მთავარი,სიახლეები

ტერმინალი მუშების სამსახურიდან დათხოვნას არ ადასტურებს

24.04.2020 • 1829
ტერმინალი მუშების სამსახურიდან დათხოვნას არ ადასტურებს

შპს „ბათუმის საერთაშოროსო საკონტეინერო ტერმინალი“ მუშების სამუშაოდან დათხოვნას არ ადასტურებს.  ტერმინალის განცხადებით, მუშები სხვა კომპანიას ჰყავს დაქირავებული და არა მათ.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მუშები, რომლებიც ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, რომ სამუშაოდან გაუშვეს, დაქირავებული ჰყავს შპს JTI GROUP -ს.

აღნიშნული კომპანიის დირექტორი ტარიელ ქათამაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ  საერთაშორისო საკონტეინერო კომპანიას მუშახელს თვითონ აწვდის, თუმცა ამბობს, რომ მუშები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ:

„დიახ, ჩვენ გვყავდა ეს ხალხი დაქირავებული, მაგრამ სამსახურიდან არავინ არ არის გაშვებული. საშვებს რაც შეეხება, საკონტეინერო ტერმინალმა შეცვალა საშვების დაშვების პრინციპი, ამის შემდეგ ტერმინალში მხოლოდ იმ პირებზე დაიშვება საშვი, ვინც გამოძახებული იქნება სამუშაოზე“, – ამბობს ტარიელ ქათამაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ იყვნენ ამის თაობაზე დასაქმებული პირები ინფორმირებული, ტარიელ ქათამაძე ამბობს: „არ ვიცი, ნათქვამი გვქონდა, რომ ახალი საშვები კეთდებოდა. რამდენი კონტეინერიც იქნებოდა, იმის მიხედვით გამოვიძახებდით ხალხს და ვისაც გამოვიძახებდით, მხოლოდ მათზე დაიშვებოდა საშვი“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ჩაკეტილი საზღვრების გამო, ტვირთბრუნვა შემცირებულია, ამიტომ მუშებიც იმის მიხედვით აიღებენ ანაზღაურებას, რასაც გამოიმუშავებენ.

საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი კი „ბათუმელებს“ წერილობით გამოეხმაურა:

„თანამშრომლების, მომხმარებლებისა და ჩვენი კონტრაქტორების ჯანმრთელობის  დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად, კომპანიის გადაწყვეტილებით  განახლებულ და გაუმჯობესებულ იქნა ტერმინალში დაშვების სისტემა. აღნიშნული განახლების მიზანს წარმოადგენს ტერმინალის ტერიტორიაზე, საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მნიშვნელობის არმქონე პერსონალის დაშვების შეზღუდვა.

ტერმინალს გაფორმებული აქვს მოთხოვნაზე დაფუძნებული მომსახურების ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ კვლავ აგრძელებს სრული დატვირთვით საქმიანობას 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე“ – ნათქვამია ტერმინალის წერილობით განცხადებაში.

„ბათუმელები“ სანაოსნოს პროფკავშირების ხელმძღვანელს ამირან მიქელაძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ზოგადად, ე.წ. აუთსორსინგით დასაქმებული მუშების უფლებები ხშირად დაცული არ არის.

„კომპანიისთვის მომგებიანია ამ ფორმით მუშების დასაქმება, რადგან მუშახელი უფრო იაფი გამოდის. ასეთ შემთხვევაში, მუშები ხშირად არ არიან დაზღვეული, არ აქვთ შვებულებები და ხშირად ეცვლებათ დამსაქმებელი, მუდმივ კონტრაქტში კი ვერასდროს ვერ ხვდებიან“ – ამბობს ამირან მიქელაძე.

ამავე თემაზე: 

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიდან მუშები დაითხოვეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: