წლამდე ბავშვთა კვება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ბავშვი 1-დან 2 წლამდე უნდა იღებდეს: ბოსტნეულის პიურეს, ხილის სუპ-პიურეს, ორცხობილას, ნამცხვარს, რძიან ფაფას, მცენარეულ ზეთს, ხორბლის პურს, ხილის წვენს (უშაქროს), ხორცის პიურეს, ნაღების კარაქს, ასევე კეფირსა და მაწონს, ხაჭოს, კვერცხსა და თევზს.

სამწუხაროდ, ხშირად, როცა მშობლებს ვურჩევ 1-2 წლამდე ბავშვებისთვის მრავალფეროვან  საკვებს, დედები გულახდილად მეუბნებიან, ვერ მოვახერხებთო. ამიტომ ვიტამინების დეფიციტი, რომელიც არაბალანსირებული კვებითაა გამოწვეული, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მდგომარეობითაა განპირობებული” – ამბობს ის.

ექიმის განმარტებით, ქრონიკული და ენდოკრინული დაავადებების შემთხვევაში, პირველ რიგში სწორედ დაავადების მკურნალობა ხდება. თუ ბავშვის სიმაღლეში ზრდის ინტენსივობა გენეტიკურად არის განპირობებული,  არც კვების გამოსწორება, არც ვიტამინოთერაპია არ ცვლის მდგომარეობას, სხვა მიდგომაა საჭირო. არა მარტო გენეტიკოსის, არამედ ენდოკრინოლოგის და სხვა სპეციალისტების მეთვალყურეობაც სჭირდება, რომ შესაბამისად კუპირებული იქნას ის მიზეზები, რომლებიც განაპიროებებენ ზრდაში ჩამორჩენას.

პედიატრის თქმით, ბავშვის სიმაღლეში ზრდას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სამ ასაკში: პირველად ბაგა-ბაღის, 3-4 წლის ასაკში, შემდეგ 6 წლის ასაკში, როცა ისინი სკოლაში შედიან და მათი სიმაღლეში ჩამორჩენა განსაკუთრებულად თვალშისაცემი ხდება თანაკლასელების ფონზე და სქესობრივი გარდატეხის პერიოდში, 12-14 წლის ასაკში. ამ დროს, გარდა სიმაღლეში ზრდის შეფერხებისა, მშობელმა და პედიატრმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდებში მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას: გოგოების შემთხვევაში სარძევე ჯირკვლების ჩამოყალიბებას, მენსტრუალურ ციკლს, ბიჭებში კი ხმის ტემბრის შეცვლას, სახეზე თმინაობას და ა.შ.

როგორ აისახება საკვები ნივთიერებების დეფიციტი ბავშვის ზრდა განვითარებაზე

ბავშვი შეიძლება არ იყოს მშიერი, მაგრამ არაბალანსირებული კვების გამო, ის შესაძლოა საკვებიდან ვერ იღებდეს მისი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებს. ნიგარ ჭელიძე ამბობს, რომ პედიატრები უმეტესად ხელმძღვანელობენ ე.წ. „ჰარვარდის ჯანსაღი კვების თეფშით“, რომელიც  გვეუბნება, თუ რა რაოდენობით უნდა შევიდეს ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ორგანიზმში.

„მრავალფეროვანი საკვები აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი და ბალანსირებული კვებისთვის, იმიტომ რომ სხვადასხვა საკვები შეიცავს საკვები ნივთიერებების უნიკალურ ნაზავს – მაკროელემენტებს (ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები) და მიკროელემენტებს (ვიტამინები და მინერალები). ჰარვარდის ჯანსაღი კვების თეფში, კვების ერთგვარ გეგმას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ბავშვის თეფშის ნახევარი უნდა შევავსოთ ფერადი ბოსტნეულითა და ხილით (ხილს ვირჩევთ, როგორც სასუსნავს), თეფშის დანარჩენ ნახევარზე მთლიანი მარცვლეული და ჯანსაღი ცილა უნდა გავანაწილოთ“ – ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა.

პედიატრი ამბობს, რომ თუ ეს ბალანსი დარღვეულია, ზრდაში ჩამორჩენის გარდა, ასევე ვლინდება სხვა დეფიციტებიც, მაგალითად წონაში ჩამორჩენა და გამოფიტვა.

„ზრდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმში შევიდეს საკმარისი რაოდენობით რკინა, ცილა და  D ვიტამინი, ფოსფორთან ერთად. მათი დეფიციტი განაპირობებს მადისა და იმუნიტეტის დაქვეითებას, შესაბამისად ასეთი ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, ან აქვთ როგორც ზრდაში, ისე წონაში ჩამორჩენა. ასევე, მნიშვნელოვანია, ბავშვმა მიიღოს ამინომჟავები, A ვიტამინი, კალციუმი, თუთია და იოდი“ – ამბობს ნიგარ ჭელიძე. 

პედიატრის განმარტებით, არაბალანსირებული კვებით გამოწვეული ჰიპოსტატურის შემთხვევაში, თუ ბავშვის კვებას გამოვასწორებთ,  A და D ვიტამინის (კალცთან და ფოსფორთან ერთად) შემცველი საკვების მიღებით, ორ თვეში უკვე დავინახავთ, რომ ბავშის სიმაღლეში ზრდა შეესაბამება მის ასაკსა და განვითარებას.  ექიმის თქმით, სწორედ ეს ელემენტები  განაპირობებს სიმაღლის 30-40%-იან მატებას. 

რა უნდა ჭამოს ბავშვმა

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის “ჯანსაღი კვების თეფშის” მიხედვით,  ბავშვის მენიუში ცილების წყაროდ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: თევზით, კვერცხითა და ფრინველის ხორცით შემოიფარგლება, თუმცა ცილების ძირითად წყაროდ მარცვლეულს უწევენ რეკომენდაციას:

„აირჩიეთ ლობიო, ბარდა, ოსპი, თხილეული და სხვა მარცვლოვანი ჯანსაღი ცილის წყაროები, ასევე თევზი, კვერცხი და ფრინველის ხორცი. უნდა შეზღუდოთ წითელი ხორცი (საქონლის, ღორის, ცხვრის) და თავი აარიდეთ დამუშავებულ ხორც (ბეკონი, დეკატესები, სოსისები და ძეხვეული)”.

ამავე რეკომენდაციების მიხედვით: ბავშვის ყოველდღიურ მენიუში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული: „რაც მეტი ნაირსახეობაა, მით უკეთესი. კარტოფილი და ჩიფსები, სისხლში შაქრის შემცველობაზე, მათი ნეგატიური ზეგავლენის გამო, ამ შემთხვევაში ბოსტნეულად არ ითვლება” – წერია ჰარვარდის „ჯანსაღი კვების თეფშში“.

პედიატრი ნიგარ ჭელიძე, ქართულ ბაზარზე არსებულ რამდენიმე განსაკუთრებულად სასარგებლო ბოსტნეულსა და ხილს გირჩევთ:

„ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფოთლები. ბაღჩეულიდან – გოგრა, ყაბაყი. ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ბანანი, ლიმონი, ვაშლი, კივი, ფეიხო. ცილის მისაღებად კარგია ნიგოზი (გარდა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებისა), მისით ფაქტიურად შესაძლებელია ცილის შენაცვლება, ასევე თხილიც, თუმცა თხილი და ნიგოზი ალერგიულია და გარკვეულ წილ პრობლემებს გვიქმნის ბავშვებში რომ დავნიშნოთ, მოზრდილებში ძალიან კარგია რომ გამოვიყენოთ” – ამბობს პედიატრი.

პედიატრი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არის ზუსტად განსაზღვრული, თუ რა სიხშირითა და რაოდენობით უნდა მიიღოს რძე ბავშვმა, რადგანაც ბავშვებში რძეზე ალერგია ძალიან ხშირია. ამიტომ უმჯობესია ბავშვს D ვიტამინი და კალციუმი ნაწილობრივ დამუშავებული რძის, ანუ რძის ნაწარმის სახით მივაწოდოთ, ასეთი პროდუქტებია მაწონი, ყველი და ხაჭო.

„სამ წლამდე ბავშვებისთვის პედიატრები ადაპტირებული ნარევის მიცემით ანაცვლებენ რძესა და რძის ნაწარმს, ეს ნაკლებ სარისკოა ალერგიის მხრივ და ნაკლებ პრობლემებს ქმნის“ – ამბობს ნიგარ ჭელიძე. ამავე მიზეზით რძის ნაწარმი, შედარებით მცირე რაოდენობით მოხვდა ჰარვარდის „ჯანსაღი კვების თეფშზეც“.

ფიზიკური აქტივობა და სიმაღლეში ზრდა

პედიატრი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობა ყოველთვის ეხმარება კუნთების განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მაგრამ ეს ყველაფერი ე.წ. ჰიპოსტატურის (სიმაღლეში ჩამორჩენის) გამოსწორებაში, ძალიან მცირე როლს ასრულებს.

„აღსანიშნავია, რომ სპორტით დაკავებული ბავშვები უფრო ჯანსაღად იკვებებიან, ვინაიდან აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, გარკვეულწილად მობილიზებულია მათი ფსიქოემოციური სფერო, ამიტომ ასაკის მიუხედავად, მათი მადა და კვება უმჯობესდება, სხვა მხრივ, სიმაღლეში მომატებასთან კავშირი ამა თუ იმ სპორტის სახეობას არ აქვს“ – ამბობს პედიატრი. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია:

სიგრძე/სიმაღლისა და ასაკი თანაფარდობის ცხრილი 0-5 წლამდე (ბიჭი)

სიგრძე/სიმაღლისა და ასაკი თანაფარდობის ცხრილი 0-5 წლამდე (გოგო)

უფროსების 8%-ს ბავშვის ფიზიკური დასჯა სწორად აღზრდის ფორმა ჰგონია – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები გამოაქვეყნეს. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორია ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში გამოკითხულ ოჯახებში ბავშვების 69%-ის მიმართ გამოუყენებიათ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი.

• ბავშვების 31%-ს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის). ბავშვების 5%-ს კი  – მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.

• ბავშვთა 66%-მა განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია.

• ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვთა მიმართ გამოყენებული მკაცრი ფიზიკური დასჯის მეთოდები 9 პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვთა მიმართ.

• დედების/მეურვეების პროცენტულმა წილმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად, 8% შეადგინა.

ძირითადი განსხვავება შეინიშნება მეურვის სქესის მიხედვით. ქალების 8% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა, რაც 5-ჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს შეხედულება ასევე დაკავშირებულია დედის/მეურვის განათლების დონესთან, რადგან ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება რესპონდენტების განათლების დონის ზრდასთან ერთად.

 

 

 

სოციალური სტატუსები: მდიდარი; მეოთხე, საშუალო, მეორე, უღარიბესი

MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე 300-ზე მეტი კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ბავშვის ადრეულ განვითარებას ეხება, ვკიხთულობთ, რომ საქართველოში ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.

კვლევის ეს ნაწილი ეხება ადრეულ ბავშვობას, რომელიც მოიცავს 8 წლამდე ასაკის პერიოდს, ეს კი კრიტიკული პერიოდია ბავშვის შემეცნებითი, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის.

ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, როგორიცაა ბავშვისთვის წიგნების წაკითხვა, მისთვის ზღაპრების მოყოლა; სიმღერების მღერა, ბავშვების სახლის გარეთ გაყვანა, ბავშვებთან ერთად თამაში და ბავშვებთან ერთად საგნების დასახელება, დათვლა ან ხატვა, კვლევაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2-4 წლის ასაკის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60%), ხოლო მამათა მონაწილეობა გაცილებით ნაკლებია (8%).

გარდა ამისა:

•  5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს.
მნიშვნელოვანი უთანასწორობა არის ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიმწვავე ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მაღალია, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად 40% და 27% უტოლდება.

• 5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% – საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი – თვითნაკეთი სათამაშოებით (12%).

• ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.

• 5 წლამდე ასაკის ბავშვების 4%, ამ კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, დატოვეს არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ: მარტო ან 10 წლის ასაკამდე სხვა ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება რეგიონებს შორის, გურიაში ეს მაჩვენებელი 2%-ს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში 8%-ს შეადგენს.

• საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლობენ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. საბავშვო ბაღში დასწრება 10 პროცენტული პუნქტით მაღალია 4 წლის ასაკის ბავშვებში 3 წლის ასაკის ბავშვებთან შედარებით.

 

• იმ ბავშვებიდან, რომელიც საბავშვო ბაღში სწავლობს, 94% საჯარო ბაღში დადის, ხოლო 6% – კერძო ბაღში, ბავშვების მხოლოდ 1%  სხვა ტიპის საბავშვო ბაღში დადის.

კვლევაში წერია, რომ ბავშვები მთელი რიგი რისკების წინაშე დგანან, როგორიცაა: სიღარიბე; არასახარბიელო ჯანმრთელობა; ოჯახში და ბავშვის გარემოში მაღალი დონის სტრესი და დაუცველობა ძალადობისაგან, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ექსპლუატაცია; ასევე არასათანადო მოვლა და სწავლის შესაძლებლობები, უთანასწორობა, რის გამოც მათ შესაძლოა ვერ მიაღწიონ თავიანთი განვითარების პოტენციალს. ბავშვობის ადრეულ წლებში ინვესტიციის ჩადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხარჯეფექტური გზაა იმისათვის, რომ შემცირდეს ის სხვაობა, რომელიც ხშირად დაბალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

კვლევა 2018-2019 წლებშია ჩატარებული. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.

18 წლამდე დაქორწინებული ქალების 33 % უღარიბესია – კვლევა

18 წლამდე დაქორწინებულ ქალებს შორის დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება მხოლოდ 47 პროცენტს აქვს, ხოლო საშუალო განათლება – 25 პროცენტს. პროფესიული განათლება – 11 პროცენტს, უმაღლესი განათლება მხოლოდ 3 პროცენტს აქვს – ეს „იუნისეფის“ ბოლო კვლევის მონაცემებია, რომლის თანახმად 20-დან 24 წლამდე გამოკითხული ქალების 14 პროცენტი საქართველოში 15-18 წლის ასაკშია დაქორწინებული.

ადრეულ ასაკში დაქორწინებული ქალებიდან 33 პროცენტის სოციალური სტატუსი არის – „უღარიბესი“, საშუალო სოციალური სტატუსი კი მხოლოდ 12 პროცენტს აქვს.

აღნიშნულ კვლევაში, რომელიც საქართველოში 2018 წელს ჩატარდა, ნათქვამია, რომ გამოკითხული ქალების 8 პროცენტი, რომლებიც 18 წლამდე იყვნენ დაქორწინებული, ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობდნენ, ხოლო ქალების 25 პროცენტი, რომლებიც სოფლის ტიპის დასახლებაში ცხოვრობენ, ან დაქორწინებული იყო, ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე.

კვლევა აჩვენებს, რომ ადრეული ქორწინება ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალების როგორც განათლებაზე, ასევე მათ სიღარიბეზე. ის ქალები, ვისაც მხოლოდ დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება აქვთ, ყველაზე ღარიბები არიან გამოკითხულ ქალებს შორის.

იუნისეფის კვლევის მიხედვით, 20-49 წლის ქალების უმრავლესობა, რომლებიც დაქორწინებული იყვნენ 18 წლამდე, ცხოვრობენ ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე ნაკლები (12%) ცხოვრობს თბილისში.

რეგიონებს შორის, სადაც არასრულწლოვანთა ქორწინების მაღალი მაჩვენებელია, ქვემო ქართლის გარდა არის შიდა ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა.

ინფოგრაფიკა: იუნისეფის კვლევიდან

იუნისეფი კვლევაში წერია, რომ გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებას მშობლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიიჩნევენ გოგონების კეთილდღეობის წყაროდ. მშობლებს იმედი აქვთ, რომ „ქორწინება სარგებელს მოუტანს გოგოს, როგორც ფინანსურად, ასევე სოციალურად და მათ ოჯახსაც ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.

ფაქტობრივად, ბავშვობის ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც ხელს უშლის გოგონების განვითარებას და ხშირად განაპირობებს ადრეულ ასაკში ორსულობას და სოციალურ იზოლირებას. განათლების დაბალი დონე კი, სიღარიბის გენდერულ ასპექტს განამტკიცებს,“ – წერია კვლევაში.

ინფოგრაფიკა: იუნისეფის კვლევიდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც კვლევის აღწერაში ვკითხულობთ, კვლევა საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს და მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა.

„შეგროვებული მონაცემები წარმომადგენლობითია და მათი ჩაშლა შესაძლებელია ასაკის, სქესის, ქალაქ/სოფლის, რეგიონის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით, რაც განვითარებისთვის საჭირო ინტერვენციების ზუსტ განსაზღვრას შეუწყობს ხელს“-ნათქვამია კვლევაში.

 

კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“

ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განიხილა.

ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებების მიხედვით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ წყვილს კონფლიქტი ძირითადად ბანკის ვალის გამო ჰქონდა.

ამონარიდი დაზარალებული ქალის მ.ო.-ს ჩვენებიდან:

„…თვეში ერთხელ იცვლიდა სამსახურს, მაგრამ ამის გამო არ გვიჩხუბია. ბანკის ვალი გვქონდა. მაშინ აირია ურთიერთობა, როცა მან ალკოჰოლის მიღება დაიწყო.

იმ დღეს სამსახურიდან მივედი სახლში და ნასვამი დამხვდა. ვკითხე, რატომ დალიე-მეთქი. მიპასუხა, რომ დალია და კიდევ დალევდა… მითხრა, რომ ღვინოც დალია, ლუდიც და არაყიც.

ხინკალს ხარშავდა და როცა ხინკლის მოხარშვა დაასრულა, გადმოიღო არაყი და საჭმელად მიმიწვია. ჩხუბს მერჩია საჭმელად დავმჯდარიყავი. ხინკალი ვჭამეთ და სამი ჭიქა არაყიც მივაყოლეთ. ვამჩნევდი, რომ ძალიან ნასვამი იყო… მე აივანზე გადავჯექი. ჩხუბი დამიწყო. მეკითხებოდა: „გინდა, რომ სახლიდან წავიდე?“ ჩხუბის თავი არ მქონდა. ვუმეორებდი, დაწყნარებულიყო. მითხრა, წასასვლელი ჩანთა ჩამომეტანა მისთვის. ასეც მოვიქეცი – ჩამოვიტანე ჩანთა და კიბეებთან დავუდე… მან მაგიდიდან შავტარიანი დანა აიღო და ჩემკენ წამოვიდა. არ ველოდი. ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი და ამ დროს ვიგრძენი დარტყმა უკანა მხრიდან, გონება დავკარგე…“ – აღნიშნულია დაზარალებული ქალის ჩვენებაში.

ამონარიდი ბრალდებულ ე.ს.-ს ჩვენებიდან:

„…იმ დღეს ადრე მომიწია სამსახურის დამთავრება. გზად თუთუნი და ძეხვი ვიყიდე. ფული აღარ დამრჩა. მ.-ს დავურეკე და ვუთხარი, პური ეყიდა და შინ წამოეღო. მან მითხრა, ნუ მირეკავ, შენი დარეკვის გარეშეც ვიცი, რა უნდა გავაკეთოო და ტელეფონი გამითიშა.

როცა ვსადილობდით, მკითხა, საიდან აიღე ფულიო. ვუთხარი, რომ გადადებული თანხიდან ავიღე. ეწყინა. ვუთხარი, რომ ორშაბათიდან ახალ სამსახურს დავიწყებდი და ყველაფერს გადავიხდიდი. მითხრა, რომ მათხოვარი ვარ და დივანზე გადაჯდა… მაცივრის კართან ვიყავი ჩაცუცქული, პომიდვრის ასაღებად. ამ დროს მოვიდა და მაცივრის კარზე მიარტყა ხელი. ისევ იმეორებდა, მათხოვარი ხარო… ნერვებმოშლილი ვიყავი, გავითიშე. მერე აღარ მახსოვს…

ჰაერზე გამოვედი და უკან დავბრუნდი. ის ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაშინ დავფიქრდი, რაც ჩავიდინე. გარეთ გამოვედი და 112-ში დავრეკე. ვუთხარი, რომ ვინმე გ.გ. ვიყავი და, სავარაუდოდ, ქალი მოკლეს… მისი მოკვლა რომ მდომოდა, ასე არ მოვიქცეოდი,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

პროკურორმა ბრალდებულს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ ქალს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის, ხელის მტევანსა და სახის არეში, ამ ყველაფრის შემდეგ კი მან დაკეტა სახლი და გადაიპარა ფანჯრიდან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებიც სახლში ფანჯარასთან დატოვებული ხარაჩოდან შესულან.

„არ მახსოვს,“ – გაიმეორა ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ ტერიტორია მაშინვე დატოვა, როცა 112-ში დარეკა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ ადგილი აქვს მკვლელობის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას…“, – წერს მოსამართლე.

საბოლოოდ, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებული ე.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გაასამართლა. მას  3 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

Exit mobile version