მთავარი,სიახლეები

„წნევის წამალი მჭირდება, ცხელ ხაზზე 16-ჯერ დავრეკე და არ მიპასუხეს“- სოფლებში საშვის გარეშე 

23.04.2020 • 2120
„წნევის წამალი მჭირდება, ცხელ ხაზზე 16-ჯერ დავრეკე და არ მიპასუხეს“- სოფლებში საშვის გარეშე 

სოფელ მახინჯაურში მცხოვრები ნარგულ ლაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცხელ ხაზზე [144-ზე] 16-ჯერ დარეკა, თუმცა დაკავშირება მაინც ვერ მოახერხა. ნარგულს და მის მეუღლეს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებათ, მაგრამ სოფლიდან ავტომანქანით ვერ გამოდიან.

„მანქანა არის ოჯახში, თუმცა საშვი არ გვაქვს. არავის არ აქვს სოფელში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაბაში ან ქალაქში გავიდეს და წამლები მაინც მოვიტანოთ. მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ, რისკჯგუფში ვართ და ისედაც არ გავდივართ გარეთ, ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, თუმცა, წნევა გვაწუხებს, გულის პრობლემები გვაქვს და ყოველდღიურად დამოკიდებული ვართ მედიკამენტებზე. ვრეკავთ 144-ზე და ვერავის ვუკავშირდებით. გუშინ 16-ჯერ დარეკა ჩემმა მეუღლემ და მაინც ვერ გავედით“, – გვითხრა ნარგულ ლაბაძემ.

მისი თქმით, სახლიდან სოფლის ცენტრამდე 2.8 კმ-ია: „რომც ჩავიდეთ ფეხით დაბის ცენტრში, არც ის ვიცით, იყიდება თუ არა ის მედიკამენტები, რაც გვჭირდება და შესაძლოა ვერც ვიყიდოთ. გარდა ამისა, ხანდაზმული ადამიანები ვართ, ამხელა გზა როგორ უნდა გავიაროთ“.

სოფელში მედიკამენტების გარდა ადამიანებს სურსათის მარაგიც ეწურებათ.

„ვიცოდით, რომ მაღაზიაში პროდუქტი იყო და ყოველთვის შეგვეძლო შეძენა, ამიტომ ბევრი არ მოგვიტანია, თუმცა ახლა იწურება ეს მარაგიც და არ ვიცით, როგორ შევივსებთ. 112-ზე როცა ვრეკავთ, იქ გვეუბნებიან 144-ს დაუკავშირდითო. ამ ცხელ ხაზს კი საერთოდ ვერ ვუკავშირდებით“, – ამბობს ნარგულ ლაბაძე.

„ბათუმელებს“ სოფელ წინსვლას მცხოვრები ნაზიბროლა კოჩალიძეც ესაუბრა.

სოფელი, როგორც ნაზიბროლა გვეუბნება, 4 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული საკვები პროდუქტების მაღაზიას.

„სახლიდან ვერავინ გამოდის, ვის უნდა დავუკავშირდეთ? ჩვენ ვიცავთ რეკომენდაციებს და ვართ სახლში, მაგრამ მე პირადად ამომეწურა წამალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ და ვერ გავდივარ შესაძენად. მეგონა 22 აპრილისთვის მოიხსნებოდა საგანგებო მდგომარეობა და შევძლებდით გადაადგილებას, მაგრამ რადგან გაგრძელდა, ახლა წამლის ყიდვას ვეღარ ვახერხებ“.

ნაზიბროლა კოჩალიძე ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა ფეხითაც წავიდეს, თუმცა მაინც რთულია. „წვიმაში წასვლა უფრო რთულია. მით უმეტეს, ამ ოთხი კილომეტრიდან ერთი კილომეტრი ჩემს სახლამდე სულ აღმართი უნდა იარო.“

ნაზიბროლა კოჩალიძის თქმით, არც ის შემთხვევა ყოფილა, სოფლის რწმუნებული ან რომელიმე საჯარო მოხელე დაინტერესებულიყო და მოსახლეობის მდგომარეობა მოეკითხა. „არის ისეთი ოჯახები, ვისაც პროდუქტის მომარაგების საშუალებაც არ აქვს, არც წამლებიც და ამ მხრივაც ძალიან რთული სიტუაციაა“, – გვეუბნება ის.

ვის შეიძლება დაუკავშირდნენ მოქალაქეები პრობლემის გადაჭრის მიზნით და რა გზას სთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობები მათ? ვკითხეთ ხელვაჩაურის მერიას, რადგან აღნიშნული სოფლები სწორედ ამ თვითმმართველობის საზღვრებში შედის.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუკი მოქალაქეს აუცილებელი საჭიროება აქვს, შეუძლია მერიის ცხელ ხაზზე დარეკოს და საჭიროების შემთხვევაში საშვს მიიღებს ავტომანქანით გადაადგილებისთვის.

ხელვაჩაურის მერიის ცხელი ხაზის ნომრებია: 595 006 391 და 577 603 141

კითხვაზე, რატომ არ არის მოსახლეობა მერიის ცხელი ხაზების შესახებ ინფორმირებული, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

„ტელეფონი არ ჩერდება… ნებისმიერი პრობლემის შესახებ რეკავენ და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებიან მერიის თანამშრომლები. ნაწილს საშვი ეძლევა, ნაწილთან მიდის მერის ან მოადგილის მანქანა და ემსახურება“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

აჭარაში მოქმედი ცხელი ხაზის ნომრები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: