მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ვალდებულია გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგები – არასამთავრობო

27.04.2021 • 1088
სახელმწიფო ვალდებულია გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგები – არასამთავრობო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი [EMC] ნამახვანჰესზე გაცემულ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს.

ამ ანალიზის მიხედვით, ნამახვანჰესის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვა შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი გარემოსდაცვითი პრინციპების უხეშ დარღვევებს ააშკარავებს.

კერძოდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაირღვა საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის მოთხოვნები.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არსებული კვლევები დაუსაბუთებელია და ვერ აღწერს პროექტის სრულ ზეგავლენას, შესაბამისად, პროექტში სრულად ვერ გვხდება ზიანის შემამსუბუქებელი და მაკომპენსირებელი სათანადო ღონისძიებები.

„პროექტის მახასიათებლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია დასაბუთებული პასუხები პროექტის სეისმოლოგიური სიმყარისა და უსაფრთხოების თაობაზე. მეორე მხრივ, დარგის სპეციალისტები ადგილობრივი გეოლოგიური აგებულების უკიდურესად მნიშვნელოვან და საყურადღებო ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას. თითოეული მითითებული გარემოება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს და არსებული ნებართვის გაუქმების საფუძველს ქმნის,“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი, ორი, ზემო და ქვემო ნამახვანი ჰესებისგან შედგება. კასკადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტია, მისი დადგმული სიმძლავრე ჯამურად 424 მგვტ.-ს შეადგენს, კერძოდ, ქვემო ნამახვანი ჰესი – 324 მგვტ და ზემო ნამახვანი ჰესი – 100 მგვტ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, დღეის მდგომარეობით ზემო ნამახვანი ჰესს გარემოსდაცვითი ნებართვა არ გააჩნია. შეუფასებელი რჩება ასევე ქვემო და ზემო ნამახვანი ჰესების გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბები. ამასთან, უცნობია, თუ როდის შეასრულებს საქმიანობის განმახროციელებელი კომპანია სამინისტროს მოთხოვნას, ზემო ნამახვანის ჰესის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი გზშ-ს ანგარიშის მომზადების ნაწილში და როგორ უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულების აღსრულებას.

„ზემო ნამახვანი ჰესის თაობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი ნებართვის არარსებობა პროექტის ბუნდოვანებასა და სახელმწიფოებრივად გაუზრებლობას კიდევ უფრო ნათლად გვიჩენებს. აღნიშნულ პირობებში, სახელმწიფო ვალდებულია რეალურად გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მოსალოდნელი შედეგები, გააცნოს ის საზოგადოებას და მხოლოდ კომპლექსური შეჯამების შედეგად მიიღოს ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე სათანადო გადაწყვეტილება,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: