განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 34 პროცენტით შემცირდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილი.
2021 წლის გაზაფხულის მონაცემებით სკოლის მიღმა 10 404 ბავშვი იყო დარჩენილი, დღეს, 22 ივნისს, სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ნაწილი იდენტიფიცირებულია და აქედან 1000-ზე მეტი ბავშვი სექტემბერში სასწავლო პროცესში ჩაერთვება.
სამინისტროს განცხადებით, 6 885 ბავშვი ისევ სკოლის მიღმა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 404 ბავშვიდან სამინისტრომ მხოლოდ 3 519 ბავშვის იდენტიფიცირება შეძლო.
როგორც სამინისტროში გავარკვიეთ, აღნიშნული 3 519 იდენტიფიცირებული ბავშვიდან 1029 არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა არ იყვნენ აღრიცხული განათლების სისტემის საინფორმაციო ბაზაში.
„მათ წარმოადგინეს დროებითი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბაზაში აისახენ. 1232 ბავშვი კი არის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც უცხო ქვეყანაში დაიბადნენ“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.
კითხვაზე, თუ როგორ მოხვდნენ უცხო ქვეყანაში დაბადებული ემიგრანტი მშობლების შვილები საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზაში, სამინისტროში გვითხრეს, რომ იმისათვის, რომ ბავშვს პასპორტი აუღონ, სამედიცინო დოკუმენტაციისთვის მშობლები საელჩოებს მიმართავენ, „შესაბამისად, ეს მონაცემები აისახება ჩვენთანაც“, – ამბობს სამინისტრო.
რაც შეეხება დანარჩენ 1258 ბავშვს, აქედან 266 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 6-10 წლამდე პირია.
„983-ი არის პირველკლასელი, 9 ბავშვი კი არის 8-16 წლამდე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დარჩნენ სკოლის მიღმა და მათთან სოციალურმა მუშაკმა იმუშავა “ – გვითხრეს სამინისტროში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირებაში სამინისტროს სოციალური მუშაკები დაეხმარნენ. ასევე, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად მოხდა მათი იდენტიფიცირება.
2021 წლის მარტში გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით გამოვლინდა, რომ 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%) არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.