ტერმინალი მუშების სამსახურიდან დათხოვნას არ ადასტურებს

შპს „ბათუმის საერთაშოროსო საკონტეინერო ტერმინალი“ მუშების სამუშაოდან დათხოვნას არ ადასტურებს.  ტერმინალის განცხადებით, მუშები სხვა კომპანიას ჰყავს დაქირავებული და არა მათ.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მუშები, რომლებიც ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, რომ სამუშაოდან გაუშვეს, დაქირავებული ჰყავს შპს JTI GROUP -ს.

აღნიშნული კომპანიის დირექტორი ტარიელ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ  საერთაშორისო საკონტეინერო კომპანიას მუშახელს თვითონ აწვდის, თუმცა ამბობს, რომ მუშები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ:

„დიახ, ჩვენ გვყავდა ეს ხალხი დაქირავებული, მაგრამ სამსახურიდან არავინ არ არის გაშვებული. საშვებს რაც შეეხება, საკონტეინერო ტერმინალმა შეცვალა საშვების დაშვების პრინციპი, ამის შემდეგ ტერმინალში მხოლოდ იმ პირებზე დაიშვება საშვი, ვინც გამოძახებული იქნება სამუშაოზე“, – ამბობს ტარიელ ქათამაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ იყვნენ ამის თაობაზე დასაქმებული პირები ინფორმირებული, ტარიელ ქათამაძე ამბობს: „არ ვიცი, ნათქვამი გვქონდა, რომ ახალი საშვები კეთდებოდა. რამდენი კონტეინერიც იქნებოდა, იმის მიხედვით გამოვიძახებდით ხალხს და ვისაც გამოვიძახებდით, მხოლოდ მათზე დაიშვებოდა საშვი“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ჩაკეტილი საზღვრების გამო, ტვირთბრუნვა შემცირებულია, ამიტომ მუშებიც იმის მიხედვით აიღებენ ანაზღაურებას, რასაც გამოიმუშავებენ.

საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი კი „ბათუმელებს“ წერილობით გამოეხმაურა:

„თანამშრომლების, მომხმარებლებისა და ჩვენი კონტრაქტორების ჯანმრთელობის  დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად, კომპანიის გადაწყვეტილებით  განახლებულ და გაუმჯობესებულ იქნა ტერმინალში დაშვების სისტემა. აღნიშნული განახლების მიზანს წარმოადგენს ტერმინალის ტერიტორიაზე, საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მნიშვნელობის არმქონე პერსონალის დაშვების შეზღუდვა.

ტერმინალს გაფორმებული აქვს მოთხოვნაზე დაფუძნებული მომსახურების ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ კვლავ აგრძელებს სრული დატვირთვით საქმიანობას 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე“ – ნათქვამია ტერმინალის წერილობით განცხადებაში.

„ბათუმელები“ სანაოსნოს პროფკავშირების ხელმძღვანელს ამირან მიქელაძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ზოგადად, ე.წ. აუთსორსინგით დასაქმებული მუშების უფლებები ხშირად დაცული არ არის.

„კომპანიისთვის მომგებიანია ამ ფორმით მუშების დასაქმება, რადგან მუშახელი უფრო იაფი გამოდის. ასეთ შემთხვევაში, მუშები ხშირად არ არიან დაზღვეული, არ აქვთ შვებულებები და ხშირად ეცვლებათ დამსაქმებელი, მუდმივ კონტრაქტში კი ვერასდროს ვერ ხვდებიან“ – ამბობს ამირან მიქელაძე.

ამავე თემაზე: 

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიდან მუშები დაითხოვეს

როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა

„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას კორონავირუსი ანალიზის საფუძველზე 7 აპრილს დაუდასტურდა. ახლა ქობულეთის კლასტერს უკვე 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება. შესწავლილია 530 კონტაქტი, მათ შორის, დაახლოებით 400-ს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

პირველმა პაციენტმა ქობულეთის კლასტერიდან და ასევე, მისმა შვილმა, რომელსაც Covid 19 ჰქონდა, ბათუმში კლინიკა „მედალფა“ უკვე დატოვეს, ისინი გამოჯანმრთელდნენ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე სოფელ გვარაში მცხოვრებ 42 პირს დაუსრულდა იზოლაციის პერიოდი და დიაგნოსტიკური კვლევის შედეგად არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გვარაში დღეისთვის არავინაა თვითიზოლაციაში.

ქობულეთის სოფლებში და ქალაქ ქობულეთის ნაწილში 24 აპრილის მდგომარეობით, 488 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგ ამ პირებს განმეორებით ჩაუტარდებათ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები სხვა სოფლებშიც, სადაც შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგალითად, ოჩხამურსა და წყავროკაში, თერმოსკრინინგი გავშალეთ სხვა სოფლებზე, თუმცა არ დაფიქსირებულა შემთხვევა“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ნინო ნიჟარაძემ.

24 აპრილის [18:00] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid 19-ის 431 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 5888 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 571. 

როცა ფბ-პოსტის გამო ჟურნალისტს სჯიან და საინფორმაციოს უფროსს არა – აჭარა TV

გაუშვებენ თუ არა აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთ კრიტიკულად განწყობილ და მენეჯმენტისთვის არასასურველ ჟურნალისტს, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. დღეს 24 აპრილია და რაც მთავარია – პარასკევი. აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არაერთი „ურჩი ჟურნალისტის“, ან რედაქტორის ჩამოშორებას ზუსტად პარასკევ საღამოს მოაწერა ხელი.

მორიგი „ურჩი ჟურნალისტი“ თეონა თურმანიძეა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანია და 21 აპრილიდან მოხსნეს ეთერიდან – თეონა თურმანიძის წინააღმდეგაც ტელევიზიის დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. მიზეზი ფეისბუქის პირადი გვერდზე ჟურნალისტის პოსტი გახდა, სადაც თეონა თურმანიძემ სოფო ჟღენტის ახალი ამბებიდან ჩამოშორება გააპროტესტა და ეს დაწერა:

კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიუხედავად, ჟურნალისტს ედავებიან, რომ მან აჭარის ტელევიზიის ქცევის წესები დაარღვია და სოციალურ ქსელებში ტელევიზიის იმიჯი შელახა. და ეს მაშინ, როდესაც ტელევიზიის შიგნით, თუ გარეთ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებენ.

თეონა თურმანიძე

ქცევის წესები ბრძანების სახით, რომელიც გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისთვის მიიღო, 20 აპრილს არის გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ ფბ-პოსტი თეონა თურმანიძემ 14 აპრილს გამაქვეყნა.

თუკი ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ მაუწყებლის ქცევის წესები დაარღვია, ამავე ლოგიკით რატომ არ დაიწყო ტელევიზიის მენეჯმენტმა დისციპლინური საქმისწარმოება ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის – ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ, რომელიც თეონა თურმანიძის უშუალო ხელმძღვანელია? – მან შეურაცხმყოფელი პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე 22 აპრილს გამოიყენა. შესაბამისად, თეონა თურმანიძისგან განსხვავებით, ვახო ხუზმიაშვილს უნდა სცოდნოდა დოკუმენტის შესახებ, რომელიც 20 აპრილს გამოაქვენა მაუწყებელმა.

ვახო ხუზმიაშვილი გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანიცაა და 22 აპრილის ეთერში ნინო ბურჯანაძეს უთხრა: „თქვენ დღეს მხარი არ დაუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას…“ ნინო ბურჯანაძემ მას უპასუხა, რომ ის პარლამენტის წევრი არ არის, ამიტომ ვერც დაუჭერდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს და ვერც შეეწინააღმდეგებოდა. ვახო ხუზმიაშვილს ფეისბუქში დასცინეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კი, კრიტიკას ასე უპასუხა:

რატომ არ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება აჭარის მაუწყებლის დირექტორმა ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ, მაშინ, როცა მისი ფეისბუქპოსტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსის სტანდარტს არ შეესაბამება?

„…ეს არის აუცილებელი მოგერიება, სისხლის სამართლის კოდექსშიც არის მუხლი, თუკი შეუვარდებიან ადამიანს, მას შეუძლია მოიგერიოს… თეონა თურმანიძეს ვინმემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო დაწერა პოსტი?“ – გვიპასუხა ვახო ხუზმიაშვილმა. მას შევახსენეთ, რომ ჟურნალისტი აპროტესტებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რასაც სხვა ორგანიზაციებიც ხედავენ. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალიტს ირიბად ტელევიზიის დატოვებისკენ მიანიშნა.

„მე რაც საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მოვედი, ერთ ფაქტსაც ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე რამე ზეწოლა განხორციელდა შინაარსობრივ მხარეში. აბსოლუტურად თავისუფლად მუშაობენ ჟურნალისტები… რაც შეეხება სოფო ჟღენტის ჩამოშორებას, ყველა ტელევიზიაში ახალი ამბების სამსახური თავად ავრცელებს ინტერნეტში ამბებს… ამით ვერ ვხედავ დიდ ტრაგედიას.

სადმე გინახავთ, ასე გამოდიოდეს ტელევიზიის თანამშრომელი და ასე აფასებდეს საკუთარ სამსახურს? თუ დასახურია არხი, იქ რატომ უნდა გინდოდეს მუშაობა? მე, პირადად, როცა მქონია პროტესტი, იქ აღარ მიმუშავია, მაგალითად, როცა ინგა გრიგოლიას გადაცემა „იმედზე“ დახურეს, მე მისი პროდიუსერი ვიყავი, მე მასთან ერთად დავტოვე „იმედი“… არ მიმაჩნია სწორად, რომ თანამშრომელი თავის სამსახურზე სოციალურ ქსელში წერდეს მსგავსი შინაარსის განცხადებებს,“ – გვითხრა ვახო ხუზმიაშვილმა.

ვახო ხუზმიაშვილი

ვახო ხუზმიაშვილი „ბათუმელებთანაც“ „ერთუჯრედიანებს“ უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებმაც იგი, როგორც ჟურნალისტი, ფეისბუქში გააკრიტიკეს.

„ერთუჯრედიანია ყველა, ვინც ცდილობს ბულინგს… სიძულვილის ენა, ის არ ნახეთ, ოროსანიაო, რომ მიწერენ? ეს არ არის სიძულვილის ენა? ყველა არის ერთუჯრედიანი, ვინც ცდილობს სხვა ადამიანის ღირსების შელახვას და ბულინგს… თქვენც რომ დაგესხან თავს, ვეცდები, რომ იგივენაირად დაგიცვათ. მე ველოდები სოლიდარობას ჟურნალისტებისგან და თუ აქეთ თავდასხმაზე უნდა გადმოვიდნენ სხვები, დამიტოვეთ ეს უფლება, რომ მოვიგერიო ეს თავდასხმა,“  – უთხრა ვახო ხუზმიაშვილმა „ბათუმელებს“.

ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 16 აპრილს გახდა იმ კონკურსის შედეგად, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკურსანტი ჰყავდა. მანამდე საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი ხელმძღვანელობდა. იგი დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დისციპლინური მოკვლევის შედეგად გაათავისუფლა ამ თანამდებობიდან. შორენა ღლონტი, ტელევიზიიდან დათხოვნილ სხვა თანამშრომლებთან ერთად, სასამართლოში დავობს.

რატომ არ დაიწყო საქმისწარმოება ვახო ხუზმიაშვილის წინააღმდეგ და რას უნდა ველოდოთ ამ პარასკევს? – ეს კითხვა გიორგი კოხრეიძისთვის გვინდოდა დაგვესვა, მაგრამ მან მოკლედ მოგვიჭრა: „კომენტარებს თქვენ არ გაძლევთ იმ მიზეზით, რაც გააკეთეთ“.

ჩვენი თხოვნის მიუხედავად, გიორგი კოხრეიძემ არ გვიპასუხა, რა არის მისი პრეტენზია.

რა უქნეს სხვა „ურჩ ჟურნალისტებს“? 

  • აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ქუთაისის არარსებულ ბიუროში გაამწესა. მას უთხრეს, რომ მხოლოდ ფეისბუქლაივები შეუძლია აკეთოს ვებგვერდისთვის ქუთაისიდან
  • რედაქტორს – მაია მერკვილაძეს, რომელსაც გიორგი კოხრეიძე საჯაროდ საუკეთესოდ მიიჩნევდა, არარსებული გადაცემა ჩააბარე.
  • დირექტორმა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერით საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა თეონა ბაკურიძეც, რომელსაც მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, მის ნაცვლად კი დანიშნეს აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი. მოგვიანებით მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ისევ გიორგი აბაზაძე გახდა, რომელიც ამ მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ სიტუაციაში მენეჯმენტს გვერდით დაუდგა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
  • საინფორმაციოს ჩამოაშორეს ამ სამსახურის უფროსი – შორენა ღლონტი.
  • ნათია ზოიძე, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო და დირექტორმა მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა.
  • ასევე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით უმუშევრად დარჩა რედაქტორი ნათია შავაძე.
  • პანდემიის მიზეზით გააჩერეს გადაცემა „ჰეშთეგი“.

ბათუმში კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა Covid 19 – ისინი კლინიკას დატოვებენ

ბათუმში დღეს კიდევ ორი პაციენტი დატოვებს „მედალფას“ – მათ Covid 19 დაამარცხეს. კლინიკიდან გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში იქნებიან.

კლინიკა „მედალფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის თქმით, კლინიკას სავარაუდოდ დღის ბოლოს საშუალო ასაკის ქალი და კაცი დატოვებენ. აჭარაში ამ დრომდე 15 პირი იყო კორონავირუსით დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელებული.

ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში 24 აპრილის მდგომარეობით 38 პაციენტი  მკურნალობს. მათ შორის, ყველაზე მძიმე 70 წელს ზევით ასაკის კაცია. ის პირველი იყო, ვინც ამ დიაგნოზით მოათავსეს კლინიკაში – 26 მარტს. ეს პაციენტი ამ დროისთვისაც მართვით სუნთქვაზეა.

24 აპრილის [18:00] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid 19-ის 431 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 5888 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 571. 

ვინ დაეხმარება მათ, ვინც ბინას ტურისტებზე აქირავებდა

კითხვა, თუ როგორ დაეხმარება მთავრობა მათ, ვინც ბინას სეზონურად ტურისტებზე აქირავებდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხოდ დატოვა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით კი ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ საბანკო ჩარიცხვების ამონაწერი ან სხვა დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ ამ ტიპის შემოსავალი.

საკურორტო ქალაქებში, განსაკუთრებით ბათუმში ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი მოქალაქეების დიდი ნაწილის შემოსავლის ძირითადი წყარო და სესხების დაფარვის საშუალებაა.

მათ, ისევე როგორ როგორც სასტუმროებს, წელს ჯავშნები გაუუქმდათ.

ამავე თემაზე: 

გადასახადების გადავადება, ხელფასების სუბსიდირება – როგორ გადარჩეს ტურიზმის სექტორი

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს.

„სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, „შემდეგი სერიოზული დარტყმა ვისზეც იქნება, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერები. ადგილობრივი ფერმერების წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, რომელიც დღეს არ არის. ბოლო წლების ტურიზმის ზრდაზე იყო აწყობილი ადგილობრივი ფერმერების მეურნეობების განვითარებაც, რომ ტურიზმიდან გაზრდილი მოთხოვნები, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე, დაეკმაყოფილებინათ“.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მოთხოვნის ექსპორტით ჩანაცვლებაც უკიდურესად რთული იქნება, ვინაიდან ჩვენი შიდა-მეურნეობების მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა:

„ოჯახებს, როცა ფინანსურად გაუჭირდათ, მათი პირველადი მოთხოვნილებების სტრუქტურაც შეიცვალა. ამიტომ ფერმერების ნაწილში გამოწვევა იქნება სერიოზული, განსაკუთრებით იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე რომლებიც შიდა მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ [არ ვგულისხმობ აქ თხილს და სხვას]. ამიტომ ჩვენი ყურადღების და დახმარების შემდეგი ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა“.

გიორგი გახარიას თქმით, პირველი იქნება ფასების რადიკალური ვარდნა ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღების პრობლემაც იქნება, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა უახლოეს დღეებში წარმოადგინოს „სპეციალური ღონისძიებების ნუსხა, რომლითაც სახელმწიფო ფერმერებს დაეხმარება.

ამ თემაზე:

როგორ დაეხმარება მთავრობა სოფლის მეურნეობას კრიზისის დაძლევაში

 

დაეხმარება თუ არა სახელმწიფო მშობლებს კერძო სკოლის გადასახადის დაფარვაში

დღეს, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ და რამდენით დაეხმარება სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

გეგმის წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიას ბრიფინგზე შეკითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა კერძო სკოლებსაც. კერძოდ – დაეხმარება თუ არა სახელმწიფო იმ მშობლებს, ვისაც შვილები კერძო სკოლაში ჰყავს, მაგრამ სამუშაოს დაკარგვის გამო, შემოსავლები აღარ აქვს ან შეუმცირდა.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვეხმარებით ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებს, ამიტომ დავამატეთ ამ დახმარებაში რაღაც ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ. კერძო სკოლების გადასახადებზე დაკონკრეტებას ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან და შეუძლებელია მსგავს დეტალებში დღეს ჩასვლა“ – ამბობს გიორგი გახარია.

მისი თქმით, გამოწვევა გლობალურია და ის ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს:

„სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც აქვს, ეფექტურად გადაუნაწილოს თითოეულ მოქალაქეს და თავისი ზრუნვის ვალდებულება დაუდასტუროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკიდურესად გაჭირვებულს.

ამიტომ ჩვენ, სოციალურად დაუცველების ქულების მიხედვით, 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე ადამიანებს შევთავაზეთ დახმარების 6 თვიანი სპეციალური ინსტრუმენტები, ეს ქულების ის რაოდენობაა, რომელსაც სახელმწიფო აქამდე სისტემურად არ ეხმარებოდა“ – ამბობს გახარია.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ სკოლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რადგან დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში ამ სემესტრში აღარ განახლდება

„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე

„…აღდგომის ღამეს, მაგალითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ტაძრებამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისი, ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი ქვეყნის გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ“ – აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ავტომანქანების გადაადგილების საშვებზეც ჰკითხეს.

სასულიერო პირების ავტომანქანით გადაადგილებას საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული წესები არ ითვალისწინებდა, თუმცა საპატრიარქომ 17 აპრილს, აღდგომამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილება არ ეკრძალებათ.

პრემიერმა თქვა, რომ აკრძალვის პირობებში, ქუჩაში ბევრი ავტომობილის გადაადგილების ნახვისას უსამართლობის განცდა ჰქონდა მასაც.

„ის სურათი, რომელიც, მაგალითად, აღდგომის შემდეგ იყო თბილისში, მეც ვიყავი გაღიზიანებული და მქონდა უდიდესი უსამართლობის განცდა, როცა ქუჩაში ვხედავდი მანქანებს და ხუთი, ექვსი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი, ყველას საშვი ჰქონდა… მესმის, რომ იდეალური არაფერია, ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერს კითხვის პასუხად არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ აღდგომის დღეს მისცეს სასულიერო პირებს ეს ნებართვა თუ არა, ან რა სამართლებრივი ფორმით გასცა ეს ნებართვა მთავრობამ სასულიერო პირების საშვებზე, როცა ამის შესახებ დოკუმენტში აღნიშნული არ ყოფილა.

ამ კუთხით საუბრის ნაცვლად, პრემიერმა არჩია ჟურნალისტებისთვის შეეხსენებია, რომ მედიის წარმომადგენლების გადაადგილებისთვის „ასობით კი არა, ათასობით საშვია გაცემული“.

პრემიერმა აქვე განმარტა, რომ ავტომანქანებით მოძრაობის შეზღუდვა ამ კვირაშიც გამოწვეული იყო აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკის თავიდან აცილებით.

„ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მობილობა შეგვემცირებია, ეს არ იყო ჩვენი ახირება. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ რისკის შემცველი იყო შეკრება, ეპიდემიოლოიგური აფეთქების რისკი რომ შეგვემცირებია და ეს აფეთქება რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ეს,“ – დასძინა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

____________________________

გაანაღდეთ ფულადი გზავნილები ფინკა ბანკში და მიიღეთ საჩუქრები

ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ როგორც დისტანციური მომსახურებით, ასევე ეწვიონ სერვის ცენტრებს და სასურველი საბანკო ოპერაციები ადგილზე განახორციელონ.

მეტი კომფორტისათვის, ფინკა ბანკი მომხმარებლებს ფულადი გზავნილების განაღდებას სატელეფონო ცენტრის მეშვეობით სთავაზობს. თუკი სარგებლობთ ტელეფონბანკით და, ასევე, ფინკა ბანკში გაქვთ აქტიური მულტისავალუტო ანგარიში, თქვენს სახელზე გამოგზანვილი თანხა თქვენს პირად ანგარიშზე დაირიცხება. ამ გზით, სასურველ გზავნილს დისტანციურად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღებთ.

ფინკა ბანკი ფულადი გზავნილების განაღდებისა და გაგზავნისთვის მომხმარებლებს დამატებით საჩუქრებს სთავაზობს:

[checklist]

  • ვალუტის კონვერტაციის სპეციალური კურსი
  • მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა უფასოდ
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკის სრული პაკეტი  უფასოდ
  • სადებეტო ბარათი უფასოდ

[/checklist]

თუკი გადაწყვეტთ თანხა დეპოზიტზე განათავსოთ, ბანკი საუკეთესო საპროცენტო განაკვეთს და დაგროვების თქვენზე მორგებულ მეთოდს შემოგთავაზებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკის ფილიალებში დეზინფექცია სისტემატურად ტარდება და დაცულია უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმა, ფინკა ბანკი მომხმარებლებს ურჩევს, რომ ფილიალებში ვიზიტისგან თავი მაინც მაქსიმალურად შეიკავონ და ისარგებლონ ისეთი დისტანციური მომსახურების არხებით, როგორიცაა ბარათები, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები და სატელეფონო ცენტრი *4949.

ფინკა ბანკი ჯანმრთელობას გისურვებთ. კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ სატელეფონო ცენტრში *4949 ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.FINCA.ge

საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, გამონაკლისია 2 დღე – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომანქანებით გადადგილება, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვა მსუბუქ ავტორანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება.

იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული რაიონში, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს 2 დღით, ორშაბათსა და სამშაბათს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავიანთ რეგისტრაციის ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები ისევ აღსდგება“ – განაცხადა გახარიამ.

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა 14 აპრილს აიკრძალა.

შეკითხვის მიუხედავად, გახარიამ არ დააზუსტა, როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებიმიერ პროდუქტზე. დაშვებული იქნება ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობაც. თუმცა, აუცილებელი იქნება შესაბამისი წესების დაცვა.

თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის აღარ დააჯარიმებენ – საელჩო

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ქვეყანაში ყოფნის ლეგალური ვადა ამოეწურა, არ დაჯარიმდებიან. ინფორმაციას ამის  შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დავუკავშირდით თურქეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომლებმაც მოგვაწოდეს შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია.

თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა ყველა საერთაშორისო ფრენა და აიკრძალა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება ამ პერიოდში და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტიდან და საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვიდან (მ/წლის 29 მარტიდან) მის აღდგენამდე, მათზე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები,” –  წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საელჩოს ან საკონსულოებს ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA

მეწარმეების დახმარების გეგმა – მათ დაუბრუნდებათ დღგ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით ანტიკრიზისული გეგმა მეწარმეებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის [დღგ] უკენ დაბრუნებას ითვალისწინებს: „მეწარმეებისთვის ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად უკან დაბრუნების მექანიზმი,  რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი მეწარმეს დაუფიქსირდება ზედმეტობა მას ყველანაირი მოთხოვნისა და ბიუროკრატიის გარეშე, ავტომატურად დაუბრუნდება დღგ.“

გარდა ამისა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით დღგ-ის, 600 მილიონი ლარის მეწარმეებისთვის უკან დაბრუნების შესახებ.

პრემიერის განმარტებით ამ ორ ღონიძიებას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა მეწარმეებისათვის ლიკვიდობის შნარჩუნების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით  კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ დამატებით 600 000 ლარის გრძელვადიანი  რესურსი:

„რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც რა თქმა უნდა გადაცემული იქნება პირველ რიგში ეკონომიკაში.“

ბიზნესის მხარდასაჭერად მთავრობა გამოიყოფს ასევე 500 მილიონ ლარს, რასაც ექნება მიზნობრივი მიმართულებები, ერთ-ერთი იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლისთვისაც განსაზღვრული იქნება 300 მილიონი ლარი,  ძირითადი მიზნიბრივი ჯგუფი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი.

 

ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება – გახარია

„სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება “- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავებოდა შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა. ამიტომ, აკედიმური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული გამოცდები შესაძლოა გადავადდეს, მაგრამ არ გაუქმდება. „ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი არ ემუქრება, ისიც ჩატარება. შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, მექანიზმი, ეროვნული გამოცდების იქნება სრულად შენარჩუნებული“-ამბობს პრემიერი.

გახარიათ თქმით, განათლების სისტემის პრეზენტაცია, სასწავლო პროცესის განახლების შესახებ ცალკე გაკეთდება.

ამავე თემაზე:

სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში ამ სემესტრში აღარ განახლდება

რა აკრძალვები უქმდება ორშაბათიდან – რა იქნება შემდეგ ორ კვირაში?

ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, მაგალითად, დასაშვები ხდება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერმა წარმოადგინა შეზღუდვების მოხსნის ექვსი ეტაპი, რომელიც ეტაპობრივად, ორკვირიანი ინტერვალების შემდეგ ამოქმედდება და გათვალისწინებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე გათვალისწინებული იქნება სპეციალისტების აზრი.

გახარიამ ისაუბრა კომპანიების პასუხისმგებლობაზე, რომლებსაც 27 აპრილიდან შეზღუდვა აღარ ექნებათ.

„ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტოს მიერ განსაზღვრულ წესებს. ჯანდაცვის სამინისტროს ეს პროტოკოლი მკაფიოდ აქვს გაწერილი, რომ მაგალითად, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, ან ღია ტიპის აგრარულ ბაზარში უნდა არსებობდეს ეპიდემიოლოგიური კონტროლის მექანიზმი დაცული…“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ეს მოიცავს მშენებლობებს, სამშენებლო მასალის წარმოებას, ავტოსამრეცხაოს და აგროსერვისებს, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტს, სარეკრეაციო ზონების მომსახურებას.

მესამე ეტაპი შეეხება საცალო და საბითუმო მაღაზიებს, გარდა მოლებისა, ყველა ტიპის ღია ბაზრობას, ყველა ტიპის წარმოებასა და საგამომცემლო საქმიანობას.

მეოთხე ეტაპი მოიცავს სავაჭრო მოლების გახსნას, ღია ტიპის რესტორნების და კვების ობიექტების გახსნას, ადგილზე მომსახურებით. პრემიერმა დააზუსტა, რომ ეს ეხება იმ რესტორნებს, რომლებსაც აქვთ ღია სივრცე და არა დახურული ნაწილი. მეოთხე ეტაპი ასევე შეეხება სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ბაზრობები და ყველა ტიპის კვების ობიექტი. მეექვსე ეტაპზე კი, გასართობი და სპორტული დარბაზები, აზარტული თამაშები და სასტუმროები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეტაპებში არაა განსაზღვრული მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი, რადგან ის დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და მის სისწრფესთან. „შესაძლოა, ეს გეოგრაფიული დაყოფა გავითვალისწინოთ,“ – დასძინა პრემიერმა.

გახარიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და „ეპიდემიოლოგიური გართულების დროს უნდა შეგვეძლოს გადავახვიოთ უკან“.

პრემიერი: ბიუჯეტი დაკარგავს მილიარდ 800 მილიონ ლარს

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით მთავრობას უკვე აქვს კრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები და ამ პარამეტრების მიხედვით ბიუჯეტი დაკარგავს მილიარდ 800 მილიონ ლარს. გიორგი გახარიას ინფორმაციით წინასწარი პროგნოზით ეკონომიკური ზრდა მინუს 4%-იქნება.

პრემიერმა დღეს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას თქვა ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ  საერთაშორისო დონორებიდან მილიარდ 500 მილიონი დოლარის დახმარების მიღების გარანტია მიიღო ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით:  „თუ დაგვჭირდება დამატებითი ლიკვიდობა ჩვენ გვაქვს წვდომა სამი მილიარდი დოლარის რესურსზე.“

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკამ და ევროკავშირმა გამოუცხადეს.

გახარიამ ასევე მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს, რომლებმაც თანხები შეიტანეს სპეციალურ ფონდში, „განსაკუთრებულ მადლობა“ კი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს.

ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს, 24 აპრილს ძირითადად ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მთავრობამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად უკვე გადადგა.

მთავრობა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ დაეხმარება ტურიზმს

 

მთავრობა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ დაეხმარება ტურიზმს

ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს, 24 აპრილს ძირითადად ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მთავრობამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად უკვე გადადგა.

პრემიერმა დღეს დაასახელა ციფრები, თუ რამდენმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ისარგებლა ამა თუ იმ შეღავათით.

პრემიერმა თქვა ასევე, რომ დარტყმის პირველ ხაზზე აღმოჩნდა ტურიზმი და ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომელიც შეეხებოდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადებას. მისი ინფორმაციით, ამ შეთავაზებით 4000 – ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა, თუმცა  „ტურიზმი მაინც რჩება  იმ სფეროდ, სადაც რთულია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება“.

პრემიერის თქმით ტურიზმის სფეროში უკვე განხორციელებული შეღავათები დღეს უკვე აქტუალური აღარ არის და მთავრობა ფიქრობს, ამ სექტორს რით დაეხმაროს.

პრემიერმა ისაუბრა ავტოიმპორტიორებისათვის საბჟო სესხების გადავადებაზე, ასევე იურიდიული პირებისათვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც, მისივე თქმით უკვე ისარგებლა 7 000 – მა პირმა. მისვე განცხადებით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით ისარგებლა 200 ათასმა მოქალაქემ, 6700 ოჯახს კი მთავრობა ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვაში დაეხმარა – ამ ნაწილში ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი დაიხარჯა.

პრემიერმა აქცენტი გააკეთა ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის გაჩერებაზე. მისი თქმით, მთავრობამ  ცხრა ძირითადი პროდუქტის  ფასების დასაზღვევად 15 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საბანკო სასესხის სამი თვით გადავადებით  კი  600 000 მა- ისარგებლა.

გახარიამ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს, რომლებმაც თანხები შეიტანეს სპეციალურ ფონდში, „განსაკუთრებულ მადლობა“ კი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს.

პრმიერმა ისაუბრა ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც არ გაჩერებულა, თუმცა მისივე თქმით, მათ შეექმნათ ფასების დაზღვევის პრობლემა, ამიტომაც მთავრობამ გადაწყვიტა ამ მიმართულებას „ფასთა შორის სხვაობა 200 მილიონი ლარით  დააზღვიოს. “

პრემიერის თქმით კრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებმა აჩვენა, რომ  ეკონომიკიური ზრდა -4 პროცენტი იქნება.

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება – გახარია

27 აპრილიდან მოიხსნება შეზღუდვები და გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებით შესაძლებელი იქნება – განაცხადა, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ძალაში რჩება შეზღუდვა – მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.

პრემიერის თქმით, ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებიმიერ პროდუქტზე. დაშვებული იქნება ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობაც. თუმცა, აუცილებელი იქნება შესაბამისი წესებისა და რეკომენდაციების დაცვა.

უცნობი რჩება, თუ როდის დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.

ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილება, გარკვეული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 27 აპრილამდე აკრძალულია.

ქვეყანაში გრძელდება კომენდანტის საათის მოქმედება – საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე, როცა ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე ტრანსპორტით. ქვეყანაში არის ასევე ჩაკეტილი მუნიციპალიტეტები და სოფლები, სადაც სრული კარანტინია გამოცხადებული.

ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, რომელიც 16 აპრილიდან, მთავრობის ზეპირი განცხადებით 10 დღით იყო აკრძალული [ვადა შესაბამის დადგენილებაში მითითებული არ იყო], მოქალაქეებისთვის არ გაუქმდება და ის გაგრძელდება.

თუმცა, პრემიერის განცხადებით, გამონაკლისი იქნება 2 დღე – ორშაბათი და სამშაბათი [27-28 აპრილი] როცა მოქალაქეებს ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა შეეძლებათ. ოთხშაბათიდან კი, ეს შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება.

საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქეებისთვის ავტომანქანით გადაადგილებაზე აჭარის შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გაიცემა დროებითი საშვი, რაც აჭარაში მოქმედ საველე ოპერაციების შტაბთან თანხმდება.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში და როგორ შეძლებთ ავტომანქანით გადაადგილებას – მთავრობის განმარტება

 

თვეში 200 ლარს მიიღებს ის, ვინც სამსახური დაკარგა – გახარია

დღეს 24 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელმაც კრიზის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

„რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს 1 200 ლარის ოდენობით, 200 ლარის გაცემით თვეში. დახმარებას, იმ ფონდებით რაც დღეს გაგვაჩნია, მიიღებს 350 ათასი საქართველოს მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს-განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ღონისძიების მიზანია ის, რომ იმ ადამიანებმა ვინც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მიიღონ მინიმალური მხარდაჭერა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის დამსაქმებელი, ვინც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. „ამ ღონისძიების ბიუჯეტი არის 250 მილიონი ლარი“-ამბობს გახარია.

300 ლარს მიიღებენ თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში – გახარია

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები და თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ 300 ლარს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას დღეს, 24 აპრილს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო დაეხმარება იმ პირებსაც, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაკარგეს სამსახური:

„ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, სადაც ოფიციალურად მუშაობდა, აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს სახელწიფოს მხრიდან დახმარებას 1200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ეს ადამიანები მიიღებენ 200 ლარს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ათენში დამლაგებელმა ქალმა 19 000 ევრო იპოვა და პოლიციას გადასცა

საბერძნეთში, ათენში, მუნიციპალიტეტის დასუფთავების თანამშრომელმა ქალმა ქუჩის დალაგების დროს ჩანთით 19 000 ევრო იპოვა და პოლიციაში მიიტანა.

ათენის მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ქალთან შეხვედრის ვიდეო და განაცხადა, რომ მას მადლობას უხდის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩანთა პოლიციაში მიიტანა, არამედ იმიტომ, რომ ეს სამაგალითო და ღირსეული საქციელია.

„ისევ გავაკეთებდი ამას, რა თანხაც არ უნდა ყოფილიყო. როცა ფული ვნახე, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ასეთი დიდი თანხა აუცილებლად სჭირდებოდა ვიღაცას,“ – უთხრა ქალმა ბერძნულ მედიას.

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიდან მუშები დაითხოვეს

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალიდან 25 ადამიანი დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია.

„ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი იყო დღეს ტერმინალში მისული და შესასვლელში, სადაც დაცვის პოლიცია დგას, გამოკრული იყო იმ ადამიანების სია, ვინც სამუშაოდან დაითხოვეს. უთხრეს, რომ ამ პირებზე საშვი აღარ დაიშვებაო, – გვითხრა ლევან ჯაფარიძემ. ის ქობულეთში ცხოვრობს და საგანგებო მდგომარეობის გამო სამსახურში ერთი თვეა, რაც არ გამოუძახებიათ.

„ჩვენ ძირითადად საკონტეინერო ტერმინალში ვმუშაობდით, სამუშაო არის, ყოველდღე ველოდით გამოძახებას, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ სამუშაოდან გაგვიშვეს,“ – ამბობს ლევანი.

მისი თქმით, სამუშაოდან დათხოვნილი ადამიანების უმეტესობა ქობულეთის მცხოვრებია.

„მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერს არ გვიხსნის. 11 წელია პორტში ვმუშაობ, ანაზღაურებაც  საკმაოდ კარგი გვქონდა, ახლა, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დავრჩით. მოძრაობაც არ არის, რომ ჩამოვიდეთ ბათუმში და გავერკვიოთ ვითარებაში. როცა საგანგებო დასრულდება, გვეტყვიან ალბათ, იმედია კომპენსაციას მაინც მივიღებთ,“ – ამბობს ლევანი.

სამუშაოდან დათხოვის შესახებ თანამშრომლისგან გაიგო როინ შანიძემაც. „ათი წელია ამ ტერმინალში ვმუშაობ. როცა კორონავირუსი გავრცელდა და ყველა საუბრობდა სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებასა და პირბადეების მოხმარებაზე, ჩვენც მოვითხოვეთ სადეზინფექციო საშუალებები ტერმინალში.

არც ხსნარი, არც ხელთათმანები, არც პირბადეები არაფერი არ იყო. ტვირთი შემოდის ევროპიდან, ამერიკიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც პანდემია მძვინვარებს, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა და ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეტანა სადეზინფექციო საშუალებები. პასუხი იყო მარტივი – „არ გინდათ? წადით სახლში,“ – გვიყვება როინ შანიძე.

მისი თქმით, ის და სხვა მუშები ამის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ კონტეინერების ჩამოტვირთვას, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

„სამუშაო ყველას სჭირდება, ჩვენს უკან არის ოჯახები, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა სამუშაოს არჩევანი ისედაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ისედაც დაგვაკლეს ხელფასი და სამუშაოს მოცულობა გაგვიზარდეს“.

როინ შანიძე ამბობს, რომ აპრილში ის და მისი თანამშრომლები სამუშაოდ აღარ გამოუძახებიათ.

„მარტში ვიმუშავეთ და როცა აპრილი დაიწყო, არ გამოვუძახებივართ. ჩვენ შტატგარეშე თანამშრომლები ვართ და როცა ტვირთი ჩამოდის, მაშინ გვიძახებენ. ამ თვეშიც ველოდებოდით გამოძახებას, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ დაგვითხოვეს,“- გვეუბნება როინ შანიძე.

მისი თქმით, როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, გათავისუფლებული პირები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. „თუ არ დაგვაბრუნებენ სამუშაოზე, გამოვალთ ქუჩაში,“ – გვითხრა როინმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ პანდემიის გამო ადამიანები ისედაც ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდნენ, ამიტომ ასეთ დროს მათი სამსახურებიდან გათავისუფლება არასამართლიანია.

„ტერმინალის ადმინისტრაციას ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ ეს ადამიანები დააბრუნოს სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო აქციები,“ –  გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

„ბათუმელები“ საკონტეინერო ტერმინალიდან განმარტების მიღებას ცდილობს. ტერმინალის პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა – ქობულეთის კლასტერი

ბათუმში დადასტურდა Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, განაცხადა დღეს, 24 აპრილს, ჟურნალისტებთან.

„გამოვლინდა ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მას, გარდა ერთი, ოჯახური კონტაქტისა, არ ჰქონია სხვასთან კონტაქტი,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერს უკვე 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება. შესწავლილია 530 კონტაქტი, მათ შორის, 400-ს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

ამ დროისათვის ბათუმში 38 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე კლინიკა „მედალფაში“, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

24 აპრილის [10:30] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid19-ის 431 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 5126 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 578. 

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – სულ 431

24 აპრილის [10:30] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid19-ის 431 შემთხვევა. ბოლო მონაცემებთან შედარებით შემთხვევათა რიცხვი 6-ით გაიზარდა.

431 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.

ბოლო მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 5126 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 578. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

„სალამი“: მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა “სალამი” მარნეულის სოფლებში მიმდინარე პროტესტის ტალღას ეხმიანება.

ზუსტად ერთი თვეა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.

„სალამის“ განცხადებით, მათ სჯერათ, რომ აღნიშნული ზომები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილ ზონებში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება და აუტანელ ტვირთად მოსახლეობის იმ ფენას აწვება, რომელთა მძიმე შრომაც საზოგადოებისთვის ყველაზე კრიტიკულია.

„22 აპრილს მარნეულში არსებული აუტანელი ვითარების გასაპროტესტებლად სოფლებში თვითორგანიზების პროცესები დაიწყო. რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რათა საკუთარი წუხილები, გამოწვევები და პრობლემები დანარჩენი საქართველოსთვის გაეზიარებინათ. ჩვენ, „სალამში“ გაერთიანებული ახალგაზრდები, თავად ვართ მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან და ჩვენი თვალით ვხედავთ, თუ რა მძიმე ყოფაში არიან ჩვენი მშობლები, მეზობლები და ნათესავები.

სამწუხაროდ, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები არც საკმარისია და არც ეფექტიანად და სამართლიანად ხმარდება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. დღემდე სისტემური, სრულყოფილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სტრატეგიები და გეგმები არ არსებობს,“ – ნათქვამია „სალამის“ განცხადებაში.

“სალამს” მიაჩნია, რომ ეს საპროტესტო ტალღა და მიმდინარე პროცესები მოსახლეობის ავთენტური ხმის გამოხატულებაა. საჭირო საკომუნიკაციო არხების არ არსებობის გამო კი, მოსახლეობა საკუთარ აუტანელ სოციალურ ყოფას, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი, მაშინ, როცა შეკრება და მანიფესტაცია აკრძალულია, დემონსტრაციების მეშვეობით ავლენს.

„ჩვენი შეფასებით, ეს არის სიმპტომი იმისა, რომ კრიზისის პირობებშიც და კრიზის გარეთაც, ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა “სალამის” წევრები ფიქრობენ, რომ არის იმის ალბათობა, „კონკრეტულმა დაინტერესებულმა ჯგუფებმა გამოიყენონ არსებული სიტუაცია და განავითარონ მსჯელობა, თურმე ეს პროცესები ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა რეალური პრობლემები და მათ ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ არ დამორჩილებოდნენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რომ შეექმნათ გარკვეული არეულობა, რომ პოლიტიკური ქულები მოეტანათ კონრეტული პოლიტიკოსებისთვის, და რომ ამ აქციის მონაწილეების დასჯა აუცილებელია“.

„გვესმის, რომ ეს მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ მკაცრად ჰორიზონტალურ მმართველობით სისტემაში შესაძლოა მიმზიდველად ჟღერდეს. შესაძლოა, ამ მსჯელობამ საშუალო და საშუალოზე დაბალი სახელმწიფო მოხელეებს შორის ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა მათ უფრო ძლიერად და მადიანად დაიკმაყოფილონ საკუთარი ძალაუფლების ჩვენების და დამტკიცების წყურვილი. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ მცდარ მსჯელობაზე ჰუმანურობისა და ემპათიის გრძნობებით გაჯერებული რაციონალური მსჯელობა იმარჯვებს, რომელიც აღიარებს, რომ მოსახლეობის პროტესტი იყო საფუძვლიანი და სამართლიანი.

გვესმის, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე პოლიტიკოსის სახელის სკანდირება მოსახლეობის მხრიდან იყო არასწორი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოლიტიკა იქნება, თუ ის ამ ფაქტს საერთოდ დააიგნორებს და შეუდგება მოსახლეობის იმ საჭიროებების და წუხილების მოგვარებას, რამაც ეს ხალხი გამოიყვანა ქუჩაში,“ – ნათქვამია „სალამის” განცხადებაში.

“სალამი” თავის განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • დაამყაროს ავთენტური, ნდობაზე დაფუძნებული და კოლექტიურ სიკეთეზე ორიეტირებული კავშირები მოსახლეობასთან
  • განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლოს შექმნილი ვითარება და დაიწყოს სიღრმისეული პრობლემების მოძიება და აღმოჩენა
  • დროულად შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკის სტრატეგია ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის
  • უარი თქვას დღევანდელი მოვლენების დროს იდენტიფიცირებული ადამიანების დასჯაზე
  • აღიაროს, რომ შიშველ კონტროლზე დაფუძნებული მართვის მექანიზმები არც აქამდე არ მუშაობდა და მით უმეტეს, არც კრიზისის პირობებში მუშაობს.
  • იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე მათთვის გასაგებ ენაზე

“აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ადამიანზე ორიენტირებული, მზრუნველი და სოლიდარული მმართველობის მსოფლმხედველობიდან, სადაც ყველაზე ღირებული იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და ღირსება,” – აცხადებს “სალამი”.

ექსპერიმენტი 500 მოხალისით – ოქსფორდში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო

22 აპრილიდან ოქსფორდის უნივერსიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი დაიწყო, დაიწყო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდაც. ექსპერიმენტში მონაწილეობს 500 ჯანმრთელი მოხალისე – 18-დან 55 წლამდე ქალები და კაცები.

Covid 19-ის საწინააღმდეგო ეს ვაქცინა ედვარდ ჯენერის ვაქცინის კვლევით ინსტიტუტში დამზადდა რეკორდულად მოკლე დროში.

თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ვაქცინის ეფექტურობა შემოდგომის დასაწყისში უნდა დადგინდეს. ვაქცინის გამომგონებლები 80%-ით დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინა გაამართლებს და ასეთ შემთხვევაში ცდების დასრულებამდეც შესაძლებელი იქნება მისი წარმოება.

თუმცა კლინიკური ცდების წარმატებით დასრულების გარანტიები არ არსებობს და მარცხიც მოსალოდნელია. გამორიცხული არ არის, რეკორდულად მცირე დროში დამზადებულმა პრეპარატმა კიდევ უფრო დაამძიმოს ინფიცირებულთა მდგომარეობა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვაქცინაზე მუშაობა ახალი კორონავირუსის გენომის გაშიფვრის მეორე დღიდან, 11 იანვრიდანვე დაიწყეს.

პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ

ავტორი: ვერა ზაკემი

წყარო: ნიუიორკ ტაიმზში (NYT)

გასულ თვეს სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, რომელიც ვითომ სტენფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. პოსტის თანახმად, თუ 10 წამზე მეტი ხნით შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება და ამის შემდეგ არ დაახველებთ, დიდი შანსია, რომ არ გაქვთ COVID 19. თავდაპირველად მეც სარწმუნოდ მივიჩნიე ეს ინფორმაცია და მეგობრებს გადავუგზავნე, სანამ გავიგებდი, რომ სიცრუე იყო. ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი გავლენის კამპანიების შესწავლას მივუძღვენი – როგორ შეიძლებოდა, ასე გავსულელებულიყავი?

შემდეგ დავინტერესდი პანდემიის შეთქმულებების მსგავსი გავლენებით, რასაც „ინფოდემიის“ [გადაჭარბებული საინფორმაციო ნაკადები, სადაც ჭირს სიმართლე\სიცრუის გარკვევა] კამპანიას უწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და რა გავლენა ექნებოდა ამას ამერიკის არჩევნებზე ნოემბერში. როგორ ტყუილებში, ჭორებსა და გიჟურ თეორიებში ჩაეფლობა დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიები, კონვენციები, დებატები და არჩევნების დღე? ამერიკელ ამომრჩეველს დეზინფორმაციის ნისლში ბოდიალი მოუწევს ყოყმანით, რასაც ისმენს ან კითხულობს დაიჯეროს თუ არა. შედეგად, კიდევ უფრო დაყოფილი ამომრჩეველი გვეყოლება, რომელიც ამერიკის საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლით და ალბათ კიდევ უფრო დიდი ხნითაც ჩამოაყალიბებს.

რუსეთი, ჩინეთი და აქტივისტები ინფოდემიას იარაღად გამოიყენებენ

ვიყოთ გულწრფელი. ჩვენ მივემართებით არჩევნებისკენ, რომელიც დეზინფორმაციის მოზღვავებით გამოირჩევა, ხმის მიცემის პროცედურასთან, მეცნიერებასა და ჯანდაცვასთან, ეკონომიკასთან, საგარეო პოლიტიკასა და ჩვენი საზოგადოების მორალურ განზომილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ალბათ ვიხილავთ შეთქმულების თეორიებს და მცდარ ნარატივებს ისეთი სახელმწიფოებისგან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი – მედია საშუალებებიდან, ადვოკატირების ჯგუფებიდან, პარტიული აქტივისტებისა თუ თეთრკანიანი სუპრემაცისტებისგან [ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ თეთრკანიანები რაიმე ნიშნით სხვებზე აღმატებულია], ჩვენი მეგობრებისა და მეზობლებისგანაც კი, რომლებმაც შესაძლოა შეთქმულების თეორიები ბოროტი განზრახვის გარეშე უნებურად გაავრცელონ. ინფოდემიამ უკვე შექმნა არასწორი მიმართულების მოსაზრებები, რომელშიც მცირედი ჭეშმარიტებაც არის, მაგალითად, დაავადების ტესტირებაზე, პრევენციასა და წყაროებზე.

რუსეთი აგრძელებს კამპანიას, რითაც დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ამერიკული მეცნიერებისადმი უნდობლობას თესავს, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად გაყოს ამერიკული საზოგადოება. წლების მანძილზე რუსი ოპერატიული მუშაკები აღვივებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ გლობალური პანდემიები, როგორიცაა ებოლა და მომაკვდინებელი გრიპის ვირუსები, ამერიკელი მეცნიერები ქმნიდნენ. ახლა რუსეთი თავად ამერიკელების მცდარ მოსაზრებებს კორონავირუსზე ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენებს.

რაც უფრო მივუახლოვდებით ნოემბერს, რუსეთი ალბათ მრავალმხრივ გამოიყენებს პანდემიას მავნე გავლენისთვის, რათა არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს. რუსეთის მედიის გამოყენება, მათ შორის, RT (Russia Today) და Sputnik, ტროლები, ბოტები, ბლოგები, კულტურული და ბიზნეს არხები ასეთი პროპაგანდის გასავრცელებლად ახალი არაა. თუმცა COVID 19-ის ეპოქაში მათი გაძლიერება და გაერთიანება უნდა გვაღელვებდეს.

რუსეთი ერთადერთი პოტენციური ბოროტმოქმედი არაა. ჩინეთი, ეროვნული პარტიული აქტივისტები და თეთრკანიანი სუპრემაცისტები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ინფოდემიის გამოყენებას ამომრჩევლებში არსებული დაყოფის გასამწვავებლად. ჩინელი ოპერატორები რუსეთის სახელმძღვანელოებიდან სწავლობდნენ, შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ შიშისა და დაყოფის გასაძლიერებლად ამერიკულ საზოგადოებაში. ჩინეთი ინტერნეტს დეზინფორმაციით ტბორავდა, მათ შორის, დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ გაავრცელა კორონავირუსი, როდესაც პერსონალი ვუჰანს სტუმრობდა 2019 წლის ოქტომბერში.

თეთრკანიანი სუპრემაცისტებიც დაკავებულები არიან და იყენებენ სახლში დარჩენის მითითებებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მიმდევრების მოსაძიებლად და უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლის გასაღვივებლად. და ბოლოს, ნუ დავივიწყებთ პოლიტიკურ და მედია ფიგურებს, რომლებიც ვირუსის წარმოშობასა და წამლების ეფექტურობაზე ალტერნატიულ ნარატივებს აქტიურად გვთავაზობენ.

რეალობას ვაცნობიერებთ

ინფოდემიამ შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიის სეზონზე. ჩვენ ისევ ვიხილავთ შეთქმულების თეორიებს, როცა უმცირესობებს დააბრალებენ კორონავირუსის შექმნას, გავრცელებას და არჩევნებზე მისვლაც შეიძლება შეამცირონ. ფედერალური ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ რუსეთი სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს ხმის მიცემის შესამცირებლად, აქციებისა და დემონსტრაციების საიდუმლო დაფინანსებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვებგვერდების გატეხვით და საარჩევნო უბნებზე ძალადობის ან ზეწოლის შესახებ ჭორების გავრცელებით. ეს ტაქტიკა განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ ამერიკა ჩვეულ ცხოვრებას არ დაუბრუნდა ან შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყო. საბოლოოდ, სანამ შტატები ფოსტით ხმის მიცემისთვის ემზადებიან, ჩვენ ალბათ უცხოურ და შიდა დეზინფორმაციის კამპანიებსაც ვიხილავთ ხმის მიცემის სანდოობასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ მოგვცეს შედეგს, რომ მოქალაქეებს აღარ ეცოდინებათ, ვის მიმართონ სანდო ინფორმაციისთვის.

COVID-19, აი ჩვენც: დროა მოვემზადოთ

ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ხელისუფლებებს, ტექნოლოგიის მცოდნეებს და სამოქალაქო სექტორს, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ ნოემბრისთვის მოსამზადებლად. პირველ რიგში, მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ, როგორც ამერიკის მოქალაქეებს, გვაქვს ძალაუფლებაც და პასუხისმგებლობაც. ჩვენ ჩვენი დავალება უნდა შევასრულოთ – შევისწავლოთ ხმის მიცემის პროცედურა, კანდიდატები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხმის მისაცემად წავიდეთ. მოდი კრიტიკულად დავფიქრდეთ ცოტა ხნით იმ ინფორმაციის სიზუსტესა და წყაროებზე, რომელსაც ვიღებთ და ვიზრუნოთ, რომ უნებლიეთ არასწორი ინფორმაცია არ გავავრცელოთ.

სანამ პანდემიის დროს შტატის და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან, მათ საზოგადოების განათლებაც უნდა მოახერხონ ხმის მიცემის პროცედურების ცვლილებაზე, მათ შორის, ფოსტით ხმის მიცემის ან ფიზიკურად ხმის მიცემისას ჰიგიენის და ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლების თაობაზე.

და ბოლოს, მედია ორგანიზაციებმა, ძირითადმაც და სოციალურმაც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ დეზინფორმაციისადმი, სწრაფად იმოქმედონ მომხმარებლების გასაფრთხილებლად და წაშალონ ინფორმაცია, რომელიც შესაბამის პირობებს არღვევს.

დიახ, რუსეთი, ჩინეთი და სხვები გააგრძელებენ დეზინფორმაციის და გავლენის კამპანიებს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, როგორ ვუპასუხებთ ამას.

_____

ფოტო: „გახსენით პენსილვანია“ – საპროტესტო აქცია ჰარისბურგში. ორშაბათი. ფოტო: Nicholas Kamm/Agence France-Presse – Getty Images

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ„ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის

აჭარაში 46 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 აპრილს, საღამოს, ბათუმში 46 ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია.

23 აპრილის [21 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 111 პირი, გარდაიცვალა – 5.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, უჰანში წარმოქმნილმა კოვიდ 19-მა უკვე დააყენა მსოფლიო წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობა. ამ დისკუსიამ უკვე  ასახვა ჰპოვა საერთაშორისო სამართალის თეორიაშიც. ეს ბუნებრივიცაა, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის გარეშე არ არსებობს და მისი ფრაგმენტაციის აუცილებელი მექანიზმია.

არსებული საერთაშორისო სამართალი რომ გავაანალიზოთ, ორგვარი ტენდენცია შეინიშნება – სოლიდარობაზე დაფუძნებული სხვადასხვა მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მხარდამჭერი დოკუმენტები, რომლებიც მოუწოდებენ მსოფლიოს ყველაფერი იღონოს კოვიდ 19-ის გასანეიტრალებლად. საკვირველია, რომ ამგვარ დოკუმენტებში მინიშნებაც კი არაა  (სახელმწიფო(ებ)ის,  საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზე, რომელთა ფუნქცია უნდა იყოს მომაკვდინებელი პანდემიის პრევენცია, აღკვეთა და დამარცხება.

გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა გაეროს ისტორიაში პირველად უშიშროების საბჭოს სხდომაზე მსოფლიოში ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეს მოუწოდა შეაჩერონ ბრძოლები(სირია იემენი, ლიბია, ავღანეთი, მაილი და კოლუმბია, ყირიმი, ასევე სხვა ცხელი წერტილები). უშიშროების საბჭოს სხდომის პარალელურად კი ჩრდილო კორეამ საპასუხოდ რამდენიმე ბირთვული რაკეტა გამოსცდა.

ამ უშიშროების საბჭომ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი მოიტანა.

სამი კითხვა, რომელიც დღეს მუსირებს კოვიდ 19-ზე საერთაშორისო სამართლის თეორიაში:

  • დაუწესდეს თუ არა პასუხისმგებლობა კოვიდ 19-ის მოვლენაზე  ჩინეთს?
  • ვინ აწესებს ამ სახის პასუხისმგებლობას (მოწყვლადი სახელმწიფოები თუ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა)?
  • საპასუხო რეაქციები ჩინეთიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეუს ადმინისტრაცია ხაზს უსვამს ჩინეთის პასუხისმგებლობას კოვიდ 19-ის დამალვის თაობაზე. ეს მსჯელობა არაა შინაარსს მოკლებული. სხვათა შორის, აშშ-ს ევროპელი მოკავშირეები იგივე აზრზე არიან. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 6 და 7 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს დროულად და მყისიერად მიაწოდონ ინფორმაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს გაუზიარონ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია. იმავეს ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონსტიტუციის 37-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყველა წევრი-სახელმწიფო ვალდებულია არ დამალოს/დააყოვნოს ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოებს მიაწოდოს ყველაზე ხელსაყრელი ფორმებით.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ კორფუს არხის საქმეზე (1949 წელი) დაადგინა, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარი ტერიტორია გამოიყენოს იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებს. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოებს ეკრძალებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირება, ანექსია, ინტერვენცია, მაგრამ ასევე დადგენილია ვალდებულება, რომ საკუთარი ტერიტორიები არ გამოიყენონ ისე, რომ დააზიანონ სხვა სახელმწიფოთა უფლებები. ფაქტობრივად, ამ მსჯელობით სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოთა მოვალეობას ითანამშრომლონ ერთმანეთთან მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის სახესხვაობის მიუხედავად, რათა დაცულ იქნას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, ხალხთა კეთილდღეობა და ადამიანის წარუვალი უფლებები.

ის, რომ სახელმწიფოები კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ საერთაშორისო სამართლით აღებულ ვალდებულებებს, აღნიშნულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის შესახებ მუხლებში, რომელიც უკვე ჩვეულებითი სამართლის ნაწილია და სავალდებულო ძალა გააჩნია.

იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რეალურად შეუძლებელია ჩინეთის ვეტოს შემთხვევაში მის მიმართ სამართლებრივი ბერკეტების, ფართო გაგებით სანქციების ამოქმედება.

სახელმწიფოთა საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესახებ მუხლები ითვალისწინებს არასწორი ქმედების ჩამდენი სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვა სანქციის განხორციელებას: რესტიტუცია, კომპენსაციის მიღება, პირვანდელ მდგომარეობაში ჩაყენება (ამგვარის ქმედების ჩადენამდე არსებული მდგომარეობა). უშიშროების საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული მექანიზმების განხორციელება ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ შეუძლებელია, რადგან შანხაის სასამართლოს არც ერთ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი ჩინეთის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ აქვს აღსრულებული. იგივე მოხდება ამ შემთხვევაში – თუ რომელიმე საერთაშორისო სასამართლო დაადგენს ჩინეთის მიმართ საერთაშორისო პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა დარჩება ფურცელზე აღუსრულებელი.

თუმცა, არის ერთი დანაწესი სახელმწიფოთა საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესახებ მუხლებში, რომელიც საერთაშორისო სამართალს უფრო მიმზიდველს და საიმედოს ხდის. საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ამგვარი ქმედების ხელმეორედ ჩადენისგან შეიკავოს თავი. ეს მუხლი არაპირდაპირი ანარეკლია გაერთიანებული ერების ჩამოყალიბების შემდეგ შექმნილი საერთაშორისო სამართლისა, კერძოდ, იმ ფონზე როდესაც რეტორსია (დამნაშავე სახელმწიფოს მიმართ მსხვერპლი სახელმწიფოს მიერ შურისძიება) აკრძალულია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, დამნაშავე სახელმწიფო კეთილსინდისიერი ბოჭვის ქვეშ უნდა იყოს, აღარ განახორციელოს ნებით თუ უნებლიეთ მსოფლიო ხალხთა დამაზიანებელი ქმედებები.

იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19 ჩვენს საუკუნეში მიმდინარე ბევრ შეიარაღებულ კონფლიქტზე დამაზიანებელ მოვლენად აქცია და გამოიწვია ფატალური შედეგი კაცობრიობისთვის, აუცილებელია ვირუსის წარმომშობი (ტერიტორიული წარმოშობა) სახელმწიფოს მიმართ საერთაშორისო პასუხისმგებლობის მექანიზმების ამოქმედება, რათა კაცობრიობა უკეთესად გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

გუშინ, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს  კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ცხელების ცენტრი ამოქმედდა.

მთავრობის დადგენილებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში ჩაერთვება „შესაბამისი ქონების [ახალი კლინიკის] სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე“.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში „სანებართვო დანართის მიღებისთანავე“ უნდა ჩართულიყო.

22 აპრილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიეცა უფლება, ახალ შენობაში საქმიანობა აწარმოოს უკვე არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. ეს უფლება 14 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება. ახალ კლინიკაში პაციენტების მიღება უკვე დაწყებული იყო.

ახალი კლინიკის შენობა, რომელშიც ცხელების ცენტრი 9 აპრილს გაიხსნა, ამ დრომდე ჩაბარებული არ არის. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილია ცხელების ცენტრი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს პაციენტებს. ამ დროისთვის ჯამში 100-მდე პაციენტი მიიღო. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ასევე დაიწყებს ინფიცირებული პაციენტების მიღებასაც.

დღეისათვის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და უახლოეს დღეებში გაფორმდება [შენობის] მიღება-ჩაბარების ხელშეკრულება. შესრულებულ სამუშაოებზე უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა და ყველა სახის სისტემის გამოცდა/ტესტირება ჩატარებულია.

რაც შეეხება ქონებას,  შენობა-ნაგებობა და ინვენტარი სარგებლობაში გადაეცემა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“, დადგენილი წესების დაცვით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქონების სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაზე მუშაობა“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო წილის მმართველი – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

ახალი საავადმყოფოს შენობა ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე რაიმე ფორმით გადაცემული არ არის. მიწის ნაკვეთიც [22 109 კვ.მ ფართობი], სადაც ორთავე [ძველი და ახალი] საავადმყოფოს შენობები დგას, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობა თავდაპირველი ხელშეკრულებით 2018 წლის 18 მაისამდე უნდა აშენებულიყო.

სახელშეკრულებო თანხა 22 172 764 ლარი იყო, თუმცა, ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 11-ჯერ შევიდა –  გადაიწია დასრულების ვადამ, თანხა კი 24 384 751 ლარამდე გაიზარდა.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, მშენებელი კომპანიისთვის ამ დროისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 22 741 273 ლარია გადახდილი.

ნებისმიერ პრეტენდენტს დავების განხილვის საბჭოსთვის შეეძლო მიემართა – ქობულეთის მერი

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმარა, სადაც  საუბარია იმაზე, რომ ქობულეთის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები იკვეთება.  აღნიშნულ კვლევაზე დღეს 23 აპრილს, წერდა „ბათუმელებიც“.

მირიან ქათამაძე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო პირობების ჩამოყალიბება ხდება მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

„იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიზნებს, როგორიცაა ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა, ტენდერში მონაწილეობის მსურველს შეუძლია მიმართოს დავების განხილვის საბჭოს და გაასაჩივროს“ – წერს ქობულეთის მერი.

მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ თუკი რომელიმე ჩანაწერი ან მოთხოვნა არღვევდა კანონმდებლობას და ამცირებდა პოტენციურ მიმწოდებელთა წრეს, „ნებისმიერ კეთილსინდისიერ და გამოცდილი პრეტენდენტს“ დავების განხილვის საბჭოსთვის შეეძლო მიემართა.

როგორც ქათამაძე წერს, აღნიშნულ ტენდერებთან დაკავშირებით მაკონტროლებელი ორგანოების მიერ „არც ერთხელ არ ყოფილა შენიშვნა უშუალოდ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით“.

ქობულეთის მერი შპს „ჯორჯიან სტოუნს“ დირექტორისა და მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძის, ასევე ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად რომანაძის ნათესაურ კავშირზეც წერს.

მისი თქმით, „აღნიშნული (ნათესაური კავშირი) ვერ იქნება დაკავშირებული შესყიდვებთან, რადგან არც ხედამხედველობის სამსახურის უფროსი და არც ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანების ხელმძღვანელი არ არიან სატენდერო კომისიის ან/და აპარატის წევრები, ასევე არ ღებულობენ მონაწილეობას ხელშეკრულების შესრულების კონტროლში“ და პირდაპირ ან ირიბად ვერ მოახდენენ გავლენას სახელმწიფო შესყიდვებში“.

___________________________________

ამავე თემაზე:

ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

 

რას ნიშნავს ტრამპის ბრძანება საიმიგრაციო მწვანე ბარათების შეჩერების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპმა საიმიგრაციო მწვანე ბარათის გაცემის დროებით შეწყვეტის ბრძანებას ხელი დღეს, 23 აპრილს მოაწერა. ბრძანება, რომელიც ძალაში 60 დღე დარჩება და შეიძლება მას შემდეგაც გახანგრძლივდეს, რამდენიმე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც იძლევა. 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრძანების მიზანია კორონავირუსის პანდემიით განადგურებულ ეკონომიკაში დაიცვას ამერიკელების სამუშაო ადგილები.

BBC-ი წერს: კრიტიკოსებმა ამ ბრძანების გამო ტრამპი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან პანდემია გამოიყენა, რათა შეენიღბა და გაეტარებინა მისთვის დიდი ხნის ნანატრი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა საარჩევნო წელიწადში.

„ეს უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ეკონომიკა გაიხსნება,  პირველ რიგში, ჩვენი უმუშევარი ამერიკელები დასაქმდებიან,”- თქვა ტრამპმა ოთხშაბათს, კორონავირუსის შესახებ  თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

  • რა არის მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათი აძლევს საშუალებას იმიგრანტებს, რომ მოიპოვონ ლეგალური მუდმივი რეზიდენტის (მცხოვრებლის) სტატუსი აშშ-ში. ეს სტატუსი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს აშშ-ში.

  • ვის შეეხება ახალი ბრძანება და ვინ იქნება გამონაკლისი?

BBC-ი წერს, რომ ახალი ბრძანების შედეგად მწვანე ბარათის მფლობელები ვეღარ შეძლებენ მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკაში მუდმივი ცხოვრების უფლების მოპოვებას, რასაც ტრამპი ჯაჭვურ მიგრაციას ეძახის.

ბრძანება აჩერებს “მრავალფეროვნების ვიზის ლატარიას“, რომლითაც წლიურად 500 000 ბარათი გაიცემოდა. 

გამონაკლისს მიეკუთვნებიან ამერიკის მოქალაქეების მეუღლეებისა და 21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი შვილები.

ასევე, გამონაკლისს წარმოადგენს მწვანე ბარათის ასეულობით ათასი აპლიკანტი, რომლებიც უკვე ცხოვრობენ და მუშაობენ ამერიკაში და ისინი, ვინც აშშ-ში შესვლას ცდილობენ, რათა ექიმებად, მედდებად და ჯანდაცვის სპეციალისტებად იმუშაონ.

კიდევ ერთი გამონაკლისი შეეხება ასეულობით ათას დროებითი სტუმრობის ვიზას, რომელიც  H-1B სავიზო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გაიცემა ისეთ მსურველებზე, როგორებიც არიან მეურნეები და კვალიფიციური მშრომელები.

აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო ადგილი დაახლოებით 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში კოვიდ19-ის 842 624 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გარდაიცვალა 46 785 ადამიანი, გამოჯანმრთელდა  – 76 614.

ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულები: „სტრესი აღარ გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ“

„მგონი, აქაურობას ვეღარ მივატოვებ აწი…“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქალაქიდან დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი. ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წლების წინ მიტოვებულ მანდარინის ბაღში გავიდა და მუშაობას შეუდგა. გიორგი და სოფლად დაბრუნებულები ერთ რამეს გეტყვიან, ან მათ საუბარში შეატყობთ, რომ მიწაზე მუშაობა ახალისებთ და პანდემიის ან მანამდე გამოწვეული სტრესი აღარ აქვთ.

სოფელში სხვადასხვა მიზნით ბრუნდებიან: დრო გამოუჩნდათ და მიტოვებული, მშობლიური საკარმიდამოს გაცოცხლება სურთ, დამატებით შემოსავალს ქმნიან ან სურთ მიწის ნაკვეთი, დაკარგული სამსახურის შემდეგ, მთავარი შემოსავლის წყარო გახდეს…

„არა მხოლოდ მანდარინს, ყველა მიწას ვითვისებ, რაც მაქვს…“

„…ბოლო წლებია ბათუმში ვცხოვრობ, სურსათის პატარა მაღაზია მქონდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ მოძრაობა რომ შეიზღუდა, აღარ იყო მუშაობა, ვარჩიე სოფელში წამოსვლა, სადაც სახლი დაკეტილი მქონდა. წინა წლებში მხოლოდ მანდარინის კრეფის დროს ამოვდიოდი, ვაბარებდი მოსავალს და ქალაქში ვბრუნდებოდი. სოფელში მეუღლესთან ერთად დავბრუნდი, შვილსაც უკვე აქ ველოდებით“, – გვიყვება გიორგი ლაზიშვილი.

გიორგი ამბობს, რომ საკუთარ მიწის ნაკვეთში, სადაც მანდარინის ხეები არ არის, კარტოფილი დარგო, ლობიო და მწვანილიც.

„ისე შეგვაშინეს გაჭირვება მოდისო, ყველაფერი დავრგეთ,“ – იცინის გიორგი.

გიორგი ლაზიშვილი

მეციტრუსე პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ფერმერებს ახლა სასუქით მომარაგების პრობლემა აქვთ. სასუქი ძვირია. მეორე მხრივ, პრობლემაა მისი შეძენაც, რადგან გადაადგილება შეზღუდულია.

„მეციტრუსემ არ იცის, როგორ გაიყიდება მანდარინი, ეს გზები თუ არ გაიხსნა, რა უნდა მოხდეს? გლეხებმა არ იციან, რა აჯობებს… ციტრუსის შეწამვლას სერიოზული თანხა სჭირდება…. ფერმერს სჭირდება იმის დანახვა, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას.

ქალაქში უფრო იოლია შრომა, არ გიწევს ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ აქ სხვა ხალისით მუშაობ… იცი, რომ რაც მოგყავს, შენია, შენი მოწეულია და ჯანსაღია,“ – გვიზიარებს შთაბეჭდილებას სოფელში დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი.

სოფელს დაუბრუნდა ადვოკატიც: აქ სხვა ურთიერთობებია, ეს მომნატრებია

შუახევში, სოფელ დარჩიძეებში გამოკეტილი სახლი ადვოკატმა რევაზ ფუტკარაძემაც გახსნა. ის ოჯახთან ერთად ბოლო წლებია თბილისში ცხოვრობს და ადვოკატად მუშაობს. პანდემიის პირობებში ადვოკატი სოფლიდან დისტანცირებულად მუშაობს და პარალელურად კარტოფილის ნაკვეთსაც ამუშავებს.

„აქ 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მაქვს, ნაწილობრივ უკვე დავამუშავეთ, კარტოფილს დავრგავ, სიმინდს, ლობიოს… ახლა თოვს. როცა გამოიდარებს და კარგი ამინდი დადგება, დავრგავ. ისე მოგვწონს აქაურობა, საოჯახო ბიზნესგეგმაც უკვე შევიმუშავეთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რევაზ ფუტკარაძე.

რევაზ ფუტკარაძე

ადვოკატი გვიყვება, რომ არ გასჭირვებია მიწის დამუშავება, რადგან მიწის დამუშავება ბავშვობაში ისწავლა. ახლა ამ ცოდნას შვილებსაც უზიარებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ სოფელში გაშენებულ ბაღს არც პანდემიის გადავლის შემდეგ მიატოვებს.

„…აქ სულ სხვა ურთიერთობებია, მთელი სოფელი თითქოს ერთია. სანათესაოს დავუბრუნდი, მეზობლებს. იმის მიუხედავად, რომ დისტანციას ვიცავთ, მაინც იგრძნობა სულ სხვა სითბო. ეს მომნატრებია. აქ ამოსვლიდან რამდენიმე დღეში გავთავისუფლდი ფსიქოლოგიური სტრესისგან,“ – ამბობს რევაზ ფუტკარაძე.

სოფელს დაუბრუნდა ბიზნესმენიც: „ახლა თოვს და მეშინია, მოსავალი არ გაფუჭდეს“

„მუშაობა ძნელი ადრე იყო, ხელით აკეთებდნენ ყველაფერს, ახლა რაღა, ტექნიკა აკეთებს ყველაფერს,“ – შუახევში, საკუთარ ბაღში დაბრუნებაზე გვიყვება ბიზნესმენი დავით ფუტკარაძე. მას ბათუმში სამშენებლო ბიზნესი აქვს. თვეზე მეტია სოფელს დაუბრუნდა და მიიჩნევს, რომ სოფელს ბიზნესში დაბრუნების შემდეგაც აღარ მიატოვებს.

„სკოლის დასრულების შემდეგ წავედი ქალაქში, ჩემთვის ეს ყველაფერი ნაცნობია და არაფერი უცხო არ ყოფილა… აქამდე დრო არ მქონდა, რომ მიმეხედა ბაღისთვის. ახლა დრო გამოჩნდა და ვიგრძენი, რომ ეს კარგი რამეა.

ახლა იმაზე ვდარდობ, რომ გათოვდა, მოსავალი არ გაფუჭდეს,“ – გვიყვება დავით ფუტკარაძე. ის სოფელს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაუბრუნდა.

დავით ფუტკარაძე

წალკიდან დაბრუნებული: „ამ სოფლის მიწასაც დავამუშავებ, სხვა დროა ახლა“

ქალაქიდან არა, მაგრამ წალკიდან დაბრუნდა ოლადაურში რეზო მაკარაძე. ის ამბობს, რომ „სხვა დროა ახლა“ და ამ სოფელში წლების წინ მიტოვებული მიწაც უნდა დაამუშავოს.

„მე წალკაში ვცხოვრობ, დედაჩემი იყო მარტო აქ, ოლადაურში, სახლი არ გვქონდა დაკეტილი… ახლა წალკაში ბიჭი დავტოვე, მე აქ წამოვედი… ყველა ხუმრობს სოფელში, დაკარგულები გვეგონეთ და გაცოცხლდითო? ლობიო დავთესე, კარტოფილი, სიმინდი… 500-600 კვადრატი მიწაა აქ, არ მოიცდინება, ისეთი დროა, მგონი,“ – ამბობს რეზო მაკარაძე.

რევაზ მაკარაძე

დღეს, 23 აპრილს, გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა სოფლად დაბრუნებულ ადამიანებზე და თქვა, რომ ახალი ინსტრუმენტების შესახებ კონკრეტულად პრემიერი ისაუბრებს.

„განსხვავებით სხვა მიმართულებებისა, ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა. ჩვენ, ჩვენი ფერემერები ვაგრძელებთ მუშაობას და ის უკავშირდება წლის კონკრეტულ მონაკვეთს. სახელმწიფოს არც ერთი დახმარების პროგრამა არ შეუჩერებია…“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

წიგნის საერთაშორისო დღეს გილოცავთ – აჭარის განათლების სამინისტრო

23 აპრილი – წიგნის საერთაშორისო დღეა.

„იუნესკომ“ ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების და უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების მხატვრული ლიტერატურით შევსებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.

საჯარო სკოლების საბიბლიოთეკო ფონდის გამდიდრება

პროგრამის მიზანია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული მხატვრული ლიტერატურით საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების გამდიდრება. 2020 წელს სამინისტრომ შეიძინა 450-ზე მეტის დასახელების 9000 წიგნი 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისთვის. 2014 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ 135 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკის თუ შემეცნებითი ლიტერატურით.

ლიტერატურული მარათონი

სამინისტრო ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ლიტერატურულ მარათონს, რომლის მიზანია კითხვის პოპულარიზაცია მოსწავლეებში. ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს. სამინისტროს ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის მიერ შერჩეული წიგნების სია ასაკობრივი კატეგორიისა და ჟანრობრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, რომლის წასაკითხად მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო. 2020 წელს მარათონი ჩატარდება 2 ტურად ოქტომბერ-ნოემბრის თვეში. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით.

თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცეების მოწყობა

2020 წელს დაგეგმილია სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა. პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში მიმზიდველი და ფუნქციური სამკითხველო სივრცეების შექმნა, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეეძლებათ საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.

უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა

პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა.

2017 -2018 წლებში პროგრამის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა თომას ჰილანდ ერიქსენის „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში“ და დონოვან რიპკემას “კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა“.

2020 წელს დაგეგმილია 2 წიგნის თარგმნა, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 20 000 ლარი.

„წნევის წამალი მჭირდება, ცხელ ხაზზე 16-ჯერ დავრეკე და არ მიპასუხეს“- სოფლებში საშვის გარეშე 

სოფელ მახინჯაურში მცხოვრები ნარგულ ლაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცხელ ხაზზე [144-ზე] 16-ჯერ დარეკა, თუმცა დაკავშირება მაინც ვერ მოახერხა. ნარგულს და მის მეუღლეს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებათ, მაგრამ სოფლიდან ავტომანქანით ვერ გამოდიან.

„მანქანა არის ოჯახში, თუმცა საშვი არ გვაქვს. არავის არ აქვს სოფელში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაბაში ან ქალაქში გავიდეს და წამლები მაინც მოვიტანოთ. მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ, რისკჯგუფში ვართ და ისედაც არ გავდივართ გარეთ, ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, თუმცა, წნევა გვაწუხებს, გულის პრობლემები გვაქვს და ყოველდღიურად დამოკიდებული ვართ მედიკამენტებზე. ვრეკავთ 144-ზე და ვერავის ვუკავშირდებით. გუშინ 16-ჯერ დარეკა ჩემმა მეუღლემ და მაინც ვერ გავედით“, – გვითხრა ნარგულ ლაბაძემ.

მისი თქმით, სახლიდან სოფლის ცენტრამდე 2.8 კმ-ია: „რომც ჩავიდეთ ფეხით დაბის ცენტრში, არც ის ვიცით, იყიდება თუ არა ის მედიკამენტები, რაც გვჭირდება და შესაძლოა ვერც ვიყიდოთ. გარდა ამისა, ხანდაზმული ადამიანები ვართ, ამხელა გზა როგორ უნდა გავიაროთ“.

სოფელში მედიკამენტების გარდა ადამიანებს სურსათის მარაგიც ეწურებათ.

„ვიცოდით, რომ მაღაზიაში პროდუქტი იყო და ყოველთვის შეგვეძლო შეძენა, ამიტომ ბევრი არ მოგვიტანია, თუმცა ახლა იწურება ეს მარაგიც და არ ვიცით, როგორ შევივსებთ. 112-ზე როცა ვრეკავთ, იქ გვეუბნებიან 144-ს დაუკავშირდითო. ამ ცხელ ხაზს კი საერთოდ ვერ ვუკავშირდებით“, – ამბობს ნარგულ ლაბაძე.

„ბათუმელებს“ სოფელ წინსვლას მცხოვრები ნაზიბროლა კოჩალიძეც ესაუბრა.

სოფელი, როგორც ნაზიბროლა გვეუბნება, 4 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული საკვები პროდუქტების მაღაზიას.

„სახლიდან ვერავინ გამოდის, ვის უნდა დავუკავშირდეთ? ჩვენ ვიცავთ რეკომენდაციებს და ვართ სახლში, მაგრამ მე პირადად ამომეწურა წამალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ და ვერ გავდივარ შესაძენად. მეგონა 22 აპრილისთვის მოიხსნებოდა საგანგებო მდგომარეობა და შევძლებდით გადაადგილებას, მაგრამ რადგან გაგრძელდა, ახლა წამლის ყიდვას ვეღარ ვახერხებ“.

ნაზიბროლა კოჩალიძე ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა ფეხითაც წავიდეს, თუმცა მაინც რთულია. „წვიმაში წასვლა უფრო რთულია. მით უმეტეს, ამ ოთხი კილომეტრიდან ერთი კილომეტრი ჩემს სახლამდე სულ აღმართი უნდა იარო.“

ნაზიბროლა კოჩალიძის თქმით, არც ის შემთხვევა ყოფილა, სოფლის რწმუნებული ან რომელიმე საჯარო მოხელე დაინტერესებულიყო და მოსახლეობის მდგომარეობა მოეკითხა. „არის ისეთი ოჯახები, ვისაც პროდუქტის მომარაგების საშუალებაც არ აქვს, არც წამლებიც და ამ მხრივაც ძალიან რთული სიტუაციაა“, – გვეუბნება ის.

ვის შეიძლება დაუკავშირდნენ მოქალაქეები პრობლემის გადაჭრის მიზნით და რა გზას სთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობები მათ? ვკითხეთ ხელვაჩაურის მერიას, რადგან აღნიშნული სოფლები სწორედ ამ თვითმმართველობის საზღვრებში შედის.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუკი მოქალაქეს აუცილებელი საჭიროება აქვს, შეუძლია მერიის ცხელ ხაზზე დარეკოს და საჭიროების შემთხვევაში საშვს მიიღებს ავტომანქანით გადაადგილებისთვის.

ხელვაჩაურის მერიის ცხელი ხაზის ნომრებია: 595 006 391 და 577 603 141

კითხვაზე, რატომ არ არის მოსახლეობა მერიის ცხელი ხაზების შესახებ ინფორმირებული, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

„ტელეფონი არ ჩერდება… ნებისმიერი პრობლემის შესახებ რეკავენ და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებიან მერიის თანამშრომლები. ნაწილს საშვი ეძლევა, ნაწილთან მიდის მერის ან მოადგილის მანქანა და ემსახურება“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

აჭარაში მოქმედი ცხელი ხაზის ნომრები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან

 

ჯანმო: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ სახლში დარჩენის მოთხოვნამ და სხვა ფორმის ფიზიკურმა დისტანცირებამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსი კვლავ უკიდურესად საშიშია.

„ადრეული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიებს შეუძლიათ ადვილად აალდნენ ხელახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რის წინაშეც ვართ, უკავშირდება რეკომენდაციების დაცვას. ადამიანები ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სახლში დარჩენის მოთხოვნაა გაცემული, გასაგები მიზეზების გამო იმედგაცრუებულნი არიან, რომ კვირების მანძილზე უწევთ სახლში დარჩენა.

მათ სურთ გააგრძელონ ცხოვრება, რადგან მათი ცხოვრება და შემოსავლის წყარო საფრთხის ქვეშაა. ეს უნდა ჯანმოსაც, ამისთვის ვმუშაობთ ყოველ დღე. მაგრამ მსოფლიო არ და ვერ დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას. უნდა წარმოიქმნას “ახალი ნორმალური მდგომარეობა” – მსოფლიო, რომელიც უფრო ჯანმრთელია, უფრო უსაფრთხოა და უკეთ არის მომზადებული,” – თქვა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანმოს გენერალური დირექტორმის თქმით, მიუხედავად დაბალი რიცხვებისა, შემთხვევათა ზრდის ტენდენციები ჩანს აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე აღმოსალეთ ევროპაში – „ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა პანდემიის და ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც პანდემიამ საწყის ეტაპზე დააზარალა, შემთხვევების ხელახალი მატება შეინიშნება. ნუ დავუშვებთ შეცდომას: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დარჩება ჩვენთან ერთად კიდევ დიდხანს“.

ჯანმომ კიდევ შეახსენა მთავრობებს პანდემიასთან ბრძოლის 6 ძირითადი ზომა: იპოვონ თითოეული საეჭვო შემთხვევა, მოახდინონ დროული იზოლაცია, ტესტირება, მკურნალობა, ინფიცირებულთა კონტაქტების დროული მოძიება და კარანტინი; ასევე მოსახლეობის ჩართულობა, რისთვისაც აუცილებელია მათი სათანადოდ ინფორმირება/განათლება და გაძლიერება – „ბრძოლა ეფექტური ვერ იქნება ხალხის სრული თანამონაწილეობის გარეშე. ქვეყნებში, სადაც არ სრულდება ეს ექვსი ცენტრალური ზომა უწყვეტ რეჟიმში, დაფიქსირდება მეტი შემთხვევა და დაიკარგება მეტი სიცოცხლე“.

 

როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო
  • მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 8-13 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი
  • ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3ბალი)
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 25 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26 აპრილს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

 

მთავარი ფოტო: სოფელი უჩხო. 23 აპრილი/ფოტო: ლია დეკანაძე
Exit mobile version