მთავარი,სიახლეები

დასრულდა აჭარა ტვ-ის საინფორმაციოს უფროსის კონკურსი 1 კანდიდატით – აირჩიეს ხუზმიაშვილი  

16.04.2020
დასრულდა აჭარა ტვ-ის საინფორმაციოს უფროსის კონკურსი 1 კანდიდატით – აირჩიეს ხუზმიაშვილი  

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აირჩიეს, თუმცა  საკონკურსო კომისიას არჩევანი არ ჰქონდა – კონკურსში მხოლოდ ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობდა – საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი გახდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი 21 თებერვალს აირჩიეს. მანამდე იგი „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა, შემდეგ კი, “Prime Time”-ის დირექტორი იყო. ვახო ხუზმიაშვილი დღეიდან დირექტორის მოადგილე აღარ იქნება. უცნობია, წაიყვანს თუ არა იგი ამავე არხზე საავტორო გადაცემას.

„თითოეული მოქმედება, რომელიც ხორციელდება აჭარის ტელევიზიაში, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის არჩევა ამყარებს მოსაზრებას, რომ ეს რეალურად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზანს ემსახურება,“ – მიიჩნევს მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, ხოლო ვახო ხუზმიაშვილი  ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ რომ დაინიშნებოდა, ეს ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ დანიშვნამდე იცოდნენ.

„კონკურსში რომ მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ სხვა პირებს აღარ სურდათ ამ პროცესში მონაწილეობა… პროცესი, რომელიც მიმართულია აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ,“ – უთხრა მარიამ გოგოსაშვილმა „ბათუმელებს“.

ვახო ხუზმიაშვილამდე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი ხელმძღვანელობდა. იგი დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დისციპლინური მოკვლევის შედეგად გაათავისუფლა ამ თანამდებობიდან. შორენა ღლონტი, ტელევიზიიდან დათხოვნილ სხვა თანამშრომლებთან ერთად, სასამართლოში დავობს.

აჭარის ტელევიზიაში „არასასურველი კადრების“ ჩამოშორების პროცესი გრძელდება – გასულ კვირას ტელევიზიის დირექტორმა ონლაინსამსახურის რედაქტორს, სოფო ჟღენტს,  ახალი ამბების ონლაინპლატფორმაზე განთავსების უფლება ჩამოართვა.

მანამდე აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ქუთაისის არარსებულ ბიუროში გაამწესა, რედაქტორს – მაია მერკვილაძეს კი, რომელსაც იგი საჯაროდ საუკეთესოდ მიიჩნევდა, არარსებული გადაცემა ჩააბარა. ტელევიზიის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის პრაქტიკული მხარდაჭერით საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა თეონა ბაკურიძეც, რომელსაც მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, მის ნაცვლად კი დანიშნეს აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი. საინფორმაციოს ჩამოაშორეს ამ სამსახურის უფროსი – შორენა ღლონტი, ასევე ნათია ზოიძე, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო და დირექტორმა მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა და რედაქტორი ნათია შავაძე.

პანდემიის მიზეზით გააჩერეს კრიტიკული გადაცემა „ჰეშთეგი“.

სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ამ თემაზე:

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: