ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

თურქეთში სამუშაოდ უკვე გადადიან, თანხმობა 101-მა მოქალაქემ მიიღო – სამინისტრო

09.08.2020
თურქეთში სამუშაოდ უკვე გადადიან, თანხმობა 101-მა მოქალაქემ მიიღო – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე თანხმობა ანუ დადებითი პასუხი უკვე 101-მა პირმა მიიღო, რომლებიც შესაბამის პროგრამაში დარეგისტრირდნენ. სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში დღეს უკვე გადავიდა.

„თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინენებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ უკვე დაეგზავნა. განმცხადებელს, რომელიც რეგისტრირდება, პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვიანეს შვიდ დღეში ეცნობება“, – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ კახიძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ თანხმობა ანუ დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოქალაქე, ამ დადებითი პასუხის შემთხვევაში, აუცილებლად გადაკვეთს საზღვარს.

„ჩვენ ვსწავლობთ, აკმაყოფილებს თუ არა დარეგისტრირებული მოქალაქის მიერ ატვირთული დოკუმენტები პროგრამის კრიტერიუმებს. საზღვარზე კი, შესაბამისი უწყებები თავად წყვეტენ, აქვს ამ მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლება თუ არა. შესაძლოა არსებობდეს დეპორტაციის საკითხი ან სხვა რაიმე დარღვევები კონკრეტული მოქალაქის მიმართ, ამიტომ ასეთი მოქალაქე შესაძლოა ქართულმა მხარემ არ გადაუშვას საზღვარზე ან თურქეთის მხარემ არ შეუშვას ქვეყანაში. ასეთ დროს მოქალაქე, რომელიც საზღვარს ვერ გადაკვეთს და უკან დააბრუნებენ, კარანტინს არ გაივლის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ კახიძე.

თემურ კახიძის ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, შესაბამის პროგრამაში სულ 360 მოქალაქე დარეგისტრირდა. დადებითი პასუხი მიიღო 101-მა, დანარჩენს კი დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დოკუმენტაციის დაზუსტებაზე: „დოკუმენტების დაზუსტებაზე შეტყობინება ისეთ პირებსაც გავუგზავნეთ, რომლებსაც თურქეთიდან მოსაწვევის ნაცვლად სხვა დოკუმენტი ან თავისი CV ჰქონდა ატვირთული“.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ „საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ“.

თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. თემურ კახიძის განცხადებით, ამ მოქალაქეების კარანტინის ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში [დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე]

თურქეთში გადასვლის ნებართვის მისაღებად კი [რეგისტრაციისათვის] პირმა თან უნდა იქონიოს:

  • თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა;
  • მიწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე;
  • მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი.

გაითვალისწინეთ, ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია.

როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – გადადით ბმულზე და ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ დარეგისტრირებაში:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/293789/

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეგიძლიათ მიმართოთ ასევე სააგენტოს და მის განყოფილებებს შემდეგ მისამართებზე:

  • ბათუმი: აჭარის დასაქმების სააგენტო. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №70/72, ტელეფონი: (422) 24 78 84;
  • ქობულეთი: აჭარის დასაქმების სააგენტოს ქობულეთის მუნიციპალური განყოფილება, დავით აღმაშენებლის ქუჩა №141, ტელეფონი: (426) 26 83 27;
  • ხელვაჩაური: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელვაჩაურის მუნიციპალური განყოფილება. დიდაჭარის ქუჩა №23, ტელეფონი: (422) 25 83 85;
  • ქედა: აჭარის დასაქმების სააგენტოს ქედის მუნიციპალური განყოფილება. მერაბ კოსტავას ქუჩა №3. ტელეფონი: (425) 25 00 41;
  • შუახევი: აჭარის დასაქმების სააგენტოს შუახევის მუნიციპალური განყოფილება, თამარ მეფის ქუჩა №30, ტელეფონი: (422) 25 83 85;
  • ხულო: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხულოს მუნიციპალური განყოფილება. თამარ მეფის ქუჩა №12, ტელეფონი: (423) 27 00 70.

 

მთავარი ფოტო: თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი მოქალაქე სარფის საბაჟოზე /9.08.2020 / ფოტო: აჭარის ჯანდაცვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: