Batumelebi | პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ – Batumelebi

პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ

ავტორი: ვერა ზაკემი

წყარო: ნიუიორკ ტაიმზში (NYT)

გასულ თვეს სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, რომელიც ვითომ სტენფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. პოსტის თანახმად, თუ 10 წამზე მეტი ხნით შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება და ამის შემდეგ არ დაახველებთ, დიდი შანსია, რომ არ გაქვთ COVID 19. თავდაპირველად მეც სარწმუნოდ მივიჩნიე ეს ინფორმაცია და მეგობრებს გადავუგზავნე, სანამ გავიგებდი, რომ სიცრუე იყო. ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი გავლენის კამპანიების შესწავლას მივუძღვენი – როგორ შეიძლებოდა, ასე გავსულელებულიყავი?

შემდეგ დავინტერესდი პანდემიის შეთქმულებების მსგავსი გავლენებით, რასაც „ინფოდემიის“ [გადაჭარბებული საინფორმაციო ნაკადები, სადაც ჭირს სიმართლე\სიცრუის გარკვევა] კამპანიას უწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და რა გავლენა ექნებოდა ამას ამერიკის არჩევნებზე ნოემბერში. როგორ ტყუილებში, ჭორებსა და გიჟურ თეორიებში ჩაეფლობა დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიები, კონვენციები, დებატები და არჩევნების დღე? ამერიკელ ამომრჩეველს დეზინფორმაციის ნისლში ბოდიალი მოუწევს ყოყმანით, რასაც ისმენს ან კითხულობს დაიჯეროს თუ არა. შედეგად, კიდევ უფრო დაყოფილი ამომრჩეველი გვეყოლება, რომელიც ამერიკის საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლით და ალბათ კიდევ უფრო დიდი ხნითაც ჩამოაყალიბებს.

რუსეთი, ჩინეთი და აქტივისტები ინფოდემიას იარაღად გამოიყენებენ

ვიყოთ გულწრფელი. ჩვენ მივემართებით არჩევნებისკენ, რომელიც დეზინფორმაციის მოზღვავებით გამოირჩევა, ხმის მიცემის პროცედურასთან, მეცნიერებასა და ჯანდაცვასთან, ეკონომიკასთან, საგარეო პოლიტიკასა და ჩვენი საზოგადოების მორალურ განზომილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ალბათ ვიხილავთ შეთქმულების თეორიებს და მცდარ ნარატივებს ისეთი სახელმწიფოებისგან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი – მედია საშუალებებიდან, ადვოკატირების ჯგუფებიდან, პარტიული აქტივისტებისა თუ თეთრკანიანი სუპრემაცისტებისგან [ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ თეთრკანიანები რაიმე ნიშნით სხვებზე აღმატებულია], ჩვენი მეგობრებისა და მეზობლებისგანაც კი, რომლებმაც შესაძლოა შეთქმულების თეორიები ბოროტი განზრახვის გარეშე უნებურად გაავრცელონ. ინფოდემიამ უკვე შექმნა არასწორი მიმართულების მოსაზრებები, რომელშიც მცირედი ჭეშმარიტებაც არის, მაგალითად, დაავადების ტესტირებაზე, პრევენციასა და წყაროებზე.

რუსეთი აგრძელებს კამპანიას, რითაც დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ამერიკული მეცნიერებისადმი უნდობლობას თესავს, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად გაყოს ამერიკული საზოგადოება. წლების მანძილზე რუსი ოპერატიული მუშაკები აღვივებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ გლობალური პანდემიები, როგორიცაა ებოლა და მომაკვდინებელი გრიპის ვირუსები, ამერიკელი მეცნიერები ქმნიდნენ. ახლა რუსეთი თავად ამერიკელების მცდარ მოსაზრებებს კორონავირუსზე ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენებს.

რაც უფრო მივუახლოვდებით ნოემბერს, რუსეთი ალბათ მრავალმხრივ გამოიყენებს პანდემიას მავნე გავლენისთვის, რათა არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს. რუსეთის მედიის გამოყენება, მათ შორის, RT (Russia Today) და Sputnik, ტროლები, ბოტები, ბლოგები, კულტურული და ბიზნეს არხები ასეთი პროპაგანდის გასავრცელებლად ახალი არაა. თუმცა COVID 19-ის ეპოქაში მათი გაძლიერება და გაერთიანება უნდა გვაღელვებდეს.

რუსეთი ერთადერთი პოტენციური ბოროტმოქმედი არაა. ჩინეთი, ეროვნული პარტიული აქტივისტები და თეთრკანიანი სუპრემაცისტები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ინფოდემიის გამოყენებას ამომრჩევლებში არსებული დაყოფის გასამწვავებლად. ჩინელი ოპერატორები რუსეთის სახელმძღვანელოებიდან სწავლობდნენ, შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ შიშისა და დაყოფის გასაძლიერებლად ამერიკულ საზოგადოებაში. ჩინეთი ინტერნეტს დეზინფორმაციით ტბორავდა, მათ შორის, დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ გაავრცელა კორონავირუსი, როდესაც პერსონალი ვუჰანს სტუმრობდა 2019 წლის ოქტომბერში.

თეთრკანიანი სუპრემაცისტებიც დაკავებულები არიან და იყენებენ სახლში დარჩენის მითითებებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მიმდევრების მოსაძიებლად და უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლის გასაღვივებლად. და ბოლოს, ნუ დავივიწყებთ პოლიტიკურ და მედია ფიგურებს, რომლებიც ვირუსის წარმოშობასა და წამლების ეფექტურობაზე ალტერნატიულ ნარატივებს აქტიურად გვთავაზობენ.

რეალობას ვაცნობიერებთ

ინფოდემიამ შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიის სეზონზე. ჩვენ ისევ ვიხილავთ შეთქმულების თეორიებს, როცა უმცირესობებს დააბრალებენ კორონავირუსის შექმნას, გავრცელებას და არჩევნებზე მისვლაც შეიძლება შეამცირონ. ფედერალური ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ რუსეთი სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს ხმის მიცემის შესამცირებლად, აქციებისა და დემონსტრაციების საიდუმლო დაფინანსებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვებგვერდების გატეხვით და საარჩევნო უბნებზე ძალადობის ან ზეწოლის შესახებ ჭორების გავრცელებით. ეს ტაქტიკა განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ ამერიკა ჩვეულ ცხოვრებას არ დაუბრუნდა ან შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყო. საბოლოოდ, სანამ შტატები ფოსტით ხმის მიცემისთვის ემზადებიან, ჩვენ ალბათ უცხოურ და შიდა დეზინფორმაციის კამპანიებსაც ვიხილავთ ხმის მიცემის სანდოობასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ მოგვცეს შედეგს, რომ მოქალაქეებს აღარ ეცოდინებათ, ვის მიმართონ სანდო ინფორმაციისთვის.

COVID-19, აი ჩვენც: დროა მოვემზადოთ

ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ხელისუფლებებს, ტექნოლოგიის მცოდნეებს და სამოქალაქო სექტორს, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ ნოემბრისთვის მოსამზადებლად. პირველ რიგში, მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ, როგორც ამერიკის მოქალაქეებს, გვაქვს ძალაუფლებაც და პასუხისმგებლობაც. ჩვენ ჩვენი დავალება უნდა შევასრულოთ – შევისწავლოთ ხმის მიცემის პროცედურა, კანდიდატები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხმის მისაცემად წავიდეთ. მოდი კრიტიკულად დავფიქრდეთ ცოტა ხნით იმ ინფორმაციის სიზუსტესა და წყაროებზე, რომელსაც ვიღებთ და ვიზრუნოთ, რომ უნებლიეთ არასწორი ინფორმაცია არ გავავრცელოთ.

სანამ პანდემიის დროს შტატის და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან, მათ საზოგადოების განათლებაც უნდა მოახერხონ ხმის მიცემის პროცედურების ცვლილებაზე, მათ შორის, ფოსტით ხმის მიცემის ან ფიზიკურად ხმის მიცემისას ჰიგიენის და ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლების თაობაზე.

და ბოლოს, მედია ორგანიზაციებმა, ძირითადმაც და სოციალურმაც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ დეზინფორმაციისადმი, სწრაფად იმოქმედონ მომხმარებლების გასაფრთხილებლად და წაშალონ ინფორმაცია, რომელიც შესაბამის პირობებს არღვევს.

დიახ, რუსეთი, ჩინეთი და სხვები გააგრძელებენ დეზინფორმაციის და გავლენის კამპანიებს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, როგორ ვუპასუხებთ ამას.

_____

ფოტო: „გახსენით პენსილვანია“ – საპროტესტო აქცია ჰარისბურგში. ორშაბათი. ფოტო: Nicholas Kamm/Agence France-Presse – Getty Images

სტატია ინგლისურიდან თარგმნა ირინე ურუშაძემ„ბათუმელები“ მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.