მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

23.04.2020 • 2688
ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ქობულეთის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კორუფციის რისკები იკვეთება.

კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარაუდოდ, არგებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნის“ ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.

ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 18 მარტს გააფორმა. აუქციონის გარეშე გამართული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაიწუნა შპს “Award”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომპანია ტენდერს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა შპს „ჯორჯიან სტოუნს”, რომლის შეთავაზება – 4 637 636 ლარი, მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4 773 769 ლარი).

„ჯორჯიან სტოუნი”, რომლის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა, ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2 770 077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს სავარაუდოდ არგებს „ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის  საგანი უნდა გახდეს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ სსიპ „ბათუმის ბულვარის” შესყიდვებში ასევე კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა“, – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ბადრი რომანაძის კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე „ჯორჯიან სტოუნმა” მხოლოდ ერთ (ბათუმის მერიის გამოცხადებულ) ტენდერში გაიმარჯვა 2013 წელს. გაწეული სამუშაოებისთვის კომპანიამ 18 000-მდე  ლარი მიიღო.

„სწორედ რომანაძის საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო „ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ჯორჯიან სტოუნმა” 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 27 ტენდერში გაიმარჯვა. ამასთან, გაუფორმდა გამარტივებული შესყიდვის (755 374 ლარის ღირებულების) ერთი ხელშეკრულება და ჯამში 18 809 434 ლარი მიიღო, რომლის 38%-ზე მეტი უკონკურენტო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 6 184 705 ლარის ღირებულების 7 ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 5 ტენდერში „ჯორჯიან სტოუნმა” კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა“.

კვლევის მიხედვით, რომანაძის კომპანიამ ჯამში, ბოლო 6 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციებიდან 27 031 328 ლარი მიიღო.

„ამ თანხის 70% (18 809 434 ლარი) „ჯორჯიან სტოუნს” ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აქვს მიღებული“.

ამავე წყაროს ცნობით, გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბადრი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო, ამავდროულად, ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად რომანაძის ნათესავია.

„მინდია და ზვიად რომანაძეები ძმები არიან. მინდია რომანაძე 2018 წლის მაისში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოდან მივიდა, მანამდე კი 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო“, – წერს „გამჭვირვალობა საქართველო“.

„ჯორჯიან სტოუნთან” დაკავშირებული კომპანიების სარგებელი მთავრობისგან

„ჯორჯიან სტოუნი” 2011 წელს დაფუძნდა. მის 100% წილს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკორატიული ფილების და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი, 2011 წელს რეგისტრირებული საწარმო „ლეგი” ფლობს. „ლეგის” 100% წილი შპს „ნეოსტარის” საკუთრებაშია, თავის მხრივ კი, „ნეოსტარის” მესაკუთრე უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ეზიკია.

საქართველოს მთავრობამ „ნეოსტარს”, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, 2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, ლილოს დასახლებაში 1 ლარად 97 470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3 508 920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში საბანკო სესხის დასაფარად ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.

ეს არ არის ერთადერთი ქონება, რომელიც ლეონიდ ეზიკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა მიიღეს. 2011 წლის 18 ივლისს, შპს „ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ასევე 1 ლარად, 32 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღო. სიმბოლურ ფასად ქონების პირდაპირი მიყიდვის სანაცვლოდ, კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

„ლეგი“ სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს: 2011 წლიდან დღემდე, ძირითადად, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებული იურიდიული პირების შესყიდვებში იმარჯვებს, ჯამში კი ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 250 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული,“- წერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ამავე კვლევაში ასევე საუბარია „ჯორჯიან სტოუნის“ მონაწილეობაზე ბათუმის ბულვარში შესყიდვებში 2017 წელს, სადაც ასევე საუბარია კორუფციულ რისკებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: