სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არის საშიში ყურებში ხმაური – ექიმი გირჩევთ

27.05.2021 • 51945
რატომ არის საშიში ყურებში ხმაური – ექიმი გირჩევთ

ტინიტუსი ეწოდება შუილს ან რაიმე სხვა სახის ხმაურს ერთ ან ორივე ყურში. ხმაური, რომელიც ტინიტუსის დროს გვესმის, არ არის გამოწვეული გარე ხმებით და, ჩვეულებრივ, იგი სხვებს არ ესმით. ტინიტუსი ხშირი პრობლემაა, იგი მოსახლეობის დაახლოებით 15%-20% -ს აწუხებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. რა იწვევს ყურებში ერთჯერად ან ხშირ ხმაურს და როგორ ვუმკურნალოთ მას? “ბათუმელების” კითხვებს ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე პასუხობს:

  • ბატონო ბეხრი, რა წარმოშობის შეიძლება იყოს ყურში ხმაური?

არის ცენტრალური ნერვული სისტემის ხმაური, რომელიც აღმოცენდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, შეიძლება იყოს წნევით განპირობებული, არის კიდევ მეორე – პერიფერიული ხმაური, რომელიც ძალიან საყურადღებოა, რადგან ეს ხმაური პრაქტიკულად არ ქრება. მეტიც, მატულობს დროთა განმავლობაში. პირველივე ჯერზე, როცა შიშინს გაიგებთ ყურში, უნდა მიმართოთ ექიმს. ბავშვები ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ უფროსებმა უნდა მიმართონ ექიმს, რა დროსაც კეთდება აუდიოგრამა, რათა დადგინდეს რით არის ხმაური განპირობებული.

MayoClinic: ტინიტუსმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა სახის ფანტომური ხმები თქვენს ერთ ან ორივე ყურში, მათ შორის ზუზუნი, შიშინი, შუილი და წკაპუნი.

  • რა შეიძლება იყოს ყურში პერიფერიული ხმაურის მიზეზი?

მიზეზი  შეიძლება იყოს მედიკამენტოზური, არსებობს მედიკამენტების ოტოტოქსიური ჯგუფები, რომლებიც იწვევენ ყურში ხმაურს. კიდევ ერთი მიზეზია აკუსტიკური ტრავმები, რომლებიც გამოწვეულია, მაგალითად, პიროტექნიკის აფეთქებებით (აი, თუნდაც საახალწლოდ რომ ყიდიან) და რის წინააღმდეგაც ვიბრძვი ამდენი ხანი. ასევე მიზეზია დახურულ სივრცეებში ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ხანგრძლივად, ეს იწვევს აკუსტიკურ ტრავმას, რომელიც შეიძლება იმ მომენტში არა, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში იჩენს თავს; მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ყურსასმენების ხანგრძლივი გამოყენება; ასევე მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური.

MayoClinic: ხმაური მხოლოდ ერთ ყურში უმეტესად გამოწვეულია თავის ან კისრის ტრავმით. ასეთ ტრავმებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შიდა ყურზე, სმენის ნერვზე ან სმენასთან დაკავშირებულ ტვინის ფუნქციაზე.

ზოგადად, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ასაკობრივიც არის, თუმცა ტინიტუსი დღეს ხშირად არის ნერვის დაზიანებით გამოწვეული. შუა ყურის ხშირი ანთება, აკუსტიკური ტრავმები, ხშირი ხმაური თუნდაც სამუშაო ადგილზე, მაგალითად, საამქროში მომუშავე ადამიანებთან, ამ მუდმივ ხმაურს სამწუხაროდ ჩვენთან არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ასეთი ხმაური ძალიან საზიანოა სმენისთვის.

MayoClinic: ყურის არხები შეიძლება დაიბლოკოს სითხის დაგროვებით (ყურის ინფექცია), ყურის ცვილით, ჭუჭყით ან სხვა გარე მასალებით. ბლოკირებამ შეიძლება შეცვალოს წნევა თქვენს ყურში, რაც იწვევს ტინიტუსს.

  • როგორ მკურნალობენ?

მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება, თუმცა პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ ექიმს დროულად მიმართავთ.  ყოველწლიურად უნდა გაკეთდეს გამოკვლევები,  პაციენტმა ყოველწლიურად უნდა მიიღოს პრეპარატები. მაგრამ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს აუდიოგრამა, რომ დადგინდეს ეს არის (სმენის ნერვის) ნევრიტი თუ რაიმე სხვა ხმაური.

არის შემთხვევები, როცა ხმაური წარმოიშვა და შემდეგ გაქრა – ესეც საყურადღებოა, რადგან მეორედ და მესამედ შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს და აღარც გაქრეს. ამიტომ  ასეთ დროს ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს. ეს უნდა იქნას გამოკვლეული, რადგან პირველ ეტაპზე უფრო ადვილია ამ პროცესის შეჩერება. ეს უკავშირდება სმენის დაქვეითებას – რამდენადაც დაიწევს სმენა, იმდენს მატულობს ხმაური. ამიტომ ყოველთვის ჯობია დროულად მიხედვა, რომ არ განვითარდეს პრობლემა. სმენის დაქვეითების მესამე და მეოთხე ხარისხი ისეთია, რომ იქ უკვე პრაქტიკულად არაფერი შეიძლება გაკეთდეს სმენის აპარატის გარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: