უკრაინის მთავრობას სურს, რომ ამ დროისთვის დაკონსერვებული ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტერიტორია, რომელიც ნანგრევებითა და მიტოვებული შენობებით არის გარშემორტყმული, იუნესკოს დაცვის ქვეშ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსით შევიდეს. ამის შესახებ როიტერსი წერს.
იმ იმედით, რომ ამ სტატუსს შეუძლია უფრო მეტი დაფინანსებისა და ტურისტის მოზიდვა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო პროცესი, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მათ, მიმართონ გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაციას (იუნესკოს).
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩერნობილის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეტანა პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ ეს ადგილი იქცეს უნიკალური დანიშნულების ადგილად მთელი კაცობრიობისთვის”, – თქვა უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ.
მინისტრის განმარტებით, გაეროში განაცხადის გაგზავნამდე ადგილები, რომლებიც იუნესკოს დაცვას ითხოვენ, უნდა შედიოდეს ეროვნული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის სიაში, წერს როიტერსი.
უკრაინის მთავრობა მიიჩნევს, რომ მასობრივი ტურიზმი არამარტო გამოაცოცხლებს ჩერნობილს, არამედ მოიზიდავს ფინანსებს, რაც სამომავლოდ აღდგენით სამუშაოებზე დაიხარჯება.
მიტოვებული ბირთვული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ცარიელი შენობების და ნანგრევების უდაბნოა. შეკეთება სჭირდება ქალაქ პრიპიატის, იგივე აჩრდილის ქალაქის ყველა შენობას, სადაც ერთ დროს 50 000 (ძირითადად ქარხანაში მომუშავე) ადამიანი ცხოვრობდა.
ევრონიუსი იუწყება, რომ პრიპიატში რესტავრაციის გარდა მთავრობა გეგმავს ახალი მუზეუმის გახსნას, სადაც გამოიფინება სამაშველო ტექნიკა, რომელიც სამი ათეული წლის წინ ტერიტორიის გაწმენდისას გამოიყენეს.
დღეს, 26 აპრილს, ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 35-ე წლისთავია.
ტკაჩენკოს თქმით, სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა სიაში შეიტანოს უზარმაზარი სამხედრო რადარი, რომელიც 1970-იან წლებში ქალაქ ჩერნობილის მახლობლად აშენდა. მთავრობას ასევე სურს გამოყოს დასხივების მთლიანი ზონა – 30 კმ რადიუსი, როგორც უკრაინის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა.
2019 წელს HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი “ჩერნობილი” გახდა მიზეზი იმისა, რომ ელექტროსადგურსა და მიმდებარე რაიონს 120 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია დასათვალიერებლად.
მთავარი ფოტო: როიტერსი