მთავარი,სიახლეები

180 კილომეტრი ფეხით მთისკენ – მწყემსები ჭოროხისპირიდან

01.06.2021 • 4382
180 კილომეტრი ფეხით მთისკენ – მწყემსები ჭოროხისპირიდან

ერთი საუკუნეა აჭარაში, ჭოროხისპირა სოფლებში – კირნათსა და შუშანეთში ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ. სოფელს ახლოს საძოვარი არ აქვს. ამიტომ ფერმერებს 180 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, თხის  არვე მთის საძოვარზე რომ აიყვანონ.

„რუკაზე ჯაჯის ტბადაა მონიშნული ჩვენი საძოვრები, მაგრამ ჩვენ ჯაზი გოლის ტბას ვეძახით,“ – მიხსნის შუშანეთელი 61 წლის თამაზ ცინცაძე. მისი თხის არვე საძოვრებისკენ 25 მაისს, სისხამ დილით დაიძრა.

აჭარაში ყველა სოფელს თავისი მთა აქვს. კირნათი თურქეთის მოსაზღვრე სოფელია. მთა, რომლითაც სოფელი ოდესღაც სარგებლობდა, საზღვარს მიღმა დარჩა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სოფელს მთის საძოვრები სოფლიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში გამოუყვეს. მას შემდეგ, თითქმის ერთი საუკუნეა, ადგილობრივები, რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ, ყოველ გაზაფხულზე ბარგს ჰკრავენ და შორ გზას ადგებიან.

თხის არვეს ზაფხულის საძოვრებამდე 180 კილომეტრის გავლა მოუწევს

„აუტანელი შრომაა. პირობები არ გვაქვს. ზამთარშიც რთულია ჯოგის შენახვა. ზამთრის მარაგი უნდა საქონელს. გაზაფხული მოდის და საძოვარზე უნდა წაიყვანო, საძოვრამდე კიდევ შორია. 5-6 დღე გვჭირდება, კირნათიდან ჯაზი გოლზე რომ გადავიდეთ,“ – გვიხსნის თამაზ ცინცაძე.

შრომას შორი გზა ართულებს. თხები სატვირთო მანქანებით რომ გადაიყვანონ, ძვირი ჯდება. „ერთი გზა 900 ლარამდე ღირს“, – ამბობს თამაზი. 300 თხის გადაყვანას კი, რამდენჯერმე ასვლა-ჩამოსვლა დასჭირდება, რაც ფერმერებს არ უღირთ.

„ხომ შეიძლება სახელმწიფო დაგვეხმაროს და ერთი მანქანა გამოგვიყოს, მაგრამ არანაირ დახმარებას არ ვიღებთ, არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს. მეფუტკრე ფერმერებს ხომ აქვთ ტრანსპორტი გამოყოფილი, ჩვენც ხომ შეიძლება გამოგვიყონ?“ – კითხულობს თამაზ ცინცაძე და ფეხით აგრძელებს გზას მთისკენ.

მწყემსები ბეგლარ გაბიტაძე და ალი კახაბერიძე ეხმარებიან თამაზ ცინცაძეს 300 სული თხის საძოვარზე გადარეკვაში

თამაზს მთისკენ მიმავალ გზაზე მისი ბიძაშვილი ილია  ხვდება. წლების განმავლობაში ისიც მთაში დადიოდა, მაგრამ ახლა საქონელი აღარ ჰყავს და აღარ დადის.

„ჩვენთან მამები იყვნენ თავიდან ამ საქმით დაკავებული, შემდეგ შვილებმა გადაიბარეს. ტრადიციას აგრძელებენ. ეს არის, როგორ ვთქვა და მათ გენში. მამაჩემსაც მთელი თავის ახალგაზრდობა საქონელში აქვს გატარებული.

„ადრე ფეხზე ჩასაცმელი ქალამანი იყო. სამი წყვილი ქალამანი უნდა ჰქონოდა ადამიანს, ერთი ჩაცმული, ორი სათადარიგო, რომ მთაში ასულიყო. აქედან წასულები მეშვიდე დღეს ავდიოდით მთაში,“ – იხსენებს ილია ცინცაძე.

ილია ცინცაძე შვილიშვილთან ერთად აცილებს საძოვარზე მიმავალ ბიძაშვილს

მწყემსებს გზაში ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. თხის არვე სამი დღის განმავლობაში ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიდის. ყოველი შემხვედრი ავტომანქანა მწყემსებისთვის გამოწვევაა.

თხების გადარეკვა საავტომობილო გზაზე შრომატევადი და დამღლელია

„კირნათიდან წასულებს ერთი დღე მაინც გვჭირდება, სოფელ პირველ მაისს რომ გავცდეთ. ყველგან საქონელს ვერ დააბინავებ. მდინარისპირას უნდა იპოვო ადგილი. მეორე დღეს ხიჭაურამდე ავდივართ. მესამე დღეს შუახევს გავცდებით და იქ ვბინავდებით. მეოთხე დღეს მოკლე გზით ღორჯომში, სოფელ ირემაძეებში შევდივართ და იქიდან მოკლე გზით გადავდივართ ადიგენში. უტყისუბანი, ნასოფლარი, კიკიბო –  ამ სოფლებს გავივლით და მეექვსე დღეს ჩავდივართ დერცელში. მეშვიდე დღე რომ გათენდება, ადრიანად ვადგებით გზას და სადღაც სამი საათისთვის უკვე ჩვენს მთაში ვართ,“ – გვიხსნიან მწყემსები.

გზა, რომლის გავლაც მწყემსებს უწევთ

შესვენება – დაღლილი ალი საავტომობილო გზისპირას ზის. მის გვერდით ხურჯინგადაკიდებული ორი ცხენია, სწორედ ცხენების საშუალებით გადააქვთ მწყემსებს გზაში საჭირო საკვები

ქედაში, ქვედა ბზუბზუში, თამაზ ცინცაძის თხის არვეს ჯემალ ბეჟანიძის არვე შეუერთდა. ბეჟანიც ბავშვობიდან დადიოდა მთაში.

„მამაჩემს ჰყავდა ჯოგი. ბავშვი ვიყავი და ვუყურებდი, როგორ უვლიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი. როცა ჯარიდან დავბრუნდი, მეც მამაჩემის პროფესიას მივყევი.

ცხოვრებას სჭირდება ასე – რაღაცა უნდა გყავდეს ოჯახში, რომ რაღაცა გააკეთო, რაღაცა შემოიტანო. ოჯახი არჩინო. ამით გემს და თვითმფრინავს ვერ იყიდი, მაგრამ შენი შემოსავლის წყარო გექნება ოჯახში.

საშუალო თხა 300 ლარი ღირს. ახლა ბაირამზე წამოვიყვან გასაყიდად. შარშან ბაირამზე ზოგი 300 ლარში, ზოგი 350-ში, ზოგიც  500-ში გავყიდე.

ადვილი არაა ეს შრომა. ამას შაბათი არ აქვს, კვირა არ აქვს. გათენდება, უნდა წაყვე, დაღამდება, უნდა მოყვე. ამან ტირილი, ქორწილი, ავადმყოფობა რაა არ იცის. ერთი კაცისთვის რთულია ძალიან, მაგრამ ორი-სამი კაცი რომ იქნები ადგილზე, იოლია,“ –  ამბობს ჯემალ ბეჟანიძე.

ჯემალ ბეჟანიძე ერთად უყრის თავს თხის არვეს, რომ ღამის გასათევად მოამზადოს

საღამოს ვახშმამდე მწყემსებს ერთი რთული მონაკვეთი აქვთ. ერთ ადგილას თავმოყრილ თხებში უდედო ციკნები უნდა ამოარჩიონ და გამოკვებონ. თხები უცხო ციკნებს თავიანთი ნებით ახლოს არ უშვებენ. ამიტომ სათითაოდ იჭერენ და ისე აწოვებენ ძუძუს.

“პიტო, პიტო, პიტოოო…”

„ჩემი უბედური თხა ხომ არ დაგინახავს სადმე?“ – ეკითხება ერთი მწყემსი მეორეს და თხების არვეში საკუთარი თხის ძებნას აგრძელებს. პიტო მდინარის პირას წევს. პატრონის დანახვაზე გარბის, მაგრამ მწყემსი ეწევა, ფეხით იჭერს და მის გამოწველას იწყებს.

„თუ არ გამოწველი, სანამ მთაში აიყვან, გაშრება. გზაში ნაწველს ვერ ვაგროვებთ. ცხენებით სად უნდა წავიღოთ? უდედო ციკნებს ვაჭმევთ ხოლმე, მაგრამ დღეს ყველა ციკანი უკვე ნაჭამია“, – გვეუბნება ბეგლარ გაბიტაძე, პიტოს მეპატრონე.

პიტო, რომელიც გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ბეგლარმა დაიჭირა

სანამ კოცონს მწყემსები შემოუსხდებიან, ცეცხლის ალზე თხები თბებიან

თხების დაბინავების შემდეგ ვახშმობის დრო მოვიდა

დაძინებამდე კოცონთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: