მთავარი,სიახლეები

ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულები: „სტრესი აღარ გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ“

23.04.2020 • 3600
ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულები: „სტრესი აღარ გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ“

„მგონი, აქაურობას ვეღარ მივატოვებ აწი…“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქალაქიდან დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი. ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წლების წინ მიტოვებულ მანდარინის ბაღში გავიდა და მუშაობას შეუდგა. გიორგი და სოფლად დაბრუნებულები ერთ რამეს გეტყვიან, ან მათ საუბარში შეატყობთ, რომ მიწაზე მუშაობა ახალისებთ და პანდემიის ან მანამდე გამოწვეული სტრესი აღარ აქვთ.

სოფელში სხვადასხვა მიზნით ბრუნდებიან: დრო გამოუჩნდათ და მიტოვებული, მშობლიური საკარმიდამოს გაცოცხლება სურთ, დამატებით შემოსავალს ქმნიან ან სურთ მიწის ნაკვეთი, დაკარგული სამსახურის შემდეგ, მთავარი შემოსავლის წყარო გახდეს…

„არა მხოლოდ მანდარინს, ყველა მიწას ვითვისებ, რაც მაქვს…“

„…ბოლო წლებია ბათუმში ვცხოვრობ, სურსათის პატარა მაღაზია მქონდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ მოძრაობა რომ შეიზღუდა, აღარ იყო მუშაობა, ვარჩიე სოფელში წამოსვლა, სადაც სახლი დაკეტილი მქონდა. წინა წლებში მხოლოდ მანდარინის კრეფის დროს ამოვდიოდი, ვაბარებდი მოსავალს და ქალაქში ვბრუნდებოდი. სოფელში მეუღლესთან ერთად დავბრუნდი, შვილსაც უკვე აქ ველოდებით“, – გვიყვება გიორგი ლაზიშვილი.

გიორგი ამბობს, რომ საკუთარ მიწის ნაკვეთში, სადაც მანდარინის ხეები არ არის, კარტოფილი დარგო, ლობიო და მწვანილიც.

„ისე შეგვაშინეს გაჭირვება მოდისო, ყველაფერი დავრგეთ,“ – იცინის გიორგი.

გიორგი ლაზიშვილი

მეციტრუსე პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ფერმერებს ახლა სასუქით მომარაგების პრობლემა აქვთ. სასუქი ძვირია. მეორე მხრივ, პრობლემაა მისი შეძენაც, რადგან გადაადგილება შეზღუდულია.

„მეციტრუსემ არ იცის, როგორ გაიყიდება მანდარინი, ეს გზები თუ არ გაიხსნა, რა უნდა მოხდეს? გლეხებმა არ იციან, რა აჯობებს… ციტრუსის შეწამვლას სერიოზული თანხა სჭირდება…. ფერმერს სჭირდება იმის დანახვა, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას.

ქალაქში უფრო იოლია შრომა, არ გიწევს ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ აქ სხვა ხალისით მუშაობ… იცი, რომ რაც მოგყავს, შენია, შენი მოწეულია და ჯანსაღია,“ – გვიზიარებს შთაბეჭდილებას სოფელში დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი.

სოფელს დაუბრუნდა ადვოკატიც: აქ სხვა ურთიერთობებია, ეს მომნატრებია

შუახევში, სოფელ დარჩიძეებში გამოკეტილი სახლი ადვოკატმა რევაზ ფუტკარაძემაც გახსნა. ის ოჯახთან ერთად ბოლო წლებია თბილისში ცხოვრობს და ადვოკატად მუშაობს. პანდემიის პირობებში ადვოკატი სოფლიდან დისტანცირებულად მუშაობს და პარალელურად კარტოფილის ნაკვეთსაც ამუშავებს.

„აქ 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მაქვს, ნაწილობრივ უკვე დავამუშავეთ, კარტოფილს დავრგავ, სიმინდს, ლობიოს… ახლა თოვს. როცა გამოიდარებს და კარგი ამინდი დადგება, დავრგავ. ისე მოგვწონს აქაურობა, საოჯახო ბიზნესგეგმაც უკვე შევიმუშავეთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რევაზ ფუტკარაძე.

რევაზ ფუტკარაძე

ადვოკატი გვიყვება, რომ არ გასჭირვებია მიწის დამუშავება, რადგან მიწის დამუშავება ბავშვობაში ისწავლა. ახლა ამ ცოდნას შვილებსაც უზიარებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ სოფელში გაშენებულ ბაღს არც პანდემიის გადავლის შემდეგ მიატოვებს.

„…აქ სულ სხვა ურთიერთობებია, მთელი სოფელი თითქოს ერთია. სანათესაოს დავუბრუნდი, მეზობლებს. იმის მიუხედავად, რომ დისტანციას ვიცავთ, მაინც იგრძნობა სულ სხვა სითბო. ეს მომნატრებია. აქ ამოსვლიდან რამდენიმე დღეში გავთავისუფლდი ფსიქოლოგიური სტრესისგან,“ – ამბობს რევაზ ფუტკარაძე.

სოფელს დაუბრუნდა ბიზნესმენიც: „ახლა თოვს და მეშინია, მოსავალი არ გაფუჭდეს“

„მუშაობა ძნელი ადრე იყო, ხელით აკეთებდნენ ყველაფერს, ახლა რაღა, ტექნიკა აკეთებს ყველაფერს,“ – შუახევში, საკუთარ ბაღში დაბრუნებაზე გვიყვება ბიზნესმენი დავით ფუტკარაძე. მას ბათუმში სამშენებლო ბიზნესი აქვს. თვეზე მეტია სოფელს დაუბრუნდა და მიიჩნევს, რომ სოფელს ბიზნესში დაბრუნების შემდეგაც აღარ მიატოვებს.

„სკოლის დასრულების შემდეგ წავედი ქალაქში, ჩემთვის ეს ყველაფერი ნაცნობია და არაფერი უცხო არ ყოფილა… აქამდე დრო არ მქონდა, რომ მიმეხედა ბაღისთვის. ახლა დრო გამოჩნდა და ვიგრძენი, რომ ეს კარგი რამეა.

ახლა იმაზე ვდარდობ, რომ გათოვდა, მოსავალი არ გაფუჭდეს,“ – გვიყვება დავით ფუტკარაძე. ის სოფელს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაუბრუნდა.

დავით ფუტკარაძე

წალკიდან დაბრუნებული: „ამ სოფლის მიწასაც დავამუშავებ, სხვა დროა ახლა“

ქალაქიდან არა, მაგრამ წალკიდან დაბრუნდა ოლადაურში რეზო მაკარაძე. ის ამბობს, რომ „სხვა დროა ახლა“ და ამ სოფელში წლების წინ მიტოვებული მიწაც უნდა დაამუშავოს.

„მე წალკაში ვცხოვრობ, დედაჩემი იყო მარტო აქ, ოლადაურში, სახლი არ გვქონდა დაკეტილი… ახლა წალკაში ბიჭი დავტოვე, მე აქ წამოვედი… ყველა ხუმრობს სოფელში, დაკარგულები გვეგონეთ და გაცოცხლდითო? ლობიო დავთესე, კარტოფილი, სიმინდი… 500-600 კვადრატი მიწაა აქ, არ მოიცდინება, ისეთი დროა, მგონი,“ – ამბობს რეზო მაკარაძე.

რევაზ მაკარაძე


დღეს, 23 აპრილს, გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა სოფლად დაბრუნებულ ადამიანებზე და თქვა, რომ ახალი ინსტრუმენტების შესახებ კონკრეტულად პრემიერი ისაუბრებს.

„განსხვავებით სხვა მიმართულებებისა, ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა. ჩვენ, ჩვენი ფერემერები ვაგრძელებთ მუშაობას და ის უკავშირდება წლის კონკრეტულ მონაკვეთს. სახელმწიფოს არც ერთი დახმარების პროგრამა არ შეუჩერებია…“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: