მთავარი,სიახლეები

რა აკრძალვები უქმდება ორშაბათიდან – რა იქნება შემდეგ ორ კვირაში?

24.04.2020 • 2731
რა აკრძალვები უქმდება ორშაბათიდან – რა იქნება შემდეგ ორ კვირაში?

ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, მაგალითად, დასაშვები ხდება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერმა წარმოადგინა შეზღუდვების მოხსნის ექვსი ეტაპი, რომელიც ეტაპობრივად, ორკვირიანი ინტერვალების შემდეგ ამოქმედდება და გათვალისწინებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე გათვალისწინებული იქნება სპეციალისტების აზრი.

გახარიამ ისაუბრა კომპანიების პასუხისმგებლობაზე, რომლებსაც 27 აპრილიდან შეზღუდვა აღარ ექნებათ.

„ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტოს მიერ განსაზღვრულ წესებს. ჯანდაცვის სამინისტროს ეს პროტოკოლი მკაფიოდ აქვს გაწერილი, რომ მაგალითად, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, ან ღია ტიპის აგრარულ ბაზარში უნდა არსებობდეს ეპიდემიოლოგიური კონტროლის მექანიზმი დაცული…“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ეს მოიცავს მშენებლობებს, სამშენებლო მასალის წარმოებას, ავტოსამრეცხაოს და აგროსერვისებს, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტს, სარეკრეაციო ზონების მომსახურებას.

მესამე ეტაპი შეეხება საცალო და საბითუმო მაღაზიებს, გარდა მოლებისა, ყველა ტიპის ღია ბაზრობას, ყველა ტიპის წარმოებასა და საგამომცემლო საქმიანობას.

მეოთხე ეტაპი მოიცავს სავაჭრო მოლების გახსნას, ღია ტიპის რესტორნების და კვების ობიექტების გახსნას, ადგილზე მომსახურებით. პრემიერმა დააზუსტა, რომ ეს ეხება იმ რესტორნებს, რომლებსაც აქვთ ღია სივრცე და არა დახურული ნაწილი. მეოთხე ეტაპი ასევე შეეხება სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ბაზრობები და ყველა ტიპის კვების ობიექტი. მეექვსე ეტაპზე კი, გასართობი და სპორტული დარბაზები, აზარტული თამაშები და სასტუმროები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეტაპებში არაა განსაზღვრული მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი, რადგან ის დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და მის სისწრფესთან. „შესაძლოა, ეს გეოგრაფიული დაყოფა გავითვალისწინოთ,“ – დასძინა პრემიერმა.

გახარიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და „ეპიდემიოლოგიური გართულების დროს უნდა შეგვეძლოს გადავახვიოთ უკან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: