Batumelebi | ეპისკოპოსი დადიანების სასახლის და სხვა ქონების გასაღებებს ითხოვს – ბერის წერილი მიტროპოლიტს ეპისკოპოსი დადიანების სასახლის და სხვა ქონების გასაღებებს ითხოვს – ბერის წერილი მიტროპოლიტს – Batumelebi
RU | GE  

ეპისკოპოსი დადიანების სასახლის და სხვა ქონების გასაღებებს ითხოვს – ბერის წერილი მიტროპოლიტს

„ეკლესიაში ეს მღელვარება არ დაცხრება, სანამ საეკლესიო სამართლით სიმშვიდე არ დაბრუნდება. მონაზვნებს ეპისკოპოსთა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მოსვენება დაგვიკარგა. კიდევ ერთხელ ნუ იქნებით მიზეზი საეკლესიო პროვოკაციის,“ – ამ სიტყვებით მიმართავს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელი (გვილავა) ჭყონდიდის მიტროპოლიტს.

ამ მიმართვის საფუძველი მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც იღუმენმა დანიელმა სალხინოს მამათა მონასტრის ქონება (დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებები) საეპარქიო კომისიას 29 მაისამდე უნდა გადააბაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იღუმენს მღვდლობიდან განკვეთა  ემუქრება.

იღუმენი დანიელი ჭყონდიდის მიტროპოლიტს საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ სანამ წმინდა სინოდი სასულიერო პირების სააპელაციო საჩივარს არ განიხილავს, ისიც და სხვა დასჯილი სასულიერო პირებიც, ჭყონდიდის მიტროპოლიტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.

საქმე იმაშია, რომ 4 აპრილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 მღვდელმსახურს საეკლესიო სასჯელი დაადო, მათ შორის იყო იღუმენი დანიელიც, რომელსაც მღვდელმსახურება აეკრძალა. სასულიერო პირებმა ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდში გაასაჩივრეს აპელაციის წესით. სინოდის სხდომა, სადაც ამ აპელაციას განიხილავდნენ, ჯერ არ გამართულა.

„როგორც იერარქისადმი, მეც ვითხოვ შენდობას თუ რაიმე უნებლიეთ გამოვთქვი და არ იყო ჩემი წოდებისათვის შესაფერისი, მაგრამ ის შეკითხვები, რის გამოც გადაწყდა ჩვენი დასჯა, მიგვაჩნია, რომ წმინდა სინოდში არის განსახილველი. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეკლესიაში გვაქვს პრეცედენტი, როდესაც სინოდის წევრთა მიერ განკვეთილ და პედოფილიაში ბრალდებულ მღვდელს პატრიარქმა დაუტოვა ხარისხი და საკურთხეველში ზიარების უფლება, რომელიც თქვენ უსაფუძვლოდ და კანონის უხეში დარღვევით ამიკრძალეთ.

რაც შეეხება თქვენს ცნობა – არცნობას ჭყონდიდელ მიტროპოლიტად, უნდა ითქვას, რომ პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ გვქონდა და არც გაგვჭირვებია თქვენთან ერთად წირვაზე დგომა, სანამ არ დაიწყეთ შეგნებული ცილისწამება. ვინმემ აგიკრძალათ წირვაზე მოსვლა? აგიჯანყდით? წირვაზე არ გიხსენიებდით? შეგნებულად იტყუებით ან მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. იმას რატომ არ იხსენებთ, რის გამო გაურთულდა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას თქვენთან თანამშრომლობა?

შეგახსენებთ: ჩვენ მოვითხოვეთ მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წაყენებული ბრალდება, რომელიც მან  2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდზე წამოაყენა და თქვა, რომ ამ საქმეს ჰყავს უამრავი მოწმე, რომელნიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი არიან იმსახურებენ ქრისტიანულ სიყვარულს და ამ საქმის გამოძიებით პატივისცემას. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით მღვდელმთავარს უფლება ჰქონდა წერილის გარეშეც ზეპირი სახით წარედგინა ბრალი. სინოდის სხდომის შემდეგ როდესაც ჩამოვიდნენ მღვდელმთავრები, ისინი შეგვპირდნენ, რომ ამ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდებოდა, ხოლო სანამ არ გაირკვეოდა დროებითი მმართველი დაინიშნებოდა ჭყონდიდში.

სანამ არ არის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივი გადაწყვეტა, მანამდე როგორ მოხდა ან რომელი კანონების მიხედვით დაგნიშნეს თქვენ?

მიტროპოლიტმა პეტრემ ბრალი იქით წაუყენა კათოლიკოს-პატრიარქს და მოხდა ისე, რომ წესების დარღვევით, სრული გაფრთხილების გარეშე და იმპერატიული ტონალობით კათოლიკოსმა ილიამ ერთპიროვნულად შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება და თან ჭყონდიდელის სტატუსიც ჩამოართვა. დაირღვა მოციქულთა 31-ე კანონი და მეორე მსოფლიო კრების მე – 6 კანონი,“ – წერია იღუმენის წერილში, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტს გაუგზავნა.

ამავე წერილში იღუმენი ვრცლად მიმოიხილავს საეკლესიო ქონების საკითხს და წერს, რომ საეკლესიო ქონება ეკლესიის თითოეული წევრისაა.

„ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო ქონებისადმი უდიერად და გულგრილად მოპყრობის, პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ აქ იმალება ფარული გარიგება ან კორუფციული სქემა, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქომ და ჭყონდიდში მართვა-გამგეობისთვის დადგენილმა ეპისკოპოსებმა (თქვენ და გრიგოლ კაცია) არ დაიცავით ეკლესიის ინტერესები და საეკლესიო ქონება.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ პეტრეს დროს ჭყონდიდის ეპარქიაში გაიხსნა წყლის ქარხანა, რომლის 50% ფლობდა ეკლესია, რომლის გადაბარებაც მოხდა 2019 წლის ნოემბრის თვეს შექმნილ კომისიის ფარგლებში თავისი ახსნა-განმარტებებით. წესით, თქვენ გევალებოდათ ამ საკითხის შესწავლა და ქონების დაცვა, როგორც ეს ხდებოდა მიტროპოლიტ პეტრეს მმართველობის დროს, მაგრამ გულგრილობითა და ინტერესის არ ქონის გამო ქარხანა გაიტანეს აუქციონზე და დავკარგეთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ასევე მოექცეთ სალხინოს მარანს, სასახლესა და ღვინის სახლს.

თქვენ გსურთ იქ მოიმკოთ, სადაც არ დაგითესიათ. ეპარქიაში ყველამ იცოდა, რომ ამ ქარხნიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა ეპარქიის სამღვდელოების ხელფასსა და ოჯახში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სწავლა-განათლების დაფინანსებას, რომლებიც ამთავრებდნენ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას.

მთელი ჩვენი ცხოვრება გავატარეთ საეკლესიო კანონების მორჩილებაში და თავს უფლებას არ მივცემთ თქვენი ძალადობრივი გადაწყვეტილებები ვაქციოთ ქრისტეს კანონებზე მაღლა. ასევე დავამატებ, გადაბარება უნდა მომხდარიყო მეუფე გრიგოლ კაციას დროს, რომელიც ისე წავიდა საეპარქიო ქონება არ გადაუბარებია თქვენთვის და ამ დროს საპატრიარქოსგან გაკეთდა განცხადება, თითქოს გადაბარების კომისია იყო შექმნილი.

შეგახსენებთ, ეკლესიის კანონებით მოქმედება შუიდან კი არ იწყება, იწყება თავიდან და ეს სათავე თქვენ აშკარად გიბნევთ თავგზას,“ – ვკითხულობთ იღუმენის წერილში.

იღუმენი დანიელ გვილავა ჭყონდიდის მიტროპოლიტს ახსენებს, რომ ეკლესია იმართება საეკლესიო სამართლის მიხედვით და ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე.

ამავე თემაზე:

ჭყონდიდის მიტროპოლიტი იღუმენ დანიელს მღვდლობიდან განკვეთით ემუქრება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი