მთავარი,სიახლეები

16 წლის ბათუმელი მოჯირითე საცხენოსნო კლუბიდან

21.06.2021 • 3522
16 წლის ბათუმელი მოჯირითე საცხენოსნო კლუბიდან

ავტორი: ანა მალაყმაძე

16 წლის გოგა ხმალაძე ბათუმის საცხენოსნო კლუბის წევრია. ეს წელი გოგასთვის წარმატებულია – 26 მაისს სამტრედიაში გამართულ დოღში გაიმარჯვა, აპრილში კი თბილისში, ლისის ტბაზე გამართულ საქართველოს თასზე გოგა დაბრკოლებების გადალახვაში გახდა გამარჯვებული.

ბათუმელ მოჯირითეს აეროპორტის გზატკეცილზე, საცხენოსნო კლუბში შევხვდით, სადაც გოგა სკოლის მოსწავლეებს ასეირნებდა ცხენით, კლუბის სხვა წევრებთან ერთად, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.

გოგამ ცხენზე ჯდომა სოფელ ბეღლეთში, 6 წლის ასაკში ისწავლა. ბათუმში რომ ჩამოვიდა, საცხენოსნო კლუბს  ეწვია, რადგან ცხენოსნობა მისი ჰობი იყო.

„2019 წლის 15 სექტემბერს მოვედი პირველად საცხენოსნო კლუბში. სკოლა იწყებოდა და მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვაპირებდი ჯირითის სწავლას,“ – ამბობს გოგა. იგი ახლა სერიოზულად უდგება ამ საქმიანობას:

„ყოველ დღე, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე აქ ვარ, 30-40 წუთი ვავარჯიშებთ თითოეულ ცხენს.

პანდემია, გარკვეულწილად, ძალიან დამეხმარა, რადგან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და მეტი თავისუფალი დრო დამრჩა აქ გასატარებლად,“- გვიამბობს გოგა და დასძენს, რომ პანდემიამდე სკოლის შემდეგ ახერხებდა მისვლას მხოლოდ რამდენიმე საათით.

გოგას თქმით, ზოგმა არც კი იცის ბათუმში საცხენოსნო კლუბის არსებობის შესახებ.

ხალხს არ უყვარს ცხენები, ეშინიათ და ერიდებიანო – გვეუბნება გოგა და მოედანზე მოსეირნე ცხენებს გაჰყურებს.

გოგა ხმალაძე

გოგა ამბობს, რომ სამომავლო გეგმები უკვე დასახული აქვს და მათ სისრულეში მოყვანაზე მუშაობს თავის ტრენერთან, გიორგი ძინძიბაძესთან ერთად.

„ჩემი პროფესიაა უკვე ცხენოსნობა, ცხენებს რაც უკავშირდება, ყველაფერი მაინტერესებს. ისინი ყველაზე მეგობრული, სანდო და მოსიყვარულე ცხოველები არიან. მათთან ურთიერთობა ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის“, – ამბობს გოგა.

რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი მხედარი? – ვეკითხები გოგას.

ცოტა ხანს ფიქრობს და მერე მპასუხობს:

„მოთმინების უნარი და გამბედაობა არის ის ორი მთავარი რამ, რასაც კარგი ცხენოსანი უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია მონდომება და ცხენებთან მეგობრობა, უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს ისინი…

ყველა ცხენს თავისებური მიდგომა სჭირდება, ჯერ მისი ხასიათი უნდა შეისწავლო და ამის შემდეგ შეიძლება გეგმების დაწყობა, ნაბიჯების გადადგმა.“

ცხენოსნობა ექსტრემალური სპორტია,  ამ სპორტით დაკავებულებს ხშირად აქვთ სხვადასხვა ტრავმა, მოტეხილობა, ნაღრძობი ხელი ან ფეხი.

„6 წლის ასაკში მივიღე მძიმე ტრავმა, სოფელში. იქ არ მყავდა გამოცდილი ტრენერები. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ცხენიდან გადმოვარდი და ხელი ვიღრძე,“- ამბობს გოგა და დასძენს, რომ გამოცდილებაც კი ვერ აზღვევს ცხენოსნებს ტრავმებისგან.

წელს, აპრილში,  თბილისში გამართულმა შეჯიბრებამ დიდი წარმატება მოუტანა ბათუმის საცხენოსნო კლუბს. გოგა ამბობს, რომ ამისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა:

„ველოდი კიდეც გამარჯვებას, რადგან ჩემი ცხენი მრავალგზის ჩემპიონია, ტრენერი გიორგი ძინძიბაძე იღებდა ამ ცხენით შეჯიბრებებში მონაწილეობას და კარგად არის გაწვრთნილი. ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდით და შედეგიც მივიღეთ“.

გოგა გეგმავს საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებებშიც მიიღოს მონაწილეობა და იმედოვნებს, ბათუმშიც გახდება შესაძლებელი დოღის გამართვა.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: