სტუდენტი, რომელიც ხიჭაურის საერთო საცხოვრებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტსაც ტოვებს

ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიზარდა და რომელმაც იქ არსებული ძალადობის შემთხვევებზე პროკურატურაში განაცხადა, ამბობს, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლას აღარ გააგრძელებს.

ლუკა ხიჭაურში, ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლობს და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელშიც ცხოვრობდა, თუმცა ძალადობაზე საუბრის შემდეგ მას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა.

„უნივერსიტეტიდან ვერ გამრიცხავდნენ, რადგან ეროვნული გამოცდებით ვარ ჩარიცხული, საერთო საცხოვრებლიდან კი გამიშვეს. მითხრეს, ჩაალაგე და წადიო და მეც წამოვედი. მეტი ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია,“ – ამბობს ლუკა.

მისი თქმით, სასწავლებლის ადმინისტრაციისგან ეს ერთგვარი ზეწოლა იყო, რაც შესაძლოა მას შემდეგაც გაგრძელდეს, თუ ის ამ უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს.

„ახლა დისტანციურად ვსწავლობ და ყველა ლექციას ვესწრები. არ მივცემ საბაბს, რომ რაიმე პრობლემა შემიქმნან. თავიდან იყო ერთი-ორი შემთხვევა სიტყვიერი ზეწოლის, თუმცა ახლა არავინ არაფერს მაგრძნობინებს.

ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ თუ ადრე ერთი ადამიანი აკვირდებოდა ლექციებზე დასწრებას, ახლა სამი ადამიანი გვაკვირდება. წელს პირველ კურსს ვასრულებ, საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვმუშაობ იმაზე, რომ სექტემბრიდან სხვა უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა“, – გვითხრა ლუკა ხაჩიძემ.

ხიჭაურის უნივერსიტეტს სახელმწიფო აფინანსებს, ამიტომ იქ სწავლა სტუდენტებისთვის უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ ლუკა სხვა სასწავლებელში გადავა, მას სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს. ის 18 წელი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.

ლუკას თბილისში, სადაც ახლა იმყოფება, საცხოვრებელი არ აქვს, ამიტომ ბინის ქირაობაც მოუწევს. მას შემდეგ, რაც ლუკამ პროკურატურას ჩვენება მისცა, ის სახელმწიფო თავშესაფარში გადაიყვანეს.  „ალბათ მომიწევს მუშაობა, რომ სწავლის საფასური გადავიხადო,“ – გვითხრა ლუკამ.

დღეს, 22 ივნისს, ლუკა ხაჩიძე ექსპერტიზაზეც დაიბარეს. მისი თქმით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გავლენა იქონია ბავშვობისდრინდელმა ძალადობის შემთხვევებმა ლუკაზე. „ფიზიკური ძალადობის კვალს ბუნებრივია ექსპერტიზა ახლა ვერ დაადგენს. ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზეა საუბარი“, – გვეუბნება ლუკა.

ლუკა ხაჩიძემ პროკურატურას იმ პირების შესახებ მისცა ჩვენება, რომლებიც არასრულწლოვან ბავშვებზე ძალადობდნენ ნინოწმინდის პანსიონში.

„სწორედ ამ ჩვენების მიცემის გამო მითხრეს, წადიო.

მამაო მომიგზავნა მეუფემ (მთავარეპისკოპოსი სპირიდონი), მითხრა, – შეიძლება ლუკა მართალია, მაგრამ სჯობს სამართალდამცავებს არაფერი უთხრასო. მე მაინც ვუამბე მათ ყველაფერი. შემდეგ რაც მოხდა, ფაქტია, იმ ღამესვე დამატოვებინეს საცხოვრებელი,“- ამბობს ლუკა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს. ძალადობის ფაქტების გახმაურების შემდეგ საპატრიარქომ  პანსიონის ხელმძღვანელობა შეცვალა და სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ბოდბელი ეპისკოპოსით, იაკობით ჩაანაცვლა.

___________________

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/548622/

იკრძალება ბავშვის თანდასწრებით მსუბუქ მანქანაში მოწევა? – რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში

მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება; მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში; საღეჭი თამბაქოს აკრძალვა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს კანომდებლობაში ამ დრომდე ასახული არ არის.

2021 წლის 22 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“ დამტკიცდა.

„2021-2025 წლის სტრატეგია მიზნად ისახავს წინა წლებში შემუშავებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების და მიზნების გამყარებას, გაძლიერებას, განგრძობით და მდგრად განხორციელებას. თამბაქოს კონტროლი არის მრავალკომპონენტიანი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და დასახული მიზნის – თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების მისაღწევად აუცილებელია უწყებათაშორის, ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში და განხორციელდეს უწყებრივი ღონისძიებების სახით…“ – აცხადებს მთავრობა.

დოკუმენტის მიხედვით, თამბაქოსთან დაკავშირებული იმ რეგულაციების გარდა, რომლებიც დაწესებულია შესაბამისი კანონებით, არის „ზოგიერთი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული ქვეყნის კანონმდებლობაში“, კერძოდ:

[crosslist]

  • მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება;
  • მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში.
  • არომატიზატორის გამოყენების აკრძალვა;
  • საღეჭი თამბაქოს აკრძალვა;
  • თამბაქოსთან დაკავშირებული უნიკოტინო პროდუქტების რეგულირება;
  • დანამატების კონტროლი;
  • ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მოწყობილობების შემადგენლობის და უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრება;
  • მოსაწევ თამბაქოზე კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილებები, ინფორმაციის განთავსება მცირე გვერდებზეც, სხვა ტექნიკური განსხვავებების აღმოფხვრა;
  • ზოგიერთი ტერმინოლოგიური განსხვავების გადაწყვეტა იმდენად, რომ ამან არ მოახდინოს მიღებულ ნორმათა შინაარსის შესუსტება;
  • თამბაქოს გადასახადების განაწილება ცალკეული პროგრამების დასაფინანსებლად.

[/crosslist]

როდის აისახება კანონმდებლობაში ეს საკითხები, სტრატეგიის დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა დოკუმენტი შეიცავს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის მიზნებია:

  • „საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და თამბაქოსთან დაკავშირებული ავადობის და ნაადრევი სიკვდილობის შემცირება“; „თამბაქოს მრავალკომპონენტიანი კანონმდებლობისა და პოლიტიკის აღსრულების გაძლიერება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის[FCTC]-ის შესაბამისად“; „თამბაქოს მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში; აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა“; „თამბაქოს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება და თამბაქოს ახალი და აღმოცენებადი პროდუქტებისთვის თამბაქოს არსებული პროდუქტების მსგავსი რეგულაციის უზრუნველყოფა“ და სხვა.

ამ გეგმის მიხედვით, თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს გადასახადები, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

[toggle title=”თამბაქოსთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც უკვე ასახულია კანონმდებლობაში ნახეთ აქ:“]

„2017 წლის 30 მაისს მიღებული კანონებით თამბაქოს ნაწარმის რეგულირება დაუახლოვდა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, 2014/40/EU დირექტივის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით უკვე მიღწეულია:

  • თამბაქოსგან გამოფრქვეული ნივთიერებების კონტროლი;
  • ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
  • თამბაქოს ე.წ. სტანდარტული წესით, ანუ „სადა“ შეფუთვა;
  • თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვა;
  • სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა;
  • თამბაქოს კოლოფებზე სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა, მათ შორის მოსაწევ თაბაქოზე მისი შეფუთვის (კოლოფი/ყუთი) ზედაპირის 65%-ზე დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების, ანუ პიქტოგრამების სავალდებულო დატანა;
  • ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს რეგულირება;
  • საცალო გაყიდვის აკრძალვა მექანიკური და ელექტრონული მანქანებით, ინტერნეტით და ფოსტით;
  • სიგარეტის კოლოფებში მხოლოდ 20 ღერი სიგარეტის დაშვება, ღერებით გაყიდვის აკრძალვა;
  • თუთუნის შეფუთვა მხოლოდ 50 და 100-გრამიანი შეფუთვებით.

საქართველოს დიდი ხანია აქვს თამბაქოს პროდუქტების მარკირების და თვალყურის დევნების სისტემა, რომლის ძირითადი ელემენტები თანხვედრაშია დირექტივის მოთხოვნებთან.

დადგენილია თამბაქოს გაყიდვის მინიმალური ასაკი ‒ 18 წელი;

აკრძალულია თამბაქოს გაყიდვა მექანიკური ან ელექტრონული საშუალებებით;

აკრძალულია თამბაქოს პროდუქტების გამოფენა იმგვარად, რომ ხილული იყოს სავაჭრო ობიექტის გარედან (2021 წლიდან აიკრძალა შიდა ხილვადობაც);

აკრძალულია დისტანციური საცალო გაყიდვები, მათ შორის ინტერნეტით ან ფოსტით;

იკრძალება რეალიზაცია შეფუთვის გარეშე და თუკი კოლოფში 20 ღერზე მეტი ან ნაკლები სიგარეტია; იკრძალება ისეთი ტკბილეულის, სათამაშოს ან სხვა საგნის რეალიზაცია, რომელიც არის თამბაქოს ილუსტრაცია;

აკრძალულია თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის სხვა ფორმებიც;

იკრძალება საფერფლის და თამბაქოს ნებისმიერი სხვა აქსესუარის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა ან პოპულარიზაცია, მათი ბრენდული ვარიანტების გამოფენა, თამბაქოს გავრცელება უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, ფასდაკლებები ან მსგავსი სახის რეკლამა“.

წყარო: „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“

[/toggle]

„თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“-ის დამტკიცებამდე, 2021 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე მიიღო დადგენილება. პარლამენტის დადგენილების მიხედვით, „თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს“.

„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.

ამ თემაზე ვრცლად:

ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

სკოლის მიღმა დარჩენილი 10 404 ბავშვიდან მხოლოდ 1000 წავა სექტემბერში სკოლაში

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 34 პროცენტით შემცირდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილი.

2021 წლის გაზაფხულის მონაცემებით სკოლის მიღმა 10 404 ბავშვი იყო დარჩენილი, დღეს, 22 ივნისს, სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ნაწილი იდენტიფიცირებულია და აქედან 1000-ზე მეტი ბავშვი სექტემბერში სასწავლო პროცესში ჩაერთვება.

სამინისტროს განცხადებით, 6 885 ბავშვი ისევ სკოლის მიღმა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 404 ბავშვიდან სამინისტრომ მხოლოდ 3 519 ბავშვის იდენტიფიცირება შეძლო.

როგორც სამინისტროში გავარკვიეთ, აღნიშნული 3 519 იდენტიფიცირებული ბავშვიდან 1029 არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა არ იყვნენ აღრიცხული განათლების სისტემის საინფორმაციო ბაზაში.

„მათ წარმოადგინეს დროებითი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბაზაში აისახენ.  1232 ბავშვი კი არის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც უცხო ქვეყანაში დაიბადნენ“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

კითხვაზე, თუ როგორ მოხვდნენ უცხო ქვეყანაში დაბადებული ემიგრანტი მშობლების შვილები საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზაში, სამინისტროში გვითხრეს, რომ იმისათვის, რომ ბავშვს პასპორტი აუღონ, სამედიცინო დოკუმენტაციისთვის მშობლები საელჩოებს მიმართავენ, „შესაბამისად, ეს მონაცემები აისახება ჩვენთანაც“, – ამბობს სამინისტრო.

რაც შეეხება დანარჩენ 1258 ბავშვს, აქედან 266 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 6-10 წლამდე პირია.

„983-ი არის პირველკლასელი, 9 ბავშვი კი არის 8-16 წლამდე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დარჩნენ სკოლის მიღმა და მათთან სოციალურმა მუშაკმა იმუშავა “ – გვითხრეს სამინისტროში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირებაში სამინისტროს სოციალური მუშაკები დაეხმარნენ. ასევე, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად მოხდა მათი იდენტიფიცირება.

2021 წლის მარტში გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით გამოვლინდა, რომ  6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%) არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.

გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის, შშმ პირთა და ხანდაზმულთა ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 27 200 000 ლარს შეადგენს.

სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად გრძელდება 2021 წელს დაგეგმილი ყველა პროგრამა. გაზრდილი ბიუჯეტი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდა. კერძოდ, გაიზარდება მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების, ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების ბიუჯეტი.

[checklist]

  • ჯამში, 3 მლნ-ზე მეტი ლარი დაიხარჯება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობისთვის
  • 1 მლნ ლარამდე გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, რომლის ფარგლებში პირველად დაფინანსდება საზღვარგარეთ გულის ტრანსპლანტაცია
  • 1 მლნ ლარამდე გაიზარდა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა, რომლის ფარგლებში პირველად მოხდება ყველა ორსულისთვის ტყვიის შემცველობის კვლევა
  • შშმ პირთა და ხანდაზმულთა საჭიროებებისთვის გამოიყო 870 500 ლარი

[/checklist]

სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს
სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

მიზნობრივი ჯგუფებისათვის გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დაინერგა სოციალური დაცვის სფეროში, შეიქმნა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამები მაქსიმალურად პასუხობდეს მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი სერვისი დაინერგა მიმდინარე წელს და მოთხოვნის შესაბამისად იზრდება გარკვეული პროგრამების ბიუჯეტიც, რაც პროგრამების მდგრადობის მიზნით მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 35 პროგრამას ახორციელებს.

„რივიერას“ მშენებლობა შეიძლება შეჩერდეს – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

„ბათუმის რივიერას საქმეზე“ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგადაც შესაძლოა „რივიერას“ პროექტის მშენებლობა ბათუმში სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერდეს. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკითხის ხელახალი განხილვა დაავალა.

საუბარია უზრუნველყოფის ღონისძიებაზე – მოსარჩელე, ბათუმელი აქტივისტები, დავის დასრულებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თავის დროზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა.

„თეორიულად შესაძლებელია იგივე გადაწყვეტილება მიიღოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მაგრამ პრაქტიკაში არ შემხვედრია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ გაითვალისწინოს საქალაქომ. დიდი ალბათობით მშენებლობა შეჩერდება დავის დასრულებამდე,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი ანთაძე.

საია ბათუმელ აქტივისტებთან ერთად სასამართლოში ბათუმის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებს.

„ბათუმი რივიერას“ პროექტის მშენებლობაზე ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა.

იურისტ გიორგი ანთაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია „რივიერას საქმის“ განხილვა. სასამართლოს სარჩელით 2021 წლის 22 იანვარს მიმართეს.

რის გამო უნდა შეჩერდეს „რივიერას“ მშენებლობა?

„როცა გაიცემა სამშენებლო ნებართვა, უნდა იყოს დაცული სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, კულტურული მემკვიდრეობა, საჯაროობა და ასე შემდეგ. არც ერთი ეს პრინციპი გათვალისწინებული არ იყო, ისე გასცეს ნებართვა, რაც იყო უკანონო… მოპასუხე მხარე მიუთითებდა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე, მაგრამ ესეც კი არ არის იდენტიფიცირებული,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გიორგი ანთაძემ.


კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ე.წ. ჭაჭის თაუერის  მიმდებარე ტერიტორიაზე 5 თაუერის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ.

2020 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „ბათუმი რივიერას“ მიმართვის საფუძველზე, მრავალფუნქციური, მაღალსართულიანი შენობის გარდა ხელოვნური ლაგუნას მოწყობის პროექტიც შეითანხმა.

„ბათომის“ მიმართვა პრემიერს: ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება განადგურდეს 

საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლის შესაძლო განადგურებაზე მიმართავს ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს. მიმართვის ადრესატები ასევე არიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი [მ.შ.] პაატა გაფრინდაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ფიჭვნარში 10 ჰექტარ მიწას, რომელიც კერძო საკუთრებაა, ძეგლის სტატუსი მოუხსნეს. სწორედ ამ გარემოებას უწოდებს ძეგლისთვის საფრთხეს „ბათომი“, რომლის მიმართვის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენი მომართვის მიზანია, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელიც, სპეციალისტების აზრით, შეიქმნა შავიზღვისპირეთის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლთან, ქობულეთ-ფიჭვნართან დაკავშირებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი არასისტემური და ძეგლთა დაცვაზე არაორიენტირებული პოლიტიკის შედეგად, ეს უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი შესაძლოა განადგურდეს.

ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიჭვნარის სანაპირო ზოლსა და მდინარეების ჩოლოქის, ოჩხამურის ხერთვისსა და მიმდებარე არეალში. აქ აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის ადრებრინჯაოს ხანის ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი (ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისი); გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის უძველესი კოლხური მრავალფენიანი ნამოსახლარები (ძვ.წ. XII-VIII სს) და ანტიკური ნაქალაქარი (მდინარეების – ჩოლოქის, ოჩხამურის ხერთვისსა და მიმდებარე არეალში); ადრერკინის ხანის ე.წ. დიუნური ნამოსახლარები (ძვ.წ. VIII-VI სს) და „საკულტო ადგილები“ (IX-VII სს); ანტიკური (კლასიკური, ელინისტური და რომაული – ძვ.წ. V- ახ.წ. IV სს) პერიოდის ვრცელი სამაროვანი.

არქეოლოგიური გათხრებისა თუ შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი ათიათასობით არქეოლოგიური ნივთი (ოქროს სამკაულები, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი, კერამიკა, მათ შორის ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, მონეტები და მრავალი სხვა) დაცულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში. აღნიშნული ნივთების ნაწილი არაერთხელ იყო ექსპონირებული საერთაშორისო გამოფენებზე.

სხვადასხვა პერიოდის ძეგლების არსებობა (დაწყებული ადრებრინჯაოს ხანიდან დამთავრებული რომაული პერიოდით), მათი დაცულობის ხარისხი, ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებული შედეგები განსაზღვრავს ამ ძეგლების ძალიან დიდ მეცნიერულ ღირებულებას არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის, არამედ ზოგადად, კავკასია–ანატოლიის უძველესი და შავიზღვისპირეთის ანტიკური ხანის ცივილიზაციების მეცნიერული პრობლემების შესასწავლად.

ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების ტერიტორიაზე, რომელიც 100 ჰა–ს მოიცავს, უკვე 50 წელია ჯერ ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, შემდგომ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა  და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების (ხელმძღვანელები – პროფ. ა.კახიძე, მ.ვიკერსი, 1998–2010 წწ.) ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიური კვლევის შედეგები შესულია საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ნაშრომების წყალობით (დღემდე გამოცემულია შვიდი მონოგრაფია). მიუხედავად მრავალწლიანი კვლევებისა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავაც შესასწავლია.

1976 წელს ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა 2007 წელს მიღებული კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იგი აღარ არის ძალაში.

2008 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული აჭარის უძრავ ძეგლთა ინვენტარიზაციის შედეგად ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლებზე მომზადდა სათანადო „სააღრიცხვო ბარათები“, რითაც შეიქმნა ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

სტატუსის არქონის პირობებში, 2010 წელს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა და პარლამენტმა დაამტკიცა „ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონის“ პროექტი და გამოაცხადა ტენდერები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ზონაში მოექცა ძეგლის ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილი (დიუნური ნამოსახლარები და ელინისტური ეპოქის სამაროვნის ტერიტორიის ნაწილი), რითაც შეიქმნა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მემკვიდრეობის განადგურების საშიშროება.

ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა სპეციალისტთა მოთხოვნა და იმავე წლის მიწურულს მოიძია თანხები მშენებლობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარი შესწავლის მიზნით.[1] თუმცა დღესაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე „ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონა“ საპრივატიზაციო ტერიტორიების ნუსხაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდია აღნიშნული ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილის განადგურების საფრთხე.

2012 წლიდან იწყება ქობულეთის არქეოლოგიური არეალის აღიარების პროცესი. 2012 წელს აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული აჭარის არ სივრცითი მოწყობის სქემის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმის (2016 წელი)[2], ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ (03/10/2017)[3] და ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ (02/12/2019)[4] დადგენილებების მიხედვით განსაზღვრულია/აღიარებულია ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიური არეალის ტერიტორია.

თუმცა ეს დოკუმენტები არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისთვის არასათანადო ძალის მქონე აღმოჩნდა. ფუნქციური ზონირების დადგენის შემდგომ არც ქობულეთის საკრებულოს და არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამოუჩენია ინიციატივა აღნიშნული არეალისთვის შესაბამის ორგანოებს მიენიჭებინა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით, ზუსტად ასეთი ობიექტების დაცვის მიზნით არსებული ინსტრუმენტი, არქეოლოგიური დაცვის ზონა. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ საერთოდ არ ითვალისწინებენ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებს და იგი აბსტრაქტული ეკონომიკური განვითარების იდეასთან ხელოვნური დაპირისპირებით მთლიანად იგნორირებულია.

ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 2019 წლის მარტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში კერძო კომპანია „გრინ რიზორტს“ მიჰყიდა 180 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. ამან პირდაპირი განადგურების საფრთხე შეუქმნა ძეგლს[5].

სპეციალისტების ძალისხმევით, 2020 წლის 4 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა შპს „გრინ რიზორტის“ მფლობელობაში მოქცეულ ფიჭვნარის იმ არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც მდებარეობს მდინარეების ოჩხამურის, ჩოლოქის ხერთვისის, და ასევე მიმდებარე არეალში, სადაც არქეოლოგიურად დადასტურებულია გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის სამოსახლო ბორცვები და ანტიკური ნაქალაქარის კულტურული ფენები. თუმცა, 2021 წლის 28 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთი–ფიჭვნარის ძეგლის საზღვრები შეცვალა და დაახლოებით 10 ჰა ტერიტორია აბსოლუტურად გაუმართლებლად, შესაბამისი ექსპერტული შესწავლისა და დასაბუთების გარეშე ამოიღო ძეგლის დაცვის ზონიდან. ძეგლის სტატუსის მინიჭება–მოხსნის პროცედურები კულტურული მემკვიდრეობის  კანონმდებლობის მთელი რიგი დარღვევით წარიმართა და   უპრეცედენტო ზეწოლასა და გარკვეულ მანიპულაციებზე მიუთითებს.[6]

ხაზგასასმელია, რომ მსგავსი თვითნებური და კულტურული მემკვიდრეობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის არამხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონთან და მის პრინციპებთან, არამედ, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპულ კონვენციასთან (განახლებული, ლა–ვალეტა, 16.01.1992), რომელსაც საქართველო 2014 წელს შეუერთდა და არქეოლოგიური ობიექტების დაცვის მიზნით იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები.[7]

აღსანიშნავია, რომ „გრინ რიზორტს“ სამხრეთით ესაზღვრება მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაში წარდგენილი ისპანის ტერიტორია. მისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2021 წლის ივლისის მეორე ნახევარში. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ დაიწყება კოლხეთის კულტურული/არქეოლოგიური მემკვიდრეობის (რომელშიც მოიაზრება ისპანის, ჩოლოქ–ოჩხამურის ნამოსახლარები და ფიჭვნარის ანტიკური ხანის ძეგლები) შესახებ სამეცნიერო დოსიეს მომზადება: კოლხეთი უნდა გახდეს UNESCO-ს ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის უბანი, რომლის მსგავსი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. თუმცა ნომინაციის მკაცრი მოთხოვნაა ძეგლების სათანადო დაცვისა და მართვის სისტემის წარდგენა, რაც, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ გაგვაჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შავიზღვისპირეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლის გადარჩენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოგმართავთ თხოვნით:

  1. გაატაროთ ფიჭვნარის არქეოლოგიური მემკვიდრეობის გადასარჩენად გადაუდებელი და აუცილებელი ღონისძიება – „გრინ რიზორტის“ მფლობელობაში არსებული ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღადგინეთ 2020 წელს მინიჭებული ძეგლის საზღვრები და შეინარჩუნეთ ერთგვარ „არქეოლოგიურ კუნძულად“ მომავალი კვლევებისთვის. ასევე, ბუფერულ ზონაში, მშენებლობა დაუშვით მხოლოდ არქეოლოგების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.
  2. საკითხი განიხილეთ სასწრაფოდ – კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების გავრცელების ტერიტორიას მიენიჭოს „არქეოლოგიური დაცვის ზონის“ (ზოგადი დამცავი ზონა) სტატუსი.[8] ვფიქრობთ, ამ საკითხის გადაწყვეტა თავიდან აგვარიდებს არქეოლოგიური მემკვიდრების დაცვის ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტებს შორის დაპირისპირებას.
  3. უზრუნველყავით საერთაშორისო კონვენციებით (იუნესკოს კონვენცია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია) ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

საზოგადოება „ბათომი“

[toggle title=”სქოლი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8″]

[1] 2010 წლის ნოემბერ–დეკემბერში მოხერხდა თავისუფალი ტურისტული ზონისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ნაწილობრივი გამოკვლევა, სამუშაოს დიდი მოცულობისა (12 ჰა) ძალზე შეზღუდული დროის გამო, 5 ჰა მიწის ნაკვეთი ფაქტიურად შეუსწავლელი დარჩა.

[2] https://www.matsne.gov.ge/document/view/3405193?publication=0

[3]https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3817612?publication=0&fbclid=IwAR3XwDC8XmO9D6Jx_-FxbO_lu1LNwljv2d3x9_vu6bFL5G5WC0rQYl7518c

[4]https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4718253?publication=0&fbclid=IwAR2saEy3thGu3LBfyCxGL7vYtaBEHRvYGgfKdp4ygCV3LOY5qBr4n4IQmWI

[5]„გრინ რიზორტის“ მფლობელის წარმოდგენით, ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა არქეოლოგიური  არტეფაქტების ამოღებით შემოიფარგლება, იხ. https://batumelebi.netgazeti.ge/news/226283/

[6] ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: https://batumelebi.netgazeti.ge/news/341942/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/342464/

[7] არქეოლოგიური არეალებისთვის ფიზიკური დაცვის ზომების დაწესება; არქეოლოგიური მემკვიდრეობის კონსერვაცია და მოვლა; არქეოლოგიისა და დაგეგმარების ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა; საკმარისი დროისა და საშუალებების გამოყოფა არქეოლოგიური ძეგლის შესაფერისი მეცნიერული შესწავლისათვის მიღებული შედეგების გამოქვეყნების ჩათვლით; არქეოლოგიური კვლევებისა და კონსერვაციის დაფინანსება და სხვა.

[8] დაცვის ზონის მინიჭებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია უკვე არსებობს და  წარდგენილია როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, ასევე აჭარის არ შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებში.

[/toggle]

ბათუმში გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გემი შემოვა

26-30 ივნისს ბათუმის პორტში გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემი HMS Defender-ი შემოვა.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარკ კლეიტონის შეხვედრის შემდეგ.

ელჩის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღნიშნული გემის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების საშუალებაა.

„ვახტანგ გომელაურმა და მარკ კლეიტონმა ასევე განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე, მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს,“ – წერს შს სამინისტრო.

სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა „ნოვაში“ ახლა უკვე ონლაინ იქნება შესაძლებელი

ნებისმიერი მეგობარი, რომელმაც რემონტი თუ მშენებლობა სულ ახლახან დაასრულა, როგორც წესი, დამღლელი და შრომატევადი პროცესისთვის გვამზადებს ხოლმე. ასეთი მეგობრები ყველას გვყავს და ისინი დაუზარებლად გვიზიარებენ ხოლმე თავიანთ გამოცდილებას: სად ვიყიდოთ ესა თუ ის მასალა: საიზოლაციო სისტემებიდან დაწყებული კერამიკული ფილებით დამთავრებული, მათ ყველაფრის ფასი და ხარისხი იციან ქალაქში.

და რას იტყოდით, ასეთი მეგობარი თავად კომპანიას რომ შემოეთავაზებინა არამხოლოდ მაღაზიების, არამედ – ვებ-გვერდის სახითაც?

ყიდვის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, „ნოვამ“ ვებ-გვერდი შექმნა, მასშტაბური ციფრული მაღაზია, სადაც თითოეული პროდუქტის ნახვა, დათვალიერება, ფასების შედარება, ყიდვა და  თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით გამოწერილი ნივთის მიღებაა შესაძლებელი.

ონლაინ-მაღაზია, სადაც სამშენებლო თუ სარემონტო მასალები და სახლისა და ეზოსთვის განკუთვნილი ყველა საჭირო მასალა თუ ხელსაწყო იყიდება; კონსულტანტები კი შენი პირადი ონლაინ-ასისტენტები ხდებიან: ისინი ითვალისწინებენ შენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს და მათზე მორგებულ მასალებს გთავაზობენ.

ეს და უამრავი სხვა დეტალი, რომელიც მშენებლობასა თუ რემონტში ხდება ხოლმე საჭირო, ერთიანდება სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ სახურავის ქვეშ: კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელმა, შერჩევიდან დაწყებული პროდუქციის გამოცდით დამთავრებული, მიიღოს ამ სფეროში კარგი გამოცდილება.

nova.ge
nova.ge

დაარსების ამბავი

„ნოვა“ 15 წლის წინ რისკიანი და გაბედული ადამიანების მიერ დაარსდა. მაშინ დამფუძნებლებს ჰქონდათ ამბიცია, არამხოლოდ შემოეტანათ ბაზარზე საერთაშორისო, ცნობილი ბრენდები, არამედ, დაარსებიდან ცოტა ხანში ადგილზე ეწარმოებინათ ქართული პროდუქტი.

მაშინ იარლიყი „დამზადებულია საქართველოში“, მით უმეტეს, სამშენებლო სფეროში, არც თუ ისე საამაყო, მეტიც, სარისკო ნაბიჯადაც კი მიიჩნეოდა. თუმცა „ნოვაში“ მტკიცედ სჯეროდათ, რომ საუკეთესო პროდუქტის შეფასების მათეული კრიტერიუმების ჩამოყალიბებით ქართულ პროდუქტსაც არანაკლებს შექმნიდნენ.

ასეც მოხდა: დღეს „ნოვა“ სასახურავე მასალებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებსა და მათ აქსესუარებს, ავზებს, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანებს და სხვა პროდუქტებს წარმატებით აწარმოებს.

„დღეს „ნოვა“ საუკეთესო საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა ხარისხი ეჭვს არ ბადებს. ზუსტად ამან გვიბიძგა კომპანიაში ქართული წარმოების ხაზის განვითარებისკენ, რადგან ვიცოდით რა სურდა მომხმარებელს: სისწრაფე, ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი“, – ამბობს PR-სა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო თურმანიძე.

ქართული ბიზნეს-გარემოს დასტაბილურებასა და ქართული კომპანიებისთვის წარმოების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო პროგრამამ – „აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებითაც კომპანიამ 2017 წელს შეძლო წარმოების კიდევ უფრო გაფართოება. შეიქმნა გარემო, სადაც შესაძლებელი გახდა რისკების მინიმალურ დონეზე დაყვანა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.

რისი ყიდვა შეგვიძლია „ნოვაში“

გარდა ვებ-გვერდისა, დღეს „ნოვა“ მომხმარებელს თბილისში ბათუმსა და ქუთაისში, სამ მეგაცენტრში მასპინძლობს. აქ ორი ტიპის ადამიანი მოდის: ის, ვისთვისაც მშენებლობა და რემონტი პროფესიაა და ის, ვისაც სურს, თავად შექმნას, გაარემონტოს ან ააშენოს რაღაც, ან სულაც, შეაკეთოს გაფუჭებული ნივთი და ახალი სიცოცხლე მიანიჭოს.

„სწორედ ამიტომაც, ჩვენს დახლებსა თუ ონლაინ-მაღაზიაში შეხვდებით როგორც პროფესიონალურ ხელსაწყოებს და მასალებს, ისე – ყველასათვის ადვილად მოსახმარებელ, მარტივ და მსუბუქ ნივთებს“, – აცხადებს ნინო თურმანიძე.

გარდა სამშენებლო და სარემონტო მასალებისა, აქ შეიძენთ უამრავ ისეთ პროდუქციას, რომელიც ხშირად გინახავთ სახალისო „გააკეთე თავად“ ე.წ. DIY ვიდეოებში. ასეთი მასალებითა და ხელსაწყოებით კი უამრავი საინტერესო და უნიკალური ნივთის დამზადება შეგიძლიათ.

50 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით უკვე ჩაეშვა „ნოვას“ მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში.

თუკი მასალების მრავალფეროვნება დაგაბნევთ, თქვენი საჭიროების მიხედვით შესაბამის პროდუქტს „ნოვას“ კონსულტანტები აგარჩევინებენ. ისინი აქ ნებისმიერ საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი – შესაბამისად, „ნოვაში“ შოპინგი საინტერესო ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის იქნება.

„ნოვას“ მიზანია შეუქმნას მომხმარებელს კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, დღევანდელ რეალობაში კი ამ კომფორტს კომპანია ერთი საიტის ქვეშაც გთავაზობთ.

ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ორიენტირებულია აჭარის მცხოვრებთა საჭიროებებზე – თორნიკე რიჟვაძე

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს.

,,აჭარის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რეგიონის მცხოვრებთა ინტერესზე და საჭიროებაზეა ორიენტირებული. მიზნად ისახავს ყველა ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ეს მიიღწევა როგორც სწრაფი ეკონომიკური აღდგენის და აღმავლობის ამოცანების შესრულებით, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის, თანაბარი, სწრაფი და მდგრადი განვითარების შედეგად“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და ითვალისწინებს ეკონომიკის აღდგენას, ტურიზმის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემის განვითარება, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 15 351 000 ლარით გაიზარდა და 123 831 100 ლარს შეადგენს. განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული პროდუქტების და სერვისების განვითარების ხელშეწყობა, მთის კურორტების და სარეკრეაციო ადგილების განვითარება.

საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 9 მლნ ლარით გაიზარდა და 60 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წელს აჭარაში დაგეგმილია 34 მიმართულებით 60,6 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 18 ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაცია, 306 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, 113 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.

განათლება კვლავ რჩება პრიორიტეტად. გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების დაფინანსება და ახალგაზრდების ხელშეწყობა.

2021 წელს განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა, მათ შორის 3 ბათუმში. 40 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება, გაიზრდება სახელოვნებო-სასპორტო დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.

17 065 700 ლარს შეადგენს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქურა. განხორციელდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია, ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობა, ჩაქვის სარაგბო ბაზის მშენებლობა, ქობულეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა. დასრულდება სპორტული კომპლექსი ბათუმში.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარით განისაზღვრა. გრძელდება ყველა დაგეგმილი პროგრამა და იზრდება მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობისთვის, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობა, მათ შორის გულის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება. ასევე, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა, მათ შორის ტყვიის შემცველობის კვლევა ორსულ ქალბატონებში.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით გაიზარდა. სამინისტროში გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა მიწის უფასოდ დამუშავება, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და სუბსიდირება, სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობის განვითარება. ფერმერებსა და აგრომეწარმეებს 1000 ცალი მოტო-ბლოკი თანადაფინანსებით გადაეცემათ.

მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის სხდომა დრამატულ თეატრში კითხვების გარეშე

„გაიზარდა“ – ეს სიტყვა თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ახსენა, როცა ის ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებზე საუბრობდა. მან დღეს, 22 ივნისს, დახურული სხდომების ტრადიცია დაარღვია და აჭარის მთავრობის წევრები გაზრდილ ბიუჯეტზე სალაპარაკოდ ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში შეკრიბა. აჭარის ბიუჯეტი ძირითადად მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება, ანუ კონკრეტული სარფიანი მიწების გასხვისებით, თუმცა პათოსი უფრო იმ პერიოდს მოგაგონებდათ, როცა ბიუჯეტებიც და საქმეებიც, ყველაფერი გადაჭარბებით სრულდებოდა.

თეატრში მიიპატიჟეს საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირებიც, თუმცა მათთვის არავის მოუსმენია. სხდომის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტების კითხვებიც უპასუხოდ დატოვა.

აჭარის ბიუჯეტი ძირითადად მიწების პრივატიზების ხარჯზე იზრდება 85 მილიონ 747 900 ათასი ლარით. დაგეგმილია აუქციონების გამართვა და ჯერ უცნობია, შედგება თუ არა აუქციონი, თუმცა აჭარის მთავრობაში დაიმედებულნი არიან, რომ მიწები სარფიანად გაიყიდება და ბიუჯეტიც გაიზრდება.

დრამატული თეატრის დარბაზში, სადაც წლების წინ სხდომებს ასლან აბაშიძე მართავდა და ბიუჯეტის წარმატებით შესრულებაზე აკეთებდა აქცენტს, დღეს თორნიკე რიჟვაძემ ჩამოთვალა კონკრეტული მიმართულებები, ვისი ბიუჯეტიც გაიზრდება.

აჭარის მთავრობის წევრების უკანა ფონზე ციმციმებდა ელექტრონული ბანერი: „აჭარის უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი 414 221 900 ლარი“. ბანერს აქეთ მსხდომი ადამიანები კი, დაახლოებით ერთი საათი უსმენდნენ მთავრობის თავმჯდომარეს უსიტყვოდ და მდუმარედ.

მთავრობის თავმჯდომარის მდუმარედ მოსმენა დრამატული თეატრის ამ დარბაზს არც უკვირს.

რა მიზანი ჰქონდა ამ ფორმატში გაფართოებული სხდომის ჩატარებას? – ვკითხეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს  სხდომის დასრულების შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძემ მის ტრიბუნასთან ახლო გასასვლელიდან სწრაფად დატოვა თეატრი.

„პრაქტიკულად ვინც აქ ისხდნენ, ან არ ისხდნენ, პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს მიღებული შესაბამისი წინადადებები. შესაბამისი თანხობრივი საჭიროებები და ეს არის ასახული ბიუჯეტში. გარდა ამისა, ბიუჯეტის საბოლოო მიღებამდე ჩვენ გავდივართ კომიტეტურ მოსმენებს და, რა თქმა უნდა, იქაც ყველა უწყების მოსაზრება არის გათვალისწინებული,“ – გვიპასუხა ჯაბა ფუტკარაძემ.

მაშინ რატომ მოიწვიეთ ეს ადამიანები დღეს, როცა შეხვედრა პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა და ბიუჯეტის გაზრდას ისედაც შეიტყობდნენ? – ესეც ვკითხეთ მინისტრს.

„იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს გადაწყვეტილება და ინფორმაცია, რა ხდება უშუალოდ მათი დაფინანსების მიმართულებით და სხვა მხარჯავი დაწესებულებების მიმართულებით,“ – დასძინა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

რა არის მთავრობის როლი, როცა ბიუჯეტი მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება?

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საპრივატიზაციო ობიექტს, გარდა იმისა, რომ მისი პრივატიზების შედეგად მოხდება ბიუჯეტში თანხების შევსება, თითონ ეს ობიექტები მნიშვნელოვანია ეკონომიკური  აქტივობის თვალსაზრისით. აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიწის ნაკვეთებისა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, ითვალისწინებს შესაბამის ვალდებულებებს,“ – დასძინა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves-ი ერთი წლით გადაიდო

ანაკლიაში 19-22 აგვისტოს დაგეგმილი Echowaves-ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდვითარების გამო“ ერთი წლით გადაიდო – ამის შესახებ განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა  გაავრცელა .

ფესტივალის გადადების შესახებ განცხადების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, დაანონსდა ფესტივალის ლაინაფი (ALAN FITZPATRICK; ÂME; ARTBAT; BOSTON 168; DAX J; I HATE MODELS; JAN BLOMQVIST & BAND; LEHAR; MODESELEKTOR; MUSUMECI; STOJCHE; THE BLAZE), თუმცა წუხელ საორგანიზაციო გუნდმა განაცხადა, რომ ფესტივალი 2022 წლის აგვისტოსთვის გადაიდო.

„ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი“.
რაც შეეხება გაყიდულ ბილეთებს, ფესტივალის ადმინისტრაციის განმარტებით, შეგიძლიათ ბილეთი შეინახოთ 2022 წლის ფესტივალზე დასასწრებად, ან დაიბრუნოთ თანხა უკან, საამისოდ გადადით www.tkt.ge-ზე ბილეთის/„მულტიპასის“ შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
„ბილეთის საფასურის დაბრუნების მსურველებისათვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ თარიღებში თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას არ განახორციელებთ, მულტიპასი აქტიური იქნება ფესტივალის ახალი თარიღებისთვის, თანხის დაბრუნებას კი ზემოთ მოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახერხებთ,“ – წერს ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი.
Echowaves-ი საქართველოში 2018 წლიდან ტარდება.

სამი პირი 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს „ატკატის“ სახით იღებდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდპანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.

აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. „ატკატის“ სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ. მეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს“, – წერს უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Social Impact Award 2021 ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 10 ფინალისტი გუნდი შეარჩია.

ათივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ბაზარზე შესვლის სტრატეგიას და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.

2021 წლის ფინალისტი პროექტებია:

  • კიურის ლაბორატორია – სამეცნიერო ყუთები, რომელშიც განთავსებული იქნება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები. ამ ყუთების საშუალებით ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები.
  • Greenპური – ეკო-მეგობრული პროდუქტი, სინთეზური ქიმიკატების გარეშე. სვიის ტექნოლოგიაზე დამზადებული ეკოლოგიურად ჯანსაღი პური, რომელიც ჩაანაცვლებს ხელოვნურ საფუარს.
  • თერაპიის ცენტრი „გრადაცია“ – შშმ პირთა თერაპიის ცენტრი ლანჩუთში, რომელიც არტ თერაპიის საშუალებით ბენეფიციარებს დაეხმარება თვითრეალიზაციასა და საზოგადოებასთან ადაპტაციაში.
  • ნიკოს ეზო – არაფორმალური განათლების ცენტრი და სოციალური მედია-მენეჯმენტის სააგენტო ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, რომლის მიზანიცაა ციფრული კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
  • EV for Green Future – პლატფორმა, სადაც ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია დარეგისტრირდეს, განათავსოს ინფორმაცია და თავის მფლობელობაში არსებული დამტენი/ინფრასტრუქტურა გააქირაოს მაშინ, როცა არ სჭირდება. პლატფორმა მოიცავს ელ. მობილებს, სკუტერებს, მოპედებს.
  • CosmoTronix – შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს და არამარტო, შეისწავლონ ელექტრონიკა. თამაში მიზნად ისახავს ინტერესის გაზრდას ელექტრონიკის მიმართ.
  • CatchUP BOX – ეკო-მეგობრული ნივთებით დაკომპლექტებული სასაჩუქრე ყუთი, ყოველთვიური გამოწერის შესაძლებლობით. პროდუქტს ექნება აპლიკაცია და ჭკვიანი ეკო-კალენდარი.
  • „GreetNative” – ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომლის მიზანია, ფეხი აუწყოს განათლების გაციფრულების ტენდენციას და ქართველ მომხმარებელს გაუმარტივოს სასურველი უცხო ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე მოსაუბრთან (Native Speaker).
  • ტანტა სსსმ ბავშვების ნახატებით გაფორმებული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გაძლიერებას და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას.
  • ფარდაგები რაჭიდან – მიზნად ისახავს, შეკრიბოს ისეთი პირები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან შეისწავლონ ხელით ქსოვის ტექნიკები, დაეუფლონ ახალ პროფესიას და პარალელურად ეს საქმიანობა აქციონ შემოსავლის წყაროდ.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2021-ის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდება იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია Impact Hub Tbilisi-მა 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა | ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 22 ივნისის 21 საათიდან 23 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი
  • ღამით: 15-20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 24-25 ივნისს, აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

სად არის სავალდებულო დღეიდან პირბადის ტარება

დღეს, 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ შეგვიძლია უარი ვთქვათ პირბადეზე.

პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა:

[checklist]

  • მაღაზიაში, სავაჭრო ობიექტებში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში – სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში, მატარებელში
  • ტრანსპორტის გაჩერებაზე
  • ხალხმრავალ ადგილას

[/checklist]

პირბადე კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ იარაღად მიიჩნევა.

რატომ შეიქმნა „ასტრაზენეკას“ დეფიციტი – გამყრელიძის განმარტება

დღეს, 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში მილიონზე მეტი დოზა კოვიდის ვაქცინა შემოვა. იგივე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„ივლისის დასაწყისში ქვეყანა გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს სადღაც 20 ათასი მაინც“, – აცხადებს გამყრელიძე.

მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტზე: „ასტრაზენეკა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ – 43-43 ათასი დოზა ერთად, მესამე შესყიდვა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში, ეს იყო კოვაქსით შესყიდული ვაქცინა, შემდეგ მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ დადასტურებულად მოგვეწოდებოდა ივნისის 22 რიცხვში, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან და ამ მიზეზების ახსნას ახლა არ დავიწყებ“, – თქვა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში 4-5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა . „ასტრაზენეკა“ გახლავთ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და კეთდება ოთხიდან 12 კვირის შუალედში. ანუ, მეორე, რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე. თუმცა, ბევრი კვლევებით, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, უკეთესია, როცა „ასტრაზენეკა“ კეთდება 8-დან 12 კვირის შუალედში.

30 ივნისამდე გახსნილ ჯავშნებზე ჩაწერილი იყო 5 ათასამდე ადამიანი, რადგან დეფიციტი შეიქმნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა ასტრაზენეკათი აცრა, უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რადგან ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინის მოწოდება ქვეყნისთვის“.

გამყრელიძის განმარტებით, მოქალაქეები, რომლებიც ჩაწერილი იყვნენ „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე, შესაძლოა მათ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ.

„ვინც ჩაწერილი იყო მეორე დოზაზე და მათ აქვთ დაგეგმილი აცრა 10-12 კვირის შუალედში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან  დაახლოებით 1600-მდე „ასტრაზენეკას“ დოზა გვაქვს ქსელში და ისინი ყველა აიცრება. ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი პირველი აცრიდან 10-დან 4 კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, ბოდიშს ვუხდით ამ უხერხულობისთვის. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორც კი შემოვა 43 ათასი დოზა „ასტაზენეკას“ ვაქცინის“.

რესტორნები და კაფე-ბარები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, კომენდანტის საათი საქართველოში პირველი ივლისიდან უქმდება, თუმცა შეზღუდვა რჩება რესტორნების, კაფე-ბარებისა და გასართობი ცენტრების მუშაობაზე.

კერძოდ, რესტორნები, კაფე-ბარები და ა.შ. პირველი ივლისიდან იმუშავებენ 24 საათამდე. ეს ეხება სასტუმროების რესტორნებსაც.

ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს, გახდა ცნობილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა სავალდებულო რჩება პირბადის ტარება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

ამის შესახებ განცხადება დღეს, 22 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ასევე, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და დაიწყება ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი.

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან გაუქმდება.

ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 17 მაისიდან გადაადგილება 23:00 საათიდანაა შეზღუდული.

საქართველოში 24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 914 ახალი შემთხვევა

22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  27 956 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 2 698 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 678 მძიმე პაციენტია.

5 310 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში.

21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.55%. 

აჭარაში კოვიდის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 ივნისი

დღეს, 22 ივნისის მონაცემებით,  აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 176 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 222 ინფიცირებული.

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს უცხოეთში ყალბი საბუთებით უშვებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს.

მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს.კ.-მ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესაბამისი პირობები შეუქმნა, კერძოდ ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ორგანიზება გაუწია საზღვარგარეთ მის გამგზავრებას და უკანონოდ დარჩენას.

პოლიციამ, ს.კ.-ის საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ოფისის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა მოქალაქის სახელზე გაცემული ავიბილეთების ჯავშნები, სასტუმროს ჯავშნები, სამედიცინო კვლევების გაყალბებული შედეგები, რეგისტრაციის ბარათები და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო სხვა დოკუმენტები. დაკავებულის ოფისის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 2500 ლარამდე თანხა.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქეთში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან იხსნება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების შემცირების გამო თურქეთში პირველი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაავრცელა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით  ქვეყანაში ასევე უქმდება შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხოლო საჯარო სამსახურები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან.

21 ივნისს თურქეთში კორონავირუსის 5 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თურქეთმა 1-ელი ივნისიდან დაიწყო.

აგურის ქარხანას მოსახლეობამ გზა გადაუკეტა – მიზეზი მტვერია

ბათუმის სამრეწველო ზონაში აქციაა. მოსახლეობას ამ დროისთვის [22:45] აგურის საწარმოს შესასვლელი აქვს გადაკეტილი. აქციის მონაწილეები სატვირთო ავტომანქანას ქარხნის დატოვების უფლებას აღარ აძლევენ და ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელის მისვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აგურის საწარმოდან პერიოდულად ძლიერი კვამლი ამოდის და ასევე მტვრის ბუღი აწუხებთ.

“ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა. მესაკუთრე ამბობს, რომ ფილტრი დააყენა, მაგრამ ფაქტია, რომ კვამლი ისევ ძლიერად ამოდის და მტვრის ბუღში ვართ,” – გვითხრა აქციის მონაწილე იამზე მჟავანაძემ. ის ბათუმში შანიძის პირველ ჩიხში ცხოვრობს.

მოსახლეობის თქმით, მდგომარეობა ამ დრომდე არ შეისწავლა გარემოს ზედამხედველობის ინსპექციამ. ამ დასახლებას ძლიერი დაკვამლიანების პრობლემა რამდენიმე თვე აწუხებს.

“ბათუმელები” ადრეც წერდა ამ პრობლემის შესახებ. აგურის მწარმოებელი კომპანია MIG-ის დირექტორი, გიორგი აბაშიძე აცხადებდა, რომ ის სტანდარტით განსაზღვრულ ნორმებს იცავს და მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?

„პოლიცია ჩაერია შეკრების უფლებაში, მას ჰქონდა ვალდებულება, განემარტა, რატომ არ მიეცათ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება, თუ ასეთი შეზღუდვის საფუძველი არსებობდა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე 20 ივნისს ბათუმში მომხდარ ამბავზე – პოლიციელებმა განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს, 7 მონაწილე დააკავეს და მხოლოდ ეს თქვეს: „აქ კარავს ვერ გაშლით“.

პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა დუმილით უპასუხეს კითხვას: რატომ არ აქვთ ადამიანებს პროტესტის ნიშნად კარვის გაშლის უფლება?

20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ძმების: წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები. აქციის მონაწილეები ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, რადგან ბრალდებულები ენმ-ს აქციებში მონაწილეობდნენ. საუბარია ასევე ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნაზეც, რასაც ერთ-ერთი ბრალდებულის, ფირუზ წულუკიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მამა  სთავაზობდა მათ.

ადმინისტრაციული წესით გუშინდელ აქციაზე დაკავებულები დღეს, 21 ივნისს, ხელწერილით გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი 25 ივნისს გაიმართება.

სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთს კორონავირუსი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს დაუდასტურდა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულს იზოლატორში მოთავსების დროს სწრაფი ტესტის გარდა PCR ტესტიც ჩაუტარეს, რადგან მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ტესტის დადებითი პასუხი იზოლატორში დღეს მიიღეს.

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, სასამართლო ფოიეში მიყვანილი დაკავებულები ხელბორკილებით ისევ პოლიციის მესამე განყოფილებაში მიაბრუნეს – მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ დროისთვის სხდომათა დარბაზში უკვე ჩატარებული ჰქონდა ერთ-ერთი დაკავებულის, ბონდო თედორაძის სასამართლო პროცესი.

„ჩემმა ადვოკატმა ვერ მოახერხა საქმის მასალების გაცნობა, ამიტომაც ვითხოვეთ პროცესის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა,“ – გვითხრა ბონდო თედორაძემ.

დისტანციურ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ უმჯობესია უშუალო კონტაქტი შედგეს მხარეებს შორის, თავადაც შეხვდეს დაკავებულებს, PCR ტესტის შედეგები ცნობილი გახდეს და შემდეგ გაიმართოს სასამართლო სხდომა. მოთხოვნას მოსამართლეც დასთანხმდა.

„მანამდე იქნებ მტკიცებულებები წარმოადგინოთ ორივე მხარემ და ერთმანეთს გაუცვალოთ,“ – თქვა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

რა უნდა დაადგინოს მოსამართლემ, როცა სხვადასხვა მედიის პირდაპირ ეთერში ვნახეთ ფაქტი: როგორ არ მისცეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება და ისიც ისე, რომ სამართალდამცველებმა არაფერი განმარტეს?

„შესაძლოა შეკრების უფლებაში პოლიცია ჩაერიოს, მაგრამ უნდა არსებობდეს შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პაატა დიასამიძე.

იგი განმარტავს კანონის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქცია და კარვის გაშლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირებას ახდენს და თანამშრომლებს გადაადგილების საშუალება ეზღუდებათ, ასევე, როცა გზის სავალი ნაწილი იკეტება. იურისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ შემთხვევაშიც მოქალაქეებს უარი ვერ უნდა უთხრან კარვის გაშლაზე.

„ამ დროს საჭიროა 5 დღით ადრე გააფრთხილო მუნიციპალური ორგანოები, რომ მათ მიიღონ სათანადო ზომები, მაგალითად, მოინახოს ალტერნატიული შესასვლელი. კანონი ამ დროს ითვალისწინებს ასევე 20- მეტრიანი რადიუსის დაცვას.

ესეც ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ირგვლივ 20 მეტრის რადიუსში არ შეიძლებოდეს შეკრება ან კარვის გაშლა. სამართალდამცველებმა უნდა განსაზღვრონ, რა მანძილით დისტანციაა საჭირო რეალურად იმისთვის, რომ შეკრებამ ან კარვებმა ადმინისტრაციული ორგანოს შენობის ბლოკირება არ გამოიწვიოს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ იურისტმა პაატა დიასამიძემ.

ამ თემაზე საუბრის დროს საია-ს იურისტს ახსენდება შემთხვევა, როცა პარტიზან მებაღეებს თბილისში 2019 წელს თბილისის მერიამ აქციაზე 20-მეტრიანი რადიუსის დაცვა მოსთხოვა, სასამართლომ კი დაადგინა, რომ ამ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა.

პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებს გუშინდელ აქციაზე ჯერ უნდა გაერკვიათ, სად სურდათ კარვების გაშლა აქციის მონაწილეებს.

„მათ ჰქონდათ განმარტების ვალდებულება. თუ სკვერში გამართავდნენ კარავს, რაც ხელს ვერ შეუშლის ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონირებაში, ამას გაფრთხილებაც არ სჭირდება და ამის უფლება, რა თქმა უნდა, ჰქონდათ,“ – დასძინა იურისტმა პაატა დიასამიძემ.

როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან, ვინ დაადგენს თავად პოლიციელის მოთხოვნა კანონიერი იყო თუ არა?

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი დადასტურდება, რომ მათ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლების რეალიზებაზე უთხრეს უარი?

„მოსამართლეა ვალდებული შეაფასოს და შეამოწმოს კონსტიტუციური უფლების დაცვის ჩარჩოები, რამდენად კანონიერი იყო პოლიციების მოთხოვნა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტის თქმით, მოსამართლის შეფასების შემდეგ შსს-ს უნდა ჰქონდეს რეაგირება კონკრეტული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის კუთხით.

დაარღვიეს თუ არა პოლიციელებმა კანონი, როცა მათ ყოველგვარი განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს? – შსს-ს გენერალურ ინსპექციას ამ კუთხით მოკვლევა არ დაუწყია.

ამ დრომდე არც გამოძიება დაწყებულა მარიამ ფუტკარაძის შემთხვევაზე, რომელიც ასევე გუშინდელ აქციაში მონაწილეობდა და იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში. მარიამ ფუტკარაძემ თქვა, რომ მას პოლიციელმა  ფეხი ჩაარტყა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიდან მოგვწერეს, რომ მარიამ ფუტკარაძეს დღეს გაესაუბრებიან და „გასაუბრების შინაარსის მხედველობაში მიღებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება“. ეს უწყება სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს იძიებს.

მარიამ ფუტკარაძე უკვე გაწერეს კლინიკიდან. მას მე-12 ნეკნის დაზიანება აქვს და აღენიშნება დაჟეჟილობა მუცლის არეში.

განახლება: სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

___________________________

ბრალდებული ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სწორედ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით.

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის და მისი კოლეგები რიონის ხეობაში მყოფმა ძმებმა. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დააკავეს შვიდივე პირი.  16 აპრილს ქუთაისი სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

14 აპრილს დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

ვრცლად ამავე თემაზე:

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

 

 

 

შუახევში, ჭვანის ხეობაში, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა – „კემპინგსოფელი“ ჯვარიმინდორზე

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში, [ჯვარიმინდორზე] ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა თავისი ინფრასტრუქტურით. „კემპინგსოფელში“ განთავსდება ოთხი კოტეჯი, ასევე მოეწყობა კოცონის სივრცე, ბუხარი, საშხაპე და საპირფარეშო. სივრცე გათვლილი იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის.

„ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გზაგასაყარი, რომელიც კინტრიშის დაცულ ტერიტორიას და შუახევის მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან აკავშირებს და გურიის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა, ჯვარიმინდორზე გადის ახალმარკირებული, საფეხმავლო ქსელური მარშრუტი, კერძოდ, კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები, რომელიც ყველაზე გრძელი, 88კმ.-იანი საფეხმავლო მარშრუტია.“

ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარია გამოყოფილი.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჯვარიმინდორი ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა, აუცილებელია აქ განთავსდეს თავშესაფარი შორ გზაზე მიმავალი ვიზიტორებისთვის, სადაც ღამისთევის საშუალებაც ექნებათ. პროექტი ითვალისწინებს წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ავთენტური, ფუნქციონალური და მკაცრი კლიმატური პირობებისადმი მდგრადი ტურისტული თავშესაფრის მშენებლობას, რომელიც შენობას დაიცავს დიდთოვლიანობისგან და ნესტისგან. ასევე, პროექტის მიხედვით, რელიეფიდან გამომდინარე, თავშესაფარი უნდა დაიდგას შემაღლებულ პლათფორმაზე. შენობა-ნაგებობამ უნდა შექმნას ერთიანი კომპლექსური სივრცე, სადაც იქნება ყველა საჭირო ფუნქციონალური ზონა: 4 ერთეული თავშესაფარი, სველი წერტილი, საშხაპე, კოცონის სივრცე, ღია ბუხარი.“ – აღნიშნულია ტენდერში.

კოცონის ადგილი და ღია ბუხარი
საშხაპე / ესკიზები ტენდერიდან /

 

კონკურსი ქალაქებში კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია ქალაქების მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ქალაქებს (თბილისის გარდა), მათ შორის, ბათუმსაც.

მუნიციპალიტეტთან ერთად თანააპლიკანტი შესაძლებელია იყოს არაკომერციული ორგანიზაციაც.

პირველ ეტაპზე შეირჩევა საქართველოს ხუთი ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ.

მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმ სამი შერჩეული ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000-მდე ევროს დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

აპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

პროექტის მიზანია კულტურის განვითარების ისეთი სტრატეგიების შემუშავება, რომლებშიც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა, ასევე მულტიკულტურული და მულტიეთნიკური გარემოს შენარჩუნება და განვითარება.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ხუთ ქვეყანაში – აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა – ხორციელდება. EU4Culture-ს ბიუჯეტი შეადგენს 7,85 მილიონ ევროს, რომელიც მოხმარდება ქალაქების კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამების დაფინანსებას, ასევე ფესტივალების, კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.

პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

დასავლეთ საქართველოს მუფთი „სინოვაკით“ აიცრა

დღეს, 21 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად.

„დღეს ყველა ჩვენგანი ვიმყოფებით ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წინაშე და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვების სიცოცხლე. ამიტომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – ამბობს ადამ შანთაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუფთთან ერთად 100-მდე მუსლიმი იმამიც აიცრა დღეს „სინოვაკით“. ასევე თეოლოგები, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები.

ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა.

ვაქცინაციამდე მუსლიმი თემის ლიდერებთან, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან იმუნიზაციის საკითხებზე დღეს შეხვედრა გამართეს გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.

აჭარის მთავრობა მიწების გაყიდვიდან 89 მილიონ ლარს ელოდება – ცვლილებები ბიუჯეტში

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 13 ხმით 4-ის წინააღმდეგ დღეს, 21 ივნისს, დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი მთლიანობაში 328,4 მილიონი ლარიდან 414,2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 66 596 200 ლარით, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელები – 85 747 900 ლარით.

მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობებიდან ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით იზრდება უშუალოდ არაფინანსური აქტივების [კლება] ნაწილში. ეს, ძირითადად, მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია. შესაბამისად, 2021 წელს მიწის გაყიდვიდან აჭარის მთავრობა რესპუბლიკურ ბიუჯეტში, თავიდანვე დაგეგმილი 27 მილიონის ნაცვლად, 89 მილიონ ლარს ელის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ კუთხით დაგეგმილი იყო 27 მილიონი ლარის შემოსავალი, თუმცა ამ დროისთვის სამინისტროს უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები 34 მილიონ ლარზე, რომელიც ეტაპობრივად აისახება ბიუჯეტში.

მიწის ნაკვეთებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ძირითადად აუქციონზე პირობებით ან უპირობოდ ყიდის. მიმდინარე წლის და ზოგადად, ელექტრონული აუქციონების მიხედვით, მიწის მყიდველი საბოლოო თანხას ეტაპობრივად იხდის. ანუ 2021 წელს იხდის აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასის მხოლოდ იმ ნაწილს, რაც პირობაშია მითითებული.

მაგალითად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონი, რომელიც ქობულეთში, ზღვისპირას მდებარე 28 ჰექტარი მიწის პირობებით გაყიდვას ითვალისწინებს. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 48 მილიონი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 480 ათასი ლარი.

ეს ნაკვეთი აუქციონზე ერთი ბიჯით რომ გაიყიდოს, აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე მყიდველმა არანაკლებ 9 მილიონ 120 ათასი ლარი უნდა შეიტანოს ბე-ს გამოკლებით [რომელიც 12 მილიონი ლარია], ბე-ს ჩათვლით კი, წელს ბიუჯეტში 21 მილიონ 120 ათასი ლარი შევა. დარჩენილი საპრივატიზებო საფასური მყიდველმა 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს.

ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცებამდე დღეს უმაღლეს საბჭოში სხდომაზე იმყოფებოდა ბობოყვათის რამდენიმე მცხოვრები. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ თუკი ამ მიწებზე გამოცხადებულ აუქციონს ხელისუფლება არ შეწყვეტს, ისინი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

[red_box]აჭარის მთავრობის ინფორმაციით:[/red_box]

ბიუჯეტის შემოსავლები ფაქტიური და მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით 2021 წლის დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 4 596,2 ათასი ლარით.

იზრდება სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 4,5 მილიონი ლარით. კერძოდ, დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტებიდან მისაღები შემოსავლები – 1,7 მილიონით, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებული შემოსავლები  – 1 მილიონით, შემოსავალი შენობებისა და ნაგებობების იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან – 390 ათასი ლარით, ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული – 1,5 მილიონი ლარით.

ცვლილების მიხედვით, მცირდება შემოსულობები 133 ათასი ლარით, კერძოდ, სხვა შემოსავლების ნაწილში შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან.

იზრდება ფინანსური აქტივების კლებაც (ანუ ნაშთის გამოყენება) 19,2 მილიონი ლარით.

მთავრობის ინფორმაციით, „რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების ცვლილება გამოწვეულია ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელი ახალი და მოქმედი პროექტების მოცულობის ცვლილებით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე დამატებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფინანსური დახმარების მოცულობის ზრდის, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოშობილი ეკონომიებისა და სხვადასხვა გარემოებებით.“

[red_box]მცირდება:[/red_box]

[crosslist]

  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება – 705,1 ათასი ლარით [მათ შორის: რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი – 118,3 ათასი ლარი, სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – 120,0 ათასი ლარი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია – 353,0 ათასი ლარი];
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება – 1 045,9 ათასი ლარით [მათ შორის განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა – 187,0 ათასი ლარი, ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის  – 412,0 ათასი ლარი, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი – 185,3 ათასი ლარი];
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო1 355,6 ათასი ლარით [მათ შორის ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება, რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და საკარანტინე სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა – 355,6 ათასი ლარი, სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფა – 1 000,0 ათასი ლარი];
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 66,7 ათასი ლარით;
  • საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები – 268,1 ათასი ლარით [მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) მიღებული სესხის მომსახურების ხარჯები].

[/crosslist]

იზრდება:

[checklist]

  • აჭარის ფინანსთა და ეკონ­ომიკის სამინისტროს დაფინანსება  – 16 მილიონი ლარით
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება – 10,8 მილიონი ლარით
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება – 1,5 მილიონი ლარით
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება – 4 მილიონი ლარით
  • საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება იზრდება – 56,6 მილიონი ლარით

[/checklist]

 

[toggle title=”თუ რას მოხმარდება დამატებითი თანხები დეტალურად ნახეთ აქ:“]

აჭარის ფინანსთა და ეკონ­ომიკის სამინისტრო:

  • 3 600,0 ათასი ლარით – იზრდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება გომარდულის სარეკრეაციო ზონაში საბაგირო ხაზის მშენებლობისა და ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო  ზონაში ზიპლაინის მშენებლობისთვის;
  • 700,0 ათასი ლარით – ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის, მიმდებარე სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის  ელექტრომომარაგების,  ეთნოსოფელის ფარგლებში ახალი პროექტი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩხუტუნეთში საზოგადოებრივი ცენტრის (კულტურის სახლის) მშენებლობისთვის (მეორე რიგის სამშენებლო სამუშაო) და შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
  • 2 366,2 ათასი ლარით – ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობაზე ბულვარის ტერიტორიაზე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების შესყიდვის, ასევე ბულვარის სანაპირო ზოლზე საზღვაო სამაშველო სამეთვალყურეო შენობის (კოშკურა) მოწყობის სამუშაოების, მუსიკალური შადრევნებისათვის წყლის ხარჯის დავალიანების დაფარვის მიზნით;
  • 4 489,6 ათასი ლარით – გზების რეაბილიტაცია;
  • 2 950,0 ათასი ლარით – ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
  • 1 285,0 ათასი ლარით – საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:

  • 3 548,0 ათასი ლარით – იზრდება ქვეპროგრამა „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ სამშენებლო სამუშაოების ანაზღაურების მიზნით;
  • 2 100,0 ათასი ლარით – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • 150,0 ათასი ლარით – საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება;
  • 250,0 ათასი ლარით – გაძლიერებული (მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა;
  • 580,0 ათასი ლარით – ა(ა)იპ „ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა“;
  • 402,5 ათასი ლარით – სტუდენტთა დახმარებისათვის;
  • 200,0 ათასი ლარით – კულტურის თანამედროვე მიმართულებების განვითარების ხელშეწყობისათვის;
  • 415,0 ათასი ლარით – კულტურის ღონისძიებების ორგანიზებისათვის;
  • 310,6 ათასი ლარით – კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარებაზე;
  • 300,0 ათასი ლარით – კინომუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისათვის;
  • 725,0 ათასი ლარით – სპორტული ღონისძიებებისათვის;
  • 180,0 ათასი ლარით – აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მთავარ და პირად მწვრთნელთა მიერ მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოებისათვის;
  • 200,0 ათასი ლარით – მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა სოციალური მხარდაჭერა და წახალისება;
  • 125,0 ათასი ლარით – იზრდება სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ქვეპროგრამა გართობა და შემეცნება
  • 228,5 ათასი ლარით – განათლების და კულტურის ზოგიერთი ორგანიზაციის შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

  • 821,6 ათასი ლარით – იზრდება სამედიცინო და სოციალური პროგრამები;
  • 486,0 ათასი ლარით – იზრდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა;
  • 136,0 ათასი ლარით – ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის: ემერჯენსის (c ბლოკი) მისასვლელი პანდუსის მოწყობა; საოპერაციოების, რეანიმაციული ამბულატორიული ნაწილის რეკონსტრუქცია და რემონტი; ტერიტორიის ატმოსფერული გადაძაბვისგან დაცვა და ტექნოლოგირი დამიწების მოწყობა; საკანალიზაციო გადამტუმბი დროებითი ჭის მოწყობა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

  • 1 500,0 ათასი ლარით – ემატება ახალი ქვეპროგრამა „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ მოტოკულტივატორების შესყიდვისათვის;
  • 1 500,0 ათასი ლარით – სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა;
  • 500,0 ათასი ლარით – ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • 300,0 ათასი ლარით – სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება:

  • 51 255,1 ათასი ლარით – იზრდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარება;
  • 3 327,0 ათასი ლარით – იზრდება შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დაფინანსება;
  • 1 622,2 ათასი ლარით – იზრდება შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დაფინანსება;
  • 260,9 ათასი ლარით – იზრდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) და კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისათვის (KfW) მიღებული სესხების დაბრუნების ხარჯები;
  • 160,2 ათასი ლარით – პროექტის „ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური რისკების რაოდენობრივი განსაზღვრა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის ხელშეწყობა“ დაფინანსება.

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

 

 

ქართველი მუსლიმები: უნდა დასრულდეს ჩვენი საფრთხედ მიჩნევა და დისკრიმინაცია

„მე ვკითხულობ ყურანს და ვარ ქართველი“, „მე ვატარებ ჰიჯაბს და ვარ ქართველი“ – ამ ფრაზების გამეორება ხშირად უწევთ ქართველ მუსლიმებს. ეს ფრაზები გაიმეორეს „სოლიდარობის თემის“ წევრებმა მოცეკვავე თეა დარჩიას საპასუხოდ. მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ აჭარელ მუსლიმებში, რომლებიც ყურანს კითხულობენ, „აღარაფერი ქართული აღარ დარჩა“.

ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ მათი დისკრიმინაცია და საფრთხედ მიჩნევა უნდა დასრულდეს და აღარ უნდა უწევდეთ იმის მტკიცება, რომ ისინიც ქართველები, ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალქეები არიან.

ჰურიე აბაშიძე „სოლიდარობის თემის“ ერთ-ერთი აქტივისტი მიიჩნევს, რომ სტიგმა, რომელიც ქართველი მუსლიმების მიმართ არსებობს, ძალას კარგავს ახალ თაობაში. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ამ ნარატივით იკვებება.

„ჩვენ ცვლილებებს ვხედავთ ახალგაზრდებში. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა სავალალო მდგომარეობაში გვაქვს, ნელა, მაგრამ მაინც ცვლის ღირებულებებს.

თუმცა უფროსი თაობის დიდი ნაწილში ისევ მყარად არის გამჯდარი სტერეოტიპები. ისტორიას მოიშველიებენ ხოლმე მიზეზად და ეს ისტორიაც ხომ განათლებაა. ამიტომ ვფიქრობ, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ძირეული ცვლილებები“, – ამბობს ჰურიე.

მისი აზრით, ღრმად გამჯდარი წარმოდგენებია იმის მიზეზი, რომ ადამიანები დაუფიქრებლად, გადაუმოწმებელ, მცდარ წარმოდგენებზე აგებული შეხედულებებით სტკენენ სხვა ადამიანებს გულს.

„მხოლოდ საკუთარი თავი ჰგონიათ მნიშვნელოვანი. თუ მე მართლმადიდებელი ვარ, ესე იგი, ყველაფრის უფლება მაქვს – ამ განწყობით არიან და თავს უფლებას აძლევენ ღიად მიაყენონ სხვა თანამოქალაქეებს შეურაცხყოფა.

რამდენჯერაც გავუღიმეთ მათ, თავი დავხარეთ, უფრო მეტად მოგვიხსენიეს უარყოფით კონტექსტში. ამიტომ რეაქცია აუცილებელია, მაგრამ არა აგრესიული, არამედ ჯანსაღი კრიტიკა“, – ამბობს ჰურიე აბაშიძე.

ჰურიეს თქმით, სტიგმებით და ცრურწმენებით, რომ ქართველი ვერ იქნება მუსლიმი ან სხვა რელიგიის აღმსარებელი, გარდა მართლმადიდებლისა, გაჯერებულია საგანმანათლებლო სივრცე.

„სახელმძღვანელოებში ისლამი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც მტრის რელიგია. თუ ტექსტში არ დავწერთ, რომ თემურლენგი იყო პრობლემა ან აღა-მაჰმად ხანი, რომელიც იპყრობდა საქართველოს და დავწერთ ისლამისტები იყვნენ ქვეყნის დამპყრობლემი და მტრები, ბუნებრივია, ეს გააძლიერებს მუსლიმების მიმართ სტიგმას“, – ამბობს ჰურიე. მისი თქმით, ცალკე პრობლემაა სკოლის მასწავლებლების ლექსიკა და ამაზეც უნდა მიდიოდეს მუშაობა, რომ სწორად მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია.

ჰურიე ასევე საუბრობს პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირების პასუხისმგებლობაზეც.

მისი თქმით, ამის კარგი მაგალითი იყო ბუკნარის მოვლენები, სადაც პარლამენტის წევრმა თქვა მსგავსი რამ, რომ „ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი“. „აი, აქამდეც მივდივართ ხშირად, როცა პარლამენტარიც კი ვერ მიჯნავს რელიგიას და ეთნოსს“, – ამბობს ჰურიე.

ზაზა მიქელაძე, ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც ამავე დროს „სოლიდარობის თემის“ აქტივისტიცაა, მიიჩნევს, რომ სტანდარტები, რომლითაც დღემდე ქართველობა განისაზღვრება, იმ პრობლემებიდან მოდის, რომლებიც ძალიან ღრმა და კომპლექსურია.

„ეს განსაზღვრება არა მარტო ქართველ მუსლიმებს არ მოიაზრებს ქართველებად, არამედ ყველას, ვინც არ არის მართლმადიდებელი. საუბარია სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაფუძნებულ ქართველობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი, აკადემიური სივრცის მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილი ხმამაღლა საუბრობს ამ პრობლემაზე, ქართველების მუსლიმობის თემა დღის წესრიგში მაინც დგას“.

ზაზა მიქელაძე იზიარებს იმ აზრს, რომ სტერეოტიპებს განათლების სისტემა უწყობს ხელს, რადგან მთლიანად გამორიცხავს ინკლუზიური და მრავალფეროვანი საზოგადოების წარმოჩენას ისტორიულ კონტექსტში.

„მუსლიმებისგან მუდმივად იქმნება მტრის ხატი და ეს უფრო მეტად უწყობს ხელს გაუცხოებას ქართველი მუსლიმების მიმართ. „თქვენ მტრის რელიგიაზე ხართ“, „გაყიდეთ რწმენა“, – ეს ერთი და მეორე: „უნდა დაუბრუნდეთ წინაპრების რელიგიას“, – ეს დამოკიდებულებაა.

ამას ხელს უწყობს საჯარო პირების განცხადებები, რომლებიც ასევე სიძულვილის ენას შეიცავს, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დგას მსგავსი თემები, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისა და ცალკეული მედიასაშუალებების.

ჩვენ ვხედავთ ძალიან მძაფრ პრორუსულ კამპანიას, რომელიც ქვეყანაშია, ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა ამის ერთ-ერთი მაგალითია და ფალავანდიშვილის სირბილი ქუჩებში, რომელიც სისხლის სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება ყოველდღე. მათი ანტიდასავლური განწყობების დატოვება რეაქციის გარეშე არის დანაშაულის წახალისება ხელისუფლების მხრიდან. ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ადამიანების თუ დაჯგუფებების ადვოკატირება ახდენს საზოგადოებაზე ზეგავლენას“, – ამბობს ზაზა მიქელაძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არა მარტო ქართველი მუსლიმების, ზოგადად ადამიანების უფლებები დგას საფრთხის წინაშე:

„ამაზე მეტყველებს თუნდაც ირაკლი კობახიძის განცხადება თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ის, ვინც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებას და ფეხქვეშ თელავს გამოხატვის თავისუფლებას, დემონსტრაციის უფლებას, ადამიანის უფლებებს და იცავს იმ ხალხის უფლებას, რომლებიც კომბლებით დადიან ქუჩაში. სწორედ ამაზე თვალის გასწორებით შევძლებთ გვქონდეს ჯანსაღი სახელმწიფოებრივი პოზიცია“.

„სოლიდარობის თემის“ კიდევ ერთ აქტივისტს, ლია დეკანაძესაც ესაუბრა „ბათუმელები“, რომელიც ამბობს, რომ შხამი, რომელიც საზოგადოებას წამლავს, ეთნონაციონალიზმია.

„სანამ ინტოქსიკაცია თავს იჩენს, მანამდე უნდა ვუწამლოთ ხოლმე, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ძალიან გამჯდარია ეს შხამი“, – გვეუბნება ლია.

მისი აზრით, შესაძლოა მუსლიმების მიმართ შიში პატარა ქვეყნის კომპლექსის იყოს, რომელიც გეოპოლიტიკურ საფრთხეებს უკავშირდებოდეს. „ხშირად გვსმენია, რომ ქართველი მუსლიმები თურქეთის ინტერესებს აძლიერებენ რეგიონში. თუმცა ამის კონკრეტული მაგალითი ვერასდროს ვერ მოჰყავთ, თუ რაში გამოიხატება თურქეთის გაძლიერება. „ნატოს“ წევრი რომ ვიყოთ, შესაძლოა ეს შიში შესუსტდეს, რადგან თურქეთიც „ნატოს წევრია“. თუმცა არ ვიცი, ესეც უშველის თუ არა ამ ნაციონალისტურ განწყობებს“, – ამბობს ლია დეკანაძე.

ის ამბობს, რომ მუდმივად თავის მართლების პოზიცია მომაბეზრებელია: „ვამბობ, რომ საკმარისია!“, რადგან ძალიან შემაწუხებელიაა იმის მტკიცება, რომ ქართველი ხარ. თუმცა შემდეგ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურ დონეზე, პირადი მაგალითით, იქნება შესაძლებელია რაიმეს შეცვლა.“

მისი თქმით, მტკივნეულია ადამიანების განწყობა, როცა სოციალურ ქსელებში მეჩეთებზე წერენ, რომ „დაინგრეს“, „დალპეს“.

„წერენ, უნდა წაიშალოს ყველა კვალი, რაც ისლამთან არის კავშირში. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მეჩეთები ამ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა, ძეგლებზეა საუბარი, რომელიც მართლა ინგრევა და ნადგურდება. არ აქვთ განცდა, რომ ეს მათია. მაშინვე ტაო-კლარჯეთი მოჰყავთ ხოლმე საპირწონედ. იქ ხომ ინგრევა, აქაც უნდა განადგურდეს. თუმცა იმ ფაქტს ვერ ვხსნი, რომ თურქეთში მცხოვრები ქართელების მიმართ არ აქვთ ასეთი სიძულვილი, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები არიან, ჩვენ მიმართ კი აქვთ“, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

თორნიკე აბულაძეც „სოლიდარობის თემის“ წევრია. ის ილიას უნივერსიტეტში სოციოლოგიაზე სწავლობს. თორნიკე არ არის მუსლიმი, თუმცა მიიჩნევს, რომ ქართველი მუსლიმების მხარდაჭერა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე არ ვარ მუსლიმი, თუმცა ჩემი ოჯახი მულტირელიგიურია. მყავს  მუსლიმი მეგობრებიც და ვხედავ, როგორ დისკრიმინაციას განიცდიან ისინი აღმსარებლობის გამო. უნივერსიტეტშიც ყოფილა შემთხვევები, როცა კურსელები ამბობდნენ, რომ „მუსლიმი არ არის ქართველი“ და ამის გამო პოლემიკა გამართულა.

ვფიქრობ, ამ საკითხში მნიშვნელოვანია საპატრიარქოს გავლენა, რადგან ისინი საუბრობენ ხოლმე მუსლიმების მიმართ ასეთი განწყობით და თუ მათი პოზიციები შეიცვლება, საზოგადოებაც გადახედავს თავის შეხედულებებს“, – ამბობს თორნიკე.

მისი აზრით, საპატრიარქო, ასევე სხვადასხვა რადიკალური ჯგუფი სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართაც საუბრობენ სიძულვილის ენით, „თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ქართველი მუსლიმები ხდებიან ამ აგრესიის სამიზნე“.

_______________

მსგავს თემაზე:

„ძალიან გვწყინს, როცა წერენ, „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“ – სიძულვილის კამპანია FB-ში

16 წლის ბათუმელი მოჯირითე საცხენოსნო კლუბიდან

ავტორი: ანა მალაყმაძე

16 წლის გოგა ხმალაძე ბათუმის საცხენოსნო კლუბის წევრია. ეს წელი გოგასთვის წარმატებულია – 26 მაისს სამტრედიაში გამართულ დოღში გაიმარჯვა, აპრილში კი თბილისში, ლისის ტბაზე გამართულ საქართველოს თასზე გოგა დაბრკოლებების გადალახვაში გახდა გამარჯვებული.

ბათუმელ მოჯირითეს აეროპორტის გზატკეცილზე, საცხენოსნო კლუბში შევხვდით, სადაც გოგა სკოლის მოსწავლეებს ასეირნებდა ცხენით, კლუბის სხვა წევრებთან ერთად, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.

გოგამ ცხენზე ჯდომა სოფელ ბეღლეთში, 6 წლის ასაკში ისწავლა. ბათუმში რომ ჩამოვიდა, საცხენოსნო კლუბს  ეწვია, რადგან ცხენოსნობა მისი ჰობი იყო.

„2019 წლის 15 სექტემბერს მოვედი პირველად საცხენოსნო კლუბში. სკოლა იწყებოდა და მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვაპირებდი ჯირითის სწავლას,“ – ამბობს გოგა. იგი ახლა სერიოზულად უდგება ამ საქმიანობას:

„ყოველ დღე, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე აქ ვარ, 30-40 წუთი ვავარჯიშებთ თითოეულ ცხენს.

პანდემია, გარკვეულწილად, ძალიან დამეხმარა, რადგან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და მეტი თავისუფალი დრო დამრჩა აქ გასატარებლად,“- გვიამბობს გოგა და დასძენს, რომ პანდემიამდე სკოლის შემდეგ ახერხებდა მისვლას მხოლოდ რამდენიმე საათით.

გოგას თქმით, ზოგმა არც კი იცის ბათუმში საცხენოსნო კლუბის არსებობის შესახებ.

ხალხს არ უყვარს ცხენები, ეშინიათ და ერიდებიანო – გვეუბნება გოგა და მოედანზე მოსეირნე ცხენებს გაჰყურებს.

გოგა ხმალაძე

გოგა ამბობს, რომ სამომავლო გეგმები უკვე დასახული აქვს და მათ სისრულეში მოყვანაზე მუშაობს თავის ტრენერთან, გიორგი ძინძიბაძესთან ერთად.

„ჩემი პროფესიაა უკვე ცხენოსნობა, ცხენებს რაც უკავშირდება, ყველაფერი მაინტერესებს. ისინი ყველაზე მეგობრული, სანდო და მოსიყვარულე ცხოველები არიან. მათთან ურთიერთობა ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის“, – ამბობს გოგა.

რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი მხედარი? – ვეკითხები გოგას.

ცოტა ხანს ფიქრობს და მერე მპასუხობს:

„მოთმინების უნარი და გამბედაობა არის ის ორი მთავარი რამ, რასაც კარგი ცხენოსანი უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია მონდომება და ცხენებთან მეგობრობა, უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს ისინი…

ყველა ცხენს თავისებური მიდგომა სჭირდება, ჯერ მისი ხასიათი უნდა შეისწავლო და ამის შემდეგ შეიძლება გეგმების დაწყობა, ნაბიჯების გადადგმა.“

ცხენოსნობა ექსტრემალური სპორტია,  ამ სპორტით დაკავებულებს ხშირად აქვთ სხვადასხვა ტრავმა, მოტეხილობა, ნაღრძობი ხელი ან ფეხი.

„6 წლის ასაკში მივიღე მძიმე ტრავმა, სოფელში. იქ არ მყავდა გამოცდილი ტრენერები. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ცხენიდან გადმოვარდი და ხელი ვიღრძე,“- ამბობს გოგა და დასძენს, რომ გამოცდილებაც კი ვერ აზღვევს ცხენოსნებს ტრავმებისგან.

წელს, აპრილში,  თბილისში გამართულმა შეჯიბრებამ დიდი წარმატება მოუტანა ბათუმის საცხენოსნო კლუბს. გოგა ამბობს, რომ ამისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა:

„ველოდი კიდეც გამარჯვებას, რადგან ჩემი ცხენი მრავალგზის ჩემპიონია, ტრენერი გიორგი ძინძიბაძე იღებდა ამ ცხენით შეჯიბრებებში მონაწილეობას და კარგად არის გაწვრთნილი. ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდით და შედეგიც მივიღეთ“.

გოგა გეგმავს საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებებშიც მიიღოს მონაწილეობა და იმედოვნებს, ბათუმშიც გახდება შესაძლებელი დოღის გამართვა.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ – მოქალაქე უმაღლეს საბჭოს

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს ბობოყვათში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით.

დეპუტატების განცხადებით, თუ ბიუჯეტში ცვლილება შევა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს ბობოყვათში მიწის გაყიდვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, მიწა, რომელზეც ბობოყვათში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი კერძო საკუთრებაა, 2008 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაშია რეგისტრირებული.

სხდომაზე იმყოფება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია საკითხით მანიპულირებას ცდილობს და სხდომის მონაწილეებს მიწის საკუთრების რეგისტრაციის სამართლებრივ მხარეზე ესაუბრება. მისი თქმით, ამ დრომდე ამ მიწების საკუთრებაში აღიარებასთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი.

უმაღლეს საბჭოში სხდომაზე იმყოფება ბობოყვათის რამდენიმე მცხოვრები, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ თუკი ამ მიწებს, ჯამში, 28 ჰექტარს ხელისუფლება აუქციონზე გაიტანს, ისინი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

„ოქტომბერში ჩვენ მთელი სოფელი ბოიკოტს გამოვუცხადებთ არჩევნებს, მონაწილეობას არ მივიღებთ და ქობულეთიდან დაიწყება სამართლიანობის აღდგენა. თავი შეიკავეთ, ამ მიწების გასხვისებისგან.

ნუ გვიგზავნით ზონდერპოლიციელებს, ნუ მაკარგვინებთ ქონებას. სისასტიკე გამოიჩინა პოლიციამ გუშინ აქციაზე ჩვენ მიმართ, გლეხი ხალხის საქმე გულთან მიიტანეთ“, – თქვა მოქალაქემ.

მან რამდენჯერმე ჰკითხა მინისტრს – აპირებს თუ არა აუქციონის შეჩერებას? რაზეც ვერ მიიღო პირდაპირი პასუხი. „თუ აუქციონს ჩაატარებთ, ჩვენ მაშინ ჩვენს საქმეს მივხედავთ, ელჩებსაც ჩავრთავთ საქმეში და თქვენ მოგიწევთ უკან დახევა. 10 ათასი განაცხადია ქობულეთის მერიაში საკუთრების აღიარებაზე, ყველა მათგანი მიკავშირდება და ხვდებით ალბათ რა იქნება“, – განაცხადა მოქალაქემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სანამ ხელისუფლება მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად უნდა შეხვდეს ბობოყვათის მოსახლეობას. „სხვა შემთხვევაში, ეს პრობლემა გადაიქცევა ისეთ პრობლემად, რაც გვქონდა გონიოში“, – აცხადებს ოპოზიცია.

აჭარის მთავრობა ბობოყვათში 28 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპირებს აუქციონის წესით, შემდგომი ინვესტიციის განხორციელების პირობით. მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამ ფაქტს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს მიწები მათი ისტორიული საკუთრებაა. მათ პროტესტის ნიშნად რკინიგზაც კი გადაკეტეს, პოლიციამ 4 პირი დააკავა.

ბათუმში აქციაზე დაკავებულ ერთ პირს კოვიდი დაუდასტურდა

20 ივნისს ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებულ 7 პირთაგან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დღეს, 21 ივნისს, უთხრეს „ბათუმელებს“ დაკავებულის ახლობლებმა. მათი თქმით, დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

აქცია გუშინ ბათუმში ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა გამართეს. აქციაზე 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ქობულეთში, ბონდო თედორაძე.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ბათუმში დღეს გაიმართება.

______________

ბრალდებული ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სწორედ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით.

14 აპრილს დაკავებულები ამტკიცებენ, რომ მათ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

______________

ფოტოზე: აქცია ბათუმში, 20 ივნისი, 2021 წ. 

აჭარაში წელს 1000 მოტობლოკს შეისყიდიან ფერმერებისთვის

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებს ემატება ქვეპროგრამა მოტოკულტივატორების [მოტობლოკების] შესყიდვისთვის. ქვეპროგრამა 1 500 000 ლარით დაფინანსდება და მინიმუმ 1 000 მოტობლოკის შესყიდვაზეა გათვლილი. ბიუჯეტში ცვლილებებს აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს, 21 ივნისს, უყრის კენჭს.

„ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არანაკლებ – 1 000 ერთეული მოტოკულტივატორის შესყიდვა, შესყიდული საქონელი ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა, ფერმერებისა და აგრომეწარმეების მხრიდან, ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის პირობით,“ – აღნიშნულია ქვეპროგრამაში.

ქვეპროგრამის ფარგლებში მოტობლოკების შეძენის მსურველებს მოუწევთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადების წარდგენა. განაცხადებს კი, სპეციალური კომისია შეისწავლის.

განაცხადების მიღების თარიღს სამინისტრო გამოაცხადებს.

წელს 2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს პროექტით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ადამიანი ითხოვდა მცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მოტობლოკების დაფინანსება პრიორიტეტად არ მიიჩნია [როგორც სამინისტროში გვითხრეს, ვინც მოტობლოკს ითხოვდა, განაცხადის ხელახლა წარდგენა მოუწევს].

„ჩვენ რომ დაგვეწყო მოტობლოკების დაფინანსება, გაცილებით ნაკლებ პროექტს დავაფინანსებდით და ეს იმ პირობებში, როცა აჭარაში უფასოდ ვხნავთ მიწის ნაკვეთებს. მოტობლოკებზე შემოსული განცხადების დაფინანსება პრიორიტეტად არ ჩაითვალა, თუმცა რაც წელს დაფინანსდა, მაგალითად, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურა და კენკროვანი კულტურა, მომავალ წელს ამ კულტურებს აღარ დავაფინანსებთ და დავაფინანსებთ ან სათბურებს, ან მოტობლოკებს და შესაწამლ აპარატებს, კიდევ სხვა მიმართულებებს, რაც წელს არ დავაფინანსეთ: ვაზი, თხილის სარჩევი, ღვინის მარნები“, – განაცხადა მაშინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ არ დააფინანსა მოტობლოკები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ინტერვიუ 

ტურიზმის ფორუმი ბათუმში და ახალი ტურისტული მარშრუტი SUNRISE-ის ფარგლებში

18 ივნისს, ბათუმში (სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზში) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“.

კონფერენციის ორგანიზატორი – IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).

საერთაშორისო კონფერენცია - „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“
საერთაშორისო კონფერენცია – „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“

ტურიზმის ფორუმის ძირადი თემატიკა ორიენტირებული იყო აჭარის რეგიონში ეკოტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე – არსებული პოტენციალის და პერსპექტივების შეფასებაზე. ასევე გაანალიზებული იქნა ის ძირთადი გამოწვევები და პრობლემები რის წინაშეც დგას ტურიზმის სექტორი COVID19 პანდემიიდან გამომდინარე და წარმოდგენილი იქნა როგორც სახელმწიფო სექტორის, ისე ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლების ხედვები და რეკომენდაციები პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარების და პრომოუშენის შესახებ.

ტურიზმის ფორუმზე მოწვეული იყო როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის – GNTA (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ტურიზმის ასოციაციები (საქართველოს ტურიზმის ასოცოცია, ეკოტურიზმის, გურიის ტურიზმის ასოციაცია და ა.შ.), ტურისტული კომპანიები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე პროექტის პარტნიორები – რუმინეთიდან, მოლდოვეთიდან, ბულგარეთიდან.

საერთაშორისო კონფერენცია - „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“
ინფოტური კონფერენცია – „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“ ფარგლებში.

19 ივნისს, კი ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა ახალი ტურისტული მარშრუტის  „ისტორიული კლარჯეთი“ ინფო ტურის ფარგლებში რამდენიმე ტურისტული ლოკაცია მოინახულეს. აღნიშნული ტურ-პროდუქტის მომზადებაში ჩართული იყვნენ – TIFA-ს (აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია) წარმომადგნებლები (მალხაზ მალაყმაძე და აკაკი ბერიძე). ტურის მარშრუტი მოიცავდა რამდენიმე ახალ და უკვე არსებულ ტურისტულ ლოკაციებს – მარადიდი, კირნათი, გვარას ციხე, ცხემლნარა, ჩხუტუნეთი და ა.შ.

ინფოტური კონფერენცია - „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“ ფარგლებში
ინფოტური კონფერენცია – „სათავგადასავლო / სპორტული ტურიზმის რეგიონალური  შესაძლებლობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“ ფარგლებში.

აღნიშნული მარშრუტი სამომავლოდ წარმოდგენილი იქნება როგორც სამდღიანი ისე ერთი და ორდღიანი ტურების სახით. ასევე დაემატება რამდენიმე ლოკაცია და სხვადასხვა  ტურისტული აქტივობა ტურიზმის ფორუმი/კონფერენცია და ინფო-ტური ჩატარდა ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) მიერ – საერთაშორისო პროექტის „SUNRISE“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (ENPI) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითი. ეს არის რეგიონალური პროექტი, (2020-2021 წწ.-ის პერიოდში) 4 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვეთი. საქართველოს მხრიდან პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია – „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC).

SUNRISE პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს – ახალი ტურისტული პროდუქტების ფორმირებას, საერთაშორისო ტურისტული ფორუმების და ფესტივალების ორგანიზებას, მონაწილეთა შორის გამოცდილების და იდეების გაცვლას და წარმატებული პრაქტიკული შედეგების გაზიარებას, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის და ტურიზმის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობისთვის. პროექტის ვებ-გვერდი – www.sunriseblacksea.eu

საკონტაქტო ინფორმაცია – 599-482181,  ელ.ფოსტა – ibdipc@gmail.com


ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული  მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

კოლეჯი „გოლდენ სიი“ აგრძელებს სტუდენტების მიღებას უფასო სასწავლო პროგრამებზე

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ „მეტრო“ ჰოლდინგთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სასასტუმროს საქმისმწარმობელი-(ვაიზერი მენეჯერი)
  • სასტუმროს ადმინისტრატორი(რესეფშენისტი)
  • სარესტორნო საქმე (ვაიზერი-მენეჯერი)

[crosslist]

  • მიიღებიან: 17დან – 27 წლამდე ახალგაზრდები

[/crosslist]

კოლეჯში სტუდენტები უგამოცდოდ, გასაუბრებით ჩაირიცხებიან. შერჩეული ნაკადი სასწავლო პრაქტიკას გაივლის ჰოლდინგ „მეტროს“ მფლობელობაში არსებულ შემდეგ ბრენდებში: Sky tower, Legend, Euphoria, Intourist.

სწავლება 4 თვის განმავლობაში დუალურ რეჟიმში წარიმართება, რაც თეორიულ მეცადინეობასთან ერთად დასაქმების ადგილზე სამუშაო პრაქტიკას გულისხმობს. ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, გარდა უშუალოდ პროფესიისა, სტუდენტები ასევე შეისწავლიან ინგლისურ ენასა და ივრითს ( ებრაული).

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. საუკეთესოები ადგილზე დასაქმდებიან.


საბუთები მიიღება 2021 წლის 21 ივნისიდან 7 დღის განმავლობაში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49.

გასაუბრება ჩატარდება 23-24 ივნისს.

შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც. გამოაგზავნეთ საბუთები ელფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

 დაგვიკავშირდით: 577 190 653 ან ‭591 718 142

www. goldensea.ge

Exit mobile version