მთავარი,სიახლეები

გაბათილდეს 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ბათუმის ბულვარში – მიმართვა წულუკიანს

26.04.2021 •
გაბათილდეს 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ბათუმის ბულვარში – მიმართვა წულუკიანს

სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარის“  წევრები ბათუმის ბულვარში მშენებარე „ამბასადორ ბათუმის“ სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის საქმეზე საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 19-სართულიან შენობას აშენებს, სამი სართული მიწის ქვეშაა მოქცეული.

დღეს, 26 აპრილს, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და მიმართვის ტექსტი გაავრცელეს.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„მოგმართავთ 140 წლის ისტორიის მქონე ზღვისპირა პარკის, ბათუმის ბულვარის დამცველები.

ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბულვარს ვიცავდით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ბათუმელების ხმაურიანი პროტესტის მიუხედავად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდა შუაგულ ბულვარში, მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე.

2014 წელს დავიცავით ბულვარის შუაგულში მდებარე, ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავას გენიალური ქმნილება – კაფე ”ფანტაზია”, ე.წ. ”რვაფეხა”, რომლის დემონტაჟიც იგეგმებოდა. ბულვარს მაშინაც ვიცავდით, როცა 2016 წელს, ბულვარის ისტორიულ განაშენიანებას განადგურების საფრთხე დაემუქრა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბათუმელების საპროტესტო ტალღის გამო განზრახვაზე უარი თქვა.

ახლა ბათუმელები ისევ ვიბრძვით ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათისა და იდენტობის – ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. ბათუმელების პროტესტის მიუხედავად ისტორიული პარკის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ხეივანში ”ამბასადორი ბათუმი” 19-სართულიან სასტუმროს აშენებს. სასტუმროს მშენებლობაზე უკანონო ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით ბათუმელებმა საჩივრით მივმართეთ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს – მაია ხაჯიშვილს.

700-გვერდიან არგუმენტებს შორის მინისტრს წარვუდგინეთ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დასაბუთება, სადაც სამეცნიერო საბჭო პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია მსგავსი ჩარევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბულვარის ტერიტორიაზე. ასევე ”იუნესკოსთან” აფილირებული ორგანიზაციის, ”იკომოს საქართველოს” შეფასება, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის ცალსახა და უხეში დარღვევა და დაუშვებელია ბულვარის ტერიტორიაზე 19-სართულიანი ჩარევა შუშით და ბეტონის გამოყენებით.

საჩივარს ასევე თან ერთოდა პეტიცია, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს 5 ათასზე მეტი მოქალაქე, ბულვარში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის დაუყოვნებლივ გაუქმების მოთხოვნით.

მინისტრმა ხაჯიშვილმა არ გაითვალისწინა არც პროფესიული წრეების არგუმენტები და არც მოქალაქეების თხოვნა და უარი გვითხრა არამც თუ სამშენებლო ნებართვის გაუქმებაზე, არამედ, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის დროებით შეჩერებაზეც კი. მინისტრმა ბათუმელებს 12-გვერდიანი გადაწყვეტილებით გვიპასუხა, სადაც კომპანია ”ამბასადორი ბათუმის” მიერ მოყვანილი სრულიად ცინიკური და არაკომპეტენტური საეჭვო მოსაზრებებია გამეორებული. მაგალითად, მინისტრი იზიარებს კომპანიის მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლების დროს ბათუმელების მწვავე პროტესტის ფონზე ბულვარში აშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ფოსტის შენობაზე დაშენებული ცათამბჯენი კერძო და საჯარო ინტერესის კარგი მაგალითია.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით ბათუმელებმა სასამართლოს მივმართეთ, თუმცა მშენებლობა გამალებული ტემპით გრძელდება.

2 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 თვით გააგრძელა „ამბასადორი ბათუმის“ საქმის განხილვის ვადა, რაც „ამბასადორს“ აძლევს შესაძლებლობას, დაწყებული მშენებლობა სასამართლო განხილვამდე დაასრულოს და არსებული სარჩელი ამ საფუძვლით არ დაკმაყოფილდეს.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან 1 დღის ვადაში მიიღო, თანაც ისე, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ. ვინაიდან ეს დავა არ განეკუთვნება განსაკუთრებით რთულ კატეგორიას იმისთვის, რომ სასამართლოს ამ ვადით მუშაობის საჭიროება დაენახა, ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ქმედება მიმართულია არა საქმის ობიექტურად და სრულყოფილად შესწავლისაკენ, არამედ საქმის გაჭიანურებისკენ.

საკითხზე პოლიტიკური რეაგირების მიზნით, მოგმართავთ თქვენ – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და მოვითხოვთ:

ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდეს „ამბასადორი ბათუმზეც“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათილად ცნოს „ბათუმი ამბასადორის“ მშენებლობის ნებართვა.

ბატონო თორნიკე, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, 30 მარტს გაახმოვანეთ თქვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, ახალი მშენებლობების დაწყებაზე, გამოცხადდებოდა სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე.

მორატორიუმის გამოცხადებით აჭარის მთავრობამ, ერთი მხრივ, აღიარა პრობლემის სიმწვავე და მასშტაბი, მეორე მხრივ, შეუძლებელი გახდა ამ მორატორიუმის გზით შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე.

ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ბატონი რიჟვაძის ეს გადაწყვეტილება გავრცელდეს მიმდინარე სადავო მშენებლობაზეც – „ბათუმი ამბასადორზე“. ვთხოვთ მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მიმართოს სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს”, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კანონიერება ხელახლა, სრულყოფილად შეისწავლოს, რათა სათანადო, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღონ.

პოლიტიკური ნების საფუძველზე, „ამბასადორი ბათუმზე“ მორატორიუმის გავრცელებით, სააგენტოს კვლავაც შეუძლია ბათილად ცნოს მის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე გაცემული უკანონო ნებართვა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა.

უკვე დასრულებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს აზრს უკარგავს და განაშენიანების გეგმის არსს მნიშვნელოვნად ასუსტებს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც საბაღე-საპარკე დანიშნულების ძეგლზე 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.

ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 28 აპრილს არის დანიშნული. განაშენიანების გეგმის მიზნიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარის დასაცავად, აუცილებელია დაუყოვნებლივ გაბათილდეს ბულვარისთვის, როგორც ძეგლისთვის სრულიად შეუსაბამო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტები და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობა, რომელიც ამბასადორის მიწის ნაკვეთს კვლავ დაუბრუნებს მის რეალურ საზოგადოებრივ დანიშნულებას“.

_________________

ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გასცა იანვრის ბოლოს. ბულვარში კორპუსს აშენებს ბათუმური კომპანია „ანაგი“ „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: