„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
ამასთან,
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგია საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
ორგანულ კანონში შესული ცვლილება ძალაში 2021 წლის 27 მაისს შევიდა. ამ ცვლილებამდე მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ბოლო ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო.
პირს, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ:
[checklist]
მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
არ არსებობს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.
[/checklist]
ახალი ცვლილებით, „საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევიან:
ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“.
ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება. სპორტული კომპლექსისა და ლანდშაფტური დაგეგმარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსის გამოსაცხადებლად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უნდა დაადგინოს.
საკონკურსო დოკუმენტაცია გამოქვეყნებულია და დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზებები „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ წერილობით, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ივნისის 18:00 სთ-სა უნდა მიაწოდონ.
შეთავაზება, სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადაზე, საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ეტაპების შესაბამისად.
იმ ორი ნაკვეთიდან, რომელზეც სპორტული კომპლექსი უნდა დაპროექტდეს, ერთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია [21 511 კვ.მ], ხოლო მეორე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის [6 906 კვ.მ]. ნაკვეთები ქობულეთის მერიის შენობიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.
მიწის ნაკვეთები [ყვითელი ფერით] ქობულეთში, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს
ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობის რემონტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 395 946 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს ძველი თეატრის შენობის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ბათუმის კულტურის ცენტრს ამჯერად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: საზაფხულო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებზე – 387 546 ლარით და სარემონტო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე – 8 400 ლარით.
პირველ ტენდერში წინადადებების მიღება 31 მაისს დასრულდება, მეორე ტენდერში კი – 4 ივნისს.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია „საზაფხულო თეატრის მცირე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები“, კერძოდ:
„არსებული სცენის საორკესტრო ორმოს გადახურვით აღიჭურვა ანაკრები ტიპის ლითონისა და ხის კომბინირებული კონსტრუქციის საფარით. კონსტრუქცია დაყოფილია თორმეტ დამოუკიდებელ სეგმენტად, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში სცენის საორკესტრო ორმო, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიხუროს ან გაიხსნას.
თეატრის ვესტიბიულისა და სამაყურებლო დარბაზის ფრინველებისა და ნალექებისაგან დასაცავად, არსებულ ღია სარკმლებზე მოეწყო ხის ვიტრაჟები მინაპაკეტებით. სარდაფში ორი სანკვანძი აღიჭურვა შშმ პირებისათვის საჭირო მოწყობილობით, აქვე მოეწყო გარდერობის დახლი და უჟანგავი ლითონის საკიდები; დარბაზში გამოიყო შშმ პირთა განთავსების ადგილები;
სცენის ქვემოთ, სარდაფის ნალექისაგან დასაცავად მოეწყო გრუნტის წყლის საქაჩი ტუმბო.
სცენის კულისების სამ ოთახში მოეწყო თაბაშირმუყაოს ანაკრები ტიხარი. შენობის მთლიან ფასადზე გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო-აღდგენითი და ფასადის ნალექისაგან დაცვის ღონისძიებები (ხის ელემენტების დამუშავება დამცავი ხსნარებით) სამუშაოები.
სახურავის, შიდა კედლების, იატაკის, სანიაღვრე წყალგამტარებისა და სხვა ცალკეული დაზიანებული ელემენტების აღდგენა-სარემონტო და სამღებრო სამუშაოები.
აღნიშნული წარმოადგენს მცირე შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სახის სამუშაოებს და არ იწვევს შენობის არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის ცვლილებას. ასევე ეს არ შეეხება შენობის კონსტრუქციულ-სტრუქტურულ წყობას. შენობის ყველა გაბარიტი და მისი
ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები რჩება უცვლელი.
თეატრის შემდგომი რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოებში გათვალისწინებული იქნას შენობის აღჭურვა კონდენცირება-ვენტილაციისა და საშხეფი სისტემით, ასევე აუცილებელია ბაქან-ლიფტის განთავსება“.
ბათუმის საზაფხულო თეატრის დაზიანებული ფასადი /შენობა მინიმუმ ბოლო 3 წელია ამ მდგომარეობაშია / 28.05.2021
შენობის არსებული მდგომარეობის ფოტომასალა ტენდერიდან ნახეთ აქ
ბათუმის საზაფხულო თეატრი 2013 წელს აშენდა. სამ წელიწადში დაზიანდა სახურავი, ფასადი და წყლის საქაჩი ტუმბო, რის შესაკეთებლადაც ბათუმის მერიამ 2016 წელს 64 ათას 498 ლარი გამოყო.
საზაფხულო თეატრის მშენებლობა ენმ-ის ხელისუფლების პირობებში დაანონსდა და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დასრულდა.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში შესაძლოა კედლის მხატვრობის ნაწილი ვეღარ აღდგეს.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ როგორც იქნა მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკის და კედლის მხატვრობის აღდგენის და კონსერვაციის სპეციალისტებთან.
თავად სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი.
მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ საკონსერვაციო საქმიანობა,“ – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
მან „სრულიად წარუმატებელი“ უწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ფუნქცია არ არის, ეძიოს პასუხისმგებელი პირი.
„ამისთვის არსებობს საქართველოს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ექიმი 10 მაისს მოათავსეს კლინიკაში.
„მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა. ფილტვის დაზიანება იყო მაღალი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.
გარდაცვლილი ექიმი კლინიკა ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1056 ადამიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 28 მაისის 21 საათიდან 29 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.
28 მაისის ღამე უნალექოდ ჩაივლის, შაბათს, დღისით კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 30-31 მაისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ფეისბუქში მოქალაქეებმა კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – „მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.
კამპანიის მიზანია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვინ აფინანსებს რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეთა სამოქალაქო მოძრაობას.
304 ევრო – მოქალაქეები თანხის გადარიცხვის ქვითრებსაც ასაჯაროებენ
„როგორც იცით, უკანასკნელ დღეებში გაჩნდა კითხვები რიონის ხეობის მოძრაობის ფინანსების შესახებ. მთავრობის მიერ დაფინანსებული ფეისბუქ გვერდები და გარკვეული მედია ამ მიმართულებით მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობენ. როგორც იცით, რიონის ხეობის მოძრაობას დღიდან დასაწყისისა, ფინანსურად და არამხოლოდ ფინანსურად, სხვადასხვა რესურსებით მხარში უდგანან ამ ბრძოლის მხარდამჭერები, მათ შორის, განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტები მთელი მსოფლიოდან.
კამპანიაში – „მე გადავრიცხე რიონის ხეობისთვის“, ჩართული მოქალაქეები.
გთხოვთ, ყველამ, ვისაც გადაგირიცხავთ ნებისმიერი ოდენობის თანხა რიონის ხეობის მოძრაობის ანგარიშზე, გადაიღოთ ფოტო ტექსტით და ჰაშთაგით #მეგადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის, ატვირთოთ თქვენს პირად კედელზე და გამოგვიგზავნოთ. ვაჩვენოთ, რომ რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლას ჰყავს ერთადერთი დამფინანსებელი და ეს არის ხალხი!“ – წერენ სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერები ფეისბუქში.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაფინანსების შესახებ დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.
მოქალაქეების კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აქციას „დიდი ფულით“ აფინანსებენ და აქციის ორგანიზატორებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვიცით, რომ არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი ფულით… როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. თუმცა ამ ყველაფერს, ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საცხოვრებელი კომპლექსის – „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის – „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა, თიბისის მხარდაჭერით შენდება. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე შედგა.
თიბისის მხრიდან, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ჯამური დაფინანსება 21,5 მილიონ დოლარს შეადგენს, უშუალოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის კი – 5 მილიონ დოლარს.
ინოვაციური პროექტი – „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა
„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, კომპანია „დომუს ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
„კრიზისული პერიოდის მიუხედავად, დეველოპერულ სექტორში პროექტების განხორციელება მაქსიმალურად შენარჩუნდა. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტების პარალელურად, არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმა. სწორედ ამის მაგალითია „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მულტიფუნქციური უბანი, რომლის სახითაც, ქალაქში სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცე გაჩნდება. თიბისი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის #1 მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ჩვენი ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. თიბისიში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა შევქმენით, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგიდან და კონსულტაციებიდან – გაყიდვებამდე, რაც იპოთეკურ ცენტრს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ [სტილი დაცულია], – ეს და მუქარის შემცველი სხვა შეტყობინებები ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ახალმა წევრმა – ნუგზარ სოლომონიძემ ჟურნალისტ ნაზი რეხვიაშვილს მისწერა. ის ჟურნალისტს მას შემდეგ დაემუქრა, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნუგზარ სოლომონიძე [ვიდეო TV25-მა გაავრცელა] აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს, ასევე „კაცურ-კაცურ მოყვარედ“ და ამბობს, რომ „ღირსეულად უძღვება რაიონს“.
„ფაქტჩეკის“ ჟურნალისტი ნაზი რეხვიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნუგზარ სოლომონიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები დღეს, 27 მაისს, მიიღო. რეხვიაშვილი მუქარას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს, რადგან მიმოწერის მიხედვით ნუგზარ სოლომონიძემ იცის, რომ ნაზი რეხვიაშვილი ჟურნალისტია და მას თვითმმართველობის არჩევნებს ახსენებს, როცა მერობის კანდიდატი იყო და ჟურნალისტმა კითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვა.
„ნუგზარ სოლომონიძემ მომწერა და დამემუქრა ფეისბუქის ჩატში. მივწერე, რომ აეხსნა რა პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე… მომწერა ასევე ეს: „არაფრად მიმაჩნიხარ, ნაცების გამოსაყენებელი პეშკა ხარ“, „სადაც გინდა, წარადგინე ჩემი პასუხი, მერე მიხვდები ვინ ვარ, შემეხე პირადულში და აწი მე ვიცი“… მე მას მანამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც მერობის კანდიდატს მივწერე სტანდარტული კითხვები, თუმცა ინტერვიუ არ შედგა. აქედან ვიცნობ მას. მინდა მივმართო სამართალდამცავ უწყებებს, რომ მოახდინონ რეაგირება და ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ვისაც შეუერთდა ეს კაცი,“ – ამბობს ნაზი რეხვიაშვილი.
„ბათუმელებთან“ ნუგზარ სოლომონიძემ მუქარა არ უარყო და გვითხრა, რომ მხოლოდ ნაზი რეხვიაშვილს არა – „ყველას მივხედავ“.
„ჩემს პირადულს შეეხო, პირადულს ვინც შეეხო, ყველას მივხედავ,“ – გვიპასუხა ნუგზარ სოლომონიძემ.
„ოცნების“ დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები არ უნდა ინტერესდებოდნენ, როცა დეპუტატი ვინმეს ემუქრება. ჩვენ ნუგზარ სოლომონიძეს ჟურნალისტთან მიმოწერის რამდენიმე ფრაზა გავუმეორეთ და ვკითხეთ: არის თუ არა ეს მისი შეტყობინება და შეიცავს თუ არა ეს ტექსტი მუქარას?
„მაგას სხვა გაარჩევს, პირადულში რომ შემეხო, ის თუ ნახეთ? თქვენ თუ იხილავთ მაგას და აზრი გამოგაქვთ, ნახეთ ესეც“, – გვითხრა ნუგზარ სოლომონიძემ.
ნუგზარ სოლომონიძის თქმით, ჟურნალისტი ნაზი რეხვიაშვილი მას თვითმმართველობის არჩევნებზე „პირადულში შეეხო“, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რა მოხდა. ჩვენ მას ვუთხარით, რომ როგორც ნაზი რეხვიაშვილი ამბობს, მას მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდა, როგორც მერობის კანდიდატს და დაპირისპირება რომც ყოფილიყო, ეს რატომ შეიძლება ამართლებდეს ჟურნალისტზე მუქარას ახლა?
ამ დიალოგის შემდეგ ნუგზარ სოლომონიძემ არ დამალა, რომ ჟურნალისტს მისი დღევანდელი ფეისბუქკომენტარის გამო დაუპირისპირდა, როცა მისი ვიდეო ნახა, სადაც თორნიკე რიჟვაძეს „კაცურ-კაცურ მოყვარედ“ მოიხსენიებს, ხოლო ჟურნალისტი ნაზი რეხვიაშვილი აკომენტარებს:
„თორნიკე რიჟვაძე რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჰგონია, თან – არჩეული, აზრს რომ ვერ აყალიბებს და “კაცურ კაცურ მოყვარედ” უმაღლეს შეფასებად მიაჩნია ან ოპოზიციაში რა უნდა, ან მმართველ გუნდში,“ – დაწერა 27 მაისის დილით ჟურნალისტმა ნაზი რეხვიაშვილმა.
„ნახეთ მის გვერდზე ინტერვიუ და მერე მისი დაკომენტარებული, ვსო უკვე, მეტი მე აღარ მაინტერესებს,“ – გვითხრა „ოცნების“ ახალმა დეპუტატმა ნუგზარ სოლომონიძემ და ტელეფონი გამორთო.
ნაზი რეხვიაშვილის თქმით, ხულოს საკრებულოს წევრმა, ნუგზარ სოლომონიძემ ამ შინაარსის მუქარის ტექსტები დღეს დილის საათებში მისწერა
ნაზი რეხვიაშვილის თქმით, ხულოს საკრებულოს წევრმა ამ შინაარსის მუქარის ტექსტები დღეს დილის საათებზე მისწერა – სქრინი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლინდა ინდური შტამის 5 შემთხვევა.
„ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
მათივე ინფორმაციით, ინდური შტამით ინფიცირებული მოგზაურები საქართველოში სხვადასხვა დღეს შემოვიდნენ ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – „სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია“.
„ეპიდკვლევების მონაცემებით, ინფიცირებულების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს NCDC.
ბათუმის ბულვარი მიმდინარე სეზონზე შშმ პირებისთვის კიდევ ერთ ადაპტირებულ პლაჟს მოაწყობს. ბულვარის ინფორმაციით, ადაპტირებული პლაჟი იქნება როგორც რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, სადაც ადრეც იყო, ასევე გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპირდაპირედ. აქ შესაბამისი სამუშაოები [ადაპტირებული საშხაპეების მოწყობა და სხვა] უკვე დაწყებულია.
„შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტივტივა ეტლები, რაც გვაქვს, ამ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება და მათით სარგებლობა კვლავ უფასო იქნება“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.
სამღებრო-სარემონტო სამუშაოები ბულვარში, ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს. შეკეთდა და შეკეთდება სკამები და სხვა ინვენტარი. პლაჟზე თითქმის სრულდება საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობაც, 31 მაისიდან კი, ხის გადასასვლელ ბილიკებსაც განათავსებენ.
ადმინისტრაციის თქმით, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკები, რომლებიც გასულ წელს იყო, შეაკეთეს, პარალელურად კი, ახალი ბილიკების შეძენაზე ტენდერი აქვთ გამოცხადებული.
ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ხის გადასასვლელი საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადება-მოწყობის შესყიდვაზე ტენდერი 119 785 ლარით არის გამოცხადებული. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 15 ივნისს დასრულდება [ბულვარს ანალოგიური ტენდერი ადრეც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ის უარყოფითი შედეგით დასრულდა].
ბულვარის ტერიტორიაზე 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან ბულვარმა 2021 წლის 27 აპრილს გააფორმა 219 995 ლარზე.
მიუხედავად ამისა, ბულვარში კვლავ დაზიანებულია ბაზალტის ფილები, განსაკუთრებით ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში.
დაზიანებული ფილები ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში / 27.05.2021
ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანებული ფილების შეცვლა-განახლების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს: „ეტაპობრივად უკვე უმოკლეს დროში შეიცვლება ყველა დაზიანებული ბაზალტის ფილა. სამუშაოები სრულდება როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, ასევე ჩვენი საკუთარი ძალებით“.
ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. იგივე ეხება კაფე-ბარებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს. უკვე გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონზე ყოფილ მოიჯარეებთან ხელშეკრულებებს აუქციონის გარეშე გააგრძელებს ბათუმის მერიაც.
წალკაში, სოფელ ახალშენში, 17 მეტრი სიგრძის დარანი ანუ სამალავი აღმოაჩინეს. სამალავის სიმაღლე ზოგან სამი მეტრია, ზოგიერთ ადგილზე კი 7 მეტრს აღწევს. სპეციალისტის თქმით, სამალავი მე-16 საუკუნეში უნდა იყოს მოწყობილი. სამალავი ადგილობრივმა მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოაჩინა – მას ავტომანქანის საბურავი ჩაუვარდა ორმოში.
„მტერი რომ შემოესეოდა, ხალხი აქ იმალებოდა. დარანში აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, რომელშიც ინახებოდა პროდუქტი და ადამიანებს შვიდი-ათი დღე შეეძლოთ დამალვა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამშვილდის და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი.
მისი თქმით, დარანის ძირითადი ნაწილი ამოყვანილია მიწაში ყვითელი თიხით. „გარკვეული ნაწილი კი ამოყვანილია ქვის კედლებით და გადახურვაც ქვისაა.
დარანში აღმოჩენილი ჭურჭლის ფრაგმენტები – კადრი ტვ 4-ის ვიდეოდან
მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეგიონისთვის აქამდე დამახასიათებელი არ იყო დარანების აღმოჩენა, ახლა კი ნელ-ნელა ჩნდება ამ ტიპის ობიექტები“, – ამბობს დიმიტრი ნარიმანიშვილი.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის დარანები აღმოჩენილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ისტორიული ჯავახეთის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 7-8 დარანია ამ დრომდე აღმოჩენილი და კარგად არის შემონახული.
„წალკაში შარშან აღმოვაჩინეთ ერთი დარანი, მანამდე იყო კიდევ ორი აღმოჩენილი და ახლა სულ 4 დარანი გვაქვს. არქეოლოგიური ნიმუშები ამოვიღეთ, აღვწერეთ და დოკუმენტაცია გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს“, – გვითხრა დიმიტრი ნარიმანიშვილმა.
ნარიმანიშვილის თქმით, გაგრძელდება თუ არა დარანის კვლევა, ეს დარგის სპეციალისტებზეა დამოკიდებული. „ისინი უნდა ჩამოვიდნენ, შეაფასონ, თუ რამდენად მდგრადია დარანი. წვიმა თუ წამოვა და წყლით აივსება, არ ვიცით დარჩება თუ არა მდგრადი. ამიტომ უნდა შეფასდეს, შეიძლება თუ არა იქ ხანგრძლივი სამუშაოების დაგეგმვა“.
დიმიტრი ნარიმანიშვილის თქმით, ახალაღმოჩენილი დარანი სახელმწიფო მიწაზეა. ცენტრალური გზიდან დაახლოებით ხუთი მეტრითაა დაშორებული და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოსკენ მიდის.
სანამ დარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, მასზე ზედამხედველობა ადგილობრივმა მერიამ უნდა დააწესოს, „გაკეთდეს ნიშნულები და შემოისაზღვროს“.
ავსტრალიის მატერიკზე 3000 წლის მანძილზე პირველად ველურ ბუნებაში დაიბადა გადაშენების პირას მყოფი, ტასმანიური ეშმაკის შვიდი ნაშიერი. პატარა ტასმანიურ ეშმაკებს რეინჯერები აკვირდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია Aussie Ark- მა ბუნებაში 26 ზრდასრული ტასმანიური ეშმაკი გაუშვა. „ძალიან ბევრი რამ არის სასწორზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ თუ ისინი არ გამრავლდებიან, ყველაფერი დასრულდება“, – ამბობს როიტერსთან ტიმ ფოლკნერი, Aussie Ark-ის კონსერვაციის განყოფილების პრეზიდენტი.
მალე ველურ ბუნებაში ტასმანიური ეშმაკის კიდევ 40 ერთეულს გაუშვებენ.
ტასმანიური ეშმაკი მსოფლიოში შემორჩენილი ყველაზე დიდი ჩანთოსანი მტაცებელია, რომელიც ქვეყნის მატერიკზე ველური ძაღლის ჯიშის – დინგოს ნადირობის შედეგად განადგურდა, მას შემდეგ ისინი მხოლოდ ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე იყვნენ შემორჩენილნი.
ტასმანიური ეშმაკი 2008 წლიდან გაეროს წითელ წიგნშია შეტანილი – ექსპერტების აზრით, მსოფლიოში მხოლოდ 25 000 ერთეულია დარჩენილი.
ტასმანიაში ამ ცხოველთა პოპულაცია განსაკუთრებით შემცირდა 90-იან წლებში, როცა ამ სახეობაში სახის სიმსივნე გავრცელდა.
ტასმანიური ეშმაკი ზომით 50-80 სანტიმეტრს იზრდება. NationalGeographic-ის ცნობით, ტასმანიური ეშმაკს ძალიან ბასრი კბილების აქვს და ძლიერი ყბების წყალობით, ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე ძლიერი კბენა შეუძლია. ტასმანიური ეშმაკი თავდაცვის დროს პარტნიორისთვის და საკვებისთვის ბრძოლის დროს ძალიან აგრესიულია. ხმაც საკმაოდ საშიში აქვს და ეშმაკიც ამ თვისებების გამო დაერქვა, თუმცა NationalGeographic-ი წერს, რომ ეს სახელი არც თუ ისე სამართლიანად უწოდეს ამ ცხოველს – “მიუხედავად იმისა, რომ ტასმანიური ეშმაკი აგრესიული ჩანს, ამ ქცევების უმეტესობა უბრალოდ კვებასთან დაკავშირბეული რიტუალია ან შიშითაა გამოწვეული.”
საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე – „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად“, თუმცა „გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე“.
„როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა.
დღესაც იმავეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი.
მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება.
საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არამხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში.
როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემს მოსაზრებაზე, რომ – რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად – ისინი არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა,“ – განაცხადა ჰარცელმა.
ბაჩო შურღაია 14 მაისს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა „სინოფარმის“ ვაქცინით. მას შემდეგ ბაჩო ვაქცინის მეორე დოზაზე ცდილობს დარეგისტრირებას, თუმცა ამაოდ.
„ძალიან ბევრჯერ ვცადე, დღეში ათჯერ მაინც მაქვს რეგისტრაციის მცდელობა. 14 მაისიდან დღემდე ვაქცინის მეორე დოზაზე დავარეგისტრირე ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მე ვერ მოვახერხე რეგისტრაცია.
ვრეკავდი 1522-ზე ყოველდღიურად, სადაც სტანდარტულად მპასუხობდნენ, რომ გადასცემენ პრობლემას, ხარვეზია და გამოსწორდება და ა.შ. მინდოდა 21-ე დღეს გამეკეთებინა ვაქცინის მეორე დოზა და დღეის მონაცემებით უკვე 28-ე დღესაც აღარ არის ადგილები, მაშინ როცა 21-დან 28-ე დღეს არის რეკომენდებული მეორე დოზით აცრა. შეიძლება სადმე სხვაგან იყოს ადგილი, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ და გამიჭირდება სხვა ქალაქში წასვლა“, – გვითხრა ბაჩომ.
ბაჩომ გაიგო საავადმყოფოს იმ თანამშრომლის ნომერიც, რომელსაც აცრილი პირების მონაცემები შეჰყავს სისტემაში, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გადაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
„იმ ადამიანმა ფოტო გადაუღო მონაცემებს კომპიუტერში და გამომიგზავნა, რომ დავრწმუნებულიყავი. ყველაფერი სწორად აქვს შეყვანილი, სახელი, გვარი, პირადი მონაცემები. მეუბნებოდნენ, რომ შეიძლება არ იყო შეყვანილი მონაცემები სწორად, მაგრამ ასე არ არის“.
ბაჩოს მონათხრობით, ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ხარვეზი არსებობდა, მაგრამ 20 მაისიდან ასაცრელი კაბინეტების რაოდენობა დაემატებოდა. შესაბამისად, შეძლებდა რეგისტრაციასაც და 21-ე დღეს მეორე დოზის გაკეთებასაც, თუმცა დღეის, 27 მაისის მონაცემებით, ბაჩო შურღაია ისევ ვერ ახერხებს რეგისტრაციას ვებგვერდზე.
„როცა შევნიშნე, რომ რეაგირება არ იყო, დავრეკე ისევ ცხელ ხაზზე და ვთხოვე, ისეთ ადამიანთან დაკავშირება, ვინც სტანდარტულ პასუხს კი არ გამცემდა, არამედ დამელაპარაკებოდა სახელით და გვარით. ამის მიუხედავად, პრობლემა არ მოგვარდა. შემდეგ მითხრეს, რომ ჩემ მიერ გადაცემული ინფორმაცია საჩივრის სახით გადაცემული არ არის. თუ ეს საჭირო იყო, უნდა ეთქვათ, რომ საჩივრის სახით დაეფიქსირებინათ ზარი. ადგილები ივსება, ფიზიკურად აღარ რჩება ადგილი თბილისში იმ რიცხვებში, როცა მე მჭირდება“, – ამბობს ბაჩო.
ბაჩო შურღაია არ არის ერთადერთი, ვისაც „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციისას პრობლემა შეექმნა.
მეორე დოზაზე დარეგისტრირებას 7 დღის განმავლობაში ცდილობდა ნინი რესულიძე, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში გაიკეთა.
„ვაქცინა გავიკეთე 13 მაისს და ერთი კვირის განმავლობაში ვერ დავრეგისტრირდი. სადაც გავიკეთე ვაქცინის პირველი დოზა, იქაც ვიყავი მისული. მითხრეს, რომ ინფორმაცია ჩემი ვაქცინაციის შესახებ გადაცემული იყო და ცხელ ხაზზე დარეკვა მირჩიეს. ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ ხარვეზი იყო და გამოსწორდებოდა და 21-ში მართლაც შევძელი რეგისტრაცია.
იგივე პრობლემა ჰქონდა ჩემს მეგობარსაც, ერთად დავრეგისტრირდით და ერთად გავიკეთეთ ვაქცინა.
ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ აცრის ბარათი მქონდა. ძლივს მოვახერხე, დავრეგისტრირდი, გავიკეთე ვაქცინა და უცებ მეორე დოზაზე არ გარეგისტრირებენ“, – ამბობს ნინი.
როგორ უნდა მოიქცეს „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრილი მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებს მეორე დოზაზე რეგისტრაციას? რამდენად ხშირია ეს პრობლემა და რით არის გამოწვეული? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პასუხისთვის დრო არ აქვთ და 28 მაისს დაგეგმილ ვებინარზე შემოგვთავაზეს ამ თემაზე კითხვების დასმა.
სისტემაში არსებულ ხარვეზს ონლაინკლინიკის ცხელ ხაზზე, 1522-ზე ადასტურებენ.
„იყო პროგრამული ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა. სერვერზე პრობლემა აღმოფხვრილია. ძალიან დიდი მომართვიანობა იყო, გადაჭედილი იყო სერვერი, ამიტომ ვერ ხდებოდა რეგისტრაცია, თუმცა ყველა ადამიანის მონაცემები გადაცემული იყო შესაბამის ჯგუფთან“, – გვითხრეს ცხელ ხაზზე, სადაც დღეს, 27 მაისს, ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და დარეგისტრირება „სინოფარმის“ მეორე დოზაზე ყველას შეუძლია.
თუმცა ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ეს კონკრეტული მაგალითით ჩანს – დღეს, 27 მაისს, კიდევ ერთხელ სცადა „სინოფარმის“ მეორე დოზაზე დარეგისტრირება ბაჩო შურღაიამ, კვლავ უშედეგოდ.
ტინიტუსი ეწოდება შუილს ან რაიმე სხვა სახის ხმაურს ერთ ან ორივე ყურში. ხმაური, რომელიც ტინიტუსის დროს გვესმის, არ არის გამოწვეული გარე ხმებით და, ჩვეულებრივ, იგი სხვებს არ ესმით. ტინიტუსი ხშირი პრობლემაა, იგი მოსახლეობის დაახლოებით 15%-20% -ს აწუხებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. რა იწვევს ყურებში ერთჯერად ან ხშირ ხმაურს და როგორ ვუმკურნალოთ მას? “ბათუმელების” კითხვებს ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე პასუხობს:
ბატონო ბეხრი, რა წარმოშობის შეიძლება იყოს ყურში ხმაური?
არის ცენტრალური ნერვული სისტემის ხმაური, რომელიც აღმოცენდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, შეიძლება იყოს წნევით განპირობებული, არის კიდევ მეორე – პერიფერიული ხმაური, რომელიც ძალიან საყურადღებოა, რადგან ეს ხმაური პრაქტიკულად არ ქრება. მეტიც, მატულობს დროთა განმავლობაში. პირველივე ჯერზე, როცა შიშინს გაიგებთ ყურში, უნდა მიმართოთ ექიმს. ბავშვები ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ უფროსებმა უნდა მიმართონ ექიმს, რა დროსაც კეთდება აუდიოგრამა, რათა დადგინდეს რით არის ხმაური განპირობებული.
MayoClinic: ტინიტუსმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა სახის ფანტომური ხმები თქვენს ერთ ან ორივე ყურში, მათ შორის ზუზუნი, შიშინი, შუილი და წკაპუნი.
რა შეიძლება იყოს ყურში პერიფერიული ხმაურის მიზეზი?
მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტოზური, არსებობს მედიკამენტების ოტოტოქსიური ჯგუფები, რომლებიც იწვევენ ყურში ხმაურს. კიდევ ერთი მიზეზია აკუსტიკური ტრავმები, რომლებიც გამოწვეულია, მაგალითად, პიროტექნიკის აფეთქებებით (აი, თუნდაც საახალწლოდ რომ ყიდიან) და რის წინააღმდეგაც ვიბრძვი ამდენი ხანი. ასევე მიზეზია დახურულ სივრცეებში ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ხანგრძლივად, ეს იწვევს აკუსტიკურ ტრავმას, რომელიც შეიძლება იმ მომენტში არა, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში იჩენს თავს; მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ყურსასმენების ხანგრძლივი გამოყენება; ასევე მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური.
MayoClinic: ხმაური მხოლოდ ერთ ყურში უმეტესად გამოწვეულია თავის ან კისრის ტრავმით. ასეთ ტრავმებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შიდა ყურზე, სმენის ნერვზე ან სმენასთან დაკავშირებულ ტვინის ფუნქციაზე.
ზოგადად, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ასაკობრივიც არის, თუმცა ტინიტუსი დღეს ხშირად არის ნერვის დაზიანებით გამოწვეული. შუა ყურის ხშირი ანთება, აკუსტიკური ტრავმები, ხშირი ხმაური თუნდაც სამუშაო ადგილზე, მაგალითად, საამქროში მომუშავე ადამიანებთან, ამ მუდმივ ხმაურს სამწუხაროდ ჩვენთან არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ასეთი ხმაური ძალიან საზიანოა სმენისთვის.
MayoClinic: ყურის არხები შეიძლება დაიბლოკოს სითხის დაგროვებით (ყურის ინფექცია), ყურის ცვილით, ჭუჭყით ან სხვა გარე მასალებით. ბლოკირებამ შეიძლება შეცვალოს წნევა თქვენს ყურში, რაც იწვევს ტინიტუსს.
როგორ მკურნალობენ?
მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება, თუმცა პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ ექიმს დროულად მიმართავთ. ყოველწლიურად უნდა გაკეთდეს გამოკვლევები, პაციენტმა ყოველწლიურად უნდა მიიღოს პრეპარატები. მაგრამ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს აუდიოგრამა, რომ დადგინდეს ეს არის (სმენის ნერვის) ნევრიტი თუ რაიმე სხვა ხმაური.
არის შემთხვევები, როცა ხმაური წარმოიშვა და შემდეგ გაქრა – ესეც საყურადღებოა, რადგან მეორედ და მესამედ შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს და აღარც გაქრეს. ამიტომ ასეთ დროს ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს. ეს უნდა იქნას გამოკვლეული, რადგან პირველ ეტაპზე უფრო ადვილია ამ პროცესის შეჩერება. ეს უკავშირდება სმენის დაქვეითებას – რამდენადაც დაიწევს სმენა, იმდენს მატულობს ხმაური. ამიტომ ყოველთვის ჯობია დროულად მიხედვა, რომ არ განვითარდეს პრობლემა. სმენის დაქვეითების მესამე და მეოთხე ხარისხი ისეთია, რომ იქ უკვე პრაქტიკულად არაფერი შეიძლება გაკეთდეს სმენის აპარატის გარდა.
თურქეთში, დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება 2013 წელს გაიხსნა. ვინ არის ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული და როგორია ამ ფაკულტეტის მომავალი, ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ მაკა სალია ესაუბრა, რომელიც დუზჯეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის დაარსების დღიდან მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს.
ქალბატონო მაკა,ძირითადად ვინ ინტერესდება ქართული ენის შესწავლით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თუ სხვებიც?
სტუდენტების მხრიდან დაინტერესება არის ძალიან დიდი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეთნიკური ქართველები სჭარბობენ სტუდენტებში. ქართველებიც არიან, ქურთებიც, ჩერქეზებიც, რა თქმა უნდა, თურქებიც და სხვებიც.
რა არის მათი მოტივაცია, რატომ დაინტერესდნენ ქართული ენით?
როცა ვეკითხები ხოლმე უშუალო ურთიერთობაში, ყველა სხვადასხვა მოტივს ასახელებს. ვიღაც ამბობს, რომ შესაძლოა ბიზნესში გამოადგეს, ვიღაცას მოგზაურობა, ცხოვრებაც უნდა, აქვთ საგანმანათლებლო ინტერესებიც.
რამდენი ადამიანი მუშაობთ კათედრაზე, ქართველები ასწავლით თუ სხვა ეროვნების სპეციალისტებიც გყავთ, ვინც ფლობს ქართულ ენას?
ჩვენს კათედრაზე ოთხი ლექტორი ვართ მოწვეული საქართველოდან – მე, შორენა ლომაია, მარიამ სულხანიშვილი და ნანა კაჭარავა. თურქულენოვანი არის მხოლოდ ბატონი ფევზი ჩელები, რომელიც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია.
ფევზი ჩელები ხელოვნების მაგისტრია. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული – საპატრიარქოს წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში დუზჯეს რეგიონში მცხოვრებთა ქართულ მეტყველებაზე.
გარდა ამისა, ახლახან მისივე ავტორობით წიგნად გამოიცა ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი, ქართულ ხელოვნებასა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. ნაშრომი თურქულ ენაზეა დაწერილი და ის მეტად ფასეულია, როგორც ჩვენი სტუდეტებისთვის ასევე, საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.
მოწვეული ლექტორები უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობენ. ვფიქრობ, ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს იმისთვის, რომ განვვითარდეთ.
რამდენი სტუდენტი გყავთ ამ დროისთვის?
წელს პირველ კურსზე 20-მდე სტუდენტი მივიღეთ. გვაქვს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა. მაგისტრატურაზე 5 ადგილია გამოყოფილი და ვფიქრობ, არ არის ცოტა.
ისე, სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა კათედრაზესაკმაოდ ბევრი სტუდენტი სწავლობს ქართულს. ვფიქრობ, ამ მიმართულებას მომავალი ექნება. საქართველო-თურქეთს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობაც განაპირობებს ჩვენი კათედრის მომავალს, ბუნებრივია.
სასწავლო რესურსები თუ გაქვთ საკმარისი და საქართველო თუ გეხმარებათ ამაში?
რა თქმა უნდა, წიგნები გვჭირდება, ამის პრობლემა ახლაც გვაქვს, ბათუმის, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გვქონდა მხარდაჭერა, თუმცა დეფიციტი ახლაც გვაქვს. რაღაც ნაწილში მაინც ვერ მოხერხდა ბიბლიოთეკის შეძენა და თუ კიდევ იქნება დახმარების მსურველი, ძალიან გაგვახარებს.
ზოგადად, უნივერსიტეტისგან ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, სიმპოზიუმიც გავმართეთ, სადაც ქართული უნივერსიტეტებიდანაც გვყავდა პროფესორ-მასწავლებლები მოწვეული, გვაქვს ქართული ანბანის დღე, ჩვენი მწერლების იუბილეებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას ვმართავთ, პოეზიის საღამოები გვაქვს და ასე შემდეგ.
„ვეფხისტყაოსანი“ თუ მოსწონთ თურქეთში, კარგი თარგმანია?
მე თარგმანის სპეციალისტი არ ვარ და, სამწუხაროდ, ვერ შევაფასებ. თუმცა, აზერბაიჯანული ენიდან არის ნათარგმნი და კარგი იქნება, თუ ქართული ენიდან გაკეთდება თარგმანი. არც იმაზე მაქვს ინფორმაცია, ვინმე მუშაობს თუ არა ამ მიმართულებით. ჩვენ კი ვაკეთებთ ხოლმე ცალკეულ თარგმანებს კათედრაზე, მაგრამ ვინმეს დასრულებული თარგმანი რომ ჰქონდეს, ასეთი არ ვიცი.
ვინც დაამთავრა უკვე ბაკალავრიატი, როგორ დასაქმდა, თუ გაქვთ მათზე ინფორმაცია?
წარმატებული სტუდენტებიც გვყავს და კურსდამთავრებულებიც, მაგრამ ვინ როგორ დასაქმდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. დასაქმებაზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი ვერ აიღებს. ეს არის მათი არჩევანი და დასაქმებას აქაც და სხვაგანაც მუდმივი ზრდა და მუდმივი ბრძოლა სჭირდება.
თქვენ დიდი ხანია ცხოვრობთ თურქეთში?
ჩემი მეუღლე არის მუჰაჯირ ქართველთა შთამომავალი და ვზრდით ერთ გოგონას, მინეს. 2013 წლიდან ვცხოვრობ დუზჯეში და აქაური ქართველებისგან გავიგე, რომ იხსნებოდა უნივერსიტეტში კავკასიური ენების კათედრა და მივიღე კონკურსში მონაწილეობა.
მანამდე ვმუშაობდი ზუგდიდში, თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ზანურში. შემდეგ კი თურქეთში გადმოვედი საცხოვრებლად.
დუზჯე შავიზღვისპირეთის რეგიონი და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, გამორჩეული ადგილია. ძვირფასია იმიტომ, რომ აქ მრავლად არიან აჭარიდან გადმოსახლებული მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები.
ჩვენს ყველა ღონისძიებას ესწრებიან აქაური ქართველები და დუზჯეს ქართველთა ასოციაციაც ძალიან გვიდგას მხარში.
თვითონ თურქები რამდენად კარგად იცნობენ ქართულ კულტურას. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი სახელმწიფოები ვართ, ბევრი მაინც არ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ.
დუზჯეს უნივერსიტეტი საკმაოდ მაღალი დონისაა, ძალიან თბილი და აკადემიური გარემოა. დამოკიდებულება – „შენ ვინ ხარ და საიდან ხარ“ აქ არ არის. მე, პირადად, ცუდი არაფერი მეთქმის, მეგობრული, აკადემიური და ხელშემწყობი გარემოა.
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დუზჯეს უნივერსიტეტიდან
ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კომკურსში წინადადებების მიღება დღეს, 27 მაისს დაიწყო. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის პირველი ივნისის 13:30 საათამდე გაგრძელდება.
მერიამ კონკურსი ხელახლა, 14 აპრილს გამოაცხადა, ვინაიდან წინა ტენდერი შეწყვიტა. მერიამ ეს პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა და კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ხელახალ კონკურსში წინადადებების მიღება 12 მაისს უნდა დაწყებულიყო და 17 მაისს დასრულებულიყო, თუმცა მერიამ ეს ვადაც გადაწია.
„ერთიან ელექტრონულ სისტემაში დამატებით განთავსდა საკონკურსო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე, ამიტომ წინადადებების მიღების დაწყების თარიღი 27 მაისამდე გადაიწია“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
ცვლილებების საკონკურსო კომისიამ 29 აპრილს მიიღო. შესაბამისი ოქმით შესწორება შევიდა საკონკურსო დოკუმენტაციის ერთ-ერთ პუნქტშიც. ცვლილების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებული ვალდებული იქნება, გენგეგმის [ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის] შემუშავების პროცესში, ინტენსიური კომუნიკაცია იქონიოს მერიასთან და შესაბამის უწყებებთან:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი ცნობა.
გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ხსენებული ყალბი ცნობა,“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.
სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იშვიათი, „სისხლიანი მთვარე“, იგივე სუპერმთვარე აღბეჭდეს.
ხალხი უყურებს მთვარის დაბნელებას იაპონიაში, საპოროში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JIJIსუპერმთვარე დუბაის ცაზე, არაბთა გაერთიანებული ემირატები. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Ali Haiderლოს ანჟელესი, კალიფორნია. აშშ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ETIENNE LAURENTსელფი სუპერმთვარის ფონზე. სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GEORGI LICOVSKIსუპერმთვარე Al Azhar-ის მეჩეთის თავზე ჯაკარტაში. ინდონეზია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Bagus Indahonoსტამბული, თურქეთი. ფოტო: ანადოლუსავსე მთვარე El Pilar-ის კათედრალის თავზე. სარაგოსა, ესპანეთი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Javier Belverსუპერმთვარე ავსტრალიაში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/LUKAS COCH
გსმენიათ ისეთი შემეცნებით-საგანმანათლებლო მედიაპლატფორმების შესახებ, როგორიც არის გერმანული Kurzgesagt-ი, TED-Ed-ი, რომლის მისია მთელ მსოფლიოში ლიტერატურის, მეცნიერების, სოციალური მეცნიერებების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სხვა მრავალი თემის გარშემო ცოდნის გავრცელებაა?
Movement EDU
საერთაშორისო ციფრული მედიაბაზარი საკმაოდ გაჯერებულია საგანმანათლებლო, შემეცნებით-გასართობი შინაარსის მასალით, რომლის საშუალებითაც ადამიანები მარტივად, საკუთარი ინტერესის შესაბამისად იღებენ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას. ციფრული თხრობის მედიაპლატფორმა Movement-ის გუნდმაც 2020 წლის მარტში Movement EDU დააფუძნა, რომელიც ადამიანებისთვის შემეცნებითი მიზნების გასამარტივებლად შეიქმნა.
Movement EDU
Movement EDU-ს პროექტი აშშ საელჩოს გაცვლითი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში დაამუშავეს. დღეს კი აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით Movement EDU ახალ პროექტზე – „დემოკრატიის ღირებულებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე“ მუშაობს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 15 ანიმაციური ვიდეოს შექმნა დემოკრატიისა და მისი მთავარი ფასეულობების შესახებ, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება Movement EDU-ზე და ხელმისაწვდომი იქნება ქართული, ინგლისური, სომხური და აზერბაიჯანული თარგმანით. ეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.
ამ ეტაპისთვის Movement EDU-ს პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნდა ორი ვიდეო. პირველ ვიდეოში ვსაუბრობთ დამოუკიდებელი და პროფესიონალური მედიის მნიშვნელობაზე, განვიხილავთ უოთერგეითის საქმეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მაგალითია და ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად კავშირშია დამოუკიდებელი, პროფესიონალური მედიის არსებობა ძლიერ დემოკრატიასთან. მეორე ვიდეო დემოკრატიის შესახებ შევქმენით. გვსურს გავცეთ პასუხი კითხვებს, რას ნიშნავს დემოკრატია, როგორ მუშაობს ის ადამიანებისთვის და რა ისტორიული მოვლენები უძღვის წინ დემოკრატიული მმართველობის შემუშავებას.
მომავალში შევეხებით ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის ადამიანის ძირითადი უფლებები, ქალებისა და უმცირესობების უფლებები, რელიგია და დემოკრატია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეზინფორმაცია, საშუალო ფენის როლი დემოკრატიის განვითარებაში, პოლიტიკური არჩევნები, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, განათლება, შრომის უფლებები და სხვა.
აღნიშნული ვიდეოებით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მეტი გაიგონ დემოკრატიის, მისი ფუნდამენტური ღირებულებების და სიკეთეების შესახებ. რეალურად დაინახონ, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ ფასეულობების დაცვას მათთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, იცოდნენ რა უფლებებით სარგებლობენ და როგორ შეუძლიათ ამ უფლებების დაცვა.
ვიდეოამბების ნახვა შესაძლებელია Movement EDU-ს ციფრულ მედიაარხებზე:
მასალა მომზადებულია The Movement TV -ის მიერ. აშშ-ს საელჩო საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელებადი პროექტის (გრანტის ნომერი: SGG80020CA0119) „დემოკრატიის ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება“ ფარგლებში.
27 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 699 პირი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 12 704 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 3965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი.
26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.47%.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილი სამუშაოების შეუსრულებლობა უშუალოდ პანდემიას არ უკავშირდება. „იმავე პროექტს შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა 2019 წელსაც, რაც პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი.
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი [ჭოროხი]-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე [დონორი: ADB] 2020 წელს 5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა შესრულება იყო – 0.
ქვეყნის მასშტაბით, ცალკეული პროექტების შემთხვევაში, ადგილი აქვს დაბალი ათვისების ტენდენციას. აუდიტის მიხედვით, 2020 წელს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 88 პროექტიდან 38 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გეგმის 70%-ზე ნაკლები [მათ შორის, 6 პროექტის შემთხვევაში თანხა საერთოდ არ აუთვისებიათ].
„სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, დაბალი ათვისებები ძირითადად განპირობებულია პანდემიის გავრცელების გამო რიგი აქტივობებისა და ღონისძიებების გაუქმებით/შეფერხებითა და გადადებით. მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი პროექტებიც, რომელთაც 2020 წლის მსგავსად, შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ 2019 წელსაც, რაც პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში [ასეთი პროექტების ჩამონათვალშია სწორედ ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტიც].
აუდიტის მიხედვით, გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო სესხით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს სესხის აუთვისებელ ნაწილზე [რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას].
„2020 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 9.6 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, დაფინანსების გეგმიდან კრედიტის ნაწილში 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 3.3 მილიონი ლარია“, – აცხადებს აუდიტი.
უშუალოდ მხარჯავი დაწესებულებების დონეზე, დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს ისიც, რომ ხშირია პროექტების გეგმების არსებითი ცვლილება.
„დღემდე გამოწვევად რჩება ის, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განვითარების სტრატეგია, სადაც წარმოდგენილი იქნება საშუალოვადიან პერიოდში ეროვნულ დონეზე არსებული პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული მიმართულებები და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების გეგმები“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროექტების კაპიტალურად კლასიფიკაციის პროცესზე ზედამხედველობას, რაც ერთი მხრივ, განაპირობებს მათ განხორციელებას „კაპიტალური პროექტების მართვის გზამკვლევისა“ და „კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის“ შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალური პროექტების დანართში პროექტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენას.
—
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობენ და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ დაახლოებით 2 თვის წინ. ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც 2021 წელს უნდა დაწყებულიყო.
1918 წლის 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში [ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე], ხალხმრავლობა იყო. სასახლის წინ მოედანი და ახლო ქუჩები ხალხით იყო სავსე.
ამ შენობაში შუადღის 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
საღამოს, ზუსტად 5 საათსა და 10 წუთზე, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადებას:
„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარე ძალის დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული საქართველოს ყრილობის მიერ, აცხადებს:
ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
დამფუძნებელ კრების მოწვევამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.
აქტის წაკითხვის შემდეგ ნოე ჟორდანიამ მიმართა საბჭოს, თანახმა იყვნენ თუ არა მიეღოთ დამოუკიდებლობის აქტი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქნა მიღებული და დარბაზში ხანგრძლივი ტაში და შეძახილები გაისმა: „გაუმარჯოს საქართველოს!“
______________
ფოტოზე: ნოე ჟორდანია, მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია თბილისში
„ეკლესიაში ეს მღელვარება არ დაცხრება, სანამ საეკლესიო სამართლით სიმშვიდე არ დაბრუნდება. მონაზვნებს ეპისკოპოსთა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მოსვენება დაგვიკარგა. კიდევ ერთხელ ნუ იქნებით მიზეზი საეკლესიო პროვოკაციის,“ – ამ სიტყვებით მიმართავს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელი (გვილავა) ჭყონდიდის მიტროპოლიტს.
ამ მიმართვის საფუძველი მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც იღუმენმა დანიელმა სალხინოს მამათა მონასტრის ქონება (დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებები) საეპარქიო კომისიას 29 მაისამდე უნდა გადააბაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იღუმენს მღვდლობიდან განკვეთა ემუქრება.
იღუმენი დანიელი ჭყონდიდის მიტროპოლიტს საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ სანამ წმინდა სინოდი სასულიერო პირების სააპელაციო საჩივარს არ განიხილავს, ისიც და სხვა დასჯილი სასულიერო პირებიც, ჭყონდიდის მიტროპოლიტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.
საქმე იმაშია, რომ 4 აპრილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 მღვდელმსახურს საეკლესიო სასჯელი დაადო, მათ შორის იყო იღუმენი დანიელიც, რომელსაც მღვდელმსახურება აეკრძალა. სასულიერო პირებმა ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდში გაასაჩივრეს აპელაციის წესით. სინოდის სხდომა, სადაც ამ აპელაციას განიხილავდნენ, ჯერ არ გამართულა.
„როგორც იერარქისადმი, მეც ვითხოვ შენდობას თუ რაიმე უნებლიეთ გამოვთქვი და არ იყო ჩემი წოდებისათვის შესაფერისი, მაგრამ ის შეკითხვები, რის გამოც გადაწყდა ჩვენი დასჯა, მიგვაჩნია, რომ წმინდა სინოდში არის განსახილველი. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეკლესიაში გვაქვს პრეცედენტი, როდესაც სინოდის წევრთა მიერ განკვეთილ და პედოფილიაში ბრალდებულ მღვდელს პატრიარქმა დაუტოვა ხარისხი და საკურთხეველში ზიარების უფლება, რომელიც თქვენ უსაფუძვლოდ და კანონის უხეში დარღვევით ამიკრძალეთ.
რაც შეეხება თქვენს ცნობა – არცნობას ჭყონდიდელ მიტროპოლიტად, უნდა ითქვას, რომ პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ გვქონდა და არც გაგვჭირვებია თქვენთან ერთად წირვაზე დგომა, სანამ არ დაიწყეთ შეგნებული ცილისწამება. ვინმემ აგიკრძალათ წირვაზე მოსვლა? აგიჯანყდით? წირვაზე არ გიხსენიებდით? შეგნებულად იტყუებით ან მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. იმას რატომ არ იხსენებთ, რის გამო გაურთულდა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას თქვენთან თანამშრომლობა?
შეგახსენებთ: ჩვენ მოვითხოვეთ მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წაყენებული ბრალდება, რომელიც მან 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდზე წამოაყენა და თქვა, რომ ამ საქმეს ჰყავს უამრავი მოწმე, რომელნიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი არიან იმსახურებენ ქრისტიანულ სიყვარულს და ამ საქმის გამოძიებით პატივისცემას. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით მღვდელმთავარს უფლება ჰქონდა წერილის გარეშეც ზეპირი სახით წარედგინა ბრალი. სინოდის სხდომის შემდეგ როდესაც ჩამოვიდნენ მღვდელმთავრები, ისინი შეგვპირდნენ, რომ ამ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდებოდა, ხოლო სანამ არ გაირკვეოდა დროებითი მმართველი დაინიშნებოდა ჭყონდიდში.
სანამ არ არის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივი გადაწყვეტა, მანამდე როგორ მოხდა ან რომელი კანონების მიხედვით დაგნიშნეს თქვენ?
მიტროპოლიტმა პეტრემ ბრალი იქით წაუყენა კათოლიკოს-პატრიარქს და მოხდა ისე, რომ წესების დარღვევით, სრული გაფრთხილების გარეშე და იმპერატიული ტონალობით კათოლიკოსმა ილიამ ერთპიროვნულად შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება და თან ჭყონდიდელის სტატუსიც ჩამოართვა. დაირღვა მოციქულთა 31-ე კანონი და მეორე მსოფლიო კრების მე – 6 კანონი,“ – წერია იღუმენის წერილში, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტს გაუგზავნა.
ამავე წერილში იღუმენი ვრცლად მიმოიხილავს საეკლესიო ქონების საკითხს და წერს, რომ საეკლესიო ქონება ეკლესიის თითოეული წევრისაა.
„ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო ქონებისადმი უდიერად და გულგრილად მოპყრობის, პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ აქ იმალება ფარული გარიგება ან კორუფციული სქემა, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქომ და ჭყონდიდში მართვა-გამგეობისთვის დადგენილმა ეპისკოპოსებმა (თქვენ და გრიგოლ კაცია) არ დაიცავით ეკლესიის ინტერესები და საეკლესიო ქონება.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ პეტრეს დროს ჭყონდიდის ეპარქიაში გაიხსნა წყლის ქარხანა, რომლის 50% ფლობდა ეკლესია, რომლის გადაბარებაც მოხდა 2019 წლის ნოემბრის თვეს შექმნილ კომისიის ფარგლებში თავისი ახსნა-განმარტებებით. წესით, თქვენ გევალებოდათ ამ საკითხის შესწავლა და ქონების დაცვა, როგორც ეს ხდებოდა მიტროპოლიტ პეტრეს მმართველობის დროს, მაგრამ გულგრილობითა და ინტერესის არ ქონის გამო ქარხანა გაიტანეს აუქციონზე და დავკარგეთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ასევე მოექცეთ სალხინოს მარანს, სასახლესა და ღვინის სახლს.
თქვენ გსურთ იქ მოიმკოთ, სადაც არ დაგითესიათ. ეპარქიაში ყველამ იცოდა, რომ ამ ქარხნიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა ეპარქიის სამღვდელოების ხელფასსა და ოჯახში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სწავლა-განათლების დაფინანსებას, რომლებიც ამთავრებდნენ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას.
მთელი ჩვენი ცხოვრება გავატარეთ საეკლესიო კანონების მორჩილებაში და თავს უფლებას არ მივცემთ თქვენი ძალადობრივი გადაწყვეტილებები ვაქციოთ ქრისტეს კანონებზე მაღლა. ასევე დავამატებ, გადაბარება უნდა მომხდარიყო მეუფე გრიგოლ კაციას დროს, რომელიც ისე წავიდა საეპარქიო ქონება არ გადაუბარებია თქვენთვის და ამ დროს საპატრიარქოსგან გაკეთდა განცხადება, თითქოს გადაბარების კომისია იყო შექმნილი.
შეგახსენებთ, ეკლესიის კანონებით მოქმედება შუიდან კი არ იწყება, იწყება თავიდან და ეს სათავე თქვენ აშკარად გიბნევთ თავგზას,“ – ვკითხულობთ იღუმენის წერილში.
იღუმენი დანიელ გვილავა ჭყონდიდის მიტროპოლიტს ახსენებს, რომ ეკლესია იმართება საეკლესიო სამართლის მიხედვით და ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე.
9 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ისინი საგადასახადო კოდექსის იმ ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომლითაც მხოლოდ საპატრიარქოს მიერ შემოტანილი რელიგიური პროდუქცია არ იბეგრება დღგ-ს და იმპორტის გადასახადით.
„განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში საპატრიარქოსა და მოსარჩელეებს შორის უთანასწორობა განპირობებულია სწორედ საგადასახადო კოდექსის სადავოდქცეული მუხლებით… საჩივრდება, ერთი მხრივ, ნორმა, რომელიც მოსარჩელისაგან საზღვარგარეთ წარმოებული რელიგიური საგნის იმპორტის შემთხვევაში ითვალისწინებს დღგ-ს გადასახადის გადახდას, მეორე შემთხვევაში, საღვთისმსახურო საგნის საქართველოში შემოტანისათვის იმპორტის გადასახადის გადახდას. დავის საგნად არ არის ქცეული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის აღმჭურველი ნორმა შესადარებელ პირს – საქართველოს საპატრიარქოს – ათავისუფლებს იმპორტისა და დღგ-ს გადახდისაგან საღვთისმსახურო საგნის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.
რელიგიური ორგანიზაციების შეფასებით, სადავო ნორმით ისინი არათანაბარ მდგომარეობაში არიან მართლმადიდებელ ეკლესიასთან შედარებით და ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება.
მოსარჩელეები არიან: „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“.
რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ დაიცავს.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ულოცავს.
დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა ბაქოში. თხევადი ფორმების შენობა ცნობილი ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ არის დაპროექტებული.
ბაქო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში ცნობილი ქანდაკება დღეს საქართველოს ეროვნულ სამოსში – ჩოხაშია გამოწყობილი.
ბრიუსელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი.
ვილნიუსივილნიუსივილნიუსი
ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ძველი მერიის შენობა (რატუშა) და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.
კაუნასიკაუნასი
26 მაისს, საქართველოს დროით 00:00 საათზე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა პოლონეთის ქალაქის ვროცლავის სტადიონი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ვროცლავი
დღევანდელი დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდება დღეს კანადისა და აშშ-ს საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი. ნიაგარას პარკის ოფიციალური ვებგვერის მიხედვით, ჩანჩქერი წითელი და თეთრი ფერებით 9:45 საათზე განათდება.
ჩანჩქერის სხვადასხვა ფერის ნათურები წინა მხრიდან ამ ფორმით ნათდება
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, იქ, სადაც ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებია გაშლილი, პოლიციამ რკინის ჯებირები დააბრუნა. რიონის ხეობაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. ყველა შემსვლელს პოლიცია აკონტროლებს.
რკინის ჯებირები გუმათში /ფოტო მოგვაწოდა დათო სიმონიამ
“ბათუმელები” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. დავინტერესდით რის საფუძველზე აღმართეს ხეობაში რკინის ჯებირები. შსს-ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რკინის ჯებირები რიონის ხეობაში პირველად 14 აპრილს აღმართეს. სახელმწიფო ამ გზით ცდილობს ხეობაში შეზღუდოს “რიონის ხეობის მცველების” თავისუფალი გადაადგილება.
17 აპრილს, მას შემდეგ, რაც რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რკინის ჯებირების ნახევარი მოხსნეს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, იღუმენ დანიელს (გვილავა) მღვდლობიდან განკვეთით ემუქრება.
მიტროპოლიტის სამგვერდიან გაფრთხილებაში, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე გამოქვეყნდა, ეპარქიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებია განხილული.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი იღუმენ დანიელს ცალსახად ადანაშაულებს საეკლესიო ამბოხში და მისგან ითხოვს 29 მაისამდე საეპარქიო კომისიას გადასცეს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებები.
„თქვენი დესტრუქციული ქმედებები კვლავ გაგრძელდა. ჩვენ მიერ 15 მაისს შექმნილმა საეპარქიო კომისიამ, რომელსაც ევალება ეპარქიის განკარგვაში არსებული საეკლესიო ქონების აღწერა და გადმობარება, ზედმეტი ხმაურის გარეშე 17 მაისს მოგთხოვათ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ.
კომისიამ იმავე მოთხოვნით 18 მაისს კვლავ მოგმართათ, თუმცა კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ საჯაროდ მოგთხოვეთ მონასტერში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც კვლავ, საჯაროდ უარი განაცხადეთ.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, თქვენი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ შაბათამდე, 29 მაისამდე, არ გამოიჩენთ კეთილგონიერებას და არ დაემორჩილებით ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს,“ – წერია მიტროპოლიტის განცხადებაში.
მიტროპოლიტი თავის მიმართვაში იღუმენს სწერს, რომ პატიობს მის მიმართ გამოთქმულ ყველა შეურაცხმყოფელ სიტყვას და ქმედებას. ასევე თავადაც შენდობას სთხოვს, თუკი რაიმე მოიმოქმედა ისეთი, რამაც იღუმენი შეურაცხყო.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა იღუმენ დანიელს (გვილავა). იღუმენის თქმით, ის წერილს ამზადებს მიტროპოლიტის სახელზე, რომელსაც უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს და ამ წერილით გახდება ცნობილი მისი პოზიცია.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა მიმდინარე წლის მარტიდანაა. ამ დროის მანძილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეპარქიაში 15 სასულიერო პირს დაადო საეკლესიო სასჯელი. მათ შორის დასჯილია სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარიც. იღუმენ დანიელს 2021 წლის 4 აპრილიდან მღვდელმსახურება აქვს აკრძალული.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 26 მაისს, ავარიული დაზიანების გამო 14:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
„ეტლს ვუტოვებ იმიტომ, რომ იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე,“ – თქვა დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ და პროტესტის ნიშნად ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. მას სოციალურ პრობლემებზე საუბარი სურდა, თუმცა სამი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში არავინ მოუსმინა.
ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია და ითხოვს, პერსონალური ასისტენტი დაუნიშნონ მანამ, ვიდრე მისი შვილები საპატიმრო დაწესებულებას არ დატოვებენ.
ჯემალ ჭელიძე ძმები ჭელიძეების მამაა, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ ძმებ წულუკიძეებთან და ელდარ ანთაძესთან ერთად დააკავეს. ჯემალ ჭელიძის თქმით, შვილების დაკავების შემდეგ მისი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
„აღარავინ მყავს ოჯახში, რომ ელემენტარულად დამეხმაროს, მე დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შემიძლია… ჩემი შვილები ინციდენტის დროს იქ სულ არ ყოფილან, მაგრამ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მესაუბრა ჩემს პრობლემებზე. რატომ მთვლიან ძაღლად, რომ მოვედი, ვიყეფე და წავედი?“ – კითხულობს ჯემალ ჭელიძე.
გუშინ, 25 მაისს, „ბათუმელებმა“ ჰკითხა აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თუ რატომ არ ხვდება არავინ მთავრობის აპარატიდან მოქალაქეს. აჭარის მთავრობაში კითხვა უპასუხოდ დატოვეს.
ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველები დახვდნენ. ჯემალ ჭელიძემ მათ ჰკითხა, როგორ გადასცემდნენ მის გზავნილს თორნიკე რიჟვაძეს. ეტლით მოსარგებლეს მხოლოდ სამთავრობო დაცვის წევრმა უპასუხა, რომ გზავნილს ვერ დაიტოვებს, ხოლო დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე და ყველა ისვენებს.
საბოლოოდ ჯემალ ჭელიძემ ეტლი მთავრობის სახლის წინ, ქუჩაში დატოვა.
შშმ პირმა თავისი ეტლი და საპენსიო ბარათი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ დატოვა. ეს ეტლი ჯემალ ჭელიძეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.
ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება.
სამუშაოების შესყიდვაზე დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.
ფოთთან, მდინარე რიონზე, არსებული ხიდი /ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
„ამჟამად არსებული გზა ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა,“ – აცხადებს დეპარტამენტი.
ახალი ხიდი / რენდერი /ფოტო:დეპარტამენტი
ფოთის ხიდის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიებისთვის სატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 სთ-მდეა განსაზღვრული.
პირობის მიხედვით, „საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ეროვნების პრეტენდენტს“.
„ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.“
კონკრეტულად რა თანხაა გათვალისწინებული ხიდის მშენებლობისთვის, დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუმცა ხიდის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაიფარება.
სეხი, საქართველოს მთავრობამ, აზიის განვითარების ბანკისაგან ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისათვის მიიღო. „აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის [ხიდის მშენებლობა] ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.