მთავარი,სიახლეები

როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?

21.06.2021 • 1698
როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?

„პოლიცია ჩაერია შეკრების უფლებაში, მას ჰქონდა ვალდებულება, განემარტა, რატომ არ მიეცათ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება, თუ ასეთი შეზღუდვის საფუძველი არსებობდა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე 20 ივნისს ბათუმში მომხდარ ამბავზე – პოლიციელებმა განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს, 7 მონაწილე დააკავეს და მხოლოდ ეს თქვეს: „აქ კარავს ვერ გაშლით“.

პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა დუმილით უპასუხეს კითხვას: რატომ არ აქვთ ადამიანებს პროტესტის ნიშნად კარვის გაშლის უფლება?

20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ძმების: წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები. აქციის მონაწილეები ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, რადგან ბრალდებულები ენმ-ს აქციებში მონაწილეობდნენ. საუბარია ასევე ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნაზეც, რასაც ერთ-ერთი ბრალდებულის, ფირუზ წულუკიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მამა  სთავაზობდა მათ.

ადმინისტრაციული წესით გუშინდელ აქციაზე დაკავებულები დღეს, 21 ივნისს, ხელწერილით გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი 25 ივნისს გაიმართება.

სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთს კორონავირუსი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს დაუდასტურდა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულს იზოლატორში მოთავსების დროს სწრაფი ტესტის გარდა PCR ტესტიც ჩაუტარეს, რადგან მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ტესტის დადებითი პასუხი იზოლატორში დღეს მიიღეს.

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, სასამართლო ფოიეში მიყვანილი დაკავებულები ხელბორკილებით ისევ პოლიციის მესამე განყოფილებაში მიაბრუნეს – მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ დროისთვის სხდომათა დარბაზში უკვე ჩატარებული ჰქონდა ერთ-ერთი დაკავებულის, ბონდო თედორაძის სასამართლო პროცესი.

„ჩემმა ადვოკატმა ვერ მოახერხა საქმის მასალების გაცნობა, ამიტომაც ვითხოვეთ პროცესის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა,“ – გვითხრა ბონდო თედორაძემ.

დისტანციურ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ უმჯობესია უშუალო კონტაქტი შედგეს მხარეებს შორის, თავადაც შეხვდეს დაკავებულებს, PCR ტესტის შედეგები ცნობილი გახდეს და შემდეგ გაიმართოს სასამართლო სხდომა. მოთხოვნას მოსამართლეც დასთანხმდა.

„მანამდე იქნებ მტკიცებულებები წარმოადგინოთ ორივე მხარემ და ერთმანეთს გაუცვალოთ,“ – თქვა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

რა უნდა დაადგინოს მოსამართლემ, როცა სხვადასხვა მედიის პირდაპირ ეთერში ვნახეთ ფაქტი: როგორ არ მისცეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება და ისიც ისე, რომ სამართალდამცველებმა არაფერი განმარტეს?

„შესაძლოა შეკრების უფლებაში პოლიცია ჩაერიოს, მაგრამ უნდა არსებობდეს შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პაატა დიასამიძე.

იგი განმარტავს კანონის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქცია და კარვის გაშლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირებას ახდენს და თანამშრომლებს გადაადგილების საშუალება ეზღუდებათ, ასევე, როცა გზის სავალი ნაწილი იკეტება. იურისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ შემთხვევაშიც მოქალაქეებს უარი ვერ უნდა უთხრან კარვის გაშლაზე.

„ამ დროს საჭიროა 5 დღით ადრე გააფრთხილო მუნიციპალური ორგანოები, რომ მათ მიიღონ სათანადო ზომები, მაგალითად, მოინახოს ალტერნატიული შესასვლელი. კანონი ამ დროს ითვალისწინებს ასევე 20- მეტრიანი რადიუსის დაცვას.

ესეც ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ირგვლივ 20 მეტრის რადიუსში არ შეიძლებოდეს შეკრება ან კარვის გაშლა. სამართალდამცველებმა უნდა განსაზღვრონ, რა მანძილით დისტანციაა საჭირო რეალურად იმისთვის, რომ შეკრებამ ან კარვებმა ადმინისტრაციული ორგანოს შენობის ბლოკირება არ გამოიწვიოს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ იურისტმა პაატა დიასამიძემ.

ამ თემაზე საუბრის დროს საია-ს იურისტს ახსენდება შემთხვევა, როცა პარტიზან მებაღეებს თბილისში 2019 წელს თბილისის მერიამ აქციაზე 20-მეტრიანი რადიუსის დაცვა მოსთხოვა, სასამართლომ კი დაადგინა, რომ ამ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა.

პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებს გუშინდელ აქციაზე ჯერ უნდა გაერკვიათ, სად სურდათ კარვების გაშლა აქციის მონაწილეებს.

„მათ ჰქონდათ განმარტების ვალდებულება. თუ სკვერში გამართავდნენ კარავს, რაც ხელს ვერ შეუშლის ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონირებაში, ამას გაფრთხილებაც არ სჭირდება და ამის უფლება, რა თქმა უნდა, ჰქონდათ,“ – დასძინა იურისტმა პაატა დიასამიძემ.

როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან, ვინ დაადგენს თავად პოლიციელის მოთხოვნა კანონიერი იყო თუ არა?

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი დადასტურდება, რომ მათ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლების რეალიზებაზე უთხრეს უარი?

„მოსამართლეა ვალდებული შეაფასოს და შეამოწმოს კონსტიტუციური უფლების დაცვის ჩარჩოები, რამდენად კანონიერი იყო პოლიციების მოთხოვნა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტის თქმით, მოსამართლის შეფასების შემდეგ შსს-ს უნდა ჰქონდეს რეაგირება კონკრეტული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის კუთხით.

დაარღვიეს თუ არა პოლიციელებმა კანონი, როცა მათ ყოველგვარი განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს? – შსს-ს გენერალურ ინსპექციას ამ კუთხით მოკვლევა არ დაუწყია.

ამ დრომდე არც გამოძიება დაწყებულა მარიამ ფუტკარაძის შემთხვევაზე, რომელიც ასევე გუშინდელ აქციაში მონაწილეობდა და იგი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში. მარიამ ფუტკარაძემ თქვა, რომ მას პოლიციელმა  ფეხი ჩაარტყა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიდან მოგვწერეს, რომ მარიამ ფუტკარაძეს დღეს გაესაუბრებიან და „გასაუბრების შინაარსის მხედველობაში მიღებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება“. ეს უწყება სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს იძიებს.

მარიამ ფუტკარაძე უკვე გაწერეს კლინიკიდან. მას მე-12 ნეკნის დაზიანება აქვს და აღენიშნება დაჟეჟილობა მუცლის არეში.

განახლება: სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

___________________________

ბრალდებული ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სწორედ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით.

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის და მისი კოლეგები რიონის ხეობაში მყოფმა ძმებმა. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დააკავეს შვიდივე პირი.  16 აპრილს ქუთაისი სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

14 აპრილს დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

ვრცლად ამავე თემაზე:

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: