ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალიდან 25 ადამიანი დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია.
„ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი იყო დღეს ტერმინალში მისული და შესასვლელში, სადაც დაცვის პოლიცია დგას, გამოკრული იყო იმ ადამიანების სია, ვინც სამუშაოდან დაითხოვეს. უთხრეს, რომ ამ პირებზე საშვი აღარ დაიშვებაო, – გვითხრა ლევან ჯაფარიძემ. ის ქობულეთში ცხოვრობს და საგანგებო მდგომარეობის გამო სამსახურში ერთი თვეა, რაც არ გამოუძახებიათ.
„ჩვენ ძირითადად საკონტეინერო ტერმინალში ვმუშაობდით, სამუშაო არის, ყოველდღე ველოდით გამოძახებას, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ სამუშაოდან გაგვიშვეს,“ – ამბობს ლევანი.
მისი თქმით, სამუშაოდან დათხოვნილი ადამიანების უმეტესობა ქობულეთის მცხოვრებია.
„მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერს არ გვიხსნის. 11 წელია პორტში ვმუშაობ, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი გვქონდა, ახლა, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დავრჩით. მოძრაობაც არ არის, რომ ჩამოვიდეთ ბათუმში და გავერკვიოთ ვითარებაში. როცა საგანგებო დასრულდება, გვეტყვიან ალბათ, იმედია კომპენსაციას მაინც მივიღებთ,“ – ამბობს ლევანი.
სამუშაოდან დათხოვის შესახებ თანამშრომლისგან გაიგო როინ შანიძემაც. „ათი წელია ამ ტერმინალში ვმუშაობ. როცა კორონავირუსი გავრცელდა და ყველა საუბრობდა სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებასა და პირბადეების მოხმარებაზე, ჩვენც მოვითხოვეთ სადეზინფექციო საშუალებები ტერმინალში.
არც ხსნარი, არც ხელთათმანები, არც პირბადეები არაფერი არ იყო. ტვირთი შემოდის ევროპიდან, ამერიკიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც პანდემია მძვინვარებს, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა და ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეტანა სადეზინფექციო საშუალებები. პასუხი იყო მარტივი – „არ გინდათ? წადით სახლში,“ – გვიყვება როინ შანიძე.
მისი თქმით, ის და სხვა მუშები ამის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ კონტეინერების ჩამოტვირთვას, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
„სამუშაო ყველას სჭირდება, ჩვენს უკან არის ოჯახები, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა სამუშაოს არჩევანი ისედაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ისედაც დაგვაკლეს ხელფასი და სამუშაოს მოცულობა გაგვიზარდეს“.
როინ შანიძე ამბობს, რომ აპრილში ის და მისი თანამშრომლები სამუშაოდ აღარ გამოუძახებიათ.
„მარტში ვიმუშავეთ და როცა აპრილი დაიწყო, არ გამოვუძახებივართ. ჩვენ შტატგარეშე თანამშრომლები ვართ და როცა ტვირთი ჩამოდის, მაშინ გვიძახებენ. ამ თვეშიც ველოდებოდით გამოძახებას, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ დაგვითხოვეს,“- გვეუბნება როინ შანიძე.
მისი თქმით, როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, გათავისუფლებული პირები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. „თუ არ დაგვაბრუნებენ სამუშაოზე, გამოვალთ ქუჩაში,“ – გვითხრა როინმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ პანდემიის გამო ადამიანები ისედაც ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდნენ, ამიტომ ასეთ დროს მათი სამსახურებიდან გათავისუფლება არასამართლიანია.
„ტერმინალის ადმინისტრაციას ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ ეს ადამიანები დააბრუნოს სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო აქციები,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.
„ბათუმელები“ საკონტეინერო ტერმინალიდან განმარტების მიღებას ცდილობს. ტერმინალის პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.






