მთავარი,სიახლეები

გადასახადების გადავადება, ხელფასების სუბსიდირება – როგორ გადარჩეს ტურიზმის სექტორი

23.04.2020 • 1638
გადასახადების გადავადება, ხელფასების სუბსიდირება – როგორ გადარჩეს ტურიზმის სექტორი

პროგნოზი არ არსებობს, არანაირი, პესიმისტურიც კი – სექტორში, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას. ამ სფეროზე მოდის დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც. თუმცა ტურიზმის ყველა მიმართულება საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამ დროისთვის გაჩერებულია.

სასტუმროებში, რომლებიც ახლა ჩაკეტილი არ არის, ტურისტების ნაცვლად, Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ან ის პირები ცხოვრობენ, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

საკარანტინე სივრცედ გადაქცევა ერთგვარი გამოსავალი იყო იმ სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის, რომლებსაც გაზაფხულის თვეების ჯავშნები გაუუქმდათ. შესაბამისად, შემოსავალი, რომლებსაც ისინი ახლა იღებენ არა კერძო სექტორიდან, არამედ ბიუჯეტიდან მიედინება. ეს თანხა მილიონებს აღწევს და საჭიროების შესაბამისად იზრდება.

2020 წლის მარტის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 13 სასტუმრო [სულ 1 300-მდე ოთახი] ჯამში 10 მილიონ 517 823 ლარად დაიქირავა, ეს მონაცემები ისევ შეიცვლება.

გარდა ამისა, აღარავის აქვს იმედი, რომ ტურისტულ სეზონზე [თუ ასეთი წელს იქნება] საკუთარი ბინის გაქირავებით საბანკო სესხის ნაწილს მაინც დაფარავს.

ტურისტულ სააგენტოებში, რომლებიც ყველა სეზონზე აქტიურად მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ „წელს აღარაფერი იქნება“ და ახლა ამ სფეროს ყველა სექტორმა, სასტუმრო იქნება ეს, რესტორანი თუ სხვა, სწორება ინფრასტრუქტურისა და იმ კადრების შენარჩუნებაზე უნდა გააკეთოს, „რომლებიც ამ სფეროში უკვე დახელოვდნენ“.

ყველა თანხმდება იმაზეც, რომ საერთაშორისო დახმარებით იქნება ეს თუ სხვა სახსრებით, ტურიზმს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აუცილებლად დასჭირდება. შესაბამისი ნაბიჯი შეიძლება იყოს გადასახადების გადავადება ან  ჩამოწევა, საშეღავათო პერიოდის დაწესება, კომუნალური გადასახადების, ხელფასების სუბსიდირება და ასე შემდეგ – ვინ რას მიიჩნევს მთავარ საჭიროებად, ეს განხილვის საგანია.

ტურიზმის სექტორში ჯერ არ იციან, რა შეთავაზებას მიიღებენ მთავრობისგან, რომელიც კრიზისის დაძლევის გეგმის წარდგენას ბიზნესს და საქართველოს მოსახლეობას პარასკევს, 24 აპრილს დაჰპირდა.

ერთადერთი  მიმართულება, რომელსაც ტურიზმთან დაკავშირებული სერვისები ახლა „თავის გადასარჩენ საშუალებად“ მოიაზრებენ, შიდა ტურიზმია. განიხილავენ იმასაც, რომ შიდა მომხმარებელს დასჭირდება შეთავაზება შესაბამისი ფასებით.

„საერთაშორისო ტურიზმი დიდი დანაკლისებით შეხვდება 2020 წელს. ეს წელი ტურიზმის ინდუსტრიიდან საერთოდ იქნება ამოსაღები“, – ამბობს ტურისტული სააგენტოს „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ტურიზმის მიმართულებით დაკარგულად მიიჩნევს, „ერთადერთ ხსნად გადარჩენისთვის და არა მოგებისთვის“, მაინც განიხილავს შიდა ტურიზმს. მისი აზრით, გათვლა უნდა გაკეთდეს სეგმენტზე, რომელიც ამ დრომდე, მაგალითად, ზღვაზე დასვენებას ამჯობინებდა უცხოეთში:

„ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს ჩვენი რეგიონისთვის, არის ის, რომ თუ მოიხსნება ეს კაბალური შეზღუდვები თუნდაც ივლისის თვისთვის, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი შიდა ტურიზმზე. მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან, რომლებსაც არა აქვთ წვდომა ზღვასთან,  უპირატესობას ანიჭებდნენ დასვენებას საზღვარგარეთ. ვხედავდით, რამდენი რეისი სრულდებოდა, მაგალითად, ევროპაში, დუბაიში, თურქეთში, ეგვიპტეში და მსგავს ქვეყნებში, სადაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მიდიოდა დასასვენებლად. იმის გამო, რომ დიდი ალბათობით ავიაკომპანიები რეისებს აღარ განახორციელებენ, ჩვენი ხსნა იქნება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მაინც მოვიზიდოთ დასასვენებლად ადამიანები, მაგალითად, აჭარაში.“

წლის კარგი დასაწყისისა და მოულოდნელი გაგრძელებით გამოწვეული შოკის შემდეგ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არც სასტუმროს მენეჯერებს აქვთ. აქ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ აკვირდებიან, როგორ წარიმართება მოვლენები და ერთადერთი, რაც დღეს იციან, არის ის, რომ მომავალში ახალი წესების გათვალისწინებით მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება.

სასტუმროს მფლობელებისა და მენეჯერებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო შეზღუდვების პერიოდი. კრიზისი მსოფლიოს ქვეყნებში ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, რომელსაც ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიები, დასვენების და გასართობი ობიექტების მენეჯერები „გაცოცხლების პერიოდს“ უწოდებენ – დათბობასთან ერთად, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქებში, გააქტიურების რეჟიმზე გადადიან:

„რთულია რაიმე პროგნოზზე საუბარი, ერთი თვის წინ რომ ეთქვა ჩემთვის ვინმეს, თეთრი ხალათით ვიმუშავებდი, არც ეს წარმომედგინა, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს“, – გვიყვება  სასტუმრო „ადმირალის“ მენეჯერი ალექს ქიქავა.

ჩვენთან საუბარში მან აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორის სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინებზე, თუმცა არ განიხილავს, რომ მთავრობამ პირდაპირი დახმარება უნდა გაიღოს რომელიმე სფეროს დასაფინანსებლად, რადგან ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოქალაქეების ფულიდან უნდა დაიხარჯოს, ის მოიაზრებს მხოლოდ ისეთ სუბსიდირებას, როგორიც შეიძლება შეეხოს კომუნალური გადასახადების დაწევას ან გარკვეული ვალდებულებების ნაწილში საშეღავათო პერიოდის დაწესებას.

სასტუმრო „ადმირალში“ ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. აქ მუშაობენ ის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო სივრცისთვის აუცილებელ პირობებს დასთანხმდნენ, ხოლო ისინი, ვინც უარი თქვეს – წავიდნენ. მენეჯერი მათ დაბრუნებას იმ შემთხვევაში განიხილავს, როცა სასტუმრო თავის ჩვეულ საქმიანობას და  რიტმს დაუბრუნდება.

2020 წლის იანვარში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებდა, რომ ამ სექტორში ციფრები მკვეთრად მზარდი იყო.

კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი მაჩვენებელზე თებერვალშივე აისახა. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 0.7%-ით შემცირდა.  2020 წლის მეორე თვეში 466 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386 859 შეადგინა, კლება -0.6%-ია.

ექსპერტების მოსაზრებით, ამ სექტორის გაჩერება პირდაპირ აისახება ლარის სტაბილურობაზე, რადგან ტურიზმი მნიშვნელოვანი წყარო უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით. ამას ადასტურებს ტურისტული ინდუსტრიიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღებული შემოსავალიც.

ამ დროისთვის სრულად დაკეტილია კაზინოებიც. აქ დასაქმებულების გარდა, ამ სეგმენტიდან დანაკლისი მუნიციპალურ ბიუჯეტებში რამდენიმე მილიონი იქნება. 2019 წელს ბათუმის ბიუჯეტში კაზინოებიდან 30 მილიონზე მეტი ლარი, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კი 10 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.

გაჩერებულია სამშენებლო სექტორიც, მათ შორის არიან კომპანიები, რომელთა უმეტესობაც აპარტამენტების გასხვისებას ტურისტული სეზონისთვის უცხოელ მომხმარებელზე გეგმავდა. პროგნოზს ამ ეტაპზე ვერც ისინი აკეთებენ.

_________________________________

ილუსტრაცია: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: