განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან

27.05.2021 • 5158
რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან

თურქეთში, დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება 2013 წელს გაიხსნა. ვინ არის ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული და როგორია ამ ფაკულტეტის მომავალი, ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ მაკა სალია ესაუბრა, რომელიც დუზჯეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის დაარსების დღიდან მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს.

  • ქალბატონო მაკა, ძირითადად ვინ ინტერესდება ქართული ენის შესწავლით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თუ სხვებიც?

სტუდენტების მხრიდან დაინტერესება არის ძალიან დიდი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეთნიკური ქართველები სჭარბობენ სტუდენტებში. ქართველებიც არიან, ქურთებიც, ჩერქეზებიც, რა თქმა უნდა, თურქებიც და სხვებიც.

  • რა არის მათი მოტივაცია, რატომ დაინტერესდნენ ქართული ენით?

როცა ვეკითხები ხოლმე უშუალო ურთიერთობაში, ყველა სხვადასხვა მოტივს ასახელებს. ვიღაც ამბობს, რომ შესაძლოა ბიზნესში გამოადგეს, ვიღაცას მოგზაურობა, ცხოვრებაც უნდა, აქვთ საგანმანათლებლო ინტერესებიც.

  • რამდენი ადამიანი მუშაობთ კათედრაზე, ქართველები ასწავლით თუ სხვა ეროვნების სპეციალისტებიც გყავთ, ვინც ფლობს ქართულ ენას?

ჩვენს კათედრაზე ოთხი ლექტორი ვართ მოწვეული საქართველოდან – მე, შორენა ლომაია, მარიამ სულხანიშვილი და ნანა კაჭარავა. თურქულენოვანი არის მხოლოდ ბატონი ფევზი ჩელები, რომელიც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია.

ფევზი ჩელები ხელოვნების მაგისტრია. სადოქტორო  დისერტაცია აქვს დაცული – საპატრიარქოს წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში დუზჯეს  რეგიონში მცხოვრებთა ქართულ მეტყველებაზე.

გარდა ამისა, ახლახან მისივე ავტორობით წიგნად გამოიცა ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი,  ქართულ ხელოვნებასა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. ნაშრომი თურქულ ენაზეა დაწერილი და ის მეტად ფასეულია, როგორც ჩვენი სტუდეტებისთვის ასევე, საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

მოწვეული ლექტორები უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობენ. ვფიქრობ, ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს იმისთვის, რომ განვვითარდეთ.

  • რამდენი სტუდენტი გყავთ ამ დროისთვის?

წელს პირველ კურსზე 20-მდე სტუდენტი მივიღეთ. გვაქვს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის  სასწავლო პროგრამა. მაგისტრატურაზე 5 ადგილია გამოყოფილი და ვფიქრობ, არ არის ცოტა.

ისე, სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა კათედრაზე საკმაოდ ბევრი სტუდენტი სწავლობს ქართულს. ვფიქრობ, ამ მიმართულებას მომავალი ექნება. საქართველო-თურქეთს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობაც განაპირობებს ჩვენი კათედრის მომავალს, ბუნებრივია.

  • სასწავლო რესურსები თუ გაქვთ საკმარისი და საქართველო თუ გეხმარებათ ამაში?

რა თქმა უნდა, წიგნები გვჭირდება, ამის პრობლემა ახლაც გვაქვს, ბათუმის, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გვქონდა მხარდაჭერა, თუმცა დეფიციტი ახლაც გვაქვს. რაღაც ნაწილში მაინც ვერ მოხერხდა ბიბლიოთეკის შეძენა და თუ კიდევ იქნება დახმარების მსურველი, ძალიან გაგვახარებს.

ზოგადად, უნივერსიტეტისგან ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, სიმპოზიუმიც გავმართეთ, სადაც ქართული უნივერსიტეტებიდანაც გვყავდა პროფესორ-მასწავლებლები მოწვეული, გვაქვს ქართული ანბანის დღე, ჩვენი მწერლების იუბილეებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას ვმართავთ, პოეზიის საღამოები გვაქვს და ასე შემდეგ.

  • „ვეფხისტყაოსანი“ თუ მოსწონთ თურქეთში, კარგი თარგმანია?

მე თარგმანის სპეციალისტი არ ვარ და, სამწუხაროდ, ვერ შევაფასებ. თუმცა, აზერბაიჯანული ენიდან არის ნათარგმნი და კარგი იქნება, თუ ქართული ენიდან გაკეთდება თარგმანი. არც იმაზე მაქვს ინფორმაცია, ვინმე მუშაობს თუ არა ამ მიმართულებით. ჩვენ კი ვაკეთებთ ხოლმე ცალკეულ თარგმანებს კათედრაზე, მაგრამ ვინმეს დასრულებული თარგმანი რომ ჰქონდეს, ასეთი არ ვიცი.

  • ვინც დაამთავრა უკვე ბაკალავრიატი, როგორ დასაქმდა, თუ გაქვთ მათზე ინფორმაცია?

წარმატებული სტუდენტებიც გვყავს და კურსდამთავრებულებიც, მაგრამ ვინ როგორ დასაქმდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. დასაქმებაზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი ვერ აიღებს. ეს არის მათი არჩევანი და დასაქმებას აქაც და სხვაგანაც მუდმივი ზრდა და მუდმივი ბრძოლა სჭირდება.

  • თქვენ დიდი ხანია ცხოვრობთ თურქეთში?

ჩემი მეუღლე არის მუჰაჯირ ქართველთა შთამომავალი და ვზრდით ერთ გოგონას, მინეს. 2013 წლიდან ვცხოვრობ დუზჯეში და აქაური ქართველებისგან გავიგე, რომ იხსნებოდა უნივერსიტეტში კავკასიური ენების კათედრა და მივიღე კონკურსში მონაწილეობა.

მანამდე ვმუშაობდი ზუგდიდში, თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ზანურში. შემდეგ კი თურქეთში გადმოვედი საცხოვრებლად.

დუზჯე შავიზღვისპირეთის რეგიონი და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, გამორჩეული ადგილია. ძვირფასია იმიტომ, რომ აქ მრავლად არიან აჭარიდან გადმოსახლებული მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები.

ჩვენს ყველა ღონისძიებას ესწრებიან აქაური ქართველები და დუზჯეს ქართველთა ასოციაციაც ძალიან გვიდგას მხარში.

  • თვითონ თურქები რამდენად კარგად იცნობენ ქართულ კულტურას. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი სახელმწიფოები ვართ, ბევრი მაინც არ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ.

დუზჯეს უნივერსიტეტი საკმაოდ მაღალი დონისაა, ძალიან თბილი და აკადემიური გარემოა. დამოკიდებულება – „შენ ვინ ხარ და საიდან ხარ“ აქ არ არის. მე, პირადად, ცუდი არაფერი მეთქმის, მეგობრული, აკადემიური და ხელშემწყობი გარემოა.

სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დუზჯეს უნივერსიტეტიდან

__________________

მთავარი ფოტო: მაკა სალია სტუდენტებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: