მთავარი,სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის დაბადება – 1918 წლის 26 მაისი, 5:10 საათი

26.05.2021
საქართველოს რესპუბლიკის დაბადება – 1918 წლის 26 მაისი, 5:10 საათი

1918 წლის 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში [ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე], ხალხმრავლობა იყო. სასახლის წინ მოედანი და ახლო ქუჩები ხალხით იყო სავსე.

ამ შენობაში შუადღის 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

საღამოს, ზუსტად 5 საათსა და 10 წუთზე, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადებას:

„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარე ძალის დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული საქართველოს ყრილობის მიერ, აცხადებს:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
  7. დამფუძნებელ კრების მოწვევამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.

აქტის წაკითხვის შემდეგ ნოე ჟორდანიამ მიმართა საბჭოს, თანახმა იყვნენ თუ არა მიეღოთ დამოუკიდებლობის აქტი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქნა მიღებული და დარბაზში ხანგრძლივი ტაში და შეძახილები გაისმა: „გაუმარჯოს საქართველოს!“

______________

ფოტოზე: ნოე ჟორდანია, მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია თბილისში 

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/522239/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: