რეკლამა,სიახლეები

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

11.08.2020
ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

კომაროვის სკოლის შესახებ საქართველოში ალბათ ყველა მშობელს გაუგია. ეს სკოლა-პანსიონი თბილისში მდებარეობს და ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებულ სწავლებაზე.

„ბათუმელებისთვის თბილისში, კომაროვის სკოლაში ჩაბარება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ეთერ ბერიძე, მშობელი.

კომაროვის სკოლაში მოსწავლეებს მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით იღებენ. თუ მოსწავლე რეგიონიდანაა, მან სკოლის პანსიონში უნდა იცხოვროს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეთერ ბერიძე.

„პრობლემას ორი მხარე აქვს. ეს ასაკი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ამ დროს ბავშვის ოჯახიდან მთლიანად მოწყვეტამ და სხვა ქალაქში გადასვლამ შეიძლება ბევრი სირთულე გამოიწვიოს.

რეგიონებიდან ჩარიცხული ბავშვები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, მაგრამ თბილისში ცხოვრება მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ბავშვის სანახავად უქმეებზე, რაღაც პერიოდულობით ბათუმიდან თბილისში წასვლა და იქ დარჩენა“, – ამბობს ეთერ ბერიძე.

ეს პრობლემები აჭარაში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს მალე აღარ ექნებათ. კომპანია „დაგი“ ბათუმში კომაროვის სკოლას აშენებს.

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ფარგლებში  100 მოსწავლისთვის საცხოვრებელი კამპუსიც აშენდება.  

პროექტის ღირებულება 11 584 935  ლარია. საგანმანათლებლო დაწესებულება სვიშევსკის ქუჩა N1-ში შენდება და ჯამში მისი ფართობი 7700 კვადრატული მეტრია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კომაროვის სკოლა მხოლოდ თბილისშია და ბათუმში აშენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი თაობის განვითარებაში, რადგან ყველას არ შეეძლო თბილისში სასწავლებლად გადასვლა,“ – ამბობს თამუნა ჩხეტია, „დაგის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, „დაგის“ სკოლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან იქ ბავშვებმა უნდა ისწავლონ. 

„მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია. მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე  ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სადაც ყველა პირობა იქნება სწავლისთვის,“ – აღნიშნავს თამუნა ჩხეტია.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობა  საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტერიტორია [ორი ნაკვეთი], სადაც „კომაროვის სკოლა“ შენდება, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში მდებარეობს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: