მთავარი,სიახლეები

„სინოფარმის“ მეორე დოზაზე ვერ დავრეგისტრირდი“ – მოქალაქე

27.05.2021 •
„სინოფარმის“ მეორე დოზაზე ვერ დავრეგისტრირდი“ – მოქალაქე

ბაჩო შურღაია 14 მაისს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა „სინოფარმის“ ვაქცინით. მას შემდეგ ბაჩო ვაქცინის მეორე დოზაზე ცდილობს დარეგისტრირებას, თუმცა ამაოდ.

„ძალიან ბევრჯერ ვცადე, დღეში ათჯერ მაინც მაქვს რეგისტრაციის მცდელობა. 14 მაისიდან დღემდე ვაქცინის მეორე დოზაზე დავარეგისტრირე ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მე ვერ მოვახერხე რეგისტრაცია.

ვრეკავდი 1522-ზე ყოველდღიურად, სადაც სტანდარტულად მპასუხობდნენ, რომ გადასცემენ პრობლემას, ხარვეზია და გამოსწორდება და ა.შ. მინდოდა 21-ე დღეს გამეკეთებინა ვაქცინის მეორე დოზა და დღეის მონაცემებით უკვე 28-ე დღესაც აღარ არის ადგილები, მაშინ როცა 21-დან 28-ე დღეს არის რეკომენდებული მეორე დოზით აცრა. შეიძლება სადმე სხვაგან იყოს ადგილი, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ და გამიჭირდება სხვა ქალაქში წასვლა“, – გვითხრა ბაჩომ.

ბაჩომ გაიგო საავადმყოფოს იმ თანამშრომლის ნომერიც, რომელსაც აცრილი პირების მონაცემები შეჰყავს სისტემაში, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გადაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

„იმ ადამიანმა ფოტო გადაუღო მონაცემებს კომპიუტერში და გამომიგზავნა, რომ დავრწმუნებულიყავი. ყველაფერი სწორად აქვს შეყვანილი, სახელი, გვარი, პირადი მონაცემები. მეუბნებოდნენ, რომ შეიძლება არ იყო შეყვანილი მონაცემები სწორად, მაგრამ ასე არ არის“.

ბაჩოს მონათხრობით, ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ხარვეზი არსებობდა, მაგრამ 20 მაისიდან ასაცრელი კაბინეტების რაოდენობა დაემატებოდა. შესაბამისად, შეძლებდა რეგისტრაციასაც და 21-ე დღეს მეორე დოზის გაკეთებასაც, თუმცა დღეის, 27 მაისის მონაცემებით, ბაჩო შურღაია ისევ ვერ ახერხებს რეგისტრაციას ვებგვერდზე.

„როცა შევნიშნე, რომ რეაგირება არ იყო, დავრეკე ისევ ცხელ ხაზზე და ვთხოვე, ისეთ ადამიანთან დაკავშირება, ვინც სტანდარტულ პასუხს კი არ გამცემდა, არამედ დამელაპარაკებოდა სახელით და გვარით. ამის მიუხედავად, პრობლემა არ მოგვარდა. შემდეგ მითხრეს, რომ ჩემ მიერ გადაცემული ინფორმაცია საჩივრის სახით გადაცემული არ არის. თუ ეს საჭირო იყო, უნდა ეთქვათ, რომ საჩივრის სახით დაეფიქსირებინათ ზარი. ადგილები ივსება, ფიზიკურად აღარ რჩება ადგილი თბილისში იმ რიცხვებში, როცა მე მჭირდება“, – ამბობს ბაჩო.

ბაჩო შურღაია არ არის ერთადერთი, ვისაც „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციისას პრობლემა შეექმნა.

მეორე დოზაზე დარეგისტრირებას 7 დღის განმავლობაში ცდილობდა ნინი რესულიძე, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში გაიკეთა.

„ვაქცინა გავიკეთე 13 მაისს და ერთი კვირის განმავლობაში ვერ დავრეგისტრირდი. სადაც გავიკეთე ვაქცინის პირველი დოზა, იქაც ვიყავი მისული. მითხრეს, რომ ინფორმაცია ჩემი ვაქცინაციის შესახებ გადაცემული იყო და ცხელ ხაზზე დარეკვა მირჩიეს. ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ ხარვეზი იყო და გამოსწორდებოდა და 21-ში მართლაც შევძელი რეგისტრაცია.

იგივე პრობლემა ჰქონდა ჩემს მეგობარსაც, ერთად დავრეგისტრირდით და ერთად გავიკეთეთ ვაქცინა.

ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ აცრის ბარათი მქონდა. ძლივს მოვახერხე, დავრეგისტრირდი, გავიკეთე ვაქცინა და უცებ მეორე დოზაზე არ გარეგისტრირებენ“, – ამბობს ნინი.

როგორ უნდა მოიქცეს „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრილი მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებს მეორე დოზაზე რეგისტრაციას? რამდენად ხშირია ეს პრობლემა და რით არის გამოწვეული? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პასუხისთვის დრო არ აქვთ და 28 მაისს დაგეგმილ ვებინარზე შემოგვთავაზეს ამ თემაზე კითხვების დასმა.

სისტემაში არსებულ ხარვეზს ონლაინკლინიკის ცხელ ხაზზე, 1522-ზე ადასტურებენ.

„იყო პროგრამული ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა. სერვერზე პრობლემა აღმოფხვრილია. ძალიან დიდი მომართვიანობა იყო, გადაჭედილი იყო სერვერი, ამიტომ ვერ ხდებოდა რეგისტრაცია, თუმცა ყველა ადამიანის მონაცემები გადაცემული იყო შესაბამის ჯგუფთან“, – გვითხრეს ცხელ ხაზზე, სადაც დღეს, 27 მაისს, ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და დარეგისტრირება „სინოფარმის“ მეორე დოზაზე ყველას შეუძლია.

თუმცა ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ეს კონკრეტული მაგალითით ჩანს – დღეს, 27 მაისს, კიდევ ერთხელ სცადა „სინოფარმის“ მეორე დოზაზე დარეგისტრირება ბაჩო შურღაიამ, კვლავ უშედეგოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: