30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 954 ახალი შემთხვევა

2 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 11 774 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარაში – 82, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 67, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 9სამეგრელო – ზემო სვანეთში – 88, კახეთში – 30მცხეთა-მთიანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2

1-ლი ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%. 

 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა“, – წერს შსს.

სამინისტროს ცნობით, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როდის მიაწვდიან გაზს 6000 აბონენტს ბათუმში

ბათუმში 6000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

„დღეს, დღის 2 საათიდან ან უფრო ადრე დაიწყება გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად და დღის ბოლომდე სრულად აღდგება. ქსელში დაზიანების გამო ფაქტობრივად ყველა აბონენტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, გაფრთხილებულია,“  – გვითხრეს „სოკარში“

შენიშვნა: დღეს, „სოკარის“ აბონენტებმა დამატებით მიიღეს შეტყობინება, რომ გართულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირის ჩართვა 2-ის ნაცვლად 3 ივნისის დღის 2 საათიდან დაიწყება.

„გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო გართულდა სამუშაოები, თუმცა გამორიცხული არ არის გაზის მიწოდება დღეს საღამოდანაც განვაახლოთ ეტაპობრივად“ – გვითხრეს „სოკარში“.

„სოკარის“ მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები / 2.06.2021

 

ჩემთვის „ალი და ნინო“ შეხვედრა და განშორებაა – თამარ კვესიტაძე თავის სკულპტურაზე

ბათუმში არსებული პოპულარული მობილური ქანდაკების „ალი და ნინოს“ ავტორი, მხატვარი და მოქანდაკე თამარ კვესიტაძე ამბობს, რომ ამ ქანდაკებაში ყველა თავის ემოციას ხედავს, თუმცა მისთვის ეს შეხვედრა-განშორების ციკლია.

ამის შესახებ თამარ კვესიტაძემ „ნეტგაზეთის“ ბლოგერთან, ია მერკვილაძესთან ინტერვიუში აღნიშნა: 

„ალი და ნინოს“ იდეა იმდენად მრავალფეროვანია და ყველა მასში იმდენნაირ თავის ემოციას აქსოვს, რომ არ მინდა ჩემი მოსაზრება ვინმეს თავს მოვახვიო.

ჩემთვის „ალი და ნინო“ შეხვედრა – განშორებაა. მძიმე მომენტია იმის გააზრება, რომ გაერთიანება მხოლოდ ცოტა ხნითაა შესაძლებელი, წუთით ან სულაც წამით, მაგრამ … „და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფლისა“. ასე არაა?

შეხვედრა–განშორება ერთგვარი ციკლია იმის გააზრებით, რომ გაერთიანება არის დროებითი; მერე ისევ განშორება და შეხვედრა. მე ამ განცდის დროებითობის გადმოცემა მინდოდა. თუ სიყვარულად გადაიქცა, ეს განსაკუთრებული რამაა.

ეს ის მომენტია, როცა ორის, გნებავთ, როგორც თქვენ ახსენეთ, კულტურის, ერთმანეთში შესვლით რაღაც მარცვალი რჩება ერთშიც, მეორეშიც, შენშიც, მასშიც, მაგრამ მერე გაივლის, თუმცაღა კვალს ტოვებს“.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, რომელსაც მოგვიანებით „ალი და ნინო“ უწოდეს, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. „ალი და ნინო“ მალე იქცა ბათუმის ერთ-ერთ ახალ სიმბოლოდ.

„სინოვაკმა“ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

საუბარია ჯანმოს „გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციაზე“, რაც უკვე ჰქონდა „სინოფარმს“, „ასტრაზენეკას“ და სხვა რამდენიმე ვაქცინას.

„სინოვაკით“ ვაქცინაცია საქართველოში მაისის ბოლოს დაიწყო. ქვეყანამ „სინოვაკის“ 100 000 დოზა „სინოფარმის“ ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

სად არის აჭარაში წელს ზღვა ყველაზე სუფთა და ყველაზე ჭუჭყიანი? – კვლევის შედეგები

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ზღვის წყლის ხარისხი, რომლის შესაფასებლადაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო პერიოდულ  ზღვის წყლის ხარისხის კვლევას ატარებს.

ბოლო მონაცემების თანახმად, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კერძოდ, იმ რვა წერტილში, საიდანაც პერიოდულად სინჯებს იღებენ, წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია ზღვარს არ აღემატება, თუმცა ზოგან ეს მაჩვენებელი ზღვარს უახლოვდება.

ზღვის წყლის ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენია შიგნით  ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები.

„დღეის მდგომარეობით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების  მიხედვით, ყველაზე კარგი  მაჩვენებლები, როგორც ყოველთვის, ახლაც  ფიქსირდება გონიო-კვარიათში, სარფსა და მწვანე კონცხზე  (მახინჯაურში).

საშუალო მაჩვენებლები და უფრო უკეთესი ფიქსირდება ბათუმის ცენტრალურ პლაჟსა და ქობულეთის  ცენტრალურ პლაჟზე.

რაც შეეხება ბარცხანას, ბარცხანა პირობითად არის ყველაზე დაბინძურებული, რადგან იქ დაბინძურების კერები გვაქვს, მაგრამ საბანაო წყალი არის ნორმის ფარგლებში”, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი.

ზღვის წყლიდან აღებულ სინჯში პირველი ჯგუფის ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების დასაშვები ნორმა 10 000-ია. ბარცხანაში კი ეს მაჩვენებელი 7 500-ს აღწევს. სარფში ეს მაჩვენებელი 500-ია, გონიოში – 230, მწვანე კონცხზე – 600, ბათუმის ცენტრალურ პლაჟსა და ქობულეთის პლაჟზე კი 2400-დან 5000-მდე მერყეობს.

ნუგზარ პაპუნიძის განმარტებით, სამმართველოს სპეციალისტები ზღვის წყლის ხარისხს მთელი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ ამოწმებენ.

ზღვის სეზონზე – მაისში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თვეში სამჯერ ხდება სინჯების აღება.

„გავდივართ მცურავი საშუალებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში, ჯიპიეს კოორდინატებით ვაფიქსირებთ იმ წერტილებს, საიდანაც ვიღებთ სინჯებს. 8 ასეთი წერტილი გვაქვს შერჩეული მთელ სანაპირო ზოლში, დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ჩოლოქამდე. ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისა და  ტურისტების  აქტიური დასვენების ადგილები.

სულ 24 გასვლა გვექნება წელს, ოქტომბერში დავამთავრებთ,” – გვითხრა ნუგზარ პაპუნიძემ.

314 ჰექტარი ზღვისპირას – „გონიოს პოლიგონის“ ათვისების გეგმა ისევ არ არსებობს

გონიოში, ჭოროხის შესართავთან, 314 ჰექტარი ზღვისპირა ტერიტორიის განვითარების რეალური გეგმა დღემდე არ არსებობს. საუბარია ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „მიმდინარე ეტაპზე, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ განიხილება“.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ფინანსთა სამინისტროდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა.

„მითითებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ჭარბტენიანი ტერიტორიების დამცავ ქსელში, რომლის მოთხოვნებთან შესაბამისობის მატარებელი საინვესტიციო წინადადებები განსახილველად არ წარმოდგენილა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით კი, ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თუმცა ეს კვლევა მთავრობას არაფერში გამოუყენებია.

[red_box]ამ თემაზე: გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა[/red_box]

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  ეს იყო „ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა“. შესაბამისად, ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე თავად მუშაობდნენ. სამინისტრო მაშინ ეძებდა კომპანიას, რომელსაც აღნიშნული ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა შეემუშავებინა.

„არსებობს თუ არა ამ ნაკვეთების ან ზოგიერთი ნაკვეთის განვითარების გეგმა, კონცეფცია, შეთავაზება ინვესტორებისთვის და სხვა. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონული ასლები“, – მივწერეთ აჭარის სამინისტროს ამჯერად, რომელსაც ასეთი დოკუმენტი არ მოუწოდებია.

გონიოს ყოფილი პოლიგონის პარალელურად, სამინისტროს ვკითხეთ ასევე, იგეგმება თუ არა ახალი ბულვარის გაგრძელება გონიოს მიმართულებით და შესაბამისად, მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა?

„რაც შეეხება ბათუმის ბულვარის გონიოს მიმართულებით გაგრძელებას, გაცნობებთ, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის ფარგლებში წარმოდგენილია წინადადება მდინარე ჭოროხზე ხიდის განთავსებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სანაპირო ზოლის გეგმარებით კავშირს, თუმცა საკითხის სრულყოფილად შეფასება და დაგეგმვა შესაძლებელი იქნება აღნიშნული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენისა და დამტკიცების შემდგომ“, – მოგვწერეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან 2021 წლის 31 მაისს.

კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა, საქართველოს მთავრობის დაკვეთითაც უნდა მომზადებულიყო, შესაბამისი დაფინანსებაც მოძიებული იყო. თუმცა კვლევის ჩატარება საქართველოს მთავრობამაც ვერ უზრუნველყო.

[red_box]ამ თემაზე: რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი[/red_box]

რაც შეეხება ბულვარის განაშენიანების გეგმას, მის მოსამზადებლად სახელმწიფომ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა.

დოკუმენტის პირველი ვარიანტი ბულვარის ადმინისტრაციას 2021 წლის 14 აპრილს ჩაბარდა. განაშენიანების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

მაშინ, როცა გონიოში, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, წლებია ასობით ჰექტარი მიწა თავისუფალია, ქალაქის სხვა ადგილებში მთავრობა სხვადასხვა ფორმით, ზღვისპირა ნაკვეთებსა და პლაჟებსაც კი ასხვისებს.

ცნობისთვის: დღეის მდგომარეობით არც ბათუმის განაშენიანების გეგმაა დამტკიცებული, მეტიც, ჯერ კიდევ უცნობია, ვინ და როდის დაიწყებს ამ გეგმის შედგენაზე მუშაობას.

ქალაქის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების მიღება დღეს, 1-ელ ივნისს დასრულდა და ის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ამავე თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

ინსულტი ჯანმრთელობის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც მაღალი ავადობითა და სიკვდილობით ხასიათდება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინიც მოწმობს. ინსულტის განვითარებისას დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად. “ბათუმელების” კითხვებს ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე პასუხობს.

  • ბატონო ჯამბულ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი?

ინსულტის გარეგნული ნიშნები ძალიან მარტივად ამოსაცნობია.

კერძოდ, უხშირესად ვითარდება რომელიმე მხარეს ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვა, ანუ ე.წ. დამბლა, ძალის წართმევა.

შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს ხელ-ფეხში იგრძნობოდეს დაბუჟება, განვითარდეს მეტყველების მოშლა, მხედველობის ველის გამოვარდნა, ანუ როცა ადამიანი მარჯვენა ნახევარს ვერ ხედავს და მარცხენას ხედავს, ან პირიქით.

ხშირად ინსულტის გარეგანი ნიშანია სახის ასიმეტრია – ცალ მხარეს პირის კუთხე ჩამოეშვება ხოლმე, რაც ძალიან თვალშისაცემია. ეს ნიშანი უკვე აშკარად მიუთითებს, რომ რაღაც პრობლემა არის.

ეს არის ძირითადი ნიშნები, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს ნიშნები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ნევროლოგმა დაადგინოს,  შეიძლება ადამიანი მძიმედ იყოს ინსულტის დაწყებისთანავე, შეიძლება გონება დაკარგოს, გაბრუებული იყოს, ყლაპვის პრობლემა ჰქონდეს, წონასწორობა დაკარგოს და ა.შ.

  • ახასიათებს თუ არა ინსულტს ტკივილი?

ინსულტი არის ძირითადად ორი ტიპის, ერთი არის ტვინის ინფარქტი და მეორე – ტვინში სისხლჩაქცევა. ტვინის ინფარქტის ანუ იშემიური ტიპის ინსულტის დროს ტკივილი, როგორც წესი, არ აქვს ადამიანს. შეიძლება დიდი ზომის ინფარქტიც იყოს და ტკივილი არ ჰქონდეს, მაგრამ თუ არის ტვინის გარსებში სისხლჩაქცევა, საშინელი ტკივილი იცის, შეიძლება განვითარდეს ღებინება, კრუნჩხვა და ა.შ.

  • რას ნიშნავს, როცა ინსულტის გარეგანი ნიშნები ჩნდება და მალევე ლაგდება?

ზოგადად, ინსულტი არის თავის ტვინის სისხლძარღვის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგია, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება. თუ 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში თუნდაც 5 წუთში, 15 წუთში ან 15 საათში სრულად ალაგდა, ანუ უკუგანვითარდა ეს განვითარებული დეფექტი – ვთქვათ, სისუსტე ხელ-ფეხში, დაბუჟება… ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ადამიანს ინსულტი განუვითარდა. ვამბობთ, რომ თავის ტვინში მოხდა სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა. ამას ტრანზიტორული იშემიური შეტევა ჰქვია სამედიცინო ენაზე. თუმცა ეს საკმაოდ ყურადსაღები მომენტია, რადგან ეს არის ერთ-ერთი პრედიქტორი იმისა, რომ მომავალში ამ ადამიანს აქვს დიდი რისკი ჩამოუყალიბდეს ინსულტი. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

  • შეიძლება ინსულტის დროს ადამიანი სრულფასოვნად ვერ აზროვნებდეს?

თქვენ ალბათ გულისხმობთ ალიტერაციას, როცა პაციენტმა შესაძლოა ლიტერატურულად, აზრობრივად გაუმართავი წინადადება გვითხრას. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაზიანებული იყოს საფეთქლის წილი, განსაკუთრებით მარცხენა საფეთქლის წილი, სადაც არის მეტყველების ცენტრი, ამიტომ შეიძლება ადამიანმა არეულად ისაუბროს, ამას ჰქვია სენსორული დისფაზია, ანუ მეტყველების მოშლის ერთი ვარიანტი. სულ რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ მათგან ორი არის ყველაზე ხშირი.

მეორე ვარიანტი არის – მოტორული დისფაზია, როცა ადამიანს ყველაფერი ესმის, იცის რას ვეუბნებით, მაგრამ თვითონ ვერ გვპასუხობს ან გვპასუხობს დიდი გაჭირვებით, თუმცა აზრობრივად შეიძლება დალაგებულად გვიპასუხოს. მოტორულად წარმოთქმა უჭირს და ეს, როგორც წესი, არის მარცხენა შუბლის წილის დაზიანების დროს. თუ ტვინის მარცხენა ნახევარი (შუა არტერიაში) დაზიანების დიდ კერად ყალიბდება, მაშინ შეიძლება ორივე ტიპის მეტყველების მოშლა განვითარდეს.

ეს არის ურგენტული დაავადება და ყველა შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ პაციენტი საავადმყოფოში. უპირველესი ამოცანაა ნევროლოგმა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი თრომბი გახსნას ან მექანიკური ჩარევებით, ან ვენაში სპეციალური პრეპარატის შეყვანით, რითაც შეიძლება პაციენტს ავარიდოთ დაავადების გართულება, შემდგომი უნარშეზღუდულობა და ა.შ. .

  • პრევენციისთვის რას ვაკეთებთ?

ინსულტს თავისი რისკფაქტორები აქვს. რისკფაქტორების ერთი ჯგუფი არის თვითონ დაავადებები, რომელთა ფონზეც ინსულტი ხშირად ვითარდება, მაგალითად, წნევა, გულის არითმია, დიაბეტი, გულის ინფარქტი, გულის უკმარისობა და სხვ. ამ დაავადებების სწორი მკურნალობა და შესაბამისი მედიკამენტების მიღება ცალსახად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. მაგრამ მეორე ტიპის რისკფაქტორები არის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ცხოვრების სტილი, მავნე ჩვევები, გარემო ფაქტორები და სხვ.

მაგალითად, ნიკოტინის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ინფარქტებთან და ტვინში სისხლჩაქცევებთან, ისევე როგორც გულის ინფარქტთან, ფილტვის კიბოსთან, კუჭის წყლულოვან დაავადებებთან და ა.შ. ასევე, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში უფრო ხშირია თავის ტვინში დიდი ზომის სისხლჩაქცევები, მათ ასევე უზიანდებათ პერიფერიული ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი და ა.შ. შემდედებელ სისტემაშიც უვითარდებათ პრობლემები.

ასევე რისკფაქტორია უმოძრაობა, იგივე ჰიპოდინამია, სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება, ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელიც ცხოველური ცხიმის ჭარბად გამოყენების შედეგია. ეს ყველაფერი არის ცხოვრების სტილთან და დიეტასთან დაკავშირებული რისკები.შესაბამისად, მათი კორეგირება ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის.

ბათუმში ავტომანქანა გამყოფ ჯებირს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა გამყოფ ჯებირს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად BMW-ს ტიპის ავტომანქანა დაიმტვრა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში მსხდომები არ დაშავებულან.

ავტოავარიის ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი უსაფრთხო ნაგებობაა – აჭარისწყალი ჯორჯია

შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი არის მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობა, რომელიც აშენებულია საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

დიდაჭარის კაშხალი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. კაშხლის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს კონკრეტული თანმიმდევრობით, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური გეგმის ფარგლებში.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰესის კაშხლიდან წყალი ჟონავს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე:

როგორც დიდაჭარის კაშხლის, ასევე მსგავსი ტიპის ყველა დიდი ბეტონის ნაგებობის მშენებლობა ხდება კონკრეტული თანმიმდევრობით და შედგება ცალკეული სამშენებლო სექციებისგან, რომელთა შორისაც მოწყობილია ეგრეთ წოდებული ,,კონსტრუქციული ნაკერები“, რეზერვუარის შევსების შემდეგ წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.

შესაბამისი ცემენტაციის სამუშაოები ტარდება პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში. დღეის მდგომარეობით კაშხალი აბსოლუტურად მშრალია და არანაირი სახის წყლის ფილტრაცია არ შეინიშნება.

ამასთან ერთად, მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ წყლის მცირე სახის ფილტრაციას კაშხალზე არანაირი სახის კავშირი არ აქვს კაშხლის უსაფრთხოებასთან“, – აცხადებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ლაკირბაია.

რას ყვებიან ქალები მთიდან თავიანთ შრომაზე 

მაისის ბოლო დღეებში თუკი ხულოს ცენტრში ადგილობრივებს ჰკითხავთ, რა ხდება ახლა მათ ბაღებსა და ბოსტნებში, გიპასუხებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაასრულეს და ამოსუნთქვის დროა. ამას კაცები გეტყვიან, თუმცა თუკი რომელიმე სოფლის გზას დაადგებით, ორღობეებიდან, სადაც ახლა გვირილები და ყაყაჩოები ხარობს, შენიშნავთ ქალებს, მზის გულზე რომ შრომობენ მწვანე სიმინდის ყანებსა თუ კარტოფილის ნაკვეთებში.

„ჩემთვის, ფიქრებში ვმუშაობ,“ – ღიმილი შემოგვაგება მზევინარ ქედელიძემ, რომელიც გზიდან შევნიშნეთ სიმინდის ყანაში. ორღობეებიდან კარგად ჩანს, რომ კარტოფილის თუ სიმინდის ახალამოსულ ნერგავებთან ძირითადად ქალები მუშაობენ. მზევინარ ქედელიძე  ხულოს ცენტრთან ახლოს, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. ის სოფლის მედდაა და ყანის მოვლასაც ასწრებს.

მზევინარი გვიყვება, რომ ქალებს მაღალმთიან სოფლებში მუშაობა ყანაში ხშირად უწევთ. ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს ტრადიცია უფრო აჭარაშია და არც კი ახსოვს, პირველად როდის გამარგლა ყანა.

მზევინარ ქედელიძე

 

მზევინარ ქედელიძის სიმინდის ყანა

„არ მომწონს ეს ტრადიცია, მაგრამ რა უნდა ქნა, სხვა რომ აკეთებს, შენც უნდა ქნა. ხომ?“ – მეკითხება მზევინარი, თოხს ხელით ეყრდნობა და მეორე ხელით მზეს იჩრდილავს. მერე წამით სიამაყით უყურებს ნამუშევარს – სარეველებისგან გასუფთავებულ სიმინდის ყანას და ისე მპასუხობს:

„ისე, განტვირთვაა, იცით?“ – ისევ თოხს იმარჯვებს ხელში და შემორჩენილ სარეველებს პოულობს, ალაგ-ალაგ რომ გადარჩენილა თოხით ჩამოვლას. „დილის შვიდზე გამოვდივარ უფრო, დილით კარგია… მაგ დროს ამოდის მზე და ისეთი კარგია, რომ… მერე თუ ვასწრებ, უფრო საღამოსკენ ჩამოვდივარ, როცა ჩრდილი ჩამოწვება… ამას რომ დავასრულებ, იცით, როგორი შეგრძნებაა? აი, თითქოს ძალიან კარგად ვარ.

ჩემი დედაც მუშაობდა ყანაში, ბებიაც, ასეა,“ – მიყვება მზევინარი და ამჯერად სიმინდის ნერგების კვალს აყოლებს თვალს. ამოწმებს, სად აჯობებს გამოხშირვა და ნერგის ამოღება.

ვიდეო – ქალი ხულოდან, რომელიც სულ შრომობს

მზევინარ ქედელიძის თქმით, სიმინდის ყანის ადგილას წინა წლებში კარტოფილი მოჰყავდა. წელს კი, ოჯახს სიმინდის დარგვა გადაუწყვეტია.

„კარტოფილზე ხომ ხედავთ რა ამბავი დატრიალდა? ჩვენ 3 ტონამდე გაგვიფუჭდა, ძროხებს ვაჭამე სუპერი კარტოფილი,“ – წუხს მზევინარ ქედელიძე და მოშორებით მეზობლის ქალს აკვირდება, ლობიოს ახალ ნერგებთან რომ გამოსულა.

„ჩემს მეზობელს ჩემზე მეტი გაუფუჭდა,“ – განაგრძობს მზევინარი ისევ სიმინდის მწკრივის ჩამოვლას. – „ქალაქში უნდა ჩაგვეტანა კარტოფილი ჩვენი ხარჯით და კიდევ 20 თეთრზე მეტს არ იხდიანო და რა გვექნა? ჩემი ძმები ჯავახეთში ცხოვრობენ, მაგას ნუღარ მკითხავთ, რა ქნეს. რა ქნეს და ვერაფერი.

ჯავახეთში ბევრი მიწა გვაქვს, იქ ხორბლის ყანაც მაქვს. პურის ფქვილს არ ვყიდულობთ ჩვენ, ახლა აღარც სიმინდის ფქვილს ვიყიდით, თან სიმინდი კარტოფილზე უფრო ძვირია. ამიტომ ვარჩიეთ ეს… მთავრობაში მე ნუ ჩამრთავთ, არ ვიცი, რაა გამოსავალი, მაგრამ ჯერ ადგილობრივი გასაღდეს და მერე შემოიტანონ, ხომ შეიძლება ასე?“ – კითხულობს მზევინარი.

მზევინარ ქედელიძის მეუღლე მძღოლია, შვილი – მეხანძრე, რძალი – მასწავლებელი. სახლში მარტო დავრჩი, მომეწყინა და ამიტომ ჩამოვედი ყანაშიო, – გვიყვება ის.

„ჩემი სურვილით ჩამოვედი, აბა, ხომ ვინმეს არ დაუძალებია? დავიღლები და დავისვენებ… ვინც იცის, რთული რამე სულაც არაა. სხვისი არ ვიცი, მე სოფელი მირჩევნია ქალაქს,“ – გადაჭრით ამბობს მზევინარი და სიმინდის ხასხასა მწვანე ფოთლებს უსვამს ხელს, თითქოს მტვრის ჩამოწმენდას ცდილობს.

„აქ ჩემი სამყოფი ყველაფერი მაქვს, ძროხაც მყავს, ქათამი, ყანა და ბოსტანი. ვიცი, რომ ზამთარში არ მომშივდება,“ – ასრულებს ის.

როდის დათესეს სიმინდის ყანა წელს ხულოში? – ვეკითხები დამშვიდობებამდე მასპინძელს. მზევინარი მეზობლის ქალს გასძახის სიმინდის ყანიდან ბოსტანში და ისიც დაუყოვნებლივ პასუხობს, რომ წელს 27 აპრილს მოიხნა და დაითესა სიმინდის ყანა.

„კი, აპრილის ბოლო იქნებოდა,“ – ჩაილაპარაკა მზევინარმა.

„შარშან კაი ამინდი იყო და 28 მარტს დავთესეთ,“ – ისევ იძახის მეზობელი და ხმაში ისეთი დარწმუნება ეტყობა, მზევინარი არაფერს ამბობს.

მზევინარ ქედელიძე

„მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა პირველად კარტოფილის ბაღში მუშაობა დავიწყე,“ – ამბობს ხათუნა თავართქილაძე. ის ხულოში, სოფელ ჯვარში ცხოვრობს. ხათუნა ხულოს პროფესიულ კოლეჯში სწავლობს ტურიზმს, ახალგაზრდულ ცენტრშიც მუშაობს და პერიოდულად დედასთან ერთად უვლის კარტოფილის ნარგავს. ხათუნა მარტო მუშაობდა, როცა კარტოფილის ბაღში ვესაუბრეთ.

„თოვლი რომ დნობას დაიწყებს, მაშინ უნდა დამუშავდეს მიწა, მამას ტრაქტორები მოჰყავს და მიწას ხნავენ,“ – გვიყვება ხათუნა და განაგრძობს თოხით ხელში კარტოფილის მწკრივის ჩამოვლას. კარტოფილი სარეველებისგან პერიოდულად უნდა გაწმინდონ, ნერგებს კი მიწა შემოაყარონ, რომ ნაყოფი ჯანსაღი და ძლიერი გაიზარდოს.

ხათუნას კარტოფილის ნაკვეთიდან მთების ხედი იშლება – მაღალი, მწვანე მთების და მზის, ამ სიმწვანეს რომ ჩაუვლის დაღამებამდე.

ხათუნა თავართქილაძე

„წელს მარხვა რომ დასრულდა, რამაზანი, მერე დავრგეთ კარტოფილი…“, – იხსენებს ხათუნა და თან წყლის მილებს ამოწმებს, მორწყვაც სჭირდება კარტოფილს და ზოგჯერ წყლის პრობლემააო, – გვიყვება ის.

„კარტოფილის დარგვის დროს მთელი ოჯახი აქ ვართ, მწკრივებში იწყობა კარტოფილი და მერე მიწას ვაფარებთ ზემოდან, მგონი, კარგი სანახავია… მოსავალს დაახლოებით ივნისში ვიღებთ, ივლისშიც, მერე თუ მოესწრება, სიმინდის ყანას ვთესავთ ზოგჯერ,“ – გვიხსნის ხათუნა.

ხათუნა თავართქილაძის ოჯახს წლიურად დაახლოებით 3 – 4 ტონა კარტოფილი მოჰყავს. ოჯახი კარტოფილის მოსავლის ნაწილს სახლში იტოვებს, ნაწილს – ყიდის.

ვიდეო: ქალის შრომა – მეკარტოფილე ხულოდან

რამდენად შეიცვალა ცხოვრება პანდემიის შემდეგ? – ვეკითხები ხათუნას.

„ონლაინ სწავლებამ და სამსახურმა ბავშვები და უფროსებიც უფრო დაუახლოვა ერთმანეთს, ადამიანები გამოვიდნენ ეზოებში, ერთმანეთს ესაუბრებიან,“ – ამბობს ხათუნა. პანდემიის დროს მისთვის და მისი ძმისთვისაც სწავლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ეს, მისი აზრით, რთულია და გაიხარა, როცა კოლეჯში ონლაინ სწავლის რეჟიმი შეიცვალა და ახლა კვირაში ორი დღე სასწავლებელში დადის.

„ჩემი ძმა ბეშუმშია უკვე, ბებიასთან ერთად, მემთეურები მთაში წავიდნენ რამდენიმე დღის წინ… პანდემიის დროს დავრგეთ ეს კაკლის ხეები, ჟოლოც, ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს მიწის დამუშავება, საოჯახო საქმეეში ჩაერთნენ.

კარტოფილის მოვლა დედამ მასწავლა, მასაც დედამ ასწავლა… როცა შევეჩვიე და ვიცოდი, რომ ეს უნდა მეკეთებია, აღარ არის რთული. შემოსავალი და სარჩო უნდა გქონდეს. მე და დედა ვმუშაობთ ერთად, ვსაუბრობთ აქ, კარტოფილის ბაღში,“ – გვიყვება ხათუნა და სახლის აივნისკენ გვანიშნებს, დედაც მოსულაო.

ხათუნას დედა კამერების წინ საუბარზე კატეგორიულ უარს ამბობს და გვანიშნებს, რომ ჩადრშია. ის მას შემდეგ გვესაუბრება, როცა რწმუნდება, რომ ტექნიკა გამორთულია.

მერე მწვანე ხეების ჩრდილში მოწყობილ ხის მაგიდასთან ყავასთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად მშვიდია და იმავდროულად რთული ცხოვრება მთების პირისპირ, მუშაობა მზიან მიწაზე გაშენებულ კარტოფილის ნაკვეთში, ყვავილობას რომ აპირებენ უკვე.

ხულო, სოფელი ჯვარი

კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოდან თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის კვეთის შემთხვევაში შემდეგი წესები მოქმედებს:

საკარანტინე ზომები არ გამოიყენება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც:

[checklist]

  • საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას;
  • ან / და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მათ არ მოეთხოვებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაც.

[/checklist]

პირებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან კოვიდ -19-ის გადატანის შესახებ ოფიციალური დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები:

  • ამ პირებმა უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი
  • ან საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 სთ-ში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, შეიძლება დაექვემდებარონ შერჩევით PCR ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს ჯანმრთელობის სამინისტრო.

ამ შემთხვევაში ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილას გამგზავრების უფლება, თუ ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდება, ჯანდაცვის სამინისტრო Covid19-ის რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს მათ მკურნალობას, ტესტის დადებითი შედეგების მქონე პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები კი დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. კარანტინი დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ მე-10 დღის ბოლოს ჩატარებული PCR ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი.

იმ პირების საკარანტინე პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, რომ არიან კოვიდის B.1.617 მუტაციის მატარებლები, დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

თვითმფრინავის/გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან.

სარფში საზღვრის კვეთა შესაძლებელია დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

რატომ მალავს სააგენტო იმ პირებს, რომლებიც ანტიკური ძეგლისთვის სტატუსის მოხსნას დაეთანხმნენ 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ასაიდუმლოებს ინფორმაციას, ვინ გასცა დადებითი რეკომენდაცია ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიის ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე.

შესაბამისი საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, საბჭოს წევრების სახელები და გვარები მითითებულია, თუმცა არ ირკვევა ვინ რა პოზიცია დააფიქსირა. სწორედ ამ საბჭოს დაეყრდნო სააგენტოს დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას.

კომისიის სხდომას, სადაც ფიჭვნარის ტერიტორიის ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი განიხილეს და დირექტორს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, საბჭოს 8 წევრი ესწრებოდა. ცხრიდან ოთხმა წევრმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა კონკრეტულად ვინ – არ ვიცით.

სხდომას ესწრებოდნენ: კახა ტრაპაიძე, ბესიკ მაცაბერიძე, გიორგი გაგოშიძე, გიორგი ჭანიშვილი, ზაზა სხირტლაძე, ზაზა იაშვილი, თემურ ბიბილური და ლევან კალანდარიშვილი.

რამდენად სწორია საჯარო სტრუქტურის მიერ ოქმის იმგვარად შედგენა, რომ არ ირკვეოდეს ვინ დააფიქსირა დადებითი და ვინ უარყოფითი პოზიცია? – ამის შეფასება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვთხოვეთ. ჩვენს კითხვებს იურისტი მირზა მამულაძე პასუხობს.

  • მირზა, შეგვიფასეთ, რამდენად სწორად აქვს სააგენტოს სხდომის ოქმი შედგენილი, როცა ამ ოქმში არ არის აღნიშნული ვინ რა პოზიცია დააფიქსირა სხდომაზე? 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ოქმი უნდა იყოს საჯარო, მასში უნდა იყოს მითითებული ყველა ის რეკვიზიტი, რომელიც გათვალისწინებულია კანონით საჯარო ინფორმაციისთვის.

ის, რომ არ არის მითითებული კომისიის რომელმა წევრმა რა პოზიცია დააფიქსირა, ვინ დაუჭირა მხარი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და ვინ – არა, არ შეესაბამება ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, კონკრეტულად კომისიის რომელმა წევრმა რა პოზიცია დააფიქსირა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი.

  • ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანმიმართულად გაასაიდუმლოვა სააგენტომ ინფომაცია? მით უმეტეს, რომ სხვა ოქმებში სახელები და გვარები წერია? 

შესაძლოა მსგავსი დასკვნაც გამოვიტანოთ – კომისიის წევრთა ვინაობა არ შეიძლება იყოს დახურული ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, ვინ როგორ პოზიციონირებდა კომისიის სხდომაზე, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს და უნდა გადაეცეს ყველა დაინტერესებულ პირს ოქმის მოთხოვნის შემთხვევაში.

შეიძლება ამ ფორმით ინფორმაციის გაცემა ინდულიგენციაც იყო…  იდენტიფიცირებადი რომ არ ყოფილიყო ის ხალხი, ვინ უჭერდა ან არ უჭერდა მხარს ამ გადაწყვეტილებას. მიზანი, რის გამოც ეს მონაცემი არ იყო დატანილი ოქმში, შეიძლება იყოს ისიც, რომ წლების შემდეგ დაინტერესებულ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია კომისიის რომელმა წევრმა რას დაუჭირა მხარი.

  • შეეძლოთ თუ არა კომისიის წევრებს მოეთხოვათ მათი სახელებისა და გვარების დაფარვა? 

ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა, ვინაიდან ისინი ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებას და საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მათი ვინაობა ცნობილი უნდა იყოს დაინტერესებული პირისათვის. ეს არ არის კერძო დაწესებულება, სადაც შესაძლოა პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაასაიდუმლოო.

იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა აქვთ ღია ოქმი და თქვენ მოგაწოდეს დაფარული ვარიანტი, გეტყვით, რომ როდესაც ვითხოვთ სხდომის ოქმს, ვითხოვთ იმისთვის, რომ მასში ყველა აუცილებელი რეკვიზიტი შედგენილი იყოს ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის დაცვით. ეს დოკუმენტი რომც არ ჰქონოდათ, თავისუფლად შეიძლებოდა აუდიოჩანაწერის საფუძველზე  შეედგინათ, რადგან  ყველა შემთხვევაში მათ ჰქონდათ ვალდებულება, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით მოეწოდებინათ ინფორმაცია.

ის, რომ არსებობს სხვა ოქმები, სადაც სახელები და გვარები დამალული არ არის, საკმაოდ ლოგიკურია ვარაუდი, რომ სააგენტოს ჰქონდა ინტერესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაეფარა სახელები და გვარები.

180 კილომეტრი ფეხით მთისკენ – მწყემსები ჭოროხისპირიდან

ერთი საუკუნეა აჭარაში, ჭოროხისპირა სოფლებში – კირნათსა და შუშანეთში ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ. სოფელს ახლოს საძოვარი არ აქვს. ამიტომ ფერმერებს 180 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, თხის  არვე მთის საძოვარზე რომ აიყვანონ.

„რუკაზე ჯაჯის ტბადაა მონიშნული ჩვენი საძოვრები, მაგრამ ჩვენ ჯაზი გოლის ტბას ვეძახით,“ – მიხსნის შუშანეთელი 61 წლის თამაზ ცინცაძე. მისი თხის არვე საძოვრებისკენ 25 მაისს, სისხამ დილით დაიძრა.

აჭარაში ყველა სოფელს თავისი მთა აქვს. კირნათი თურქეთის მოსაზღვრე სოფელია. მთა, რომლითაც სოფელი ოდესღაც სარგებლობდა, საზღვარს მიღმა დარჩა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სოფელს მთის საძოვრები სოფლიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში გამოუყვეს. მას შემდეგ, თითქმის ერთი საუკუნეა, ადგილობრივები, რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ, ყოველ გაზაფხულზე ბარგს ჰკრავენ და შორ გზას ადგებიან.

თხის არვეს ზაფხულის საძოვრებამდე 180 კილომეტრის გავლა მოუწევს

„აუტანელი შრომაა. პირობები არ გვაქვს. ზამთარშიც რთულია ჯოგის შენახვა. ზამთრის მარაგი უნდა საქონელს. გაზაფხული მოდის და საძოვარზე უნდა წაიყვანო, საძოვრამდე კიდევ შორია. 5-6 დღე გვჭირდება, კირნათიდან ჯაზი გოლზე რომ გადავიდეთ,“ – გვიხსნის თამაზ ცინცაძე.

შრომას შორი გზა ართულებს. თხები სატვირთო მანქანებით რომ გადაიყვანონ, ძვირი ჯდება. „ერთი გზა 900 ლარამდე ღირს“, – ამბობს თამაზი. 300 თხის გადაყვანას კი, რამდენჯერმე ასვლა-ჩამოსვლა დასჭირდება, რაც ფერმერებს არ უღირთ.

მწყემსები ჭოროხისპირიდან

„ხომ შეიძლება სახელმწიფო დაგვეხმაროს და ერთი მანქანა გამოგვიყოს, მაგრამ არანაირ დახმარებას არ ვიღებთ, არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს. მეფუტკრე ფერმერებს ხომ აქვთ ტრანსპორტი გამოყოფილი, ჩვენც ხომ შეიძლება გამოგვიყონ?“ – კითხულობს თამაზ ცინცაძე და ფეხით აგრძელებს გზას მთისკენ.

მწყემსები ბეგლარ გაბიტაძე და ალი კახაბერიძე ეხმარებიან თამაზ ცინცაძეს 300 სული თხის საძოვარზე გადარეკვაში

თამაზს მთისკენ მიმავალ გზაზე მისი ბიძაშვილი ილია  ხვდება. წლების განმავლობაში ისიც მთაში დადიოდა, მაგრამ ახლა საქონელი აღარ ჰყავს და აღარ დადის.

„ჩვენთან მამები იყვნენ თავიდან ამ საქმით დაკავებული, შემდეგ შვილებმა გადაიბარეს. ტრადიციას აგრძელებენ. ეს არის, როგორ ვთქვა და მათ გენში. მამაჩემსაც მთელი თავის ახალგაზრდობა საქონელში აქვს გატარებული.

„ადრე ფეხზე ჩასაცმელი ქალამანი იყო. სამი წყვილი ქალამანი უნდა ჰქონოდა ადამიანს, ერთი ჩაცმული, ორი სათადარიგო, რომ მთაში ასულიყო. აქედან წასულები მეშვიდე დღეს ავდიოდით მთაში,“ – იხსენებს ილია ცინცაძე.

ილია ცინცაძე შვილიშვილთან ერთად აცილებს საძოვარზე მიმავალ ბიძაშვილს

მწყემსებს გზაში ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. თხის არვე სამი დღის განმავლობაში ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიდის. ყოველი შემხვედრი ავტომანქანა მწყემსებისთვის გამოწვევაა.

თხების გადარეკვა საავტომობილო გზაზე შრომატევადი და დამღლელია

„კირნათიდან წასულებს ერთი დღე მაინც გვჭირდება, სოფელ პირველ მაისს რომ გავცდეთ. ყველგან საქონელს ვერ დააბინავებ. მდინარისპირას უნდა იპოვო ადგილი. მეორე დღეს ხიჭაურამდე ავდივართ. მესამე დღეს შუახევს გავცდებით და იქ ვბინავდებით. მეოთხე დღეს მოკლე გზით ღორჯომში, სოფელ ირემაძეებში შევდივართ და იქიდან მოკლე გზით გადავდივართ ადიგენში. უტყისუბანი, ნასოფლარი, კიკიბო –  ამ სოფლებს გავივლით და მეექვსე დღეს ჩავდივართ დერცელში. მეშვიდე დღე რომ გათენდება, ადრიანად ვადგებით გზას და სადღაც სამი საათისთვის უკვე ჩვენს მთაში ვართ,“ – გვიხსნიან მწყემსები.

გზა, რომლის გავლაც მწყემსებს უწევთ
შესვენება – დაღლილი ალი საავტომობილო გზისპირას ზის. მის გვერდით ხურჯინგადაკიდებული ორი ცხენია, სწორედ ცხენების საშუალებით გადააქვთ მწყემსებს გზაში საჭირო საკვები

ქედაში, ქვედა ბზუბზუში, თამაზ ცინცაძის თხის არვეს ჯემალ ბეჟანიძის არვე შეუერთდა. ბეჟანიც ბავშვობიდან დადიოდა მთაში.

„მამაჩემს ჰყავდა ჯოგი. ბავშვი ვიყავი და ვუყურებდი, როგორ უვლიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი. როცა ჯარიდან დავბრუნდი, მეც მამაჩემის პროფესიას მივყევი.

ცხოვრებას სჭირდება ასე – რაღაცა უნდა გყავდეს ოჯახში, რომ რაღაცა გააკეთო, რაღაცა შემოიტანო. ოჯახი არჩინო. ამით გემს და თვითმფრინავს ვერ იყიდი, მაგრამ შენი შემოსავლის წყარო გექნება ოჯახში.

საშუალო თხა 300 ლარი ღირს. ახლა ბაირამზე წამოვიყვან გასაყიდად. შარშან ბაირამზე ზოგი 300 ლარში, ზოგი 350-ში, ზოგიც  500-ში გავყიდე.

ადვილი არაა ეს შრომა. ამას შაბათი არ აქვს, კვირა არ აქვს. გათენდება, უნდა წაყვე, დაღამდება, უნდა მოყვე. ამან ტირილი, ქორწილი, ავადმყოფობა რაა არ იცის. ერთი კაცისთვის რთულია ძალიან, მაგრამ ორი-სამი კაცი რომ იქნები ადგილზე, იოლია,“ –  ამბობს ჯემალ ბეჟანიძე.

ჯემალ ბეჟანიძე ერთად უყრის თავს თხის არვეს, რომ ღამის გასათევად მოამზადოს
საღამოს ვახშმამდე მწყემსებს ერთი რთული მონაკვეთი აქვთ. ერთ ადგილას თავმოყრილ თხებში უდედო ციკნები უნდა ამოარჩიონ და გამოკვებონ. თხები უცხო ციკნებს თავიანთი ნებით ახლოს არ უშვებენ. ამიტომ სათითაოდ იჭერენ და ისე აწოვებენ ძუძუს.

“პიტო, პიტო, პიტოოო…”

„ჩემი უბედური თხა ხომ არ დაგინახავს სადმე?“ – ეკითხება ერთი მწყემსი მეორეს და თხების არვეში საკუთარი თხის ძებნას აგრძელებს. პიტო მდინარის პირას წევს. პატრონის დანახვაზე გარბის, მაგრამ მწყემსი ეწევა, ფეხით იჭერს და მის გამოწველას იწყებს.

„თუ არ გამოწველი, სანამ მთაში აიყვან, გაშრება. გზაში ნაწველს ვერ ვაგროვებთ. ცხენებით სად უნდა წავიღოთ? უდედო ციკნებს ვაჭმევთ ხოლმე, მაგრამ დღეს ყველა ციკანი უკვე ნაჭამია“, – გვეუბნება ბეგლარ გაბიტაძე, პიტოს მეპატრონე.

პიტო, რომელიც გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ბეგლარმა დაიჭირა
სანამ კოცონს მწყემსები შემოუსხდებიან, ცეცხლის ალზე თხები თბებიან
თხების დაბინავების შემდეგ ვახშმობის დრო მოვიდა
დაძინებამდე კოცონთან

100 ლარამდე იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ გაიზრდება.

პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ.

ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.

„არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა,“ – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც დღეს, 1-ელ ივნისს გავრცელდა.

სად რა ხდება დღეს ბათუმში ბავშვებისთვის

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბათუმის ბულვარში, ქალაქის მუზეუმებსა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს ბავშვებისთვის სხვადასხვა  ღონისძიება იმართება.

[red_box]ბათუმის ბულვარი[/red_box]

  • 17 საათზე საზაფხულო თეატრთან  ბათუმის კულტურის ცენტრი პატარებისთვის გალაკონცერტს ჩაატარებს
  • 12:00-დან 18:00 საათამდე პატარებს უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი
  • 13:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან აჭარის სკაუტური მოძრაობის წევრები ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ პერფორმანსს ჩაატარებენ
  • 19:00 საათზე სკეიტპარკის ფესტივალი გაიმართება. ბავშვებს ნაყინით უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან.

[red_box]ბათუმის მუზეუმები[/red_box]

  • 13:30 საათზე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამებს: „ოქრომრავალი კოლხეთი“ და „მუზეუმი ბავშვებს“;
  • 15:00 საათზე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი მართავს შემეცნებით-გასართობ შეხვედრას „გამარჯობა დედამიწა“;
  • 16:30 საათზე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ბავშვები დღეს“, წარმოადგენენ საგანმანათლებლო პროგრამას „ცხოველთა სამყარო“.

 [red_box]მოზარდ მაყურებელთა თეატრი[/red_box]

13:00 საათიდან:

  • გაიმართება ანიმაციური ფილმების ჩვენება
  • გაცოცხლდებიან ზღაპრის გმირები
  • გამოიფინება თოჯინები და დეკორაციები

შავი ზღვის დაბინძურებისთვის უცხოური გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 58-ე მე-2 პრიმა მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.

ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევი 65 ათასი ლარით დააჯარიმა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლებას დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მისცემენ.

თურქეთში შესვლა მიწვევის გარეშე შეიძლება

პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა.

საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა, გასული წლის ივლისში კი დაშვებული იქნა თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევის საფუძველზე.

 

რატომ მოიწამლა ფაბრიკაში 65 ადამიანი და როგორია მათი მდგომარეობა

ხელვაჩაურში შპს „ფასთ თრექის“ ფაბრიკის თანამშრომლები გუშინ საკვებით მოიწამლნენ. დღეს, პირველ ივნისს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ისაუბრა.

„ერთ-ერთ ფაბრიკაში დაფიქსირდა სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა. დაავადდნენ ფაბრიკის თანამშრომლები. ჯამში, როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადების, ასევე თვითდინებით ბათუმის სხვადასხვა კლინიკას დახმარებისთვის მიმართა 65-მა პაციენტმა. უმეტესი მათგანის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობისაა. ამ დილის მდგომარეობით გაეწერა 63 პირი, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა არ არის მძიმე. მათ უტარდებათ მკურნალობა და, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გაწერენ“.

ნონა ეფაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ჯგუფური ინტოქსიკაცია.

„რაც შეეხება შემთხვევის გამომწვევ მიზეზს, კვლევა მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად. ამ პერიოდისთვის ეს იყო დაკავშირებული საკვებთან, ხოლო რა მიზეზით და როგორ ამას ეპიდკვლევა, ასევე სურსათის უვნებლობის სამსახურის ლაბორატორიული კვლევა დაადგენს“, – განაცხადა დღეს ნონა ეფაძემ.

___

გუშინ შპს „ფასთ თრექის“ სამკერვალო ფაბრიკაში სადილის შემდეგ მასობრივად მოიწამლნენ ადამიანები. კომპანიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა ძნელაძემ თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი გადაიყვანეს კლინიკებში, ზოგიერთს ადგილზე ჩაუტარეს გადასხმა, ხოლო ზოგიერთი სახლში გაუშვეს.

აქ დასამქებულთა თქმით, ჯამში დაახლოებით 150-მა ადამიანმა იგრძნო თავი შეუძლოდ.

მაკა ძნელაძის თქმით, თანამშრომლებისთვის სადილს უკვე 7 წელია სამკერვალო ფაბრიკას სხვა კომპანია უმზადებს და მსგავსი შემთხვევა არცერთხელ არ ჰქონიათ.

ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს,  სამინისტროს სხვა თანამშრომლები კი, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზითაა აცრილი. მინისტრს ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული არ ჰქონდა და უახლოეს დღეებში გეგმავდა იმუნიზაციას.

არსებული ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 76% -ით ეფექტურია სიმპტომური COVID19-ის წინააღმდეგ და 100% ეფექტურია მძიმე ან კრიტიკული დაავადების და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

ბულვარში, სადაც ბევრი ხალხია, პირბადე უნდა გეკეთოთ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, სავალდებულოა.

„სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, პირბადეს ალბათ არავინ არ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის მოხმარების შესახებ და საუბარია იმ ადგილებზე, სადაც პირბადის ტარების გაკონტროლება შესაძლებელი იქნება.

„გასაგებია, სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ არ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ თუ ხართ ისეთ ადგილას, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, იქ პირბადე უნდა იხმაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში და ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ მომავალი ეპიდაფეთქებების რისკი.

„კომენდანტის საათი“ დილის 4 საათზე დასრულდება

საქართველოში „კომენდანტის საათი“ ერთი საათით შემცირდა.  კერძოდ, გადაადგილება აკრძალული იქნება საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე.

აქამდე გადაადგილება  23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იყო  შეზღუდული.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დღეს, პირველ ივნისს.

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში პირველი ივნისის  21 საათიდან 2 ივნისის  21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი  მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა, მოსალოდნელია ელვა და ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 3-4 ივნისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ჭექა-ქუხილი.

31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1233 ახალი შემთხვევა

პირველი ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3707 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 126, ქვემო ქართლში – 66, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 28სამეგრელო – ზემო სვანეთში – 89, კახეთში – 43მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.71%.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU – ს ვიდეო ტური

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც გამოირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამებით, პრაქტიკოსი, კვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორებით, გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებით, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით, საინტერესო სტუდენტური ცხოვრებით – ეს ყველაფერი კი ხარისხიანი განათლების მიღების  საუკეთესო პირობაა. 

SEU-ში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სწავლაზე, სწორედ ამიტომ უნივერსიტეტში არაერთი სასწავლო ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვონ, რაც ეხმარებათ მათ იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და დასაქმდნენ მარტივად. 

გიზიარებთ უნივერსიტეტის ონლაინ ვიდეო ტურს. 

YouTube video player

აჭარაში კოვიდის 102 ახალი შემთხვევაა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

პირველი ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 357 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 218 ინფიცირებული.

სახელმწიფო 300 პიკაპს წელს ნისიად იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2021 წელს ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული [პიკაპი] ტიპის 300 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ავტომანქანები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის არის გათვალისწინებული. პიკაპების შესაძენად შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი, სააგენტო ბაზრის კვლევას ატარებს.

პირობის მიხედვით:

[checklist]

  • არანაკლებ 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2021  წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის – არაუგვიანეს 2021  წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
  • რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ის განხორციელდება ეტაპობრივად: არანაკლებ 40% – 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით; არანაკლებ 40% – 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და არანაკლებ 20% – 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

[/checklist]

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 2 ივნისისა შესყიდვების სააგენტოში წარადგინონ თავიანთი წინადადებები – ავტომანქანების სავარაუდო ღირებულების მითითებით.

სააგენტოსთვის შეთავაზებული ავტომანქანები უნდა იყოს თეთრი ფერის.

პიკაპის პარამეტრები სრულად:

წყარო: შესყიდვების სააგენტო

 

მთავარი ფოტო არქივიდან

ამ თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

რა იწვევს ყურის ქავილს – ექიმ ბეხრი დიასამიძის რჩევები

ყურის ქავილი შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული, თუმცა ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული ამ დროს ყურის ჩხირით ან რაიმე სხვა საგნით გაწმენდა. ექიმის განმარტებით, არა თუ ქავილის, არამედ ყურის ჰიგიენის დაცვის დროსაც კი, დაუშვებელია ყურის სიღრმეში რაიმეს მოთავსება.

ქავილის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ნერვული ჩვევა, ისე  სოკოვანი ინფექცია ან ინფექციის დასაწყისი. ასევე შეიძლება იყოს კანის დაავადებები, როგორიცაა: ფსორიაზი ან დერმატიტი. ქავილი ყურებში ალერგიულ ადამიანებსაც აწუხებთ.

“ყურში ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, სოკოვანი პრობლემაც. ეს თვალით არ ჩანს, ამიტომ უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ნაცხის ანალიზი (თუ სითხეა ყურში). როცა უკვე ვიცით რასთან გვაქვს საქმე, მკურნალობა ძალიან ადვილია”, – ამბობს ბეხრი დიასამიძე.

ექიმი გვაფრთხილებს, რომ ყურის გაღიზიანება სხვადახვა საგნით დაუშვებელია, რადგან ქავილის მიზეზი შეიძლება სწორედ ეს მავნე პრაქტიკა გახდეს: “ზოგი გასაღებს და რას არ იყოფს ყურში, თვითონ ხდებიან ამ ქავილის მიზეზი. როცა ყურში შედის რაღაც ობიექტი, შიგნითა კანი [რომელიც სეკრეტს გამოყოფს] იმდენად ნაზია, რომ ადვილად ზიანდება. მტვერი, რომელიც გარედან ხვდება ყურში, იწვევს გარეთა ყურის ანთებას. ზუსტ მიზეზს, თუ რითია გამოწვეული ქავილი, ნაცხი გვიჩვენებს, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ნომერ პირველია შეწყვიტო ყურში ჩხიკინი”.

ექიმის თქმით, ბამბის ჩხირები, რომლებიც იყიდება აფთიაქებსა და მაღაზიებში დღემდე  მოსახლეობას ყურის საწმენდი საშუალება ჰგონია, რეალურად ეს პროდუქტი ყურის ჰიგიენისთვის არ არის განკუთვნილი. მეტიც, საზიანოც კია. “მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ყველა – დიდია თუ პატარა და ყურებში არაფერი არ უნდა ჩაიდოს. ყური არ უნდა გაიწმინდოს [ბამბის] ჩხირებით, არ შეიძლება. გარეთა ყურის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. აქ იწყება ეს პროცესები, ამიტომ უნდა მოერიდოს ყველა. შესაძლებელია გამოიყენოთ მხოლოდ იმ ტიპის ბამბის ჩხირი, რომელსაც დავიწროებული თავი აქვს და არ შედის ყურის სიღრმეში”, – ამბობს ბეხრი დიასამიძე.

ნახეთ ამავე თემაზე:

ყურის გაწმენდა ბამბიანი ჩხირებით საშიშია – ექიმი ბეხრი დიასამიძის რჩევები ყურის ჰიგიენაზე

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში, შპს „ფასთ თრექის“ სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც დღეს, 31 მაისს, რამდენიმე ათეული თანამშრომელი მოიწამლა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პოლიციაც მუშაობს.

შს სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში, 45 ადამიანი საკვებით მოიწამლა.

კომპანიის ინფორმაციით, საკვებს ადგილზე არ ამზადებენ. „კომპანიასთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომელიც გვაწვდის საკვებს,“ – განაცხადა კომპანიის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ფუტკარაძემ „ბათუმელებთან“.

კომპანიის ინფორმაციით, მოწამლული ადამიანებიდან არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

 

მოწამლული მკერავების მენიუ: ქათმის გულ-ღვიძლი, ჩორბა, ბურღული და კიტრი-პომიდვრის სალათა

სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკის“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა ძნელაძის ინფორმაციით, დღეს მათი კომპანიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა 45 მოწამლული ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში, „ისინი, ვინც მძიმედ იყვნენ“. მისი თქმით, ფაბრიკის რამდენიმე თანამშრომელს  ადგილზე გაუკეთეს გადასხმა და ისინი უკვე კარგად არიან, „დანარჩენები კი სახლებში წავიდნენ“.

მაკა ძნელაძის ინფორმაციით, დღეს სამკერვალოში სადილად ჰქონდათ „ქათმის გულ-ღვიძლი, ჩორბა, ბურღული და კიტრი-პომიდვრის სალათა“.

მაკა ძნელაძე აცხადებს, რომ მენეჯერებიც მკერავებთან ერთად სადილობენ.

მაკა ძნელაძის თქმით, სამკერვალომ საკვები დღესაც ისევე მიიღო, როგორც სხვა დღეებში.

„ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სხვა კომპანიასთან და მოაქვთ სადილი. სინჯებსაც ვიღებთ და ვამოწმებთ. ახლაც გვქონდა სინჯები აღებული. ალბათ ჯანდაცვა გამოიკვლევს რამ გამოიწვია [მოწამვლა]. მეც ვჭამე იგივე საჭმელი, მაგრამ მე კარგად ვარ“, – უთხრა მაკა ძნელაძემ „ბათუმელებს“.

 

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში დაახლოებით 45 ადამიანი მოიწამლა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში დაახლოებით 45 ადამიანი საკვებით მოიწამლა.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ადასტურებს, თუმცა მან ასევე გვითხრა, რომ პაციენტების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

მისი თქმით, ამ წუთებში ადგილზე გასული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ადგილზე მუშაობს წარმოების ექიმიც.

„მეტ ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ მოგაწვდით, დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით,“ – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექში“ მოხდა.

ინფორმირებული პირის თქმით, შუადღის სადილის შემდეგ ფაბრიკის პერსონალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო:

„რაც ვიცი, ერთი ოპერატორი სუნთქვის აპარატზეა, თანამშრომლების ნაწილს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, ნაწილი კი გადაჰყავთ საავადმყოფოებში“.

____________________________

შენიშვნა: თავდაპირველად მასალაში პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მითითებული იყო, რომ მოიწამლა 150-მდე ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, კლინიკებში გადაყვანილია 40-ზე მეტი ადამიანი.

„ადამიანებს ყველაზე მეტად გარიყვის ეშინიათ“ – ლიტერატურული მარათონის 16 წლის გამარჯვებული

თამარ წითელაძე აჭარაში, სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში სწავლობს. მეთერთმეტეკლასელია და უკვე მესამედ გახდა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული  ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული. „ლიტერატურა ჩემთვის ემოციების წყაროა. ის არის, რაც მაბედნიერებს და სიამოვნებას მანიჭებს“ – გვეუბნება თამარი. როგორ შეიყვარა კითხვა და რას ურჩევს ის სკოლის მასწავლებლებს? – ამ თემაზე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული მოსწავლე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

  • თამარ, რადგან უკვე მესამედ გაიმარჯვე, ეს ნიშნავს, რომ ლიტერატურით ძალიან დაინტერესებული ხარ. როგორია ეს კონკურსი?

ლიტერატურული მარათონი ძალიან კარგ გამოცდილებას მაძლევს, რადგან ზაფხულში ბევრ წიგნს ვკითხულობ. კონკურსი ორ ნაწილად იყოფა, პირველ ტურში ისეთი შეკითხვებია, თუ ნაწარმოები არ წაიკითხე, ისე ვერ გასცემ პასუხს. დეტალები უნდა იცოდე. რაც შეეხება მეორე ტურს, ის უფრო ლოგიკაზეა აგებული და თუ კარგი ლოგიკური აზროვნება გაქვს, სწორად უპასუხებ.

პირველ ტურში ასობით ბავშვი მონაწილეობს, მეორეში კი მხოლოდ 35 მოსწავლე გადადის და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით იყოფა.  მე სამივე კატეგორიაში ვიყავი გამარჯვებული. წელს კი უფროსებს შორის გავიმარჯვე და მეორე ადგილზე გავედი.

ლიტერატურა ჩემთვის ემოციების წყაროა. ეს არის ის, რაც მაბედნიერებს და მანიჭებს სიამოვნებას. ვკითხულობ ბავშვობიდან. ეს არ არის მხოლოდ ჰობი, უფრო მეტია. წიგნებით შემიძლია ვიმოგზაურო ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ვყოფილვარ. გარდა ამისა, ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი, ბევრი კითხვა მქონდა, რაზეც ვერ მპასუხობდნენ ახლობლები და ნაცნობები, შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხის მოძიება წიგნებში დავიწყე.

  • რა კითხვები გაქვს, რაზე გსურს პასუხის მიღება?

ყველა თემაზე, რაც ჩემი ასაკის ბავშვს შეიძლება აინტერესებდეს. მაგალითად, როცა „თამაში ჭვავის ყანაში“ წავიკითხე, ერთადერთი კითხვა, რაც ჩემს თავს დავუსვი, იყო ის, თუ რამდენად ბუნებრივი ვიყავი. იმას, რასაც მთავარი გმირი ითხოვდა ჩემგან, რამდენად იყო ჩემთვის მისაღები? ეს იყო ერთადერთი წიგნი, სადაც მე ჩემი თავი კი არ წარმოვიდგინე მთავარი გმირის ადგილზე, არამედ მთავარი გმირის  თვალით შევხედე ჩემს ცხოვრებას.

ასევე, ძალიან მიყვარს ფენტეზი. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ჟანრი არ გამოგვადგება ცხოვრებაში, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, მე ძალიან მომწონს.

  • ამბობ, დამაინტერესა რამდენად ბუნებრივი ვარო. თუ არ ვართ ბუნებრივები, რა გვიშლის შენი აზრით ხელს ამაში? 

ბუნებრიობაში ხელს გვიშლის კომპლექსები, იმიტომ, რომ ადამიანებს საზოგადოება კარნახობს როგორები უნდა იყვნენ.  თუ არ იქნები ისეთი, როგორც სხვებია, შესაძლოა გაგრიყონ, ადამიანებს კი ყველაზე მეტად გარიყვის ეშინიათ. ამიტომ გვეშინია, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ნამდვილი თავი, იმას, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ, ვმალავთ.

სოციალურ ქსელებშიც ისე წარმოვაჩენთ ხოლმე თავს, ვინც არ ვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი გამომწერი გვყავდეს და ბევრმა შემოგვხედოს.

  • რას ითხოვს საზოგადოება ჩვენგან შენი აზრით, რა დაკვეთა აქვს?

საზოგადოება ხშირ შემთხვევაში გვთხოვს, რომ იყო ტრენდული, ისე გეცვას, როგორც მოდელებს აცვიათ და ბევრი ასეთი მოთხოვნა აქვთ. ამ დროს შენთვის შეიძლება საერთოდ სხვა რამ იყოს კომფორტული. პროფესიასაც ხომ იმის მიხედვით ვარჩევთ, სხვები რას მიიჩნევენ წარმატებულად. ამ დროს შენ შეიძლება ფოტოგრაფობა უფრო გინდოდეს და არა ექიმობა.

ზეწოლა ყველგანაა, ამიტომ საკუთარ თავში უნდა ეძებო ძალები, ძალას კი ლიტერატურა გაძლევს.

  • სკოლა, განათლების სისტემა რამდენად კარგად იყენებს ლიტერატურის ძალას მოსწავლის ღირებულებების ფორმირებაში?

ვფიქრობ, საჭიროა ორივეს მხრიდან გადაიდგას რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან თუ თავად მოსწავლე არ არის დაინტერესებული, რაც არ უნდა კარგი ნაწარმოები შესთავაზო, არ მოგისმენს.

  • მოსწავლე მასწავლებელმა არ უნდა დააინტერესოს?

რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის სკოლამ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს. სასწავლო პროგრამაში მართლა ბევრი კარგი ნაწარმოებია შეტანილი, მაგრამ თუ მასწავლებელი საინტერესოდ არ შეფუთავს ამ პროდუქტს, არ დაინტერესდება ბავშვი. ამიტომ არის, რომ განხილვებში ბავშვების მხოლოდ ნაწილია ჩართული.

  • შეფუთვაში რას გულისხმობ, იმ საკითხების წამოწევას, რაც შესაძლოა მოზარდებს უფრო აინტერესებდეთ? 

დიახ. უფრო მორგებული უნდა იყოს ახალგაზრდებზე, სხვა შემთხვევაში, ბავშვი არ მოუსმენს მასწავლებელს.

როცა ნაწარმოებს იღებს მასწავლებელი, პარალელები უნდა გაავლოს ბავშვების პრობლემებთან, მათ ინტერესებთან, იმ თემებთან, რომლებიც ახალგაზრდებს აღელვებთ. ბავშვს უნდა მისცე იმაზე ფიქრის დრო, რაც მას ნამდვილად აწუხებს. თუ მხოლოდ პატრიოტიზმზე დაელაპარაკები, ამით არავინ დაინტერესდება. მე არ ვამბობ, რომ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი არ არის საჭირო, არის რაღაცები, რაც ბავშვებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა.

  • მაგალითად?

სკოლა ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი ყალიბდება, ამიტომ ცხოვრებისეულ თემებზეც უნდა ვიმსჯელოთ, იმ სტერეოტიპებზე, სტიგმებზე, რაც გვზღუდავს ხოლმე ახალგაზრდებს. თუნდაც იმაზე, ვინ მინდა, რომ გამოვიდე და რატომ; თემებზე, რომლებიც პროტესტს ჩემში ყოველთვის აჩენდა, მაგალითად – ქალების უფლებების შეზღუდვა.

ჩვენ გვინდა, რომ ლაღი ცხოვრება გვქონდეს, საკუთარი თავი ისე ვაჩვენოთ, ვინც ვართ, როგორზეც ძილის წინ ვოცნებობთ ხოლმე, რომ ვიყოთ.

21-ე საუკუნეა, მაგრამ გოგონებს მაინც გვიწევს ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. მართალია, კანონი გვიცავს, მაგრამ სტერეოტიპებიც გვაწუხებს.  რაღაც ასაკამდე  გოგოც ისე თამაშობს, როგორც მისი თანატოლი ბიჭი, მათთან ერთად დარბიხარ, შემდეგ კი  ნელ-ნელა ამ ყველაფერს გიკრძალავენ. გეუბნებიან, რომ სჯობს სხვა რამე აკეთო.

ძალიან ხშირად გოგოები მაინც ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად.

  • წიგნის კითხვა ვინ შეგაყვარა, მშობლები ხშირად კითხულობდნენ?

ოჯახში დედა და ბებია მასწავლებელი მყავს.  დედას ძალიან უნდოდა, რომ კითხვა მყვარებოდა, ამიტომ  ზღაპრებს ხშირად მიკითხავდა.  არ შემიძლია არ ვთქვა ბიცოლაზე, რომელიც ყველა ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს ჩვენს სოფელში ხდებოდა ამბავი.

მახსოვს, „მგელი და კრავი“ რომ წამიკითხა დედამ, ვიტირე, რატომ შეჭამა მგელმა კრავი-მეთქი. დედაჩემმა გადააკეთა ზღაპარი და კრავი აღარ კვდებოდა. მესამე კლასამდე მეგონა, რომ მგელი აღარ ჭამდა კრავს.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ბავშვები გაჯეტებზე არიან დამოკიდებული. სინამდვილეში პრობლემა მშობლებშია, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მშობელიც გაჯეტებზეა დამოკიდებული და წიგნის კითხვის ნაცვლად მასაც ტელეფონს სთავაზობს გასართობად.

  • როგორც გამარჯვებული რა საჩუქარს მიიღებ?

პრიზიორებისთვის პლანშეტია გათვალისწინებული. ასე რომ ორ პლანშეტს ველოდები. წინა წელს რომ გავიმარჯვე, პანდემიის გამო პრიზი არ გადმოუციათ. ახლა კი ორივე პრიზი ერთად უნდა გადმომცენ.

მიწის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გახანგრძლივდა – ახალი ცვლილება

მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან ცვლილების რეგისტრაციის მომსახურების ვადები საჯარო რეესტრმა გაახანგრძლივა. პანდემიის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სპეციალური დროებითი წესით მუშაობს. სააგენტოს სერვისებით სარგებლობა კი, მოქალაქეებს თუ იურიდიულ პირებს დისტანციურად ან წინასწარ დაჯავშნით შეუძლიათ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, დღეიდან, 31 მაისიდან, საჯარო რეესტრს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა თუ უფლებამოსილი პირებისგან. ადრე ამისთვის რეესტრს 4-დღიანი ვადა ჰქონდა.

ამასთან, სააგენტო ამიერიდან ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან თუ უფლებამოსილი პირისგან ყველა პასუხის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

ამ ცვლილების მიღებამდე კი საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას მაინც იღებდა იმ შემთხვევაშიც, თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში სხვა ორგანოებისგან ვერ მიიღებდა მოთხოვნილ ინფორმაციას [თუმცა, ეს არ ეხებოდა მუნიციპალურ ორგანოებს, რომელთაგან პასუხის მიუღებლობა მიიჩნეოდა გადაწყვეტილების მიღებაზე [შესაბამისი აქტის გამოცემაზე] უარის თქმად].

მიწის რეგისტრაციის წესს და ვადებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი არეგულირებს, თუმცა ამ კანონის გარკვეული მუხლების მოქმედება დროებით შეჩერებულია და საჯარო რეესტრი სწორედ იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული დროებითი წესებით ხელმძღვანელობს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 15 ივლისს დაამტკიცა და მასში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა.

[toggle title=”დროებითი წესები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით:

მუხლი 1

ეს ბრძანება, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) საქმიანობის ადმინისტრირების, აგრეთვე მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ დროებით წესსა და პირობებს.

მუხლი 2

  1. გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით სააგენტოს სერვისების მიწოდებისა, სააგენტოს სერვისებით სარგებლობა და მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად, მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.
  2. ეპიდემიური მდგომარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განისაზღვროს ის მუნიციპალიტეტები, სადაც სააგენტოს მომსახურების მიღება (განცხადებებისა და დოკუმენტაციის მატერიალურად წარდგენა) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ, მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს – მეშვეობით ვიზიტის დროის განსაზღვრისა და რიგის დაჯავშნის გზით. ამ შემთხვევაში, სააგენტოსგან მომსახურების მისაღებად აუცილებელია მოქალაქის მიერ პორტალზე – my.gov.ge – განხორციელებული ჯავშნის წარმოდგენა.“;
  3. სააგენტო, დაინტერესებული პირის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზის (032) 2405405 საშუალებით) საფუძველზე, უფლებამოსილია, განცხადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მომსახურება (ადგილზე მომსახურება). ადგილზე მომსახურებით სარგებლობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ განმცხადებელი 70 წლის და მეტი ასაკის პირია;

ბ) სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

  1. სააგენტო უფლებამოსილია არ გაუწიოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის/სააგენტოს ფილიალის მეშვეობით მომსახურება იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში. სააგენტო უფლებამოსილია გაუწიოს მომსახურება თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს საამისოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ინტერესის არსებობის შემთხვევებში, რისთვისაც გამოიყენებს ყველა შესაძლო ღონეს მომსახურების უსაფრთხოდ მისაწოდებლად.“
  2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გარიგებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე.

მუხლი 3

  1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან/და მასში ცვლილების რეგისტრაცია დაინტერესებულმა პირმა შეიძლება მოითხოვოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@napr.gov.ge) შეტყობინების გაგზავნით.
  2. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი მოთხოვნა არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი.
  1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარდგენილი განცხადება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში და მიანიჭოს მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი, რის შესახებაც დაინტერესებულ პირს აცნობებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნის წარდგენისას დაინტერესებულმა პირმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნის შინაარსი და მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, მისამართი).
  1. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან/და მასში ცვლილების რეგისტრაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნისას, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ასლები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის ფოტოასლი, ასევე ნახაზის ციფრული ვერსია;

გ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლი;

დ) რეგისტრაციისთვის საჭირო, მის ხელთ არსებული, სხვა დოკუმენტის ფოტოასლი.

  1. ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სააგენტო გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  1. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესი, აგრეთვე, ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციაზე.
  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნისას, ელექტრონული შეტყობინება უნდა შეიცავდეს საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის დასაბუთებას. ელექტრონულ შეტყობინებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ასლები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

გ) რეგისტრაციისთვის საჭირო, დაინტერესებული პირის ხელთ არსებული, სხვა დოკუმენტის ფოტოასლი.

  1. ამ მუხლით დადგენილი წესით, სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლები შესრულებული უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ შესაძლებელი იყოს მათი წაკითხვა.
  1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტოს წარუდგინოს მის ხელთ არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები.
  1. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სააგენტომ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან მოიძია უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნების წარმოდგენის გარეშე.
  1. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სააგენტომ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან უძრავ ნივთზე ვერ მოიძია საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებულმა პირმაც სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას და დაინტერესებულ პირს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნების წარმოსადგენად დამატებით განუსაზღვრავს 30 კალენდარული დღის ვადას.

მუხლი 3​1

  1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან/და მასში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნისას, სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან და მისგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.
  1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან/და მასში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნისას, სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან ყველა პასუხის მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.

მუხლი 4

სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე ან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით, რომელიც გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

მუხლი 5

ეს ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მოქმედების ვადით.

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია არც წელს დაიწყება

ქათმის გაყინული ხორცი სარფის საბაჟოდან უკან გააბრუნეს

სარფის საბაჟოდან 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი უკან გააბრუნეს. შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დაფიქსირდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.

 

 

 

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

აჭარის მთავრობა რეგიონის დაბებისა და სოფლების გაზიფიცირებას უახლოეს წლებში არ გეგმავს. „აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძირითადი მილსადენის მშენებლობა,“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

აჭარის მუნიციპალიტეტებში უახლოეს ან/და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ ინფორმაცია [კონკრეტული ლოკაციების და დაწყება-დასრულების სავარაუდო ან დადგენილი ვადების მითითებით], „ბათუმელებმა“ სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიანი დასახლებების გაზმომარაგების პროექტს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, აჭარაში 2021 წელს დაგეგმილია 13 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება. 2022-2024 წლებში კი – 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოები.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ასევე მოგვაწოდა აჭარაში იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წლის ჩათვლით განხორციელდება [ეს ჩამონათვალი ემთხვევა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გაზიფიცირების ოთხწლიან გეგმას]

2021 წელს დაპროექტდება, ხოლო 2022 წელს დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები შემდეგ დასახლებებში:

2022 წელს დაპროექტდება და სამუშაოები 2023 წელს დაიწყება შემდეგ დასახლებებში:

გაზიფიცირებისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 2023-2024 წლებში დაიწყება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში:

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით, „გაზიფიცირების სამწლიანი [2019-2021] გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განახორციელა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის: ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის 38 დასახლებულ პუნქტში.

აშენდა 638 407 გრძივი მეტრი გაზასადენი და 7 959 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 25 330 000 ლარი, რომელიც გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, „2017-1018 წლებში აშენდა ბათუმი-ხიჭაურის დასახლების ძირითადი გაზსადენი [რაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 25 638 788 ლარია გადახდილი], ხოლო 2019 წლიდან მიმდინარეობს გაზსადენის მშენებლობა ხიჭაურის დასახლება-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [სახელშეკრულებო თანხაა 27 037 601 ლარი, მშენებელი კომპანიისთვის კი 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით, გადახდილია 15 391 074 ლარი].

ცენტრალურ გაზსადენს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ აშენებს.

„დასრულებულია ხიჭაური-დაბა ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძის“ მონაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობა. დარჩენილ კონტურზე ძირითადი გაზსადენის მილის სამონტაჟო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების მიხედვით“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარის ბიუჯეტში 2021 წელს 2 მილიონი ლარია გამოყოფილი ცენტრალური გაზსადენისთვის, რომელიც დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე უნდა აშენდეს.

„ახლა, წესით, მიწას უნდა ვამუშავებდე, მე კი აქ ვდგავარ“ – მაკა სულაძე

„რიონის ხეობის მცველებმა“ უკვე 200-ზე მეტი ღამე ღია ცისქვეშ მოწყობილ კარვებში გაათიეს პროტესტის ნიშნად. ძირითადი კარავი ახლა გუმათის დასახლებაში მოწყობილ ბარიკადებთანაა გაშლილი, სადაც ხეობის მცველთა ერთი ჯგუფი ათევს ღამეს. მათი სახლები ბარიკადებს მიღმა დარჩა, სადაც საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეებს არ უშვებენ, შესაბამისად დაუმუშავებელი რჩება მათი მიწები და მოუვლელია სახლ-კარი.

აქციის მონაწილე მაკა სულაძემ გვითხრა, რომ მას 3 ძროხა ჰყავს, რომლებსაც ბარიკადებს მიღმა, სოფელ მექვენაში დარჩენილი მამა ვერ მოუვლიდა და ამიტომ მეზობლებს გადააბარა, ვეღარც ვენახს მოუარა წელს და ბაღჩა-ბოსტანიც შემოდგომაზე ვეღარ ექნება.

„დაფიქრება და წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ბედი ეწევა გარემოს, სადაც ვცხოვრობ – თუ დროზე არ ჩავუსწარი. შემოდგომა ჩვენთვის უკვე წყალშია ჩაყრილი. პროტესტი იქცა ჩვენს ყოველდღიურობად. ისეთი აშკარა იყო დარღვევები და უსამართლობა როცა ხეობაში კარავი გავშალეთ,  რომ არც კი მეგონა ამდენხანს თუ მოგვიწევდა იქ ყოფნა.

ვფიქრობდი 2, 3 კვირაში მოგვაქცევენ ყურადღებას-მეთქი. არადა, ნახევარი წელი გავიდა, გადავაგორეთ.

ახლა, წესით, ჩაისთვის მცენარეებს უნდა ვაგროვებდე, მიწას ვამუშავებდე, მაგრამ მიწის მოვლა და ბალახი კი არა, მამას ვეღარ ვნახულობ, რომელსაც 1 დღე არ უცხოვრია ჩემ გარეშე. უნდა ვეხვეწო პოლიციას გამიშვან მამასთან, მერე უნდა შევუთანხმო ზემდგომ ორგანოებს და თავადაც არ ვიცი, მერამდენე ეშელონმა უნდა იმსჯელოს, გადაუშვან თუ არა მაკა სულაძე მოხუცი მამის სანახავად. არ მინდა. არ შევეხვეწები პოლიციას საკუთარ ქვეყანაში გადამიშვას ბარიკადებზე.

გაზაფხული ყველაზე მნიშვნელოვანი დროა სოფლისთვის, ჩვენ კი აქ ვდგავართ.

2009 წლიდან დგას ჰესის აშენების საკითხი. ჩვენი სახლ-კარის დატოვების თემაც ახლა არ აგორებულა, ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავი ჩემს მშობლებთან ერთად. დედა, ფაქტობრივად, შეეწირა ამ ემოციებს – მას ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ დღეს თუ ხვალ მოუწევდა აქედან წასვლა და ჩემი ძმის, მისი შვილის საფლავის ამოთხრის დროც დადგებოდა. ამის წარმოდგენაც კი შემზარავი იყო ჩემთვის, რომ შვილის საფლავი უნდა მომეთხარა მშობლების თვალწინ. ჩვენ ამ პროექტის მსხვერპლებად ვიქეცით.

შემიძლია განვმარტო რატომ არ ვთმობ მიწას, რომელზეც ჩემი სახლი დგას და რატომ ავირჩიე ბრძოლის გზა, რატომ არ ავიღე კომპენსაცია: თავიდანვე დავუსვი საკუთარ თავს კითხვები, რა პროცესებში უნდა მიმეღო მონაწილეობა, თუ კომპენსაციას დავთანხმდებოდი და დავტოვებდი სახლ-კარს, ხეობას: როცა არჩევანის წინაშე დგები, სვამ კითხვებს.

ჩემს დასმულ კითხვებზე ვერც წინა, ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გამცა პასუხი, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ჩემი გაღებული მსხვერპლი მოხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას. მეტიც, ხელისუფლების ნაბიჯებმა ღრმად დამარწმუნა, რომ ძალიან სწორად ვიქცევი.

სულაც რომ ყველაფერი დავკარგო და 1 თეთრიც ვერ ავიღო ჩემი სახლ-კარისგან, რომელსაც ხელისუფლება და კერძო კომპანია, ასე ვთქვათ,  მედავება – ექსპროპრიაციის, ჩამორთმევის სახელით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი ბრძოლა. პრინციპულად ვხედავ, რომ დღეს ჩემს ეზოში წყდება ქვეყნის ბედი. თუ ჩემს სახლ-კარს და საარსებო გარემოს შევინარჩუნებ, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“, – ამბობს მაკა სულაძე.

Exit mobile version