მთავარი,სიახლეები

ლოქდაუნი თურქეთში – გადაუდებელი შემთხვევების გარდა ქალაქებს შორის მიმოსვლა იზღუდება

27.04.2021 • 71808
ლოქდაუნი თურქეთში – გადაუდებელი შემთხვევების გარდა ქალაქებს შორის მიმოსვლა იზღუდება

29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთში სრული ლოქდაუნი ცხადდება. ამ დროის განმავლობაში დახურული იქნება ყველა სახის სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, ღია იქნება აფთიაქები და მარკეტები.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას, მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე. წ. HES კოდი.

„ამასთან, ძალაში რჩება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება,“ – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელექტრონული ფორმის შევსება შესაძლებელია ამ ლინკზე.

თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს.

ლოქდაუნის განმავლობაში კაფე-ბარები, რესტორნები და სხვადასხვა სახის კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში.

სურსათის ქსელური მაღაზიები იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა და გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში.

ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ საგანგებო – გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით.

ანკარაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ნებისმიერი ახალი რეგულაციების შესახებ, მოქალაქეები ინფორმაციას მიიღებენ საელჩოს გვერდიდან ოპერატიულ რეჟიმში.

თურქეთში 18 დღიანი კარანტინი 29 აპრილს, საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: