ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

395 946 ლარი საზაფხულო თეატრის რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან

28.05.2021 • 11618
395 946 ლარი საზაფხულო თეატრის რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობის რემონტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 395 946 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს ძველი თეატრის შენობის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ბათუმის კულტურის ცენტრს ამჯერად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: საზაფხულო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებზე – 387 546 ლარით და სარემონტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ტექნიკურ ზედამხედველობაზე – 8 400 ლარით.

პირველ ტენდერში წინადადებების მიღება 31 მაისს დასრულდება, მეორე ტენდერში კი – 4 ივნისს.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია „საზაფხულო თეატრის მცირე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები“, კერძოდ:
  • „არსებული სცენის საორკესტრო ორმოს გადახურვით აღიჭურვა ანაკრები ტიპის ლითონისა და ხის კომბინირებული კონსტრუქციის საფარით. კონსტრუქცია დაყოფილია თორმეტ დამოუკიდებელ სეგმენტად, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში სცენის საორკესტრო ორმო, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიხუროს ან გაიხსნას.
  • თეატრის ვესტიბიულისა და სამაყურებლო დარბაზის ფრინველებისა და ნალექებისაგან დასაცავად, არსებულ ღია სარკმლებზე მოეწყო ხის ვიტრაჟები მინაპაკეტებით.  სარდაფში ორი სანკვანძი აღიჭურვა შშმ პირებისათვის საჭირო მოწყობილობით, აქვე მოეწყო გარდერობის დახლი და უჟანგავი ლითონის საკიდები; დარბაზში გამოიყო შშმ პირთა განთავსების ადგილები;
  • სცენის ქვემოთ, სარდაფის ნალექისაგან დასაცავად მოეწყო გრუნტის წყლის საქაჩი ტუმბო.
  • სცენის კულისების სამ ოთახში მოეწყო თაბაშირმუყაოს ანაკრები ტიხარი. შენობის მთლიან ფასადზე გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო-აღდგენითი და ფასადის ნალექისაგან დაცვის ღონისძიებები (ხის ელემენტების დამუშავება დამცავი ხსნარებით) სამუშაოები.
  • სახურავის, შიდა კედლების, იატაკის, სანიაღვრე წყალგამტარებისა და სხვა ცალკეული დაზიანებული ელემენტების აღდგენა-სარემონტო და სამღებრო სამუშაოები.
  • აღნიშნული წარმოადგენს მცირე შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სახის სამუშაოებს და არ იწვევს შენობის არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის ცვლილებას. ასევე ეს არ შეეხება შენობის კონსტრუქციულ-სტრუქტურულ წყობას. შენობის ყველა გაბარიტი და მისი
    ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები რჩება უცვლელი.
  • თეატრის შემდგომი რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოებში გათვალისწინებული იქნას შენობის აღჭურვა კონდენცირება-ვენტილაციისა და საშხეფი სისტემით, ასევე აუცილებელია ბაქან-ლიფტის განთავსება“.

ბათუმის საზაფხულო თეატრის დაზიანებული ფასადი /შენობა მინიმუმ ბოლო 3 წელია ამ მდგომარეობაშია / 28.05.2021

შენობის არსებული მდგომარეობის ფოტომასალა ტენდერიდან ნახეთ აქ

ბათუმის საზაფხულო თეატრი 2013 წელს აშენდა. სამ წელიწადში დაზიანდა სახურავი, ფასადი და წყლის საქაჩი ტუმბო, რის შესაკეთებლადაც ბათუმის მერიამ 2016 წელს 64 ათას 498 ლარი გამოყო.

საზაფხულო თეატრის მშენებლობა ენმ-ის ხელისუფლების პირობებში დაანონსდა და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დასრულდა.

ამ თემაზე ვრცლად:

საზაფხულო თეატრის ჩამოცვენილი ფასადი – რესტავრაციას 450 ათასი ლარი სჭირდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: