მთავარი,სიახლეები

საზაფხულო თეატრის ჩამოცვენილი ფასადი – რესტავრაციას 450 ათასი ლარი სჭირდება

13.05.2019 • 2268
საზაფხულო თეატრის ჩამოცვენილი ფასადი – რესტავრაციას 450 ათასი ლარი სჭირდება

ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობას რესტავრაცია სჭირდება. დაზიანებული და ნაწილობრივ ჩამოცვენილია ხის ფასადი, გარდა ამისა, როგორც ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი, ჯონი საბაშვილი ამბობს, საჭიროა ავანსცენის, საორკესტრო ორმოს ამოვსებაც, რადგან თეატრის ეს ნაწილი სრულიად გამოუსადეგარია და საზაფხულო თეატრის ინტერიერი საორკესტრო კონცერტებისთვის არ არის გათვლილი. კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით, იგეგმება თეატრის ფანჯრების შემინვაც, რომ შენობა გამოსადეგი იყოს ზამთარშიც. რეკონსტრუქციის სავარაუდო გეგმის მიხედვით, თეატრის ინტერიერში უნდა ჩაშენდეს კულისები და გასახდელი ოთახები.

„მგონი, თავის დროზე, როცა თეატრი აშენდა, დაუმთავრებელი იყო თავიდანვე, იმდენად ცუდი სიტუაცია დაგვხვდა. ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული, გამოყენებულია იაფფასიანი ხის მასალა, იგეგმება არა ფასადის მთლიანი შეცვლა, არამედ რეკონსტრუქცია“, – ამბობს ჯონი საბაშვილი. მის თქმით, საზაფხულო თეატრის რეკონსტრუქციის სავარაუდო პროექტი მისი უწყების, კულტურის ცენტრის მიერაა მომზადებული თეატრის დამპროექტებელ კომპანიასთან და კომპანიის არქიტექტორებთან შეთანხმებით.

„რეკონსტრუქციის გეგმა კულტურის ცენტრმა ბათუმის მერიას ზეპირად, არაოფიციალურად გააცნო და საჭირო თანხების მოძიებისთანავე, საკითხს დღის წესრიგში ოფიციალურად ჩასვამენ, თუმცა ზუსტად არ ვიცით, როდის“, – ამბობს ჯონი საბაშვილი.

ბათუმის საზაფხულო თეატრი 2013 წელს აშენდა. სამ წელიწადში დაზიანდა სახურავი, ფასადი და წყლის საქაჩი ტუმბო, რის შესაკეთებლადაც ბათუმის მერიამ 2016 წელს 64 ათას 498 ლარი გამოყო.

სავარაუდო რეკონსტრუქციის გეგმის მიხედვით, თეატრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ამჯერად დაახლოებით 450 000 ლარია საჭირო.

ბაროკოს სტილში შესრულებული ბათუმის საზაფხულო თეატრი პირველად 1947 წელს არქიტექტორების: კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით აშენდა, იტევდა 590 მაყურებელს. შენობა 2001 წელს ხანძარმა გაანადგურა.

2013 წელს ძველი თეატრის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. საზაფხულო თეატრის მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

საზაფხულო თეატრის მშენებლობა ენმ-ის ხელისუფლების პირობებში დაანონსდა და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დასრულდა.

ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: