Batumelebi | მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი – Batumelebi
RU | GE  

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს.

„სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, „შემდეგი სერიოზული დარტყმა ვისზეც იქნება, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერები. ადგილობრივი ფერმერების წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, რომელიც დღეს არ არის. ბოლო წლების ტურიზმის ზრდაზე იყო აწყობილი ადგილობრივი ფერმერების მეურნეობების განვითარებაც, რომ ტურიზმიდან გაზრდილი მოთხოვნები, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე, დაეკმაყოფილებინათ“.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მოთხოვნის ექსპორტით ჩანაცვლებაც უკიდურესად რთული იქნება, ვინაიდან ჩვენი შიდა-მეურნეობების მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა:

„ოჯახებს, როცა ფინანსურად გაუჭირდათ, მათი პირველადი მოთხოვნილებების სტრუქტურაც შეიცვალა. ამიტომ ფერმერების ნაწილში გამოწვევა იქნება სერიოზული, განსაკუთრებით იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე რომლებიც შიდა მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ [არ ვგულისხმობ აქ თხილს და სხვას]. ამიტომ ჩვენი ყურადღების და დახმარების შემდეგი ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა“.

გიორგი გახარიას თქმით, პირველი იქნება ფასების რადიკალური ვარდნა ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღების პრობლემაც იქნება, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა უახლოეს დღეებში წარმოადგინოს „სპეციალური ღონისძიებების ნუსხა, რომლითაც სახელმწიფო ფერმერებს დაეხმარება.

ამ თემაზე:

როგორ დაეხმარება მთავრობა სოფლის მეურნეობას კრიზისის დაძლევაში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com