ცესკოს მდივანმა და „ოცნების“ წარმომადგენელმა 17 ჰექტარი მიწა ერთად იყიდეს 

ბოლო სამი დღეა საქართველოში აქტიურად მსჯელობენ სწორად დათვალა თუ არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და ხომ არ არის კომისია „ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოებული. ვიდრე ამომრჩეველი და არჩევნებში მონაწილე ამ კითხვაზე პასუხს და ოქმებში ბალანსს იპოვიან, „ბათუმელები“ კომისიის წევრების კავშირებით დაინტერესდა.

როგორც ქონებრივი დეკლარაციებით ირკვევა, ცესკოს ნეიტრალური წევრი და „ქართული ოცნების“ წარდგენილი წევრები მეგობრები არიან და ერთობლივ ქონებასაც კი ფლობენ. კერძოდ, ცესკოს ნეიტრალური მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, კიდევ ერთი ნეიტრალური წევრი დიმიტრი ჯავახაძე და „ქართული ოცნების“ ინტერესების დამცველი ლევან მაისურაძე 2019 წელს შეთანხმდნენ და ერთად შეიძინეს 174 000 [17.4 ჰექტარი] კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გორში, ნადარბაზევის ტბასთან. მხოლოდ გიორგი ჯავახიშვილმა ამ ქონებაში 81 200 ლარი გადაიხადა [თანამესაკუთრეებიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მხოლოდ გიორგი ჯავახიშვილს აქვს – ავტ.]

დიმიტრი ჯავახაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2014 წლის დეკემბრიდან, ხოლო ლევან მაისურაძე ცესკოში „ოცნებას“ წარმოადგენს 2012 წლიდან. დეკლარაციებში არაფერია ასახული, რა საქმიანობას ეწევა ცესკოს სამი მეგობარი წევრი ამ მიწის ნაკვეთზე. 

გიორგი ჯავახიშვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანია 2015 წლის თებერვლიდან. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია მან 2020 წლის მარტში შეავსო. ამ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჯავახიშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ კაპანაძემ, რომელიც ასევე ცესკოშია დასაქმებული, გასულ წელს მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეიძინეს და დიდი ფულიც დახარჯეს.

ჯამში მათ მიერ გაწეულმა ხარჯებმა, გასულ წელს, 279 200 ლარი და 63 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან 198 000 ლარი ოჯახმა დიღომში მშენებლობაზე დახარჯა.

600 კვადრატული მეტრი მიწის  ნაკვეთი თბილისში, სოფელ დიღომში თამარ კაპანაძემ 63 000 აშშ დოლარად 2019 წელს იყიდა. თამარ კაპანაძე ცესკოში საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსია.

ამ ნაკვეთის მომიჯნავედ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს ასევე დავით კაპანაძე, სავარაუდოდ თამარ კაპანაძის ოჯახის წევრი. მშენებლობა ამ ნაკვეთზეც დაუწყიათ და დაუსრულებიათ კიდეც, სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის აშენებული.

 

თამარ კაპანაძის მშენებარე ობიექტი დიღომში

გიორგი ჯავახიშვილი 119, 87 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და კომერციულ ფართობს ასევე ფლობს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე [18,79 კვ.მ]. ეს სახლი და კომერციული ფართობი გიორგი ჯავახიშვილისთვის 2016 წელს უჩუქებიათ.

2015 წელს საცხოვრებელი სახლი უჩუქებიათ ასევე თამარ კაპანაძისთვისაც.

დეკლარაციაში არაფერი წერია, ვინ არის საჩუქრის გამცემი პირი.

დეკლარაციის მიხედვით, თამარ კაპანაძე და გიორგი ჯავახიშვილი წილებს ფლობენ სამ კომპანიაში, თუმცა ამავე დეკლარაციაში გიორგი ჯავახიშვილმა ჩაწერა, რომ კომპანიებიდან ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

ამავე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს გიორგი ჯავახიშვილმა ხელფასის სახით ჯამში 101 412 მიიღო, რაც თვეში 8451 ლარია, თამარ კაპანაძეს კი შემოსავლის სახით 48 142 ლარი მიუღია, ეს თვეში 4000 ლარია.

ცესკოს მდივანმა დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2019 წელს იპოთეკური სესხის დასაფარად ჯამში 39 924 აშშ დოლარი გადაიხადა [ეს სესხი მას 2015 წელს აუღია], თამარ კაპანაძემ კი გასულ წელს 249 000 ლარი ისესხა.

გიორგი ჯავახიშვილმა დეკლარაციაში შემოსავლის სახით ჩაწერა ასევე  206 000 ლარის შესახებ, რაც მას ბინის გაყიდვით მიუღია, ცესკოს მდივანს არ მიუთითებია დეკლარაციაში, რომელი ბინა გაყიდა. თუმცა 2018 წლის დეკლარაციაში მას კიდევ ერთი ბინა ჰქონდა ნუცუბიძის ქუჩაზე [101 კვ.მ], ეს ბინა გიორგი ჯავახიშვილმა 2015 წელს 62 000 დოლარად იყიდა.

ბანგლადეშში ისლამისტური დაჯგუფება მაკრონისგან ბოდიშს ითხოვს და საელჩოს განადგურებით იმუქრება

ბანგლადეშში 50 000 მუსლიმი მაკრონისა და საფრანგეთის წინააღმდეგ გამოდის. პროტესტის მონაწილეები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰეფაზას“ წევრები არიან. მათი უკმაყოფილება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა განცხადებამ გამოიწვია – მაკრონმა თავმოკვეთილი მასწავლებლის, სამუელ პატის მიერ მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა და  სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ფაქტს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

პროტესტანტებმა პრეზიდენტ მაკრონის გამოსახულებით ტრანსფარანტი დაწვეს.

ფრანგულმა გამოცემა ,,Le Monde“-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანგლადეშის ისლამისტური დაჯგუფება „ჰეფაზა“ საფრანგეთის წინაღმდეგ ადამიანთა ჯგუფებს უწევს მობილიზებას. „ჰეფაზა“ 2010 წელს დაარსებული დაჯგუფებაა, რომელიც მორალურ წესებზე უსიტყვო მორჩილებას ქადაგებს და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, გენდერული მრავალფეროვნების წინააღმდეგ ღიად გამოდის.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში შეკრებილები აცხადებენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ქვეყანაში ფრანგულ პროდუქტებს.

160-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 90% მუსლიმია. აქციის მონაწილეები ქალაქ დაკაში საფრანგეთის საელჩოსკენ მიემართებოდნენ, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა, თუმცა „ჰეფაზას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფრანგულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა და 24 საათის ვადა მისცა. პროტესტის მონაწილეები ემანუელ მაკრონისგან ამ დროის განმავლობაში საჯაროდ ბოდიშის მოხდას და დაკაში საელჩოს დახურვას  მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ საფრანგეთის საელჩოს გაანადგურებენ.

პროტესტის მონაწილეები ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინისგან ითხოვენ გაწყვიტოს დიპლომატური კავშირი საფრანგეთთან.

აქცია ამ მოთხოვნებით დაკაში გუშინ, 2 ნოემბერს დაიწყო და მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

ფრანგული გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს ულტიმატუმი გამოწვევაა ბანგლადეშის მთავრობისთვის, რომელიც წლებია ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰეფაზას“ გავლენას ქვეყნის საზოგადოებაზე. ამ დაჯგუფების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე ბანგლადეშის ხელისუფლებამ 2013 წელს მიიღო კანონი ღვთისმგმობთა წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც ბანგლადეშში არაერთი ბლოგერი, ჟურნალისტი და მეცნიერი დასაჯეს სიკვდილით.

საქსტატი: პური 7.8%-ით გაძვირდა, ზეთი -17.3%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით საქართველოში

  • ზეთი და ცხიმი გაძვირდა 17.3 პროცენტით
  • ყავა, ჩაი და კაკაო გაძვირდა 13.6 პროცენტით
  • თევზეული გაძვირდა 10.3 პროცენტით
  • პური და პურპროდუქტები გაძვირდა 7.8 პროცენტით
  • რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 6.0 პროცენტით
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გაძვირდა 4.5 პროცენტით
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა 3.5 პროცენტით
  • ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა 2.2 პროცენტით

ამასთან, საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე – 3.2 პროცენტით.

ბოლო თვის განმავლობაში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ასევე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით. საქსტატის ცნობით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (8.6 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (3.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რამდენს დახარჯავენ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2021 წელს – პროექტი

აჭარის მთავრობის გათვლებით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტში 328 მილიონ 474 ათასი ლარი შევა, თუმცა ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარით მეტი, 349 მილიონ 474 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ხელფასებისთვის ჯამში 38,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს 301 მილიონ ლარს სხვადასხვა სახის შემოსავლიდან ელის, 27 მილიონ ლარს კი – ქონების გაყიდვიდან. რაც შეეხება ხარჯს, რომელიც შემოსავლებზე მეტი იქნება, მთავრობა 21 მილიონი ლარის გამოყენებას წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთიდან [დეპოზიტზე არსებული თანხიდან] გეგმავს.

აჭარის ბიუჯეტის 2021 წლის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

  • აჭარის უმაღლესი საბჭო – 5 216 800
  • აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 701 000
  • აჭარის მთავრობა – 3 000 200
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 123 363 200
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 58 774 600
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 25 091 000
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 15 900 900
  • საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები – 117 426 300 ლარი.

მთავრობის პროექტის მიხედვით, 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობები 2020 წლის გეგმასთან შედარებით 21,4 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელები [ხარჯები], მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, იზრდება 10,9 მილიონი ლარით.

საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურად გაგრძელდება

საქართველოს სკოლებში სწავლა 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავრობა გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებითა და სკოლებში საარჩევნო უბნების არსებობით ხსნის.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და ასეულობით სკოლა გამოყენებული იქნება როგორც საარჩევნო უბანი, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, მარნეულში და გარდაბანში“, – თქვა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

სწავლა ამ დრომდე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარაში, სადაც კლასებში სწავლა სექტემბერში არ განახლებულა.

მთავრობის გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და მოსწავლეებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათამდე იმუშავებენ – მთავრობა

დღეს, 3 ნოემბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ.

აქამდე 22 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ეხებოდა აჭარას, თბილისსა და მცხეთას.

ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ 22 საათის შემდეგ მუშაობას და რესტორნები და კაფე-ბარები მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.

 

საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც.

ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, პირბადის გამოუყენებლობის გამო ჯარიმა 20 ლარი იქნება.

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

აჭარაში ჯამში 14 928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“. უსკო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97 615-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი [54,1%], ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 82 687-მა [45.9]. საკუთარი არჩევანი აჭარის რეგიონში სულ 180 302-მა ადამიანმა დააფიქსირა.

ბათუმის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 12 227-ით მეტი ხმა

  • ოპოზიციის ხმები – 45 214
  • ქართული ოცნების ხმები – 32 987
  • სხვაობა – 12 227

ქობულეთის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 321-ით მეტი ხმა

  • ოპოზიციის ხმები – 21 185
  •  ქართული ოცნების ხმები – 20 864
  • სხვაობა – 321

ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 2 380-ით მეტი ხმა

  • ოპოზიციის ხმები – 31 216
  • ქართული ოცნების ხმები – 28 836
  • სხვაობა – 2 380

ამ მოცემულობის მიუხედავად, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შესძლებლობა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს  – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“. იმის მიუხედავად, რომ რეგიონში ამომრჩევლების უმრავლესობა კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს ხელისუფლების მიმართ და არ აურჩევია „ქართული ოცნება“, უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობას სწორედ „ქართული ოცნება“ მიიღებს.

უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან კი, ეს ბარიერი მხოლოდ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახა. აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 21 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე იბრძოდა. ამ მოცემულობით ოპოზიცია ერთიანი რომ ყოფილიყო, არჩევნებსაც მოიგებდა და მანდატების უმრავლესობასაც ის მიიღებდა.

ამ არჩევნებში გაზრდილი იყო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი. 31 ოქტომბრის არჩევნებში აჭარის რეგიონში აქტივობამ 59.12 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2016 წელს აქტივობის მაჩვენებელი იყო 52.97 პროცენტი.

2020 წლის არჩევნების აქტივობამ შეადგინა 59,12 პროცენტი. (2016 წლის აქტივობის მაჩვენებელია – 52,97%)

ოპოზიცია, როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შესვლას არ აპირებს. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული „ქართული ოცნებისთვის“ არც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მიუცია ამომრჩევლების უმრავლესობას. უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება ბათუმის, ასევე ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მაჟორიტარულ ოლქებში.

ჯერ კიდევ გაურკვეველია ქობულეთის ბედი, სადაც უსკო-ს მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ 50.05 ხმა დააგროვა [ზუსტად 22 ხმით მეტი, ვიდრე არჩევნების მოსაგებად იყო საჭირო]. ქობულეთში ხუთ საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის შედგა და რამდენიმე შემთხვევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ ასაჩივრებს. საჩივრები ჯერ საოლქო კომისიაში არ განუხილავთ.

მთავარი ფოტო: ფოტოზე წითელი კვადრატით აღნიშნულია ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმები, ლურჯი კვადრატით კი – “ქართული ოცნების” მიერ მიღებული.

განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი მიხეილ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

„მინისტრს აღენიშნება კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები,“ – აცხადებენ სამინისტროში.

კორონავირუსი აქვთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს. თვითიზოლაციაშია გადასული მთავრობის რამდენიმე წევრიც.

 

აჭარაში კოვიდის 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

3 ნოემბერის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი.

2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 1943 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 3 ნოემბრის მდგომარეობით 44 522-მდე გაიზარდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით,  გამოჯანმრთელდა 1833, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაავადებული პირებიდან გამოჯანმრთელდა – 28 633, გარდაიცვალა -362

თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად 102 ადამიანი დაიღუპა.

6.6-ბალიანმა მიწისძვრამ ქალაქ იზმირში საცხოვრებელი კორპუსების ნგრევა გამოიწვია 30 ოქტომბერს. დაშავდა 994 ადამიანი, მათგან 147 საავადმყოფოებში რჩება ამ დრომდე, 12 დაშავებული კი რეანიმაციაშია.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა მოქალაქე, ვისი საცხოვრებელიც დაინგრა, ახალ ბინას მიიღებს.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. მიწისძვრა იზმირში. EPA/Mehmet Emin Menguarslan

„პარლამენტში არშესვლა ოცნებას არაფერს აკლებს“ – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. პროტესტის მიზეზი გაყალბებაა, ხოლო მანდატებზე უარის თქმა, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემას შეუქმნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ბათუმელები“ პუბლიცისტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა, რომელმაც ფეისბუქში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმს პარლამენტში მარტო დარჩენა პირიქით აწყობს.

  • ბატონო ზაალ, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ფეისბუქში თქვენ წერდით, რომ ეს პირიქით, საჩუქარი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. რატომ იქნება საჩუქარი? 

დავიწყებ პოლიტიკური რეალობის აღწერით. ჩვენ ჩვენს თავსაც უნდა ვუთხრათ, მეგობრებს, პარტნიორებსაც, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ჰიბრიდული დიქტატურა, ან ჰიბრიდული ავტორიტარული რეჟიმი. ეს უკვე არის ერთპარტიული მმართველობა, რომელზეც დგას ოლიგარქი, რომელსაც არ უნდა ხელისუფლების დათმობა. მას არ უნდა საპარლამენტო, აღმასრულებელი, თუ სასამართლო ხელისუფლების, ბიზნესის, მედიის ხელიდან გაშვება. ამისთვის ის აყალბებს არჩევნებს, ოღონდ აყალბებს არა ტოტალურად, როგორც, მაგალითად, ეს ბელორუსიაში მოხდა, სადაც 80 პროცენტი მიიღო თითქოს ხელისუფლებამ, არამედ გააყალბა იმდენი, რამდენიც სჭირდება იმისთვის, რომ ხელისუფლება არ შეიცვალოს. ეს არის სწორედ ჰიბრიდული დიქტატურის მახასიათებელი. ეს დიქტატურა დღეს აღარ არის ის, როგორც ბევრს წარმოუდგენია სტალინი და ჰიტლერი… ჰიბრიდულ დიქტატურაში რეჟიმი აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ჰიბრიდულ დიქტატურაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ახალი რეალობა.

მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც, მათ შორის, ამომრჩევლის წინაშე. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მათია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

  • რატომ ფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობის გამოხატვა ამ შემთხვევაში იქნებოდა პარლამენტში შესვლა? 

ჩემი აზრით, ოპოზიციის არშესვლა „ქართულ ოცნებას“ არაფერს აკლებს, პირიქით, ეს მათთვის არის კომფორტი. ამ არშესვლას სამართლებრივად რომ დაებლოკა პარლამენტის მუშაობა, მაშინ აუცილებელიც კი იქნებოდა ამის გაკეთება. ეს ბოიკოტი ერთადერთი ქმნის, ისიც საკუთარ წარმოდგენაში, მორალურ პრობლემებს, რომ აი, ჩვენ იქ არ შევალთ. ამიტომაც, არასწორია შეხედულება, რომ ივანიშვილი წარმოჩნდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების თვალში არალეგიტიმურად. არჩევნებს დიდი ალბათობით სცნობს საერთაშორისო საზოგადოება მეტნაკლებად პატარ-პატარა, ან მსხვილი ხარვეზებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ეს 50 პროცენტი რომ არაა, ვიცით, მაგრამ ადმინისტრაციულ რესურსს და რაღაც ციფრს თუ გამოვაკლებთ, რაღაც ციფრამდე მივალთ. ჩვენთან ბელორუსიისგან განსხვავებული სიტუაციაა, სადაც ძალოვანი უწყებების გარდა არავინ უჭერს მხარს იქაურ დიქტატორს. ისტორია არ მეორდება. რეალობა, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, არ ჰგავს არც 2003 წელს და არც 1889 წელს. ივანიშვილი არ არის არც სააკაშვილი და არც შევარდნაძე. ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული კაპიტალიზმი, რომელსაც ამაგრებს ქართული მასშტაბების პირობებში უზარმაზარი ფული.

  • ანუ ფული ამ არჩევნებზეც იყო წამყვანი ფაქტორი? 

ფული ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს ფული აქვს და ოპოზიციას ფული აქვს ბევრად უფრო ნაკლები. მე ვამბობ იმას, რომ რადგან საქმე გვაქვს ჰიბრიდულ დიქტატურასთან, მას უნდა ვებრძოლოთ ჰიბრიდული და არა კლასიკური მეთოდებით.

  • რას გულისხმობთ კონკრეტულად ჰიბრიდულ დიქტატურაში, ანუ რა მოლოდინი გაქვთ? 

პირველ რიგში, ეს არის ის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ იცვლება. მეორე არის ის, რომ ხელისუფლების დაყოფა არ არსებობს: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ყველა ერთია სინამდვილეში, ანუ, მაგალითად, ივანიშვილი დაურეკავს მოსამართლეს და ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მესამე ნიშანი არის ის, რომ სახელმწიფო არის პოლიციური, ის დამყარებულია ძალოვან უწყებებზე. მეოთხე კრიტერიუმი არის პრესის თავისუფლება. ჰიბრიდულ დიქტატურას ახასიათებს ის, რომ თითქოს არსებობს პრესის თავისუფლება, მაგრამ ხელისუფლებას ხელში აქვს მექანიზმი, რომლითაც მას შეუძლია ჩამოაყალიბოს ალტერნატიული რეალობა. ამ პირობებში რაღაც სხვა აზრის არსებობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება მობილიზებულია იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს, მას შეუძლია ალტერნატიული რეალობის ჩამოყალიბება და არ სჭირდება ყველაფრის დახურვა, თუმცა ის ამასაც ცდილობს.

  • თქვენ ელით გაუარესებას ამ მაჩვენებლების? 

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ ყველა კუთხით გაუარესებას. ამიტომაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი არის პარლამენტის ტრიბუნა. ეს არის მაინც ცენტრალური პოლიტიკური სცენა. ჩვენ კი, ამ სცენაზე გამოსვლაზე ვამბობთ უარს და მას მთლიანად ვუტოვებთ ერთ პოლიტიკურ ძალას.

  • მაგრამ ამით ოპოზიცია ცდილობს აჩვენოს მიუღებლობა, რომ მუდმივად არსებობდეს ეჭვი ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე. 

მე ვფიქრობ, არ გაჩნდება მუდმივად ეს ეჭვი, რადგან, მაგალითად, „იმედის“ მაყურებელს რაც არ უნდა ბევრი ელაპარაკოთ, მისთვის რეალობა არის აბსოლუტურად სხვანაირი, იმას თქვენ ვეღარ დაარწმუნებთ. ეს არის ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ბურთი, რომლის შიგნითაც შეღწევა არის შეუძლებელი. ლეგიტიმურობის პრობლემა დადგება მხოლოდ საზოგადოების ნაწილში და არა მთელს საზოგადოებაში. ამომრჩევლის ეს ნაწილი ახლაც ამბობს ამას, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამის თქმა, რატომ არ შეიძლება პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით, მე ეს არ მესმის. ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როცა ამბობენ, რომ აი, კოლაბორაციონისტები ვხდებით და „გავაპრავებთ“ ივანიშვილის რეჟიმს, თუკი პარლამენტში შევალთ. ამომრჩეველმა ეს მანდატი მისცა პარტიებს არა იმიტომ, რომ ხელფასი აიღონ, ან მანქანა მოემსახუროს ვინმეს, არამედ იმისთვის, რომ პარლამენტში იბრძოლოს, ეს არის აქტიური ბრძოლის ველი.

  • ოპოზიცია თვლის, რომ ბრძოლის ველი ახლა უნდა იყოს ქუჩის საპროტესტო აქციები.

გასაგებია, რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ქუჩიდან, მან გააკეთოს პოლიტიკური დათმობები. ამის პრეცედენტი იყო 20 ივნისის აქცია. ჩვენ გვახსოვს 20 ივნისის აქცია და შემდეგ საერთაშორისო ზეწოლით, ასევე საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით გარკვეულ შედეგის გამოგლეჯა ივანიშვილისთვის. „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივად ივლის საპარლამენტო ვიზიტებზეც, ერთგვარი უხერხულობა კი ექმნება, თუმცა მაინც მუდმივად იტყვის, რომ აი, ოპოზიცია საკუთარი ნებით არ შემოვიდა პარლამენტში. ახლა ივანიშვილის რეჟიმის იძულების ფორმა გადადის გარეთ და მე ფაქტობრივად ქუჩის პროტესტის გარდა, პროტესტი სხვა ფორმებს ვერ ვხედავ. ისიც გაუგებარია, რატომ მიგვაჩნია, რომ თუკი არჩევნები ხელახლა ჩატარდება, ის იქნება სამართლიანი, ვიდრე ის, რაც 31 ოქტომბერს იყო?

ფაქტია, რომ პარლამენტში მარტო დარჩენა უფრო კომფორტულია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან პარლამენტს შიგნიდან არანაირი პროტესტი არ იარსებებს. ყველა პროცესი, რაც დაკავშირებულია კანონპროექტის შეტანასთან, მსჯელობასთან, საპარლამენტო ტრიბუნასთან, განხილვებთან, აღარ გვექნება. მესმის, რომ ეს არის რთული და შრომატევადი, მაგრამ დღეს ოპოზიციის მორალური უპირატესობის გარდა, ვერ ვხედავ რა პლუსი აქვს პარლამენტში არ შესვლას, გარდა იმისა, იტყვიან, რომ ჩვენ ივანიშვილის პარლამენტთან არ ვთანამშრომლობთ.

  • ჩვენ გვახსოვს მანდატების დახევა პროტესტის ნიშნად… რამდენად მსგავსია დღევანდელობა ამ მოცემულობასთან, როცა ოპოზიციამ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში თქვა უარი პარლამენტში შესვლაზე? 

განსხვავება არის ის, რომ აქამდე ეს ყველაფერი ხდებოდა კონსტიტუციურ ველში: მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები 2012 წელს წააგო და წავიდა, გარდა ამისა, სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, შევარდნაძეც იყო პრეზიდენტი, ივანიშვილი კი არის კონსტიტუციურ ველს მიღმა, მთავრობის წევრები რეალურად არიან ივანიშვილის მარიონეტები.

კიდევ ერთი დიდი განსხვავება არის ის, რომ სააკაშვილის მოდელი იყო სუპერსახელმწიფო, რომელიც ზემოდან აზის ყველაფერს, მათ შორის, მაგალითად, მედიას, ან ბიზნესს, დღეს კი, პირიქით, მსხვილმა ბიზნესმა ივანიშვილის სახით დაიპყრო სახელმწიფო. ეს უფრო სახიფათოა, რადგან ზემოქმედების ინსტრუმენტები აღარ გაქვს. ივანიშვილი ჩრდილშია, ჩვენ კი მის მარიონეტებს ვებრძვით.

  • თქვენ ახსენეთ, რომ ჰიბრიდულ დიქტატურას ჰიბრიდული მეთოდებით უნდა ებრძოლო და არა კლასიკურით. რა არის ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდი? 

ჩვენ ვთამაშობთ განსაზღვრული წესებით. ჩვენ შეგვიძლია ვეთამაშოთ ივანიშვილს მისი წესებით და მოვუგოთ მას. ჩემი ოპონენტები, მაგალითად, ფიქრობენ, რომ არა, ჩვენ უნდა შევქმნათ სხვა წესები, ახალი მოედანი შევქმნათ და ამ მოედანზე გადმოვითრიოთ ივანიშვილი. ეს არის განსხვავება მიდგომებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სიტუაცია იძლევა იმის შანსს, რომ იქედან წარმატებულად ვიმოქმედოთ, მათ შორის, ისიც, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იყვნენ პარლამენტს შიგნით და შიგნიდან გაუკეთონ ოპონირება ივანიშვილს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა იარაღით. არ შეიძლება, ახლა რომელიმე იარაღი დავდოთ იმიტომ,  რომ ივანიშვილს ხელი ჰქონდა მოკიდებული… ივანიშვილის ტაქტიკა იქნება იგივე, როგორიც ეს იყო 20 ივნისს: სადაც საჭიროა დაარბევს კიდეც ცოტას, სადაც საჭიროა, მოისყიდის, ამიტომაც პარტიზანული ტაქტიკა თავიდან არის გამოსაგონებელი. ჩემი აზრით, არცერთ ინსტრუმენტზე უარი არ უნდა ვთქვათ – პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კოლაბორაციას. ეს არის ერთ-ერთი იარაღი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.

მთავარი ფოტო: ზაალ ანდრონიკაშვილის პირადი ფეისბუქ გვერდიდან

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ოპოციზიამ განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.

„არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას. დარღვეულია მთავარი კონსტიტუციური უფლება – უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამის გათვალისწინებით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ რეალურად არ ასახავს ამომრჩევლის ნებას,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ასევე, დღეს აჭარაში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც ბათუმში ხვალ, 3 ნოემბერს, 17 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება.

თუ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევა, აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პარტია, „ქართული ოცნება“ იქნება.

TV 25-ის ცნობით, ბათუმში სროლის ხმა ისმოდა

დღეს, 2 ნოემბერს, სროლის ხმა ისმოდა ბათუმში. პუშკინისა და ლორიას ქუჩების კუთხეში მდებარე ვულკანიზაციასთან გასროლის ხმა დაახლოებით 17:45 წუთზე გაისმა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველ კადრებს TV 25 ავრცელებს. კადრში ჩანს, როგორ გარბის ორი პირი ავტომანქანით, მათ უკან კი ორი პირი მისდევს ხელკეტით.

“გასროლის ხმა როგორც კი გავიგე, გავიხედე და დავინახე, რომ ორი პირი გარბოდა მანქანისკენ. ტელეფონი ამოვიღე და გადაღება დავიწყე. კადრებშიც ჩანს ეს პროცესი. ორი პირი დაედევნა ვულკანიზაციიდან ხელკეტით, თუმცა ვერ დაეწიენ. სახეები ვერ გავარჩიე, პირბადეები ეკეთათ, მაგრამ გავიგონე როგორ მიაძახეს – „გელოდებითო”, – უთხრა “ბათუმელებს” TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სულხან მესხიძემ.

სროლა ბათუმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა 126-ე [ძალადობა] და  236-ე [იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება].

ბათუმში 96 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა

მუნთიე გობაძე 96 წლის ქალია, რომელმაც 2 კვირა გაატარა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] და კორონავირუსი დაძლია.

მუნთიე გობაძე ჰოსპიტლიდან გუშინ, პირველ ნოემბერს გაწერეს. კლინიკაში მიყვანისას მას გართულებული პნევმონია ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

„13 ოქტომბერს შემოვიდა ჩვენთან მუნთიე გობაძე და გუშინ გაეწერა, თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, რეანიმაციაში გადაყვანა არ დასჭირვებია. სანამ გაეწერებოდა, გადასატანი ყუთიც მოუტანეს და ხმაც მისცა. გახარებული იყო, რომ არჩევანის დაფიქსირების საშუალება მიეცა. ბევრმა ხანდაზმულმა დაძლია კოვიდი. რეანიმაციაშიც გვყვავს ხანდაზმულები, რომლებმაც დაძლიეს ვირუსი და რამდენიმე დღეში გაეწერებიან.

მუნთიე გობაძეს თანმდევი დაავადებაც აქვს: გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი, მაგრამ კორონავირუსი დაძლია,“ – ამბობს 96 წლის ქალის მკურნალი ექიმი ნაირა ხახუტაიშვილი.

მუნთიე გობაძე ახლა შინაა და ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მათი პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და გამართავს მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ არჩევნები ბათილად არ გამოცხადდება. პატრიოტთა ალიანსი არ უერთდება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს და აქციების გამართვას ცალკე, დამოუკიდებლად გეგმავს.

„ჩვენი პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ არაფერს განვიხილავთ, ეს ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, გავაგრძელებთ ბრძოლას, ხმების დათვლას, არჩევნების ბათილად ცნობამდე. გვაქვს აქციების ადამიანური რესურსიც, გვიკეთებია ეს საქმე, კიდევ იხილავენ ასეთ პერმანენტულ აქციებს და არ შევჩერდებით სანამ არ მივაღწევთ სამართლიანობის აღდგენას, არჩევნების შედეგების გაბათილებას. ოპოზიციის აქციებს ჩვენ არ შევუერთდებით, არც არავითარ ალიანსს არ განვიხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან და მით უფრო, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებთან,“ – უთხრა გოჩა თევდორაძემ „ბათუმელებს“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ არჩევნებზე ხმათა 3,14% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მათ 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ, გოჩა თევდორაძემ და ავთანდილ ენუქიძემ.

დანარჩენი პარტიების მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო

კინოთეატრები და თეატრები, რომელთა გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, ვეღარ გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ გადაიდო.

ამ ეტაპზე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული კულტურული ღონისძიებების ჩატარება, 200-მდე ადამიანის მონაწილეობით.

„გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი. თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.“ – აცხადებს განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

99 უბანზე 9 676 ბიულეტენი გააბათილეს – გიორგი კირთაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბათუმის 121-ე საარჩევნო უბნიდან 99 უბნის ოქმი გადაამოწმეს. უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის მტკიცებით, 99 ოქმის მიხედვით 9 676 ბიულეტენია გაბათილებული.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს  პროპორციულ არჩევნებზე, 3 170 ხმა მოპარეს ნაციონალურ მოძრაობას. ეს ნიშნავს, რომ ლევან ვარშალომიძეს 1 794 ხმა მოპარეს. ეს ნიშნავს, რომ აჭარის  უმაღლეს საბჭოში 1 601 ჩვენი ბიულეტენი დაიკარგა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეც, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარს, მხოლოდ  ამ ოქმებით 1 605 ხმა მაქვს დაკარგული. ასეთი უბნებია მე-4, მე-9, მე-11, 34-ე, 53-ე. ეს ნიშნავს იმას,  რომ ხელმომწერთა რაოდენობა სამაგიდო  სიებში არის უფრო ნაკლები, ვიდრე ყუთებში აღმოჩენილ  ბიულეტენთა რაოდენობა. მოქმედი  კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს ამ უბნების ბათილობას. ამასთან ერთად მე-13 და 41-ე უბანში, თუ ჩვენ საოლქო კომისიას დავუჯერებთ, საქართველოს პარლამენტში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვა რაოდენობის ხალხი მისულა და აჭარის  უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვა ხალხი. ვინმეს სჯერა ეს?,“ – იკითხა  გიორგი  კირთაძემ.

დღეს, 2 ნოემბერს,  გიორგი კირთაძემ ბრიფინგი საუბნო კომისიის წევრებთან ერთად გამართა და თქვა, რომ საოლქო კომისიიდან ურეკავენ საუბნო კომისიის წევრებს და შემაჯამებელ ოქმებზე ხელის მოწერას სთხოვენ. ენმ-ს განცხადებით, პარტიამ საუბნო კომისიებიდან თავისი წარმომადგენლები უკვე გამოიწვია.

ამავე თემაზე:

“ჩვენს საუბნო კომისიის წევრებს საოლქო ძველი რიცხვით სთხოვს ოქმებზე ხელის მოწერას” – ენმ

ოპოზიცია ხვალ აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავს

„ხვალ, 5 საათზე, არამარტო ბათუმი, მთელი აჭარა იქნება შეკრებილი მთავრობის სახლთან. მე ვპირდები თითოეულ ბათუმელს და აჭარის მოსახლეობას, მთელს საქართველოს, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა,“ – აღნიშნა დღეს, 2 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძემ.  ის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ბათუმში.

საპროტესტო აქციას ბათუმში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივად გამართავენ.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ „ხმების მოპარვა 21-ე საუკუნეში ივანიშვილს არ გაუვა“.

დღევანდელ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძემ ასევე თქვა, რომ ის მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.

„არჩევნები გააყალბეს და არალეგიტიმურია… არ ვაპირებ, ვიქნები მოსახლეობის და ხალხის გვერდით,“ – დასძინა ლევან ვარშალომიძემ.

 

სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიაში – COVID19

2 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 46 859 546 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 773 060 და გარდაიცვალა 1 205 809 ადამიანი.

COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნებში ყოველდღურად იცვლება, ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს მაჩვენებელი მზარდია, მათ შორისაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომელთაგან სომხეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და იგი ერთ მილიონ მოსახლეზე 469 გარდაცვალებას შეადგენს.

შემდეგ მოდის საქართველო, რომლის მაჩვენებელიც ბოლო ორ დღეში 71-დან 86-მდე გაიზარდა;

შემდეგ კი აზერბაიჯანი – ერთ მილიონ მოსახლეზე 73 ლეტალური შედეგით.

 

საქართველოში დღეის მონაცემებით კორონავირუსის 42 579 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 26 800, გარდაიცვალა – 342.

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე ოდნავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე ინდოეთში [89], რომელიც მსოფლიოში კოვიდის დადასტურებული შემთხვევებით მეორე ადგილზეა. 

მონაცემების წყარო: worldometers

 

“ჩვენს საუბნო კომისიის წევრებს საოლქო ძველი რიცხვით სთხოვს ოქმებზე ხელის მოწერას” – ენმ

დღეს, 2 ნოემბერს, უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საუბნო კომისიის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა. კირთაძის თქმით, საუბნო კომისიის წევრებს იბარებენ საოლქო კომისიაში და სთხოვენ, რომ ხელი მოუწერონ ე.წ. შესწორების ოქმებზე.

გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე 99 უბნის ოქმი წარმოადგინა. მისი თქმით, ოქმების მიხედვით 9 676 ბიულეტენი გააბათილეს. შედეგად ენმ-მ 8 170 ხმა დაკარგა.

„ეს და სხვა უამრავი დარღვევა და პირდაპირი გაყალბება არის შედეგი, რაც დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ყველაფრის გასასწორებლად ისინი ახლა საუბნო კომისიის წევრებს ექაჩებიან საოლქო კომისიაში და ცდილობენ, რომ ხელი მოაწერინონ.

მინდა გავაფრთხილო ციალა შავაძე [ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე], რომელიც არაფერს წყვეტს, მაგრამ ის არის საოლქო კომისიის თავმჯდომარე და მე მას ვაფრთხილებ – თავი დაანებოს ჩვენი კომისიის წევრებს. ჩვენ უკვე ისინი გამოვიწვიეთ საუბნო კომისიებიდან, ახლა მათ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ძველი რიცხვით მოუწერონ ხელი შემაჯამებელ ოქმებზე. არც ერთი კომისიის წევრი, ჩვენ მიერ დანიშნული, ამას არ გააკეთებს. ნუ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე,“ – თქვა გიორგი კირთაძემ.

რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

22 ხმით ცოტნე ანანიძემ ქობულეთში არჩევნები მოიგო. ხმების დათვლა ქობულეთში გუშინ საღამოს დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული არავინ იყო – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ელგუჯა ბაგრატიონი გავიდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მან უსკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ხმების 36.6 პროცენტი მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩევლის ხმების 50 %-ს პლუს ერთი ხმაა საჭირო. ცოტნე ანანიძისთვის მიცემული ხმების რაოდენობა დღეს დილით ზუსტად 0.5 პროცენტით გაიზარდა. ეს სულ 22 ხმაა.

„უსკო როცა ამას ამბობს, გვაჩვენოს შესწორების ოქმები, რა შესწორდა და რის საფუძველზე დაუმატეს ცოტნე ანანიძეს ხმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გაყალბება. ჩვენი მონაცემებით, ცოტნე ანანიძემ ქობულეთში 46 პროცენტი მიიღო,“ – ამბობს მერაბ ცინცაბაძე. ის ქობულეთის საოლქო კომისიაში გაერთიანებულ ოპოზიციას იცავს.

„რა გავაყალბეთ? გუშინ საღამოს ჩავატარეთ სხდომა და იცის თვითონაც… მეათე უბანზე შეეშალათ მონაცემის შემაჯამებელ ოქმში შეტანა და ეს ციფრი შევცვალეთ. ეს ტექნიკური შეცდომა იყო,“ – ამტკიცებს „ბათუმელებთან“ ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძე.

შესწორების ოქმი ქობულეთში სულ 5 საარჩევნო უბანზე შედგა, რაც უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას უკავშირდება. საოლქო კომისიაში თანხმდებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა მე-10 საარჩევნო უბანია [ციხისძირი], სადაც ელგუჯა ბაგრატიონისთვის შემაჯამებელ ოქმში გაფორმებული 561 ხმა შემცირდა 261-მდე. ელგუჯა ბაგრატიონისთვის 300 ხმით ჩამოკლებით, როგორც საოლქოსა და უსკოში განმარტავენ „ბალანსი ზუსტად დაჯდა“ და ეს ხმები არც ცოტნე ანანიძისთვის მიუმატებიათ, თუმცა ბაგრატიონისთვის ხმების შემცირებით, საბოლოოდ ანანიძისთვის ამომრჩევლის მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა.

„ტიროდა ის ქალი, გუშინ სხდომა გვქონდა, რომ შემეშალა ოქმში გადატანის დროსო… რა ჰქონდათ ახლა გულში ჩადებული, არ ვიცი მაგი, ხომ არ მოვკლავდით? ბოდიშები იხადა. მე ვითხოვდი გაფრთხილების მიცემას თავმჯდომარისთვის და მდივნისთვის, მაგრამ კომისიის სხვა წევრები არ დაეთანხმენ ამას,“ – გვიყვება გელა ხახნელიძე, ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ქობულეთის საოლქო კომისიას ჩანაწერთა წიგნის მონაცემს დაეყრდნო, რომელიც შემაჯამებელი ოქმის გაფორმებამდე მზადდება და რომლის მიხედვითაც ელგუჯა ბაგრატიონს ციხისძირის უბანზე 561-ის ნაცვლად 261 ხმა მიუღია, ცოტნე ანანიძეს კი – 357.

გელა ხახნელიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქობულეთის მე-10 უბანზე კომისიის ყველა წევრი და, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს. ოქმში რომ ბალანსი დაცული არ იყო, ეს ამბავი უბნის მიერ მონაცემების ოლქში წარმოდგენის შემდეგ გაირკვა.

ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევენ ამ შეცდომას უმაღლეს საარჩევნო კომისიაშიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს.

„ბალანსი აბსოლუტურად დარღვეული იყო მეათე უბანზე, აშკარად ეს ციფრი იყო შემთხვევით მიწერილი, ან რაღაც სხვა… საოლქოში დაიბარეს კომისია, განიხილეს და გასწორდა ოქმი,“ – გვითხრა სოფიო კახაძემ, უსკოს მდივანმა.

როგორ მოხდა ის, რომ ქობულეთის საოლქო კომისიამ ქობულეთის ყველა უბნის მონაცემების დათვალა და ცოტნე ანანიძეს 49.06 პროცენტი დაუწერა, დაახლოებით ერთ საათში კი, ეს მაჩვენებელი ზუსტად 50.0 პროცენტამდე გაიზარდა, დღეს დილით კი, კიდევ 22 ხმა დაემატა? – კითხვებზე საპასუხოდ უსკო-ში განმარტეს, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებენ, თუმცა მაჟორიტარები მათ არ ეხებათ.

„ჩვენ მაჟორიტარებთან არავითარი შეხება არ გვაქვს. ამ ოქმებს დებს შესაბამისი საოლქო კომისია. ჩვენ ვიღებთ ინფორმაცია და ავსახავთ ამას,“ – აღნიშნა სოფიო კახაძემ „ბათუმელებთან“.

იმავე კითხვაზე ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მალე ყველა შემაჯამებელი ოქმი და შესწორების ოქმი გამოქვეყნდება.

„დასამალი არაფერი გვაქვს, თუ ვინმე საჩივრით მოგვმართავს, ამასაც განვიხილავთ… ჩვენ უნდა დავამუშაოთ და დავაწყოთ ეს მონაცემები, დღეს საღამოს ყველა ოქმი დაიდება,“ – ამბობს ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძე.

ქობულეთის ოლქში შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების უფლება დღეს საღამომდე შეუძლიათ. წარდგენიდან ორ დღეში საჩივარს განიხილავს საოლქო კომისია, თუმცა ამ დრომდე ქობულეთის საოლქოში შემაჯამებელი ოქმები არ გაუსაჩივრებიათ.

ამ მოცემულობით მხოლოდ ცოტნე ანანიძე შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. აჭარის კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

შემაჯამებელი ოქმი ქობულეთში, მეათე საარჩევნო უბანზე
შესწორების ოქმი ქობულეთში, მეათე საარჩევნო უბანზე

კოვიდის მართვის მიზნით 1 844 სტუდენტი გადამზადდა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტის 1 844 სტუდენტი უკვე გადამზადდა Covid19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით.

გადამზადებული სტუდენტები საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალს დაეხმარებიან როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე კოვიდსასტუმროებში.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. „ამისთვის უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩოპროგრამა – „Covid19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგკურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის,“-აცხადებს სამინისტრო.

ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნული კონტინგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმ სტუდენტთა სიებიც, რომლებიც სამედიცინო პერსონალის ბაზაში ჩარიცხვის სურვილს გამოთქვამენ.

„ერთკვირიანი ტრენინგკურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას,“ – აცხადებენ სამინისტროში.

2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 293 კოვიდპაციენტი, კოვიდსასტუმროში კი 2 236 პაციენტი მკურნალობს.

შემაჯამებელი ოქმი კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე სხვა დარღვევები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა არ აქვს, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. გარდა ამისა, აღნიშნული ოქმის მიხედვით, ამ უბანზე 17:00 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა მხოლოდ 62 ამომრჩეველს, დარჩენილ სამ საათში კი, 323 ამომრჩეველი მისულა [სულ 385], რაც სავარაუდოდ, ამომრჩევლების მობილიზებაზე მიუთითებს.

აღნიშნული ოქმის შესაბამის გრაფებში არ არის მითითებული უბანზე მისული ამომრჩევლების, ასევე მიღებული ბიულეტენების რაოდენობა, რაც კოდექსის თანახმად აუცილებლად უნდა ეწეროს.

საუბარია რუსთავის N 12.20.86 უბანზე. ოქმის მიხედვით, ამ უბანზე სახელისუფლებო პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – 339 ხმა მიიღო.

ოქმს ხელს არ აწერს კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ხუსკივაძე.

„ვთვლი, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას, რის გამოც არ ვეთანხმები კენჭისყრის შედეგებს“, – წერს განსხვავებული აზრის გრაფაში ლაშა ხუსკივაძე.

წყარო: ცესკო

შემაჯამებელ ოქმში არ არის შეტანილი რეგისტრატორებისა და კომისიის ბეჭდების ნომრები, რაც კოდექსით ასევე დარღვევაა. ასევე ცარიელია იმ პოლიტიკური სუბიექტების გასწვრივ გრაფები, რომლებმაც ვერცერთი ხმა მიიღეს.

შემაჯამებელი ოქმი შედგენილია 31 ოქტომბრის 23:00 საათზე, შესწორების ოქმი კი 1-ლი ნოემბრის 17:53 საათზე.

შესწორების ოქმში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ შემაჯამებელ ოქმში შესაბამის გრაფებში უნდა ეწეროს 385 [არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა] და 850 [მიღებული ბიულეტენების რაოდენობა].

წყარო: ცესკო

დარღვევებითაა შევსებული ამავე უბანზე მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიც – არ არის მითითებული კომისიის ბეჭდების ნომრები, შეტანილი არ არის რამდენიმე მონაცემი. ამ ოქმს თავმჯდომარე კი აწერს ხელს, მაგრამ არ აწერს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომლის გვარიც ოქმში მითითებულია [ლ. მილაშვილი].

ოქმში აღნიშნულია, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 95, შესწორების ოქმით კი, ეს რიცხვი კენჭისყრიდან მეორე დღეს, გაზრდილია 385-მდე. თუმცა, მაჟორიტარული წესით ხმა მიცემული აქვს მხოლოდ 95-ს, აქედან 5 გაბათილდა.

წყარო: ცესკო

თურქეთში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ძაღლი 3 დღის შემდეგ ამოიყვანეს

თურქეთში, ქალაქ იზმირში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ძაღლი ამოიყვანეს.

ძაღლი, სახელად „არესი“ 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ნანგრევებში.

სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ძაღლი მკურნალობის შემდეგ პატრონს დაუბრუნდება.

6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსები. ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა.

ასზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს მაშველებმა იზმირში. 106-ე, ვინც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 3 წლის ბავშვია.

ფოტო: „ანადოლუ“

ამავე თემაზე: 

ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი 65 საათის შემდეგ ამოიყვანეს – მიწისძვრა იზმირში

ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი 65 საათის შემდეგ ამოიყვანეს – მიწისძვრა იზმირში

თურქეთში, ქალაქ იზმირში, სამი წლის ბავშვი ამოიყვანეს მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 65 საათის შემდეგ.

3 წლის გოგონა, სახელად ელიფი, უკვე საავადმყოფოშია.

სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ბავშვი ქალაქის 106-ე მცხოვრებია, რომელიც მაშველებმა ნანგრევიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში, ქალაქ იზმირში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანია დაღუპული.

6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსები.

_____________

ფოტო: „ანადოლუ“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ნოემბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ნოემბრის 21 საათიდან 3 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 4-5 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ჯანმოს გენერალური დირექტორი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი თვითიზოლაციაშია. პირს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, Covid19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ტედროს გებრეისუსმა წუხელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟენევიდან დაწერა.

„მე გავხდი კონტაქტი ადამიანისა, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაში ვიქნები და სახლიდან ვიმუშავებ,” – წერს ის.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს. ასე გავწყვეტთ COVID19-ის გადაცემის ჯაჭვს, დავთრგუნავთ ვირუსს და დავიცავთ ჯანდაცვის სისტემას” – წერს ღებრეისუსი ტვიტერზე.

დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 46 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 1 205 809 ადამიანი.

_____________________________

ფოტო: DW

აჭარაში კორონავირუსი 389 ადამიანს დაუდასტურდა – 2 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 389 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა – 272, გარდაიცვალა – 6 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია – 2977, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4293, კოვიდსასტუმროში იმყოფება – 2236 პირი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათგან 6 ბათუმში

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავიურუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 389 აჭარაში. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 579-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით,  გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 აჭარაში.

კორონავირუსით თებერვლიდან ამ დრომდე გარდაიცვალა 342 ინფიცირებული.

ბათუმის რესპუბლიკურში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, მისი დიაგნოზი იყო პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.

რესპუბლიკური საავადმყოფოში ასევე გარდაიცვალა 91 წლის ქალი, მას ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია,

მედცენტრში გარდაიცვალა 54 წლის კაცი, მისი დიაგნოზი იყო: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი,ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ჭარბი წონა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 69 წლის კაცი გარდაიცვალა, მას ჰქონდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ინსულტი, ინფარქტი, ესენციური ჰიპერტენცია.

 

ანზორ ბოლქვაძე 46%, მიშა ბოლქვაძე 32% – მთიან აჭარაში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს #30 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე პირველი ტურის შედეგად ვერ გახდება საქართველოს პარლამენტარი და გაიმართება მეორე ტური.

ანზორ ბოლქვაძის კონკურენტი ამ ოლქში მიშა ბოლქვაძეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ანზორ ბოლქვაძე, „ქართული ოცნება“ – 46,26%
  • მიშა ბოლქვაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 32,5% 

მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს არ აქვს მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ამომრჩეველს მხოლოდ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

მინისტრი თვითიზოლაციაში, სახლში მკურნალობს.

დღეს, პირველ ნოემბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა.

ამავე თემაზე: 

გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში

 

გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“ – წერს გახარია ფეისბუქზე.

ვარშალომიძე 37%, კონცელიძე 40% – ბათუმში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 40,97%
  • ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 37,3% 

მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს არ აქვს მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ამომრჩეველს მხოლოდ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

დღეს, პირველ ნოემბერს, ლევან ვარშალომიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ხალხის არჩევნები მიიტაცა.

„გუშინ ივანიშვილი გასცდა საკონსტიტუციო ჩარჩოს. ფაქტობრივად მიიტაცა არჩევნები და ხალხის ნება. ჩვენ ვიმსჯელეთ და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ –  ყველა  ოპოზიციური პარტია დადგება იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი.  ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად და ჩვენ გავიმარჯვებთ მათთან ერთად,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.

 

ვინ იქნება მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოში – უსკო-ს წინასწარი მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევად ქობულეთში გაიმართება. აქ 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში.

უსკო-ს მონაცემებით, ქობულეთის 73 საარჩევნო უბანში სულ 41 918-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ დააგროვა – 49.06 პროცენტი. მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი – ელგუჯა ბაგრატიონი – 37.02 პროცენტით. მეორე ტურში ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს ქობულეთელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება.

ბათუმში ჯერ ყველა საარჩევნო უბნის შედეგი ცნობილი არ არის, თუმცა გამორიცხული არაა აქაც მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო – ამ ეტაპზე [20:00] ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს – ტიტე აროშიძეს აქვს – 42.23 პროცენტი. მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი კირთაძე – 34.2 პროცენტით. ამ დროისთვის დათვლილია 98 საარჩევნო უბნის მონაცემები, დასათვლელია – 22.

ჯერ უცნობია გახდება თუ არა საჭირო მეორე ტური ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევად. პირველ ადგილზე აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძეა, თუმცა ამ ეტაპზე მას 50.01 პროცენტი აქვს. მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გია აბულაძე 32.06 პროცენტით. ამ დროისთვის დათვლილია 164 საარჩევნო უბანი, დასათვლელია – 16.

რაც შეეხება პარტიებს, წინასწარი მონაცემებით, უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი – 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახეს.

ამ თემაზე:

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი პარტია შევა – უსკო

Exit mobile version