მთავარი,სიახლეები

ბათუმში მსაჯულებს არჩევენ – ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე

27.04.2021 • 1208
ბათუმში მსაჯულებს არჩევენ – ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე

“იმოქმედებს, კი,” – ჯერ თავის დაკვრით დაადასტურეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებმა, შემდეგ კი სიტყვით, როცა მათ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა:

“დავუშვათ, დარწმუნდით, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ემოციურად იმოქმედებდა თქვენზე?”

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს არჩევენ. მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა და ადვოკატმა კითხვები დაუსვეს.

საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ქედაში მომხდარ მკვლელობაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მოკლა ახალგაზრდა კაცი, თავისივე ბიძაშვილი. მკვლელობის იარაღი დანა იყო, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გ.ა. წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის ან უვადო პატიმრობა.

ეს პირველი საქმე იქნება, რომელსაც ბათუმში მსაჯულები განიხილავენ.

“ემოციები უნდა დავტოვოთ გარეთ,” – აღნიშნა ერთ-ერთმა კანდიდატმა გასაუბრების დროს.

დღევანდელ პროცესზე ნაფიცი მსაჯულობის 4 კანდიდატს გაესაუბრნენ. სულ 14 მსაჯული უნდა შეირჩეს. მათ სხვადასხვა კითხვა დაუსვეს, მათ შორის, პოლიციის და სასამართლოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ნაფიცი მსაჯლულების კანდიდატების ვინაობის გამხელა კანონითაა აკრძალული. მათ სასამართლო სხდომის მონაწილეებიც სახელის ნაცვლად სპეციალური ნომრით მიმართავდნენ, მაგალითად, კითხვა კანდიდატ ნომერ 2-ს.

“რომელიმე თქვენგანს ხომ არ გქონიათ შეხება პოლიციასთან?” – იკითხა პროკურორმა.

“მე მქონდა, უსამართლოდ მომექცა და დამაჯარიმა ქუჩაში,” – უპასუხა პროკურორს მსაჯულობის ერთ-ერთმა კანდიდატმა.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა ასევე ჰკითხა რა შეიძლება ამართლებდეს ძალადობას და “ყველა მკვლელობა ერთნაირად უნდა ისჯებოდეს თუ არა”.

“მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო მართალი, როცა თავს იცავ, ან შენს შვილებს ექმნება საფრთხე… ადამიანები ვართ ყველა,” – აღნიშნა მსაჯულობის კანდიდატმა.

ზოგიერთი კანდიდატის აზრით, უნდა განსხვავდებოდეს მკვლელობა განზრახ იყო თუ არა, ასევე რა იყო მოტივი და სისასტიკე გამოიჩინა თუ არა დამნაშავემ.

“დავუშვათ, დარწმუნდით, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა, მაგრამ ვერ დადგინდა, რა სატრანსპორტო საშუალებით მივიდა ეს პირი მკვლელობის ადგილზე… მსგავსი უმნიშვნელო გარემოებები იქნება თქვენთვის წინააღმდეგობა, რომ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას დაუჭიროთ მხარი?” – დაინტერესდა ისევ პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.

“შესაძლოა, ეს დეტალიც ტრანსპორტზე ძალიან მნიშვნელოვანი იყოს…  ამომწურავი ინფორმაცია უნდა გვქონდეს,” – თქვა ერთ-ერთმა კანდიდატმა.

ბრალდებულს მსაჯულობის კანდიდატებისთვის კითხვა არ დაუსვამს, თუმცა როცა კანდიდატებმა მოსამართლის თხოვნით მოსასვენებელ ოთახში გადაინაცვლეს, მან თქვა, რომ ადვოკატს ეთანხმება, რომელიც კანდიდატ ნომერ 3-ის აცილებას ითხოვს.

“მან თქვა, რომ ვერ იქნება კეთილგანწყობილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ… ეს ანკეტაშია დაფიქსირებული,” – აღნიშნა ადვოკატმა შოთა ხორავამ.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ კანდიდატმა გასაუბრების დროს უპირატესობა პოლიციელების ჩვენებებს მიანიჭა სანდოობის კუთხით.

“მან თქვა ისიც, რომ პოლიციელმა უსამართლოდ დამაჯარიმაო,” – რეპლიკა ჰქონდა პროკურორ ლადო თურმანიძეს. მისი აზრით, ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

“წინასწარი განწყობა ბრალდებულის მიმართ მე არ დამინახავს,” – თქვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ და მსაჯულობის კანდიდატებს ისევ მოუხმო დარბაზში.

საბოლოოდ, ადვოკატმა დაუსაბუთებელი აცილების შუამდგომლობით ისარგებლა და ამ კანდიდატს ამ ფორმით აღარ დაუჭირა მხარი. დღევანდელ პროცესზე მსაჯულობის სამი კანდიდატი შეარჩიეს. უკვე შერჩეულია 9 მსაჯული.

კანონის თანახმად, სისიხლის სამართლის საქმეს 14 ნაფიცი მსაჯული განიხილავს. შესაბამისად, ქედაში მკვლელობის საქმეზე კიდევ 5 მსაჯული უნდა შეარჩიონ.

“ივნისში დავიწყებთ საქმის განხილვას, დაგიკავშირდებით,” – მიმართა მოსამართლემ შერჩეულ მსაჯულებს სხდომის დასასრულს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: