განათლება,მთავარი,სიახლეები

„ადამიანებს ყველაზე მეტად გარიყვის ეშინიათ“ – ლიტერატურული მარათონის 16 წლის გამარჯვებული

31.05.2021 • 2881
„ადამიანებს ყველაზე მეტად გარიყვის ეშინიათ“ – ლიტერატურული მარათონის 16 წლის გამარჯვებული

თამარ წითელაძე აჭარაში, სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში სწავლობს. მეთერთმეტეკლასელია და უკვე მესამედ გახდა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული  ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული. „ლიტერატურა ჩემთვის ემოციების წყაროა. ის არის, რაც მაბედნიერებს და სიამოვნებას მანიჭებს“ – გვეუბნება თამარი. როგორ შეიყვარა კითხვა და რას ურჩევს ის სკოლის მასწავლებლებს? – ამ თემაზე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული მოსწავლე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

  • თამარ, რადგან უკვე მესამედ გაიმარჯვე, ეს ნიშნავს, რომ ლიტერატურით ძალიან დაინტერესებული ხარ. როგორია ეს კონკურსი?

ლიტერატურული მარათონი ძალიან კარგ გამოცდილებას მაძლევს, რადგან ზაფხულში ბევრ წიგნს ვკითხულობ. კონკურსი ორ ნაწილად იყოფა, პირველ ტურში ისეთი შეკითხვებია, თუ ნაწარმოები არ წაიკითხე, ისე ვერ გასცემ პასუხს. დეტალები უნდა იცოდე. რაც შეეხება მეორე ტურს, ის უფრო ლოგიკაზეა აგებული და თუ კარგი ლოგიკური აზროვნება გაქვს, სწორად უპასუხებ.

პირველ ტურში ასობით ბავშვი მონაწილეობს, მეორეში კი მხოლოდ 35 მოსწავლე გადადის და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით იყოფა.  მე სამივე კატეგორიაში ვიყავი გამარჯვებული. წელს კი უფროსებს შორის გავიმარჯვე და მეორე ადგილზე გავედი.

ლიტერატურა ჩემთვის ემოციების წყაროა. ეს არის ის, რაც მაბედნიერებს და მანიჭებს სიამოვნებას. ვკითხულობ ბავშვობიდან. ეს არ არის მხოლოდ ჰობი, უფრო მეტია. წიგნებით შემიძლია ვიმოგზაურო ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ვყოფილვარ. გარდა ამისა, ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი, ბევრი კითხვა მქონდა, რაზეც ვერ მპასუხობდნენ ახლობლები და ნაცნობები, შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხის მოძიება წიგნებში დავიწყე.

  • რა კითხვები გაქვს, რაზე გსურს პასუხის მიღება?

ყველა თემაზე, რაც ჩემი ასაკის ბავშვს შეიძლება აინტერესებდეს. მაგალითად, როცა „თამაში ჭვავის ყანაში“ წავიკითხე, ერთადერთი კითხვა, რაც ჩემს თავს დავუსვი, იყო ის, თუ რამდენად ბუნებრივი ვიყავი. იმას, რასაც მთავარი გმირი ითხოვდა ჩემგან, რამდენად იყო ჩემთვის მისაღები? ეს იყო ერთადერთი წიგნი, სადაც მე ჩემი თავი კი არ წარმოვიდგინე მთავარი გმირის ადგილზე, არამედ მთავარი გმირის  თვალით შევხედე ჩემს ცხოვრებას.

ასევე, ძალიან მიყვარს ფენტეზი. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ჟანრი არ გამოგვადგება ცხოვრებაში, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, მე ძალიან მომწონს.

  • ამბობ, დამაინტერესა რამდენად ბუნებრივი ვარო. თუ არ ვართ ბუნებრივები, რა გვიშლის შენი აზრით ხელს ამაში? 

ბუნებრიობაში ხელს გვიშლის კომპლექსები, იმიტომ, რომ ადამიანებს საზოგადოება კარნახობს როგორები უნდა იყვნენ.  თუ არ იქნები ისეთი, როგორც სხვებია, შესაძლოა გაგრიყონ, ადამიანებს კი ყველაზე მეტად გარიყვის ეშინიათ. ამიტომ გვეშინია, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ნამდვილი თავი, იმას, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ, ვმალავთ.

სოციალურ ქსელებშიც ისე წარმოვაჩენთ ხოლმე თავს, ვინც არ ვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი გამომწერი გვყავდეს და ბევრმა შემოგვხედოს.

  • რას ითხოვს საზოგადოება ჩვენგან შენი აზრით, რა დაკვეთა აქვს?

საზოგადოება ხშირ შემთხვევაში გვთხოვს, რომ იყო ტრენდული, ისე გეცვას, როგორც მოდელებს აცვიათ და ბევრი ასეთი მოთხოვნა აქვთ. ამ დროს შენთვის შეიძლება საერთოდ სხვა რამ იყოს კომფორტული. პროფესიასაც ხომ იმის მიხედვით ვარჩევთ, სხვები რას მიიჩნევენ წარმატებულად. ამ დროს შენ შეიძლება ფოტოგრაფობა უფრო გინდოდეს და არა ექიმობა.

ზეწოლა ყველგანაა, ამიტომ საკუთარ თავში უნდა ეძებო ძალები, ძალას კი ლიტერატურა გაძლევს.

  • სკოლა, განათლების სისტემა რამდენად კარგად იყენებს ლიტერატურის ძალას მოსწავლის ღირებულებების ფორმირებაში?

ვფიქრობ, საჭიროა ორივეს მხრიდან გადაიდგას რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან თუ თავად მოსწავლე არ არის დაინტერესებული, რაც არ უნდა კარგი ნაწარმოები შესთავაზო, არ მოგისმენს.

  • მოსწავლე მასწავლებელმა არ უნდა დააინტერესოს?

რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის სკოლამ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს. სასწავლო პროგრამაში მართლა ბევრი კარგი ნაწარმოებია შეტანილი, მაგრამ თუ მასწავლებელი საინტერესოდ არ შეფუთავს ამ პროდუქტს, არ დაინტერესდება ბავშვი. ამიტომ არის, რომ განხილვებში ბავშვების მხოლოდ ნაწილია ჩართული.

  • შეფუთვაში რას გულისხმობ, იმ საკითხების წამოწევას, რაც შესაძლოა მოზარდებს უფრო აინტერესებდეთ? 

დიახ. უფრო მორგებული უნდა იყოს ახალგაზრდებზე, სხვა შემთხვევაში, ბავშვი არ მოუსმენს მასწავლებელს.

როცა ნაწარმოებს იღებს მასწავლებელი, პარალელები უნდა გაავლოს ბავშვების პრობლემებთან, მათ ინტერესებთან, იმ თემებთან, რომლებიც ახალგაზრდებს აღელვებთ. ბავშვს უნდა მისცე იმაზე ფიქრის დრო, რაც მას ნამდვილად აწუხებს. თუ მხოლოდ პატრიოტიზმზე დაელაპარაკები, ამით არავინ დაინტერესდება. მე არ ვამბობ, რომ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი არ არის საჭირო, არის რაღაცები, რაც ბავშვებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა.

  • მაგალითად?

სკოლა ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი ყალიბდება, ამიტომ ცხოვრებისეულ თემებზეც უნდა ვიმსჯელოთ, იმ სტერეოტიპებზე, სტიგმებზე, რაც გვზღუდავს ხოლმე ახალგაზრდებს. თუნდაც იმაზე, ვინ მინდა, რომ გამოვიდე და რატომ; თემებზე, რომლებიც პროტესტს ჩემში ყოველთვის აჩენდა, მაგალითად – ქალების უფლებების შეზღუდვა.

ჩვენ გვინდა, რომ ლაღი ცხოვრება გვქონდეს, საკუთარი თავი ისე ვაჩვენოთ, ვინც ვართ, როგორზეც ძილის წინ ვოცნებობთ ხოლმე, რომ ვიყოთ.

21-ე საუკუნეა, მაგრამ გოგონებს მაინც გვიწევს ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. მართალია, კანონი გვიცავს, მაგრამ სტერეოტიპებიც გვაწუხებს.  რაღაც ასაკამდე  გოგოც ისე თამაშობს, როგორც მისი თანატოლი ბიჭი, მათთან ერთად დარბიხარ, შემდეგ კი  ნელ-ნელა ამ ყველაფერს გიკრძალავენ. გეუბნებიან, რომ სჯობს სხვა რამე აკეთო.

ძალიან ხშირად გოგოები მაინც ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად.

  • წიგნის კითხვა ვინ შეგაყვარა, მშობლები ხშირად კითხულობდნენ?

ოჯახში დედა და ბებია მასწავლებელი მყავს.  დედას ძალიან უნდოდა, რომ კითხვა მყვარებოდა, ამიტომ  ზღაპრებს ხშირად მიკითხავდა.  არ შემიძლია არ ვთქვა ბიცოლაზე, რომელიც ყველა ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს ჩვენს სოფელში ხდებოდა ამბავი.

მახსოვს, „მგელი და კრავი“ რომ წამიკითხა დედამ, ვიტირე, რატომ შეჭამა მგელმა კრავი-მეთქი. დედაჩემმა გადააკეთა ზღაპარი და კრავი აღარ კვდებოდა. მესამე კლასამდე მეგონა, რომ მგელი აღარ ჭამდა კრავს.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ბავშვები გაჯეტებზე არიან დამოკიდებული. სინამდვილეში პრობლემა მშობლებშია, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მშობელიც გაჯეტებზეა დამოკიდებული და წიგნის კითხვის ნაცვლად მასაც ტელეფონს სთავაზობს გასართობად.

  • როგორც გამარჯვებული რა საჩუქარს მიიღებ?

პრიზიორებისთვის პლანშეტია გათვალისწინებული. ასე რომ ორ პლანშეტს ველოდები. წინა წელს რომ გავიმარჯვე, პანდემიის გამო პრიზი არ გადმოუციათ. ახლა კი ორივე პრიზი ერთად უნდა გადმომცენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: