მთავარი,სიახლეები

რას ყვებიან ქალები მთიდან თავიანთ შრომაზე 

01.06.2021 • 3160
რას ყვებიან ქალები მთიდან თავიანთ შრომაზე 

მაისის ბოლო დღეებში თუკი ხულოს ცენტრში ადგილობრივებს ჰკითხავთ, რა ხდება ახლა მათ ბაღებსა და ბოსტნებში, გიპასუხებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაასრულეს და ამოსუნთქვის დროა. ამას კაცები გეტყვიან, თუმცა თუკი რომელიმე სოფლის გზას დაადგებით, ორღობეებიდან, სადაც ახლა გვირილები და ყაყაჩოები ხარობს, შენიშნავთ ქალებს, მზის გულზე რომ შრომობენ მწვანე სიმინდის ყანებსა თუ კარტოფილის ნაკვეთებში.

„ჩემთვის, ფიქრებში ვმუშაობ,“ – ღიმილი შემოგვაგება მზევინარ ქედელიძემ, რომელიც გზიდან შევნიშნეთ სიმინდის ყანაში. ორღობეებიდან კარგად ჩანს, რომ კარტოფილის თუ სიმინდის ახალამოსულ ნერგავებთან ძირითადად ქალები მუშაობენ. მზევინარ ქედელიძე  ხულოს ცენტრთან ახლოს, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. ის სოფლის მედდაა და ყანის მოვლასაც ასწრებს.

მზევინარი გვიყვება, რომ ქალებს მაღალმთიან სოფლებში მუშაობა ყანაში ხშირად უწევთ. ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს ტრადიცია უფრო აჭარაშია და არც კი ახსოვს, პირველად როდის გამარგლა ყანა.

მზევინარ ქედელიძე

 

მზევინარ ქედელიძის სიმინდის ყანა

„არ მომწონს ეს ტრადიცია, მაგრამ რა უნდა ქნა, სხვა რომ აკეთებს, შენც უნდა ქნა. ხომ?“ – მეკითხება მზევინარი, თოხს ხელით ეყრდნობა და მეორე ხელით მზეს იჩრდილავს. მერე წამით სიამაყით უყურებს ნამუშევარს – სარეველებისგან გასუფთავებულ სიმინდის ყანას და ისე მპასუხობს:

„ისე, განტვირთვაა, იცით?“ – ისევ თოხს იმარჯვებს ხელში და შემორჩენილ სარეველებს პოულობს, ალაგ-ალაგ რომ გადარჩენილა თოხით ჩამოვლას. „დილის შვიდზე გამოვდივარ უფრო, დილით კარგია… მაგ დროს ამოდის მზე და ისეთი კარგია, რომ… მერე თუ ვასწრებ, უფრო საღამოსკენ ჩამოვდივარ, როცა ჩრდილი ჩამოწვება… ამას რომ დავასრულებ, იცით, როგორი შეგრძნებაა? აი, თითქოს ძალიან კარგად ვარ.

ჩემი დედაც მუშაობდა ყანაში, ბებიაც, ასეა,“ – მიყვება მზევინარი და ამჯერად სიმინდის ნერგების კვალს აყოლებს თვალს. ამოწმებს, სად აჯობებს გამოხშირვა და ნერგის ამოღება.

ვიდეო – ქალი ხულოდან, რომელიც სულ შრომობს

მზევინარ ქედელიძის თქმით, სიმინდის ყანის ადგილას წინა წლებში კარტოფილი მოჰყავდა. წელს კი, ოჯახს სიმინდის დარგვა გადაუწყვეტია.

„კარტოფილზე ხომ ხედავთ რა ამბავი დატრიალდა? ჩვენ 3 ტონამდე გაგვიფუჭდა, ძროხებს ვაჭამე სუპერი კარტოფილი,“ – წუხს მზევინარ ქედელიძე და მოშორებით მეზობლის ქალს აკვირდება, ლობიოს ახალ ნერგებთან რომ გამოსულა.

„ჩემს მეზობელს ჩემზე მეტი გაუფუჭდა,“ – განაგრძობს მზევინარი ისევ სიმინდის მწკრივის ჩამოვლას. – „ქალაქში უნდა ჩაგვეტანა კარტოფილი ჩვენი ხარჯით და კიდევ 20 თეთრზე მეტს არ იხდიანო და რა გვექნა? ჩემი ძმები ჯავახეთში ცხოვრობენ, მაგას ნუღარ მკითხავთ, რა ქნეს. რა ქნეს და ვერაფერი.

ჯავახეთში ბევრი მიწა გვაქვს, იქ ხორბლის ყანაც მაქვს. პურის ფქვილს არ ვყიდულობთ ჩვენ, ახლა აღარც სიმინდის ფქვილს ვიყიდით, თან სიმინდი კარტოფილზე უფრო ძვირია. ამიტომ ვარჩიეთ ეს… მთავრობაში მე ნუ ჩამრთავთ, არ ვიცი, რაა გამოსავალი, მაგრამ ჯერ ადგილობრივი გასაღდეს და მერე შემოიტანონ, ხომ შეიძლება ასე?“ – კითხულობს მზევინარი.

მზევინარ ქედელიძის მეუღლე მძღოლია, შვილი – მეხანძრე, რძალი – მასწავლებელი. სახლში მარტო დავრჩი, მომეწყინა და ამიტომ ჩამოვედი ყანაშიო, – გვიყვება ის.

„ჩემი სურვილით ჩამოვედი, აბა, ხომ ვინმეს არ დაუძალებია? დავიღლები და დავისვენებ… ვინც იცის, რთული რამე სულაც არაა. სხვისი არ ვიცი, მე სოფელი მირჩევნია ქალაქს,“ – გადაჭრით ამბობს მზევინარი და სიმინდის ხასხასა მწვანე ფოთლებს უსვამს ხელს, თითქოს მტვრის ჩამოწმენდას ცდილობს.

„აქ ჩემი სამყოფი ყველაფერი მაქვს, ძროხაც მყავს, ქათამი, ყანა და ბოსტანი. ვიცი, რომ ზამთარში არ მომშივდება,“ – ასრულებს ის.

როდის დათესეს სიმინდის ყანა წელს ხულოში? – ვეკითხები დამშვიდობებამდე მასპინძელს. მზევინარი მეზობლის ქალს გასძახის სიმინდის ყანიდან ბოსტანში და ისიც დაუყოვნებლივ პასუხობს, რომ წელს 27 აპრილს მოიხნა და დაითესა სიმინდის ყანა.

„კი, აპრილის ბოლო იქნებოდა,“ – ჩაილაპარაკა მზევინარმა.

„შარშან კაი ამინდი იყო და 28 მარტს დავთესეთ,“ – ისევ იძახის მეზობელი და ხმაში ისეთი დარწმუნება ეტყობა, მზევინარი არაფერს ამბობს.

მზევინარ ქედელიძე

„მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა პირველად კარტოფილის ბაღში მუშაობა დავიწყე,“ – ამბობს ხათუნა თავართქილაძე. ის ხულოში, სოფელ ჯვარში ცხოვრობს. ხათუნა ხულოს პროფესიულ კოლეჯში სწავლობს ტურიზმს, ახალგაზრდულ ცენტრშიც მუშაობს და პერიოდულად დედასთან ერთად უვლის კარტოფილის ნარგავს. ხათუნა მარტო მუშაობდა, როცა კარტოფილის ბაღში ვესაუბრეთ.

„თოვლი რომ დნობას დაიწყებს, მაშინ უნდა დამუშავდეს მიწა, მამას ტრაქტორები მოჰყავს და მიწას ხნავენ,“ – გვიყვება ხათუნა და განაგრძობს თოხით ხელში კარტოფილის მწკრივის ჩამოვლას. კარტოფილი სარეველებისგან პერიოდულად უნდა გაწმინდონ, ნერგებს კი მიწა შემოაყარონ, რომ ნაყოფი ჯანსაღი და ძლიერი გაიზარდოს.

ხათუნას კარტოფილის ნაკვეთიდან მთების ხედი იშლება – მაღალი, მწვანე მთების და მზის, ამ სიმწვანეს რომ ჩაუვლის დაღამებამდე.

ხათუნა თავართქილაძე

„წელს მარხვა რომ დასრულდა, რამაზანი, მერე დავრგეთ კარტოფილი…“, – იხსენებს ხათუნა და თან წყლის მილებს ამოწმებს, მორწყვაც სჭირდება კარტოფილს და ზოგჯერ წყლის პრობლემააო, – გვიყვება ის.

„კარტოფილის დარგვის დროს მთელი ოჯახი აქ ვართ, მწკრივებში იწყობა კარტოფილი და მერე მიწას ვაფარებთ ზემოდან, მგონი, კარგი სანახავია… მოსავალს დაახლოებით ივნისში ვიღებთ, ივლისშიც, მერე თუ მოესწრება, სიმინდის ყანას ვთესავთ ზოგჯერ,“ – გვიხსნის ხათუნა.

ხათუნა თავართქილაძის ოჯახს წლიურად დაახლოებით 3 – 4 ტონა კარტოფილი მოჰყავს. ოჯახი კარტოფილის მოსავლის ნაწილს სახლში იტოვებს, ნაწილს – ყიდის.

ვიდეო: ქალის შრომა – მეკარტოფილე ხულოდან

რამდენად შეიცვალა ცხოვრება პანდემიის შემდეგ? – ვეკითხები ხათუნას.

„ონლაინ სწავლებამ და სამსახურმა ბავშვები და უფროსებიც უფრო დაუახლოვა ერთმანეთს, ადამიანები გამოვიდნენ ეზოებში, ერთმანეთს ესაუბრებიან,“ – ამბობს ხათუნა. პანდემიის დროს მისთვის და მისი ძმისთვისაც სწავლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ეს, მისი აზრით, რთულია და გაიხარა, როცა კოლეჯში ონლაინ სწავლის რეჟიმი შეიცვალა და ახლა კვირაში ორი დღე სასწავლებელში დადის.

„ჩემი ძმა ბეშუმშია უკვე, ბებიასთან ერთად, მემთეურები მთაში წავიდნენ რამდენიმე დღის წინ… პანდემიის დროს დავრგეთ ეს კაკლის ხეები, ჟოლოც, ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს მიწის დამუშავება, საოჯახო საქმეეში ჩაერთნენ.

კარტოფილის მოვლა დედამ მასწავლა, მასაც დედამ ასწავლა… როცა შევეჩვიე და ვიცოდი, რომ ეს უნდა მეკეთებია, აღარ არის რთული. შემოსავალი და სარჩო უნდა გქონდეს. მე და დედა ვმუშაობთ ერთად, ვსაუბრობთ აქ, კარტოფილის ბაღში,“ – გვიყვება ხათუნა და სახლის აივნისკენ გვანიშნებს, დედაც მოსულაო.

ხათუნას დედა კამერების წინ საუბარზე კატეგორიულ უარს ამბობს და გვანიშნებს, რომ ჩადრშია. ის მას შემდეგ გვესაუბრება, როცა რწმუნდება, რომ ტექნიკა გამორთულია.

მერე მწვანე ხეების ჩრდილში მოწყობილ ხის მაგიდასთან ყავასთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად მშვიდია და იმავდროულად რთული ცხოვრება მთების პირისპირ, მუშაობა მზიან მიწაზე გაშენებულ კარტოფილის ნაკვეთში, ყვავილობას რომ აპირებენ უკვე.

ხულო, სოფელი ჯვარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: