მთავარი,სიახლეები

მერია ტროტუარებს გადასცემს რესტორნებს პირდაპირი წესით და შემცირებული ფასით

26.04.2021 • 2585
მერია ტროტუარებს გადასცემს რესტორნებს პირდაპირი წესით და შემცირებული ფასით

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ქალაქში არსებულ კომერციულ ობიექტებს საქმე გაუადვილოს და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისების შესაძლებლობა აუქციონისა და ზედმეტი სირთულეების გარეშე, პირდაპირი წესით მისცეს.

ეს სიახლე ძირითადად იმ მაღაზიებს, რესტორნებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხება, რომლებიც გარე ვაჭრობით ან სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევის მიზნით ტროტუარებს იყენებენ.

გარდა იმისა, რომ ტროტუარების ათვისებას დაინტერესებული პირები პირდაპირი წესით შეძლებენ, მერია საზოგადოებრივი სივრცით სარგებლობის ფასსაც ამცირებს. მიზეზი – შესაძლებელია მალე უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ.

„შექმნილი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა შესაძლებელია უმძიმესი ეკონომიკური კრიზის წინაშე დადგეს. მათ შორის ბათუმში დაიხურა ბევრი სავაჭრო სარეალიზაციო ობიექტი, სარესტორნო ბიზნესი, ხოლო ვინც შეძლო და გაართვა ამ რთულ ეპიდსიტუაციას თავი, აგრძელებენ საქმიანობას, მკაცრი კოვიდრეგულაციების და შეზღუდვების დაცვით“, – წერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში. 

განკარგულების მიხედვით, მერიამ ტროტუარის ათვისების ფასები ასე გადაანაწილა:

  • ხილ-ბოსტნეული, ბაღჩეული, განთავსებული ვერტიკალურ სტელაჟზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით: 1 კვ.მ – 5 ლარი თვეში.
  • მაცივარი [სანაყინე, გამაგრილებელი] სავაჭრო ობიექტის წინ: 1 კვ.მ – 5 ლარი თვეში.
  • რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მომსახურების გაწევისათვის [მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ.]: 1 კვ.მ – 3 ლარი თვეში.
  • რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მომსახურების გაწევისათვის [I კლასის ობიექტის]: 1 კვ.მ – 5 ლარი თვეში.
  • ჯიხური: 1 კვ.მ. 10 ლარი თვეში.
  • მოძრავი (მისამბელი, ავტოკაფე, ველოსიპედები), ასევე, მოძრავი სპეცმომსახურება [ბურახი, ლუდი] – 10 ლარი თვეში.
  • ყველა სახის გადახდის აპარატი [გასართობი ავტომატები, ატრაქციონები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, არასარეკლამო ტიპის ტერმინალები]: 1 ცალი – 10 ლარი [1 აპარატის ზომა არაუმეტეს 1 კვ.მ].

ამ განკარგულების პროექტის მიხედვით, წელს ზაფხულში კაფეებით გადატვირთული ტროტუარები კიდევ უფრო გადატვირთული იქნება. ფეხით ან ეტლით მოსარგებლეებს კი ისევ მხოლოდ ველობილიკი ან ავტომანქანების სავალი გზის კუთხეებიღა დარჩებათ. მერე რა? – მერიაში მიიჩნევენ, რომ „პანდემიის დროს აქტუალური გახდა ღია სივრცეები და ტერიტორიები.“ 

ამ დროისთვის ბათუმში ბევრ ადგილზე კაფეს გვერდით იმდენად ვიწრო ადგილია დატოვებული, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანები ერთმანეთს თავისუფლად გვერდს ვერ აუვლიან. ბათუმში შეხვდებით უფრო პრობლემურ შემთხვევებსაც, როცა ნახევრად ათვისებული ტროტუარის შესასვლელთან ადგილი ავტომანქანებს აქვთ დაკავებული და ისეთებსაც, როცა მეპატრონეებმა კაფეს ინვენტარი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკებზე დაალაგეს, ასე მათ გადაადგილების მინიმალური შანსიც კი წაართვეს.

ახალი ტენდენციაა ისიც, რომ ტროტუარს დროებითი მსუბუქი კონსტრუქციით კი არ ითვისებენ, პირდაპირ აბეტონებენ და ასეთი ტროტუარები ფეხით გამვლელისთვის შემოდგომასა და ზამთარშიც შემაფერხებელია.

 

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: