ლოქდაუნი თურქეთში – გადაუდებელი შემთხვევების გარდა ქალაქებს შორის მიმოსვლა იზღუდება

29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთში სრული ლოქდაუნი ცხადდება. ამ დროის განმავლობაში დახურული იქნება ყველა სახის სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, ღია იქნება აფთიაქები და მარკეტები.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას, მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე. წ. HES კოდი.

„ამასთან, ძალაში რჩება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება,“ – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელექტრონული ფორმის შევსება შესაძლებელია ამ ლინკზე.

თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს.

ლოქდაუნის განმავლობაში კაფე-ბარები, რესტორნები და სხვადასხვა სახის კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში.

სურსათის ქსელური მაღაზიები იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა და გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში.

ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ საგანგებო – გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით.

ანკარაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ნებისმიერი ახალი რეგულაციების შესახებ, მოქალაქეები ინფორმაციას მიიღებენ საელჩოს გვერდიდან ოპერატიულ რეჟიმში.

თურქეთში 18 დღიანი კარანტინი 29 აპრილს, საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება.

ნარკოტიკის რეალიზაციაში ჩართული პატარა გოგო – შსს ვიდეოს ავრცელებს [Video]

შს სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკის რეალიზაციის დანაშაულებრივ სქემაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული. კადრებში ჩანს, რომ პატარა გოგონა სახლთან სამალავში რაღაცას ინახავს. შსს ირწმუნება, რომ გოგონამ სამალავში ნარკოტიკი დადო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა. 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი – ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

ბათუმში მსაჯულებს არჩევენ – ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე

“იმოქმედებს, კი,” – ჯერ თავის დაკვრით დაადასტურეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებმა, შემდეგ კი სიტყვით, როცა მათ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა:

“დავუშვათ, დარწმუნდით, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ემოციურად იმოქმედებდა თქვენზე?”

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს არჩევენ. მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა და ადვოკატმა კითხვები დაუსვეს.

საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ქედაში მომხდარ მკვლელობაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მოკლა ახალგაზრდა კაცი, თავისივე ბიძაშვილი. მკვლელობის იარაღი დანა იყო, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გ.ა. წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის ან უვადო პატიმრობა.

ეს პირველი საქმე იქნება, რომელსაც ბათუმში მსაჯულები განიხილავენ.

“ემოციები უნდა დავტოვოთ გარეთ,” – აღნიშნა ერთ-ერთმა კანდიდატმა გასაუბრების დროს.

დღევანდელ პროცესზე ნაფიცი მსაჯულობის 4 კანდიდატს გაესაუბრნენ. სულ 14 მსაჯული უნდა შეირჩეს. მათ სხვადასხვა კითხვა დაუსვეს, მათ შორის, პოლიციის და სასამართლოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ნაფიცი მსაჯლულების კანდიდატების ვინაობის გამხელა კანონითაა აკრძალული. მათ სასამართლო სხდომის მონაწილეებიც სახელის ნაცვლად სპეციალური ნომრით მიმართავდნენ, მაგალითად, კითხვა კანდიდატ ნომერ 2-ს.

“რომელიმე თქვენგანს ხომ არ გქონიათ შეხება პოლიციასთან?” – იკითხა პროკურორმა.

“მე მქონდა, უსამართლოდ მომექცა და დამაჯარიმა ქუჩაში,” – უპასუხა პროკურორს მსაჯულობის ერთ-ერთმა კანდიდატმა.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა ასევე ჰკითხა რა შეიძლება ამართლებდეს ძალადობას და “ყველა მკვლელობა ერთნაირად უნდა ისჯებოდეს თუ არა”.

“მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო მართალი, როცა თავს იცავ, ან შენს შვილებს ექმნება საფრთხე… ადამიანები ვართ ყველა,” – აღნიშნა მსაჯულობის კანდიდატმა.

ზოგიერთი კანდიდატის აზრით, უნდა განსხვავდებოდეს მკვლელობა განზრახ იყო თუ არა, ასევე რა იყო მოტივი და სისასტიკე გამოიჩინა თუ არა დამნაშავემ.

“დავუშვათ, დარწმუნდით, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა, მაგრამ ვერ დადგინდა, რა სატრანსპორტო საშუალებით მივიდა ეს პირი მკვლელობის ადგილზე… მსგავსი უმნიშვნელო გარემოებები იქნება თქვენთვის წინააღმდეგობა, რომ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას დაუჭიროთ მხარი?” – დაინტერესდა ისევ პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.

“შესაძლოა, ეს დეტალიც ტრანსპორტზე ძალიან მნიშვნელოვანი იყოს…  ამომწურავი ინფორმაცია უნდა გვქონდეს,” – თქვა ერთ-ერთმა კანდიდატმა.

ბრალდებულს მსაჯულობის კანდიდატებისთვის კითხვა არ დაუსვამს, თუმცა როცა კანდიდატებმა მოსამართლის თხოვნით მოსასვენებელ ოთახში გადაინაცვლეს, მან თქვა, რომ ადვოკატს ეთანხმება, რომელიც კანდიდატ ნომერ 3-ის აცილებას ითხოვს.

“მან თქვა, რომ ვერ იქნება კეთილგანწყობილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ… ეს ანკეტაშია დაფიქსირებული,” – აღნიშნა ადვოკატმა შოთა ხორავამ.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ კანდიდატმა გასაუბრების დროს უპირატესობა პოლიციელების ჩვენებებს მიანიჭა სანდოობის კუთხით.

“მან თქვა ისიც, რომ პოლიციელმა უსამართლოდ დამაჯარიმაო,” – რეპლიკა ჰქონდა პროკურორ ლადო თურმანიძეს. მისი აზრით, ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

“წინასწარი განწყობა ბრალდებულის მიმართ მე არ დამინახავს,” – თქვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ და მსაჯულობის კანდიდატებს ისევ მოუხმო დარბაზში.

საბოლოოდ, ადვოკატმა დაუსაბუთებელი აცილების შუამდგომლობით ისარგებლა და ამ კანდიდატს ამ ფორმით აღარ დაუჭირა მხარი. დღევანდელ პროცესზე მსაჯულობის სამი კანდიდატი შეარჩიეს. უკვე შერჩეულია 9 მსაჯული.

კანონის თანახმად, სისიხლის სამართლის საქმეს 14 ნაფიცი მსაჯული განიხილავს. შესაბამისად, ქედაში მკვლელობის საქმეზე კიდევ 5 მსაჯული უნდა შეარჩიონ.

“ივნისში დავიწყებთ საქმის განხილვას, დაგიკავშირდებით,” – მიმართა მოსამართლემ შერჩეულ მსაჯულებს სხდომის დასასრულს.

„ჩაშლას არ ვაპირებთ“ – მოიჯარეები დღეს ბულვარის გენგეგმის განხილვაზე მიდიან

დღეს, 27 აპრილს, ბათუმის ჩართულობის ცენტრში დაგეგმილია ბულვარის განაშენიანებს გეგმის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული ჯგუფები ამ შეხვედრის ჩაშლას გეგმავენ. მათ შორის დასახელებულ რამდენიმე პირს დავუკავშირდით, თუმცა მათ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

დასახელებული ჯგუფებიდან შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ მხოლოდ მოიჯარეებმა დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ისინი პრეზენტაციაზე საკუთარი მოთხოვნების გასჟღერებლად მიდიან.

„ჩვენ ჩაშლას არ ვაპირებთ, ჩვენს მოთხოვნებს დავაყენებთ, დღეს იქ იქნება ყველა მოიჯარე და თქვენც მოისმენთ ჩვენს სათქმელს“, – გვითხრა ლევან ბარამიძემ, რომელიც ბულვარში მოქმედი კაფე „ლათინოს“ მფლობელია.

მოიჯარეები, რომლებიც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე  ბულვარში მოქმედ კომერციულ ობიექტებს ფლობენ, მიიჩნევენ, რომ მათ ხელშეკრულებების ვადები უნდა გაუგრძელდეთ.  მათივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ბულვარის მათი ობიექტებისგან გაწმენდა იგეგმება.“

ბულვარის განაშენმიანების გენგეგმა, რომელიც  კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა, ბულვარში კომერციული ობიექტების, მათ შორის სავაჭრო ჯიხურებისა და კაფეების „გაწმენდას“ არ გეგმავს. თუმცა ითვალისწინებს ერთიანი სტანდარტისა და კონცეფციის  მიხედვით მოქმედებას.

გარდა მოიჯარეების, „ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა სხვა ჯგუფებსაც, რომელთა შესახებ ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გენგეგმის ჩაშლას გეგმავენ. მათ ეს ინფორმაცია უარყვეს.

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

 

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის – სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა – „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია.

სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა – კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ის ძალიან ჰგავს ცენტრალურ მასივს და ამასთანავე, საძოვრებიც მაღალი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბალახითაა დაფარული.

ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და აღჭურვილია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურით. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს.

ფერმაში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთანავე, კომპანია თანამშრომლობს ფრანგი კონსულტანტების ტექნიკურ ჯგუფთან, რომელიც აერთიანებს მეცხოველეობის სპეციალისტებს, ვეტერინარებს, ნუტრიციონისტებსა და მექანიკოსებს. ტექნიკური ჯგუფი ჩართულია ყოველდღიურ სამუშაო პროცესსა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ გადამზადებაში. ფერმის თანამშრომლები პერიოდულად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში, მსგავსი კონცეფციის ფერმაში.

„აღნიშნული პროექტი სრულად ავტონომიური ფერმის კონცეფციას ეფუძნება. ანალოგიური პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ. საბოლოო მიზანი კი, ქვეყანაში მეცხოველეობის ევროპულ სტანდარტზე აყვანაა“, – ლევან ხუროძე, დამფუძნებელი პარტნიორი.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში, ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„სოფლის მეურენობა ქვეყნისთვის და ასევე თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია, ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და ადგილობრივების დასაქმება, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა გამოც „GREEN ALLIANCE“-ის არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს“, – ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი „GREEN ALLIANCE“ 2019 წელს ქართველმა, ფრანგმა და ჰოლანდიელმა პარტნიორებმა – ჟაკ ფლურიმ, ლევან ხუროძემ, ზაზა კიკვაძემ, ლაშა ჯინჭარაძემ და კომპანიამ – „MG Law” დააფუძნეს.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი 4 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან 3 – „დმანისის მეცხოველეობა“, „ჯეორეგი’’ და „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“, თიბისის მხარდაჭერით დაარსდა.

სახელმწიფო ვალდებულია გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგები – არასამთავრობო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი [EMC] ნამახვანჰესზე გაცემულ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს.

ამ ანალიზის მიხედვით, ნამახვანჰესის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვა შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი გარემოსდაცვითი პრინციპების უხეშ დარღვევებს ააშკარავებს.

კერძოდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაირღვა საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის მოთხოვნები.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არსებული კვლევები დაუსაბუთებელია და ვერ აღწერს პროექტის სრულ ზეგავლენას, შესაბამისად, პროექტში სრულად ვერ გვხდება ზიანის შემამსუბუქებელი და მაკომპენსირებელი სათანადო ღონისძიებები.

„პროექტის მახასიათებლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია დასაბუთებული პასუხები პროექტის სეისმოლოგიური სიმყარისა და უსაფრთხოების თაობაზე. მეორე მხრივ, დარგის სპეციალისტები ადგილობრივი გეოლოგიური აგებულების უკიდურესად მნიშვნელოვან და საყურადღებო ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას. თითოეული მითითებული გარემოება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს და არსებული ნებართვის გაუქმების საფუძველს ქმნის,“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი, ორი, ზემო და ქვემო ნამახვანი ჰესებისგან შედგება. კასკადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტია, მისი დადგმული სიმძლავრე ჯამურად 424 მგვტ.-ს შეადგენს, კერძოდ, ქვემო ნამახვანი ჰესი – 324 მგვტ და ზემო ნამახვანი ჰესი – 100 მგვტ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, დღეის მდგომარეობით ზემო ნამახვანი ჰესს გარემოსდაცვითი ნებართვა არ გააჩნია. შეუფასებელი რჩება ასევე ქვემო და ზემო ნამახვანი ჰესების გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბები. ამასთან, უცნობია, თუ როდის შეასრულებს საქმიანობის განმახროციელებელი კომპანია სამინისტროს მოთხოვნას, ზემო ნამახვანის ჰესის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი გზშ-ს ანგარიშის მომზადების ნაწილში და როგორ უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულების აღსრულებას.

„ზემო ნამახვანი ჰესის თაობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი ნებართვის არარსებობა პროექტის ბუნდოვანებასა და სახელმწიფოებრივად გაუზრებლობას კიდევ უფრო ნათლად გვიჩენებს. აღნიშნულ პირობებში, სახელმწიფო ვალდებულია რეალურად გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მოსალოდნელი შედეგები, გააცნოს ის საზოგადოებას და მხოლოდ კომპლექსური შეჯამების შედეგად მიიღოს ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე სათანადო გადაწყვეტილება,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

„გუმბათი ხეივანში“- საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ცენტრალურ სტადიონთან

პროექტი „გუმბათი ხეივანში“ გუმბათი ჯგუფის  ერთ-ერთი გამორჩეული და დასრულებული პროექტია ბათუმში, ქალაქის ახალ უბანში – გმირთა ხეივანში. პროექტის უნიკალური არქიტექტურა აერთიანებს 3 საცხოვრებელ კომპლექსს და ამავე სივრცეში განთავსებულ თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრს.

გუმბათი ჯგუფი გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ თანამედროვე არქიტექტორული სტილით შექმნილი უბნის ბინადარი. ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებს და შესაძლებლობას შეიძინოთ ბინა დაბრკოლებების გარეშე. გუმბათი ჯგუფის 22-წლიანი გამოცდილება და ათეულობით ჩვენი კმაყოფილი მცხოვრები გარანტიაა ნდობისა და ხარისხის.

გუმბათი ჯგუფმა მშენებლობისას გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელიც  მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ბინის შეძენისას – ლოკაცია, მშენებლობის ხარისხი და ვიზუალური ხედი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას თქვენი კომფორტულად ცხოვრებისთვის.

ჩვენთან ბინის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე პარტნიორი ბანკის იპოთეკური სესხით.

ვაშენებთ ყველგან, სადაც საქართველოა!


საკონტაქტო ინფორმაცია: 557 500 500; 555 100 100
ელექტრონული ფოსტა: welcome@gumbatigroup.ge
გაყიდვების ოფისი: ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N1

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ, ალბათ, ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის 12 აპრილის აქციაზე.

„….რეზო წულუკიძემ შეგვაგინა დედის მისამართით, თან მოულოდნელად მან მომიქნია მარჯვენა მუშტი და პირველი დამარტყა სახეში, რითაც განვიცადე ძლიერი ტკივილი, მაგრამ გონება არ დამიკარგია… ყველა დარტყმაზე მე განვიცდიდი ძლიერ ტკივილებს და ვყვიროდი, რომ თავი დაენებათ ჩვენ ცემაზე, მათ ასევე სცემეს დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე. ისინი თან გვაგინებდნენ დედას… ჩვენ მხოლოდ ვიგერიებდით ხელებით და საპასუხოდ არ დაგვირტყამს რომელიმესთვის… ამის შემდეგ ყველამ დაგვიწყო ცემა, მე მირტყამდნენ ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, ასევე ირაკლი და გელა ჭელიძეები და მათი თანმხლები 14, თუ 15 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ასევე მოჭიდავეები არიან. იყო ჯგუფური ჩხუბი და ყველა მამაკაცი გვეჩხუბებოდა,“ – უთხრა გამომძიებლებს ჩვენების მიცემის დროს ავთანდილ ახვლედიანმა. ის „უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და ოფიციალურად საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირია.

„უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია“ ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ავთანდილ ახვლედიანზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით – მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. პროკურატურამ სულ 7 პირი დააკავა: ძმები – წულუკიძეები და ჭელიძეები 14 აპრილის ღამეს დააკავეს, ხოლო ელდარ ანთაძე – 23 აპრილს. შვიდივე ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შვიდივე ბრალდებული რიონის ხეობის დასაცავად გამართული აქციის მონაწილეა. ისინი პირველად 12 აპრილს ჩავიდნენ ბათუმიდან გუმათში აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

„ბათუმელები“ ამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაეცნო – ჩვენებებს, რაც მოწმეებმა უკვე მისცეს გამოძიებას. საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ მხოლოდ სამი წარმომადგენელი არ იყო კონფლიქტის ადგილზე, როგორც ეს ვერსია თავდაპირველად მედიაში გაჟღერდა – იქ იყო მინიმუმ ქუთაისის მერიის კიდევ ორი საჯარო მოხელე, რომლებიც „ახლოს იცნობდნენ“ პირებს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციიდან“ და მათთან ერთად იყვნენ.

ქუთაისის მერიის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, მათ 12 აპრილს, სამუშაო დღეს, მოულოდნელად აქციაზე წასვლა და ჰესის მშენებლობის გაპროტესტება გადაწყვიტეს. დაპირისპირების დროს მუშტი არ მოხვედრიათ, მაგრამ „გაშველებაში“ მონაწილეობდნენ.

საქმის ადვოკატი და პროცესიდან გაძევებული ირაკლი შავაძე კი, რამდენიმე გარემოებას ასახელებს, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს ამ საქმეში პოლიტიკურ მოტივს.

დაზარალებულის ჩვენება: „ქრისტიან ხალხს გვქონდა პროტესტი“ – რის გამო მოსთხოვეს აქციის დატოვება ბათუმიდან ჩასულებს? 

ამ საქმეში მთავარი დაზარალებული ავთანდილ ახვლედიანია – „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ის კონფლიქტის შემდეგ კამერებთანაც გამოჩნდა და თქვა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„უძლიერესი კაცების“ ფედერაციის 3 სპორტსმენის, ასევე ქუთაისის მერიის დაცვის 2 თანამშრომლის ჩვენებები თითქმის იდენტურია. მათი თქმით, წულუკიძეები და ჭელიძეები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ, რადგან რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და „ქულების დაწერა სურდათ“.

„უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებმა გამომძიებლებს ასევე უთხრეს, რომ წულუკიძეები და ჭელიძეები წარსულში ზოგადად შეურაცხყოფდნენ ქრისტიანობას და კათალიკოს-პატრიარქს.

ამონარიდი ავთანდილ ახვლედიანის ჩვენებიდან:

„აქციის მონაწილეებს შორის დავინახე ჩემი ნაცნობი ძმები – ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, გელა და ირაკლი ჭელიძეები, რომლებიც არიან მოჭიდავეები და აჭარელი მუსლიმები. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე თორნიკეს, თამაზის, გელას და ირაკლი ჭელიძეებს ვიცნობ სპორტიდან. ისინი პროფესიონალი მოჭიდავეები არიან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ძმები ფირუზი და რეზო წულუკიძეები მხარს უჭერენ საქართველოში მეჩეთების აგებას და ლანძღავენ როგორც ჩვენს პატრიარქს, ასევე ჩვენს რელიგიას…

ისინი ასევე არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები. მე მივედი ძმებ ფირუზ და რეზო წულუკიძეებთან, რომლებსაც ვუთხარი, რომ მათ აღნიშნულ აქციაზე არაფერი არ ესაქმებოდათ და უნდოდათ მხოლოდ ქულების დაწერა. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები და რის გამოც ვუთხარი, რომ ამ აქციაზე პარტიებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, მხოლოდ ჩვენ და იქ მყოფ ყველა ქრისტიან ხალხს გვქონდა გულწრფელი პროტესტი და წინააღმდეგი ვიყავით, რომ თურქულ კომპანიას იჯარით არ გადასცემოდა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და იქ არ აეშენათ გიგანტური ჰესი, რაც საფრთხეს უქმნის საქართველს მოსახლეობას. მათ მოვუწოდე, რომ მათი იქ ყოფნა გვაღიზიანებდა და აქედან წასულიყვნენ…“, – აღნიშნა გამოკითხვის დროს ავთანდილ ახვლედიანმა.

ავთანდილ ახვლედიანი ან სხვა მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მხარეები ამ თემებზე შეკამათდნენ, არ აკონკრეტებენ, როდის სად და რა ფორმით მიაყენეს კონკრეტულად შეურაცხყოფა ძმებმა წულუკიძეებმა, ან ჭელიძეებმა პატრიარქს, ან ზოგადად ქრისტიანობას, ან რატომ მიიჩნიეს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციაში“, რომ ვინმეს შეურაცხყოფა ან ოპოზიციური პარტიის წევრობა არის მიზეზი, რომ აქციაში მონაწილეობა შეგიზღუდონ?

კამათს პარტიის წევრობასა თუ ეკლესიის შეურაცხყოფაზე ანალოგიურად აღწერს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ კიდევ ორი წარმომადგენელი – გიორგი ბარჯაძე და დავით ჭოხონელიძე. ავთანდილ ახვლედიანის თქმით, ის ამ პირებთან ერთად მივიდა იმ დღეს აქციაზე  და აქციას რომ დასწრებოდა, თბილისიდან სპეციალურად წამოვიდა დილის 7 საათზე.

„ავთანდილ ახვლედიანმა რეზო წულუკიძეს უთხრა, თქვენ აქ არაფერი არ გესაქმებათო, რადგანაც აქ რომელიმე პარტია არ აწყობს აქციასო და არის ქართველი ხალხის გულწრფელი პროტესტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიის მიერ ჰესის აშენებას. ასევე შეახსენა, რომ ისინი ლანძღავდნენ ჩვენს პატრიარქს და ჩვენს რელიგიას, რადგანაც ქრისტიან მოსახლეობას არ სურს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აგებული იქნას მრავალი მეჩეთი….“, – თქვა ჩვენების მიცემის დროს ოთარ ბენდუქიძემ, რომელიც აქციაზე „უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ სპორტსმენებს ახლდა და თავად ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელია.

პროკურატურის მიერ გამოკითხული მოწმეების მიხედვით, თავდაპირველად შეკამათების დროს სიტუაცია პოლიციელებმა განმუხტეს, ხოლო შემდეგ, როცა აქციის გაგრძელება ორგანიზატორებმა ქუთაისში დაანონსეს, დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა.

ავთანდილ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ისიც ქუთაისში მიდიოდა, მაგრამ თავისი ავტომანქანა ვერ აამუშავა, ტექნიკური შემოწმება დაიწყო და ამ დროს ჩამოიარეს ჭელიძეებმა და წულუკიძეებმა:

„…რეზო წულუკიძემ აგრესიულად და მაღალი ტონით მითხრა, ჩვენთან რა გინდოდა და რატომ გვითხარი აქედან წადითო. მე წყნარად ვუპასუხე და გავუმეორე, რომ მათ აქ არაფერი ესაქმებოდათ, რადგან აქ იყო ქართველი ხალხის გულწრფელი პროტესტი და ისინი ჩამოსულები იყვნენ მხოლოდ ქულების დასაწერად, ასევე გავუმეორე, რომ მათი აქ ყოფნა გვაღიზიანებდა და კვლავ მოვუწოდე, რომ აქედან წასულიყვნენ და ჩვენი პატრიარქი აღარასოდეს გაელანძღათ. ამის თქმაზე რეზო წულუკიძემ მითხრა, თქვენი რელიგიაც და თქვენი დედაცო და შეგვაგინა დედის მისამართით, თან მოულოდნელად მან მომიქნია მარჯვენა მუშტი და პირველი დამარტყა სახეში…

რეზო წულუკიძე, რომელიც არის რიჟა, ძირითადად ორივე მუშტებს მირტყამდა თავისა და სახის არეში, ასევე მან მუშტი მომარტყა ცხვირში და წამომივიდა სისხლი. ფირუზ წულუკიძე, თორნიკე, თამაზი, ირაკლი და გელა ჭელიძეები ასევე სხვები მირტყამდნენ მუშტებს და ფეხებს სახის, თავის, მხრების, გვერდების, მუცლის და ფეხების არეში,“ – აღწერს ავთანდილ ახვლედიანი.

ამ კონფლიქტის დროს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტს 112-ში დაურეკავს და დახმარება უთხოვია.

ბრალდებული თამაზ ჭელიძე მოსამართლეს: მე იქ საერთოდ არ ვყოფილვარ 

ბრალდებულების ვერსიით, კამათის საგანი იყო ის, რასაც დაზარალებულები ჰყვებიან, თუმცა აქ საქმეში ქალი ჩნდება. ბრალდებული სპორტსმენების და მათი მეგობრების თქმით, ავთანდილ ახვლედიანმა შეურაცხყო ქეთი კობაური, რომელიც წულუკიძეებს და ჭელიძეებს ახლდა აქციაზე.

„რეზო წულუკიძე იქ ყველაზე ახლოს იდგა და უთხრა ავთანდილ ახვლედიანს, რას კადრულობ, ქალს როგორ ექცევიო,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც ბრალდებულების ინტერესებს იცავს. – „შემდეგ შუბლი შუბლზე მომადო და დარტყმას აპირებდაო, ამ დროს დაიწყო ჩოჩქოლი, სადაც რთული გასარკვევია, ვინ რას შვრებოდა, მაგრამ ის, რასაც „უძლიერესი მამაკაცები“ ამბობენ, დაუჯერებელია. შეუძლებელია, ადამიანს ტრაილერების გათრევა შეგეძლოს, 20-20 კილო კუნთები გქონდეს, ამ დროს გირტყამდნენ უმიზეზოდ, განიცდიდე ფიზიკურ ტკივილს, როგორც ამას თავად ჰყვებიან და შენ ერთხელაც ხელი არ მოიქნიო… ხოლო ინციდენტის შემდეგ პოლიციაში რეკავდე, მიშველეთო… რეალურად იყო ჩოჩქოლი, შემდეგ ესენი იქვე ახლოს ბუნებრივ ჩიხში მოხვდნენ, წაიქცნენ და დაანებეს ერთმანეთს თავი. ამით ამოიწურა კონფლიქტი,“ – აღნიშნა ირაკლი შავაძემ „ბათუმელებთან“.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმ საღამოს „რუსთავი 2“-ის მიერ გადაღებულ კადრებზე, სადაც არ ჩანს ფირუზ წულუკიძე, ასევე თამაზ ჭელიძე. ადვოკატის თქმით, ფირუზი ამ დროს მოშორებით იდგა და კონფლიქტში არ ჩარეულა, თამაზ ჭელიძე კი, იქ საერთოდ არ იყო.

„მე იქ საერთოდ არ ვყოფილვარ,“ – ეს თამაზ ჭელიძემ მოსამართლესაც უთხრა. მანამდე კი, თამაზ ჭელიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერს, როგორ შეხვდა გზად „უძლიერესი კაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებს და რა გადახდა თავს:

„….გვითხრეს, რომ ნაციონალების ადგილი აქ არ არის და წადითო. ფირუზ წულუკიძემ მათთან კომუნიკაცია არ გააგრძელა. მხოლოდ ქეთი კობაურმა უთხრა, მე ქუთაისელი ვარ, ჩემი სტუმრები არიან და რა თემებზე საუბრობთო. შემდეგ მე ვუთხარი, რომ ჩამოსული ვიყავით ჩვენი ქართველი ძმების მხარდასაჭერად და სხვა თემა სალაპარაკო არ იყო. ეს შეკამათება მოისმინეს აქციის სხვა მონაწილეებმაც, რომელთა ვინაობა არ ვიცი და ავთანდილ ახვლედიანი ხელის მოკიდებით განარიდეს იმ ადგილიდან.

გვითხრეს, რომ ეს ბიჭები იყვნენ სუსის მოგზავნილი პროვოკატორები და არ ავყოლოდით მათ საქციელს… გუმათჰესთან დაგვხვდნენ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები, მათ შორის, სასულიერო პირები და ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც გაიგეს, რომ ბათუმიდან ვიყავი ჩასულები და გვლოცავდნენ. ჩვენ მოგვმართეს აქციის ახალგაზრდა წევრებმა, რომ აქცია არ დაგვეტოვებინა.

ამასობაში, მე ფეხები დამისველდა, ტელეფონიც დასამუხტი მქონდა, რის გამოც გელა ჭელიძეს გამოვართვი თავისი „ტოიოტა პრიუსის“ გასაღები და წამოვედი უკან მანქანის დგომის ადგილისკენ,“ – უთხრა თამაზ ჭელიძემ გამომძიებლებს.

ავტომანქანაში იჯდა თამაზი, როცა დაუნახავს, ავთანდილ ახვლედიანი თანმხლებ პირებთან ერთად როგორ მიდიოდა ისევ საპროტესტო აქციისკენ. რადგან ტელეფონი დასამუხტი იყო, მას სხვა პირის ტელეფონიდან დაურეკავს ფირუზ წულუკიძისთვის, გაერიდეთ მაქაურობას, ისევ მოდიანო. თამაზ ჭელიძის ჩვენების მიხედვით, ამ დროს ავთანდილ ახვლედიანი მოულოდნელად მისკენ მობრუნებულა:

„…ავთანდილ ახვლედიანმა მეორე მხრიდან, ანუ მგზავრის წინა მარჯვენა საქარე მინაზე მომიკაკუნა და დამიძახა, ჩამოწიე ფანჯარაო. მე აღნიშნული საქარე მინა ბოლომდე ჩამოვწიე და თან ოთხივე კარები ჩავკეტე ცენტრალური საკეტით. ავთანდილ ახვლედიანმა ჩამოწეული ფანჯრიდან მითხრა: შენ ბათუმიდან ჩამოსულ ბიჭებს ახლიხარ? რაიმე პროვოკაცია რომ არ მოეწყოთ, ვუთხარი, რომ მათ არ ვახლდი. როგორ არ ახლიხარ, ბიჯო, მაგენის ნაცი დედაცო და შეიგინა დედის მისამართით. ამ დროს მისი თანმხლები ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომლის ამოცნობა არ შემიძლია ამ ეტაპზე, მაგრამ რომ შევხდე შეიძლება ამოვიცნო კიდეც, მოვიდა ჩემს მხარეს ავტომანქანასთან და შეეცადა კარის გაღებას, მაგრამ ჩაკეტილი მქონდა. მე ვიგრძენი საფრთხე, მანქანა დაქოქილი მყავდა, ჯერ დავძარი უკან, რომ გავსულიყავი, რადგან წინ მანქანა იდგა და ამ დროს ავთანდილ ახვლედიანმა ხელი შემოყო და სახის მიმართულებით მომიქნია დასარტყმელად, რომელიც ავიცილე. ამასობაში კი, წინ დავიწყე სვლა, რა დროსაც მანქანას დაუწყეს ხელებით ცემა და მაგინებდნენ… მე დავტოვე იქაურობა და სარკეში შევხედე, ვხედავდი, გამომეკიდნენ… მე დიდი სიჩქარე ავკრიფე და მხედველობიდან დავკარგე,“ – იხსენებს თამაზ ჭელიძე.

თამაზის თქმით, ფირუზ წულუკიძეს ისევ სხვისი ტელეფონით და გზიდან მას შემდეგ გადაურეკა, როცა დარწმუნდა, რომ აღარ მოსდევდნენ. „ჯაჭვის ხიდთან დაგელოდებით მაშინ,“ – უთქვამს თამაზს ფირუზ წულუკიძისთვის.

„ეს ხომ მარტივად დასადასტურებელია გამოძიების მხრიდან: დაურეკა თუ არა მართლაც ფირუზ წულუკიძეს სხვისი ტელეფონიდან ორჯერ თამაზ ჭელიძემ?“ – კითხულობს ადვოკატი. მას სხვა კითხვების დასმაც სურდა სასამართლო პროცესზე, როცა მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა, მაგრამ ის პროცესიდან გააძევეს.

გაძევებული ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე სასამართლოზე: ეს იყო კოლექტიური მართლმსაჯულების მაგალითი 

ადვოკატს რამდენიმე გარემოების გამო მიაჩნია, რომ „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმე“ პოლიტიკურად მოტივირებულია. ირაკლი შავაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება და ამ გზით ხელისუფლებამ დროებით ჩამოიშორა წულუკიძეები და ჭელიძეები, რომლებიც ბოლო დროს საპროტესტო აქციებზე ყველგან ჩანდნენ.

„დავიწყოთ იქედან, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წარმომადგენლები, ყველა ერთნაირად ჩამოთვლის ჩვენებაში ექვსივე ბრალდებულს, ამათ სპორტული ღონისძიებებიდან ვიცნობდითო, მაგრამ საიდან, რომელი სპორტული ღონისძიებებიდან იცნობდნენ? რეალურად სპორსტმენი ამ ექვსი კაციდან მხოლოდ თორნიკე ჭელიძე და ფირუზ წულუკიძეა, მასაც ბოლო რამდენიმე წელია არ უვარჯიშია,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე საინტერესო ჩვენების მიცემა შეუძლია, მაგრამ ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს ბრალდებული ჭელიძეების ბიძა – ჯიმშერ ჭელიძეს. ის ქუთაისში ცხოვრობს და ისიც „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წევრი ყოფილა.

„უთქვამს ძმისშვილებისთვის, რა ვიცოდი, თქვენზე თუ იყო საუბარი, თორე გაგაფრთხილებდითო… მეც მითხრეს ფედერაციიდან, 12-ში ნაციონალები აპირებენ ჩამოსვლას აქციაზე და დაგვეხმარე ცემაში, ვიკრიბებით სპორტსმენებიო. ავთანდილ ახვლედიანმა ისიც კი არ იცოდა, ვისთვის დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, მისი მეგობრის ძმისშვილები იყვნენ, არათუ ის, რომ თურმე სპორტულ დარბაზებში ხვდებოდა,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯიმშერ ჭელიძეს. მან გვითხრა, რომ ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს და ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

ირაკლი შავაძე საუბრობს სამართალწარმოების კონკრეტულ დარღვევებზე:

„შუამდგომლობა არც კი იყო შესული სასამართლოში, რომ სასამართლოსთან უკვე მობილიზდნენ სპეცრაზმელები, ავტომანქანებით, ვის ვინ უნდა გადაეყვანა, ეს გაინაწილეს, ანუ წინასწარ იცოდნენ, რომ სხდომა გაიმართებოდა და აუცილებლად პატიმრობას შეუფარდებდნენ ბრალდებულებს. სასამართლოს შეეძლო 16 აპრილის ნაცვლად 17 აპრილს დღის 4 საათამდე განეხილა ეს საქმე, მაგრამ 300-გვერდიანი საქმის განხილვა შუამდგომლობის სასამართლოში შესვლიდან ერთ საათში დანიშნეს.

პროკურორიც კი დათანხმდა შუამდგომლობას, საქმის განხილვის გადადებაზე, როცა ვთქვი, რომ ასე, საქმის მასალების გაუცნობლად იზღუდება დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. პროკურორმა თქვა, ერთი საათი მივცეთო და ამაზეც უარი თქვა მოსამართლემ,“ – აღნიშნა ირაკლი შავაძემ.

ჭელიძეებს და წულუკიძეებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან თხელიძემ შეუფარდა. სანამ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ბრალდებულებმა და ადვოკატებმა.

„მე სხდომა დავტოვე, რადგან ბრალდებულებმა მთხოვეს ეს. მოსამართლეს არ უთქვამს, რომ უნდა დავრჩენილიყავი დარბაზში. მე უნდა გამერკვია, ხომ არ მიყენებდნენ აცილებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები… შემდეგ იურიდიული დახმარების იურისტებთან ერთად შევხვდი ბრალდებულებს და გავარკვიე, რომ არ მიყენებდნენ აცილებას, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ შემატყობინა, გაძევებული ხართო. მას არ მიუთითებია კონკრეტულად, რის გამო გამაძევა დარბაზიდან. სხდომა საღამოს 11-ზე განახლდა, სადაც აღარ დამიშვეს. ამით კიდევ ერთხელ დაირღვა დაცვის უფლება. თავიდან ბოლომდე ეს იყო თვითნებური დაკავება, გადაწყვეტილებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც წინა წლებში მოსამართლედ მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„კოლექტიური მართლმსაჯულება“ – კიდევ ამ პრობლემას გამოყოფს ირაკლი შავაძე, რაც „წულუკიძეების საქმეში“ დაინახა პირველი წარდგენის სხდომაზე. ადვოკატი შენიშნავს, რომ მოსამართლეს ცალ-ცალკე არ უმსჯელია თითოეული ბრალდებულის შესახებ. არ უმსჯელია, მაგალითად, ირაკლი ჭელიძის შესახებ, რომელიც 20 წლისაა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეხება.

„მით უმეტეს, როცა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, ამ დროს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ განიხილოს განრიდების საკითხი, მის მიმართ დაიწყოს თუ არა საერთოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, შენ კი, პირდაპირ ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებ. პირველ რიგში, ბრალდების მხარის ვალდებულება იყო, მასთან განეხილა განრიდების საკითხი, რაც არ განუხილავს…

კოლექტიური კი ამას ნიშნავს, რომ ჩამოწერეს 6 პირის სახელ-გვარი და ერთიანად განიხილეს. ეს საბჭოთა კავშირის დროსაც კი იყო პრობლემა, ხვდებოდნენ ამას და აკრიტიკებდნენ,“ – დასძინა ირაკლი შავაძემ.

ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე პროკურორის აცილებაც ითხოვა, რადგან ყოფილი მოსამართლისთვის გაუგებარია, როგორ წარუდგინეს ბრალი ადამიანებს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით [მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა], როცა ამ მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაწყებული საერთოდ არ არის?

„შესაძლოა, პირის იდენტიფიცირება რთულია და ვერც გამოიკვეთოს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ პირველი მუხლი თუ არ არის, ანუ თავად დანაშაულებრივი ჯგუფური მოქმედება, რასაც თან ახლავს ძალადობა, მასში მონაწილეობას როგორ ედავები ვინმეს? ეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმაც კი იციან,“ – გაოცებას ვერ მალავს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ვინ არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ და „უძლიერეს მამაკაცების“ სასარგებლოდ მისცეს ჩვენება

„უძლიერეს მამაკაცთან ფედერაციის“ სპორტსმენების გარდა, „წულუკიძეების საქმეში“ ნახავთ ქუთაისის მერიის ორი თანამშრომლის ჩვენებას, რომლებმაც გამოძიებას უთხრეს, რომ ნაცემ სპორტსმენებს კარგად იცნობენ და ამ კონფლიქტში გამშველებლის ფუნქცია ჰქონდათ.

მაგალითად, ოთარ ბენდუქიძე ქუთაისის მერიის შიდა უსაფრთხოების სამსახურის დაცვის თანამშრომელია. ის საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირად ითვლება. ჩვენებაში ის არაფერს წერს, რატომ მოუნდა ჰესის მშენებლობის გაპროტესტება მაინცა და მაინც სამუშაო დღეს, ან რა ფორმით გაითავისუფლა თავი სამსახურიდან?

„…12 აპრილს მეგობართან გიორგი გორგიძესთან ერთად ვიმყოფებოდი წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, სადაც ვაპროტესტებდი ნამახვანჰესის მშენებლობას, რადგან ვთვლი, რომ არ უნდა შენდებოდეს რიონის ხეობაში აღნიშნული ჰესი“.

სპორტსმენების მსგავსად, ქუთაისის მერიის თანამშრომელიც ანალოგიურად ამბობს, რომ „წულუკიძეები წარსულში ლანძღავდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს,“ – აღნიშნავს ოთარ ბენდუქიძე. „უძლიერესი მამაკაცების“ მსგავსად, არც ბენდუქიძე აკონკრეტებს, სად მოისმინა პატრიარქის ლანძღვა წულუკიძეებისგან, რომელიც ასე დაამახსოვრდა, რომ აქციის მონაწილეებს შორის იცნო.

„…ჩვენ მოვახერხეთ და მოძალადე მამაკაცები მოვაშორეთ ავთანდილ ახვლედიანს, გიორგი ბარჯაძეს და დავით ჭოხონელიძეს, განვმუხტეთ ვითარება,“ – ასრულებს ქუთაისის მერიის თანამშრომელი.

„არ ვიცი არაფერი, ვერ დაგელაპარაკებით“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე გაგვიმეორა ოთარ ბენდუქიძემ, როცა მას ტელეფონით დავუკავშირდით და განმარტებები ვთხოვეთ, მაგალითად: როგორ მოხდა, რომ 12 აპრილს, სამუშაო დღეს გაუჩნდა აქციაზე დასწრების სურვილი, როცა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები წინა დღეებშიც იმართებოდა?

„მე ის გიორგი არ ვარ, სხვა ვარ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი?“ – გვკითხა ქუთაისის მერიის მეორე თანამშრომელმა. ჩვენ გიორგი გორგიძის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ტელეფონზე დავრეკეთ. ოქმის მიხედვით, გიორგი გორგიძე ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციის „რამაზ შენგელიას სახელობის მოედნის შიდა უსაფრთხოების“ დაცვის თანამშრომელია.

გიორგი გორგიძე განსხვავებით ოთარ ბენდუქიძისგან დასძენს, რომ „უძლიერესი მამაკაცები“, რომლებიც წულუკიძეებმა და ჭელიძეებმა მათი თქმით სცემეს, მისთვის „კარგად ნაცნობი პირები“ არიან. გიორგიც სხვების მსგავსად აღწერს, რომ წულუკიძეების მხრიდან პატრიარქის ლანძღვა გაახსენდა და კამათს შეესწრო, ხოლო შემდეგ „რეზო წულუკიძემ შეაგინა ავთანდილ ახვლედიანს, ასევე შეიგინა ჩვენი რელიგიის მისამართით და თან მუშტი დაარტყა სახეში ავთანდილ ახვლედიანს…. აღნიშნულის შემდეგ ავთანდილ ახვლედიანს, გიორგი ბარჯაძეს და დავით ჭოხონელიძეს ყველამ ერთად დაუწყეს ხელებითა და ფეხებით ცემა,“ – დაასრულა გიორგი გორგიძემ.

„ვერ დაგელაპარაკებით, ჩვენ გამოძიებას მივეცით ჩვენება,“ – გვითხრეს „უძლიერეს  მამაკაცთა ფედერაციის“ წევრებმა – დავით ჭოხონელიძემ და გიორეგი ბარჯაძემ. საუბარს დაგვპირდა ამ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი – ავთანდილ ახვლედიანი, ერთ საათში დაგელაპარაკებითო, თუმცა ერთ საათში ავთანდილ ახვლედიანის ტელეფონი საერთოდ გამოირთო.

საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს

ბათუმისა და სენაკის მიმართულებით აღდგომის დღეებში საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დამატებითი რეისები 29, 30 აპრილსა და პირველ მაისს დაინიშნა.

დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმათულებით 07:25 საათზე გამოვა და ბათუმში დღის პირველ საათზე ჩამოვა, ხოლო ბათუმიდან 13:40 საათზე გავა და თბილისში 19:12 საათზე ჩავა.

რაც შეეხება სენაკის მიმართულებას: დამატებითი რეისი თბილისიდან 08:30 საათზე გამოვა და სენაკში 13:15 საათზე ჩავა, ხოლო სენაკიდან 13:50 საათზე გავა და თბილისში 18:40 საათზე ჩავა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

 

 

ქართული კალიგრაფიის კონკურსის 3 გამარჯვებული თურქეთიდან -„ქართული ანბანი ცეკვას ჰგავს“

სელამ გუმუში, მინე აქთაი და იუქსელ ბაიდარი თურქეთის მოქალაქეები არიან. მათ წელს გაიმარჯვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  კონკურსში – „ქართული კალიგრაფია“.

50 წლის სელამ გუმუში სტამბოლში ცხოვრობს. იგი წარმოშობით ქართველია, სოფელ უბეში [ამჟამად სოფელი ობა – თურქულად] გაიზარდა და უკვე 30 წელია ქართულად წერს.

სელამი ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული ქართული ენის შემსწავლელი ონლაინკურსის მოსწავლეა.

სელამმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი“ და, ასევე, გახდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის რჩეული კონკურსანტი.

სელამი პროფესიით მექანიკური კონსტრუქტორია. ქართულ ენასთან ჩემი წარმომავლობა მაკავშირებსო – გვითხრა მან.

სელამი გუმუში

„დავიბადე ქართულ სოფელში, ქართველების ოჯახში. ქართული მესმოდა, მაგრამ ოჯახში, სამწუხაროდ, თურქულად ვლაპარაკობდით.

მიუხედავად იმისა, რომ დედა ეროვნებით ქართველია, მის სოფელში ქართული ენა დავიწყებული აქვთ. მამაჩემზე როცა გათხოვდა და სოფელში დასახლდნენ, სახლშიც თურქულად საუბრობდნენ, რადგან მამა საჯარო მოხელე იყო. ამის გამო მე ვერ ვსაუბრობდი ქართულად და სოფელში ქართულად დასმულ კითხვებზე თურქულად მიხდებოდა პასუხის გაცემა“, – გვიამბო სელამმა.

ქართული ანბანი მან უკვე კარადენიზის უნივერსიტეტში სწავლისას შეისწავლა. მანამდე კი ქართულ სიტყვებს ლათინური ასოებით წერდა.

„ჩემი სოფლის მეზობელ სოფელში მცხოვრებმა ქართველმა, „ქართული კაფეს“ მფლობელმა უღურ ზუბოღლუმ მკითხა, რატომ ვწერდი ქართულ სიტყვებს ლათინური და არა ქართული ასოებით, რისთვისაც მე მისი მადლობელი ვარ.

ამის შემდეგ ჩემი მეგობრების სახელების და საჭირო ქართული სიტყვების წერა ქართული ასოებით დავიწყე, რომელიც მანამდეც ძალიან მომწონდა.

ქართულად წერა იმდენად გამიადვილდა, რომ ვფიქრობ, ამისი მიზეზი გენეტიკური კოდია. მშობლიურ ენაზე წერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

დაახლოებით 30 წელია ვწერ ქართულად“, – ამბობს სელამი.

სელამ გუმუშის ხელნაწერი

მისი აზრით, ქართული ანბანი ცეკვას ჰგავს:

„ჩემი აზრით, ქართული ანბანის მოხაზულობა ესთეტიკური თვალსაზრისით ქართულ ცეკვებთან არის დაკავშირებული. ანბანის მრგლოვანმა მოხაზულობამ და ერთმანეთთან ჰარმონიაში ყოფნამ  გამოიწვია ჩემი ინტერესი“, – ამბობს სელამი.

სელამი საქართველოში ბევრჯერაა ნამყოფი, ბათუმი და მაჭახელას ხეობის სოფლებიც მოვლილი აქვს.

26 წლის მინე აქთაი თურქეთში, დუზჯეს უნივერსიტეტში სწავლობს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას – პირველ კურსზეა.

მინე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის რჩეული კონკურსანტი გახდა ორიგინალური ნამუშევრისთვის.

იგი ქართული კალიგრაფიის კონკურსში დუზჯეს უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოეწონათ ჩემი კალიგრაფიო, ამბობს მინე.

„ქართულად ვწერ, ვკითხულობ, თუმცა ისე კარგად ვერ ვლაპარაკობ. მინდა ქართული კარგად ვისწავლო, ამიტომაც ვესწრები ტრაპიზონის საკვირაო სკოლის ონლაინგაკვეთილებსაც“, – გვითხრა მინემ.

მინე აქთაი

„მე მართლა გულწრფელად მიყვარს ქართული ენა, ქართული კულტურა… მაოცებს ქართული ანბანი.

სიხარულით ვემზადები ყოველდღე ახალი გაკვეთილისთვის. ამ განწყობისთვის, ამ სიყვარულისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, დუზჯეს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს მაკა სალიასა და ასევე, ასოცირებულ პროფესორს, შორენა ლომაიას“, – ამბობს მინე.

მინე აქთაი ბევრჯერაა ნამყოფი საქართველოში.

ძალიან მიყვარს ქართული ენა, ყოველ ჩასვლაზე რაღაც ახალს ვიგებ და სიხარულით მავსებს იქაურობაო – ამბობს.

მინე აქთაის ხელნაწერი

იუქსელ ბაიდარი დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია. მან გაიმარჯვა ნომინაციაში ,,ქართული ენისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული დამოკიდებულება“.

მან ქართული ენის შესწავლა უნივერსიტეტში 2017 წელს დაიწყო.

იუქსელ ბაიდარი

„მე ავირჩიე ეს ენა… ვსწავლობ ოთხი წელია.

როდესაც პირველად დავინახე ქართული ანბანი, ძალიან საინტერესო და ლამაზი მომეჩვენა. რამდენიმე გამოკვლევა ჩავატარე და მართლაც ქართული ანბანის ასოებს უნიკალური ესთეტიკა ჰქონდა, უფრო და უფრო დავინტერესდი… უნივერსიტეტშიც ყოველწლიურად ტარდებოდა ქართული კალიგრაფიის კონკურსი და ყოველ წელს ვიღებდი მონაწილეობას“, – გვითხრა იუქსელმა.

იუქსელ ბაიდარის ხელნაწერი

იგი ამბობს, რომ ქართულად წერის და, ზოგადად, ქართული ენის სწავლა თავიდან რთულია, მაგრამ როცა გიყვარს და სიყვარულით აკეთებ, უფრო გიმარტივდება, გიხარია და არ გრძნობ სირთულესო – ამბობს იუქსელი.

საქართველოში იუქსელი ორჯერაა ნამყოფი.

„პირველ კურსზე ქუთაისში ერთკვირიან საზაფხულო სკოლაში ვიყავი. პროგრამაში იყვნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები – ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებიდან. მესამე კურსზე საქართველოს განათლების პროექტის ფარგლებში, კურსელებთან ერთად ვიმოგზაურე თბილისში. ეს იყო ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი ერთი კვირა.

ვნახეთ ისტორიული ადგილები, ეკლესია-მონასტრები, მეჩეთი, სინაგოგა… ეთნოგრაფიული მუზეუმი; ქართული სტუმართმოყვარეობა… ძალიან ბედნიერი დავბრუნდით დუზჯეში. მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა ბათუმი. ძალიან მომეწონა საქართველო და ქართველი ხალხი“, – ამბობს იუქსელი.

როგორ აფასებს სულიკო თებიძე ბულვარის დირექტორის გათავისუფლებას

დღეს, 27 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ დაწყებულია ბულვარის მერიისთვის გადაცემის პროცედურები.

მან სხდომაზე მყოფ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს მიმართა, რომ ეს პროცედურები დააჩქაროს.

სულიკო თებიძემ ასევე თქვა, რომ არ აპირებდა კომენტარის გაკეთებას ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის „არაადეკვატურ ქცევაზე“, მაგრამ მაინც გადაწყვიტა თქვას, რომ ის თავის თანამშრომელს მხოლოდ ასეთი ქცევისთვის გაათავისუფლებდა.

„ასე არაადეკვატურად რომ მოქცეულიყო ჩემი თანამშრომელი, მხოლოდ ასეთი მოქცევის გამო გავათავისუფლებდი“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.

ქობულეთში კოვიდის გამო 3 სკოლა დახურეს – 27 აპრილი

დღეს, 27 აპრილს, ქობულეთში სამი საჯარო სკოლა დაიხურა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სოფელ ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში, საჩინოს და ნაკაიძეების საჯარო სკოლებში.

ასევე გაიზარდა ონლაინსწავლებაზე გადასული კლასების რაოდენობა. გუშინ 24 კლასი იყო ონლაინსწავლებაზე, დღეს კი 7 კლასი დაემატა. სულ 33 კლასია ამ დროისთვის ონლაინსწავლებაზე გადასული.

სკოლებში ოფიციალურად სასწავლო პროცესი პარასკევს, 30 აპრილს, შეწყდება და 14 მაისს განახლდება.

ბოლო 24 საათში კოვიდით 17 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1578 ახალი შემთხვევა

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4060 პირი გარდაიცვალა.

26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4,19%.

კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3644 პაციენტი. 

 

აჭარაში კოვიდის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 27 აპრილი

27 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში.

ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 352 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, მათგან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

283 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება.

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 16 სკოლა, 33 კლასი ონლაინსწავლებაზეა გადასული.

როცა საქმე დიდ ფულს ეხება – ანტიკური ნაქალაქარის ამბავი ქობულეთის ფიჭვნარში

როცა საქმე დიდ ფულს ეხება, ინვესტორის კომფორტულად მოქმედებისთვის, მისთვის სასურველი პირობების მისაღებად, მთავრობა, როგორც დამხმარე და ხელშემწყობი, ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ასე მოხდა ქობულეთის ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარის შემთხვევაშიც – მთავრობის ზეპირი განცხადებით, აქ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.  ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად კი, კომპანია აქ 250 მილიონ ლარს დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, რამდენად ღირებულ და დაცულ ტერიტორიას ეხება საქმე, რამდენად ფასეული შეიძლება იყოს ის, რასაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შესვლის შემდეგ კარგავს ქვეყანა ან შეიძლება დაკარგოს, გადაწყვეტილებას მაინც დიდი ფულის სასარგებლოდ იღებენ. მთავრობის ასეთ პოლიტიკას ყოველთვის აკრიტიკებენ, წუხან, წერილებს წერენ და ღია მიმართვებს ავრცელებენ სპეციალისტები, თუმცა „ქარავანი მაინც მიდის“.

ამჯერად სამოქმედო არეალი ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შპს „გრინ რიზორტს“ გაუსუფთავეს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ფიჭვნარის ნაქალაქარის იმ ტერიტორიის საზღვრები შეცვალა, რომელსაც 2020 წლის მარტში თავადვე მიანიჭა ძეგლის სტატუსი, სააგენტომ ამ გადაწყვეტილებით ძეგლის ტერიტორიას  ნაკვეთები, არანაკლებ 10 ჰექტარი, გამოაკლო.

სპეციალისტების განმარტებით, სტატუსის გარეშე დარჩა ძველი ნამჭედური, ანუ ანტიკური პერიოდის ნაქალაქარის ტერიტორია, რომელიც ჯერ არ შეუსწავლიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიჭვნარის ნაქალაქარზე, 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სტატუსის მოხსნა კომპანიამ საკუთარი გავლენებით, მთავრობის მონაწილეობითა და დიდი მონდომებით მოახერხა.

ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ სტატუსმინიჭებული ტერიტორიის საზღვრების შესაცვლელად დასკვნა იმ მეცნიერს დააწერინეს, რომელმაც მანამდე ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა ასევე წერილობით დაასაბუთა. მეტიც, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ ამირან კახიძის დასაბუთება მიუთითა საფუძვლად, როცა ტერიტორიას სტატუსს ანიჭებდა.

ტერიტორია საზღვრების შეცვლამდე, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

დასკვნის ავტორი პროფესორი ამირან კახიძე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ყოფილი დირექტორია. ამჟამად ის სსიპ „აჭარის მუზეუმის“ [მუზეუმების გაერთიანება] დირექტორის მრჩეველია.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია ისიც, რომ პირველი დასკვნა, რომლითაც მეცნიერი ფიჭვნარის ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას ასაბუთებდა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში სსიპ „აჭარის მუზეუმის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, სულხან ოქროპირიძემ 2020 წლის 13 თებერვალს გააგზავნა და ტერიტორიისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

ამ სიახლით შეწუხებულმა ინვესტორმა აჭარის მთავრობას მიმართა. სულხან ოქროპირიძის „ზედმეტი ინიციატივები“ ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში განიხილეს და ჩათვალეს, რომ მას „შეეშალა“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში „აჭარის მუზეუმიდან“ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან ოქროპირიძე აწერს ხელს, ვკითხულობთ:

„… ამჟამად, როგორც სამაროვანი, ისე ნაქალაქარის მნიშვნელოვანი ნაწილი გასხვისდა კერძო პირზე, რაც კიდევ უფრო დიდ საშიშროებას უქმნის ამ უნიკალურ ძეგლს. გთხოვთ, დაგვეხმაროთ ნაქალაქარის ტერიტორიის [ე.წ. ნამჭედურის ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საქმეში, ხოლო სამაროვანზე მოვახერხოთ ისეთი რეგულაციების დაწესება, რომ არქეოლოგიური დასკვნის გარეშე არ განხორციელდეს არანაირი სამშენებლო საქმიანობა.“

წერილს თან ერთვის ძეგლის სააღრიცხვო ბარათი და პროფესორ ამირან კახიძის დასკვნა, სადაც ის წერს:

„…გორაზე დაცულია ექვსი კულტურული ფენა. არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ გვიან ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურიდან ფიჭვნარში, კერძოდ, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის ხერთვისის ზონაში გაჩნდა სათემო დასახლებები, რომელთა გაერთიანების გზით წარმოიქმნა (ძვ.წ. XII ს-დან) დაბის ტიპის მსხვილი დასახლება, რომელიც ძვ.წ. VIII-VII სს მოითვლიდა არა მარტო მდინარეთა ხერთვისის ზონას, არამედ ტერიტორიას, რომელიც მდინარიდან ახალშავზღვურ ტერასამდე ვრცელდებოდა. ძვ.წ. VI-V სს-ში ფიჭვნარ-ჩოლოქის მსხვილი დასახლება ქალაქური ტიპის დასახლებად გაფორმდა. აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ჯარგვლის ტიპის ნაგებობები, ანტიკური ხანის ბათქაშიანი შენობის ნაშთები, თიხით მოტკეპნილი და მოკირწყლული ეზო-მოედნები, შესაბამისი პერიოდის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საკულტო (მათ შორის, ბერძნული კულტურისათვის დამახასიათებელი) დანიშნულების საგნები.“

ამირან კახიძე ამავე დასკვნაში წერს, რომ ამჟამად გათხრილია ნაქალაქარის ტერიტორიის ძალიან მცირე ნაწილი – კოლხური სამაროვანი (ძვ.წ. V-IV სს.). დღეისათვის სულ 500 სამარხია გათხრილი.

ამირან კახიძე: „ძირითადად ოთხკუთხა ან ოვალური ორმოსამარხებია, რომლებიც დამხრობილია ჩრდილოეთით (ადგილობრივი რწმენით) ან აღმოსავლეთით (დაკრძალვის ბერძნული წესის გავლენით). ასევე, გათხრილია ხის კუბოიანი ან სახურავიანი სამარხებიც. დაკრძალულია სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები. მდიდარი კოლხი მოსახლეობის სამარხები არ დაფიქსირებულა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ ისინი ვანის მსგავსად ქალაქის სხვა ადგილას იკრძალებოდნენ. კოლხურ სამაროვანზე დაკრძალვის წესში ჩანს ბერძნული ტრადიციის ელემენტები: ქარონის მონეტის ჩაყოლება და აღაპის წესის შესრულება. ადგილობრივ ნაწარმთან ერთად აღმოჩენილია იმპორტული ნივთებიც. სამეთუნეო ნაწარმიდან გამოიყოფა ლოკალური ჯგუფი – ე.წ. ფიჭვნარული დოქები. აღმოჩენილია კოლხური ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები. მრავლადაა ნაპოვნი კოლხური მონეტები, მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა კოლხური ფულის უმცირესი ნომინალი – ჰემიტეტარტემორიონები, რომელიც მხოლოდ ფიჭვნარშია აღმოჩენილი“.

წერილის ბოლოს ამირან კახიძე ასკვნის:

ფიჭვნარის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ძეგლთან, რომლის მემკვიდრეობაზე, მის მოვლა-პატრონობაზე არცერთი ოდნავ ცივილიზებული ქვეყანაც კი არ იტყოდა უარს. ფიჭვნარის ნაქალაქარის სპეციფიკიდან გამომდინარე და რიგი სხვა მიზეზების გათვალისწინებით (სამაროვნის გათხრის შემდეგ ადგილზე არაფერი რჩება, დიუნური ნამოსახლარის უდიდესი ნაწილი უკვე აღარ არსებობს), აუცილებელია ნაქალაქარის შენარჩუნებისთვის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭოს მის ნამოსახლარ ნაწილს – ნამჭედურს, რომელიც შესაძლებელია შენარჩუნდეს და იქცეს არქეოლოგიურ საიტად.

სპეციალისტი ეროვნულ სააგენტოს ასევე წერდა, რომ ნაქალაქარის  უდიდესი ნაწილი მიწით არის დაფარული, ხოლო დიუნური დასახლების უდიდესი ნაწილია დღეისთვის უკვე განადგურებული. ნაქალაქარის გათხრილი უბნების შესანარჩუნებლად სერიოზულ პრობლემას ქმნის გრუნტის წყლები. თუმცა, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში, შესაძლებელია ცალკეული მონაკვეთების ფიქსაცია და კონსერვაცია. განსაკუთრებით, კოლხური სამაროვნის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ბოლომდე შესწავლილი, ხშირია ქვიშის თვითნებური გატანის შემთხვევები, რაც სამარხების დარღვევას იწვევს.

2021 წლის 25 მარტს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიას 10 ჰექტარი გამოაკლო. კითხვაზე რას ეყრდნობოდა სააგენტო, როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, გვიპასუხეს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ გამოუგზავნა ასევე წერილის ასლი, რომელსაც პროფესორი ამირან კახიძე აწერს ხელს. ამ წერილით ის საზღვრების დაკორექტირებას ითხოვს. წერილი 2020 წლის ნოემბერში, სტატუსის მინიჭების მოთხოვნიდან ზუსტად 9 თვეშია დაწერილი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭო, რომელსაც ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა, 2021 წლის 28 იანვარს შეიკრიბა და საზღვრების დაკორექტირებას მხარი ისე დაუჭირა, რომ სხდომაზე არც კი უმსჯელიათ. როგორც ოქმში წერია, კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ ჯაფარიძემ დადებითად შეაფასა საკითხი არქეოლოგიური ძეგლის გავრცელების საზღვრების კორექტირების თაობაზე, ხოლო დამსწრე კომისიის წევრებმა ერთხმად გაიზიარეს თავმჯდომარის პოზიცია.

ამ ოქმში კიდევ ერთი საინტერესო წინადადების მიხედვით, საკითხი დღის წერიგში ისევ სულხან ოქროპირიძის მიმართვის საფუძველზე შეიტანეს. არადა, ის ამ დროს უკვე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო, ის 2020 წლის 28 დეკემბერს მოხსნეს.

ყველაფერი ქრონოლოგიურად რომ დალაგდეს, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე სტატუსის მინიჭებიდან ცოტა ხანში სულხან ოქროპირიძეს „მისი ზედმეტი ინიციატივებით გაფუჭებული საქმის გამოსწორება მოსთხოვეს“ და მანაც სცადა.

საზღვრების დაკორექტირებაზე მოთხოვნა, ამირან კახიძის ასევე შეცვლილ არგუმენტებთან ერთად სააგენტოში თავად გააგზავნა და საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღება მოითხოვა, სადაც 2020 წელს მოკლევადიანი კვლევები ჩაატარეს და შურფები გაავლეს [ანუ ტერიტორია შეამოწმეს. საკონტროლო თხრილები ანუ შურფები ივლება ტერიტორიის შემოწმების მიზნით, შეიცავს თუ არა ის არქეოლოგიურ ნაშთებს]

ეროვნულმა სააგენტომ ეს საკითხი 2020 წლის სექტემბერში ზუმით ჩატარებულ სხდომაზე განიხილა. საბჭოს წევრებმა ურყოფითი პოზიციები დააფიქსირეს და დაკორექტირებაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ სულხან ოქროპირიძე მოხსნეს.

ის მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს.

უცნობია, რატომ და ვისი მოთხოვნით განიხილეს გადაყენებული მუზეუმის დირექტორის წერილი ხელმეორედ, თუმცა ვიცით, რომ ამ სხდომას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილი ესწრებოდა და კორექტირების ვარიანტი საბჭოს სწორედ მან წარუდგინა.

„ბათუმელებთან“ საუბარი არც ლაშა ასლანიშვილმა ისურვა.

____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29-30 აპრილს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

_________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

თურქეთში 17 მაისამდე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

შესწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ იკეტება თურქეთის საზღვრები, თუმცა საუბარია არა საზღვრების დაკეტვაზე, არამედ ლოქდაუნზე ქვეყნის საზღვრებში. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ. 

თურქული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, თურქეთში სრული ლოქდაუნი ცხადდება – ქვეყანა 18 დღით იკეტება.

ინფორმაცია ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თავად პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცნო მედიას.

პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიის დაძლევის მიზნით, თურქეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ 2021 წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 2021 წლის 17 მაისამდე მთელს ქვეყანაში სრული ლოქდაუნი გამოაცხადოს.

თურქეთმა 22 აპრილს 19:00 საათიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა აუკრძალა. ამ აკრძალვის ვადა დღეს, 26 აპრილს ამოიწურა.

სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს შეუძლიათ უქმე დღეებში მუშაობა – მთავრობა

აღდგომის დღესასწაულის, 2 მაისის შემდეგ საქართველოში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია გამოცხადებული, თუმცა მუშაობა არ შეეზღუდებათ სავაჭრო მოლებსა და რესტორნებს.

ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

მისი განმარტებით, ეს არის უქმე დღეები და სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

„ერთადერთი რაც არის, არის გამონაკლისები დაშვებული, ვისაც ეს უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად სამედიცინო, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ გაჩერდეს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამავე თემაზე: 

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

“სილქფესტი” მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეთავაზებს

სილქფესტი“ 27 აპრილს მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და ულიმიტო სასაუბრო პირობებს შეთავაზებს:
[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – ჩართვა კომბინაციით *019#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10 ლარად – ჩართვა კოდით *202#

[/checklist]
პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

ერთდროულად ორივე პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა მიეცემათ, როგორც  ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

*უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე არ ვრცელდება სპეცდანიშნულების ნომრებზე.

გაბუნია: 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზების გეგმა გვაქვს

დღეს, 26 აპრილს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფექციის მატებასთან ერთად იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში.

„დღეის მდგომარეობით 3700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში.

მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს – 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევები დაახლოებით არის 14 000-მდე.

გასული, მეორე ტალღის პერიოდში, როდესაც აქტიური შემთხვევები იყო 31 000-მდე, ეს იყო მაქსიმუმი, პიკური მაჩვენებელი. ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა საშუალოდ 6700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, დაახლოებით 7500 საწოლის მობილიზება სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაში ის საწოლფონდი რაც გვაქვს, არის სრულად საკმარისი. მეტი დატვირთვაა თბილისზე,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.

„სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილობის შემცირების მიზნით 3-დან 12 მაისის ჩათვლით საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 4-11 მაისი გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებს ღიბრაძე.

აღდგომის ღამეს გადაადგილება 23 საათიდან შეიზღუდება

პირველ მაისს, აღდგომის დღესასწაულის წინა ღამეს, კომენდანტის საათი ამოქმედდება ღამის 9 საათის ნაცვლად ღამის 11 საათზე და დასრულდება 2 მაისს, დილის 4 საათზე.

ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს, საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს.

აღნიშნული წესი გამონაკლისის სახით იმოქმედებს მხოლოდ დროის ამ მონაკვეთში. 2 მაისს კომენდანტის საათი კვლავ საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე ამოქმედდება.

 

3-12 მაისს ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ იმუშავებს.

ასევე არ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები.

ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით 3-12 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მაშტაბით გაჩერდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას.

მერია ტროტუარებს გადასცემს რესტორნებს პირდაპირი წესით და შემცირებული ფასით

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ქალაქში არსებულ კომერციულ ობიექტებს საქმე გაუადვილოს და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისების შესაძლებლობა აუქციონისა და ზედმეტი სირთულეების გარეშე, პირდაპირი წესით მისცეს.

ეს სიახლე ძირითადად იმ მაღაზიებს, რესტორნებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხება, რომლებიც გარე ვაჭრობით ან სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევის მიზნით ტროტუარებს იყენებენ.

გარდა იმისა, რომ ტროტუარების ათვისებას დაინტერესებული პირები პირდაპირი წესით შეძლებენ, მერია საზოგადოებრივი სივრცით სარგებლობის ფასსაც ამცირებს. მიზეზი – შესაძლებელია მალე უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ.

„შექმნილი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა შესაძლებელია უმძიმესი ეკონომიკური კრიზის წინაშე დადგეს. მათ შორის ბათუმში დაიხურა ბევრი სავაჭრო სარეალიზაციო ობიექტი, სარესტორნო ბიზნესი, ხოლო ვინც შეძლო და გაართვა ამ რთულ ეპიდსიტუაციას თავი, აგრძელებენ საქმიანობას, მკაცრი კოვიდრეგულაციების და შეზღუდვების დაცვით“, – წერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში. 

განკარგულების მიხედვით, მერიამ ტროტუარის ათვისების ფასები ასე გადაანაწილა:

  • ხილ-ბოსტნეული, ბაღჩეული, განთავსებული ვერტიკალურ სტელაჟზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით: 1 კვ.მ – 5 ლარი თვეში.
  • მაცივარი [სანაყინე, გამაგრილებელი] სავაჭრო ობიექტის წინ: 1 კვ.მ – 5 ლარი თვეში.
  • რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მომსახურების გაწევისათვის [მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ.]: 1 კვ.მ – 3 ლარი თვეში.
  • რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მომსახურების გაწევისათვის [I კლასის ობიექტის]: 1 კვ.მ – 5 ლარი თვეში.
  • ჯიხური: 1 კვ.მ. 10 ლარი თვეში.
  • მოძრავი (მისამბელი, ავტოკაფე, ველოსიპედები), ასევე, მოძრავი სპეცმომსახურება [ბურახი, ლუდი] – 10 ლარი თვეში.
  • ყველა სახის გადახდის აპარატი [გასართობი ავტომატები, ატრაქციონები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, არასარეკლამო ტიპის ტერმინალები]: 1 ცალი – 10 ლარი [1 აპარატის ზომა არაუმეტეს 1 კვ.მ].

ამ განკარგულების პროექტის მიხედვით, წელს ზაფხულში კაფეებით გადატვირთული ტროტუარები კიდევ უფრო გადატვირთული იქნება. ფეხით ან ეტლით მოსარგებლეებს კი ისევ მხოლოდ ველობილიკი ან ავტომანქანების სავალი გზის კუთხეებიღა დარჩებათ. მერე რა? – მერიაში მიიჩნევენ, რომ „პანდემიის დროს აქტუალური გახდა ღია სივრცეები და ტერიტორიები.“ 

ამ დროისთვის ბათუმში ბევრ ადგილზე კაფეს გვერდით იმდენად ვიწრო ადგილია დატოვებული, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანები ერთმანეთს თავისუფლად გვერდს ვერ აუვლიან. ბათუმში შეხვდებით უფრო პრობლემურ შემთხვევებსაც, როცა ნახევრად ათვისებული ტროტუარის შესასვლელთან ადგილი ავტომანქანებს აქვთ დაკავებული და ისეთებსაც, როცა მეპატრონეებმა კაფეს ინვენტარი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკებზე დაალაგეს, ასე მათ გადაადგილების მინიმალური შანსიც კი წაართვეს.

ახალი ტენდენციაა ისიც, რომ ტროტუარს დროებითი მსუბუქი კონსტრუქციით კი არ ითვისებენ, პირდაპირ აბეტონებენ და ასეთი ტროტუარები ფეხით გამვლელისთვის შემოდგომასა და ზამთარშიც შემაფერხებელია.

 

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

უკრაინას სურს ჩერნობილის კატასტროფის ადგილი იუნესკოს დაცვის ქვეშ შევიდეს

უკრაინის მთავრობას სურს, რომ ამ დროისთვის დაკონსერვებული ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტერიტორია, რომელიც ნანგრევებითა და მიტოვებული შენობებით არის გარშემორტყმული, იუნესკოს დაცვის ქვეშ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსით შევიდეს. ამის შესახებ როიტერსი წერს.

იმ იმედით, რომ ამ სტატუსს შეუძლია უფრო მეტი დაფინანსებისა და ტურისტის მოზიდვა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო პროცესი, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მათ, მიმართონ გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაციას (იუნესკოს).

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩერნობილის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეტანა პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ ეს ადგილი იქცეს უნიკალური დანიშნულების ადგილად მთელი კაცობრიობისთვის”, – თქვა უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ.

მინისტრის განმარტებით, გაეროში განაცხადის გაგზავნამდე ადგილები, რომლებიც იუნესკოს დაცვას ითხოვენ, უნდა შედიოდეს ეროვნული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის სიაში, წერს როიტერსი.

უკრაინის მთავრობა მიიჩნევს, რომ მასობრივი ტურიზმი არამარტო გამოაცოცხლებს ჩერნობილს, არამედ მოიზიდავს ფინანსებს, რაც სამომავლოდ აღდგენით სამუშაოებზე დაიხარჯება.

მიტოვებული ბირთვული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ცარიელი შენობების და ნანგრევების უდაბნოა. შეკეთება სჭირდება ქალაქ პრიპიატის, იგივე აჩრდილის ქალაქის ყველა შენობას, სადაც ერთ დროს 50 000 (ძირითადად ქარხანაში მომუშავე) ადამიანი ცხოვრობდა.

ევრონიუსი იუწყება, რომ პრიპიატში რესტავრაციის გარდა მთავრობა გეგმავს ახალი მუზეუმის გახსნას, სადაც გამოიფინება სამაშველო ტექნიკა, რომელიც სამი ათეული წლის წინ ტერიტორიის გაწმენდისას გამოიყენეს.

დღეს, 26 აპრილს, ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 35-ე წლისთავია.

ტკაჩენკოს თქმით, სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა სიაში შეიტანოს უზარმაზარი სამხედრო რადარი, რომელიც 1970-იან წლებში ქალაქ ჩერნობილის მახლობლად აშენდა. მთავრობას ასევე სურს გამოყოს დასხივების მთლიანი ზონა – 30 კმ რადიუსი, როგორც უკრაინის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა.

2019 წელს HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი “ჩერნობილი” გახდა მიზეზი იმისა, რომ ელექტროსადგურსა და მიმდებარე რაიონს 120 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია დასათვალიერებლად.

მთავარი ფოტო: როიტერსი

როგორ აანაზღაურებენ მასწავლებლები 4-11 მაისის უქმე დღეებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებმა 4-11 მაისის ჩათვლით გამოცხადებული უქმე დღეების ანაზღაურება ინდივიდუალურად დაგეგმილი სასწავლო პროცესით უნდა შეძლონ.

„იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს“, – ამბობს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს უკვე გაეგზავნა დეტალური რეკომენდაციების პაკეტი. „[ამის] გათვალისწინებით, სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს რეკომენდაციების პაკეტის განმარტება ვთხოვეთ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, გოჩა დავითაძეს. მისი თქმით, რეკომენდაცია გულისხმობს სასწავლო პროგრამის ისე გადანაწილებას, რომ პროგრამა არ ჩავარდეს და მოსწავლეებმა პროგრამის ათვისება შეძლონ.

„მასწავლებელმა თვითონ უნდა გადაანაწილოს თავის საგანში პროგრამა ისე, რომ საკითხები არ ჩავარდეს უქმე დღეების გამო.

საუბარია კომპლექსური დავალებების შედგენაზე, რომელიც რამდენიმე თემას შეიძლება მოიცავდეს, რომელიც დაჩქარებულად შეუძლიათ გაიარონ.

ამ საკითხებზე შეადგენს მასწავლებელი კომპლექსურ დავალებებს და მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ, შემდეგ კი მასწავლებლისგან მიიღებენ უკუკავშირს“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესი 29 აპრილს შეწყდება და 13 მაისის ჩათვლით სკოლები არც ონლაინში იმუშავებენ და არც შაბათ-კვირას მოუწევთ პროგრამის ანაზღაურება.

____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

მეუფე სტეფანემ ბერი ათინოგენი წირვის დროს გააქილიკა

ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის წირვაზე მიტროპოლიტმა სტეფანემ ბერი ათინოგენის პაროდია შეასრულა. “ადგა კაცო და რა ქნა იცი? დეიწყო ლოცვა” – გაიმეორა ჟურნალისტებთან 3 მარტს ნათქვამი ბერის ეს სიტყვები მიტროპოლიტმა სტეფანემ და შემდეგ გალობა დაიწყო.

ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულის ამსახველი კადრები  25 აპრილს გადასცა საპატრიარქოს ტელევიზიამ.

ჭყონდიდის ეპარქიაში ღია დაპირისპირება მას შემდეგ გაღრმავდა, რაც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნაცვლად ეპარქიაში მიტროპოლიტი სტეფანე მიავლინეს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ურჩობისთვის უკვე დასაჯა რამდენიმე ბერი და მონაზონი. განკვეთილებს შორის არის ბერი ათინოგენიც.

სწორედ ერთ-ერთი მორიგი კონფლიქტის დროს, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციის აივნიდან ადამიანები გადაცვივდნენ, ბერი ათინოგენი მოუყვა ჟურალისტებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახსენა ეპისკოპოსს აივნიდან ადამიანების გადაცვენისა და დაზიანების შესახებ, მან კი დაშავებულები არ მოინახულა და გალობა დაიწყო.

ტერაბანკის მარტივი ონლაინგანვადება და აქცია vendoo.ge-ზე

ონლაინშოპინგის მოყვარულებისთვის ტერაბანკმა და vendoo.ge-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს vendoo.ge-ზე ტერაბანკის სწრაფი და მარტივი ონლაინგანვადებით შეიძენს, 20%-იანი, მაქსიმუმ 100 -ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ტერაბანკის ონლაინგანვადებით 8 კილოგრამამდე შეძენილ ნივთს მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ მიიღებს. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პანდემიის პირობებში ონლაინშოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული ტრენდია. ამავდროულად,  ტერაბანკი ელექტრონული ვაჭრობის სფეროს განვითარებას განსაკუთრებით უჭერს მხარს.

„გადავწყვიტეთ, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს მოსახერხებელი და უსაფრთხო ონლაინშოპინგისთვის დამატებითი სტიმული მივცეთ. მოხარულები ვართ, რომ vendoo.ge-სთან ჩვენი პირველი თანამშრომლობა საინტერესო ინიციატივით იწყება. იმედი გვაქვს, იგი სამომავლოდაც გაგრძელდება“,- აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკისა და vendoo.ge-ს ერთობლივი აქციის პირობები თითქმის მთელ ასორტიმენტზე, დაახლოებით 40 ათასამდე პროდუქტზე ვრცელდება. სრულად მათი სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე:ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

 

 

რომელ ქუჩებზე გაითიშება წყალი ბათუმში დღეს და ხვალ

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, ღამის 00:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №5, 7, 9, 9ა,11;
  • ფიროსმანის ქუჩა №18, 20, 22;
  • ინასარის ქუჩა №2, 4, 6, 8, 10, 11ა.

ასევე, ხვალ, 27 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

  • გრიბოედოვის ქუჩას – №6-8
  • გორგილაძის ქუჩას – №78-82
  • ჩარმიქლის ქუჩას – №86-86ა

„ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – მთავრობამ საწარმოები და სფეროები განსაზღვრა

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები განსაზღვრეს, რომლებზეც არ გავრცელდება უქმე დღეების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება.

ბრძანების მიხედვით, ამ სფეროების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

2021 წლის 4-11 მაისს უქმე დღეებით ვერ ისარგებლებენ:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.

5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

6. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები.

7. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა.

8. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.

9. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

10. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

11. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი  საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული  პირები და ფიზიკური პირები.

12. სამაშველო საქმიანობა.

13. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

14. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია  საქმიანობის შეჩერება).

15. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

16. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

მინისტრებმა 23 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ ამ ჩამონათვალს, 27 და 29 აპრილს კიდევ რამდენიმე სფერო დაამატეს:

17. ნარჩენების მართვა.

18. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა.

19. სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

20. სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება.

21. სადაზღვევო საქმიანობა.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №175 დადგენილება.

საკოორდინაციო საბჭოს 26 აპრილის გადაწყვეტილებით 3-12 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მაშტაბით გაჩერდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას.

ამავე თემაზე:

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია

“შემოიტანეთ,” – თქვა თუ არა მოსამართლემ, მანდატურმა წინ დაუდო სტენსილის ესკიზი ანუ ხის დაფაზე ამოტვიფრული ასოები: “არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს”. ამ ფრაზის ქუჩაზე წითელი და მსხვილი ასოებით დაწერის მცდელობის გამო პოლიციელებმა მოქალაქე მზია ქედელიძე 500 ლარით დააჯარიმეს.

“მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს არ იყო დანაშაული,” – მიმართა მოსამართლეს მზია ქედელიძემ.

“კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან,” – მოსამართლეს გახედა პოლიციელმა დავით ბასილაძემ. მან დააჯარიმა 14 აპრილს მზია ქედელიძე.

სტენსილი მოსამართლის წინ დადო მანდატურმა და გავიდა. მოსამართლემ თვალი გააყოლა წარწერას და მალევე საქმეზე გადავიდა – მხარეების პოზიციებით დაინტერესდა.

მზია ქედელიძე პოლიციელმა დავით ბასილაძემ დააჯარიმა 500 ლარით. მას ადგილზე განუმარტეს, რომ ამის უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე არ ჰქონდა.

პოლიციელების უარის მიუხედავად, მზია ქედელიძემ სიტყვის – “არ” დაწერა მაინც მოახერხა. ის მოძრაობა “ალტერნატივას” აქტივისტია.

14 აპრილს ბათუმელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. აქციის მონაწილეებმა ბულვარის ცენტრში უკანონოდ 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.

“არ უნდა დაეჯარიმებიათ, რადგან შენიშვნის მიუხედავად, მან შეწყვიტა წარწერის გაკეთება… მე თქვენ მოგიტანეთ ფოტოები, დღეს როგორ გამოიყურება ეს წარწერა, არც კი ჩანს…”- უთხრა მოსამართლეს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ. ის სასამართლოში მზია  ქედელიძის ინტერესებს იცავდა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ წარწერის გაკეთების მცდელობა სამართალდარღვევად მიიჩნია და მზია ქედელიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

“რადგან აღიარეთ წარწერის გაკეთება და შეწყვიტეთ, ეს გავითვალისწინეთ… ბოლომდე რომ დაგეწერათ, დაგაჯარიმებდით,” – მიმართა მოსამართლემ მზია ქედელიძეს და ვიდრე დარბაზს დატოვებდა, პოლიციელსაც გამოეხმაურა:

“ვიზიარებ თქვენს პოზიციას, რომ არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს”, – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

მთავარი ფოტო: აქტივისტი მზია ქედელიძე და პოლიციელი დავით ბასილაძე

____

ამავე თემაზე: პოლიცია მოქალაქეებს ასფალტზე წარწერის გაკეთების უფლებას არ აძლევს

სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“

მეექვსეკლასელმა ბავშვებმა – სერგი მანველიძემ, საბა მახარაძემ და ნიკა გობაძემ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობისას, ხიდის ქვეშ, ზღვასთან ახლოს იშვიათი სახეობის ბუ შენიშნეს.

„ხიდის ქვეშ ეგდო, თავიდან გვეგონა, რომ ფრთები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. შეგვეცოდა, რადგან ზღვასთან ახლოს იყო, შესაძლოა დაღუპულიყო, ამიტომ, წამოვიყვანეთ“, – ამბობს სერგი მანველიძე „ბათუმელებთან“.

მეგობრებმა პატარა ბუ ბათუმში დაახლოებით 5 ვეტერინართან მიიყვანეს, თუმცა არც ერთმა მათგანმა ბუს მკურნალობა საკუთარ თავზე არ აიღო.

„ბოლოს გვითხრეს, რომ ცენტრალურ პარკში, ზოოკუთხეში წაგვეყვანა, თუმცა იქაც უარი გვითხრეს მკურნალობაზე. მერე ერთმა ადამიანმა გვირჩია ორგანიზაცია, რომელიც გარეულ, დაზიანებულ ფრინველებზე ზრუნავს და მათ გადაიყვანეს სამკურნალოდ“, – გვეუბნება სერგი.

დაზიანებული ბუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალმა“ ფოთში ბაზიერებთან გადაიყვანა.

ზღვასთან ახლოს, ხიდის ქვეშ ნაპოვნი ბუ ბავშვებმა გარემოს დამცველ ორგანიზაციას გადასცეს

ორგანიზაციის წარმომადგენელი გიზო სესკურია ამბობს, რომ ბუ ახლაც ვერ დგება ფეხზე. „ჭრილობები არ აღენიშნება, მაგრამ ფეხზე დადგომა არ შეუძლია. ბაზიერებმა, რომლებიც ვეტერინარები არიან, გვითხრეს, რომ შესაძლებელია ნაწლავებში ჰქონდეს პრობლემა ან შესაძლოა ვინმეს სახლში ჰყავდა, ამიტომ ფეხები ჰქონდეს ამის გამო დაჭიმული“, – ამბობს გიზო სესკურია.

სესკურიას თქმით,  ბაზიერები ბუს რამდენიმე დღეს დააკვირდებიან და „თუ 28 აპრილამდე წინსვლა არ იქნება, თბილისის ზოოპარკში გადავიყვანთ, სადაც აქტიური ჩარევები იქნება საჭირო“.

ბათუმში, ბავშვების მიერ ზღვის ნაპირას ნაპოვნი ყურებიანი ბუ იშვიათ სახეობას განეკუთვნება.

„ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“ გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონსერვაციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მეოთხე წელია საქართველოში ფრინველების კონსერვაციის განხრით მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში თბილისის ახალ ზოოპარკში მტაცებელი ფრინველების რეაბილიტაციის ცენტრი შენდება, რომლის მშენებლობაც ზაფხულში უნდა დასრულდეს.

„ამ ცენტრში გადავიყვანთ ხოლმე დაზიანებულ ფრინველებს და მკურნალობის შემდეგ ბუნებაში დავაბრუნებთ. თუმცა ზოოპარკთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მსგავსი შემთხვევების დროს დაზიანებული ფრინველები სამკურნალოდ გადაგვყავს“.

გიზო სესკურიას თქმით, მტაცებელი ფრინველების სახლის პირობებში ყოლა კანონით აკრძალულია. რაც შეეხება ბუს, რომელიც ბავშვებმა იპოვეს, ყურებიანი ბუს სახეობაა, რომელიც წითელ წიგნში არ არის შეტანილი, თუმცა ერთ-ერთ იშვიათ სახეობას განეკუთვნება და „მისი პოვნა ბუნებაში საკმაოდ რთულია“.

გაბათილდეს 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ბათუმის ბულვარში – მიმართვა წულუკიანს

სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარის“  წევრები ბათუმის ბულვარში მშენებარე „ამბასადორ ბათუმის“ სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის საქმეზე საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 19-სართულიან შენობას აშენებს, სამი სართული მიწის ქვეშაა მოქცეული.

დღეს, 26 აპრილს, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და მიმართვის ტექსტი გაავრცელეს.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„მოგმართავთ 140 წლის ისტორიის მქონე ზღვისპირა პარკის, ბათუმის ბულვარის დამცველები.

ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბულვარს ვიცავდით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ბათუმელების ხმაურიანი პროტესტის მიუხედავად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდა შუაგულ ბულვარში, მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე.

2014 წელს დავიცავით ბულვარის შუაგულში მდებარე, ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავას გენიალური ქმნილება – კაფე ”ფანტაზია”, ე.წ. ”რვაფეხა”, რომლის დემონტაჟიც იგეგმებოდა. ბულვარს მაშინაც ვიცავდით, როცა 2016 წელს, ბულვარის ისტორიულ განაშენიანებას განადგურების საფრთხე დაემუქრა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბათუმელების საპროტესტო ტალღის გამო განზრახვაზე უარი თქვა.

ახლა ბათუმელები ისევ ვიბრძვით ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათისა და იდენტობის – ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. ბათუმელების პროტესტის მიუხედავად ისტორიული პარკის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ხეივანში ”ამბასადორი ბათუმი” 19-სართულიან სასტუმროს აშენებს. სასტუმროს მშენებლობაზე უკანონო ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით ბათუმელებმა საჩივრით მივმართეთ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს – მაია ხაჯიშვილს.

700-გვერდიან არგუმენტებს შორის მინისტრს წარვუდგინეთ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დასაბუთება, სადაც სამეცნიერო საბჭო პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია მსგავსი ჩარევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბულვარის ტერიტორიაზე. ასევე ”იუნესკოსთან” აფილირებული ორგანიზაციის, ”იკომოს საქართველოს” შეფასება, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის ცალსახა და უხეში დარღვევა და დაუშვებელია ბულვარის ტერიტორიაზე 19-სართულიანი ჩარევა შუშით და ბეტონის გამოყენებით.

საჩივარს ასევე თან ერთოდა პეტიცია, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს 5 ათასზე მეტი მოქალაქე, ბულვარში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის დაუყოვნებლივ გაუქმების მოთხოვნით.

მინისტრმა ხაჯიშვილმა არ გაითვალისწინა არც პროფესიული წრეების არგუმენტები და არც მოქალაქეების თხოვნა და უარი გვითხრა არამც თუ სამშენებლო ნებართვის გაუქმებაზე, არამედ, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის დროებით შეჩერებაზეც კი. მინისტრმა ბათუმელებს 12-გვერდიანი გადაწყვეტილებით გვიპასუხა, სადაც კომპანია ”ამბასადორი ბათუმის” მიერ მოყვანილი სრულიად ცინიკური და არაკომპეტენტური საეჭვო მოსაზრებებია გამეორებული. მაგალითად, მინისტრი იზიარებს კომპანიის მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლების დროს ბათუმელების მწვავე პროტესტის ფონზე ბულვარში აშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ფოსტის შენობაზე დაშენებული ცათამბჯენი კერძო და საჯარო ინტერესის კარგი მაგალითია.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით ბათუმელებმა სასამართლოს მივმართეთ, თუმცა მშენებლობა გამალებული ტემპით გრძელდება.

2 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 თვით გააგრძელა „ამბასადორი ბათუმის“ საქმის განხილვის ვადა, რაც „ამბასადორს“ აძლევს შესაძლებლობას, დაწყებული მშენებლობა სასამართლო განხილვამდე დაასრულოს და არსებული სარჩელი ამ საფუძვლით არ დაკმაყოფილდეს.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან 1 დღის ვადაში მიიღო, თანაც ისე, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ. ვინაიდან ეს დავა არ განეკუთვნება განსაკუთრებით რთულ კატეგორიას იმისთვის, რომ სასამართლოს ამ ვადით მუშაობის საჭიროება დაენახა, ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ქმედება მიმართულია არა საქმის ობიექტურად და სრულყოფილად შესწავლისაკენ, არამედ საქმის გაჭიანურებისკენ.

საკითხზე პოლიტიკური რეაგირების მიზნით, მოგმართავთ თქვენ – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და მოვითხოვთ:

ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდეს „ამბასადორი ბათუმზეც“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათილად ცნოს „ბათუმი ამბასადორის“ მშენებლობის ნებართვა.

ბატონო თორნიკე, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, 30 მარტს გაახმოვანეთ თქვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, ახალი მშენებლობების დაწყებაზე, გამოცხადდებოდა სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე.

მორატორიუმის გამოცხადებით აჭარის მთავრობამ, ერთი მხრივ, აღიარა პრობლემის სიმწვავე და მასშტაბი, მეორე მხრივ, შეუძლებელი გახდა ამ მორატორიუმის გზით შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე.

ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ბატონი რიჟვაძის ეს გადაწყვეტილება გავრცელდეს მიმდინარე სადავო მშენებლობაზეც – „ბათუმი ამბასადორზე“. ვთხოვთ მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მიმართოს სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს”, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კანონიერება ხელახლა, სრულყოფილად შეისწავლოს, რათა სათანადო, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღონ.

პოლიტიკური ნების საფუძველზე, „ამბასადორი ბათუმზე“ მორატორიუმის გავრცელებით, სააგენტოს კვლავაც შეუძლია ბათილად ცნოს მის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე გაცემული უკანონო ნებართვა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა.

უკვე დასრულებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს აზრს უკარგავს და განაშენიანების გეგმის არსს მნიშვნელოვნად ასუსტებს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც საბაღე-საპარკე დანიშნულების ძეგლზე 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.

ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 28 აპრილს არის დანიშნული. განაშენიანების გეგმის მიზნიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარის დასაცავად, აუცილებელია დაუყოვნებლივ გაბათილდეს ბულვარისთვის, როგორც ძეგლისთვის სრულიად შეუსაბამო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტები და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობა, რომელიც ამბასადორის მიწის ნაკვეთს კვლავ დაუბრუნებს მის რეალურ საზოგადოებრივ დანიშნულებას“.

_________________

ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გასცა იანვრის ბოლოს. ბულვარში კორპუსს აშენებს ბათუმური კომპანია „ანაგი“ „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ბათუმში 3 სკოლა დაიხურა – 26 აპრილი

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, აჭარაში კიდევ სამი სკოლა დაიხურა. აქედან ორი კერძოა, ერთი კი – საჯარო.

ონლაინსწავლებაზე გადავიდა ბათუმის მესამე საჯარო სკოლა, „მეგა სკოლა“ და „გიმნაზია 21-ე“. აღნიშნულ სკოლებში კოვიდი დაუდასტურდათ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში მთლიანობაში 13 სკოლაა დახურული, 24 კლასი კი ონლაინსწავლებაზეა გადასული.

დახურულია 6 საბავშვო ბაღიც.

აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევაა, 1 პაციენტი გარდაიცვალა

26 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში.

ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 370 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

278 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება.

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 13 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი. 24 კლასი ონლაინსწავლებაზეა გადასული.

კოვიდით გარდაიცვალა 18 პაციენტი, დადასტურდა 521 ახალი შემთხვევა | 26 აპრილი

26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 043 პირი გარდაიცვალა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა – 285 და აჭარაში გამოვლინდა.

 ამ ეტაპზე ქვეყანაში 644 მძიმე პაციენტია. 

25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.51%.

Exit mobile version